რომანი და დეტექტივი

სამზარეულოს „ოსკარი“

№36

ავტორი: ნინო მდივანი 20:00 15.09

სამზარეულოს ოსკარი
დაკოპირებულია

ხვალ ჩემი დეიდაშვილი ჩამოდიოდა, კარგა ხნის უნახავი მყავდა, ამიტომ საფუძვლიანად ვემზადებოდი. იმიტომ არა, რომ მასპინძლობის წესი იყო ასეთი, უბრალოდ, ქეთისთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და მიყვარს. ჩემი ქმარიც შევამზადე, თუმცა, შემზადება არც სჭირდებოდა, მაგრამ მე მინდოდა, რომ დიდხანს დავრჩენილიყავი ქეთისთან მარტო, ამიტომ ჩვეულ ხერხს მივმართე:

– სამსახურიდან ხომ პირდაპირ სახლში მოხვალ? უხერხულია, თუ გაქრები სახლიდან, – ვთქვი ვითომ მოწყენილი ხმით, იმიტომ რომ ქეთისთვის, მართლაც, ბევრი რამ მქონდა სათქმელი და სულაც არ მინდოდა, რომ ეს ჩემს ქმარს გაეგონა. ცნობისთვის: ჩემი ქმარი ძალიან ეჭვიანი ადამიანია, ზოგადად, ეჭვიანი და ყველაფერს ამოწმებს, თითქოს ავტომატი აქვს ტვინში და „ლაივში“ აზომებს თითოეულ შენს ნათქვამს, ხომ არ ეწინააღმდეგება შენს რომელიმე ადრე ნათქვამს. როდესაც მისი ეს თვისება აღმოვაჩინე, თავდაპირველად გავღიზიანდი, მაგრამ შემდეგ ალღო ავუღე და მისი მართვის იარაღად ვაქციე.

– თავისუფლად იყავით, უამრავი რამ გექნებათ ერთმანეთისთვის სათქმელი, – ისე ორჭოფობდა ჩემი ქმარი, გულმა რეჩხი მიყო.

– არაფერი გვაქვს შენთან დასამალი და, მით უმეტეს, მე არ გიმალავ არაფერს. მე მგონია, რომ, საერთოდაც, შვებულება უნდა აიღო და სულ სახლში იყო, – ვა-ბანკზე წავედი, იმიტომ რომ ჩემი ქმრის ინტონაციაში სირბილე შევამჩნიე, შესაბამისად, მისი მეორე თვისება გავააქტიურე, ანუ ჩემი ფრონტის ხაზს ფლანგიც დავამატე.

ვახოს, ჩემს ქმარს, წინააღმდეგობის გაწევის დაუოკებელი სურვილი უჩნდება, როგორც კი რაღაცას მტკიცებითი ფორმითა და დაჟინებით ეტყვი (როგორც ადამიანთა უმეტესობას). და თუ მის ნაცვლად იღებ გადაწყვეტილებას და მისი აზრი არც კი გაინტერესებს, სამოთხეშიც რომ უჯავშნიდე ადგილს, შეგეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩემს შეთავაზებას, რომ შვებულება აეღო, რაც მე გადავწყვიტე და არა მან, ბუნებრივია, მისი მტკიცე უარი მოჰყვა.

– მე როგორც ვთქვი, ისე იქნება. ქეთის უმასპინძლე. მე ჩემს საქმეებს მივხედავ, – ვითომ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ „თავი შევიკავე“ და კბილებიდან გამოვცერი:

– როგორც შენ გინდა, – გულში კი გამარჯვებას ვზეიმობდი.

მართალია, ეს ის გამარჯვება არ არის, რაც ჩემს ასაკში უნდა იზეიმო (იმიტომ არა, რომ ძალიანაც ბევრი წელი მაწევს მხრებზე), მაგრამ ეს თამაში მომწონს, განსაკუთრებით, ის, რომ ჩემი ქმარი დარწმუნებულია, სიტუაციას თვითონ მართავს და მისი ნებართვის გარეშე ლამის თეფში არ გადაადგილდება სამზარეულოში.

სხვათა შორის, ახლაც სამზარეულოში ვსხედვართ. უფრო ზუსტად, ის ზის, მე კი ვდგავარ და ვითომ წყენას ვმალავ. წყენას კი ვითომ იმიტომ ვმალავდი, რომ საჩუქარს ველოდებოდი. რატომ ველოდებოდი? ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ძალიან მიკვირს ქალების, რომლებიც თავიანთ ქმრებს ებრძვიან. მე არასდროს ვეწინააღმდეგები ჩემს ქმარს, უბრალოდ, ისე ავაგე მასთან ურთიერთობის ტაქტიკა, რომ მან ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მე მინდა. თუმცა თავიდანვე ასე ვირტუოზულად არ გამომდიოდა ეს საქმე, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არავის უსწავლებია და მეც, როგორც ნებისმიერი ადამიანი, ეგოისტი ვარ. ეგოისტი, ცუდი გაგებით, იმიტომ რომ მუდმივად მინდა, მოწინააღმდეგე მხარემ აღიაროს ჩემი უპირატესობა. ეს მერე და მერე მივხვდი, რომ საერთოდ არ ჰქონია მნიშვნელობა, რას აღიარებს მოწინააღმდეგე მხარე (გეთანხმებით, უხერხულია, საკუთარ ქმარს მოწინააღმდეგე მხარე უწოდო, მაგრამ აზრის გადმოსაცემად სხვა, უბრალოდ, ვერაფერი მოვიფიქრე), მთავარია, როგორ მოიქცევა. ჯანდაბას, სჯეროდეს თავისი უპირატესობის, ოღონდ ისე მოიქცეს, როგორც მე მინდა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემი დედამთილი ჩემს ამ ხრიკებს, გუმანით ვხვდები, გრძნობდა, მაგრამ საბაბს არ ვაძლევდი, რომ გამოვეჭირე. ან კი როგორ გამომიჭერდა, როდესაც სულ ვთამაშობდი?! და ეს იმდენად მომწონდა და, მართლაც, სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ხანდახან მქუხარე აპლოდისმენტების ხმაც კი მესმოდა ხოლმე ყურებში. რატომ მივილტვოდი აპლოდისმენტებისკენ? იმიტომ რომ ერთ დროს მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მამაჩემს თქმა ვერ გავუბედე, რადგან დედაჩემმა, როდესაც გაიგო ჩემი ამოლუღლუღება მის შეკითხვაზე, ვინ მინდოდა, გამოვსულიყავი, მეტად უცერემონიოდ მომახალა: ეს სისულელე თავიდან ამოიგდე, მამაშენმა არ გაიგოსო.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და შეიძლება, დედაჩემი სწორიც იყო ან მამაჩემი დამთანხმებოდა, რომ მომეკრიბა ძალა და მეთქვა, რაც მინდოდა. ახლა ამას უკვე ვეღარ გავიგებ, ამიტომ ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა ჯერ სახლში დავიწყე, იმავე დედაჩემთან, მამაჩემთან, ჩემს ძმასთან, ბებია-ბაბუასთან; შემდეგ წრე გავაფართოვე და ნათესავებსა და მეზობლებსაც გადავწვდი, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემს ბენეფისად მაინც ჩემს საკუთარ ოჯახში თამაში იქცა. ვიცოდი, რომ „ოსკარს“ არავინ გადმომცემდა, მაგრამ ჩემი თვითკმაყოფილება ას „ოსკარს“ მერჩივნა.

მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკად საკუთარი თავიც მყოფნიდა, მაინც მინდოდა ვინმესთვის ჩემი წარმატებების გაზიარება და ქეთი საამისოდ იდეალური ვარიანტი იყო, რომ იტყვიან, ტუზი დამეცა მისი ჩამოსვლით. სანამ მე ჩემი ტკბილი ზმანებებით ვიყავი გართული, კარზე ზარის ხმაც გაისმა. ჩემი დედამთილის დანახვა დიდად არ მეპიტნავა, მაგრამ სხვა რა გზა იყო, პირზე ღიმილი გადავიფინე და კარი გავაღე.

– დალიკო, როგორ გამახარე? რა კარგად გამოიყურები, – დალიმ შეიფერა და ინდაურივით გაფხორილი შემოვიდა.

ცუდი ქალი არ იყო, მაგრამ რაღაცნაირად გადაპრანჭული მეჩვენებოდა და, ჩემს თვალში, სარკოფაგიდან ამოღებულ მუმიას წააგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაც ეთქმოდა და თავსაც უვლიდა. ჩემი დაკვირვებით, მის მუმიასთან მსგავსებაში ჩემი მამამთილის ხელი ერია. ის ჩემს დედამთილზე საკმაოდ ასაკოვანი იყო, 20 წლით უფროსი. ვფიქრობ, ჩემი დედამთილი თავის არარეალიზებულ სექსუალურ ცხოვრებას სპა-სალონებში სიარულითა და თავისი ვაჟის კონტროლით აბალანსებდა. ესეც ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის: ჩემი ქმრის მართვას დედამისიც ცდილობდა და, ამდენად, მე ამოცანა ორმაგად მირთულდებოდა, რაც ჩემს როლს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.

– ისევ არ უვლი თავს? – გადმომხედა დალიმ. მე უხერხულად გავიღიმე და თავი დავხარე. ეს ჩემი ქმრის დასანახავად გავაკეთე, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩემს მხარეს დაიჭერდა. მართლაც ასე მოხდა:

– მე მომწონს, დედა!

– საკმარისი არაა, შენ მოგწონდეს, – ეს თქვა ჩემმა დედამთილმა და შეცბა. მე მაშინვე განვმუხტე ვითარება:

– აი, ჩემი ქეთი ჩამოდის და თქვენ მიმასწავლეთ, სად წავიდეთ, რა გავიკეთოთ, თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ და დიდებულადაც გამოიყურებით.

ჩემმა დედამთილმა შეიფერა და ზემოდან გადმომხედა. მე კი გულუბრყვილოდ აღტაცებული სახით ვუყურებდი, არადა, რომ ეჩუქებინათ, არ მინდოდა, მასავით მუმიას დავმსგავსებოდი, თანაც, მე ჩემს სექსუალურ ცხოვრებას არ ვუჩიოდი და მშვენივრადაც გამოვიყურებოდი, ერთი მუმია კი ჯერჯერობით სავსებით საკმარისად მეჩვენებოდა ახლო სანათესავო წრეში, მით უმეტეს, იმ ასაკის ვიყავი, როდესაც ბუნებას წახმარება არც სჭირდებოდა, მხოლოდ შენი სიამოვნებისთვის თუ დაამატებდი რამეს.

– მარტონი როდემდე უნდა იყოთ? – ჩემმა დედამთილმა ახლა სხვა მხრიდან შემომიარა. მე ვითომ ვერ მივხვდი და გაკვირვებულმა შევხედე; ჩემს ქმარსაც უკმაყოფილო სახე ჰქონდა:

– ჩვენ გადავწყვეტთ, დედა, – უთხრა უკმაყოფილოდ, მაგრამ სიყვარულით, მე კი „საკონტროლო“ გავისროლე:

– ვცდილობთ და ძალიან მინდა, რომ გაგახაროთ. გპირდებით, უმეტეს დროს თქვენთან გაატარებს ბავშვი. ბებიის გაზრდილი ბავშვები სხვანაირად თბილები არიან, - გაცისკროვნებული სახით შევცქეროდი ჩემს დედამთილს, რომელიც უხერხულად შეიშმუშნა. ბუნებრივია, იმიტომ რომ ბავშვს ჩემს გასაბრაზებლად ახსენებდა და არა იმიტომ რომ შვილიშვილის გაზრდა უნდოდა.

ჩემი სამსახიობო ხელოვნება აღმოსავლური ორთაბრძოლის პრინციპს ემყარებოდა, როდესაც მოწინააღმდეგის მიერ შენკენ მომართულ აგრესიას აირეკლავ და მისკენ, უკანვე მიმართავ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ თავად არ გაბრაზდე, იმიტომ რომ მაშინ შენი და მოწინააღმდეგის გაბრაზების ძალა ერთდება და არათუ ორმაგდება, ათმაგდება და შენვე გიტყამს. რა თქმა უნდა, ძნელია, არ გაბრაზდე, იმიტომ რომ ადამიანი ხარ, მაგრამ, თუ წარმოიდგენ, რომ იმ აგრესიული ადამიანის უკან, რომელიც გერჩის, სინამდვილეში ერთი საწყალი და გაბოროტებული ბავშვი იმალება და თუ შენც გაბრაზდები, ასეთივე საწყალი და გაბოროტებული იქნები, ბრაზის გაკონტროლებას შეძლებ. თუმცა, ეს არც ისე ადვილია, როგორც გამოითქმის.

– ყავას ხომ დალევთ? ცივი თუ თურქული? – ჩემს დედამთილს კვლავ გაცისკროვნებული თვალებით ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ ღიზიანდებოდა და რაც უფრო ღიზიანდებოდა, მით მეტ სიყვარულს ვაქსოვდი ჩემს მზერაში, რომელსაც ხან მისკენ მივმართავდი, ხან – მისი შვილისკენ, მაშასადამე, ჩემი ქმრისკენ:

– თქვენობით რატომ მელაპარაკები, ასაკობრივ სხვაობას უსვამ ხაზს? – ჩემს დედამთილს ხმაზეც დაეტყო გაღიზიანება.

– პატივისცემას გამოვხატავ, – ისევ გულუბრყვილო სახით ვუპასუხე, ჩემს ქმარს კალთაში ჩავუჯექი და ლოყაზე ვაკოცე, – ასეთი სისაყვარლე რომ გამიჩინა.

ჩემმა ქმარმა კმაყოფილებით გაიღიმა, სამაგიეროდ, დედამისს დაეკარგა სახეზე ფერი.

– შენი მოდუღებული ყავა არ მომწონს, – მითხრა უცერემონიოდ. მე ისევ ვიღიმებოდი.

– ვახოს მოსწონს. შენ რომელს დალევ? – ვკითხე ვახოს.

– შენ რომელიც გაგიხარდება, – მიპასუხა მან და წელზე ხელი მომხვია.

– მე რომ მიყვარს, ის ნაყინი გაქვთ? – მოულოდნელად იკითხა ჩემმა დედამთილმა.

მე თავი გავაქნიე, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მქონდა, რომელი ნაყინი უყვარდა. ვახო წამოდგა.

– სიგარეტიც წამომიყოლე, – დაამატა ჩემმა დედამთილმა თავის შეკვეთას და მე მივხვდი, რომ უბრალოდ, ჩემთან ერთად უნდოდა მარტო დარჩენა. ესე იგი, უსიამოვნო საუბარი მელოდა. ამიტომ რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, მუმიას ნამდვილად ვერ გავაფუჭებინებდი ვერც დღეს და ვერც საკუთარ განწყობას.

ვახომ კარი გაიკეტა თუ არა, ჩემს დედამთილს გამომეტყველება შეეცვალა, მთელი მისი სიძულვილი ჩემდამი სახეზე აღებეჭდა, რასაც შვილთან ასე გულმოდგინედ მალავდა.

– ვახო რამდენიც გინდა, მოატყუე, მაგრამ მე ვერ მომატყუებ.

– მე არავის ვატყუებ, ქალბატონო დალი, – ხმაში სიცივე გავურიე, მაგრამ ისევ ვიღიმებოდი და სიყვარულით სავსე თვალებით ვუცქეროდი.

– ისე ატრიალებ ჩემს შვილს, როგორც გაგიხარდება, მაგრამ დავანახვებ შენს ნამდვილ სახეს, – მისისინებდა ჩემი დედამთილი, ვუყურებდი და ვერაფრით ვიგებდი, რატომ ვძულდი მთელი არსებით. თუ გულზე ხელს დავიდებ, მისთვის არაფერი დამიშავებია და, თუ მერკანტილურად და ობიექტურად შევხედავდით ჩვენს ქორწინებას, მე უფრო დიდი შანსი მქონდა, მოგებიანად გავთხოვილიყავი, ვიდრე ვახოს, რომ ჩემზე უკეთესი ცოლი მოეყვანა.

მაშინვე მივხვდი ჩემი ფიქრების აბსურდულობას: ვინ რა იცის, რა არის უკეთესი ან უარესი?! ან ვინ არის უარესი ან უკეთესი?!

– ვერ ვიგებ, რას მერჩით? მე თქვენ არ გამოგყოლივართ ცოლად და ვისაც გავყევი, მას მოვწონვარ, – ჩემი დედამთილი ამრეზით მისმენდა.

ავდექი და კარი შევამოწმე, ვინაიდან გადავწყვიტე, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, რას მერჩოდა დალი და არ მინდოდა, რომ ჩემს ქმარს შემოესწრო, იმიტომ რომ, გულახდილად გითხრათ, არ ვიცოდი, ვის მხარეს დაიჭერდა ვახო, თუკი მე და დედამისი აბსოლუტურად ერთნაირი კაპასი დედაკაცები აღმოვჩნდებოდით.

– არ გინდა, რომ ვახომ შემოგისწროს და შენი ნამდვილი სახე დაინახოს? რა მშვენიერ გოგონებს უყვარდათ ვახუნა, მაგრამ მაინცდამაინც შენ ამოგარჩია, უსახური ბატი, – დამცინავად მითხრა ჩემმა დედამთილმა.

– არ მინდა, რომ დედამისის ნამდვილი სახე დაინახოს. მე, თქვენგან განსხვავებით, ვახო მიყვარს.

– იმდენსაც კი მიბედავ, მითხრა, რომ ჩემი შვილი არ მიყვარს? – დალიმ ისე გადმოკარკლა თვალები, ვიფიქრე, არ გადმოსცვივდეს-მეთქი და სახესთან თეფში მივუტანე.

დალიმ ხელი ამიკრა, მე კი მშვიდად ვუთხარი: აბა, სად ვეძებო თქვენი დაცვენილი თვალები?! – ეს ვთქვი თუ არა, თვალებში დამიბნელდა, დალიმ სილა გამაწნა, მე ინერციით ისევ ვიღიმებოდი. ამჯერად მხოლოდ ინერციით, ვინაიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენად ვძულდი. ამან დამაბნია და ძალიან ვინანე, რომ კარი ჩავკეტე, მაგრამ იმის იმედი მქონდა, რომ ჩემს კანზე, რომელიც საკმაოდ ნაზი იყო, დალის ხუთივე თითი მკაფიოდ იქნებოდა აღბეჭდილი. რაღაც მომენტში აგრესიაც მომეძალა, მაგრამ გამახსენდა, რომ მოწინააღმდეგის, ეს მუმია კი უკვე ჩემი მტერი იყო, არათუ მოწინააღმდეგე, სისუსტე შენს სიძლიერედ უნდა აქციო, ამიტომ მშვიდად ვუპასუხე, – ნუ ღელავთ, ქალბატონო დალი, თავი ხელში აიყვანეთ, – და ჩემმა დედამთილმა კვლავ სცადა, სახეში გაერტყა ჩემთვის. ამჯერად თავი უკან გავწიე, იმიტომ რომ ჩემი სახის კანმა უკვე საკმაოდ მიიღო დარტყმები.

– მაინც არ გაგახარებ და ჩემსას გავიტან, გაქრები ვახუნას ცხოვრებიდან, – ჩემი დედამთილი თმაში მწვდა და უცებ გამიშვა ხელი.

– ვახუნა, წყობიდან გამომიყვანა, ვაიმე, გული მჭვალავს, – და ჩემმა დედამთილმა გულზე იტაცა ხელი. მე მძიმედ მივბრუნდი – ვახო გაოგნებული იდგა.

– ეტყობა, გასაღები წაიღო, – გავიფიქრე ჩემთვის.

– არაფერია, არ მიაქციო ყურადღება, – ვთქვი ნაძალადევად გაღიმებულმა და თითქოს დაბნეულმა.

– გამომიყვანა წყობიდან ამ გველმა, გული მაქვს ცუდად, – ჩემმა დედამთილმა თვალები მინაბა, წამალი ჩანთაში მაქვს, მომიტანე, ვახუნა!

ვახო არ ინძრეოდა. მე წავიწიე დალის ჩანთისკენ და მივაწოდე. ჭიქაში წყლის ჩასასხმელად რომ მივბრუნდი, ზურგის ტვინით ვიგრძენი, რომ ჩემი დედამთილი წამოხტა, ჩანთას ხელი დაავლო და კარი გაიჯახუნა.

ეს ჩემი ბენეფისი იყო: ყურებში გამაყრუებელი მქუხარე ტაშის ხმა მესმოდა და ცრემლები თავსხმა წვიმასავით წამომცვივდა თვალებიდან. წარმატება მართლაც თავბრუდამხვევი იყო. ვახო თავზე ხელს მისვამდა და რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ მე არ მესმოდა, ვინაიდან თავში უცნაური აზრი ამეკვიატა: რატომ უნდა ვყოფილიყავი ამ მუმიას შვილის ცოლი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...