რომანი და დეტექტივი

სამაგიერო

№26

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.07, 2022 წელი

სამაგიერო
დაკოპირებულია

ვანიკო ოფლში ცურავდა. საწოლში წრიალებდა და წუხდა. 17 წლის ყმაწვილს კოშმარი ესიზმრებოდა – ის კლდის პირას იდგა და გრანიტის ქიმზე ჩამოკიდებული ლევანის გადარჩენას ცდილობდა. ლევანი ვანიკოს უფროსი ძმა იყო და უფსკრულის თავზე ეკიდა. ვანიკო დაიხარა და მაგრად ჩაავლო ხელი ძმას. მაგრამ თავადაც დაუცურდა ფეხი და კლდეზე დაცურდა. ლევანმა კი უკანასკნელი ძალები მოიკრიბა. უმცროს ძმას თავი შეაშველა და საშუალება მისცა, რომ დაყრდნობოდა. ვანიკომ ძმის თავს ფეხი დაჰკრა და ისევ კლდის პირას დადგა. ლევანი კი გრანიტის ქიმს მიაწყდა და უფსკრულისკენ გაქანდა. ვანიკო კლდის პირას დაწვა და საშინელი ყვირილით მიადევნა თვალი ლევანის ვარდნას... ბიჭს გამოეღვიძა. ოფლში გაწურული საწოლზე წამოჯდა და მიაყურა... კარზე აბრახუნებდნენ. კედლის საათი დილის ექვსის ნახევარს უჩვენებდა. ბიჭი წამოდგა. კართან მიირბინა. გააღო და გაფითრებული დეიდა ტასო შერჩა. ქალმა ბიჭი შეათვალიერა და უთხრა:

– სასწრაფოდ ჩაიცვი, ვანიკო. საავადმყოფოში უნდა წახვიდე. ნოდარი წაგიყვანს. გელოდება უკვე.

დეიდა ტასო, ვანიკო და ლევან ხმალაძეების კარის მეზობელი იყო. ნოდარი კი – მისი ვაჟი.

ვანიკოს არც კი უკითხავს, რაში იყო საქმე და ქალის მითითება ავტომატურად და სწრაფად შეასრულა. ჩაცმული წარუდგა დეიდა ტასოს. ქალმა კი უხმოდ ანიშნა ბიჭს ეზოსკენ, სადაც მისი ვაჟი „მოსკვიჩში“ ელოდებოდა ვანიკოს. უმცროსმა ხმალაძემ სწრაფად ჩაირბინა იტალიური ეზოს კიბეები. ავტომობილში ჩაჯდა და ნოდარმა „მოსკვიჩი“ ადგილიდან დაძრა.

შეწუხებული დეიდა ტასო მეორე სართულის აივნის მოაჯირს დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.

– რა ხდება, ტასიკო, ხომ მშვიდობაა, გოგო? – გადმოსძახა დეიდა ტასოს ფანჯრიდან მეოთხესართულელმა ქეთომ, რომელიც ეზოს მობინადრეთა შორის ყველაზე ადრე იღვიძებდა.

– მშვიდობა კი არა და, – ხელი ჩაიქნია დეიდა ტასომ და დაამატა, – წუხელ ვიღაც ნაძირალამ ჩვენი ლევანიკო დაჭრა და ძალიან მძიმედაა ბიჭი. ჩემმა თემურმა დამირეკა საავადმყოფოდან და მითხრა, ვანიკო მოიყვანე, ლევანი უხმობსო. თემურმა გაუკეთა ოპერაცია, მაგრამ გადარჩენის შანსი თითქმის არ არის. მთელი მუცელი დანაწევრებული ჰქონია.

– უი, უი! ვაი, შენს დედას, შვილო, შვილო! – აკივლდა მეოთხესართულელი ქეთო. ოცი წუთის მერე კი იტალიური ეზოს ყველა მობინადრე ეზოში შეიკრიბა. კიდევ ოცი წუთის შემდეგ კი ყველანი „არამიანცის საავადმყოფოსკენ“ გაერმართნენ მომაკვდავი ლევან ხმალაძის მოსანახულებლად.

***

22 წლის ლევან ხმალაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. პარალელურად კი მილიციაში მუშაობდა და ყოველ მესამე დღს 24-საათიანი მორიგეობა უწევდა განაწესის მიხედვით. იმ საბედისწერო ღამეს ლევანი რუსთაველის გამზირიდან სოლოლაკის მიმართულებით ფეხით პატრულირებდა. მისი მოვალეობა იყო სავაჭრო ობიექტებისა და დაწესებულებების ზედაპირული დათვალიერება. აგრეთვე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ხულიგან-დებოშიორებისგან. ლევანს თან რაცია ჰქონდა და საჭიროების შემთხვევაში მაშველი მობილური ჯგუფი უნდა მოეხმო დახმარებისთვის. ღამის 2 საათი სრულდებოდა. ლევანმა ლენინის მოედანი გაიარა და კიროვის ქუჩაზე აუხვია. კიდევ ორმოციოდე მეტრი გაიარა და სახელმწიფო ბანკის შენობასთან შეჩერდა. მოპირდაპირე მხარეს, თბილისის უძველესი აფთიაქის შენობაში ლევანმა მამაკაცი დაინახა. ის აფთიაქში აქეთ-იქით აწყდებოდა და აშკარად რაღაცას ეძებდა. მორიგე მილიციელმა ქუჩა გადაჭრა. აფთიაქთან ფეხაკრეფით მივიდა და მარცხენა კუთხეში ჩამსხვრეული ვიტრინა დაინახა. აშკარა იყო, რომ მამაკაცმა ამ გზით შეაღწია შიგნით. ლევანი ჩამსხვრეულ ვიტრინაში შეძვრა და აფთიაქში ფეხაკრეფით შევიდა. დაუპატიჟებელი ვიზიტორი ამ დროს სეიფს „ეჩალიჩებოდა“ და მის გახსნას ცდილობდა. სეიფში ნარკოტიკები ინახებოდა და ლევანი მიხვდა, რომ „მოჩალიჩე“ მორფის ამპულების „დათრევას“ ცდილობდა. ასეთი რამ იმ პერიოდის თბილისში ხშირად ხდებოდა და იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დანაშაულისთვის სასჯელი ასმანეთიანი ჯარიმიდან ორთვიან ციხემდე იყო, გამომდინარე ზარალიდან, „მორფინისტები“ არ ერიდებოდნენ ამ დანაშაულს. ლევანი „მოჩალიჩისგან“ ნახევარ მეტრში გაჩერდა და შესძახა:

– არ გაინძრე! ხელები მაღლა!

„მოჩალიჩე“ ჯერ გაქვავდა. შემდგომ მკვეთრად შემოტრიალდა. იარაღზე ხელი აუკრა და ლევანს გრძელი, ალესილი სამპირა ფოლადის ნაკეთობა მუცელში ატაკა. შეატოვა და გაიქცა. ლევანმა საშინელი ტკივილის მიუხედავად რაციაში ინფორმაციის გადაცემა მოასწრო. შემდეგ ფოლადის იარაღი მუცლიდან გამოიძრო და უგონოდ დაეცა იატაკზე, რადგან ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. მობილურმა პატრულმა დამნაშავე იქვე, ლენინის მოედანზე, დადიანის ქუჩის კუთხეში დააკავა. მალევე მივიდნენ ლევანთანაც, რომელსაც ფოლადის იარაღი მაგრად ჩაებღუჯა ხელში. უგონოდ იწვა და სისხლი ნაკადულივით სდიოდა. მძიმედ დაჭრილი მორიგე მილიციელი კოლეგებმა ავლაბარში, არამიანცის საავადმყოფოში მიიყვანეს. მეორე ქირურგიულ განყოფილებაში თემური ექიმი, ხმალაძეების კარის მეზობელი, დეიდა ტასოს შვილი მორიგეობდა. მან სასწრაფო ოპერაცია გაუკეთა ლევანს. გამთენიისას კი სახლში დარეკა და დაფეთებულ დედას უთხრა:

– მე ვარ, დედა, მომისმინე.

– რა იყო, თემურ, მოხდა რამე? – ჰკითხა დეიდა ტასომ.

– ჩვენი ლევანიკო ხმალაძეა აქ. ძალიან მძიმედაა დაჭრილი მუცელში. ნაწლავები სულ დაფლეთილი აქვს. სასწრაფო ოპერაცია გავუკეთე, მაგრამ გადარჩენს შანსი თითქმის არ არის. ახლა სძინავს. ვანიკო გააღვიძე, რომ ცოცხალს მოუსწროს ძმას. ნოდარმა წამოიყვანოს, – თქვა თემურმა. ტელეფონის ყურმილი დაკიდა და თვალები ცრემლებით აევსო.

თემური ლევან ხმალაძეზე სულ რაღაც 9 წლით იყო უფროსი, მაგრამ ძმები მის ხელში გაიზარდნენ. ისევე, როგორც თემერი და მისი უმცროსი ძმა, ნოდარი გაიზარდნენ ელენე და კოტე ხმალაძეების ხელში. ელენე და კოტე ვანიკოსა და ლევანის დედ-მამა იყო. ისინიც ამ იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ. ერთად იზრდებოდნენ და ერთ კლასში სწავლობდნენ. სკოლის დამთავრების დღეს კი გაიპარნენ და ნორჩები დაქორწინდნენ. ხმალაძეებს უბედნიერესი ოჯახი ჰქონდათ, მაგრამ, როდესაც ლევანი 17 წლის იყო, ვანიკო კი – თორმეტის, ელენე და კოტე ავტოავარიაში დაიღუპნენ და ძმები დაობლდნენ. მათი ერთადერთი ბებია, ელენეს დედა კი სულ რაღაც სამი თვის მერე დარდისგან გარდაიცვალა. უმცროსი ძმის აღზრდა ლევანმა ითავა და ვანიკოს მშობელივით ედგა თავზე. ლევანი სწავლობდა, თან მუშაობდა, ძმას ჩიტის რძესაც არ აკლებდა და ცდილობდა, რომ სხვისი დახმარება არ დასჭირვებოდა.

ნოდარი უხმოდ მიაქროლებდა „მოსკვიჩს“ „არამიანცის საავადმყოფოსკენ“ და როდესაც ავლაბრის აღმართი აიარეს, მხოლოდ მაშინ ჰკითხა ვანიკომ ნოდარს:

– რა მოხდა, ნოდარ, სად მივდივართ?

ნოდარმა, რა თქმა უნდა, დაწვრილებით იცოდა ყველაფერი და ყველაზე მეტად ამ კითხვის ეშინოდა, ამიტომ შორიდან დაიწყო:

– „არამიანცში“, ვანიკო. თემურმა დარეკა. ლევანიკოს ოპერაცია გაუკეთდა და ვანიკო მოიყვანეთო.

– რა დაემართა ლევანს? – იკითხა ვანიკომ.

– მუცელშია დაჭრილი. მორიგეობაზე შეემთხვა, – უპასუხა ნოდარმა და დაამატა, – მეტი არაფერი ვიცი, ვანიკო.

– ხომ ცოცხალია ჩემი ძმა, ნოდარ! – წამოიყვირა ვანიკომ, რომელსაც დილანდელი კოშმარული სიზმარი გაახსენდა.

– ცოცხალია. ვანიკო, არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ? – გაუბედავად თქვა ნოდარმა, რადგან იცოდა, რომ ლევანს გადარჩენის მცირე შანსი ჰქონდა და შესაძლოა, ცოცხალისთვისაც კი ვერ მიესწროთ მასთან.

თემური ვანიკოს რეანიმაციულ განყოფილებასთან დახვდა. ხალათი მოახურა და ლევანის პალატისკენ გაუძღვა. შემდეგ კარი გაუღო და პალატაში შეუშვა. ლევანს წვეთოვნები ედგა. თვალდახუჭული იწვა და შუბლიდან ოფლი სდიოდა. ვანიკო ძმას მიუახლოვდა. მარლას დასწვდა და უფროს ძმას შუბლიდან ოფლი მოსწმინდა. ლევანმა თვალი გაახილა. ძმას გაუღიმა და მისუსტებული ხმით უთხრა:

– მომისწარი, ვანიკო?

– ლევან, როგორ ხარ? – ენის ბორძიკით თქვა თვალცრემლიანმა ვანიკომ.

– ვკვდები, ძამიკო, ჩვენ მშობლებთან მივდივარ, მაგრამ არ შეგეშინდეს. გესმის, ვანიკო, არაფრის არ შეგეშინდეს. უკვე დიდი ხარ. ვაჟკაცი და კაცურად მიჰყევი ცხოვრებას. შურისძიებაზე კი არც იფიქრო. ღმერთი იწამე და ის დაგიფარავს. ჭეშმარიტ გზას გიჩვენებს. სიმართლით გატარებს და ბოროტებას აგარიდებს. გაიგე, ძამიკო? – თქვა ლევანმა და უღონო ხელი ვანიკოს ხელზე დაადო.

ვანიკომ მეორე ხელი დაადო ხელზე ლევანს და უთხრა:

– გავიგე, ლევან, გავიგე. არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება.

– ვანიკო, ძამიკო, შენთან ერთი თხოვნა მაქვს, – მიმქრალი ხმით დაიწყო ლევანმა, თან სახეზე ცარცისფერი დაედო, ოფლმა დაასხა და სანამ უკანასკნელად ამოისუნთქავდა, დააყოლა:

– ლონდა...

ვანიკო ჯერ ვერ მიხვდა, რა მოხდა, შემდეგ მარლას დასწვდა, რომ უფროსი ძმისთვის ოფლი მოეწმინდა და როდესაც მის სახეს დააკვირდა, მაშინღა გაიაზრა, რომ ლევანი აღარ იყო. ვანიკო საწოლის წინ მუხლებზე დაეცა. ძმის ჩამოვარდნილი ხელი შუბლზე მიიდო და მწარედ აქვითინდა.

***

ლევან ხმალაძე ვაკის სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს. ვანიკო კი იმ დღეს გახდა 18 წლის. მეზობლებმა და ლევანის კოლეგებმა უამრავი ფული შეკრიბეს და ვანიკოს გადასცეს. მან კი მთელი თანხა სასაფლაოს მოახმარა, ძმას ძეგლი დაუდგა და იქ ძალიან დიდ დროს ატარებდა ზოგჯერ ღამითაც კი რჩებოდა და უზომო მწუხარებას შეეპყრო მთელი მისი არსება. ერთ დღეს, როდესაც ღამენათევი ვანიკო სასაფლაოდან გამოდიოდა, მას ახალგაზრდა, შავებში ჩაცმული, ლამაზი გოგონა შეხვდა. ხელში ყვავილები ეჭირა. გოგონამ უცნაურად შეხედა ვანიკოს, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მაგრამ უხმოდ აუარა გვერდი და საფლავებისკენ განაგრძო გზა. ვანიკო კი ფეხით დაეშვა დაღმართზე, მაგრამ ვაკის პარკთან რომ მივიდა, გაახსენდა – სასაფლაოზე მარმარილოს ჯვარი დარჩენოდა, რომელიც ეკლესიაში უნდა ეკურთხებინა. უკიდურესად დაქანცული ვანიკო უკან გაბრუნდა. ლასლასით აუყვა აღმართს. ლევანის სასაფლაოს რომ გაუსწორდა, ორმოცდაათიოდე მეტრში, იმ შავებში ჩაცმულ გოგონას მოჰკრა თვალი, რომელიც მანამდე სასაფლაოს შესასვლელთან დაინახა. შაოსანი სწრაფად ეშვებოდა ქვევით. ვანიკოს მოეჩვენა, რომ გოგონა ლევანის საფლავიდან მოდიოდა. გოგონამ ბიჭს სწრაფად ჩაუარა გვერდით და გასასვლელისკენ გაემართა. ვანიკომ იფიქრა, გავეკიდები და ვკითხავო, შემდეგ კი გადაიფიქრა, – სისულელეა, გიჟი არ ვეგონო. ამ საცოდავს თავისი გაჭირვებაც ეყოფაო და ლევანის საფლავისკენ გაემართა. მაგრამ საფლავის კართან რომ მივიდა, გაქვავდა – საფლავზე ყვავილები ეწყო. „შაოსანი გოგონა... ნამდვილად ის იყო ახლა აქ“, – გაუელვა ვანიკოს თავში. ქვევით გაიქცა. ვანიკოს სურდა, იმ შაოსან გოგონას დასწეოდა და გაეგო, ვინ იყო ის და ლევანის სასაფლაოზე რატომ მივიდა, მაგრამ გოგონას კვალს ვერსად მიაგნო. ახლომახლო ყველაფერი შემოირბინა, მაგრამ გოგონა არ ჩანდა, შემდეგ შედგა და ჩაფიქრდა. გაიხსენა, რა მდგომარეობაში იყო მაშინ, როდესაც ღამენათევი გამოდიოდა სასაფლაოდან. იმ მომენტში არც ადამიანები იყვნენ იქ, არც ტაქსები, ხოლო ტრანსპორტი კი სასაფლაომდე არ ადიოდა. ვანიკომ გონება დაძაბა, თვალები დახუჭა და გაახსენდა, რომ სასაფლაოს შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, სულ რაღაც ოციოდე მეტრში შავი ფერის „ვოლგა“ „გაზ 21“ იდგა. მანქანაში არავინ იჯდა და ვანიკოს ეს მკაფიოდ ახსოვდა. „ვოლგა“ იდგა მაშინაც, როცა ვანიკო სასაფლაოზე მობრუნდა. ახლა კი „ვოლგის“ კვალიც არ ჩანდა. „გამოდის, რომ ის გოგონა „ვოლგით“ მოვიდა და წავიდა და დიდი ალბათობით, თავად იჯდა საჭესთან“, – გაიფიქრა ვანიკომ და სასაფლაოზე შებრუნდა, მარმარილოს ჯვარი აიღო და სასაფლაოდან წამოვიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი