რომანი და დეტექტივი

სათადარიგო საყვარელი

№52

ავტორი: ნია დვალი 20:00 06.01, 2023 წელი

სათადარიგო საყვარელი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #51 (1147)

გრილ წყალში კიდეც გამოფხიზლდა და კიდეც გამოცოცხლდა. უცებ გადაივლო, სახე გაიწმინდა, სახეზე დამატენიანებელი წაისვა, ტანზე - ბროწეულის ლოსიონი შეიზილა. თავისი ლურჯი აბრეშუმის ხალათი მოიცვა, ფეხები გაუყარა დაბალქუსლიან ფუმფულა სახლის ქოშებში, კმაყოფილებით შეავლო თვალი საკუთარ გამოსახულებას და აბაზანიდან ისეთი ამაყი გამომეტყველებით გამოვიდა, თითქოს ნახევარი სამყარო მის ფეხრთით ეყარა.

დათოს კი ამასობაში ყავა მოემზადებინა (ყავის აპარატი ერთ-ერთ დღესასწაულზე აჩუქა თამუნას) და თამუნას საყვარელი თურქული „ფახლავებიც“ დაეწყო დიდ თეფშზე. მათთვის ორივე მხრიდან უფრო მომცრო თეფშები მიეწყო, რომელთა გვერდით ყავის ფინჯნები იდგა. ყავის არომატი მთელ სახლში იფრქვეოდა. მაგიდაზე წითელი ვარდების დიდი თაიგულიც იდო.

თამუნამ უკმაყოფილო სახე მიიღო.

- ნამდვილი დედოფალი ხარ, ჩემი დედოფალი, - დათო თამუნასკენ გაიწია, მაგრამ თამუნამ ხელის მოძრაობით შეაჩერა.

- წუხელ ბევრი მომივიდა დალევა და თავი მტკივა, ჯერ ყავა.

- კარგი, - გაუღიმა დათომ და თვითონაც დაჯდა ეშმაკური ღიმილით: ეს მხოლოდ შესავალია, ახლა თვალები დახუჭე, ის უნდა გაჩუქო, რაზეც ამდენი ხანია, ოცნებობდი.

ამ სიტყვებზე თამუნას გული ისე შეუფრთხიალდა, ეგონა, სკამიდან ჩამოვარდებოდა, მაგრამ ასე არ მომხდარა. სკამზე იჯდა და ყავას აგემოვნებდა, თითქოს დათოს სიტყვები არც კი გაუგონიაო.

- დახუჭე თვალები, - შესთავაზა დათომ.

თამუნამ თვალები თავისდაუნებურად დახუჭა და თავში გაუელვა:

- ნამდვილად ბეჭედია, - ამის გაფიქრებაზე ქუთუთოები შეერხა.

- არ გაახილო, სანამ არ გეტყვი, - გააფრთხილა დათომ.

თამუნას ქუთუოები უფრო ძლიერად შეერხა, თითქოს თვალებს ბუდიდან ამოვარდნა უნდოდათ.

- ახლა გაახილე.

თამუნამ თვალები გაახილა და დაინახა საყურეები: ცისფერი ბრილიანტის, პლატინაში ჩასმული. მართლაც უზადო ნაკეთობა იყო, ბრილიანტები თითქოს სიცარიელეში ეკიდა და საცაა, ჩამოწყდებოდა.

თამუნას გული დაუმძიმდა, რაც სახეზეც შეეტყო.

- არ მოგეწონა? - იწყინა დათომ.

თამუნა უცებ გამოერკვა: როგორ არა, არაჩვეულებრივია. ულამაზესი. დიდი მადლობა.

- შენ უკეთესსაც იმსახურებ და ამაზე მეტსაც, - დათო დაიხარა და ტუჩებში აკოცა.

თამუნა გულდაწყვეტილი იყო, უფრო იმედგაცრუებული, მაგრამ საყურეები, მართლაც, მშვენიერი იყო და ლიკა გაახსენდა. საათის ისრები ათის ათ წუთს აჩვენებდა.

- ლიკა უნდა მოვიდეს ათის ნახევარზე, უნდა გამომიაროს, გუშინ ერთად აღვნიშნეთ, - თამუნას ენის წვერზე უტრიალებდა კითხვა, რატომ გააუქმა მაგიდა დათომ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა. არ უნდოდა იმიტომ, რომ გული კიდევ ერთხელ ეტკინებოდა.

- ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ. გილოცავ კიდევ ერთხელ და ყვავილებს მოუარე. მე გავიქეცი, - დათომ თამუნას თავზე აკოცა: კარს გავიხურავ, არ ადგე, ისიამოვნე.

თამუნა მიხვდა, დათო მასზე კი არ ზრუნავდა, არამედ არ უნდოდა, რომ ლიკას შეხვედროდა, ამიტომაც ჩქარობდა.

თამუნას ისევ გაუფუჭდა ხასიათი, მაგრამ საყურეებს დახედა და გაუღიმა. სარკესთან მივიდა, გაიკეთა, ხალათი გაიხადა და გაემზადა. ჩვეულად საქმიანად და ელეგანტურად გამოეწყო. კოსტიუმის ფერი საყურეს შეუხამა და ყვავილები გაახსენდა. ლარნაკში ჩადო და საძინებელში შეიტანა. მისმა ტელეფონმაც დაიწკრიალა: „ჩამობრძანდი, ქალბატონო, ეტლი გაახლეთ.“

- რა სასაცილო გოგოა, - ხმამაღლა გაიცინა თამუნამ. მანტო მოისხა და სახლიდან გავიდა. მაგიდა არც აულაგებია.

- ძალიან კმაყოფილები ვჩანვართ, რამე გამომრჩა? - ჰკითხა ლიკამ, როგორც ყოველთვის, ხალისიანად და პირველ პირსა და მრავლობით რიცხვში.

- არაფერი, კარგად მეძინა და თავს კარგად ვგრძნობ.

- ეს ახალია? - საყურეებზე ანიშნა ლიკამ.

- არა, ადრე არ გამიკეთებია.

- კარგი, დავიჯერე, ვითომ ადრე არ გაგიკეთებია. კარგი საყურეებია, გიხდება, - და ლიკამ ლაპარაკი დაიწყო. რაღაც სასაცილო ისტორიას ყვებოდა. თამუნა არ უსმენდა, მაგრამ ლიკას ხმაში იმდენი სიხალისე იყო, რომ ესეც კი ამხიარულებდა.

- შენ ადი, მე მანქანას დავაყენებ და ამოვალ, არ დამელოდო, - უთხრა თამუნამ ლიკას და კიბეებთან გაუჩერა.

- როგორი პატივია ჩვენი მთავარი, უმთავრესი არქიტექტორისგან, ჩვენი ბრილიანტისგან, - ლიკა მანქანიდან გადავიდა, უფრო გადახტა და სანამ კარს დახურავდა, თამუნას რევერანსით დაემშვიდობა:

- დროებით, მშვენიერო, - და კისკისით გაიქცა კიბეებისკენ.

თამუნას ლიკას სიცოცხლის სიყვარული და სილაღე ძალიან მოსწონდა, ალბათ, ლიკა ამ თვისების გამო უყვარდა გამორჩეულად: ლიკას შეეძლო, არაფრისგან შეექმნა საუკეთესო განწყობა და ყოფილიყო ბედნიერი.

თამუნამ თვალი გააყოლა კიბეზე ამავალ ლიკას, სახიდან ღიმილი არ მოშორებია. მანქანა დააყენა და შენობაში უკანა კარიდან შევიდა. თავისი ოთახის კარი შეღებული დახვდა და იქ მისთვის უცნობი ქალბატონი იჯდა.

- უკაცრავად? - მრავლისმეტყველად შეხედა უცნობს თამუნამ.

- თქვენ გელოდებით, - გაუღიმა ქალმა. კარგად მოვლილი იყო, თუმცა ასაკი, რატომღაც, ეტყობოდა, რით, ეს თამუნამ ვერ დაადგინა, ნაოჭები ბევრი არ ჰქონდა, კარგადაც ეცვა, - ძალიან კარგი, მყუდრო და კომფორტული კაბინეტი გქონიათ.

- ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? - ჰკითხა დაუპატიჟებელ სტუმარს.

- მე გიცნობთ, თქვენ - არა, უფრო გსმენიათ ჩემზე, - უცნობი ქალი უცნაურად იღიმებოდა, რაღაცნაირად ცერად.

თამუნა თავის სკამზე დაჯდა და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა.

- რას გეუბნებათ ჩემზე, რომ საშინელი, ანჩხლი და კაპასი ვარ? თუ როგორი სიტყვებით მამკობს? რომ არ ვეყრები და ჩემთან შვილის გამოა? - ქალი აღარ იღიმებოდა.

- ვერ ვხვდები, ვფიქრობ, რაღაც გეშლებათ, - თამუნა მართლაც ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ ეს ქალი უკვე ძალიან აღიზიანებდა.

- ეს საყურეები მან გაჩუქათ? ლამაზი საყურეებია, - და თამუნა მიხვდა, რომ მის წინ დათოს ცოლი იჯდა, რომელიც არ ჩუმდებოდა: ჩემს ქმარს ყოველთვის კარგი გემოვნება ჰქონდა, სამკაულებშიც და ქალებშიც. თუ თქვენ გგონიათ, რომ პირველი ხართ ან უკანასკნელი?

უცნაური ის იყო, რომ ქალი აღელვებული ჩანდა, მაგრამ ხმადაბლა ლაპარაკობდა. ამან თამუნას ძალა მისცა, ესე იგი, სკანდალის მოწყობას არ აპირებდა. და ეს უკვე კარგი იყო.

- მაინც ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობთ და ვისზე, - მშვიდად უპასუხა თამუნამ დათოს ცოლს.

- იმან ვერ შეგაჩერათ, რომ მომავალ წელს ჩვენი შვილი სკოლას ამთავრებს, მაგრამ მე ფეხმძიმედ ვარ. მე და დათოს კიდევ ერთი შვილი გვეყოლება და უნდა მიხვდეთ, რომ სათქვენო ადგილი აღარ დარჩა. საკუთარი ნებით წახვალთ სამსახურიდან და დათოს აღარადროს აღარ ნახავთ. თუ დათოს ეტყვით, რომ შეგხვდით, ვერასდროს ვერსად დაიწყებთ სამსახურს. ამის გარანტიას გაძლევთ. იმედი მაქვს, ერთმანეთს გავუგეთ.

ქალი ისევე დაუმშვიდობებლად გავიდა თამუნას ოთახიდან, როგორ დაუპატიჟებლადაც შევიდა.

თამუნა ადგა და დირექტორის კაბინეტისკენ გაემართა.

- აქ არის? - ჰკითხა მდივანს. მდივანმა თავი დაუქნია.

- სცალია?

- თქვენთვის ყოველთვის, ხომ იცით? - მდივანმა თვალები შეფის კარს მიაპყრო.

თამუნა შევიდა. დათო წამოდგა და ხელებგაშლილი შეეგება:

- როგორ გიხდება ეს საყურეები, თითქოს შენთვის შექმნეს.

- აქ არა, გთხოვ, - გააპროტესტა თამუნამ.

- მართლა ელოდები ბავშვს? - ჰკითხა, როგორც კი მისი თვალები მოძებნა.

- მე? ვისგან? - ახარხარდა დათო.

- შენი ცოლი იყო მოსული.

- ნინო? გამორიცხულია, - დათომ თამუნასთვის წელზე ხელების მოხვევა დააპირა.

- მოვიდა, ჩემს ოთახში დამხვდა, დამემუქრა, თუ არ წახვალ სამსახურიდან და დათოს რამეს ეტყვი, ვერასდროს იშოვი სამსახურს და ჩვენ ბავშვს ველოდებითო... აბა, ცალ-ცალკე გვძინავსო?

- გავარკვევ ყველაფერს. რა ბავშვს?! შენ გითხრა და მე არ მეტყოდა? - დათომ ისე გულღიად გაუცინა, რომ თამუნამ დაუჯერა და თავი მკერდზე მიაყრდნო.

- როგორი ჭკვიანი ხარ და სინამდვილეში, ძალიან შტერი, მიყვარხარ, - დათომ თამუნას აკოცა.

თამუნა, რატომღაც აღელდა და გაწითლდა. დათო უფრო გამხიარულდა და ლოყებზე აკოცა.

- წავალ, ბევრი საქმე მაქვს. დღეს საღამოს მოხვალ? - ჰკითხა თამუნამ.

- დღეს ვერა, იმიტომ რომ, რაც მითხარი, ის უნდა გავარკვიო.

თამუნამ თავი დაუკრა და გაუღიმა.

თუმცა დათოს ცოლის ვიზიტი არ მოეწონა, ერთგვარად გაუხარდა კიდეც, იმიტომ რომ, იმედი მიეცა: თუ ყველაფერი იცის და დათო დამპირდა, გავარკვევო, უკეთესიცაა, რომ მოვიდა და დამემუქრა. არავის აქვს უფლება, უკარნახოს მეორე ადამიანს, ვინც უნდა იყოს ის, როგორ მოიქცეს, - არწმუნებდა თამუნა თავის თავს. შემდეგ ფიქრები მიყარ-მოყარა და მუშაობას შეუდგა.

შვიდს ხუთი წუთი აკლდა, ლიკამ რომ დაურეკა: აბა, რას შვრები? მიდიხარ?

- სად? - გაუკვირდა თამუნას.

- როგორ თუ სად?! - შეიცხადა ლიკამ, - ლექციაზე.

და თამუნას გაახსენდა ლიკას საჩუქარი. წასვლას არ აპირებდა, მაგრამ არც სახლში მისვლა უნდოდა და იმაზე ფიქრი, რას გაარკვევდა დათო თავის, თამუნას აზრით, აბეზარ ცოლთან. ამ პერსპექტივას ლექციაზე წასვლა კი არადა, ჯომოლუნგმაზე ასვლა ჯობდა, ამიტომ თამუნამ დაუფიქრებლად უპასუხა:

- რა თქმა უნდა, მივდივარ, - და ამასობაში ვაუჩერსაც დახედა, რომელზეც ლამაზი ასოებით ეწერა, რომ ლექცია საღამოს რვა საათზე იწყებოდა სასტუმროში, რომლის სახელიც თამუნამ პირველად გაიგო, მაგრამ მისამართიც იყო მითითებული.

- ძალიანაც კარგი, მომიყევი, როგორ მოგეწონება, - სთხოვა ლიკამ.

- აუცილებლად, გკოცნი. მანამდე სახლში მისვლას ვერ მოვასწრებ, ამიტომ სადმე წავიხემსებ.

- წამოგყვე? - შესთავაზა ლიკამ, მაგრამ მაშინვე გადათქვა: დედაჩემთან მოდიან მისი კლასელები და გადაირევა, თუ მეც არ ვიქენი სახლში. აბა, წარმატებები!

თამუნას სხვა გზა არ ჰქონდა, სამსახურის ახლოს კაფეში შეიარა და ცოტა დანაყრდა. გაუკვირდა, რომ დათომ არც ერთხელ არ დაურეკა და არ მოიკითხა.

- როგორ მიხვდა, რომ ეს საყურეები დათომ მაჩუქა? - ახლაღა დაუსვა ეს შეკითხვა თავის თავს. პასუხის რამდენიმე ვერსია ჰქონდა, მაგრამ ყველაზე დამაჯერებლად ის ვერსია ეჩვენებოდა, რომ ასეთივე საყურეები მის ცოლსაც ჰქონდა. ოღონდ ამ ვერსიას ისე იშორებდა, თითქოს თავის თავსაც უმალავდა.

- არა, გამორიცხულია, - თქვა ხმამაღლა და უნებლიეთ გარშემო მსხდომთა ყურადღებაც მიიპყრო. საათს დახედა, რვას აკლდა ოცი წუთი, ამიტომ აჩქარდა.

***

- აი, დაგვიანებული სტუმარიც შემოგვიერთდა, - მოესმა თამუნას მამაკაცის არცთუ სასიამოვნო, როყიო ხმა და პროჟექტორმაც მიანათა, თუმცა დარბაზში ფეხაკრეფით შევიდა. თამუნა დაიბნა. მეორე პროჟექტორი ანათებდა მამაკაცს, რომელიც ოდნავ შემაღლებულ სცენაზე იჯდა.

თვალები რომ დაუწყნარდა, თამუნამ მამაკაცი დაათვალიერა: არა მხოლოდ ხმა, არც მისი გარეგნობა მოეწონა, მელოტი იყო, ოდნავ ასიმეტრიული სახის ნაკვთებით, არასპორტული აღნაგობის.

„ამან რა უნდა მასწავლოს?“ - გაიფიქრა და ის-ის იყო, უნდა მიტრიალებულიყო და დარბაზი დაეტოვებინა, რომ ზემოაღწერილი მამაკაცის ხმამ შეაჩერა.

- თქვენ რა პრობლემა გაქვთ? დიახ, თქვენ, ასე საქმიანად გამოწყობილს რა პრობლემა გაქვთ?

თამუნა დაიბნა და ენის ბორძიკით დაიწყო: მე... არაფერი... მეგობარმა მაჩუქა ვაუჩერი...

- კარგი მეგობარი გყოლიათ. ესე იგი, იცის, რომ პრობლემა გაქვთ. ვერ თხოვდებით თუ შესაფერისი მამაკაცი ვერ იპოვეთ ჯერ, ან იქნებ ქმარმა გიღალატათ, ან ცოლიანი საყვარელი გყავთ?

თამუნამ თვალის ერთი შევლებით შეამჩნია, რომ დარბაზში მხოლოდ ქალები ისხდნენ და ყველას წყვილ-წყვილი თვალი მასზე იყო მიბჯენილი. ამან სითამამე დაუბრუნა.

- მოვედი, რომ გავარკვიო, მაქვს თუ არა პრობლემა, - გაიღიმა და თავისუფალ ადგილზე დაჯდა.

- ძალიან კარგი, - წარმოთქვა სცენაზე მჯდომმა მამაკაცმა: რადგან ისევ არავის გინდათ, მოგვიყვეთ თქვენი პრობლემების შესახებ, თუმცა აქ მოხვედით, რაც ნიშნავს, რომ პრობლემები გაქვთ. წავიკითხოთ წერილები, რომლებსაც მწერენ აი, თქვენნაირი ქალები. ვნახოთ, მათ რა პრობლემები აქვთ და ემთხვევა თუ არა თქვენსას.

„შარლატანი“, - გაიფიქრა თამუნამ, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ის წერილები, რომელთა წაკითხვასაც ლექტორი, მენტორი თუ ქოუჩი აპირებდა, მისივე დაწერილი იყო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი