რომანი და დეტექტივი

სექტა

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.07, 2021 წელი

სექტა
დაკოპირებულია

– ყველაფერი გასაგებია, ხომ, მალხაზ? – ჰკითხა თავის ხელქვეითს ბაგრატ სანაძემ და პასუხს დაელოდა.

– დიახ, ბატონო პოლკოვნიკო. ყველაფერი გასაგებია და ზუსტად ისე ვიმოქმედებ, როგორც თქვენ მიბრძანეთ, – მკაფიოდ და დინჯად თქვა მალხაზ ჭედიამ.

– კარგი. შეგიძლია, საქმეს შეუდგე. წარმატებებს გისურვებ, – თქვა პოლკოვნიკმა და ხელქვეითი კაბინეტიდან გაისტუმრა.

ახალგაზრდა უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ჭედია უშიშროების სამსახურის ოპერთანამშრომელი იყო. პოლკოვნიკ ბაგრატ სანაძეს კი უშიშროების სამსახურში ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. პოლკოვნიკმა მალხაზს ნელი მუხაძეზე თვალთვალი და მისი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლება დაავალა. 28 წლის გოგონა პოლკოვნიკის გერი იყო. სამიოდე დღის წინ ბაგრატ სანაძემ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიიღო, რომელშიც ეწერა: „ბატონო ბაგრატ, მე თქვენი კეთილისმყოფელი ვარ და ამიტომ გაწუხებთ. თქვენი გერი ნელი მუხაძე, ძალიან ცუდ საქმეშია გარეული. ღვთისმოსავის საფარქვეშ მორალურ-ზნეობრივ და სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ აღკვეთოთ ეს ყოველივე, რაც არც თქვენს ოჯახს წაადგება და არც თქვენს კარიერას“.

პოლკოვნიკმა წერილის გამომგზავნს ვერ მიაგნო და ბევრიც არ უძებნია. თუმცა ბაგრატი წერილის შინაარსმა ძალიან ააღელვა, რადგან დაიჯერა. მართალია, ბაგრატი გოგონას 7 წლიდან ზრდიდა, მაგრამ მასთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. გოგონა თავისებური და ხისტი ხასიათით გამოირჩეოდა და იდეალური გარეგნობის მიუხედავად, სათნოებისა და ქალურობის ნატამალიც არ გააჩნდა. ნელის ხასიათი და საქციელი უფრო მამაკაცური ჰქონდა, თან, ჩაკეტილი იყო და ერთი მეგობარიც კი არ ჰყავდა. დედამისი ეზიზღებოდა, ვერც მამინაცვალს იტანდა. არც ნახევარძმა ბონდო ეხატებოდა გულზე. საქმე ის იყო, რომ ნელის მამა და ბაგრატ სანაძე ახლო მეგობრები, თანაც, კოლეგები იყვნენ. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ჯონი მუხაძე მძიმედ დაიჭრა და ასევე, დაჭრილმა ბაგრატ სანაძემ მეგობრის გადარჩენა ვერ შეძლო. ერთი წლის შემდეგ კი ბაგრატმა ჯონის მეუღლე, ვიოლეტა ხორავა მოიყვანა ცოლად. ბაგრატი და ჯონი შეთანხმებულები იყვნენ, რომ ერთ-ერთის სიკვდილის შემთხვევაში მეორე თავისი მეგობრის ოჯახს უპატრონებდა. მეგობრებს ის არ უთქვამთ, რომ ცოცხლად გადარჩენილი გარდაცვლილის მეუღლეზე იქორწინებდა, მაგრამ ასე მოხდა. პატარა ნელი კი ამას ვერა და ვერ შეეგუა და როგორც დედის, ასევე ბაგრატის მხრიდან ამ საქციელს ღალატად მიიჩნევდა. გოგონას არც მაშინ შესცვლია გუნება-განწყობა, როდესაც ბონდო დაიბადა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ნელი უფრო და უფრო მშვენდებოდა. ხასიათი კი უფრო ხისტი უხდებოდა და ახლოს არავის იკარებდა. 25 წელი რომ შეუსრულდა, ნელი რელიგიური და კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდა. გოგონა ცალკე, მამისეულ ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. თუმცა, თითქმის მთელ დროს თავის სულიერ და-ძმებთან ერთად სალოცავში ატარებდა, რომელიც მაღალი გალავნით იყო შემოსაზღვრული და გარე სამყაროსთან იზოლირებული. თუმცა იქ უამრავი ადამიანი მიდიოდა, იმიტომ რომ სასწაულმოქმედი ადგილის რეპუტაციით სარგებლობდა. ფაქტობრივად, დახურული ადგილი იყო და მალხაზ ჭედიას მთელი თავისი ოსტატობის გამოყენება დასჭირდა, რომ იქ შეეღწია. უფროსმა ლეიტენანტმა მრევლის სტატუსი მოირგო და ამგვარად მაინც მოახერხა.

🔺🔺🔺

მალხაზ ჭედია საუცხოოდ მომზადებული აგენტი იყო და მალევე აუღო ალღო „წმიდა ადგილსაც“ და მის მესვეურებსაც. სალოცავში რომ მივიდა, თქვა, თითქოს მოხუცი დედა ჰყავდა სიკვდილის პირას. ახალმოსული მთავართან – ძმა ერემიასთან გადაამისამართეს. მან კი მალხაზს ჰკითხა:

– გიჭირს რამე, ძმაო?

– დიახ, თქვენო... – მალხაზმა პაუზა გააკეთა, ვითომ დაიბნა. მთავარი კი მას შეეშველა:

– თქვენობით ლაპარაკი არაა საჭირო. აქ ჩვენ ერთმანეთს დას და ძმას ვუწოდებთ და ასეც მივმართავთ. მე ძმა ერემია დამიძახე.

– დიახ. ძალიან მიჭირს, ძმაო ერემია. მოხუცი დედა მყავს სიკვდილის პირას. ყველა ცნობილი ექიმი შემოვიარე, კლინიკა არ დამიტოვებია, რომ არ მიმეყვანა. ფული რა სახსენებელია, მაგრამ ძალიან ბევრი დავხარჯე და ისიც კი ვერ მითხრეს, რა სჭირს, არადა მოხუცი დღითიდღე დნება. ბოლო იმედი თქვენ ხართ. აქ ამ წმიდა ადგილზე მომასწავლეს და ამიტომ გეახელით, ძმაო ერემია. არაფერს დავიშურებ, ოღონდ დედა გადამირჩინეთ, – თქვა მალხაზმა და ატირდა.

– კარგი იქნებოდა, ადრევე ჩვენთან მოგეყვანა, – თქვა ძმა ერემიამ და დაამატა, – შენი სახელი?

– მალხაზი, – მიუგო უფროსმა ლეიტენანტმა, რომელიც თავისი ნამდვილი სახელით მოქმედებდა.

– ძმაო მალხაზ, აქ ჩვენ ლოცვებით ვკურნავთ ადამიანებს და სრულიად უანგაროდ, უფასოდ. ხოლო თუკი ვინმე რამეს შემოგვწირავს, ყველაფერი ქველმოქმედებაში მიდის და პანსიონს ხმარდება, რომელშიც, ძირითადად, ღარიბი ოჯახებიდან გამოსული ბავშვები გვყავს განთავსებული, – თქვა ძმა ერემიამ და დააყოლა, – ამ ოთახის კუთხეში რომ დიდი რკინის ყუთი დგას, თუკი სურვილი გექნება, ძმაო მალხაზ, შეგიძლია, შესაწირი იქ ჩააგდო. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ფული იქნება თუ ძვირფასი ნივთი ან სამკაული.

უფროს ლეიტენანტს წინასწარ ჰქონდა გააზრებული მოვლენების ამგვარი განვითარება. ამიტომ მომზადებული იყო. ძმა ერემიას სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჯიბიდან ორი ასევროიანი ამოიღო, ისე ააფრიალა, რომ ძმა ერემიას კუპიურები კარგად გაერჩია, შემდეგ უზარმაზარი ყუთში ორასი ევრო ჩაუშვა. ერემიამ კმაყოფილებით გააყოლა თვალი და უთხრა:

– ძმაო მალხაზ, აქ ჩვენ გულმხურვალედ ვილოცებთ დედაშენისთვის. შენ კი დღე არ უნდა ჩააგდო და ჩვენთან სამი-ოთხი საათი მაინც უნდა დაჰყო ხოლმე.

– სულ აქ ვიქნები, ოღონდ დედაჩემი გამოჯანმრთელდეს, – ვედრებით უთხრა მალხაზმა.

„წმიდა ადგილზე“ პირველი ვიზიტიდან სამი კვირის შემდეგ მალხაზ ჭედია ბაგრატ სანაძეს კაბინეტში ეახლა მოხსენებისთვის. პოლკოვნიკმა ახალმოსულს სკამზე მიუთითა და უთხრა:

– გისმენ, მალხაზ. მომიყევი, რა ხდება.

– ბატონო პოლკოვნიკო, ეს სალოცავი ტიპური ჩაკეტილი სისტემაა და მისი მთავარი დანიშნულება, რაც შეიძლება, მეტი ფულის შოვნაა. ეს სექტაა და არა კლასიკური რელიგიური კონფესია. ამ, ეგრეთ წოდებულ, წმიდა ადგილს დიდი ფიარი აქვს და ხალხი იქ, რომ იტყვიან, აწყდება. ყველა, ვისაც რაღაც დიდი გაჭირვება აქვს და იმ იმედით, რომ ეშველებათ, ბოლო კაპიკებს არ იშურებენ. მოკლედ, თაღლითები არიან იქ მყოფი ძმები და დები. სულიერ-მორალურ დანაშაულზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთება. კონკრეტულად კი – თაღლითობა.

– გასაგებია, მალხაზ და ამას ისედაც ვვარაუდობდი. ახლა შენ კონკრეტულ დავალებაზე მომახსენე. თვალთვალის მთავარ ობიექტზე, ნელი მუხაძეზე თუ შეაგროვე კომპრომატები? – ჰკითხა სანაძემ ჭედიას, რომელმაც არ იცოდა, რომ ნელი პოლკოვნიკის გერი იყო.

– ბატონო პოლკოვნიკო, ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება მხოლოდ გუშინ მოვახერხე და რამდენიმე მიკროვიდეოთვალი და „ჟუკი“ უკვე დავაყენე. მათ შორის ძმა ერემიას კაბინეტშიც. ნელი მუხაძე კი ხვალ უნდა გავიცნო. ძმა ერემიამ, სწორედ, დღეს მითხრა: ხვალ ჩვენს ყველაზე ძლიერ მლოცველს და ნელის გაგაცნობ და ის დაგეხმარებაო. ასე რომ, ჩვენი მოქმედების მთავარ ეტაპზე, სწორედ, ხვალ გადავალ.

– ძალიან კარგი. შენი იმედი მაქვს და მასზე რაც შეიძლება, მეტი მასალა უნდა შეაგროვო, – უთხრა პოლკოვნიკმა და უფროსი ლეიტენანტი კაბინეტიდან გაისტუმრა.

🔺🔺🔺

მალხაზი და ნელი ერთმანეთს ძმა ერემიამ გააცნო. ამის შემდეგ ნელიმ მალხაზს დედის პერანგი მოატანინა და ქალის „განკურნების“ მიზნით ლოცვების ჩატარება დაიწყო. უფრო სწორად კი, გოგონა რაღაცებს ბუტბუტებდა გაბმულად, იქვე მდგომ მალხაზს კი არაფერი ესმოდა. ეს რიტუალი სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ ნელი უხმოდ დაუკრავდა ხოლმე თავს მალხაზს და სარიტუალო ოთახს ტოვებდა. ამგვარად, უფროს ლეიტენანტს „ობიექტთან“ მხოლოდ ამგვარი კონტაქტი ჰქონდა, რაც დავალების შესრულებას ართულებდა. მართალია, მალხაზმა მოახერხა და ტექნიკური საშუალებები უკვე დაამონტაჟა სარიტუალოში, მაგრამ იქ მხოლოდ ნელის ბუტბუტი იყო ჩაწერილი. ამგვარად, მალხაზ ჭედია საგონებელში იყო ჩავარდნილი და გამოსავალზე ფიქრობდა.

ნელის ლოცვებიდან ერთი კვირა იყო გასული, მორიგი სამსაათიანი ბუტბუტი რომ დასრულდა, მალხაზი ელოდა, რომ ქალი უხმოდ დაუკრავდა მას თავს და გავიდოდა, ამიტომ უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა, თუმცა ასე არ მოხდა, ნელიმ პირდაპირ შეხედა მალხაზს და უთხრა:

– დღეს, საღამოს შვიდ საათზე ჩემთან, სახლში მოდი. აი, მისამართი, – ნელიმ მალხაზს ფურცელი გაუწოდა და დაამატა, – მაგრამ არავისთან არაფერი დაგცდეს, თორემ საქმეს გააფუჭებ. თვით პოლკოვნიკ ბაგრატ სანაძესთანაც.

უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ჭედია ნელის სიტყვებმა ადგილზე გააქვავა. ნელიმ კი თავი დაუკრა მალხაზს და ოთახიდან გავიდა.

ნელიმ მალხაზი მამისეულ ოროთახიან ბინაში დაიბარა. უფროსი ლეიტენანტი ისე მოიქცა, როგორც მას ქალმა უთხრა და დანიშნულ დროზე მივიდა „და ნელისთან“. კარი რომ გაიღო და მალხაზმა შავებში შეფუთული, ნახევარსახედაფარული „დის“ ნაცვლად მოკლე კაბაში გამოწყობილი, ტანწერწეტა, პირმშვენიერი გოგონა იხილა, იფიქრა, მისამართი შემეშალაო, მაგრამ ნელიმ მალხაზი შეაჩერა:

– შემოდი. სწორ მისამართზე მოხვედი. თამამად, უშიშროების აგენტო!

ნელიმ ახალმოსული სასტუმრო ოთახში შეიყვანა და რბილ სავარძელზე მიუთითა, დაჯექიო. თავად მის წინ მოკალათდა და მალხაზს უთხრა:

– იმედია, არ ვცდები. უშიშროების თანამშრომელი ხარ და პოლკოვნიკმა ბაგრატ სანაძემ გამოგგზავნა საჯაშუშოდ.

მალხაზმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და ნელის უთხრა:

– თქვენ თვითონ ვინ ხართ და ასე რატომ ფიქრობთ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ბაგრატ სანაძე მამაჩემია, უფრო სწორად კი – მამინაცვალი. იცოდი ეს? – თქვა ნელიმ.

უფროსმა ლეიტენანტმა თავი გააქნია და გოგონას უთხრა:.

– არა.

– მოკლედ, გელოდებოდი და არც შევმცდარვარ. ბაგრატი ისე მოქმედებს, როგორც დავგეგმე. ამიტომ, შენთან საქმიანი წინადადება მაქვს და თუკი დამთანხმდები, ხომ კარგი. თუ არა და ძალიან ცუდი, – თქვა ნელიმ და მალხაზს მწველი მზერა მიაპყრო.

– გისმენთ. აბა, რა წინადადება გაქვთ ჩემთან, – ჰკითხა მალხაზმა ნელის.

– პირველ რიგში, ერთმანეთს შენობით ველაპარაკოთ, ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე, – თქვა მოღიმარმა ნელიმ და დააყოლა, – ერთმანეთი არ მოვატყუოთ და პატიოსნად მოვექცეთ. გაწყობს?

– მაწყობს. თქვი, ნელი, გისმენ, – ღიმილითვე მიმართა უფროსმა ლეიტენანტმა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი