რომანი და დეტექტივი

სათამაშო ცოლი

№4

ავტორი: ნია დვალი 20:00 07.02

რომანი 2
დაკოპირებულია

– ამიხსენი, რას ვერ ვაკეთებ ისე, როგორც საჭიროა? რამე მჭირს? – უსიცოცხლო და სასოწარკვეთილი ხმით ჰკითხა თინიკომ ქმარს.

– ისევ ნუ დაიწყებ ტვინის ბურღვას! – საკმაოდ ხმამაღლა გამოთქვა უკმაყოფილება ვახომ, – არაფერი გჭირს, ყველაფერი ნორმალურადაა და იმაზე უკეთაც კი, ვიდრე შენ იმსახურებ.

– თუ ვინმეს შეხვდი, მითხარი. არც კი გავბრაზდები. უბრალოდ, მინდა, გავიგო, რატომ მექცევი ასე, – თინიკო ცდილობდა, გაეგრძელებინა ქმართან საუბარი პასუხების მიღების იმედით.

– რა ვინმეს შევხვდი?! – დაიღრინა ვახომ, – შენ ხომ მეტს არაფერს აკეთებ იმას გარდა, რომ სამსახურიდან მოსულს ხასიათს მიფუჭებ. თითქოს სხვა პრობლემები არ მქონდეს. სახლში მოვდივარ, რომ დავისვენო, მაგრამ შენ მაშინვე იწყებ ტვინის ბურღვას.

– იმაში მაინც გამოტყდი, რომ არ გიყვარვარ, – არ ეშვებოდა თინიკო ქმარს, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, სრულიად განადგურებული იყო, – ეს მაინც იქნებოდა ახსნა.

– რას ჩააცივდი ამ სიყვარულს?! – ვახომ ხელები გაშალა გაბრაზების ნიშნად, – სიყვარული სხვადასხვანაირია და ერთი მეორეში გადაიზრდება ხოლმე. ვნებების დრო გავიდა. ახლა სიყვარული ისაა, რომ ერთად ვცხოვრობთ და წესით, უნდა იცოდე, რომ ერთად ყოფნა კარგია.

– ჩვენი ერთად ყოფნა კარგია?! – თინიკომ ვახოს კითხვას კითხვითვე უპასუხა.

– იმიტომ რომ შენ აფუჭებ ყველაფერს შენი უაზრო შეკითხვებით, – ვახომ ცოლს შეხედა და თვალები ავად აუელვარდა.

თინიკოს ცრემლი მოერია.

– რატომ მექცევი ასე?

– მე შენ ძალიან კარგად გექცევი, მაგრამ შენ არც კი აფასებ. გადახედე, ყველა გაყრილია. მე და შენ კი ერთად ვართ.

თინიკომ ამოიოხრა, ვახო კი განაგრძობდა:

– იმიტომ რომ ჩვენ ოჯახი გვაქვს, შვილი გვყავს და შენც თუ მოეშვები სისულელეების ლაპარაკს, ბედნიერებიც ვიქნებით.

– არანაირი ბედნიერება არ იქნება, – თინიკოს ხმა უფრო და უფრო ებზარებოდა, – ხომ ვხედავ, რომ თითქოს გეზიზღები. უბედური ხარ ჩემ გვერდით, სულ მიყვირი... არაფერი მოგწონს, რასაც მე ვაკეთებ. ვერ ვარ მე ისეთი, ვინც შენ გაგაბედნიერებს. იქნებ გამიშვა და შენ იპოვო ის, ვის გვერდითაც მართლაც ბედნიერი იქნები.

– აჰა, ახლა გაყრა მოინდომა! – წამოიყვირა ვახომ, – ჩვენ ბავშვი გვყავს და მე არ ვაპირებ ოჯახის დანგრევას, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც გარშემო ყველაფერი ინგრევა.

თინიკომ ქმარს შეხედა, მაგრამ უკვე სულ სხვანაირი გამოხედვა ჰქონდა: როგორც იქნა, მიხვდა, რა მოტივი ამოძრავებდა ვახოს. დიახ, მიხვდა, რა მიზეზით უქცია ბოლო ორი წელია ცხოვრება ჯოჯოხეთად, მაგრამ ეს აღმოჩენა იოტისოდენადაც არ ამართლებდა ვახოს ქცევას.

***

თინიკოსა და ვახოს ოჯახური პერსპექტივა საკმაოდ ნათელი ჩანდა მათი გაცნობის დასაწყისში, უფრო ზუსტად, მაშინ, როდესაც თინიკო მიხვდა, რომ ვახო სერიოზულად იყო განწყობილი მისადმი. ის თინიკოზე რვა წლით იყო უფროსი. ესე იგი, თინიკოს აზრით, უკვე გონიერი და ჭკუადამჯდარი უნდა ყოფილიყო, რაც გაანეიტრალებდა თინიკოს ბობოქარსა და ახალგაზრდულად რადიკალურ ხასიათს. ამიტომ მათი ურთიერთობა მხოლოდ სიყვარულს არ ეფუძნებოდა – თინიკო ვახოს ძალიან დიდი პატივს სცემდა, როგორც ადამიანს.

– დედა, რომ იცოდე, როგორი მოყოლა იცის, ვერ გაძღები მოსმენით, – არწმუნებდა დედამისს აღფრთოვანებული თინიკო, – ვგრძნობ, არა, კი არ ვგრძნობ, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ჭკვიანია.

– ძალიან კარგი, იქნებ რამე გასწავლოს, – დედას შვილზე ეცინებოდა, – მაგრამ არ დაივიწყო, რომ მაინც კაცია და ნუ გააღმერთებ.

– რას ამბობ ახლა? – ტუჩს იბზუებდა თინიკო, – რა შუაშია გაღმერთება?! მე მიყვარს და მასაც ვუყვარვარ და ჩვენ გვექნება საუკეთესო ოჯახი. აი, ნახავ.

– აი, ზუსტად ამას გეუბნები, – ეუბნებოდა დედამისი, – აღტაცება კარგია, როდესაც ცივი გონებით ხარ აღტაცებული და არა ცხელი გულით.

– ვერაფერი გავიგე, – მხრებს იჩეჩდა თინიკო.

– თავით იფიქრე, თავით და არა გულით, – აზუსტებდა დედამისი.

თინიკომ დედამისს თავი დაუქნია და მართლაც დაფიქრდა მის ნათქვამზე, იმიტომ რომ, თუ ვინმეს ესმოდა კაცების ამბავი, სწორედ დედამისს ესმოდა, ვინაიდან ქალბატონი ნანა სამჯერ იყო გათხოვილი და სამივე ქმარიც დაფრენილი ჰყავდა სხვადასხვა დროს, ბუნებრივია, თან, სამივეს თავს არჩენინებდა და ისინიც მორჩილად ემსახურებოდნენ შორიდან.

ზოგადადაც, დედამისი მთელ საკაცეთზე იყო გაბრაზებული, ასე ფიქრობდა თინიკო და ამიტომ არ უნდოდა, რომ დედამისის განწყობა გადასდებოდა მის ახალგაზრდა ოჯახს. და თინიკო და ვახო, მართლაც, ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს უკვალოდ გაქრა. არა, მათ არ უჩხუბიათ, არც ფულის გამო მოსვლიათ კამათი, არც იმ მიზეზით, რომ ოჯახში საქმეები ვერ გაინაწილეს, უბრალოდ, იმ ერთ მშვენიერ დღეს მათ ქალიშვილი შეეძინათ.

***

– თითქოს გამოცვალეს, – შესჩიოდა თინიკო ნატას, თავის მეგობარს, – სამშობიაროდან გამომიყვანა, შევედით სახლში და სულ სხვა ადამიანად იქცა.

– სანამ შენ სამშობიაროში იწექი, იქნებ ვინმე გაიცნო?! კაცებს სჭირთ ასეთები, იქნებ, რადგან შენ ორსულად იყავი და მერეც... ალბათ, ვინმე გაიცნო, მაინც კაცია...

– არ ვიცი, – თავი გადააქნია თინიკომ, – შეიძლება, მაგრამ არ არის სექსზე გაგიჟებული... მე არ შემიმჩნევია...

– იქნებ, რადგან დედა გახდი, ამას ითვალისწინებს? – ეჭვი გაუზიარა მეგობარმა.

– ეგ რა შუაშია? – არ დაეთანხმა თინიკო.

– და ბავშვს როგორ ექცევა? – დაინტერესდა ნატა.

– საქმეც ეგაა, მე ყურადღებას აღარ მაქცევს, იმიტომ რომ სულ ბავშვთან ერთად არის. როდესაც სძინავს, მაშინაც გვერდით უზის და უყურებს. მე კი, თუ ოთახში შევედი, მაგდებს, ბავშვს გააღვიძებო.

– იშვიათი ეგზემპლარია, – ნატა აშკარად აღტაცებული დარჩა ვახოს ქცევით, – კაცებს ბავშვს ვერ მიაკარებ, ეზარებათ მოვლა. ჩემს ქმარს იარაღის ძალით ვერ აიძულებდი, ბავშვებთან დარჩენილიყო. სულ ტყუილად ფორიაქობ. განძია შენი ვახო და გაუფრთხილდი.

– მე კი ვუფრთხილდები, მაგრამ ვერც კი მამჩნევს. არც კი მიყურებს. თუ შემთხვევით დამინახა, ტანში მცრის ხოლმე, ისეთი შუშის თვალებით მიყურებს.

– გეყოფა, რა, – თავი გააქნია ნატამ, – უბრალოდ, ახლა ბავშვზე გადაერთო. გაუხარდა ადამიანს მამობა და შეარგე. ყველაფერი კარგად გექნებათ, შენ თუ არ უკირკიტე.

თინიკოს აღარაფერი უთქვამს ნატასთვის, იმიტომ რომ მიხვდა, აზრი არ ჰქონდა. ნატას ქმრის ფონზე ვახო ნამდვილი ანგელოზი იყო და თინიკო ამას ხვდებოდა.

მაგრამ ვახოს თინიკოსადმი დამოკიდებულება დღითიდღე ცივდებოდა და თინიკო მისგან მხოლოდ საყვედურებს ისმენდა, მით უფრო, ხისტი იყო ეს საყვედურები და შენიშვნები, თუ საქმე მათ პატარა ქალშვილს, ეთუნას ეხებოდა.

– ეს როგორი დედა გვერგო? – ეუბნებოდა შვილს ვახო, – საწოლის დაგებაც კი არ შეუძლია ნორმალურად, არც დაუთოება. პამპერსის გამოცვლასაც ყოველთვის აგვიანებს, ხელებს უფრთხილდება.

ბუნებრივია, ჩვილი ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, თინიკო ხვდებოდა.

– ჩვენი დედიკო ძალიან გასუქდა, ამიტომ უჭირს სახლის დალაგება და მოწესრიგება, – ვახო არ ჩერდებოდა, – ძალიან მოუხერხებელი გახდა.

მართალია, ვახო ენის მოჩლექით ელაპარაკებოდა პატარას, მაგრამ საყვედურები თინიკოსადმი საკმაოდ მკაფიო და გასაგები იყო. ვითარება დამძიმდა, როდესაც ვახომ საყვედურების გამოთქმა უკვე ბავშვის გარეშე და სულ სხვა ტონით დაიწყო.

– მესმის, რომ დეკრეტში ხარ და ბევრი საქმე გაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება, თავს მოუარო?!

– დრო არ მაქვს, შენც ხომ იცი?! სილამაზის სალონებში სიარულს კი ფული სჭირდება, – თინიკო ცდილობდა, თავი ემართლებინა.

– მე სალონებზე არ გელაპარაკები, ხომ შეიძლება, წესიერად ჩაიცვა და თმა დაივარცხნო?! მე არ ველი, რომ სახლში ფოტომოდელი დამხვდება, მაგრამ ეს საშინელი ხალათი მაინც გამოიცვალე! სხვა ჩემს ადგილას დედაშენთან დაგაბრუნებდა.

რაღაც თვალსაზრისით, ვახო სიმართლეს ამბობდა, მშობიარობის შემდეგ თინიკომ წონაში მოიმატა, თუმცა არა საგანგაშოდ, რაც შეეხება, ზოგადად, გარეგნობას, თინიკოს ელემენტარული რამეები ენატრებოდა: გამოძინება, აბაზანის მიღება და მშვიდად ჭამა. მაგრამ ქმრის გაუთავებელი და გამუდმებული საყვედურები ლოდივით აწვებოდა, როგორც ქალს. თინიკომ არ იცოდა, რა ეღონა. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ის იყო, რომ ვახო მაშინაც კი საყვედურობდა ცოლს, როდესაც ისინი ბავშვთან ერთად სეირნობდნენ პარკში. კაფეშიც კი შეეძლო, მიეცა შენიშვნები და საკმაოდ ხმამაღლაც, რომ სხვებსაც გაეგოთ.

– კიდევ ნამცხვარი რა საჭიროა?! მალე არც ერთი კაბა აღარ ჩაგეტევა, ჯობია, წადი და ბავშვს წყალი მოუტანე. ოღონდ ოთახის ტემპერატურის მოითხოვე. მე რომ არ ვიყო, ბავშვსაც ვერ მოუვლიდი.

საკმაოდ ხშირად თინიკო კაფედან თვალცრემლიანი გამოდიოდა, მაგრამ ვახოს ეს თითქოს უფრო ახელებდა:

– ცოტა ჩამოგვრჩი. ჩვენ გვრცხვენია, რომ დედა ძროხას დაემსგავსა.

ცოტა ხანში ვახომ ახალ მეთოდს მიაგნო, ატირებულ თინიკოს, უბრალოდ, კაფეში ტოვებდა ხოლმე:

– დარჩი აქ, დამშვიდდი. არ მინდა, რომ ბავშვმა შენს ისტერიკებს უყუროს. მერე მოხვალ სახლში.

***

იმ დღესაც ასე მოხდა: ვახომ ჯერ საფუძვლიანად გამოლანძღა თინიკო, შემდეგ ბავშვს მოჰკიდა ხელი, თინიკოს კაფეში დარჩენა უბრძანა და თავად ეთუნასთან ერთად სასეირნოდ წავიდა. როგორც კი ვახო კაფედან გავიდა, თინიკოს მაგიდასთან უცნობი ახალგაზრდა ქალი გადმოჯდა.

– რა უსიამოვნო მამაკაცია, – უთხრა თინიკოს და ხელსახოცი გაუწოდა, რომ ცრემლები შეემშრალებინა.

– ჩემი ქმარია, – ძლივს ამოილუღლუღა თინიკომ.

– და ქმრები არ შეიძლება, იყვნენ უსიამოვნო მამაკაცები? – გაიკვირვა უცნობმა ქალმა.

– ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქვს, უბრალოდ, ახლა რთულ პერიოდს გავდივართ, – თინიკომ თავის გამართლება სცადა და, თან, ცრემლებს იწმენდდა.

– ვიცი, რაც ჰქვია ასეთ პერიოდებს – ქალის დაჩაგვრა. მესმოდა, რას გეუბნებოდათ თქვენი ქმარი და ის ცდება ან შეგნებულად ცრუობს. მე რომ მკითხოთ, თქვენი ქმარი საცემია.

– უი, რას ამბობთ? – თინიკომ შეშინებულმა შეხედა ქალს.

– არ არის საჭირო.

– მე რომ მკითხოთ, საჭიროა, მაგრამ ამაზე არ ვიკამათოთ. იმის სათქმელად მოვედი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხართ, ქმარი კი უსამართლოდ გამცირებთ. გავიდეთ ქუჩაში და ვკითხოთ ნებისმიერ მამაკაცს. თქვენი ქმარი განზრახ გეუბნებათ, რასაც გეუბნებათ.

– მე გათხოვილი ვარ, სხვა კაცებს რატომ უნდა ვკითხო აზრი?!

– არა, თქვენ გათხოვილი არ ხართ. თქვენ თოჯინა ხართ, რომელსაც ქმარი ამცირებს და მორალურად ანადგურებს. უკაცრავად, რომ შემოგეჭერით, მაგრამ არ შემეძლო, ეს არ მეთქვა. თუმცა ეს თქვენი ცხოვრება და არჩევანია. იქნებ დაფიქრდეთ, გჭირდებათ ასეთი ქმარი ან ასეთი ოჯახი, ან, საერთოდ, ოჯახია ეს?! მაპატიეთ, რომ ამდენის უფლება მივეცი ჩემს თავს, – უცნობი ქალი ადგა, თინიკოს თავი დაუკრა და თავის მაგიდას დაუბრუნდა.

თინიკო გვიანობამდე იჯდა კაფეში, სანამ ბოლო სტუმარი არ წავიდა. თავში ფიქრები ერეოდა და, როგორც იქნა, გამოუტყდა თავს, რომ ვახოს კარგა ხანია, ის აღარ უყვარდა, თუმცა უყვარდა ეთუნა და თინიკოსთვისაც სრულიად უცხო ადამიანი გახდა.

– მაინც ვერ ვხვდები, რატომ მექცევა ასე? წონაში უკვე დავიკელი, თავსაც ვუვლი, ბავშვიც წამოიზარდა, მაგრამ ვახო ისევ უკმაყოფილოა. რატომ? იქნებ სხვა ქალი ჰყავს და მის ფონზე მე არარაობა ვარ?! მაშინ გამიშვას მე და წავიდეს იმ ქალთან. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიო, – გადაწყვიტა თინიკომ და სახლისკენ გაეშურა.

***

– რა უნდა შევინარჩუნოთ?! რაც არ არსებობს?! ნუ მაცინებ. სად გვაქვს ოჯახი?! მხოლოდ მლანძღავ. მამცირებ, უკვე აღარავის ერიდები.

– მე ვცდილობ, აღგზარდო, – არ დაეთანხმა ვახო.

– შენი თავი აღზარდე! არა, შენ ცდილობ, თავი უპირატესად წარმოაჩინო, როგორი კარგი მამა ხარ და ოჯახის კაცი. თავი მოგწონს, რომ ოჯახი გაქვს და რომ გაიგონ, რის ფასად გაქვს ოჯახი, ამაზე არ გიფიქრია?! – მიახალა თინიკომ.

ვახო სიბრაზისგან წამოწითლდა.

– მოკლედ, მე და შენ მშვიდად გავეყრებით, – თინიკო დარწმუნებული იყო საკუთარ თავსა და გადაწყვეტილებაში, – და მე არავის არაფერს ვეუბნები. ეთუნას კი ნახავ, როდესაც მოისურვებ.

– რამდენი რამე გაგიკეთე. უმადური უსინდისო ხარ, – დაუყვირა ცოლს ვახომ.

– რა ქალივით ლაპარაკობ?! და რა გაყვირებს?! შენს გაბერილ ეგოს გინდა, რომ შევწირო ჩემი ცხოვრება?! შენ რომ შენი არასრულფასოვანი თავი სრულფასოვნად იგრძნო?! ბოდიში, მაგრამ მეტი აღარ მინდა!

ვახომ არ იცოდა, რა ეთქვა და როგორ მოქცეულიყო, ასეთ თინიკოს არ ელოდა, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი ზარავდა, თუ რა შეიძლებოდა, მასზე ეთქვა მისი თანამშრომლებისა თუ ნათესავებისთვის თინიკოს.

„როგორი არარაობა ყოფილა და მშიშარა, – ფიქრობდა თინიკო, როდესაც თავისი და ბავშვის ნივთებს ალაგებდა, – მე რატომ წარმოვიდგინე და დავიჯერე, რომ მისი ნივთი ვიყავი?!“ – ქალი მხრებს იჩეჩავდა და ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა.

– ვიცოდი, რომ ასე დამთავრდებოდა, – უთხრა დედამისმა, როდესაც კარი გაუღო შვილსა და შვილიშვილს, – მაგრამ არაფერი გითხარი, მაინც არ დამიჯერებდი. სამაგიეროდ, ახლა გამოცდილება გაქვს და იმედია, მეორეს უკეთესად შეარჩევ, – თინიკოს გაეცინა დედამისის სიტყვებზე.

– ეს ახლა იცინი და იცინე, რამდენიც გინდა. მე დამეჯერება, ბოლოს და ბოლოს, სამი ქმარი მყავდა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა