სათადარიგო საყვარელი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.02, 2023 წელი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #51-5 (1153)
- როგორ შეიძლება, ადამიანი ასე შეცდეს?! - ჰკითხა საკუთარ თავს გახევებულმა და შემდეგ იმ ქალს გადახედა, რომელსაც თავისი ბოხჩა მოეკრა და მიდიოდა. თამუნამ თვალი გააყოლა და მოცახცახე მხრებით მიხვდა, რომ ის მარტოხელა და უარყოფილი ქალი ტიროდა.
თამუნას გული შეეკუმშა ტკივილისგან და ცრემლები წასკდა. მამამისისა და დედამისის საფლავებს შუა დაჯდა და მიწას ხელები დაადო, თითქოს მათი, ორივეს, გულისცემის შეგრძნება უნდოდა, იმ გულების, რომლებსაც თამუნა უანგაროდ და უპირობოდ უყვარდათ. განსაკუთრებით ძლიერად ხელს მამის საფლავს აჭერდა და იმეორებდა: მაპატიე, მაპატიე...
მან იცოდა, რომ მამამისმა ყველაფერი დიდი ხნის წინათვე აპატია და ისიც, რომ მისდამი სიყვარული არც განელებია. ახლა თამუნა უფრო მამამისის სიყვარულით სავსე იმ წლებს, დღეებს, საათებს, წუთებს, წამებს დასტიროდა, რომლებიც მოიკლო და უკვე ვეღარაფერს დააბრუნებდა.
დრო თითქოს გაჩერდა. თამუნა მიწიდან მომავალმა სიცივემ გამოაფხიზლა. დაღამებულიყო. მძიმედ წამოდგა და მანქანისკენ წალასლასდა. მთელ სხეულში ამტვრევდა.
იმავე ღამეს სიცხე მისცა და სხვა რა გზა ჰქონდა, თინას დაურეკა ექიმის ნომრის სათხოვნელად. ზუსტად ნახევარ საათში კარზეც მიუკაკუნეს. თამუნა საწოლიდან წამოდგა და კარი გააღო. ზღურბლთან ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, წაბლისფერი, ოდნავ ხვეული თმითა და თაფლისფერი თვალებით, რომელიც უღიმოდა.
- მე მერაბი ვარ, ქალბატონმა თინამ...
- დიახ, დიახ, მობრძანდით, - და თამუნას გაახსენდა, რა ცუდად გამოიყურებოდა და ამიტომ კიდევ უფრო ცუდად გახდა.
- აბა, მომიყევით, რა გაწუხებთ, - ენერგიულად ჰკითხა სტუმარმა.
- გავცივდი, ალბათ, სასაფლაოზე, ცივ მიწაზე ვიჯექი დიდხანს, უბრალოდ, არანაირი წამალი არ მაქვს და იქნებ ნიღაბი გაიკეთოთ? - შეწუხდა თამუნა.
- მაგაზე არ იდარდოთ, სტანდარტულად უნდა გითხრათ; დალიეთ ბევრი თბილ-თბილი სითხე, შეინარჩუნეთ კარგი განწყობა და დაისვენეთ. წამალი თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც მოვუსმენ თქვენს ფილტვებს, მაინც აქ ვარ.
თამუნას ელდა ეცა. სტუმარი თითქოს მიხვდაო და უთხრა: გარედან მოგისმენთ.
თამუნამ შალი მოიხსნა და გონებაში თავის თავს შეუკურთხა: ქალი ვარ ახლა მე?! თმაც კი არ მაქვს დავარცხნილი.
მერაბმა ფონედოსკოპი მოიმარჯვა, შემდეგ კი თამუნას ხელები დაადო ზურგზე, სავარაუდოდ, იქ, სადაც ფილტვები მთავრდება. თამუნა ამ შეხებაზე ოდნავ შეკრთა, იმიტომ რომ, უხილავი ენერგია იგრძნო და სითბო, რომელიც სუნთქვას უადვილებდა.
- ღრმად ისუნთქეთ, - და მერაბმა მარჯვენა ყურიც მიადო თამუნას ზურგზე: ყველაფერი რიგზეა. რაც გითხარით, ისე მოიქეცით და ჩიტივით იქნებით, თუ ღამღამობით ცივ მიწაზე დაჯდომას გადაეჩვევით. ჩემი ნომერი ჩაინიშნეთ და დამირეკეთ, როგორც კი რამე დაგჭირდებათ.
- ეს თქვენ დამირეკეთ, არა? - თამუნა ყურებამდე გაწითლდა.
- დიახ. დიდხანს გეძებეთ. არავინ იცოდა თქვენი ნომერი. როგორც იქნა გიპოვეთ, - სტუმარმა უხერხულად გაიღიმა.
- საშინელი წარმოდგენა გაქვთ, არა, ჩემზე? - თამუნა ახლა უკვე შუქნიშანივით გაწითლდა.
- არა, ჩვენ ყველას გვაქვს შეცდომის უფლება. უბრალოდ მამათქვენს ძალიან ენატრებოდით და სულ თქვენზე ლაპარაკობდა. ასე მგონია, გიცნობთ, იმდენი რამ ვიცი თქვენ შესახებ, - თამუნა მიხვდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი არ კიცხავდა, უბრალოდ, ამბავს უყვებოდა და ეს უფრო ასევდიანებდა.
- ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, როგორ შემეშალა, ასე როგორ შემეშალა, - თამუნას ხმა ჩაუწყდა.
- ხდება ხოლმე. რაც მთავარია, ყველაფერი გაირკვა. ძალიან კარგი კაცი იყო გივი. მეც ვისურვებდი, ასეთი მამა მყოლოდა. მოკლედ, მე წავალ და ველოდები თქვენს ზარს.
თამუნამ გაიღიმასავით და გული აუჩუყდა: ისეთი მადლიერი ვარ თქვენი, რომ მამაჩემს მოუარეთ. შემომიარეთ ხოლმე, მე. ალბათ, ერთ კვირას კიდევ დავრჩები. ძალიან გამიხარდება. მამაჩემი მოვიგონოთ.
მერაბმა თავი დაუკრა და დაემშვიდობა. თამუნა მაშინვე სარკისკენ გაიქცა: საკუთარი გამოსახულება ისე არ მოეწონა და ამიტომ სასწრაფოდ სააბაზანოში შევარდა ელექტროღუმლით ხელში. თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ, მაგრამ შხაპი მიიღო, თმაც დაიბანა, დაიყენა და ყველაფერი იცხო სახესა თუ ტანზე, რაც იქ მოეპოვებოდა. სააბაზანოდან კმაყოფილი გამოვიდა და პიტნის ჩაი მოიდუღა. სისუფთავე ესიამოვნა, ჩაის გემოც. თეთრეულიც, რატომღაც, გამოიცვალა და ისევ მკვდარივით დაიძინა.
დილით, მართლაც, ჩიტივით გაიღვიძა, არაფერი აწუხებდა და მაშინვე თინას დაურეკა:
- თინა დეიდა, წუხელ ვეღარ დაგირეკეთ, დიდი მადლობა. უბრალოდ შემამცივნა, გვიანობამდე შემოვრჩი სასაფლაოზე... კი, კი, მერაბი იყო და ყველაფერმა გამიარა, დავისვენე, გამოვიძინე და მერაბს მინდა, მადლობა საფუძვლიანად გადავუხადო, ზუსტად რომ მითხრა, სად მუშაობს?!
თამუნა გამოეწყო, არც მთლად საზეიმოდ და არც მთლად საშინაოდ, რადგან ვერაფრით დაუშვებდა, რომ მერაბს მასზე წუხანდელი შთაბეჭდილება დარჩენოდა, ამიტომ გადაწყვიტა მისი მონახულება და მადლობის პირადად თქმა. მაკიაჟიც მსუბუქი დაიტანა სახეზე და გაემართა გორის სამხედრო ჰოსპიტლისკენ.
სანამ რეგისტრატურაში არკვევდა, სად უნდა ენახა მერაბი ექიმი, თამუნამ ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი, მაგრამ ბოლომდე ვერ მიადევნა, უკვე მერე, როდესაც მერაბს კაბინეტში ელოდებოდა, მიხვდა, რომ ლიზას სილუეტი დალანდა.
მალე მერაბიც შემოვიდა. თამუნა ადგა და გაუღიმა:
- მადლობის სათქმელად მოვედი, უკვე კარგად ვარ და ძალიან მადლიერი ვარ თქვენი, მამაჩემს რომ მოუარეთ და ნამუსი მომწმინდეთ, თან არც კი შეიმჩნიეთ ჩემი ცუდი საქციელი.
- მე არავის განმსჯელი არ ვარ, მით უმეტეს, თქვენი, იმიტომ რომ, გივი ბიძიას ძალიან უყვარდით და ის ყველაფერს ხვდებოდა. გაღმერთებდათ და მიხარია, რომ თქვენ ეს უკვე იცით.
- მერაბ, თქვენთან კიდევ ერთი საქმე მაქვს, ამის გამოც მოვედი, ტელეფონით მეუხერხულა, მეთხოვა (თამუნამ უტიფრად იცრუა). ვიცი, რომ კონფიდენციალურია, მაგრამ დამეხმარეთ, გთხოვთ. ჩემი უახლოესი მეგობრის დედა დავინახე, ეჭვი მაქვს, გვიმალავს, რომ ავადაა, ხომ ვერ დამეხმარებით, გავიგო, რატომ დადის თქვენთან და ვისთან დადის?
მერაბმა ცოტა ხანს იორჭოფა, მაგრამ ბოლოს დათანხმდა: სახელი და გვარი მითხარით.
თამუნამ უთხრა, მერაბმა სადღაც დარეკა და გაიმეორა თამუნას თხოვნა.
- გაარკვევენ და მეტყვიან. თქვენ რამდენ ხანს რჩებით? აა. ხო, გამახსენდა, ერთი კვირა.
- დიახ, - თამუნამ ისევ გაიღიმა და უნებლიეთ მერაბის ხელები შეათვალიერა, საქორწინო ბეჭედს ეძებდა: მარტო ხართ აქ?
- დიახ.
- მე რომ წავალ, თინამ მითხრა, სასტუმროში ცხოვრობთ, იქნებ ჩვენს სახლში გადმოსულიყავით? რამდენ ხანსაც გნებავთ, იყავით, ოჯახიც ჩამოიყვანეთ, - თამუნა ამ გზით შეეცადა ახალგაზრდა ექიმის სოციალური სტატუსის დადგენას.
- ჩამოსაყვანი არავინ მყავს, ჩემს მშობლებს ერთმანეთი ჰყავთ, - მერაბმა მოიბოდიშა და ტელეფონს უპასუხა, სახე მოეღუშა.
- ვერ გაგახარებთ, თქვენი მეგობრის დედა ავადაა საკმაოდ სერიოზულად.
- რამდენად სერიოზულად?
- საკმაოდ სერიოზულად, - დანანებით უპასუხა მერაბმა: გაგიკვირდებათ ჩემგან, მაგრამ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს იცოცხლებს. საერთოდაც, ჩემი საექიმო პრაქტიკიდან გამომდინარე, ლოგიკას ვერ ვხედავ, ხან ისეთი პაციენტი რჩება ცოცხალი, რომ ვერც წარმოვიდგენ და ხან ისეთი მძიმდება მოულოდნელად, რომ არ ველი. მაგრამ მაინც სიცოცხლის სურვილია მთავარი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველა მაშინ მიდის, როცა ამის დრო მოსდის. ეს ის არის, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.
- ეს როგორ? - გაუკვირდა თამუნას.
- სტუდენტობისას „სასწრაფოში“ ვმუშაობდი და ერთხელ გამოძახებაზე გავედით. მთვრალი მამაკაცი შეიპარა ხარების სადგომში, ეტყობა, გამოიწვია ხარები და დაგლიჯეს. რომ მივედით, ნაწლავები გარეთ ეყარა, მთლიანად ფუნაში ამოსვრილი. სხვათა შორის, რუსი იყო. მივიყვანეთ საავადმყოფოში. საპნით გაურეცხეს ნაწლავები, უკან ჩაულაგეს და გაკერეს. ერთ კვირაში საავადმყოფოდან გაიქცა. გადარჩა. როგორ, არ ვიცი.
თამუნა დაანაღვლიანა ლიზას ამბავმა, მაგრამ მერაბის დამძიმება არ უნდოდა:
- მე წავალ, თქვენ კი გთხოვთ, სანამ წავალ, მესტუმრეთ, ოღონდ წინასწარ დამირეკეთ, რომ სახლში ვიყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ნახვამდის. - თამუნა წამოდგა, მერაბმა კარამდე მიაცილა, მაგრამ თამუნამ იქვე შეაჩერა: ბევრი საქმე გაქვთ, მე თვითონ გავიგნებ გზას და გელოდებით სტუმრად.
თამუნა გულდამძიმებული მიდიოდა სახლისკენ. ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა ლიკასთვის და ძალიან აინტერესებდა, რა ეწერა იმ ქაღალდზე, ლიზა რომ სამალავში ინახავდა. მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამის გაგება ჯერჯერობით შეუძლებელი იყო.
მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ლიკას დაურეკა: რამდენიმე დღეში ჩამოვდივარ, გაემზადე, ჩემი საკუთარი კომპანია უნდა გავხსნა და შენ ეგრევე გადმოდი. ერთი შეკვეთა უკვე გვაქვს. ჰო-ჰო, აი, ის მანდედან რომ ავაწაპნეთ, - თამუნა ცდილობდა, მხიარული ხმა ჰქონოდა: არა, არა, ჯერ არანაირი განცხადება არ დაწერო. ფაქტის წინაშე დააყენე. ასე ჯობია. თუ რამე, მე შევუტევ მერე. არააა, მაგის ამბავი არ მაინტერესებს. არ მომიყვე. ეს თავი დახურულია. აბა, გკოცნი, დედაშენი მომიკითხე და აკოცე ჩემგან.
თამუნა სახლისკენ გაუდგა გზას. გორის სახლი შეუყვარდა, იმდენადაც კი, რომ ხანდახან წასვლაც არ უნდოდა. იქ თავს მყუდროდ და დაცულად გრძნობდა. სახლში მისვლამდე სასაფლაოზე გაიარა. ცოტა ხანს იჯდა, ლარნაკებში ახალი ყვავილები ეწყო და თამუნას სითბო ჩაეღვარა გულში.
რამდენიმე დღის წინათ აღმოაჩინა, რომ ის ქალი, რომელიც ადრე ჭირის დღესავით ეზიზღებოდა, შეუყვარდა, იმიტომ რომ, მას მამამისი უყვარდა. ალბათ, უფრო იმ ქალის მამამისისადმი სიყვარული შეუყვარდა:
- ნეტავ, მე შევძლებდი, ასე შორიდან მყვარებოდა ვინმე და მთელი ცხოვრება მისთვის მეჩუქებინა? ალბათ, არა. - თამუნამ ამოიოხრა, მშობლებს ხელი დაუქნია, თითქოს დაემშვიდობაო და წამოვიდა.
სახლში მისვლამდე ქალაქში იბოდიალა, სანამ არ შემოაღამდა. ეზოსთან ნაცნობი მანქანა დაინახა და დაიძაბა. სახლშიც სინათლე ენთო. თამუნამ კარი სწრაფად შეაღო და თავისდა გასაოცრად დაინახა, რომ მაგიდას დათო და თინა უსხდნენ.
- აი, ჩვენი გოგოც მოვიდა, - ჩვეულად ქლესურად და შემპარავად წარმოთქვა თინამ: შენი უფროსი ჩამოვიდა, გეძებდა და შემოვიპატიჟე, თქვენი ერთი გასაღები ხომ ჩვენთანაა? მერაბმა დამიტოვა.
თამუნას სისხლი მოაწვა, მაგრამ არ შეიმჩნია: კარგი გიქნიათ, დეიდა თინა, დიდი მადლობა. გამარჯობა, ბატონო დავით, რატომ შეწუხდით?
თინა დაფაცურდა: ჩემი წასვლის დროა, რადგან დიასახლისი მოვიდა, მე წავალ.
თამუნამ თინა კარამდე მიაცილა: რა კარგი კაცია, გოგო, არ გაუშვა ხელიდან, - ჩაულაპარაკა თინამ, მაგრამ თამუნამ ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომ თინა მაშინვე გაჩუმდა: კარგი, კარგი, სულ ასეთი იყავი ბავშვობიდან.
თამუნა ოთახში შებრუნდა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო: როგორ მიპოვე?
- არც ისე რთულად. სად უნდა წასულიყავი, თუ არა აქ?!
- და ასე ურცხვად ზიხარ ახლა ჩემ წინ?!
- ყველაფერს აგიხსნი, ჩემმა ცოლმა ყველა მოგვატყუა, ყველა. მაგრამ გპირდები, ყველაფერი დამთავრდა, - დათო თამუნასკენ წავიდა. თამუნამ მაშინვე უკან დაიხია: არ შემეხო, არ გაბედო.
- ვიცი, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ, საყვარელო და მართალიც ხარ, მაგრამ უნდა გამიგო, მე შენ მიყვარხარ და შენს მეტი არავინ მიყვარს. ჩაალაგე შენი ბარგი და წავიდეთ.
- მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ, მე აღარ მინდა შენთან, აღარ მჭირდები. მე არ მიყვარხარ და არც არასდროს მიყვარდი. შენი შეყვარება როგორ შეიძლება, ჩვეულებრივი ვირთხა ხარ, - მიახალა თამუნამ.
- წესიერად ილაპარაკე, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, - მკაცრად უთხრა დათომ.
- ოჰოჰო, ამის მოთმინებასაც ჰქონია საზღვარი. არ მინდა და არსად წამოვალ, აღარ მინდა, აღარ მინდიხარ.
- არ მჯერა, გაბრაზებული ხარ და ამას იმიტომ ამბობ, ნუ ჯიუტობ, წავედით, - დათომ თამუნას წელზე წაატანა ხელი: მოდი ჩემთან.
- შენ ქართული არ გესმის, და საერთოდ არ ვარ გაბრაზებული, შენი მადლიერი ვარ, რომ მიმახვედრე, არასწორ კაცთან მქონდა არასწორი ურთიერთობა.
- მე შენი ისტერიკის მოსმენას არ ვაპირებ, ძალით წაგიყვან, - თამუნა დათოსგან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, ამ გაწევ-გამოწევაში მერაბი შემოვიდა, დათო მერაბის შინ დაუდგა.
- ეს ვინღაა? შენი მორიგი საყვარელი?
მერაბმა მას ყბაში უთავაზა მუშტი: დროზე დაახვიე აქედან და აღარ დაგინახო აქ მოსული, თორემ სათითაოდ გადაგიმსხვრევ ძვლებს.
თამუნა მერაბის უკან დადგა. დათომ ჯერ მერაბს შეხედა, მერე - თამუნას და გავიდა.
- დიდი მადლობა. ეს... ჩემი... ნუ, კიდევ ერთი შეცდომაა, - თამუნამ თვალები დაბლა დახარა.
- შეცდომების გარეშე არაფერი გამოდის. დღეს გადავწყვიტე შემოსვლა და, როგორც ჩანს, დროულად, გივი ბიძიამ მთხოვა, მიმეხედა თქვენთვის, სულ ესაა.
- ჰო, გივი ბიძიამ, - ეშმაკურად შეხედა თამუნამ: - მამაჩემი ბრძენი კაცი იყო. თინას გრძელი ენა აქვს, მაგრამ გადასარევი ხელი, ყოველდღე მოაქვს ხაჭაპურები, დავლიოთ ჩაი ხაჭაპურით.
თამუნას თითქოს 30 წლის ტვირთი ჩამოეხსნა მხრებიდან და ღიღინ-ღიღინით შევიდა სამზარეულოში...
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან