რომანი და დეტექტივი

სამაგიერო

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.07, 2022 წელი

სამაგიერო
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #26(1122)

***

ლევან ხმალაძის მკვლელობის საქმეს ქალაქის პროკურატურა იძიებდა. ვანიკო დაზარალებულად სცნეს და დროგამოშვებით დაკითხვაზე სიარული უწევდა. ლევანის მკვლელი 26 წლის ვასილ კუტივაძე აღმოჩნდა. მოშავო-მოძველბიჭო სუბიექტი, რომელსაც „ვასკას“ ეძახდნენ. კუტივაძე, ეგრეთ წოდებული, „მორფინისტი“ იყო, როგორც მაშინ ნარკომანებს უწოდებდნენ. აგრეთვე, „ზარისტი“, ანუ ყომარბაზი, კამათლებით მოთამაშე. კამათლების გორებას ადრე ზარს უწოდებდნენ. „ვასკა“ არც წვრილმან ქურდობასა და „მელკი“ გამოძალვას თაკილობდა. თან, „რამკიანი“ ქურდობა უნდოდა, მაგრამ, რადგან იმ პერიოდში ოცდაათ წლამდე ასაკიანის „რამკაში ჩასმა“ გამორიცხული იყო, გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა, კუტივაძეს ჯერ კიდევ ბევრი „საპახაო“ ჰქონდა. თანაც, ისიც კარგად იცოდა, რომ თუკი „მორფინისტობას“ არ შეეშვებოდა, ქურდი ვერ გახდებოდა, რადგან მაშინ ქურდი და ნემსი ურთიერთგამომრიცხავი ცნებები იყო. იმ საბედისწერო ღამეს ვასილ კუტივაძე სოლოლაკის აფთიაქში მორფისთვის შეძვრა. უნდოდა, რაც შეიძლება, მალე „გაეჩხირა“. შემდეგ კი საქმეზე წასულიყო და „მაყუთი“ ეშოვა, რადგან სწორედ წინა დღეს „ვასკამ“ „ზარში“ 400 მანეთი წააგო და თავანი ორი დღის მერე უნდა ჩაებარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ფუფლოდ“ გამოაცხადებდნენ და არა მხოლოდ ქურდობა დარჩებოდა ტკბილ ოცნებად, არამედ სახლიდან ცხვირსაც ვერ გამოჰყოფდა და თუ „კაი ბიჭები“ სადმე მოიხელთებდნენ, ყურში წამორტყმა და „ჟაჟი“ გარანტირებული ჰქონდა. საქმეზე „ვასკა“ „გაჩხერის“ გარეშე არ დადიოდა და მორფსაც ამიტომ წაეტანა, თანაც, იმ ღამეს „ჰოპ-სტობს“ – ქუჩის ძარცვას გეგმავდა და წამალი ჰაერივით სჭირდებოდა. როდესაც ვასილ კუტივაძე მილიციელებმა შეიპყრეს და განყოფილებაში მიიყვანეს, მილიციელის დაჭრის გამო სასტიკად სცემეს. თვე-ნახევარი საავადმყოფოში იწვა და როდესაც ოდნავ გამოჯანმრთელდა, ძიებაც განახლდა. ვასილ კუტივაძე არ უარყოფდა მკვლელობას, მაგრამ ამბობდა, რომ სამწვერა მახვილი თავდაცვის მიზნით იხმარა და არა მოსაკლავად. „ვასკას“ თქმით, აფთიაქში შეძრომამდე მას, თითქოს, ქუჩაში ვიღაც უცნობთან შელაპარაკება მოუვიდა. ამის შემდეგ უცნობი წავიდა, კუტივაძე კი მორფისთვის აფთიაქში შეძვრა. „ვასკა“ აცხადებდა: ზურგს უკან მომესმა: ხელები მაღლა და არ გაინძრეო. ხმა იმ ბიჭისას ჰგავდა. ვიფიქრე, უკნიდან იარაღით მომადგა მოსაკლავად-მეთქი. შევტრიალდი, სამკბილაზე წამოვაგე და გავიქეცი, ისე, რომ არც კი შემიხედავს მილიციელი რომ დავჭერიო. მთელი ეს ტყუილი ადვოკატის მიერ იყო მოგონილი და „ვასკა“ მხოლოდ მის სიტყვებს იმეორებდა. ვასო კუტივაძეს მაქსიმალური ვადა – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან დახვრეტის მუხლი მის მიერ ჩადენილ ქმედებას არ უდგებოდა.

***

ვანიკო ხმალაძე ბოლო სასამართლო სხდომაზე მივიდა, სადაც ის შაოსანი გოგონა დაინახა, რომელსაც სასაფლაოზე შეხვდა. ბიჭს ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ ამ ქალში რაღაც საიდუმლო იმალებოდა და ეს საიდუმლო უეჭველად უნდა გაეგო. გადაწყვიტა, შაოსანს ასდევნებოდა და დაედგინა, ვინ იყო გოგონა, რომელიც სხდომათა დარბაზის ბოლო რიგში, კუთხეში იჯდა. ვანიკო პირველ რიგში, იჯდა და დროგამოშვებით გოგონას გახედავდა ხოლმე. სხდომა რომ დასრულდა და პატიმარი ბადრაგმა გაიყვანა, დამსწრეები გასასვლელისკენ გაემართნენ. ვანიკომ სწრაფად დატოვა დარბაზი და კუთხის კედელს ამოეფარა. შაოსანი გოგონა რომ გამოვიდა, ვანიკო აედევნა. ქუჩაში რომ გავიდნენ, გოგონა კონსერვატორიისკენ ფეხით დაეშვა. ვანიკო უკან მიჰყვა მას. გოგონამ კონსერვატორიას გვერდი აუარა და ნიჭიერ ბავშვთა ათწლედთან მდგომ შავ „ვოლგას“ მიუახლოვდა.

„არ შევმცდარვარ, სასაფლაოდან ის „ვოლგით“ წასულა“, – გაიფიქრა ვანიკომ და გაიქცა, რადგან გოგონა უკვე ავტომობილში იჯდა და ძრავას რთავდა. ვანიკომ „ვოლგის“ კართან მიირბინა, გამოაღო და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა. შაოსანს ნამტირალევი სახე ჰქონდა და ბიჭს უხმოდ მიაჩერდა.

– თქვენ სასამართლოზე იყავით წეღან. მე მოკლულ ლევან ხმალაძის ძმა ვარ, – უთხრა გოგონას ვანიკომ.

– ვიცი, – უპასუხა გოგონამ.

ვანიკო დაიბნა. შეყოვნდა და შემდეგ ენის ბორძიკით თქვა:

– თქვენ ჩემი ძმის საფლავზე დადიხართ?

– დავდივარ, – თქვა შაოსანმა.

ვანიკომ კიდევ ერთი პაუზა გააკეთა და გოგონას პირდაპირ უთხრა:

– ბოდიში, მაგრამ ვინ ბრძანდებით?

– კახიძე ლონდა, – კვლავ მოკლე პასუხი გასცა გოგონამ.

„ლონდა, ლონდა...“ – გაახსენდა ვანიკოს ლევანის ბოლო სიტყვა და თვალებზე ცრემლები მოადგა. გოგონას ალერსიანი მზერა მიაპყრო და უთხრა:

– ლევანმა ჩემ წინ დალია სული და მისი ბოლო სიტყვა იყო – „ლონდა“... მთელი ეს დრო თავს ვიმტვრევდი, თუ რას ნიშნავდა ეს. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ სახელი თქვა და მეგონა, სიტყვა გაუწყდა. ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ ის თქვენ გგულისხმობდათ. ასე მითხრა – შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. ლონდა... და გარდაიცვალა. ალბათ, უნდოდა ეთქვა, ლონდას მიხედეო.

ლონდა კახიძეს ნაღვლიანად გაეღიმა. ვანიკოს ალერსიანი მზერა მიაპყრო და უთხრა:

– მე და ლევანი შეყვარებულები ვიყავით და ძალიან მალე უნდა გვექორწინა, მაგრამ, როგორც ეტყობა, ეს არ გვეწერა. ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით. მამაჩემი მაღალჩინოსანი პარტიულია და ლევანი სულ წუხდა, შენ თავს ცოლად არ გამომატანსო. ჩემებმა დღემდე არაფერი იციან. ვიღაც პერსპექტიული საქმრო შემირჩიეს. მე კი გათხოვებას არ ვაპირებ. ამ საქმიდან არაფერი გამოვა, – ლონდამ პაუზა გააკეთა და სიგარეტი გააბოლა.

ვანიკომ პაუზით ისარგებლა და ლონდას უთხრა:

– ეჰ, ჩემო დაიკო, შენი საქმე შენ იცი, მაგრამ ლევანს ვერ გავაცოცხლებთ და მე მგონი, ჯობია, მშობლებს დაუჯერო და გათხოვდე. ასე უფრო მალე მოიშორებ დარდს. ბავშვი გაგიჩნდება და მთელ ყურადღებას მასზე გადაიტან.

ლონდამ სიგარეტის ნამწვი მანქანის საფერფლეში ჩაასრისა. მუცელზე ხელები დაიდო და ვანიკოს უთხრა:

– აი, ბავშვი. მეოთხე თვე დაიწყო, რაც ლევანის სიყვარულის ნაყოფს მუცლით ვატარებ.

ვანიკო, პირდაფჩენილი ადგილზე გაქვავდა. ხან ლონდას უყურებდა, ხან მის მუცელს. ბოლოს ენის ბორძიკით უთხრა:

– მუცელი არ გეტყობა.

– ვიხვევ და იმიტომ არ მეტყობა, მაგრამ მეტი აღარ შეიძლება, თორემ ნაყოფი დაიღუპება. მე კი გადაწყვეტილი მაქვს, აუცილებლად გავაჩინო და ამიტომ ინსტიტუტის საბუთები მოსკოვში გადავიტანე: სამ დღეში მივემგზავრები და იქ ვიმშობიარებ, – უთხრა ლონდამ ვანიკოს. შემდეგ საათს დახედა და დაამატა, – ბოდიშს გიხდი, მაგრამ მეჩქარება. სახლში დროზე უნდა მივიდე.

– ლონდა, როგორ დაგიკავშირდე? – ჰკითხა ვანიკომ გოგონას.

ლონდამ ბლოკნოტში რაღაც ჩაწერა, ფურცელი ამოხია, ვანიკოს მიაწოდა და უთხრა:

– ეს ჩემი ტელეფონის ნომერია. ეს კი მოსკოვური ტელეფონი. იქ ბინა გვაქვს და მარტო ვიცხოვრებ. თუ მოახერხებ, ჩამოდი.

– მოვახერხებ. აუცილებლად მოვახერხებ, – სიხარულით წამოიძახა ვანიკომ და ამის მიზეზი ახლო მომავალში ძმისშვილის დაბადების განცდა იყო. ვანიკო ლონდას ჩაეხუტა და სანამ მანქანიდან გადავიდოდა, დაამატა, – ნახვამდის, სულ მალე დიდ სიხარულს ვიზეიმებთ!

ვანიკო ხმალაძე თითქმის, ყოველ კვირას რეკავდა მოსკოვში და ლონდას ელაპარაკებოდა. ოთხი თვის შემდეგ ყურმალს რუსის ქალმა უპასუხა და ვანიკომ ლონდა მოითხოვა.

– ვინ ხარ? – იკითხა ქალმა.

– ლონდას ბავშვობის მეგობარი ვარ. რუსეთში ვსწავლობდი და თბილისში დღეს ჩამოვედი, – იცრუა ვანიკომ.

ქალმა პაუზა გააკეთა და თქვა:

– ლონდა გუშინ დილით მშობიარობას გადაჰყვა.

– ბავშვი? – იღრიალა ვანიკომ.

– გაგუდული დაიბადა, – თქვა ქალმა.

ვანიკოს ელდა ეცა. ტელეფონი კედელს მიანარცხა. იატაკზე დაეცა და გამწარებული იატაკს თავს ურტყამდა.

***

ლონდა კახიძის დასაფლავებას ზღვა ხალხი დაესწრო და ვანიკოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იქ მისასვლელად. როგორც ხალხში მოსმენილი საუბრებიდან შეიტყო, ლონდასა და ლევანის ამბავი არავინ იცოდა და ლონდას მაღალჩინოსანი მამა ინტენსიურად ცდილობდა იმ „ვიგინდარის“ პოვნასა და დასჯას, ვინც მის ქალიშვილს „ნამუსი ახადა და მიატოვა“. ვანიკო განადგურებული დაბრუნდა შინ და ისეთ ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, რომ საჭმელს პირს აღარ აკარებდა. არც ვინმეს ნახვა სურდა და კარს დეიდა ტასოსაც კი არ უღებდა.

ვანიკო სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა და მიუხედავად იმისა, რომ არმიისთვის თავის არიდება კანონიერად შეეძლო, ჯარში წაყვანა მოითხოვა. ის არ „გააწბილეს“ და თხოვნა სიხარულით შეუსრულეს. სანამ ჯარში გაემგზავრებოდა, ვანიკო დეიდა ტასოსა და მის შვილებს გამოემშვიდობა და უთხრა:

– აი, ჩემი სახლის გასაღები, დეიდა ტასო და მიხედეთ. როცა დავბრუნდები, გამოგართმევთ.

***

ორი წლის შემდეგ თბილისში დაბრუნებული ვანიკო ისე იყო დავაჟკაცებული, რომ ვერ იცნობდით. თანაც უფრო გულჩათხრობილი ჩანდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ თბილისში დაბრუნებიდან ერთი თვის თავზე ვანიკო თბილისის სასულიერო სემინარიაში მოეწყო, საეკლესიო ცხოვრებაში მთელი არსებით ჩაება და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტ სახელს იხვეჭდა. პატარა ვანიკო მამა იოანე გახდა, ის თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობდა. პარალელურად კი სასულიერო აკადემიაში სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მამა იოანე სულ რაღაც 33 წლის იყო, როდესაც უთხრეს, საეპისკოპოსოდ მოემზადეო. მან კი ამის მთქმელს დაუჩოქა და სთხოვა, ედროვებინათ მისთვის, რადგან ეპარქიის ჩასაბარებლად ჯერ მზად არ იყო და გამოცდილებისა და სულიერი ცოდნის დაგროვება სურდა. ეს რომ ხალხმა შეიტყო, იოანეს პატიოსან სახელს მეტი ღირსება შეემატა და მისი მრევლი გაოთხმაგდა. ყველას მასთან მისვლა, აღსარების ჩაბარება და მისგან ზიარების მიღება სურდა. ამიტომ ეს პროცედურა ძალიან დიდი დროის განმავლობაში გრძელდებოდა. მამა იოანე არავის ეუბნებოდა უარს; ყველას ბოლომდე ყურადღებით უსმენდა და მოძღვრავდა.

ლევან ხმალაძის მკვლელობიდან 17 წელი იყო გასული. მამა იოანეს მრევლში ბევრი ახალი ადამიანი მოვიდა და მათ შორის იყო გამხდარი, გრძელთმა-წვერიანი, ჭაღარა კაცი, რომელიც თავის ასაკზე უფროსად გამოიყურებოდა. ის ყოველდღე დადიოდა ტაძარში და ყველა რიტუალს თავიდან ბოლომდე ესწრებოდა, გარდა ზიარებისა. ამ დროს ის ტაძრის კუთხეში იდგა ხოლმე. მამაოს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ კაცს მღვდელთან მისვლა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. მრევლში მისი გამოჩენიდან ორი კვირის თავზე, მამაომ თავად იხმო ეს კაცი და უთხრა:

– რა გქვია, შვილო?

– ვასილი, მამაო, – უპასუხა კაცმა.

– გეტყობა, რაღაცის თქმა გსურს და ვერ ბედავ. ხომ არ ვცდები? – იკითხა მამა იოანემ.

– დიახ. აღსარების თქმა მინდა, მამაო, – თქვა ვასილმა, პასუხის მერე კი დაამატა, – და თუ ღირსი ვიქნები, ზიარებაც.

– კარგი, ვასილ, ამ საღამოს, ძილის წინ და ხვალ დილით ლოცვები წაიკითხე და ტაძარში მოდი, – უთხრა მამაომ ვასილს.

მეორე დღეს ვასილი ტაძარში მივიდა. კუთხეში დადგა და ლოცვების კითხვას შეუდგა. იმ დღეს ტაძარში განსაკუთრებულად ბევრი ხალხი მივიდა და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აღსარების ჩაბარება უნდოდა. ამიტომ ეს პროცედურა გვიან საღამომდე გაგრძელდა და თერთმეტი სრულდებოდა, როდესაც მამა იოანემ ტაძარში მარტო მყოფი ვასილი იხმო:

– მოდი აქ, ვასილ!

ვასილი გაუბედავად მივიდა მამაოსთან და უთხრა:

– მამაო, ძალიან დაღლილი იქნებით და სხვა დროს ხომ არ იყოს?

– თუ მხოლოდ ესაა მიზეზი, მაშინ ახლა თქვი აღსარება. რა თქმა უნდა, სხვა დროსაც, – უთხრა მამაომ და დაამატა, – ბოლოს როდის თქვი აღსარება?

– პირველად ვამბობ, მამაო, – უპასუხა ვასილმა.

– ჰოდა, რადგან პირველად ამბობ, ზიარებასაც მიიღებ, სხვა დროს კი, რომ ეზიარო, უფრო მეტი რწმენით უნდა იცხოვრო, – თქვა მამა იოანემ და იკითხა, როგორ გირჩევნია, შვილო, შენ თვითონ მომიყვები, თუ კითხვები დაგისვა?

– მე მოგიყვებით, მაგრამ, თუ საჭიროდ ჩათვლით, კითხვებიც დამისვით, – თქვა ვასილმა.

– კარგი. აბა, გისმენ, შვილო, – თქვა მამაომ.

ვასილმა ამოისუნთქა და დაიწყო:

– მამა იოანე, მე თხუთმეტწლიანი სასჯელი მოვიხადე ციხეში და ორი წლის წინ გავთავისუფლდი. ორი წელი ვყოყმანობდი, მოვსულიყავი თუ არა ეკლესიაში და ბოლოს მაინც გადავწყვიტე. ცოდვილი ვარ, დიდი ცოდვილი. ჩემს დანაშაულს ისიც დაემატა, რომ ჩემი მშობლები ჩემზე დარდს გადაჰყვნენ და სანამ ციხეში ვიჯექი, გარდაიცვალნენ. არადა, ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ და დედისერთა შვილისგან მიყენებული სირცხვილსა და უბედურებას ვერ გაუძლეს. ვიცი, რომ მათი სიკვდილით ღმერთმა სამაგიერო გადამიხადა და მინდა, ეს ცოდვები ჩემი ახალი ცხოვრებით გამოვისყიდო.

მამა იოანემ ვასილი გააჩერა და უთხრა:

– ღმერთი არავის უხდის სამაგიეროს, ღმერთი ჭეშმარიტ გზას გვიჩვენებს, შვილო და კარგად დაიმახსოვრე ეს. ახლა კი მითხარი, რა დანაშაულისთვის იჯექი ციხეში. რა დააშავე?

– ახალგაზრდა კაცი მოვკალი, მამაო, მილიციელი, – თქვა ვასილმა.

ამ სიტყვებზე მამაოს კინაღამ ფეხები მოეკვეთა, მაგრამ თავი შეიმაგრა. ვასილს კარგად დააკვირდა და მასში ლევანის მკვლელი, ვასო კუტივაძე იცნო.

– განაგრძე.

– მე მას სამკბილა, ფოლადის დიდი ალესილი ჩანგალი გავუყარე მუცელში და იმის მაგივრად, რომ დავხმარებოდი, გავიქეცი. მაშინ თავს დამნაშავედ არ ვთვლიდი და ამაზე მას შემდეგ დავფიქრდი, როდესაც ციხეში ჩემი მშობლების სიკვდილის ამბავი შევიტყვე. მამაო, ვინანიებ ამ სამი ადამიანის მკვლელობას და ღმერთს მიტევებასა და ზიარებას ვთხოვ, – თქვა ვასილ კუტივაძემ და მამაოს მიაპყრო მზერა.

მამა იოანე ჯერ კიდევ შურისძიებით შეპყრობილი პატარა ვანიკო იყო და კუტივაძეს უთხრა:

– შენ ვინც მოკალი, ის ჩემი უფროსი ძმა იყო. შენს მშობლებს არ ვიცნობდი, მაგრამ სწორად ფიქრობ, რომ მათი სიკვდილიც შენს კისერზეა. თუმცა ცდები, შენ სამი კი არა, ხუთი ადამიანი მოკალი და მათ შორის ჩემი ძმის საცოლე და მათი სიყვარულის ნაყოფი, რომელიც გაგუდული დაიბადა და დედამისი კი მშობიარობას გადაჰყვა. მართალია, ვინანიებო, ამბობ, მაგრამ მიტევება-ზიარებამდე ძალიან გრძელი გზა გაქვს გასავლელი. პიროვნულად ჩათვალე, რომ მე მოგიტევე. მთავარი ახლა ღმერთია და გირჩევ, ისე იცხოვრო, რომ მანაც მოგიტევოს.

ვასილ კუტივაძე უხმოდ გავიდა ტაძრიდან და სიბნელეს შეერია. დილით კი მეზობლებმა ის მისაღებ ოთახში, ჭაღის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, მაგიდაზე კი თაბახის ფურცელი იდო, რომელზედაც ეწერა – „წ ა ვ ე დ ი“.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი