რომანი და დეტექტივი

სათადარიგო საყვარელი

№51

ავტორი: ნია დვალი 20:00 30.12, 2022 წელი

ნია დვალი
დაკოპირებულია

უხალისოდ უპასუხა ტელეფონს, იმიტომ რომ ეჩქარებოდა. დირექტორის მოადგილე ურეკავდა:

- მოხდა რამე, ქალბატონო ნანა? - გაღიზიანებული ინტონაციის დაფარვა არც კი უცდია.

- 5 წუთის საქმე მაქვს, შენი აზრი მაინტერესებს, გელოდები. მანამდე შენს ოთახში შეიარე და ბოლო პროექტი შემოიყოლე, - ქალბატონმა ნანამ, პასუხს არც დალოდებია, ტელეფონი გათიშა.

სხვა გზა არ იყო, ლიფტში შებრუნდა და თითი ღილაკს დააჭირა, რომელსაც სამიანი ეწერა. უკმაყოფილო სახით შეაღო ოთახი, უფრო ზუსტად, ლამის კარი ჩამოიღო.

- რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ, დღეს თამუნას დაბადების დღეა, - აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ თავზე ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა პატარ-პატარა ფურცლები დაეყარა. ყველაზე მეტად ლიკა აქტიურობდა, თამუნას მეგობარი და თამუნასაც გაეღიმა, თუმცა ნაძალადევად, რაკი მიხვდა, რომ 5 წუთში ეს ამბავი ვერ მომთავრდებოდა.

ნახევარ საათს მაინც შეყოვნდა, სანამ ყველამ ადღეგრძელა და ამის შემდეგ, როგორც იქნა, დირექტორის მოადგილემ მოიბოდიშა და წავიდა. თანამშრომლები ილხენდნენ და თამუნას ვერც ამჩნევდნენ, ამიტომ დრო იხელთა და კარისკენ შეუმჩნევლად წავიდა. ის-ის იყო, კარი უნდა გაეღო, რომ ლიკას ხმა წამოეწია: იუბილარს ვთხოვოთ, გაჭრას ტორტი.

თამუნამ ლიკას გულში საკმაოდ უხამსად შეუკურთხა, სახეზე ღიმილი გადაიფინა და მიტრიალდა:

- ახლავე, - ტორტი გაჭრა და ლიკას გადაუჩურჩულა: ხომ იცი, რომ მაგვიანდება, სპეციალურად მიფუჭებ დღეს?

ლიკამ გაოცებული სახე მიიღო და ჩურჩულითვე დაუბრუნა პასუხი: გაჭერი და მოტყდი, ამათ მე შევიქცევ.

თამუნამ ტორტი გაჭრა, პირველი ნაჭერი ლიკამ მას გადაუღო და გადაუჩურჩულა: - ახლა წადი, ვერავინ შეამჩნევს, რომ არ ხარ.

თამუნა გვერდზე გაიწია, რადგან ტორტის გაჭრა ლიკამ განაგრძო და ოთახიდან მშვიდად გავიდა. საათს ნერვიულად დახედა: თუ საცობები არ იქნა, არ დავიგვიანებ, - და მანქანაში ჩაჯდა.

გაუმართლა და მართლაც, დროზე მივიდა. მანტო ჩამოართვეს და თამუნა დარბაზში შევიდა. თვალებით ადმინისტრატორი მოძებნა და მისკენ გაემართა: მაგიდა უნდა იყოს შეკვეთილიო და თამუნამ გვარი დაასახელა.

ადმინისტრატორმა გოგონამ მაშინვე უპასუხა: შეკვეთა გააუქმეს ნახევარი საათის წინ.

- როგორ? დარწმუნებული ხართ? - თამუნა ყურებს არ უჯერებდა.

- რა თქმა უნდა, - უხერხულად გაუღიმა ადმინისტრატორმა: ქალბატონი თამუნა ბრძანდებით?

- დიახ, - თამუნას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა, ვიდრე თვალი გაესწორებინა მის წინ მდგარი ახალგაზრდა ქალისთვის. აზრებმა წამის მეათასედში გაურბინა თავში: რამე რომ მოსვლოდა, მაგიდას ვერ გააუქმებდა, ესე იგი, ცოცხალია.

შექმნილი სიტუაციის უხერხულობას ადმინისტრატორიც მიხვდა და ვითომც არაფერი მომხდარაო, თამუნას უთხრა:

- შემოგთავაზებთ ძალიან მყუდრო ადგილს, თუ ისურვებთ, ტერასაზე, სასიამოვნო ხედია, თბება. ჩვენს საფირმო დესერტსაც მოგართმევთ და ძალიან კარგ წითელ ღვინოს. სიმართლე გითხრათ, მე მარტო მიყვარს ხოლმე ტერასაზე ჯდომა.

თამუნამ თავი დაუქნია და გაუღიმა. ახალგაზრდა ქალი თავად გაუძღვა თამუნას მაგიდისკენ.

- იქნებ რამე შეემთხვა და შეკვეთა იმიტომ გააუქმა?! ცოცხლია, მაგრამ რამე შეემთხვა? - თამუნამ ტელეფონი ამოიღო და სწრაფი აკრეფის „ერთიან“ ღილაკს დააჭირა.

ტელეფონს მალევე უპასუხეს: საყვარელო, ვერაფრით დაგირეკე, ისეთ ამბავში მოვხვდი.

თამუნას თავში გაუელვა: მაგიდის გაუქმება ხომ მოასწრო?!

- რა ამბავში? - ძლივს ამოღერღა.

- მერე მოგიყვები. მე და შენ აუცილებლად აღვნიშნავთ შენს დაბადების დღეს, ოღონდ დღეს ვერა. სამაგიეროდ, მე თავს დავიჯარიმებ და ისეთ საჩუქარს გაჩუქებ, შენ რომ ძალიან მოგეწონება.

- მაგრამ ჩემი დაბადების დღე დღეს არის, - სევდიანად თქვა თამუნამ.

- ვიცი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი გოგოს დაბადების დღეა დღეს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ თარიღია და მეტი არაფერი?! მე კიდევ მგონია, შენი ნამდვილი დაბადების დღე ისაა, როდესაც მე გამიცანი, იმიტომ რომ, ჩემი ნამდვილი დაბადების დღეც ისაა, - თამუნას ამ სიტყვებზე გაეღიმა, რაც დათომ იგრძნო და ამიტომ მძიმე არტილერია წააშველა: ხომ იცი, არაფერი მინდა იმაზე მეტად, რომ ახლა შენთან ერთად ვიყო, მაგრამ არ გამოდის... ჩემი სიდედრი თითქოს რაღაცას მიხვდა და წუხელ გვესტუმრა. წასვლას არ აპირებს, სულ ცოტა, ერთი კვირა. შეიცხადა, რომ დაინახა, მე და ნინოს სხვადასხვა ოთახში გვძინავს.

თამუნას „ჩემი სიდედრი“ არ ესიამოვნა, მაგრამ ესიამოვნა „სხვადასხვა ოთახში გვძინავს“: და ერთ ოთახში დაგაძინათ?

- ნუ ამბობ სისულელეს, გკოცნი, მიყვარხარ, ახლა უნდა გავიქცე, - დათომ ტელეფონი გათიშა.

თამუნა არასდროს აღმოჩენილა მსგავსად გაბითურებული. უნებლიეთ გაწითლდა, როდესაც გაახსენდა, როგორ გაბრაზდა თანამშრომლებზე, რომლებმაც დაბადების დღე მიულოცეს და სცადეს, მისთვის დღესასწაული მოეწყოთ. მისმა ტელეფონმა გაიწკრიალა. თამუნამ დახედა, დათოს ელოდა, მაგრამ ლიკა აღმოჩნდა.

- „აბა, როგორ დროს ვატარებთ“, - თამუნა კიდევ უფრო გაწითლდა და ტელეფონი ეკრანით ქვემოთ დადო მაგიდაზე.

ამასობაში დესერტიც მოუტანეს და ერთი ჭიქა წითელი ღვინო. გაუაზრებლად დაიწყო ჭამა და გუნებაც გამოუკეთა. როდესაც თვალის დახამხამებაში მიირთვა, უფრო კი, შესანსლა დესერტი, მერეღა გააცნობიერა, რომ კარგ ხასიათზე გემოს რეცეპტორებმა დააყენა.

საერთოდაც, თამუნას ასეთი წესი ჰქონდა: თუ ხასიათი გაუფუჭდებოდა, ან ნახატების თვალიერებას იწყებდა, ან სასიამოვნო მუსიკას უსმენადა, ან რამე გემრიელს შეჭამდა, ან სასიამოვნო ზედაპირს შეეხებოდა. ეს თამუნას აღმოჩენა სულაც არ იყო, სადღაც ამოიკითხა, რომ გუნება-განწყობილების გამოსაკეთებლად უპრიანი იყო, გრძნობის რომელიმე ორგანოსთვის ესიამოვნებინა ადამიანს. თუ რამდენიმეს ერთად ასიამოვნებდა, შედეგსაც სწრაფად მიიღებდა და უფრო კარგ ხასიათზე დადგებოდა.

- საბოლოოდ, მაინც ცხოველები ვართ, - დაასკვნა თავისთვის თამუნამ. ეს დასკვნა დიდად არ მოეწონა, მაგრამ იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა, სავსებით აკმაყოფილებდა. ღვინოც მოსვა, თუმცა საჭესთან იყო. პირველივე ყლუპმა ელვასავით დაუარა მთელ სხეულში და ამიტომ სულმოუთქმელად გამოცალა.

ალკოჰოლმა თავში დაარტყა, თუმცა მხოლოდ ერთი ჭიქა იყო და უაზროდ გაუღიმა სივრცეს. ბევრი არ უფიქრია, ტელეფონს დასწვდა და ლიკას დაურეკა: რას აკეთებ?

- ცოტას მიგილაგებ ოთახს და სახლში წავალ. რატომ არ მიპასუხე, ჩემთვის არ გეცალა?! - თამუნამ თითქოს დაინახა, როგორ ჩაუჩხვლიტა ლიკას ლოყები ღიმილმა.

- არ მეცალა, ღვინოს ვსვამდი, - და თამუნამ პაუზა გააკეთა. ხელით კი მიმტანი მოიხმო: კიდევ ერთი ჭიქა, არა, ერთი ბოთლი, აი, ეს ღვინო.

- მარტო ხარ? - ლიკას ხმაში შეშფოთება შეეტყო.

- დიახ, მარტო ვარ. მოხვალ?

- სად ხარ?

ლიკა 20 წუთში თამუნას წინ იჯდა და თვალებში უყურებდა.

- ოღონდ ახლა ჭკუა არ დამარიგო.

- არა, არ დაგარიგებ. შენთან ერთად დავლევ, - ლიკამ ხელი ბოთლისკენ წაიღო.

- არაფერსაც არ დალევ. მე დავლევ, შენ სახლში წაგვიყვან ორივეს, - ჩაუშალა გეგმები თამუნამ.

- კარგი, როგორც იტყვი. შენი დღეა და შენი სიტყვა კანონია, და მინერალური წყალი რომ დავლიო, შეიძლება?

- აუცილებელიცაა, რა მნიშვნელობა აქვს, რას მომიჭახუნებ?! - თამუნამ მეორე ჭიქაც დაცალა.

ლიკა შესცინოდა და კრინტსაც არ ძრავდა დათოზე, არაფერს ეკითხებოდა. თითქოს ისე უნდა ყოფილიყო ყველაფერი, როგორც იყო.

- სულ დამავიწყდა საჩუქარი, - და ლიკამ ჩანთიდან კონვერტი ამოაძვრინა.

- ფულს მჩუქნი?! - გაიკვირვა თამუნამ.

- სად მაქვს მაგდენი ფული, უფრო სწორად, მაქვს, მაგრამ მჭირდება. ეს არის სასაჩუქრე ვაუჩერი ძალიან ცნობილი აი, ახლა რომ ქოუჩებს ეძახიან, იმისი: როგორ გავხდეთ ბედნიერი, შევქმნათ ოჯახი და მისთანები. კაცია, უკრაინელი. მოგეწონება, - ლიკამ ისე ჩააბულბულა, თითქოს დაფასთან იდგა ცარცით ხელში და ბოლოს ღრმად ამოისუნთქა.

- შენ რატომ არ მიდიხარ? არ გინდა, იყო ბედნიერი და შექმნა ოჯახი? - გულწრფელად ჰკითხა თამუნამ.

- მინდა, მაგრამ ერთად წასვლა არ ღირს. შენ მომიყვები მერე და დამარიგებ, ასე მირჩევნია. თან, რუსული არც ისე კარგად ვიცი. მოკლედ. მირჩევნია, შენ მომიყვე.

თამუნა მიხვდა საჩუქრის კონტექსტს, მაგრამ არ შეიმჩნია.

- წახვალ? - ჰკითხა ლიკამ.

- არ ვიცი. თუ არ წავალ, დაგიბრუნებ, შენ წადი... აა, შენ ვერ წახვალ... - და კიდევ ერთი ჭიქა დალია. უკვე გვარიანად მთვრალი იყო.

- მოდი, წავიდეთ, შენთან ან ჩემთან, - შესთავაზა თამუნას.

- წავიდეთ, ოღონდ ღვინო წავიღოთ, - დათანხმდა იუბილარი.

- გზაში ვიყიდოთ, - შესთავაზა ლიკამ.

- კარგი, სახელი დაიმახსოვრე ღვინის და ვიყიდოთ.

ლიკამ მიმტანს ანგარიშის მიტანა სთხოვა.

ცივმა ჰაერმა თამუნა კიდევ უფრო დაათრო, თუმცა, რაც დალია, იმას ბევრი არ ეთქმოდა. მანქანის უკანა სავარძელში ჩაჯდა:

- ვითომ ჩემი მძღოლი ხარ, - უთხრა ლიკას.

ლიკამ თავი დაუქნია და გაუღიმა. გზაში არც ერთს ხმა არ ამოუღია. თამუნა უცებ გამოფხიზლდა, თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ.

- მადლობა, რომ მოხვედი, - მანქანის სარკეში გაუღიმა ლიკას.

- გადაგეხადოს, - გაუცინა მეგობარმა.

- შენ ხომ არ გეწყინება, მარტო რომ ავიდე სახლში? ჩემი მანქანა წაიყვანე და დილით გამომიარე, ერთად წავიდეთ სამსახურში.

- როგორც იტყვი... თუ გინდა, დავრჩები, - გაუბედავად უთხრა ლიკამ.

- კარგად ვარ, ვერც წარმოიდგენ, როგორ კარგად, - დამაჯერებლად უთხრა თამუნამ.

ლიკამ თავი ისე გააქნია, რომ თამუნა ვერ მიხვდა, დაუჯერა თუ უბრალოდ შეეცოდა.

- გამოვფხიზლდი, ჩემზე არ იდარდო და მადლობა, საჩუქრისთვისაც. ხვალ გელოდები, - თამუნამ მეგობარს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თავის სადარბაზოსკენ ტაატ-ტაატით დაიძრა.

ლიკამ ერთხანს უყურა მეგობარს და მანქანა დაძრა.

- მე რომ მისი გარეგნობა და ნიჭი მქონდეს, იმ იდიოტ კაცს როგორ მივაფლანგავდი? - ლიკა ხმამაღლა ფიქრობდა და მეგობარი ეცოდებოდა, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა, რომ თამუნას არავის შესაცოდი არაფერი სჭირდა, უბრალოდ ლიკას ვერ აეხსნა, რატომ იყო ასე მიწებებული იმ კაცს (ლიკა ფიქრშიც კი არ მიიჩნევდა ღირსად, მისი სახელი ეხსენებინა) და მის იქით ვერაფერს ხედავდა?! მეგობარსაც ვერაფერს ეუბნებოდა, იმიტომ რომ, არ უნდოდა, მისთვის ეწყენინებინა და, საერთოდაც, ლიკა თამუნასთან მეგობრობას უფრთხილდებოდა. რადგან იცოდა, რომ თამუნას არ უყვარდა ზედმეტი ჩაძიებები მის პირად ცხოვრებაში, ზედმეტ კითხვებსაც არ უსვამდა. საჭესთან დაჯდომა კი ძალიან ესიამოვნა.

***

თამუნა სახლში შევიდა და შემოსასვლელში ჩამოჯდა. არ უყვარდა ეს ცარიელი სახლი. დედამისის გარდაცვალებას უბრალოდ შეეგუა, როგორც ფაქტს, მაგრამ დედის გარეშე უჭირდა. იმიტომ რომ, მარტო დარჩა. რატომღაც, ეგონა, რომ ნანა სულ იქნებოდა, აი, სანამ თამუნა იქნებოდა, ნანაც იქნებოდა.

- დედა, რა არის სიკვდილი? მეც მოვკვდები?

- შენ რომ გაიზრდები, ექიმები მოიგონებენ წამალს, დალევ და შენ სულ იციცხლებ.

ეს დიალოგი ხშირად ახსენდებოდა ხოლმე. მაშინ დაიჯერა, რომ მართლაც იარსებებდა წამალი, რომელიც თამუნას უკვდავს გახდიდა და, რა თქმა უნდა, დედამისსაც. შეიძლება, იმიტომაც, რომ დაიჯერა, ახლა ვერ იჯერებდა, რომ დედამისი აღარ იყო. ყოველ შემთხვევაში, იქ, სადაც ახლა თამუნა იყო.

ცრემლები წამოუგორდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ნანას გახსენება საბაბი იყო, სინამდვილეში, თამუნა სულ სხვა რამის გამო ტიროდა. ისე ეძინებოდა, შხაპი არც კი მიუღია. სასმელმა მოთენთა, თუმცა გაუნელდა. ამიტომ დაწვა და მაშინვე დაეძინა.

უცნაური სიზმარი ნახა: თითქოს ვიღაც მის ყურთან სასტვენით გამაყრუებლად უსტვენდა, თან, ისე ხმამაღლა, შეეშინდა, არ დავყრუვდეო. ამ შიშმა გამოაღვიძა, თვალები გაახილა და მიხვდა, რომ ეს მისი ტელეფონი რეკავდა გაუჩერებლად. ჯერ საათს შეხედა: დილის ცხრის ნახევარი იყო და ამის მერეღა დახედა ტელეფონს: დათო იყო და თამუნას გულწრფელად გაუკვირდა. არა, კი არ გაუკვირდა, უცებ თავი ძალიან ბედნიერად იგრძნო, თითქოს გუშინ, რაღა გუშინ, რამდენიმე საათის წინ სულ სხვა ადამიანი მოთქვამდა საკუთარ უბედობაზე.

- არ მიშვებ? - ვითომ საყვედურივით უთხრა დათომ და თამუნას გაახსენდა, რომ კარი ურდულზეც გადაკეტა.

წამოხტა და კარისკენ გაიქცა. მაგრამ უკანვე მიტრიალდა: წუხელ ისე დაწვა, რომ მაკიაჟიც არ ჩამოუშორებია. სარკეში საკუთარი გამოსახულება არ მოეწონა, ამიტომ კარი უცებ გააღო და აბაზანაში შევარდა. გზიდან კი დათოს მიაძახა:

- შხაპს მივიღებ და ახლავე გამოვალ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი