რომანი და დეტექტივი

საზღაური

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 06.02, 2021 წელი

საზღაური
დაკოპირებულია

ჭაღარათმიანმა მამაკაცმა საქაღალდეში აკინძული ფაილები მაგიდაზე დაყარა, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა და მაგიდის კუთხეს მიაშტერდა.

– რა მოხდა, პაშკა, რატომ მოიწყინე? – ჰკითხა ჭაღარათმიანს თმაგადახოტრილმა წვერიანმა მამაკაცმა და გამომცდელი მზერა მიაპყრო.
– ჩემი ეჭვი გამართლდა, რასულ, მაგრამ საქმე თუ ასე ცუდად იყო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, – მიუგო წვერიანს ჭაღარათმიანმა. ხელი ჩაიქნია და დაამატა, – ქალის ნდობა როგორ შეიძლება. ფული და ქონება ანახვე და ყველაფერზე დაითანხმებ. არა, რა, ორ ნაბიჯში არ უნდა ენდო ქალებს.
– კაცებს? – ჰკითხა რასულმა და დააყოლა, – დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს საქმე არც ისე იოლი უნდა იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
– ასეა თუ ისე, მე მაინც ჩემი უნდა ვქნა. არავის შევარჩენ ღალატსა და ავკაცობას! – გამწარებით თქვა ჭაღარათმიანმა და რასულს ჩაწითლებული, აცრემლებული თვალები მოარიდა.
– პაშკა, ძმაო. ხომ იცი, რომ შენ გვერდით ვარ. შენი ვალი მმართებს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, კაცური ღირსება არ მომცემს საშუალებას, რომ არ დაგეხმარო. თუმცა, გავბედავ და ერთს გირჩევ, – მოდი, ჯერ ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ, – თქვა რასულმა.
ჭაღარათმიანმა მხარზე მოუთათუნა ხელი რასულს და უთხრა:
– ჯერ ერთი, ძმაო, შენ ჩემი მოვალე არ ხარ, ჩვენ ბარიბარსა ვართ, ხოლო, რაც შეეხება დაფიქრებას, რა თქმა უნდა, მართალი ხარ. ყველაფერი კარგად უნდა გავიაზროთ და მერე ვიმოქმედოთ.
– აგაშენა ღმერთმა, – თქვა რასულმა და ორივე ხელი ზევით აღაპყრო. შემდეგ წვერზე ჩამოისვა და დააყოლა, – ჯერ შენი აზრი მითხარი, შემდეგ მე გეტყვი ჩემსას და გავაანალიზოთ ყველაფერი.
ჭაღარათმიანმა აკინძული ფაილებისკენ გაიშვირა ხელი და თქვა:
– ამ ფაილებში მოცემული ინფორმაციიდან მარტივი სქემა იკითხება, – ხვიჩამ კოდორში მომკლა. შემდეგ ჩემი ბიზნესი ბოლომდე დაითრია, მასთან, ჩემი საცოლეც. აი, სულ ესაა
რასულმა ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ ჭაღარათმიანის წინ შეჩერდა, თავი დააქნია და უთხრა:
– პირველ ორში გეთანხმები. კოდორში ეგონა, რომ მოგკლა, მაგრამ ღმერთმა გადაგარჩინა. დიდება მას! შენი ბიზნესი რომ დაითრია, ეს ყველასთვის ნათელია და აშკარა, მაგრამ შენს ყოფილ საცოლეს ასე მკაცრად ნუ განსჯი. რა იცი, რა მოხდა? რა უთხრა იმ ნაძირალა გაიძვერამ პატარა გოგოს? შენი ცოლი რომ ყოფილიყო ლალი და ამის მერე გაჰყოლოდა მას ცოლად, მაშინ დაგეთანხმებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოდი, თავი შევიკავოთ ნაადრევი დასკვნებისგან.
ჭაღარათმიანს მწარედ გაეცინა და თქვა:
– შენგან ასეთი სიტყვების მოსმენა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია.
– რატომ? – იკითხა რასულმა.
– იმიტომ, ძმაო, რომ თქვენ მუსლიმები ქალებს უმცირესსაც არ პატიობთ და ჩემს ადგილზე რომ იყო, ლალის, ალბათ, ცოცხლად დაწვავდი, – მიუგო ჭაღარათმიანმა.
– ჯერ ერთი, ძმაო, მე ყველაფერში არ ვეთანხმები ჩვენი სჯულის დამოკიდებულებას ქალების მიმართ და ვფიქრობ, რომ ბევრი რამ არასწორია. შენ კი ღალატის პატიებას სულაც არ მოგიწოდებ. შენი ყოფილი ძმაკაცი ნამდვილად დასასჯელია. ხოლო, რაც შეეხება ლალის, მისი დანაშაული, ანუ ღალატი, ჯერ კიდევ დასადგენია და თუკი ეს დამტკიცდა, მაშინ ისიც უნდა დაისაჯოს. მაგრამ, ვიმეორებ, ეს ჯერ კიდევ დასადგენია.
– რა დადგენა უნდა ამას, რასულ? დღე-დღეზე მე და ლალი უნდა დავქორწინებულიყავით, ის კი ხვიჩას გაჰყვა ცოლად, – თქვა ჭაღარათმიანმა ანთებული თვალებით და სიგარეტი გააბოლა.
რასულმა ჭაღარათმიანს გაუღიმა, მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
– და, მაინც, ძმაო, მოდი, ჯერ ყველაფერში ასი პროცენტით დავრწმუნდეთ და ყველას თავისი მერე მივუზღოთ. მერწმუნე, პაშკა, კაცის მოკვლა იოლია, მაგრამ მთელი ცხოვრება სინდისი შეგაწუხებს, თუკი ასი პროცენტით არ იქნები დარწმუნებული, რომ შურისძიება გამართლებული იყო. ამიტომ გთხოვ, რომ არ ავჩქარდეთ.
– კარგი, რასულ, კარგი. ნუ ავჩქარდებით. სიმართლე გითხრა, ამ ფაილებში არსებულმა ინფორმაციებმა უკიდურესად გამახელა და შენმა სიტყვებმა გონება დამიბრუნა. თანახმა ვარ. რას მთავაზობ კონკრეტულად? – ჰკითხა ჭაღარათმიანმა და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა.

⚜⚜⚜

ჭაღარათმიანი პაშკა 35 წლის პავლე ლაღიძე იყო, ხოლო თმაგადაპარსული წვერიანი რასული კი – 35 წლის რასულ საფარბეკოვი, ეროვნებით ჩეჩენი ბიზნესმენი და პავლე ლაღიძის ძმადნაფიცი. რასული გროზნოელი იყო, პავლე კი – თბილისელი. ხუთი წლის იყო პატარა პალიკო, როდესაც დაობლდა. მისი მშობლები ავიატორები იყვნენ: მამა – ბორტმექანიკოსი, დედა კი – სტიუარდესა. ისინი „აეროფლოტში“ მუშაობდნენ საქალაქთაშორისო რეისებზე და 1980 წლის ივნისში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. პალიკო დედისერთა იყო. მოხუცი ბაბუის მეტი არავინ გააჩნდა და თორმეტ წლამდე, სწორედ, ის ზრდიდა ბავშვს. შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა და პალიკო ბავშვთა სახლში გაამწესეს, ბინა კი მის სრულწლოვანობამდე დალუქეს. თუმცა, როგორც კი აფხაზეთის ომი დაიწყო, პალიკო ფრონტზე გაიპარა და წინა ხაზზე იბრძოდა. რასულ საფარბეკოვიც სწორედ იქ გაიცნო. ასევე, არასრულწლოვანი რასული ქართველების მოწინააღმდეგე, ეგრეთ წოდებულ, კავკასიის ხალხთა კონფედერაციის მოხალისეთა რაზმში ირიცხებოდა. ისე გამოვიდა, რომ ერთ-ერთი ოპერაციის დროს პალიკომ თავად აიყვანა ტყვედ, თუმცა რომ არა პალიკო, რასული თავის სიცოცხლეს სოხუმის გარეუბანში დაასრულებდა. რასულს ჭაჭით გალეშილი, რუსი მაიორი დახვრეტას უპირებდა და ტყეში ხეზე ჰყავდა მიბმული. პავლემ კი რასული გაათავისუფლა. რუსთან ხელჩართული ჩხუბი მოუვიდა და რომ იტყვიან, კბილებით დაიცვა თავისი თანატოლი მტერი. ორი დღის შემდეგ კი რასული და სამი ტყვე ოთხ ქართველ ტყვეში გაცვალეს. ამ პროცესს პავლეც ესწრებოდა. როდესაც მოლაპარაკებულმა მხარეებმა ტყვეები ერთ მკწრივად დააწყვეს და ადგილიდან დაძვრის ნიშანი მისცეს, რასული შეყოვნდა. შემობრუნდა, იქვე მდგომ პავლეს გადაეხვია და უთხრა:
– მადლობა, ძმაო. შენ მე სიკვდილისგან მიხსენი და შენი მოვალე ვარ. ღმერთს ვფიცავ, რომ თუკი ოდესმე კიდევ შევხვდით ერთმანეთს, საკადრის პატივს გცემ, ხოლო თუკი ჩემი დახმარება დაგჭირდება, შენთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ.
პავლემ მხარზე მოუთათუნა ხელი მტერს და მიუგო:
– წადი, ძმაო, მშვიდობით, სწორ გზაზე იარე და ღმერთი გფარავდესო.
რაზმში დაბრუნებულმა რასულ საფარბეკოვმა უარი განაცხადა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე. თანარაზმელებს თავისი ისტორია მოუყვა და სამშობლოში დაბრუნდა. შემდეგ ათასი ხიფათი გადაიტანა, გამოიწრთო, დავაჟკაცდა და ბიზნესმენი გახდა. მნიშვნელოვანი კაპიტალი დააგროვა და გავლენიანი, პატივსაცემი პიროვნება დადგა. თითქმის იგივე გზა გაიარა პავლემაც – ომიდან დაბრუნებულმა პატარა ბიზნესით დაიწყო მოღვაწეობა. შემდგომ ის გააფართოვა და ვარდების რევოლუციის დროს ის და ხვიჩა ბაბაქარი გადამზიდავი კომპანიის მფლობელები იყვნენ შეერთებული შტატების მოქალაქე აარონ ლეონთან ერთად. სწორედ, ამერიკელის თანამონაწილეობამ იხსნა ეს ბიზნესი განადგურებისგან. ახალი რეკეტიორების ხელისუფლება უმოწყალოდ „ასევდა“ ბიზნესმენებს. ხოლო, ვინც მათ მხარს არ უჭერდა, არამც თუ ბიზნესს, არამედ სიცოცხლესაც ართმევდა და ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში მათ ციხეში ამწყვდევდნენ. პავლეს ახლები არ „ევასებოდა“ და ეს მშვენივრად იცოდნენ რეკეტიორებმა. თუმცა, რადგან ბიზნესის ერთ-ერთი მეწილე აარონ ლეონი იყო, მასთან კონფლიქტს მოერიდნენ. 2009 წელს, როდესაც რუსებმა კოდორის ხეობა და სამაჩაბლო ხელში ჩაიგდეს, პავლე ლაღიძე კოდორში ავიდა და საკუთარი რესურსით, სრულიად უანგაროდ ეხმარებოდა მთავრობისგან მიტოვებულ მოსახლეობას ევაკუაციაში. პავლეს, ხვიჩა ბაბაქარიც თან ახლდა. თბილისში გამომგზავრების წინა ღამეს, რუსეთის არმიამ კოდორზე მძლავრი იერიში მიიტანა და იქაურობას ცეცხლის წვიმა დაატეხეს. შემდგომ პავლე იხსენებდა, რომ დაბომბვის დაწყების წინ ის და ხვიჩა ბაბაქარი ერთ-ერთ სახლში ისხდნენ და არაყს სვამდნენ. პავლე გაითიშა. გონებაზე რომ მოვიდა, რუსეთის არმიის ფორმაში გამოწყობილი; ჩეჩნების ტყვეობაში აღმოჩნდა. როგორც პავლემ მათგან შეიტყო, ის ხევში იპოვეს უგონოდ და დაატყვევეს. პავლეს ტყვეობა ერთი წელი გაგრძელდა. ის ჩეჩნეთის ერთ-ერთ აულში ადგილობრივი ნარკომოვაჭრის კარმიდამოში იყო დატუსაღებული და ყაყაჩოს პლანტაციებში ამუშავებდნენ. მიუხედავად პავლეს შეპირებისა, რომ მსხვილ გამოსასყიდს გადაიხდიდა თავისუფლების სანაცვლოდ, ნარკომოვაჭრე ყურს არ იბერტყავდა. პავლეს სიტყვები ბლეფი ეგონა და მას ყაყაჩოს პლანტაციაში მუშაობით წელში წყვეტდა. პავლეს თვალი სულ გაქცევაზე ეჭირა და ერთ დღეს მოახერხა კიდეც. დიდთოვლობის დროს, პავლემ თავი დააღწია დილეგს და მშიერ-მწყურვალი და ნახევრად შიშველი ორი დღე კლდეების ფერდობზე შეფენილ წიწვოვან ტყეებს აფარებდა თავს. პავლე რასულთან რის ვაივაგლახით გროზნოში ჩავიდა და მან ის სიკვდილისგან იხსნა. პავლე რომ მომჯობინდა, რასულს თავისი ისტორია მოუთხრო. ჩეჩენმა თავი გააქნია და თქვა:
– ამ საქმეს მე მოვაგვარებ, ძმაო. ნურაფრის დარდი ნუ გექნება. ხელს ვერავინ გახლებს და შენ ჩემი ძმადნაფიცი ხარ.
რასულმა და პავლემ ძმადნაფიცობის საიდუმლო შეასრულეს. ჩეჩენმა თავის თანამემამულე ნარკომოვაჭრეს კაცი გაუგზავნა და შეუთვალა – შენგან გამოქცეული ტყვე ჩემი ძმადნაფიცია. ძებნა არ დაუწყო. ის ჩემთანაა და თმის ბეწვიც რომ ჩამოუვარდეს, თავს დაკარგავო. რასულ საფარბეკოვს თავისი სიტყვის შემსრულებლად იცნობდნენ და იცოდნენ, მასთან ხუმრობა ან ურჩობა ძვირად დაუჯდებოდათ. ამიტომ, ნარკომოვაჭრემ რასულს ბოდიში შეუთვალა და სთხოვა, ინციდენტი ამოწურულად ჩავთვალოთო. პატივისცემის ნიშნად კი პავლეს ძვირფასი კავკასიური სამოსი და ვერცხლის ქამარ-ხანჯალი გაუგზავნა ულამაზეს ცხენთან ერთად.
სამ თვეში პავლე სრულიად მომჯობინდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობდა. ერთ დღეს კი თავის ძმადნაფიცს უთხრა:
– რასულ, ძმაო, შენგან ძალიან დავალებული ვარ და არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადო პატივისცემა.
– რას ამბობ, პაშკა. არ გრცხვენია? – სიტყვა გააწყვეტინა მასპინძელმა პავლეს. მან კი ხელით ანიშნა რასულს, დამაცადეო და განაგრძო:
– ჩემო რასულ, თუ არ გაგიჭირდება, ერთი თხოვნაც უნდა შემისრულო,.
– რაზეა ლაპარაკი. გისმენ, ძმაო, – ხელები გაშალა მასპინძელმა და სტუმარს გაუცინა.
– რასულ, ძმაო, თითქმის თექვსმეტი თვეა, რაც სამშობლოში არ ვყოფილვარ და იქაურობა ძალიან მომენატრა. მაგრამ იქ მანამდე ვერ დავბრუნდები, სანამ არ შევიტყობ, თუ რა ხდება. შეგიძლია, რომ თბილისში სანდო, საზრიანი ხალხი გაგზავნო და გამიგო, რა სიტუაციაა. მე, პირველ რიგში, ჩემი საცოლის, ლალი ბაქრაძის ამბავი მაინტერესებს, ჩემი ბიზნესის მდგომარეობა და კიდევ, ჩემი პარტნიორი აარონ ლეონი ცოცხალია თუ მკვდარი. ინტუიცია მკარნახობს, რომ საქმე კარგად არ უნდა იყოს და ყველაფრის დაწვრილებით გაგება მინდა, – თქვა პავლე ლაღიძემ.
– სულ ესაა, ძმაო? – გაეცინა რასულს. პავლეს გადაეხვია და დაამატა, – ყველაფერს ისე გაგიგებ, თითქოს „ცეერუს“ უმუშავია. სანდო და საზრიანი ხალხი მყავს და ხვალვე მივავლენ თბილისში.
რასულის მიერ თბილისში გაგზავნილი ოთხკაციანი ჯგუფი გროზნოში ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა და საფარბეკოვს ამობეჭდილი ფაილები მიუტანეს, სადაც ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იყო დაფიქსირებული. ფაილებში ფოტოებიც იყო მოთავსებული, რომლებიც ჩეჩნებმა საქართველოს დედაქალაქში გადაიღეს. სწორედ, ამ ფაილების გაცნობის შემდეგ თქვა პავლე ლაღიძემ, ჩემი ვარაუდი გამართლდაო.

⚜⚜⚜

თბილისში ჩეჩენთა ოთხეულის მიერ მოპოვებული ინფორმაციით გადამზიდავი ფირმის ერთადერთი მფლობელი ხვიჩა ბაბაქარი იყო და მას ასპროცენტიანი წილი ეკუთვნოდა. საბუთების მიხედვით, პავლე ლაღიძის წილი ბაბაქარს იმიტომ მიაკუთვნეს, რომ ლაღიძე გარდაცვლილად იყო მიჩნეული. აარონ ლეონს კი თავისი წილი ქეშად ჰქონდა აღებული, რაც ფინანსურ დოკუმენტაციაშიც იყო აღნიშნული. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ პავლეს 20 წლის საცოლე ლილი ბაქრაძე სამი თვის წინ ხვიჩა ბაბაქარს გაჰყვა ცოლად. სწორედ, ამ ამბავმა გააცეცხლა ყველაზე მეტად პავლე ლაღიძე და მთელი არსებით სასტიკი შურისძიებისთვის მოიმართა. ხოლო რასულმა ძმადნაფიცს დამშვიდება და ყველაფრის საღად განსჯა სთხოვა. პავლეს მან უთხრა:
– პაშკა, ძმაო, ის ფაქტი, რომ შენი საცოლე შენს ძმაკაცს გაჰყვა ცოლად, ძალიან ცუდია. თუმცა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გავიაზროთ. აი, რა მეტყველებს ლალის სასარგებლოდ – ის გოგო მხოლოდ ამ სამი თვის წინ გათხოვდა ბაბაქარზე და მას რომ ანგარება ან ბოროტი განზრახვა ჰქონოდა, მაშინ ეგრევე გაჰყვებოდა იმ კაცს. დარწმუნებული ვარ, რომ მაგ ბაბაქარმა ყველა ღონე იხმარა გოგონას ხელში ჩასაგდებად და თავის მიზანს მიაღწია. ამიტომ, მოდი, ჯერ ნუ განეწყობი ლალის მიმართ უარყოფითად და ყველაფერი გავარკვიოთ.
– როგორ? – მხრები აიჩეჩა პავლემ და დააყოლა, – ამისთვის ხომ ლალისთან პირისპირ ლაპარაკია საჭირო?
– კი, ბატონო. სწორედ, მასეა და ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მას პირისპირ დაელაპარაკო. მაგრამ მანამდე ჯერ უნდა მიხვიდე. ამიტომ სხვა რაღაცებია გასარკვევი, – თქვა რასულმა და დაამატა, – როგორც შენ ფიქრობ, ბაბაქარმა კოდორში, სასმელში ბანგი შეგირია, დაგაძინა, ხევში გადაგაგდო და დარწმუნებული იყო, რომ დაიღუპე. პრინციპში მეც მაგ აზრზე ვარ, მაგრამ ეს ზუსტად უნდა დავადგინოთ და ამისთვისაც ბაბაქარის პირადად ნახვა და „დაკაჩავებაა“ საჭირო. ეს კი არც თუ ისე იოლია. ხომ ნახე, როგორი დაცვით მოძრაობს, მაგრამ ამასაც მოევლება. ჩემი აზრით, აარონ ლეონისგან უნდა დავიწყოთ და ზუსტად რომ შევიტყობთ, თუ რატომ და როგორ გამოვიდა ბიზნესიდან, მაშინ გავაკეთოთ დანარჩენი.
– აარონს დიდი ძებნა არ სჭირდება, შტატებში მისი მისამართი ვიცი და შეგვიძლია, ჯერ „ფეისბუქით“ დავეკონტაქტოთ... – თქვა პავლემ. რასულმა კი შეაწყვეტინა:
– ამ გზით შენი დაკონტაქტება არ შეიძლება. ყველას მკვდარი ჰგონიხარ, და არავინ გაიგოს, რომ ცოცხალი ხარ.
– თავისთავად, – თქვა პავლემ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა