რომანი და დეტექტივი

სექტა

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.07, 2021 წელი

სექტა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #27(1071)

– შენ ნამდვილად მალხაზი გქვია, ხომ? – ჰკითხა ნელიმ.

– კი, მალხაზ ჭედია, – დაუდასტურა უფროსმა ლეიტენანტმა.

– მალხაზ, ბაგრატს მე მოვწერე ანონიმურად, შენს გერს მიხედე, დანაშაულს სჩადის-მეთქი და ვიცოდი, რომ თავის თანამშრომელს მომიჩენდა და არც შევმცდარვარ. შენ აქ ხარ და მისმენ, – თქვა ნელიმ.

– გისმენ, გისმენ, ნელიკო, განაგრძე, – მიუგო მალხაზმა.

– ჯონი მუხაძეზე თუ გსმენიათ რამე?

– კაპიტანი მუხაძე, ტერორისტი რომ გაანეიტრალა? მძიმედ დაჭრილმა, ტანზე შემოხვეული ასაფეთქებელი რომ გათიშა, ბევრი ხალხი იხსნა სიკვდილისგან, თავად კი დაიღუპა? – თქვა ჭედიამ.

– ჰო, სწორედ, ის, – თქვა თვალცრემლიანმა ნელიმ და დაამატა, – ჯონი მამაჩემი იყო და ის რომ დაიღუპა, ექვსი წლის ვიყავი, კარგად მახსოვს. ძალიან მიყვარდა. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დიდი, ლამაზი თვალები.

– მართლა? ღმერთმა აცხონოს, – სინანულით თქვა მალხაზმა.

– მამა კი ცხონებულია, მაგრამ ახლაც ცოცხალი იქნებოდა, ღალატს რომ არ ჰქონოდა ადგილი, – თქვა ნელიმ და სახეზე სისასტიკე აღებეჭდა.

– რას გულისხმობ?

– რას და მართალია, მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ ბაგრატი რომ მიშველებოდა, მისთვის სისხლი შეეჩერებინა და პირველადი დახმარება აღმოეჩინა, გადარჩებოდა. იმ ნაძირალამ კი ეს არ გააკეთა, თუმცა იქვე იყო და თავს იმით იმართლებდა, მეც დაჭრილი ვიყავი და ვერ ვინძრეოდიო. არადა ფეხში მსუბუქად იყო დაჭრილი. მას მამაჩემის გადარჩენა არ უნდოდა, რადგან შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა და განახორციელა კიდეც, – თქვა ნელიმ.

– დედაშენზე დაქორწინებას გულისხმობ? – იკითხა მალხაზმა.

– კი. სწორედ, ამას ვგულისხმობ და დედაჩემი ბაგრატზე მეტად მეზიზღება, – კბილებში გამოცრა ნელიმ და დააყოლა, – არადა ბაგრატი და მამაჩემი უახლოესი ძმაკაცები იყვნენ. საცოდავ მამას კი ძმაკაცმაც უღალატა და ცოლმაც.

– საშინელებას ამბობ, – თავი გააქნია ჭედიამ. ჩაფიქრდა და დაამატა, – შენ საიდან იცი, რომ მამაშენს ბაგრატმა დახმარება არ აღმოუჩინა?

– უშუალო მოწმისგან, რომელიც იქვე, შორიახლოს მძიმედ დაჭრილი ეგდო და ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებდა. მერე ის კაცი ძალიან საეჭვო ვითარებაში მოკლული იპოვეს საკუთარ სახლში. დიდი ალბათობით, ის ბაგრატმა მოიშორა თავიდან. არადა, რომ სცოდნოდა, მეც მომიყვა ეს ამბავი, არც მე დამინდობდა. მომკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინ თორმეტი წლის ვიყავი. აი, ასეთი საშინელი, დაუნდობელი მანიაკია შენი უფროსი და ჩემი მამინაცვალი, – უთხრა მალხაზს ნელიმ.

– არადა, პოლკოვნიკი წესიერი და პატიოსანი ადამიანი მეგონა, – სინანულით თქვა უფროსმა ლეიტენანტმა.

– ნაძირალაა და ფლიდია. თავის მოკატუნება კარგად ეხერხება, – კბილებში გამოსცრა ნელიმ და დაამატა, – პატიოსანი და წესიერი კაცი თავის ძმაკაცს სასიკვდილოდ გასწირავს და მის ცოლზე დაქორწინდება?

– ძალიან „დამგრუზე“, თავი გააქნია ჭედიამ და პაუზის მერე დაამატა, – ეს ყველაფერი გასაგებია. ახლა ის მითხარი, ჩემგან რა გინდა?

– ნუ ჩქარობ. მანდამდეც მივალთ. მართალია, „დაგგრუზე“, მაგრამ ცოტა კიდევ მომისმინე, – თქვა ნელიმ. მალხაზმა თავი დაუქნია და მიუგო:

– გისმენ.

– მოკლედ, მთელი ეს საშინელება რომ შევიტყვე, გონებაში გადახარშვა გამიჭირდა და შოკირებული ვიყავი. ეს ამბავი ბიცოლაჩემს, მამაჩემის ძმის ცოლს მოვუყევი. ქსენია ბიცოლა, ქვრივი, ღვთისმოსავი ქალი იყო და სიმსივნე სჭირდა. ის ეკლესიაში დადიოდა და მეც მიმიყვანა. თან, მკაცრად გამაფრთხილა, რომ ენისთვის კბილი დამეჭირა და სიტყვა არავისთან დამეძრა ამ ამბის შესახებ. კარგი, პატიოსანი მოძღვარი გვყავდა, აღსარებასაც ვაბარებდი, თუმცა ბიცოლაჩემის გაფრთხილებას მკაცრად ვასრულებდი. სამი წლის შემდეგ ქსენია ბიცოლა გარდაიცვალა და მე უკანასკნელი დასაყრდენიც გამომეცალა. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემი მოძღვარი საბერძნეთში გადაიყვანეს. ჩვენს მრევლში იყო ძმა ერემიაც. ყოველთვის ვგრძნობდი მის თვალს, უცნაურ ჩაშტერებას და არ მსიამოვნებდა. თუმცა, ამას არც სიტყვით და არც მოქმედებით არ გამოხატავდა. მაშინ თხუთმეტი წლის, საკმაოდ მომწიფებული გოგო ვიყავი. მე ეკლესიაში სიარულს მარტო ვაგრძელებდი. უცებ მრევლიდან ერემია გაქრა. ერთი წლის თავზე კი უკვე რელიგიურ სამოსში გამოწყობილი ახალთახალი მანქანით გამოჩნდა. მომიკითხა და შემომთავაზა, მასთან სალოცავში გადავსულიყავი, რომელიც მაშინ ახალი აშენებული იყო. აი, იქ, სადაც შენ ბაგრატმა გამოგგზავნა, – თქვა ნელიმ და პაუზა გააკეთა. ჭედიამ კი თავი გააქნია და დაამატა:

– ძალიან ცუდ ადგილზე მოხვდი და ცუდ საქმეებს სჩადიხართ. მორალურ, სულიერ და ზნეობრივ დანაშაულზე რომ არაფერი ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაულზეა აქ ლაპარაკი. თაღლითობას აქვს ადგილი. თანაც, როგორც ვხედავ, დიდი თანხებისა თუ ძვირფასეულობის გამოძალვას.

– ვიცი. ასეთ დღეში ვარ უკვე კარგა ხანია. თავიდან ვერაფერს ვხვდებოდი, ისე „დამაბოლეს“ და ჩამითრიეს. როდესაც მივხვდი და ერემიასთან პროტესტი ვცადე, მან მითხრა: კომპრომეტირებული ხარ და თუკი „ჩაშვებას“ შეეცდები, მაშინ მკაცრი სასჯელი არც შენ აგცდებაო. სამ ცეცხლს შუა ვარ: ერთი მხრივ, ის მტანჯავს, რომ ადამიანებს ასე უნამუსოდ ვატყუებ, მეორე მხრივ – ციხის შიში. ამ ყველაფერს კი ის ერთვის, რომ ერემია დღე-დღეზე სექსს მომთხოვს, რასაც, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდები და ძალიან დიდ ზეწოლას მოახდენს ჩემზე. ერთადერთი ქალწული დავრჩი აქ და უკვე კარგა ხანია, მიტრიალებს. არა და ყველა, ეგრეთ წოდებული, დები უკვე ჩაიწვინა საწოლში, – თქვა ნელიმ.

უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ჭედია ჯერ გაფითრდა. შემდეგ სახე წამოეჭარხლა და ზიზღით თქვა:

– რას ამბობ, ნელი, მართლა? ასეთი ნაძირალაა ეგ ერემია?

– სწორედ, მასეა, ჩემო კარგო და ახლა მთავარს გეტყვი, – თქვა ნელიმ, ღრმად ჩაისუნთქა და ჭედიას თვალი თვალში გაუყარა.

მალხაზი კიდევ უფრო დაიძაბა, მაგრამ გარეგნულად მშვიდი გამომეტყველება მიიღო და გოგონას მიმართა:

– თქვი, გისმენ.

– ეს ყველაფერი კი იმისთვის მოვაწყვე, რომ ბოლო შანსს ჩავეჭიდე, თუ რა თქმა უნდა, მაქვს ეს შანსი. მე ამ თაღლითობაში ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ადამიანების ცნობა არ მეშლება. ვფიქრობ, შენში არ შევმცდარვარ და პატიოსანი, კეთილშობილი ადამიანი ხარ და დახმარებაზე უარს არ მეტყვი, – თქვა ნელიმ. ჭედიამ კი გააწყვეტინა:

– ყველაფერში დაგეხმარები. ბოლომდე გვერდში დაგიდგები. თქვი, რა უნდა გავაკეთო.

– ერემია თავის სექსუალურ თავგადასავლებს, თურმე, ფარულად იწერს და ინახავს. დროგამოშვებით კი უყურებს. ეს მე ერთმა ყოფილმა, ეგრეთ წოდებულმა, დამ მითხრა. ის აქედან შარშან გაიქცა. ერემიას სეიფი აქვს, რომელიც მის ოთახშია შენიღბული და ამ ჩანაწერებს, სწორედ, იქ მალავს. თუ შეძლებ, რომ ფარული ჩანაწერის მეშვეობით სეიფის ადგილსამყოფელი დაადგინო და ამავე გზით გაიგო სეიფის კოდიც, მაშინ იქიდან ჩანაწერებს ავიღებ, მძლავრი კომპრომატი მექნება ხელში და, მე ვაიძულებ, რომ თავისი ეს ცოდვის ბუდე დახუროს და წაეთრიოს, – თქვა ნელიმ და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

მალხაზს გაეღიმა. ნელის მზერა მიაპყრო და უთხრა:

– ნელიკო, ძვირფასო, ეს სეიფი იმ ნაძირალას ბუხრის გვერდით რომ ბრაა, იქ აქვს შენიღბული. აი, იმ სეიფის კოდიც (მალხაზმა კოდი ფურცელზე დაუწერა ნელის და მიაწოდა), მაგრამ მე იქ შეღწევა ჯერჯერობით ვერაფრით მოვახერხე, რადგან კართან მუდმივად ვიღაც მორიგეობს და არ გამომივიდა. იქნებ შენ შეძლო როგორმე? მთავარია, ვერავინ შეგამჩნიოს, ისე შეხვიდე და ჩანაწერებს რომ აიღებ, იმ ჯოჯოხეთიდან გამოაღწიო. დანარჩენი კი ძალიან ადვილად გამოგვივა და იმ ნაძირალას მოვაშთობთ.

ნელის სახეზე აღტაცება ეხატა. ფურცელი, რომელზეც კოდი ეწერა, კომოდის უჯრაში ჩადო, შემდეგ მოტრიალდა, მალხაზს ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. ბოლოს კი უთხრა:

– ხვალ, შუადღეზე იმ ნაძირალას ყველაფერს შევუსრულებ. შენ კი, ჩემო კარგო, გალავნის გარეთ უნდა დამხვდე მანქანით. შეძლებ?

– კი, რა თქმა უნდა, – მიუგო მალხაზმა გოგონას.

ნელიმ სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო მალხაზს შემდეგ კისერზე შემოჰხვია ხელები და ტუჩებით ტუჩებზე მიეწება. მალხაზმაც მგზნებარე კოცნა დაუწყო გოგონას, მაგრამ, ნელიმ კოცნა უცებ შეწყვიტა, თავი დაღუნა და მალხაზს უთხრა:

– ძვირფასო, საყვარელო, ახლა არ შემიძლია. მერე, მერე... ჯერ ეს ჭირი უნდა მოვიშორო თავიდან. თანაც კარგად გავერკვე ჩემს გრძნობებში. მაპატიე. ახლა კი მარტო დამტოვე.

– კი, რა თქმა უნდა. წავედი. ნახვამდის! ხვალ გალავანთან დაგელოდები მანქანით, – უთხრა მალხაზმა და ნელის ბინიდან გავიდა.

ერთი საათის შემდეგ, შავი სამოსით შეფუთული ნელი მუხაძე სახლიდან გავიდა. ავტოფარეხიდან თავისი „ჯიპი“ გამოიყვანა და შებინდებულ ქუჩებს ნელი სვლით გაუყვა.

📖

მეორე დღეს მალხაზ ჭედია დათქმულ დროს მივიდა გალავანთან, მანქანა ჩვეულ ადგილზე დააყენა, მაგრამ არ გადმოსულა. ორიოდე საათის შემდეგ უფროს ლეიტენანტს აღელვება დაეტყო და გაიფიქრა: „აქ რაღაც ისე არ არის“, გაიფიქრა, მანქანიდან გადავიდა და სალოცავის ტერიტორიაზე ფეხით შევიდა. სალოცავის მკვიდრი „და-ძმები“ აშკარად აფორიაქებულები იყვნენ, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა. ყველას პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული. მალხაზმა ერთ-ერთი „და“ გააჩერა და უთხრა:

– ნელის ვეძებ, ლოცვაზე დამიბარა და სად იქნებაო.

– ნელის ჩვენც ვეძებთ და ვერ ვპოულობთ, – მიახალა მალხაზს „დამ“ და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა.

ჭედია წამით ჩაფიქრდა. შემდეგ ჯერ გაფითრდა, მერე კი სახე წამოეჭარხლა და სალოცავის ეზოდან გავიდა. „ჯიპში“ ჩაჯდა და ტორპედოზე დამონტაჟებულ მონიტორში ჯერ ონლაინ რეჟიმში უყურა, თუ რა ხდებოდა შიგნით. „ძმა ერემია“ სრულ ისტერიკაში იყო და ნელის მოძებნას ითხოვდა. მალხაზმა ძველი ჩანაწერი ჩართო და ინტერესით უყურა, თუ როგორ მიაწოდა ნელიმ ერემიას კართან მყოფ მორიგეს ღვინით სავსე პატარა ჭიქა და უთხრა: „ძმა ერემიამ“ გამოგიგზავნა და გავსინჯოთო. ცოტა მოიცადა და როდესაც ბანგმა თავისი საქმე გააკეთა, ნელი ერემიას ოთახში შევიდა. გახსნა სეიფი და იქიდან უზარმაზარი ჩანთა გამოიღო. შემდეგ ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა და კართან ჩაძინებულ მორიგეს სწრაფად გასცილდა.

ამ კადრების ნახვის შემდეგ მალხაზ ჭედიას ბრაზი მოაწვა და სახე წამოეჭარხლა. შემდეგ თავი გააქნია და ჰომერული სიცილი აუტყდა.

📖

ნელი მუხაძემ „და-ძმების“ მთელი „ობშჩიაკი“ გაიტაცა, რომელსაც ერემია ცამეტი წელი აგროვებდა და ერთ მშვენიერ დღეს თავად აპირებდა ამ ფულთან ერთად გაქცევას, თუმცა მას ნელიმ „გადაუჯოკრა“. ტყავის ჩანთაში 200 ათასი დოლარი და დაახლოებით, ამ ღირებულების ძვირფასი სამკაულები ელაგა. გოგონას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი და მომზადებული და როგორც კი „ობშჩიაკს“ დაეუფლა, იმავე დღეს დატოვა საქართველო. ერთი კვირის შემდეგ კი ავსტრალიაში, დასავლეთ სანაპიროზე საუცხოო რანჩო შეიძინა და იქაურობით ტკბებოდა. ნელის მართლა ძალიან ეზიზღებოდა დედამისი, დარწმუნებული იყო, რომ მამამისს ცოლმაც უღალატა და ძმაკაცმაც. თუმცა სიცრუე იყო ის, თითქოს ბაგრატმა დახმარება არ აღმოუჩინა მამამისს. ეს ტყუილი კი იმიტომ მოიგონა, რომ მალხაზი ფსიქოლოგიურად დაემუშავებინა, მისი თანაგრძნობა გამოეწვია და მიემხრო, რაც გამოუვიდა კიდეც. თუმცა გოგონას ერემიაზე არაფერი მოუტყუებია და მართლა გულწრფელად ნანობდა, რომ წლების განმავლობაში ატყუებდა ადამიანებს. ნელის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გატაცებული „ობშჩიაკის“ ნაწილი სარფიან საქმეში ჩაედო და მოგებული თანხით საქართველოში ქველმოქმედება განეხორციელებინა. ერთი სიტყვით, ნელის უამრავი კარგი გეგმა ჰქონდა, მაშინაც იმას ფიქრობდა, როდესაც თავისი რანჩოს ვერანდაზე იჯდა და ლურჯ ოკეანეს გადაჰყურებდა. თავში ახალ-ახალი იდეები ებადებოდა.

„ობშჩიაკის“ გატაცებიდან სამი თვე იყო გასული, ბინდდებოდა. ვერანდაზე სარწეველა სკამზე მოკალათებულ გოგონას ოცნებებში ჩაეძინა. ნელის მოეჩვენა, რომ ვიღაცამ მას თავზე ხელი გადაუსვა. იფიქრა, სიზმარში ხდებაო. შემდეგ მას უკვე ყურში ჩასჩურჩულეს: ნე-ლი-კო... გოგონამ თვალი გაახილა და მის წინ მდგომი მალხაზი რომ დაინახა, გველნაკბენივით წამოხტა.

– ნუ გეშინია, ნელიკო. აქ შენ დასაპატიმრებლად არ ჩამოვსულვარ, – უთხრა მალხაზმა.

– როგორ მომაგენი? – გაოცებას ვერ მალავდა ნელი.

– ხომ არ გავიწყდება, რომ უშიშროების ყოფილი სანიმუშო ოპერი ვარ, თანაც მაღალი კლასის ჰაკერი. შენი „ფეისბუkი“ გავტეხე და შემდგომ აქ ჩამოსვლა ფულის საქმე იყო, ესეც მოვახერხე, ვიშოვე, – თქვა მალხაზმა.

– წილი გინდა? – კბილებში გამოცრა გოგონამ.

მალხაზმა კი ნელის მხრებზე მოხვია ხელები და სანამ ტუჩებს ტუჩებზე მიაწებებდა, უთხრა:

– მხოლოდ და მხოლოდ იმის გაგრძელება, რაც შენ იმ საღამოს შენს ბინაში დაიწყე...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი