სამკუთხედის მეოთხე კუთხე
ავტორი: ნია დვალი 20:00 24.12, 2021 წელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #49(1093)
ეკა ადგა. ჩაიცვა. აბაზანაში შევიდა, სახეზე წყალი შეისხა. სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეხედა: იქნებ ლალი მართალია? ან როდემდე უნდა ვიარო ამ სასტუმროში?! პასუხები არ ჰქონდა. უფრო ზუსტად, ჰქონდა, ეს უნდა დაესრულებინა და რაც მალე, მით უკეთესი, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ვერ ასრულებდა.
– აბა, ჩემით ვარ თვითკმარიო? – ხმამაღლა ჰკითხა საკუთარ გამოსახულებას სარკეში და თვალი თვალში გაუყარა.
– არ ხარ. რომ იყო, ამას დაამთავრებდი. გეშინია, რომ მარტო დარჩები, – ეკამ ისე ნათლად გაიგონა თავისივე შინაგანი ხმა, ერთხანს დაფრთხა.
– მარტო რატომ უნდა დავრჩე? გონჯი ვარ? – გაიფიქრა, ხმამაღლა არ უთქვამს.
– არა, გონჯი არ ხარ. შეყვარებული ხარ, – ისეც უპასუხა საკუთრმა გამოსახულებამ.
– მერე გადამიყვარდეს! – თითქმის იყვირა ეკამ.
– ხომ კარგად ხარ? – სააბაზანოს კარი ლაშამ ლამის შემოგლიჯა.
– გადასარევად. მოვდივარ. ნუ გეშინია, არ დააგვიანებ. თუ გეჩქარება, მე ტაქსი გამომიძახე, სახლში უფრო მალე მიხვალ, – ისევ მიაგესლა ლაშა.
– კარგი, გეყოფა.
ლაშა გავიდა. ეკაც უკან მიჰყვა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც ერთს. მანქანიდან გადასვლამდე ლაშამ ჰკითხა:
– არ მაკოცებ?
– არა, სახლში რომ მიხვალ, ცოლი გაკოცებს და, საერთოდაც, რაღა ჩემს სახლთან აგიტყდება ხოლმე კოცნაობა, მოდი, შენს სახლთან დავდგეთ და ვიკოცნაოთ. მაგრამ, არა, შენს სახლთან არ შეიძლება, დაგვინახავენ და წმინდა ლაშას ხატებას ჩრდილი მიადგება, მერე ქათამიც დაღონდება...
– მართალი ხარ, რასაც მეუბნები, ყველაფერში მართალი ხარ, მაგრამ ხომ შეგიძლია, რომ ეს სხვანაირად მითხრა?! რატომ მელაპარაკები ასე უხეშად და უპატივცემულოდ? იცი, რომ მიყვარხარ, ყველაფერს გაპატიებ და ამით სარგებლობ.
– ჰო, ვიცი, როგორი დიდსულოვანი ხარ. ყველაფერს მაპატიებ და კვირაში ერთხელ გამჟიმავ. შენი სიყვარული ისეთი უსაზღვროა, რუსთაველი ტირის, მე რატომ ვერ მოვიფიქრე ასეთი სიუჟეტიო.
– შენ, უბრალოდ, გსიამოვნებს ჩემი წამება.
– დიახ, სადისტიც ვარ. ჰოდა, დამანებე თავი, ხომ ხედავ, რომ მე ისეთი უთავმოყვარეო ვარ, რომ ვერ ვახერხებ?! წადი უკანმოუხედავად.
– ასე თუ გააგრძელებ, წავალ.
– ჯანდაბამდე გზა გქონია! თუმცა შენს ცოლთან წასვლას, ისევ ჯანდაბაში ჯობია წასვლა, ინდოეთს მაინც ნახავ.
– რომ მოხვალ აზრზე და საღი აზრი დაგიბრუნდება, მაშინ დამირეკე, არ ატეხო ახლა მესიჯების გზავნა და რეკვა, – ლაშას ეს სიტყვები ეკას ბუნდოვნად მოესმა, სანამ მანქანის კარს მიუჯახუნებდა.
***
– უი, ლაშუნა მოვიდა, ალბათ, წავედი, ხვალ დაგირეკავ, – ნანამ ტელეფონი დაკიდა და კარისკენ გაემართა: ლაშუნა, შენ ხარ, დედიკო? რატომ დააგვიანე? არც ტელეფონზე მპასუხობდი, ხომ იცი, ვღელავ ხოლმე?!
ნანამ კარი გააღო და რძალს გასძახა: სუფრა გააწყვე, სწრაფად.
– არ მშია, სპორტდარბაზში ვჭამე, – მიუგო ლაშამ უხალისოდ.
„ისევ ის ქალი მოუშლიდა ნერვებს ჩემს ბიჭს, ან სად გადაეყარა და რით ვერ მოიშორა თავიდან?“ – თავისთვის გაიფიქრა ნანამ, ლაშას კი სიყვარულით გაუღიმა. ლალისგან განსხვავებით, ნანამ ეკას არსებობაც იცოდა, ნანახიც ჰქონდა მისი ფოტო. ეკა სძულდა, მაგრამ ლაშასთან არ იმჩნევდა. შვილთან ბავშვობიდან მეგობრობდა. მისი მესაიდუმლე იყო, ლაშა კი, როგორც ქართველი კაცების უმრავლესობა, რომლებიც დაკაცებას ვერასდროს ახერხებენ თავიანთი დედიკოების მარადი მზრუნველი კალთის ქვეშ, ყველაფერს უყვებოდა. ასე რომ, ნანამ იცოდა, რომ მის შვილს საყვარელი ჰყავდა და თან, დიდი ხანია. ოღონდ ისიც იცოდა, რომ ლაშა იმ ქალს საყვარელს არასდროს უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ უყვარდა. და თუმცა ნანას მტკიცედ სჯეროდა, რომ თავის ლაშუნას მხოლოდ დედა უყვარდა ყველა ქალზე მეტად ამ დედამიწაზე, შვილს აძლევდა უფლებას, ეფიქრა, რომ ეკაზე იყო შეყვარებული.
ვიღაც რომ გამოჩნდა ლაშას ცხოვრებაში, ნანამ ეს მაშინვე შეამჩნია – უცხო სურნელი ასდიოდა მისი შვილის ტანსაცმლის და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ეს არ იყო სუნამოს სუნი, მაგრამ ნანაც კი, სადღაც, გულის სიღრმეში აღიარებდა, რომ ამ სურნელს, მართლაც გასაოცარი ემოცია მოჰქონდა. ჩვეულებისამებრ, იფიქრა, რომ ეს მისი ლაშუნას მორიგი ინტრიგა იყო, ვინაიდან ნანამ იცოდა, რომ რძალი მხოლოდ რძლის როლს ასრულებდა უზადოდ: არ ერეოდა ნანასა და ლაშას ურთიერთობაში, ანუ ნანა აკონტროლებდა, რას და როდის მიირთმევდა მისი ძვირფასი ერთადერთი ვაჟი, ის ურეცხავდა და უმზადებდა საჭმელს და იცოდა ყველაფერი, რაც ლაშას ცხოვრებაში ხდებოდა. იფიქრეთ, რომ ნანა მარტოხელა დედაა? არამც და არამც – ნანა საკმაოდ ცნობილი ადამიანის ცოლი იყო და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ის ცნობილი ადამიანი საკმაოდ სიმპათიური მამაკაციც გახლდათ, მაგრამ ნანას მხოლოდ ლაშა აინტერესებდა, საკუთარი ცხოვრება არც ჰქონდა, ლაშას ცხოვრებითა და თავგადასავლებით არსებობდა. ამის გათვალისწინებით, რძალი იდეალური ჰყავდა: თითქმის უსახური, უემოციო, არაფერზე გამოთქვამდა პრეტენზიას, იმაზეც კი, რომ ლაშა მასთან არც წვებოდა. გარედან ჰარმონიული და ბედნიერი ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ფასადი იმდენად უზადო იყო, ის სურნელი რომ არა, ლაშას ტანსაცმელს რომ ასდიოდა ხოლმე დროდადრო, თვით ნანასაც კი სჯეროდა, რომ მათ გარდა (ნანა, მისი ქმარი – მალხაზი, ლაშა, მისი ცოლი – თეკო და ორი შვილიშვილი) არც არავინ არსებობდა.
დრო გადიოდა და ის სურნელი არ ქრებოდა ლაშას ტანსაცმლიდან, ნანას მახვილ მზერას არც ის ეპარებოდა, რომ ლაშას ძალიან ხშირად „რჩებოდა“ რაღაცები მანქანაში, რომელთა ამოსატანადაც შუაღამით ჩადიოდა ხოლმე. ნანა ამ დროს ფარდის უკან იდგა, თვალს ადევნებდა და კარგად ხედავდა, რომ თითოეული ამ გასვლის დროს ლაშა სადღაც რეკავდა, იმას გარდა, რომ მობილური ტელეფონის ხმა გამუდმებით ვიბრაციაზე ჰქონდა დაყენებული. ტელეფონის გაჩხრეკაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: ჯერ ერთი, თანამედროვე მოდელებში ცუდად ერკვეოდა, უფრო ზუსტად, არანაირად და, მეორე – ლაშას მობილური ტელეფონი მუდამ დაბლოკილი იყო, ნანამ კი პაროლი არ იცოდა.
ნანამ შვილს მზრუნველად ჩამოართვა ჩანთა, ამოალაგა ნამიანი ტანსაცმელი და აბაზანაში შეიტანა გასარეცხად. ლაშაც შევიდა ხელის დასაბანად.
– რამე მოხდა? – ვითომ სხვათა შორის ჰკითხა შვილს.
– არაფერი. დავიღალე, ბევრი საქმე მქონდა, – მოკლედ უპასუხა ლაშამ.
– ეკამ გაგაბრაზა? – ხმადაბლა ჰკითხა შვილს.
– დედა!!!
– არ მომწონს, ასეთს რომ გხედავ. ხომ ხედავ, ის ქალი შენზე ცუდად მოქმედებს. გაიხედ-გამოიხედე. იყავი მასთან, ვისგანაც ყოველთვის კარგ ხასიათზე დაბრუნდები. გული მიკვდება, ასეთს რომ გხედავ, – ნანამ ცრემლები მოიყენა თვალებზე და შვილს გულზე მიეხუტა. ვინ, თუ არა ნანამ იცოდა თავისი შვილის სუსტი წერტილები და ამას ყოველთვის იყენებდა, ვინაიდან ლაშას გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. უწინარეს მოკვდებოდა, ვიდრე დაუშვებდა, რომ ლაშას მისგან ცალკე ეცხოვრა, ამიტომაც არ იშურებდა ძალ–ღონეს, რომ მისთვის ოჯახი შეენარჩუნებინა და ლაშა სულ გვერდით ჰყოლოდა. ღამით დგებოდა ხოლმე და მის სუნთქვას ისევე უსმენდა, როგორც მაშინ, როდესაც ლაშა პატარა იყო.
ბუნებრივია, ლაშამ არაფერი უპასუხა და დედას თავზე აკოცა.
– ხომ არასდროს მიმატოვებ? – თითქმის შესტირა ნანამ.
– საიდან იგონებ ამ ტრაგიკულ ამბებს, რატომ უნდა მიგატოვო?! – დაუყვავა შვილმა.
– ვიცი, რომ საუკეთესო მყავხარ, მაგრამ მაინც...
– არანაირი მაინც, ქალბატონო ნანა, – გაუცინა ლაშამ და ნანასთვისაც სამყარო განათდა, დროც იხელთა: მომიყვები, რა მოხდა?
– არაფერი მომხდარა, დედა. უბრალოდ დავიღალე და ეკა ყველაზე საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი, საუკეთესო და კეთილშობილი... ნუ, შენ მერე, – დაამატა და დედას თავზე აკოცა.
ლაშამ გამოიცვალა და წამოწვა. მხოლოდ ასე ახერხებდა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო, ვითომ ეძინა, ხოლო, რადგან სახლში, ფაქტობრივად, უგვირგვინო მეფე იყო და გვირგვინოსან მეფესავით ექცეოდნენ (ამ საქმეს ნანა აკონტროლებდა), ასეთ დროს არავინ აწუხებდა.
ლაშა იწვა ჩართული ტელევიზორის წინ და ეკაზე ფიქრობდა: ნეტავ, ახლა რას აკეთებს? მართლა რომ მობეზრდეს და წავიდეს? არა, სად წავა? ვისთან? გადაუვლის სიგიჟე, დამშვიდდება და ისევ ის უსაყვარლესი ეკა გახდება, როგორიცაა. ეკა კი ერთდროულად ძალიან ქალურიც იყო და ძალიან უხეშიც, ძალიან საყვარელიც და ძალიან აუტანელიც, ძალიან დამყოლი და ძალიან ჯიუტი, არასდროს იცოდა ლაშამ, რა მოუვლიდა და რას მოიმოქმედებდა, რა ეწყინებოდა, რაზე გაბრაზდებოდა, რაზე მოეფერებოდა, რის გამო ეჩხუბებოდა.
– არა, არ დავურეკავ პირველი, იფიქროს, ბოდიში მომიხადოს და მერე ვნახოთ, – ამ ფიქრებში, მართლაც, ჩაეძინა და უცნაური სიზმარი ნახა. თავისი უფროსი ქალიშვილი დაესიზმრა, რომელიც სიზმარში მისი და ეკას შვილი იყო. სახელიც სხვა ერქვა: ნიტა. ნიტა თავის მშობლებს, ანუ ლაშასა და ეკას უყვებოდა, რომ ვიღაც ცოლიანი კაცი შეუყვარდა, რომელიც ეუბნებოდა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, მაგრამ ცოლს ვერ გაშორდებოდა, იმიტომ რომ ორი შვილი ჰყავდა და ბავშვებს ვერ მიატოვებდა. ნიტა ლაშას სიზმარში ცხარე ცრემლებით ტიროდა და ლაშასა და ეკას ჩახუტებული ჰყავდათ და ამშვიდებდნენ.
ხმაურმა გამოაღვიძა, ჯერ კიდევ ძილბურანში იყო და ვერ არჩევდა, ის იყო სინამდვილე, რაც დაესიზმრა, თუ ის სახლი, რომელშიც გაეღვიძა. ეკას ერთადერთ და ლაშას უფროს შვილებს მართლაც ერთი და იგივე სახელი ერქვათ. მაგრამ ეს ნიტა საიდან გამოჩნდა?!
– მამაშენს სძინავს, ნუ ბრახუნობ, – ნანა თავის უფროს შვილიშვილს, დეას მიმართავდა, სიზმარში ლაშას ნიტად რომ დაესიზმრა: ჯობია, დამთავრდეს ეს ყველაფერი, მაგრამ რომ არ შემიძლია?! – ავტომატურად დასწვდა ტელეფონს, ეკა დუმდა, მესიჯიც არ მოეწერა, რა თქმა უნდა, სალანძღავი, თუმცა ლაშას ეკას დასჯა ჰქონდა გადაწყვეტილი, გული მაინც დასწყდა, რომ ეკა არ წერდა, მაპატიეო. ვერაფრით იგებდა, რა უნდოდა იმაზე მეტი, რაც ჰქონდა: მიყვარს, მის გარდა არავინ მაინტერესებს. მეტი რა უნდა?!.. და ამასობაში ლაშას ტელეფონიც აზუზუნდა: მეგობარი ურეკავდა, ღამით პროექტი უნდა დაეწერათ: კი, სახლში ვარ. გელოდები, რამდენ ხანში ამოხვალ? კარგი...
გათიშა თუ არა, ნანას გასძახა: დედა, მშია და წამოდგა.
– ახლავე, უკვე მზადაა ყველაფერი. მოდი! – გამოსძახა ნანამ.
ლაშა სააბაზნოში შევიდა და სახეზე წყალი შეისხა. ეკა მოენატრა, მისი სრიალა კანი და მოციმციმე თვალები, რომლებიც თუ არ ბრაზობდნენ, უსაზღვრო სიყვარულით უყურებდნენ ლაშას. მაგრამ ლაშამ არ იცოდა, რამდენ ხანს დარჩებოდა იმ თვალებში ის უსაზღვრო სიყვარული, რომელიც წამიერად იცვლებოდა ხოლმე სიძულვილით, როგორც კი ეკას ლაშას ცოლიანობა გაახსენდებოდა და ეს ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როდესაც ეკა სახლში მიჰყავდა.
– ნანა, გიო ამოვა, უნდა ვიმუშაოთ გვიანობამდე.
– ჩვენ ხელს არ შეგიშლით, – დაუყვავა ნანამ და შვილს წინ დაუჯდა. უყვარდა ყურება, თუ როგორ ჭამდა მისი ლაშუნა მის მიერ გაკეთებულ საჭმელს. ყავაც მაშინვე მიართვა.
– მარიტა არ მოსულა? – იკითხა ლაშამ (მარიტა მის უმცროს შვილს ერქვა).
– არა, ბებიამისთან დარჩება ამაღამ, – ნანამ დაასწრო პასუხი რძალს, რომელიც გზააბნეულივით დაბოდიალებდა ოთახებში. ნანას რძალი თან ეცოდებოდა, თან – გულში უბრაზდებოდა, რომ ვიღაც ეკას გამოჩენას შეუწყო ხელი. ვერაფრით ხვდებოდა, როგორ მოახერხა ვიღაც ეკამ, რომ მის შვილს 10 წელია, სხვა ქალი არ აინტერესებდა. ხანდახან გულში გაჰკრავდა და მაინც, უცებ რომ წავიდეს იმ თავის ეკასთან და მიგვატოვოს?! – ნანას ეს ფიქრი აგიჟებდა და ამიტომ ცდილობდა, გაქცეოდა.
– კიდევ ხომ არ მოგიდუღო ყავა, ლაშუნა?
– არა, აღარ მინდა, – ცალყბად უპასუხა ლაშამ და ტელეფონს დახედა. ეკა დუმდა. მაგრამ ეს მაინც არაფერს ნიშნავდა, იმიტომ რომ (ლაშა ეკას თავის ხუთი თითივით იცნობდა და) იცოდა, რომ ახლა ბოღმას აგროვებდა და მერე ერთბაშად ამოანთხევდა, ამიტომ, მუშაობაში რომ ხელი არ შეშლოდა ან გიო არ მიმხვდარიყო, რომ ვიღაც ურეკავდა ან მესიჯებს უგზავნიდა, რომელსაც ლაშა არ პასუხობდა, ტელეფონს ხმა საერთოდ გამოურთო და მაგიდაზე ეკრანით ძირს დადო.
გიოს კარი ნანამ გაუღო, ყავა და ტკბილეული შემოუტანა და მარტო დატოვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან