რომანი და დეტექტივი

სათადარიგო საყვარელი

№2

ავტორი: ნია დვალი 20:00 20.01, 2023 წელი

სათადარიგო საყვარელი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51-1 (1149)

- არც კი დამემშვიდობა ადამიანურად, ქუჩის ძაღლივით გამომაგდო, - თამუნას პირი გაუშრა და უკვირდა, რატომ აღარ ეტირებოდა. უცნაური ის იყო, რომ ვერც გაბოროტებას გრძნობდა და ვერც გაბრაზებას. მხოლოდ შეურაცხყოფილი იყო, როგორც ქალი, როგორც ადამიანი...

დედა მოენატრა: რამდენი ხანია, გორში არ ჩავსულვარ, რომ მის საფლავზე მივსულიყავი... - დედის გახსენებაზე თვალები დაენამა.

უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა. პირველი აზრი, სანამ ეკრანს დახედავდა, ის გაუჩნდა, დათო იქნებაო, მაგრამ უცნობი ნომერი აღმოჩნდა და თავის თავზე გაბრაზდა: ეს როგორ ვიფიქრე, რომ დათო იქნებოდა.

არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა, მაგრამ ტელეფონს მაინც უპასუხა, რომ ფიქრი სხვა რამეზე გადაეტანა.

- თამარ აბუსერიძე ხართ? - იკითხა მამაკაცის ხმამ.

- დიახ, ვინ ბრძანდებით?

- მე თქვენ არ მიცნობთ. კარგა ხანია, გეძებთ. მამათქვენი გარდაიცვალა.

- როდის? - გულგრილად იკითხა თამუნამ.

- ორი თვის წინ.

- ვწუხვარ, - ისევ გულგრილად თქვა თამუნამ.

- იქნებ ჩამოსულიყავით, სახლი უპატრონოდაა...

- საქმეები მაქვს, არ მცალია, ვერ ჩამოვალ, თუ ყველაფერი მითხარით, დაგემშვიდობებით, - მშრალად უთხრა უცნობ და უხილავ თანამოსაუბრეს თამუნამ.

- დიახ, სულ ეს იყო, ნახვამდის, - და უცნობმა მამაკაცმა ტელეფონი გათიშა.

რაც დედა მოუკვდა, მამამისი ერთხელ ნახა, საავადმყოფოში და მას შემდეგ არც უნახავს. ნათესავებს აუკრძალა მასთან მამამისზე ლაპარაკიც კი და ყველასთან გაწყვიტა ურთიერთობა, ვინც კი რამის თქმა დააპირა. თამუნა დედის სიკვდილში მამამისს ადანაშაულებდა. დარწმუნებული იყო, რომ დედა მამამისის ღალატის გამო დაავადდა და გარდაიცვალა.

ამას მაშინვე არ მიმხვდარა. მამამისმა დაიჟინა, რომ ცოლი გორში დაეკრძალათ და თვითონაც იქ გადავიდა საცხოვრებლად. მოზრდილი ეზო ჰქონდათ და კარგად გაწყობილი სახლიც ედგათ. თამუნას წინააღმდეგობა არ გუწევია, ვინაიდან ეგონა, რომ მის მშობლებს ერთმანეთი უყვარდათ და მამამისიც ეცოდებოდა, მარტო რომ დარჩა, ამიტომ წინააღმდეგობა არ გაუწევია.

დედის გარდაცვალებიდან მალევე მამამისს გულის შეტევა მოუვიდა, თამუნა ახლა უკვე დარწმუნებული იყო, იმის გამო, რომ სინდისმა შეაწუხა და თამუნაც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა გორში. პალატაში რომ შევიდა, ის ქალი დაინახა, ვისზეც ეჭვი ჰქონდა და მაშინვე უკან გამოტრიალდა. მას შემდეგ მამამისი არც უნახავს და არც მისი ამბავი უკითხავს.

- ახლა შეხვდებიან ერთმანეთს და გაარკვევენ ყველაფერს, - იქედნურად გაიფიქრა და შერცხვა იმ შეგრძნების, რომ მამამისის გარდაცვალება არ ეწყინა.

წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ექნა, სად წასულიყო. სახლში მისვლა არ უნდოდა, არც არავის დანახვა. თავზარდაცემული იყო, იმას გარდა, რომ შეურაცხყოფილიც და საკუთარ თავზე გაეცინა, გუშინ იმ მენტორ კაცს რომ დასცინოდა გულში და დარწმუნებული იყო მის შარლატანობასა და უცოდინარობაში.

სხვების აზრი იმდენად არ აღელვებდა, რამდენადაც საკუთარი თავის რცხვენოდა, როგორ მოახერხა, რომ თავი ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო. უკვე საკუთარ გონიერებაშიც ეპარებოდა ეჭვი, როგორ ვერ ამოიცნო ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში და როგორ გააბითურებინა თავი?! უცნაური ის იყო, რომ დათოზე იმდენად არ იყო გაბრაზებული, რადგან დათო უბრალოდ იყენებდა და იმიტომ იყენებდა, რომ თამუნამ მისცა მას ამის ნება.

შეიძლება, იყენებდა ზედმეტად ხმამაღლა იყო ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, დათო ატყუებდა, თამუნა კი თავს იტყუებდა. არადა გულწრფელად სჯეროდა, რომ დათო უბედური იყო თავის ცოლთან და ერთი სული ჰქონდა, მისგან თამუნასთან გამოქცეულიყო, მხოლოდ ქალიშვილი აკავებდა.

თამუნას ისევ გაეცინა, იმიტომ რომ, საკუთარი ფიქრები გაახსენდა, დათო არასდროს გაუკიცხავს იმის გამო, რომ შვილს ვერ ტოვებდა. თამუნას სჯეროდა, რომ არც თავად მიაყენებდა თავის შვილს ტკივილს, რა თქმა უნდა, რომ ჰყოლოდა.

უამრავი ფიქრი აეშალა და გული დაუმძიმდა. იჯდა მანქანაში და ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს უყურებდა: ძირითადად, მოღუშული სახეები ჰქონდათ, თითქოს მსოფლიო სევდას დაატარებდნენ მხრებით და ვერ ერეოდნენ. თვალიერებით ისე გაერთო, რომ საკუთარი დარდი დაავიწყდა. უფრო ზუსტად, მიხვდა, რომ თითოეული თავის წილ დარდს დაატარებდა და მხოლოდ საკუთარი დარდი მიაჩნდა ამ დედამიწაზე ყველაზე დიდად, მნიშვნელოვნად და გაუსაძლისად.

ტელეფონის ზარის ხმა არ ესიამოვნა. არავისთან არ უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ ეკრანს უნებლიეთ დახედა: ლიკა ურეკავდა.

- ნეტავ, იცის? - გაიფიქრა და გაახსენდა, როგორ ეჩიჩინებოდა ლიკა, თავი დაენებებინა დათოსთვის და როგორ სწყინდა ეს თამუნას. ლიკა ფრთხილად ეუბნებოდა ხოლმე საყვედურს, მაგრამ ზუსტად და მტკივნეულად ურტყამდა თამუნას სუსტ წერტილებში...

- შენ ხომ გესმის, რომ ორ წელიწადში მისი შვილი სკოლას დაამთავრებს, მერე უნდა ჩააბაროს, მერე სტუდენტი გახდება, მერე გათხოვდება, მერე შვილიშვილები ეყოლებათ. საერთო შვილიშვილები, თამუნა, - ლიკა ჯიქურ უყურებდა ხოლმე თვალებში: და შენ ამასობაში რამდენი წლის გახდები? შენ ვინ გეყოლება, როდესაც მათ შვილიშვილები ეყოლებათ?!

ამ მონოლოგის გამო მაშინ თამუნა ერთი კვირის განმავლობაში წესიერად არც კი მისალმებია ლიკას და ახლა უკვე ამის გამოც შერცხვა. შეიძლება სწორედ ამიტომაც ტელეფონს ისევე თავისდა უნებურად უპასუხა, როგორც მის ეკრანს დახედა რამდენიმე წამის წინ.

- რატომ დამიმალე, რომ ახალ სამსახურში გადახვედი? იცოდე, არ გაპატიებ, თუ ყველაფერს დაწვრილებით არ მომიყვები, დღეს ყველა შენზე ლაპარაკობდა სამსახურში, როგორი ნომერი ჩაუტარა დათოსო, - ლიკას იმდენად გულწრფელად გახარებული ხმა ჰქონდა, რომ თამუნა მიხვდა, ლიკამაც კი დაიჯერა, რომ თამუნა თავისი ნებით წავიდა სამსახურიდან, ლიკა კი განაგრძობდა:

- ისე, მართალი ხარ, არ უნდა გეთქვა, რასაც წინასწარ ამბობ, ის საქმე ყოველთვის ფერხდება ან არ გამოდის. რა მაგარია! იქნებ, და... - და ლიკამ უცებ შეცვალა საუბრის მიმართულება: იქნებ დავლიოთ ამ ამბის აღსანიშნავად?!

თამუნა დუმდა, ვერაფრით აიძულა თავი, ხმა ამოეღო და ლიკა მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც თავად ეგონა.

- ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა შეშფოთებულმა.

- მამაჩემი გარდაცვლილა, - უცებ გაახსენდა თამუნას.

- გისამძიმრებ. ნათელში იყოს. სად ხარ? ახლავე გამოვალ, - დაფაცურდა ლიკა.

- არა, მარტო მინდა ყოფნა, ხომ იცი, ურთიერთობა არ მქონდა და რაღაცებზე ვიფიქრო მინდა. თან, არ მინდა, რომ ჩემ გამო სამსახური გააცდინო, ისიც ეყოფათ, მე რომ წამოვედი, - თამუნა გაწითლდა ამდენი ტყუილის თქმისგან.

- კარგი, მაშინ სამსახურის შემდეგ გამოვალ, - შესთავაზა ლიკამ.

- მირჩევნია, მე გამოვიდე, - თამუნამ ეს, ასევე, თავისთვის მოულოდნელადვე თქვა.

- მშვენიერია, გამოდი. დღეს დედაჩემს სტუმრები ჰყავს. მისი დაქალი მოდის, ძალიან საინტერესო ქალია. მოგეწონება და ყურადღებასაც გადაიტან, - ლიკას ინტონაციაზე ეტყობოდა, რომ თამუნას სამსახურის ამბავი უფრო აინტერესებდა, მაგრამ თავს იკავებდა.

- შევთანხმდით, საღამომდე, - თამუნა ლიკას დაემშვიდობა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ დაიძვრენდა ან გაიმართლებდა თავს ამდენი ტყუილის შემდეგ, ან სად უნდა წასულიყო, სანამ სამუშაო დღე დაუმთავრდებოდა ლიკას.

და თამუნას უცებ გაახსენდა გუშინდელი ლექცია. აი, დღეს სიამოვნებით დაუსვამდა შეკითხვებს იმ უცნაურ მელოტ კაცს, მაგრამ ის, რაც გუშინ იყო, უკვე წარსულს ჩაჰბარდა.

- იქნებ ინდივიდუალურ სეანსებს ატარებს? - ამის გაფიქრებაზე გაეღიმა:

- და რა უნდა მოვუყვე, როგორ მომისროლეს სანაგვეზე და მომატყუეს? არა, ეს ისედაც ვიცი. არ მჭირდება ამის შეხსენება.

თამუნა ტვინს იჭყლეტდა, ცდილობდა, გაეგო, რატომ აღმოჩნდა იქ, სადაც აღმოჩნდა და როგორ დაუშვა, რომ ასე უპატივცემულოდ მოქცეოდნენ.

- ნეტავ, მართლა არ ვცემ საკუთარ თავს პატივს?! - რიტორიკულად დაუსვა კითხვა საკუთარ მეს და მაშინვე უპასუხა:

- როგორ არ ვცემ?! - და თითქოს დაწყნარდა. ახლა იმან შეაშფოთა, რა ეთქვა ლიკასთვის, ასე უტიფრად რომ მოატყუა.

- რა და სიმართლე, სიმართლე უნდა ვუთხრა. ახლა ვერ ვეტყოდი, გამორიცხულია და, საერთოდაც, ტელეფონით ასეთ ამბებს არავის ეუბნებიან, - დაიმშვიდა თავი.

ეუცნაურებოდა, რომ დათო ერთ წამში გაუუცხოვდა, თუმცა მანამდე სულ შფოთავდა, ერთ დღესაც რომ დავკარგო, რა მეშველებაო. ახლა დათოს დაკარგვა კი არ აწუხებდა, არამედ შეურაცხყოფის გრძნობა.

- ესე იგი, არ გყვარებია, - რატომღაც, მეორე პირში მოიხსენია საკუთარი თავი და იმწამსვე მიხვდა, რომ ისე უპასუხა თავისსავე შეკითხვას, როგორც ის მენტორი მამაკაცი უპასუხებდა, მისი აზრით.

- და თუ არ მყვარებია, მაშინ რა მინდოდა? ეცხოვრა თავის ცოლთან?! - ისევ რიტორიკულ კითხვებს მიუბრუნდა თამუნა და ვერც კი ხვდებოდა, იმდენად ძლიერი იყო შეურაცხყოფის გრძნობა, რომ ყველა დანარჩენი დაეჩრდილა და გაეცამტვერებინა. ამიტომ დათოს გამო უბრალოდ ვერ იდარდებდა და სწორიც იყო, ვინაიდან ეს განწყობა მოწმობდა, რომ თამუნას ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი თავი უყვარდა და ადარდებდა. როგორც კი საფრთხე შეექმნა, ყველა და ყველაფერი დაავიწყდა, დათოც კი, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, დღემდე, დარწმუნებული იყო, რომ უყვარდა. მაგრამ ჯერ თამუნამ ეს არ იცოდა. არც აინტერესებდა, იმდენად იყო მოცული თავისი შელახული პატივმოყვარეობის ამბოხით.

დრო თითქოს მიზოზინებდა. სახლში წასვლა არ უნდოდა, იმიტომ რომ, მაშინ ლიკასთან ვერ წავიდოდა, რადგან დაიძინებდა. ლიკასთან არწასვლა კი არ იქნებოდა, ლიკას არაფერი დაუშავებია და არ იმსახურებდა თამუნასგან ასეთ მოპყრობას. ისევ ადამიანების თვალიერებას შეუდგა და ცდილობდა, გამოეცნო, ვის რა პრობლემა ჰქონდა.

ყველას მოღუშული გამომეტყველება ჰქონდა, სადღაც ჩქარობდნენ და ისე იყურებოდნენ ირგვლივ, თითქოს მტრულ გარემოცვაში აღმოჩნდნენ.

- რატომ არ ენდობიან ადამიანები ერთმანეთს? - ჰკითხა თამუნამ თავის თავს და გაახსენდა, რომ თავად ბევრი არაფერი მოუგია ნდობით: ალბათ, ამიტომ, დაასკვნა და ისევ თვალიერება განაგრძო.

გადასასვლელზე მოხუცი ქალი გადადიოდა, ასაკისგან მოხრილი, თუმცა ფეხი არ ერეოდა.

- მარტო ცხოვრობს, - დაასკვნა თამუნამ და, რატომღაც, თვალწინ წარმოუდგა იმ მოხუცი ქალის სახლი, რომელშიც ციოდა და არეულობა, უსუფთაობა სუფევდა.

- ნეტავ, რაზე ფიქრობს ხოლმე, ღამით რომ მარტო რჩება? - დააინტერესა თამუნას და გაახსენდა სადღაც მოსმენილი: ადამიანები ისე გაერთნენ ამ წუთისოფლით, რომ 70 წელს გადაცილების შემდეგაც იმაზე შფოთავენ, რა ხდება პოლიტიკაში და სიცოცხლის მიწურულსაც კი, როდესაც გარდაუვალად იცი, რომ გარდაიცვლები, არ ფიქრობენ თავიანთ სულზე და იმაზე, სადაც აქედან მიდიან.

თამუნა, მართალია, მხოლოდ 30-ს და ისიც, ძალიან ცოტათი იყო გადაცილებული და გარდაცვალებაზე არ ფიქრობდა, მაგრამ სწორედ ამ მოხუცი ქალის თვალიერებისას მიხვდა, რომ არც მას უფიქრია არასდროს, როგორ იცხოვრებდა მომავალში, თუნდაც, ამ დედამიწაზე. თუმცა დარწმუნებული იყო, რომ დათო თავის ცოლს აუცილებლად გაეყრებოდა და თამუნაზე დაქორწინდებოდა. მეტიც, თამუნას, ასევე, სჯეროდა, რომ დათოს ოცნებაც ეს იყო - მაგრამ გუშინ საღამოს, იმ მელოტმა მენტორმა თამუნას სამომავლო გეგმები ქარშხალივით აურდაურია.

უარესიც, აღმოჩნდა, რომ დათო ატყუებდა და ცოლთანაც ეძინა და მასთანაც და, თურმე, თამუნა მათი ოჯახური კერიის ერთგული დარაჯიც ყოფილა.

ამის გაფიქრებაზე თამუნა ისე წამოჭარხლდა, რომ ლოყები აეწვა. ძალიან უნდოდა, დათო ეცემა, მაგრამ ამას საკუთარ თავს ვერ აკადრებდა.

- და სად დამიწუნებენ, რომ ვაკადრო? სამსახურში აღმადგენენ თუ აღარ მომატყუებენ?! - თამუნას მწარედ გაეცინა. უკვირდა, რატომ არ ტიროდა, იმდენად გამწარებული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ არ ტიროდა.

- ჯობდა, მომკვდარიყო, - გაიფიქრა და შერცხვა. მაგრამ შერცხვა თუ არა, ფაქტი ისევ ფაქტად დარჩა: მკვდარ დათოზე უფრო დაწყდებოდა გული, ვიდრე ასეთ ცოცხალზე.

- ესე იგი, თამუნას დათოსადმი ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება ჰქონია, როგორც დათოს თამუნასადმი, - თამუნამ ეს სიტყვები ისე ნათლად გაიგონა, ვერავინ დააჯერებდა, რომ იმ მელოტმა მენტორმა არ უთხრა და მანქანა გაუაზრებლად დაქოქა, უფრო იმის შესამოწმებლად, რომ არ ეძინა.

ნამდვილად არ ეძინა, თამუნამ არ იცოდა, რომ იმ ერთმა ლექციამაც კი მოახდინა უკვე მასზე ზემოქმედება, რადგან ხმამაღლა და გარედან გაიგო ის, რის თქმასაც საკუთარ თავს არიდებდა.

არადა, სინამდვილეში ჩვენ ხომ, ყველამ ვიცით, რა როგორაა, მაგრამ არ ვიმჩნევთ, იმიტომ რომ, შეჩვეული ჭირიც კომფორტის ზონაა, რომლის დატოვებაც ისევე რთულია, როგორც სასიამოვნო კომპანიის. თუმცა კომფორტის ზონიდან გასვლის გარეშე ერთ ადგილს ტკეპნი, მაგრამ თამუნამ მაშინ არც ეს იცოდა, იმიტომ რომ, თავისი ფიასკო მოსანელებელი ჰქონდა, ჯერჯერობით მისი ეგო ბობოქრობდა და მის დაცხრომას დრო სჭირდებოდა.

ისევ ხალხის თვალიერება განაგრძო. ახლა უკვე ტურისტები მოხვდნენ თვალში. ისინი საკმაოდ მხიარულად დააბიჯებდნენ ამჟამად, წელიწადის დროის გამო, არც თუ თბილ ქალაქში და თავს ბედნიერადაც გრძნობდნენ. თამუნას მათი შეშურდა და ძალიან მოუნდა სადმე წასვლა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი