რომანი და დეტექტივი

სათადარიგო საყვარელი

№3

ავტორი: ნია დვალი 20:00 27.01, 2023 წელი

სათადარიგო საყვარელი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51-2 (1150)

გაახსენდა, როგორ ოცნებობდა ხოლმე დათოსთან ერთად მოგზაურობაზე და როგორ ელოდა, რომ ერთ დღესაც სიურპრიზად მიიღებდა თვითმფრინავის ბილეთებსა და სასტუმროს ჯავშანს, მაგრამ ეს ოცნებები ოცნებებად დარჩა. თამუნას კიდევ უფრო მოეღუშა სახე და პირი მაგრად მოკუმა.

- არ ვიტირებ! - თითქოს დაემუქრა თავის თავს და გაახსენდა, რომ ქალების დაავადებები სწორედ გამოუთქმელი ემოციების შედეგია.

დიახ, თამუნა თითქმის არ ტიროდა, გაბრაზებასაც კი არ გამოხატავდა ხოლმე და ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ არც ეტირებოდა და არც ბრაზდებოდა.

- მართლა რომ დავავადდე? - ახლა კი ცოტა შეფიქრიანდა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა: ტირილს ყველაფერი ჯობია და რომ იტირო, რა?! რა შეიცვლება. არაფერი, იმას გარდა, რომ თვალები დაგიწითლდება და დაგისივდება.

ვერც კი იგრძნო, როგორ შებინდდა და საათს დახედა: შვიდი ხდებოდა.

ბევრი არ უფიქრია, ლიკას სახლისკენ დაიძრა, თუმცა იცოდა, რომ ჯერ ლიკა მისული არ იქნებოდა, მაგრამ ლიზა დეიდას გარემოცვაში ყოფნა მოუნდა.

ქალბატონი ლიზა, ლიკას დედა ერთობ უცნაური ქალბატონი ბრძანდებოდა, თითქოს ლიკა არც უყვარდა, თუმცა მისი შვილი იყო. სულ აკრიტიკებდა, თითქმის ლანძღავდა ხოლმე, მისი არაფერი მოსწონდა და ერთგვარად ამრეზითაც უყურებდა, სამაგიეროდ, სხვებთან, სულ უცნობებთანაც კი ქალბატონი ლიზა სათნოების განსახიერება გახლდათ.

ლიკა საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას დედამისის უხასიათობას, თითქოს მისთვის სულერთი იყო, მაგრამ დედა გულით უყვარდა. მოკლედ, თამუნას მათი დედაშვილობის ფენომენი ვერ ამოეხსნა, იმიტომ რომ, თავად დედამისთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ორივე უყვარდა: ლიკაც და დეიდა ლიზაც. ამიტომ, ბევრი არ უფიქრია, ლიკას აღარ დაელოდა და დეიდა ლიზასკენ გაემართა:

- აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე და ამდენ ხანს ვიყურყუტე ქუჩაში?! - თამუნა თავის თავზე გაბრაზდა და ლიკას დაურეკა:

- მე შენთან ავალ და იქ დაგელოდები, - ლიკას, რა თქმა უნდა, გაუხარდა.

- მე ცოტა დამაგვიანდება, რაღაც თათბირი დაგვინიშნა, ისე იცოფება დილიდან, ყველა ცოცხლად შეჭამა. მგონი, დიდი დარტყმა მიაყენე შენ ამ კომპანიას, პროექტს ვერ ამთავრებენ, - ისე გახარებულმა ახარა ლიკამ ეს ამბავი მეგობარს, თითქოს თავად იმ კომპანიის თანამშრომელი არ ყოფილიყოს, საიდანაც თამუნა რამდენიმე საათის წინ უსარგებლო ჩვარივით მოისროლეს.

და თამუნას უცებ გაახსენდა, რომ პროექტი იყო დასამთავრებელი და ამას მის გარდა ვერავინ გააკეთებდა, ყოველ შემთხვევაში, იმ ვადებში, რა ვადაც ეწერა ხელშეკრულებაში და თამუნამ უცებ სიმსუბუქე იგრძნო.

დიახ, ასე ხდება ხოლმე, საკუთარი თავი კარგი, კეთილი ადამიანი გვგონია, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მისი, ვინც გვაწყენინა, ცუდი გვიხარია ხოლმე. თამუნას ეგო ცოტათი დამშვიდდა, თან, დეიდა ლიზასთან საუბრის პერსპექტივაც ძალიან მოსწონდა. მით უმეტეს, რომ ლიზას თამუნა ძალიან მოსწონდა, ზედმეტადაც კი და თავის შვილს მუდამ თამუნას ადარებდა.

- აი, ახლა კი განიხიბლება ჩემით, - დანანებით გაიფიქრა თამუნამ, მაგრამ ცდებოდა, ქალბატონი ლიზა საკუთარი შვილისადმი იყო კრიტიკულად განწყობილი, თორემ სხვებს, თან, ვინც უყვარდა, ძალიან თანაგრძნობითა და გაგებით ეკიდებოდა. თამუნა კი მისთვის ისეთ კვარცხლბეკზე იდგა, საიდანაც ასე იოლად ვერანაირი ამბავი ვერ ჩამოაგდებდა.

...

- ჩემი საყვარელი გოგო მოვიდა, - ქალბატონი ლიზა აბრეშუმის გრძელ ხალათში იყო გამოწყობილი, თმა საგულდაგულოდ ჰქონდა დავარცხნილ-დაყენებული, პომადაც ესვა და რუჯიც კი გადაჰკრავდა, თითქოს საზეიმო მიღებაზე აპირებდა წასვლას, ისე იყო მორთული.

თუმცა ეს დეიდა ლიზას ჩვეული მდგომარეობა იყო, მართალია, სახლიდან თითქმის არ გადიოდა, მაგრამ ყოველთვის მოვლილ-მოკაზმული დაიარებოდა თავისი ძველებური, მაგრამ კომფორტულად და გემოვნებით მოწყობილი ბინის ოთახიდან ოთახში.

და მხოლოდ იმ დღეს გაიაზრა თამუნამ, რომ დეიდა ლიზას ლიკა სწორედ თავისი სისადავით აღიზიანებდა: ლიკა სპორტულად იცვამდა და თმას მხოლოდ ივარცხნიდა, იმიტომ რომ, ჩვეულებისამებრ, ყოველთვის აწეულს ატარებდა.

თამუნა დეიდა ლიზას გადაეხვია და მაშინვე ტირილი აუტყდა. ლიზა შეშფოთდა:

- ხომ მშვიდობაა? რამე მოხდა, შვილი?

- მოხდა, - ამოისლუკუნა თამუნამ და ტყვიამფრქვევივით მიაყარა:

- არასდროს მოუყენებიათ ჩემთვის ასეთი შეურაცხყოფა და ასე არავის დავუმცირებივარ, - თამუნამ ისეთი ქვითინი ამოუშვა, რომ ლამის გული ამოაყოლა.

- ასე არ ივარგებს, მოდი, ხელები დაიბანე, სახეზე წყალი შეისხურე, ლავანდის ეთერზეთით დაგიზილავ საფეთქლებს და ყველაფერი მომიყევი, - ლიზამ თამუნა სააბაზანოში შეიყვანა და ვარდის ხელნაკეთი საპონი მიაწოდა:

- ჯერ დაყნოსე და მერე დაიბანე ხელები, თვალები წყლით ამოიბანე, მერე ამ რძით გაიწმინდე სახე და აი, ეს დამატენიანებელი წაისვი. მე ჩაის მოვადუღებ, გვირილის ან პიტნას, რომელი გესიამოვნება, ჩემო გოგო? - მზრუნველი ხმით ჰკითხა თამუნას.

- რამე ძლიერი მირჩევნია, - გულწრფელად უთხრა თამუნამ.

- კარგი, ჯერ პიტნის ჩაი დავლიოთ და ამასობაში მე გლინტვეინს მოვამზადებ, თბილ-თბილი მივირთვათ, ჩავსხდეთ სავარძლებში, ბუხარსაც ავანთებ და ყველაფერი მომიყევი. ქალისთვის აუცილებელია, ბოლომდე გამოთქვას თავისი დარდი და დამთავრდა, თითქოს არაფერი მომხდარა, ის თავი დაიხურება, ახალი კი დაიწყება, - ლიზამ თამუნას ლოყაზე მოუთათუნა ხელი:

- გინდა, დავრჩე?

- არა, დეიდა ლიზა, მოვწესრიგდები და გამოვალ.

თამუნას ესიამოვნა ვარდის სურნელი და დამატენიანებელი კრემის შეხებაც. გრილმა წყალმა თითქოს მოაცოცხლა.

სააბაზანოში ლიზამ შემოყო თავი: შხაპი მიიღე თუ გინდა, მარილსა და სოდას მოგიტან და გაატანე ყველანაირი ნეგატივი, ხალათსაც მოგართმევ და ამასობაში გლინტვეინიც მზად იქნება, - და ისე, რომ თამუნას პასუხს არ დალოდებია, შემოუტანა სააბაზანოს თეთრი, ქუნქულა ხალათი, ჩუსტები და პირსახოცი.

თამუნამ მადლიერებით შეხედა და არაფერი უპასუხია.

- რომ ჩამოიბან ტანს, აი, ეს მარილისა და სოდის ნაზავი წაისვი მთელ სხეულზე, ცოტა ხანს გაიჩერე და ჩამოიბანე, შეეცადე, არ შეიმშრალო, თავისით შეგაშრეს და შემდეგ აი, იმ თეთრ, ყვითელთავსახურიან ბოთლში რომ ლოსიონია, წაისვი, მე მანამდე ყველაფერს მოვამზადებ. და ჩემი ბედოვლათი შვილი სად არის? რატომ აგვიანებს. ხომ არ იცი?

- თათბირი აქვთ, ცოტა შემაგვიანდებაო.

თამუნას არ დაუნახავს, მაგრამ იგრძნო, როგორ გადააქნია თავი დეიდა ლიზამ. სააბაზანოს კარი მიიხურა.

ნახევარ საათში თამუნა სააბაზანოდან გამოვიდა, დეიდა ლიზას მისაღებ ოთახში ბუხარიც აენთო და მომცრო ტაბლიდან ჩაი პიტნის სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა, რომელსაც გლინტვაინის ოდნავ მოტკბო სურნელიც ერეოდა. თეფშებზე ეწყო ხილი და ტკბილეული.

- ჩაით დავიწყოთ? - გამომცდელად ჰკითხა ლიზამ: მგონი, ჩაით აჯობებს.

დეიდა ლიზა კითხვებს ისე სვამდა, თითქოს თავისუფალ არჩევანს გიტოვებდა, მაგრამ ბოლოს მტკიცებითი ფორმით დააყოლებდა იმას, რაც უნდა გაგეკეთებინა. თამუნას გაეღიმა და ხელი ჩაის ჭიქისკენ წაიღო.

ლიზას სახეზე კმაყოფილება გამოეხატა.

თამუნამ ჩაი ნება-ნება დალია და ზუსტად 3 წუთში ჩაატია თავისი ცხოვრების სამი წელი. თვითონაც გაუკვირდა, როგორ. არაფერი დაუმალავს, მშრალად მოყვა, თითქოს პოლიციაში იყო გამოკითხვაზე. ლიზას არც ერთხელ არ შეუწყვეტინებია. როდესაც თამუნამ დაამთავრა, გაკვირვებულმა ჰკითხა:

- სულ ესაა?

თამუნას უფრო მეტად გაუკვირდა დეიდა ლიზას ეს შეკითხვა და თუმცა არაფერი უთქვამს, გაოცებულმა შეხედა.

- ძალიანაც კარგი, ჯობია, სამ წელიწადში მიხვდე, ვიდრე ისეთ დროს აღმოაჩინო, რომ ცხოვრება გაფლანგე, როდესაც ვეღარაფერს შეცვლი, - დეიდა ლიზამ ამოიოხრა და თამუნამ მას პირველად შეამჩნია სევდა.

- ჩვენ არ ვიცით, რა ჯობია. ეს ცოდნა მას შემდეგ მოდის, როდესაც შორიდან უყურებ საკუთარ თავს, მაგრამ მაშინ, იქ, იმ დროს ისე იქცევი, როგორც შეგიძლია და როგორც ხედავ. მე არ ვიცი, ან ეს შეცდომები რისთვისაა ან შემდეგ იმის ცოდნა, თურმე როგორ უნდა მოქცეულიყავი, მაგრამ ვეღარ მოიქცევი. ნებისმიერ შემთხვევაში, გაგიმართლა, მაინც მალე მიხვდი, ესე იგი, ღმერთს ჰყვარებიხარ. აბა, გასინჯე ჩემი გლინტვაინი, ახლებური რეცეპტით მოვამზადე.

თამუნამ ოდნავ მოწრუპა და თბილი სასმლისგან მოგვრილმა ჟრუანტელმა სასიამოვნოდ დაუარა სხეულში, ლიზამაც ჯერ მოსვა, შემდეგ კი ნახევარი ჭიქა უცებ გამოცალა.

- შენ გგონია, მე ვარ უშეცდომო ან მე ვიცხოვრე ისე, როგორც ეს გარედან ჩანს? - ლიზა სავარძელზე გადაწვა: არა, ეს ანტურაჟია, ამით ვერთობი, ვითომ ვხალისობ. ვითომ რამეს ვაკეთებ...

თამუნას გაუკვირდა, იმიტომ რომ, დეიდა ლიზა არასდროს ჰყვებოდა თავის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან გახსნილი იყო, გულღია, მსუბუქი, ყველაფერზე ლაპარაკობდა, მაგრამ თამუნა მიხვდა, ამ ქალზე არაფერი იცოდა, იმას გარდა, რომ სახლში მორთულ-მოკაზმული დაიარებოდა და თავის შვილს აკრიტიკებდა.

- და ახლა რა უნდა ვქნა, დეიდა ლიზა? - ჰკითხა თამუნამ.

- რა უნდა ქნა და ჯერ ეკლესიაში უნდა წახვიდე და სანთელი დაანთო, რომ მოგშორდა უვარგისი კაცი ან იქნებ ვარგისიანიც, მაგრამ შენთვის არა... არა, მაინც უვარგისი, ყველა უვარგისია, ვინც ქალს ატყუებს, ეს კი აგერ ორ ქალს ატყუებდა. მასაც უნდა გაუგო, სხვანაირად არ შეუძლია, როგორიცაა, ისეთია. უპასუხისმგებლო და მარადი ბავშვი, როგორც, პრინციპში, კაცების უმეტესობა. კიდევ კარგი, ბიჭი არ მყავს, უდიდესი ალბათობით, ისიც მსგავსი დეგენერატი გამოვიდოდა, - ლიზამ გაიცინა, ჭიქა ბოლომდე დაცალა და განაგრძო:

- მერე უნდა ჩაიხედო სარკეში და შენს თავს ჰკითხო, რა გინდა, რას იმსახურებ და ძალიან თამამი იყავი მოთხოვნებში. იმიტომ რომ ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც იქაა დაწერილი, - დეიდა ლიზამ ხელი თეატრალურად გაიშვირა უფრო გვერდზე, ვიდრე ზემოთ და განაგრძო:

- მაგრამ ჩვენც შეგვიძლია რაღაც-რაღაცები. მაგალითად, როდესაც ცხოვრების გზაჯვარედინზე დგახარ და ასეთია ყველა გადაწყვეტილება, როდესაც რაღაცას ვირჩევთ: თუნდაც, ორიდან ერთ-ერთ სუნამოს, ეს ცვლის ცხოვრების ხაზს, ის ხომ ყოველ ჯერზე ჩვენი არჩევანით კორექტირდება?!

- მაგრამ რაღაცები ისეც ხომ ეწყობა, რომ სხვანაირ არჩევანს ვერ გააკეთებ? - გააწყვეტინა თამუნამ.

- რა თქმა უნდა. მთავარი ხაზი უცვლელია, იმიტომ რომ, ყველა გზა, ყველა გადახვევა მაინც ფინიშამდე მიდის და ის ფინიში წინასწარაა დადგენილი. მე ასე მჯერა, სინამდვილეში როგორაა, არ ვიცი და, ალბათ, არც არავინ იცის. მაგრამ იმ ფინიშამდე ერთადაც შეიძლება მისვლა, მაგრამ ამისთვის ორივემ თქვენ თქვენს გზაჯვარედინებზე სწორი ბილიკი უნდა აირჩიოთ, - დეიდა ლიზას ხმა გაებზარა და თამუნას ძალიან მოუნდა, გაეგო, რას მალავდა ეს, გარეგნულად, გულცივი ქალი.

როგორც ჩანს, თამუნას თავისი ფიქრი სახეზე გამოეხატა და ლიზას გაეცინა.

თამუნა უხერხულად შეიშმუშნა: უტაქტოდ გამომივიდა.

- არაფერი გამოგსვლია უტაქტოდ, შენ ხომ არაფერი გითქვამს? ადამიანს კი შეუძლია, გაიფიქროს ის, რაც გაუხარდება. დაგისხა? - და თამუნამ ახლაღა შენიშნა, რომ ჭიქა გამოეცალა. თავი დაუქნია და ჭიქა გაუწოდა.

თამუნას სასმელი მოეკიდა, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებოდა, ლიზა იტანდა კარგად სასმელს, თუ უბრალოდ თამუნა ვერ არჩევდა, მასპინძელი ფხიზელი იყო თუ მასავით დაბანგული?!

- სულ მაინტერესებდა, რატომ ხართ მარტო? - თავისდა მოულოდნელადაც ჰკითხა თამუნამ და მაშინვე გაჩუმდა.

დეიდა ლიზას გაეცინა:

- ასე გამოვიდა.

- არ მჯერა, - თავი გააქნია თამუნამ.

- არც მე, მაგრამ ასე გამოვიდა...

...

- ჩემსა და ლიკას შორის რთული პერიოდი მაშინ დაიწყო, როდესაც სკოლა დაამთავრა. არ იყო მტყუანი ლიკა, იმიტომ რომ, ახლა რომ ვხვდები, არ ვაძლევდი საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებას. დედაჩემმაც მოინდომა, რომ მე და ლიკა გავუცხოებულიყავით. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, მისიც მესმის, უნდოდა, დაემტკიცებინა, რომ თვითონ იყო საუკეთესო დედა და ბებია და ამიტომ ისე დახლართა, რომ მეც მმართავდა და ლიკასაც. ერთმანეთთან გვაჩხუბებდა, მერე გვარიგებდა და ამით სიტუაციას აკონტროლებდა, ლიდერობას ინარჩუნებდა. ამას გვიან მივხვდი, როდესაც უკვე აღარ იყო ამქვეყნად. მაგრამ არ ვბრაზდები, მას ასე ესმოდა, ასე ასწავლეს.

თამუნა მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში და გაინაბა: ხვდებოდა, რომ ძალიან საინტერესო მოგზაურობა ელოდა დეიდა ლიზას გულის ლაბირინთებში. და მხოლოდ ახლა ეჩვენა „დეიდა“ უადგილოდ ლიზას გვერდით.

- აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე? - გაიფიქრა თამუნამ, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.

- ლიკას ძალიან უყვარხართ, - თამუნამ ლიზას გაუღიმა.

- არ მგონია, რომ ძალიან, - ღიმილი დაუბრუნა ლიზამ: მე, მაგალითად, არ მიყვარს დედაჩემი და, ბუნებრივია, არც ლიკას ვეყვარები, სამყაროს უყვარს ბუმერანგი და ეს სამართლიანიცაა.

თუ სამართლიანია, შეიყვარეთ დედათქვენი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი