რომანი და დეტექტივი

სამკუთხედის მეოთხე კუთხე

№51

ავტორი: ნია დვალი 20:00 31.12, 2021 წელი

სამკუთხედის მეოთხე კუთხე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹49-50(1094)

***

ეკას არავის დანახვა არ უნდოდა, მაგრამ იცოდა, ლალის მაინც ვერ ასცდებოდა და ვერც მის ტირადებს – თუ როგორ კარგავდა დროს და თავს ახმარინებდა ვიღაცას (ლალის წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისზე ლაპარაკობდა და არც ის იცოდა, საერთოდაც თუ არსებობდა ვინმე, მაგრამ გამოუსწორებელი ეგოისტი იყო და, რადგან შვილს უკვე თავისი ცხოვრება და სამყარო ჰქონდა, ჩხუბით მაინც ახერხებდა იმ სამყაროში შესვლას). თან, ამაზე საუბარს იწყებდა მაშინ, როდესაც დეაც იქვე იყო, ამ ფაქტს ეკა წყობიდან გამოჰყავდა და ვერ ხვდებოდა, დედამისი მხოლოდ ეგოისტი იყო თუ ბოროტიც?!

ამიტომ სახლში შესვლამდე სახეზე ბედნიერი გამომეტყველება გადაიფინა და საქმიანად შეაბიჯა.

– დედაა, რა მომიტანე? – შეეგება დეიკო. ეკამ შოკოლადები ამოიღო ჩანთიდან: აბა, დედა ხომ არ გაახსენდება? – ჩაილაპარაკა ლალიმ და დედა-შვილს ჩაუარა.

ეკამ დეას თვალი ჩაუკრა:

– აბა, მომიყევი, რა მოხდა დღეს შენს ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი?

დეა გაუთავებლად ლაპარაკობდ. ეკა თავს მხიარულად უქნევდა და შიგადაშიგ იცინოდა. რატომღაც კუჭი ასტკივდა, მთელი დღის განმავლობაში ყრუდ სტკიოდა და პირში მჟავე გემოც იგრძნო: ეტყობა, რაღაცამ მაწყინა. ისე მოითენთა, რომ შხაპის მიღებაც კი გაუჭირდა. ძალიან უნდოდა, ლაშასთვის საღამო ჩაეშხამებინა, მაგრამ ამის თავი არ ჰქონდა, ამიტომ ძილის წამალი დალია და დაწვა. დეასაც ეს უნდოდა და, პრინციპში, ლალისაც. შვილი სახლში ჰყავდა და, თან, დროზე დაწვა დასაძინებლად.

ღამით უცნაური სიზმარი ესიზმრა: დიდ, ნათელ, თუმცა უცნაურ ოთახში ორი მამაკაცი იჯდა, ეკა თან იყო იმ ოთახში, თან – გარედან აკვირდებოდა, რა ხდებოდა. საიდანღაც იცოდა, რომ ერთ-ერთი მამაკაცი მეორის უფროსი თუ ხელმძღვანელი, მოკლედ, ზემდგომი იყო. ორივენი გლობუსივით მრგვალ ბურთში იყურებოდნენ, რომელიც შუშის იყო. მეორე პირველს ეუბნებოდა, მე ეს სხვა საქმეებისთვის გავუშვი, მაგრამ სულ სხვა რამეებს აკეთებსო. ეკა მიხვდა, რომ მასზე საუბრობდნენ, პირველმა, ანუ უფროსმა უთხრა, დაანებე თავი, ისე მოიქცეს, როგორც უნდაო. მეორემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.

დილით თავი უბჟუოდა და ისევ უცნაური გემო დაჰკრავდა პირში. კბილები გაიხეხა, ისაუზმა, მაგრამ გემო ვერ გაიყვანა. ამას ლალის ზუზუნი ემატებოდა და ეკას გაქცევა მოუნდა სადმე, შორს, ლაშასთან ერთად. უცებ დაავიწყდა, რომ ლაშას ეჩხუბა და ახლა ის კარგა ხანს იქნებოდა პოზაში: არ დარეკავდა, ეკას დარეკილს არ უპასუხებდა, ეკა მესიჯებს გაუგზავნიდა, გალანძღავდა, თან, მოენატრებოდა, ხან გაბრაზდებოდა, ხან სიამოვნებას იგრძნობდა, რომ ლაშას ამწარებდა... ყველაზე მთავარი მთელი ამ გრძნობების ორომტრიალში ის იყო, რომ ლაშას ნახვა უნდოდა. ისე ძალიან უნდოდა, რომ იმ ერთი დღისთვის დარჩენილ სიცოცხლესაც დათმობდა. საკუთარი სენტიმენტალიზმი თავადაც არ მოეწონა. ტელეფონი აიღო, რომ ლაშასთვის დაერეკა, თუმცა იცოდა, რომ ლაშა არ უპასუხებდა. მაგრამ, თავისდა გასაოცრად, ტელეფონი ისევ ადგილზე დადო. თავს უცნაურად გრძნობდა. უცებ წამოდგა და პატარა წიგნაკის ძებნა დაიწყო. იპოვა, თითებზე რაღაც გადაინგარიშა, ლაბადა მოისხა და სახლიდან გავარდა. ღია კარიდან მიაძახა დედამისს: 10 წუთში მოვალ, პასუხისთვის არ დაუცდია.

მართლაც, 10 წუთში დაბრუნდა.

– სად გავარდი ასე გიჟივით? კინაღამ გული გამისკდა! – სკამზე მისვენებული დახვდა ლალი, – არც ტელეფონი წაგიღია.

– უცებ გამახსენდა, რომ მანქანაში რაღაც დამრჩა, – გაუღიმა ეკამ და საპირფრეშოში შევარდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ორსულობის ტესტს უყურებდა: ორი ხაზი მკაფიოდ ჩანდა.

– ამას ჰქვია, კურო და კუბოო, – თქვა ხმამაღლა.

– შენ მანდაც ანდაზებით ლაპარაკობ? – ლალი, როგორც ჩანს, ისევ აყურადებდა.

ეკას პასუხი არ გაუცია, ვითომ ვერ გაიგონა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა გაეკეთებინა. ვერაფრით ხვდებოდა, ეს როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო. თავს იცავდა კალენდრით და, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო ასეთი შედეგი. ფაქტობრივად კი არა – აბსოლუტურად. თუმცა ეკამ იცოდა, რომ აბსოლუტური არაფერი არსებობდა ამ სამყაროში. ეკამ ყოველთვის იცოდა, როგორ მოქცეულიყო – ყველა შესაძლო ვარიანტიდან ამიერჩია ყველაზე მართებული და მიჰყოლოდა. ახლა რა უნდა ამოერჩია?! რატომღაც, ლაშა კი არა ლალი და ნანა გაახსენდა და ლაშას ცოლი და მისი შვილები. თავისდა სამარცხვინოდ აღმოაჩინა, რომ საზოგადოების აზრიც გაახსენდა – საკუთარ თავს კარგადაც იცნობდა და არც ატყუებდა, კვარცხლბეკზე უყვარდა დგობა, იდეალურობის კვარცხლბეკზე და ამიტომ ცდილობდა, ყოველთვის სწორად მოქცეულიყო, ნუ – თავად რომ სწორად მიაჩნდა, ისე. თავად კი სწორად ის მიაჩნდა, რაც კლასიკურად სწორად მიიჩნეოდა. მაგრამ ახლა ერთადერთი, რაც იცოდა, იყო ის, თუ საიდან ჰქონდა ეს უცნაური გემო და რატომ სტკიოდა კუჭი. სადღაც, იმედიც უკიაფებდა, იქნებ, ტესტი შეცდა?! და ამ ეჭვს ჰქონდა არსებობის უფლება. ისიც იცოდა, რომ ახლა პირისპირ მოუწევდა სინამდვილესთან შეჯახება: ლაშას რეაქცია, ლალის რეაქცია, თავისი შვილის რეაქცია, ნანას რეაქცია, ლაშას შვილების რეაქციები...

ღმერთო, რამდენი რეაქცია იყო... ერთადერთი, ვის რეაქციაზეც ეკას არ უფიქრია, ღმერთი იყო. შეიძლება, იმიტომ რომ ღმერთის რეაქცია იცოდა, გრძნობდა.

საპირფარეშოში იჯდა და ფიქრობდა, იმიტომ რომ სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. ლაშასთან დარეკვას აზრი არ ჰქონდა – არ უპასუხებდა. თან, ეშინოდა, ლაშას რამე ისეთი არ ეთქვა, რაც გაანადგურებდა. მისი თვითკმარობა სადღაც გაქრა. თითქოს გაიღვარა. იმასაც ხვდებოდა, რომ მუდმივად საპირფარეშოში ვერ იჯდებოდა, ამიტომ გამოვიდა და საქმეზე დაიწყო ფიქრი. გადარეკა–გადმორეკა, შეხვედრები ჩაინიშნა და დიზაინის ხატვა დაიწყო... ლაშა არ რეკავდა. არც ეკა ჩქარობდა ლაშასთან დარეკვას – თუმცა იცოდა, რომ რამდენიმე დამტკბარი მესიჯისა და ორიოდ ნახევრად გახდილი სექსუალური ფოტოს გაგზავნით ლაშას უცებ მოთაფლავდა. მაგრამ აი, ის ორი ხაზი ახსენებდა, რომ ამ მოთაფვლას ახლა აზრი არ ჰქონდა. საერთოდ არანაირი.

– იქნებ გავაჩინო? – ამ აზრმაც გაუელვა თავში და იქვე მეორე აზრიც წამოტივტივდა და რა გაუძლებს ლალის შეგონებებს?! გაახსენდა, ერთ ხანს ჯირითმა გაიტაცა და ლალიმ რომ ეს ამბავი გაიგო, დრამატული სცენა დადგა, ვისთან უნდა ვთქვა სირცხვილით, რომ საჯირითოდ დადიხარო. რატომ იყო ცხენზე ჯირითი თავის მომჭრელი, ეს ეკას არ დაუზუსტებია, ამიტომ დღემდე არ იცოდა, რატომ შფოთავდა დედამისი.

– დღეს არ გადიხარ? – ფიქრებიდან ლალის ხმამ გამოაფხიზლა.

– არა, სახლში ვიმუშავებ, საღამოს გავალ ცოტა ხნით, საქმე მაქვს.

– შენ სულ საქმე გაქვს, მაგრამ შენი გაკეთებული საქმე არ მინახავს, – ლალი შარს ეძებდა ან ვინ იცის, რას ეძებდა. ეკას ამის გამოსაძიებლად, მით უმეტეს, ახლა, არ სცხელოდა და არც იმის მტკიცებას აპირებდა, რომ ყველაფერი, რაც ლალის გარს ერტყა, ეკას საქმიანობის შედეგი იყო. ეს ლალიმაც იცოდა. იცოდა, მაგრამ, რადგან მის მნიშვნელოვნებას აკნინებდა, უბრალოდ, არ აღიარებდა.

ამასობაში დეაც მოვიდა სახლში, ყურებში ყურსასმენებგარჭობილი, მიირთვა და თავის ოთახში შეიკეტა. და ეკა დარჩა სულ მარტო თავის ფიქრებთან და საკუთარ თავთან. ლაშას მაინც დაურეკა, რა თქმა უნდა, ლაშამ არ უპასუხა. კიდევ დაურეკა, ლაშამ ისევ არ უპასუხა: ეკამ თითქოს თვალნათლივ დაინახა, როგორ დახედა მისთვის უსაყვარლესმა თვალებმა ტელეფონის ეკრანს, რომლის ზარიც ვიბრაციაზე იყო, ვიბრაცია გათიშა და ტელეფონი ისევ პირით მაგიდაზე დადო (არასდროს შესწრებია ამ სცენას, მაგრამ ასე წარმოედგინა). დღე მიილია. ღამე ლოდივით დააწვა გულზე. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. ამიტომ ძილი ამჯობინა. სიგარეტის თითოეული ღერის მოწევისას რაღაცნაირად სინდისის ქენჯნას გრძნობდა და ეს აბრაზებდა: მისმა ქვეცნობიერმა ხომ უკვე იცოდა, რომ ის ბავშვი უნდა მოეკლა და მართლაც ცინიზმის მწვერვალი იყო ირსულთათვის თამბაქოს მავნებლობაზე ფიქრი, ეს იგივეა, ჩამოსახრჩობს რბილი თოკი შეურჩიო, ყელი არ ეტკინოსო. უცნური ის იყო, რომ ამ დღემდე ეგონა, ერთი დღეც რომ არ გაეგონა ლაშას ხმა, მოკვდებოდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ არ მოკვდა. შეიძლება, იმიტომაც, რომ ლაშას ნაწილი თან ჰყავდა და მერე რა, რომ არც კი იცოდა, სადამდე ეყოლებოდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი