რომანი და დეტექტივი

საიდუმლო ციხე

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.12, 2023 წელი

საიდუმლო ციხე
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #46 (1194)

***

გენერალმა არჩილ თავაძემ დილიდანვე დაიკავა თადარიგი. „მწვანე რესტორნის“ მენეჯერს დაურეკა და ¹1 კუპეში 12 საათისთვის სადილი შეუკვეთა. სახლიდან გასვლის წინ კი სპეციალურ პერანგზე მიკროვიდეოთვალი მიიმაგრა აბდულ ქერიმთან შეხვედრის ჩასაწერად. რესტორანში 15 წუთით ადრე მივიდა და სუფრას გადახედა. შემდგომ ფოიეში გავიდა და მის დათვალიერებას შეუდგა. ზუსტად 11 საათსა და 58 წუთზე რესტორნის წინ მინებშებურული ბოლო მოდელის „ჯიპი“ გაჩერდა და იქიდან ორმოციოდე წლის, მოდურად ჩაცმული, საშუალო სიმაღლის მამაკაცი გადმოვიდა და რესტორნის კარისკენ აიღო გეზი. დიპლომატიურნომრიანი „ჯიპი“ სწრაფად დატრიალდა და წავიდა. მამაკაცი ფოიეში შევიდა. პირდაპირ გენერლის წინ გაჩერდა. ხელი გაუწოდა და ინგლისურად უთხრა:

– გამარჯობა, ბატონო გენერალო. მე აბდულ ქერიმი გახლავართ.

– გაგიმარჯოთ, ბატონო აბდულ ქერიმ. წამობრძანდით, – მიიპატიჟა თავაძემ და ისინი ¹1 კუპეში შევიდნენ.

თავაძე და მისი სტუმარი ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ. აბდულ ქერიმმა ტყავის ჩანთა ფეხებთან დაიდო და მასპინძელს უთხრა:

– საუცხოო სუფრაა. ალბათ, ძალიან გემრიელი კერძები იქნება.

– მიირთვით და თავად დარწმუნდებით ამაში, – თქვა არჩილ თავაძემ.

სტუმარმა რამდენიმე კერძი გასინჯა. თითოეული მათგანი შეაქო და მასპინძელს უთხრა:

– ახლა საქმეზე გადავიდეთ. როგორც მივხვდი, თქვენ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობთ. სწორედ ამ ინფორმაციებით დავიწყებ. შემდეგ კი ვნახოთ, რას იტყვით.

– ბრძანეთ, ბატონო, – თავი დაუქნია აბდულ ქერიმს თავაძემ.

– ბატონო გენერალო, მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ საქართველოს დედაქალაქში ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებული შტატების „ცენტრალური დაზვერვის“ საიდუმლო ციხე. ამ ციხეში, სხვა მებრძოლებთან ერთად, ჩვენი ორგანიზაციის თვალსაჩინო ლიდერი ასკარ რაბახი მოათავსეს, რომელიც ამ სამი თვის წინ გადმოიყვანეს გუანტანამოს საპყრობილიდან.

ეს სიტყვები ახალგაზრდა ქართველი გენერლისთვის, თანაც, ანტიტერორისტული მიმართულების კურატორისთვის ნამდვილი შოკი იყო. თავაძემ მცირე პაუზის შემდეგ სტუმარს უთხრა:

– მსგავსი ინფორმაცია ნამდვილად არ გამაჩნია. რაიმე შეცდომას ხომ არ აქვს ადგილი, ბატონო აბდულ ქერიმ?

– შეცდომა გამორიცხულია, ბატონო გენერალო. ასპროცენტიანი ინფორმაციაა, თანაც, პირველწყაროს მიერ გავრცელებული.

– თქვენ ამბობთ, რომ ეს ინფორმაცია ამერიკელებმა მოგაწოდეს?

– დიახ. სწორედ ასეა.

– ოფიციალურად?

აბდულ ქერიმს გაეცინა და უპასუხა:

– რა თქმა უნდა, არაოფიციალურად. „ცენტრალურ დაზვერვას“ სპეციალური არხები აქვთ გაჭრილი ჩვენთან ინფორმაციების მოსაწოდებლად. აქამდე ყველა ინფორმაცია დადასტურდა და ესეც სიმართლეა. თავს დავდებ, რომ ასეა.

თავაძემ მხრები აიჩეჩა და თქვა:

– ვერაფერი გამიგია. რაში დასჭირდათ მათ ასეთი რამ?

– ახლავე აგიხსნით ყველაფერს: მათ ტერიტორიაზე არცერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ტერორისტი არ იხდის სასჯელს. შტატები ისედაც ტერორისტების სამიზნეა და ზედმეტი პრობლემები რაში სჭირდებათ? ამიტომ, სხვადასხვა ქვეყანაში ააშენეს საპყრობილეები და ჩვენი სხვადასხვა ორგანიზაციის ძმები, რომლებიც მამაცურად იბრძვიან ჭეშმარიტი რწმენისთვის, იქ გადაანაწილეს. ამ ინფორმაციებს კი იმიტომ გვაწვდიან, რომ ჩვენი ბრძოლის ფრონტი ამ ქვეყნებში გადავიტანოთ. მათ ქვეყანაზე ზეწოლა შევამციროთ – ეს ერთი. თანაც, ამ ქმედებებით იმ ქვეყნების მთავრობებს მათზე დამოკიდებულებს ხდიან. ხვდებით, რაშია საქმე? ეს ყოველივე ბინძური გლობალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

– გასაგებია, – თქვა თავაძემ და დაამატა, – ჩემთან შეხვედრა მხოლოდ ამ ინფორმაციების გადმოსაცემად მოითხოვეთ?

– არა. ახლა მთავარს გეტყვით. ჩვენ ვიცით მხოლოდ ქვეყნები, სადაც ჩვენი ძმები სხედან. ასევე, ზოგიერთი ქალაქიც. თუმცა არ ვიცით კონკრეტული ადგილმდებარეობები. ანუ ის, თუ სად მდებარეობს ეს საპყრობილეები. თქვენგან კი სწორედ ასეთი ადგილის მითითების წინადადებით მოვედი. თქვენ ანტიტერორისტულ მიმართულებას კურირებთ და არ გაგიჭირდებათ საიდუმლო ციხის ადგილმდებარეობის აღმოჩენა.

გენერალმა სიტყვა გააწყვეტინა სტუმარს:

– ბატონო აბდულ ქერიმ თქვენ მე მოღალატეობას მთავაზობთ. ეს კი უღირსი შემოთავაზებაა. წესით, ჩემი მოვალეობაა, რომ დაგაკავოთ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ისლამური ქვეყნის დიპლომატიური პასპორტი გაქვთ. საერთაშორისო კანონმდებლობით ხელშეუხებელი და მაქსიმუმ, ნონ გრატად გამოაცხადეთ და გაგაძეონ. თუმცა, არც ასეთი სკანდალია ჩემი ქვეყნისთვის სასურველი და ამაზე შევწყვიტოთ ჩვენი შეხვედრა.

აბდულ ქერიმმა მაგიდაზე შავი ჩემოდანი დადო და გენერალს უთხრა:

– აღარ შემაწყვეტინოთ და მომისმინეთ, ხუთასი ათას დოლარს მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებისთვის გადაგიხდით. ხოლო, თუკი ასკარ რაბახის გამოხსნაშიც დაგვეხმარებით, ანუ საპყრობილიდან გამოგვაყვანინებთ, თანხა გაორმაგდება. სულ მილიონი დოლარი გამოდის.

ახალგაზრდა გენერალმა ბოლომდე მოუსმინა სტუმარს და უთხრა:

– ვინ გგონივართ, ბატონო აბდულ ქერიმ, სპეცრაზმით გამოვიხსნა ტერორისტი თუ თქვენი ტერორისტები შევუშვა ამ ეფემერულ საპყრობილეში? თქვენი წინადადება ჭკუასთან ოდნავ ახლოს მაინც თუ არის?

– დამშვიდდით, ბატონო არჩილ, დამშვიდდით. კიდევ ერთს გეტყვით, – ჩვენ ჩვენს ძმებს არასდროს ვტოვებთ გასაჭირში და ვაი, იმ ქვეყნებს, სადაც ისინი იტანჯებიან. თქვენი ქვეყანაც ამ სიაში ჩაიწერება და ამერიკელები ვერ დაგიცავენ. მაშინ თქვენმა მთავრობამ კეთილი ინებოს და ჩვენ ძმებს ნუ აწამებენ თავის ტერიტორიაზე.

– მემუქრებით? უფრო სწორად, გვემუქრებით?

– ბატონო გენერალო, ერთი თითის დაჭერაა საჭირო და თბილისში ტერორისტული ქაოსი დაისადგურებს. ხოლო, თუ არ გჯერათ, – აბდულ ქერიმმა თავაძეს პატარა ნაბეჭდი ფურცელი დაუდო და დაამატა, – აი, აქაა აღნიშნული ერთ-ერთი სამიზნე. უბრძანეთ, თქვენს ხელქვეითებს, განაღმონ და დარწმუნდებით ჩემს სიტყვებში. თბილისსა და საქართველოში ასეთი კიდევ რამდენიმე სამიზნე გვაქვს გამზადებული, მაგრამ მათ ადგილმდებარეობას არ გაგიმხელთ. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ. ერთი თვე აქ არაფერი მოხდება. მერე კი ვნახოთ.

აბდულ ქერიმი ხელის ჩამოურთმევლად დაშორდა გენერალს. არჩილ თავაძემ ხუთიოდე წუთი მოიცადა. გენერალი სწრაფად იაზრებდა სტუმრის სიტყვებს. ბოლოს ადგა და სასწრაფოდ დატოვა რესტორანი. მანქანის საჭეს მიუჯდა და პირდაპირ ანტიტერორისტულ ცენტრში გაქანდა. ცენტრის უფროსთან შეიჭრა, ნაბეჭდი ქაღალდი დაუდო წინ და უთხრა:

– აი, აქ გამნაღმველები გაუშვი. სავარაუდოდ, ბომბებია ჩადებული, მაგრამ ჩუმად, ძალიან საიდუმლოდ გააკეთეთ, რომ ინფორმაციამ არ გაჟონოს და პანიკა არ ატყდეს. პირდაპირ ჩემთან გქონდეს კავშირი. გასაგებია?

– გასაგებია, ბატონო გენერალო, – მიუგო თავაძეს ცენტრის უფროსმა და მინისტრის მოადგილე მანქანამდე მიაცილა.

თავაძე უკვე მანქანაში ჯდებოდა, როდესაც შენიღბული „ცეერუს“ ციხის შესასვლელს შეავლო თვალი და ცენტრის უფროსს ჰკითხა:

– იქ, თუ არ ვცდები, სპეციალური იარაღებისა და აღჭურვილობების საწყობია...

– დიახ.

– ბევრი იარაღია? რა ტიპის?

– ნამდვილად არ ვიცი. იქ არასდროს ვყოფილვარ. ამერიკელები იცავენ იქაურობას და ჩვენ არ გვიშვებენ, – ნახევარი სიმართლე თქვა ცენტრის უფროსმა.

გენერალმა კი იმიტომ დაუსვა ასეთი კითხვა ცენტრის უფროსს, რომ გაიაზრა, „ცეერუს“ ციხე, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ცენტრის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო. უფროსის პასუხმა კი მისი ვარაუდი უფრო გაამყარა. თუმცა, მას არაფერი აგრძნობინა. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

კვირა დღე იყო და უშიშროების სამინისტროში მხოლოდ მორიგეები და ათიოდე თანამშრომელი იმყოფებოდა. მინისტრიც თავის კაბინეტში იყო. არჩილმა ჯერ საკუთარ კაბინეტს მიაშურა და ჩანაწერის ასლი გააკეთა, შემდეგ მინისტრს ესტუმრა და უთხრა:

– სასწრაფო საქმე მაქვს, ბატონო მინისტრო.

– დაჯექი. რა ხდება, არჩილ? – ჰკითხა მინისტრმა.

ახალგაზრდა გენერალმა ყველაფერი უამბო მინისტრს. ბოლოს წინ ჩანაწერის ასლი დაუდო და დაამატა:

– აი, ფაქტები.

სანამ მინისტრი ჩანაწერს უყურებდა, თავაძეს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსმა დაურეკა და მოახსენა:

– ტერიტორია განაღმულია. ინფორმაცია არ გაუჟონავს. ნაღმები კი საცავში მოვათავსეთ.

– ძალიან კარგი. ყოჩაღ! ოპერატიულად და მაღალპროფესიულად იმოქმედეთ. ბიჭებს ჩემი მადლობა გადაეცი. მაგრამ ნუ მოდუნდებით და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყავით!

– არის!

– დროებით, – თქვა თავაძემ და ტელეფონი გათიშა.

ამასობაში მინისტრმა ჩანაწერის ყურება დაასრულა. სიგარეტი გააბოლა და სახეაშლილმა თავაძეს მიმართა:

– ის ტერიტორია დანაღმული იყო?

– დიახ და ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ სხვა სამიზნეების ადგილმდებარეობა რომ არ ვიცით?

თავაძე დარწმუნებული იყო, რომ გადამჭრელი ზომების მიღება იყო საჭირო. მაგრამ შეამჩნია, რომ მინისტრი ყოყმანობდა და უთხრა:

– ბატონო მინისტრო, ერთი თვის ვადა გვაქვს მოცემული და გონივრულად, მაგრამ მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ამ ციხის არსებობის შესახებ არავინ ჩამაყენა საქმის კურსში. თუმცა, ეს ჩემი უშუალო მოვალეობაა. მაგრამ ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს საპყრობილე, თავიანთ ტერორისტებიანად სასწრაფოდ უნდა გაიტანონ საქართველოდან.

– ამას მე ვერ გადავწყვეტ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა დაველაპარაკოთ და როგორც ისინი იტყვიან, ისე მოვიქცევით.

– რომ არ გაიტანონ?

– მაშინ დარჩება და ალბათ, ჩვენს უსაფრთხოებას გააძლიერებენ, – თქვა მინისტრმა.

გენერალმა არჩილ თავაძემ სუბორდინაცია დაივიწყა, სკამიდან წამოდგა და მინისტრს მტკიცედ უთხრა:

– ჯანდაბას ყველა წოდება და თანამდებობა, თუკი ისინი სამშობლოს არ წაადგება. ამ ჩანაწერის ასლებს რეაგირებისთვის, პირველ რიგში, საერთაშორისო პრესას გადავცემ. თუკი სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მყარად დასაცავად. ზომა კი ერთადერთია – ციხე, თავიანთი ტერორისტებიანად ჩვენი ქვეყნიდან უნდა მოაშორონ. მე ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ, თუკი რაიმე დაემუქრება მე ან ჩემს ოჯახს, ეს ჩანაწერი მაინც მიაღწევს მიზანს!

ახალგაზრდა გენერალმა, არჩილ თავაძემ დინჯად და უკანმოუხედავად დატოვა მინისტრის კაბინეტი. 20 დღის შემდეგ კი „ცეერუს“ საიდუმლო ციხემ ფუნქციონირება შეწყვიტა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული