რომანი და დეტექტივი

სამაგიერო

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.01, 2022 წელი

სამაგიერო
დაკოპირებულია

ივლისის მზის მოსკოვური სიცხე „მატროსკაია ტიშინას“ ყინულოვან სარდაფშიც აღწევდა და მუდმივად სველი კედლები უდაბნოს ქვიშასავით გამომშრალიყო. ერთადგილიან საკანში აუტანელი ჩახუთულობა იდგა. ადრე იქ დასახვრეტ კონტინგენტს ათავსებდნენ. სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის მერე კი „აძინოჩკებში“ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებსა და ციხის რეჟიმის უხეშ დამრღვევებს ამწესებდნენ. 33 წლის ვაჟა ხარბედია „სტროგაჩიც“ იყო და არც ციხის რეჟიმს ეპუებოდა. ამიტომ ორი კვირით მიწისქვეშეთის ¹7 საკანში ჩასვეს. ზაფხულში იქ საჰარა იყო. ზამთარში კი – ანტარქტიდა და ორი კვირა ამ ჯოჯოხეთში არავის გაუძლია. რეკორდი 11 დღე იყო და ისიც ცნობილ დურუ ხურცილავას ეკუთვნოდა, რომელიც მცირე ხნით ამ ციხის პატიმარი იყო და შემდეგ კი საქართველოში გაგზავნეს ეტაპით. დურუს, უბრალოდ, ეტაპმა მოუწია, თორემ, ალბათ, ორ კვირაზე მეტსაც გაძლებდა მიწისქვეშეთში. ძირითადად, პატიმარებს მე-5-მე-6 დღეს მისდიოდათ გული და გათიშული გამოჰყავდათ იქიდან. ზაფხულში ეს სიცხისგან ემართებოდათ, ზამთარში – სიცივისგან. შემოდგომა-გაზაფხულზე კი მიწისქვეშეთში გაურკვეველი მიზეზის გამო ისე დაბლა ეცემოდა წნევა, რომ პატიმრებს ლამის თვალები უცვივდებოდათ ბუდეებიდან. ერთი სიტყვით, „მატროსკა“ ხომ სამოთხისგან საკმაოდ შორს იყო, მაგრამ მის მიწისქვეშეთში ისეთი ჯოჯოხეთი ტრიალებდა, რომელიც დანტეს შედევრშიც კი არ არის აღწერილი. ვაჟა ხარბედია გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე ჩაიყვანეს მიწისქვეშეთში ზედამხედველის შეურაცხყოფისთვის. ერთ-ერთმა „კლუჩინიკმა“ ღამის 2 საათზე უზარმაზარი ფოლადის გასაღები გაუსვა საკნის კარს და პატიმრები გააღვიძა. ვაჟას გარდა ხმა არავის ამოუღია და „კლუჩნიკს“ მხოლოდ ხარბედიამ შეუკურთხა მადლიანად და კარცერიც „გაიჩალიჩა“. ვაჟა ხარბედია უკვე ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა „მატროსსკაია ტიშინაში“. საერთო ჯამში კი 2-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ვაჟა რეციდივისტი იყო და „მედვეჟადნიკის“ კრიმინალურ პროფესიას ფლობდა. ის სეიფების გახსნასა და ძარცვაში ისე იყო დაოსტატებული, რომ არ არსებობდა ამქვეყნად დიდი თუ მცირე ბანკი, სადაც ის შეღწევასა და სეიფის გახსნას ვერ შეძლებდა. ვაჟას მეოთხე „სროკიც“ თავდაპირველად ბანკის ძარცვით დაიწყო. ვაჟამ და მისმა „პაძელნიკმა“ ვანია სერგეევმა, მეტსახელად „ობობამ“, მოსკოვის უმსხვილესი ბანკიდან 300 ათასი ევრო წაიღეს და მიიმალნენ. წინასწარი მოლაპარაკებით, ფული „ობობას“ უნდა დაემალა თავის ბინაში. მეორე დღეს კი „პაძელნიკები“ ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ და საზღვარგარეთ „დაეხვიათ“. ძარცვიდან რამდენიმე დღეში ვაჟა სახლში დაბრუნდა და ბინაში რომ შევიდა, თვალებს არ დაუჯერა – მისი ცოლი ლენა და ძველი „პაძელნიკი“ კუზმა ერთად იწვნენ. ხარბედიამ არც აცია, არც აცხელა და კუზმასა და ლენას ორ-ორჯერ ჩაასო ხანჯალი ინტიმურ ადგილებში და იქაურობას გაეცალა. ისეთი განრისხებული იყო, რომ სად მიდიოდა, არ იცოდა. თანაც სისხლიანი ხანჯალი ხელში ეკავა. კვირა დღის 3 საათი იყო და როგორც კი ქუჩაში გადგა ფეხი, ვაჟას „მურის“ ოპერები შეეფეთნენ და იქვე დააკავეს. თუმცა, ვაჟას მოეჩვენა, რომ თავდაპირველად ოპერები დაიბნენ. რომ არა „მურელები“, ლენა და კუზმა სისხლისგან დაიცლებოდნენ. მათ სულზე მიუსწრეს და სიკვდილს გადაარჩინეს. მაგრამ კუზმამ მიყენებული ჭრილობისგან კაცობა სამუდამოდ დაკარგა. ლენა კი ხანგრძლივად მკურნალობდა ფეხზე რომ დამდგარიყო. ვაჟას წინააღმდეგ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. შემდგომ კი მას ბანკის ძარცვაც დაემატა და ახალი ფიგურანტი ვანია სერგეევი, იგივე „ობობა“ დაემატა. პირველ დანაშაულს ვაჟა აღიარებდა. მეორეს კი კატეგორიულად უარყოფდა. მით უმეტეს, რომ არც „ობობა“ ჩანდა და არც სამასი ათასი ევრო. ვაჟა დარწმუნებული იყო, რომ ვანიამ ფულთან ერთად მოახერხა მიმალვა და „ობობას“ ქურდულ პატიოსნებაში კი ეჭვი წამითაც არ ეპარებოდა. ხარბედია კარგად იცნობდა „პაძელნიკს“ და დარწმუნებული იყო, რომ ის მის გამოხსნაზე აუცილებლად „იჩალიჩებდა“. ვაჟას ერთადერთი სადარდებელი 10 წლის ბარბარე იყო. ეს პატარა, კოხტა გოგონა ვაჟა ხარბედიას ღვიძლი შვილი იყო. ბარბარეს დედა მშობიარობას გადაჰყვა. თავდაპივრელად გოგონას ვაჟას და ზრდიდა. შემდგომ ვაჟას და გარდაიცვალა და თავისი ქალიშვილი აღსაზრდელად დედა მართას მიაბარა. დედაო მონაზონი იყო და საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში მსახურბოდა. მართა ვაჟას კლასელი იყო და ქალ-ვაჟს ბავშვობიდანვე უყვარდათ ერთმანეთი, სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინებას აპირებდნენ. მაგრამ ულამაზესი გოგონა სხვამ მოიტაცა და მართა ძალით დაიმორჩილა. იმ პერიოდში კი ისეთი გაგება იყო, რომ მოტაცებულ ქალს უკან აღარ აბრუნებდნენ და მას არც არავინ მოიყვანდა ცოლად. ამის მიუხედავად, ვაჟა ხარბედია მზად იყო, მართაზე ექორწინა და შეუთვალა კიდეც ეს გოგონას. თუმცა მართამ მას უპასუხა – რაც იყო, იყო. ეტყობა, ასეთი ბედი მქონია. ახლა მე ქმარი მყავს და ამით ჩვენს ძველ ურთიერთობას წერტილი დაესვა. შენ – ძმა, მე კი – დაო. ვაჟა ხარბედია უკიდურესად იყო გამწარებული და რაც შეიძლება, მალე უნდოდა ყველაფრის დავიწყება. ამიტომ მოსკოვში გაემგზავრა. იქ კი კრიმინალურ ჯგუფს გადაეყარა. ჯერ წვრილმან საქმეებზე დადიოდა, შემდეგ კი „მედვეჟატნიკობა“ აითვისა და თავისი საქმის უზადო პროფესიონალი გახდა. მართას კი ქმარი სამი თვის მერე ავტოავარიაში დაეღუპა. გოგონამ ის ღირსეულად გამოიტირა და ერთი წლის შემდეგ მონასტერს მიაშურა. რამდენიმე წელიწადში კი მონაზონი გახდა. ვაჟამ გვიან შეიტყო მართას ამბავი. როდესაც გაიგო, რომ მისი ყოფილი შეყვარებული მონაზონი იყო, მონასტერში ჩააკითხა, დაძმობა დაუდასტურა და უკან დაბრუნდა. დედა მართა ბარბარეს რვა წელი პატრონობდა. გოგონა დედაოს ღვიძლ დედად მიიჩნევდა და დედას ეძახდა. ვაჟას არსებობის შესახებ კი ბარბარემ არაფერი იცოდა იმის გარდა, რომ მამა შორეულ ქვეყანაში იყო სამუშაოდ წასული და დაბრუნდებოდა, დედა მართას განზრახული ჰქონდა, რომ ბავშვისთვის სიმართლე მისი სრულწლოვნების შემდეგ ეთქვა და არ უნდოდა მისთვის იმ კომფორტის ჩაშხამება, რასაც გოგონა „დედის“ გვერდით და მამის მოლოდინში განიცდიდა. მართა არა მხოლოდ ბარბარეს ადგილსამყოფელს მალავდა, არამედ მის არსებობასაც. ვაჟა კი მუდმივად ბარბარესა და მართაზე ფიქრობდა, ნერვიულობდა მათზე. სწორედ, ოქროსკულულებიანი ბარბარე ედგა თვალწინ საკანში ბოლთისმცემელ ვაჟა ხარბედიას, როდესაც საკნის კარი გაიღო და ზღურბლზე უცნობი „ნადზორი“ გამოჩნდა. მან ვაჟა შეათვალიერა და ჰკითხა:

– ვაჟა ხარბედია შენ ხარ?

სხვა დროს ვაჟა წაჰკბენდა ციხის თანამშრომელს და „იაზვურად“ ეტყოდა, რომის პაპი ვარ ან ნაპოლეონიო, მაგრამ ამჯერად გუმანით იგრძნო, რომ რაღაც სხვა „პონტი“ იყო და უპასუხა:

– ვაჟა ხარბედია ვარ. რა, მერე?

– ვიცი. უბრალოდ, დავაზუსტე, – მშვიდად თქვა „ნადზორმა“. შემდეგ უბიდან ფუთა ამოიღო, ვაჟას მისცა და დაამატა, – სასწრაფოდ ჩაიცვი. მაქსიმუმ ხუთი წუთი გვაქვს, რომ აქედან გასვლა მოვახერხოთ.

ვაჟამ სიტყვის დასრულებაც არ აცალა „ნადზორს“ ფუთა გახსნა, იქიდან ციხის თანამშრომლის უნიფორმა ამოიღო და სასწრაფოდ ჩაიცვა. „ნადზორმა“ ვაჟა შეათვალიერა და უთხრა:

– უკან გამომყევი და ხმა არ ამოიღო. ვითომ კბილი გტკივა. მე ვილაპარაკებ. წავედით!

„ნადზორმა“ და ვაჟა ხარბედიამ ციხე „მატროსსკაია ტიშინას“ ყველა პოსტი წარმატებით გაიარეს და რვა წუთის მერე უკვე ქუჩაში იდგნენ. შუადღე ახალი გადასული იყო და მართალია, საშინლად ცხელოდა, მაგრამ საკნის ჩახუთულობის მერე, „სვაბოდის“ სიცხე ნამდვილი შვება იყო ვაჟასთვის. წყვილი შავი ფერის „მერსედესში“ მოთავსდა, რომელიც ციხიდან 200 მეტრში იყო გაჩერებული და „ნადზორმა“ მანქანა ადგილიდან დაძრა. უკანა სავარძელზე მჯდომ ვაჟას კი უთხრა:

– მანდ რომ ყუთი დევს, „შმოტკებია“ და გამოიცვალე.

ვაჟა ხუთიოდე წუთის მერე უკვე „ფრანტივით“ იყო „ჩაშმოტკილი“. ხარბედია დარწმუნებული იყო, რომ „პაბეგი“ მას „ობობამ“ მოუწყო და „პაძელიკთან შესახვედრად ემზადებოდა. „ნადზორმა“ მანქანა პატარა ჩიხში შეაყენა და „სპორტულებში“ გამოეწყო, ციხის უნიფორმები კი სანაგვე ბუნკერში ჩაყარა და გზა გააგრძელა. ორმოციოდე წუთის შემდეგ შავი ფერის „მერსედესი“ პოდმოსკოვიეში მდებარე ერთ-ერთი კერძო კარ-მიდამოს ეზოში შესრიალდა და გაჩერდა.

– სახლში შედი, გელოდებიან, – უთხრა ვაჟას „ნადზორმა“ და მანქანა ავტოფარეხისკენ დაძრა.

ვაჟა ხარბედია ხალისიანი მოძრაობით შევიდა სახლში. მეორე სართულის კიბეს აუყვა და გაქვავდა. მას ყოფილი ცოლი, ლენა ზიზღნარევი სახით უმზერდა, თან ირონიულად იღიმებოდა. ვაჟა მიხვდა, რომ მის „პაბეგში“ „ობობა“ არაფერ შუაში იყო და სანამ იმაზე დაიწყებდა ფიქრს, თუ რა ხდებოდა, ოთახიდან სტეპან კონკოვი, მეტსახელად „მაიორი“ გამოვიდა. მის დანახვაზე ვაჟა მიხვდა, თუ საიდან „უბერავდა ქარი“ და ყველაზე ცუდი გაგრძელებისთვის, უფრო სწორად კი, დასასრულისთვის მოემზადა. საქმე კი ის იყო, რომ „მაიორი“ წარსულში მილიციის ოპერი იყო და კარგად იცნობდა კრიმინალურ სამყაროს. შემდგომ ისე მოხდა, რომ კონკოვი ორგანოებიდან დაითხოვეს და ის „შავებს“ შეეკრა, სანაცვლოდ კი მეტსახელი „მაიორი“ მიიღო, რაც მას ძალიან მოსწონდა. კონკოვმა ისეთი ნდობა მოიპოვა კრიმინალებში, რომ მისი მილიციური წარსული ყველას დაავიწყდა, ვაჟას გარდა. და სწორედ, ხარბედიამ შეახსენა კოლეგებს ერთ-ერთ წარმომადგენლობით „სხოდკაზე“, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე. კრიმინალური ავტორიტეტები უსიტყვოდ დაჰყვნენ ხარბედიას ნებას და „მაიორს“ „სხოდკა“ დაატოვებინეს. მართალია, კონკოვი გამწარდა, მაგრამ არ შეიმჩნია და „სხოდკა“ გაღიმებულმა დატოვა. შემდგომ მან ორჯერ სცადა ვაჟასთან „ჩაბრატება“ და ორი სარფიანი „ნაკოლი“ შესთავაზა, მაგრამ ორჯერვე მტკიცე უარი მიიღო. „ძაღლებთან და ნაძაღლარებთან მე საქმეს არ ვიჭერო“, – ასე უპასუხა ვაჟამ „მაიორს“ და მათი კომუნიკაცია ამგვარად ამოიწურა. ვაჟა ყველაფერს წარმოადგენდა, მაგრამ თუკი კონკოვი მას „პაბეგს“ მოუწყობდა, ამას ფიქრადაც კი ვერ გაივლებდა. ამიტომ, „მაიორის“ დანახვამ ვაჟას ცუდი წინათგრძნობა გაუჩინა და უკიდურესი სცენარისთვის მოემზადა. „მაიორმა“ ფართოდ გაშალა ხელები და ვაჟას უთხრა:

– კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა, დიდო მაესტრო!

– მე აქ სიკეთეს ვერაფერს ვხედავ, – მიუგო „მაიორს“ ვაჟამ.

– ნუ იტყვი, ნუ იტყვი. მერწმუნე მეგობარო, რომ ჩვენმა შეხვედრამ შეიძლება, ორივეს დიდი სიკეთე მოგვიტანოს. გირჩევ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან და სასტუმრო ოთახში მობრძანდი.

ვაჟა სასტუმრო ოთახში შევიდა, სავარძელში მოკალათდა და „მაიორს“ უთხრა:

– გისმენ. აბა, რაშია საქმე?

– კარგ რამეშია საქმე, კარგ რამეში.

– მოკლედ, მაიორო კონკოვ!

– მოკლედ ერთი საქმეა, რომელსაც შენს მეტი ვერავინ შეასრულებს და აქ ამის გამო მოგიწვიე.

– ოპერო კანკოვ, ერთხელ უკვე გასაგებად გითხარი, რომ ნაძაღლარებთან და ძაღლებთან არასდროს ვიჭერ საქმეს, – თქვა ვაჟამ.

„ოპერსა“ და „ნაძაღლარზე“ კონკოვს რეაქცია აღარ ჰქონია. ვაჟას მშვიდად შეხედა და საქმიანად უთხრა:

– მოგიწევს, ვაჟა, უეჭველად მოგიწევს და უარის თქმას ნუ ჩქარობ. ისეთ „კუშზეა“ ლაპარაკი, რომელზეც, უბრალოდ, უარს ვერ იტყვი.

– ცუდად მიცნობ, ვიტყვი.

– ვერ იტყვი, ვაჟა, ვერ იტყვი. შენი დათანხმების სხვა ვარიანტებიც მაქვს.

ხარბედიას გაეცინა და „მაიორს“ უთხრა:

– ვერც სიკვდილით შემაშინებ. ასე რომ, ჯობია, ჩვენი გზები აქვე გაიყაროს და შენ – შენთვის, მე კი – ჩემთვის.

– ვაა, რა ჭკვიანი ხარ. მე შენ ციხიდან გაგაქციე და ჩვენი გზები გაიყაროსო?

– თუ გინდა, უკან დამაბრუნე. შენთან კი არ ვიმუშავებ.

– იმუშავებ, – მტკიცედ თქვა „მაიორმა“. ფანჯარასთან მივიდა და ეზოში გადაიხედა. შემდეგ ვაჟა თითით მიიხმო, თან დააყოლა, – აბა, ერთი გადაიხედე!

დასასრული შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

პოლიციური რომანი
პოლიციური რომანი

20:00 26.11, 2021 წელი

პოლიციური რომანი
პოლიციური რომანი

20:00 03.12, 2021 წელი

პოლიციური რომანი
პოლიციური რომანი

20:00 10.12, 2021 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი