რომანი და დეტექტივი

საიდუმლო ციხე

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.11, 2023 წელი

საიდუმლო ციხე
დაკოპირებულია

„გლოუბმასტერმა“ უზარმაზარი წრე შემოხაზა რუსთავის თავზე. შემდეგ „ჰორიზონტი დაიჭირა“ და დაშვება დაიწყო. რამდენიმე წუთში კი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი „ბოინგ C-17“ რბილად დაჯდა თბილისის აეროპორტის საფრენ ბილიკზე.

საქართველოში „ნატოს“ გეგმური სწავლება იმართებოდა. „გლოუბმასტერმა“ კი საქართველოს დედაქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის „ნატოს“ ქვედანაყოფი ჩამოსვა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა ჩამოიტანა.

გადმოტვირთვის, მოწყობისა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამგზავრების პროცედურამ 2 საათს გასტანა. თვითმფრინავი რომ დაცარიელდა და იქ არც ეკიპაჟი იმყოფებოდა, „გლოუბმასტერის“ საბარგულის ღია, უკანა კარში უზარმაზარი, მინებდაბურული, შავი „ჰამერი“ შევიდა. 3 წუთის შემდეგ უკანა სვლით გამოვიდა. დატრიალდა და ქალაქისაკენ აიღო გეზი. მაგრამ, „ნატოს“ კოლონისგან განსხვავებით, სხვა მიმართულებით გაემართა და 25 წუთის შემდეგ „ანტიტერორისტულ ცენტრს“ მიადგა. „ჰამერი“ ისე გაატარეს საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოზე, არც შეუმოწმებიათ. მანქანამ სწრაფად აიარა ზიგზაგოვანი აღმართი და საიდუმლო ობიექტის ყველაზე გასაიდუმლოებულ შენობას მიადგა. ეს იყო დამრეცი სახურავი და ისე ოსტატურად კომუფლირებული, რომ არც ჰორიზონტიდან ჩანდა და არც ჰაერიდან. წინიდან კი მას 40 კვადრატული მეტრის მოძრავი კარი ჰქონდა. კარი უხმაუროდ, ძალიან სწრაფად იღებოდა და იკეტებოდა. ის დაჯავშნილი ფოლადისგან იყო ჩამოსხმული და ოსტატურად შენიღბული. კარი სწრაფად გაიღო და როდესაც იქ „ჰამერი“ შევარდა, ასევე სწრაფად დაიხურა.

„ანტიტერორისტული“ ბაზის თანამშრომლებს ობიექტთან 50 მეტრზე ახლოს მისვლა კატეგორიულად ეკრძალებოდათ. პერიმეტრზე თანამედროვე ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული და ყველაფერი მკაცრად კონტროლდებოდა. ცენტრში ბაზირებულთაგან მხოლოდ ცენტრის უფროსმა უწყოდა ობიექტის დანიშნულება. ამას ის მკაცრად საიდუმლოდ ინახავდა, გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდა დადებული. სიტყვაც რომ სადმე დასცდენოდა, სასტიკი სასჯელი ელოდა. თუმცა, არც ცენტრის უფროსს ჰქონდა უფლება, 50 მეტრზე ახლოს მოსულიყო ობიექტთან და ბაზის იმ მონაკვეთში მისი კომპეტენცია არ ვრცელდებოდა. ბაზის უფროსმა ისიც კი არ იცოდა, თუ ვინ და რამდენი ადამიანი მუშაობდა საიდუმლო ობიექტზე და რადგან თანამშრომლები მინებდაბურული, სხვადასხვა, დიდი თუ პატარა ზომის ტრანსპორტით მოძრაობდნენ. ერთი მათგანიც კი არ ჰყავდა ნანახი. არც ამ ტრანსპორტის მძღოლების ამოცნობა იყო შესაძლებელი. თითოეულ მათგანს, მიუხედავად წელიწადის დროისა და ამინდისა, მუქი სათვალეები ეკეთათ, დიდი კეპები ეხურათ, რაც მათი სახის დაფიქსირებას შეუძლებელს ხდიდა. ასეთი ზესაიდუმლოების გამო, ბაზირებულებმა ამ ობიექტს „ტერა ინკოგნიტო“ შეარქვეს, რაც უცნობ მიწას ნიშნავს...

ეგრეთ წოდებული, „ტერა ინკოგნიტო“ სინამდვილეში ამერიკის შეერთებული შტატების „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს“ საიდუმლო ციხე იყო. ასეთი საპყრობილეები, პოსტსაბჭოური ბლოკის, ყველა ევროპულ ქვეყანაში მდებარეობდა. ამ საიდუმლო ციხეებში ყველაზე საშიში ტერორისტები იყვნენ მოთავსებული. ციხის პერსონალს, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები წარმოადგენდნენ. თითოეული მათგანი „ცენტრალური დაზვერვის“ მიერ საგულდაგულოდ იყო შემოწმებული. სწორედ ამის გამო იყო ეს ყველაფერი განსაკუთრებულად გასაიდუმლოებული. არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლეოდა იმის უფლებას, რომ მის ტერიტორიაზე საიდუმლო ციხეს ეარსება. თანაც უცხო, თუნდაც მოკავშირე და მეგობრული ქვეყნის ეგიდით. და, არც ის ეწერა კანონმდებლობაში, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამა თუ იმ ქვეყნის პენიტენციარულ სისტემაში ემუშავა, თან ცეცხლსასროლი იარაღიც ეტარებინა. ერთი სიტყვით, მთელი ეს კომპლექსი უხეში კანონდარღვევებით იყო შექმნილი. მისი ფუნქციონირება საკმაოდ „მსუყე“ თანხა ჯდებოდა. მაგრამ მის მესვეურებს ეს ხარჯი ნამდვილად უღირდათ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, თუნდაც უმაღლეს დონეზე დაცულ საპყრობილეში დიდი რაოდენობით თავზე ხელაღებული ტერორისტების ყოფნა დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. მეორე მხრივ კი, უცხო სახელმწიფოებში შეტანილი ეს სისტემა კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლეოდა ამ სახელმწიფოების მთავრობებისთვის „ლაგამის“ უფრო მჭიდროდ ამოსადებად და ეს იყო ნეოკოლონიალისტური პოლიტიკის გასატარებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. იმ ქვეყნების მთავრობის წევრთაგან, სადაც „ცეერუს“ საიდუმლო საპყრობილეები იყო განთავსებული, ქვეყნის მეთაურის გარდა, მხოლოდ ძალოვანი და უსაფრთხოების სისტემის რამდენიმე მაღალჩინოსანმა თუ იცოდა. მაგრამ, რომელიმე მათგანი სიტყვასაც არ დაძრავდა ამის შესახებ, რადგან ასეთი ინფორმაციის გაჟღერება გრანდიოზულ სახალხო პროტესტს გამოიწვევდა. ოპოზიცია აბობოქრდებოდა და მოქმედ მთავრობას დაამხობდნენ. ეს საკმაოდ კარგად გათვლილი, აპრობირებული სქემა იყო და უნაკლოდ მოქმედებდა.

ციხის შენობა, უზარმაზარი მიწისქვეშა ბუნკერი იყო. იქ მხოლოდ ერთადგილიანი საკნები იყო განთავსებული – სულ 150. თითოეულის ზომა 8 კვადრატული მეტრი. 4 მეტრი სიგრძეში და 2 მეტრი სიგანეში. საკანში იყო საწოლი, უნიტაზი და პირსაბანი. საკნებს ფანჯრები არ გააჩნდათ. ჭერის სიმაღლე 4 მეტრი იყო და საჰაერო მილი ჰქონდა. ირგვლივ კი ვიდეოკამერები იყო დამონტაჟებული. 10 ასეთი მოწყობილობა პერმანენტულად აკონტროლებდა საკანს. კარი დაჯავშნილი იყო. მას პატარა ფანჯარა ჰქონდა, საიდანაც პატიმარს საკვებს აწვდიდნენ. სატუსაღოს პერსონალი 50 ადამიანისგან შედგებოდა. მათ შორის იყვნენ სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც რამდენიმე ენას ფლობდნენ, ძირითადად, აღმოსავლურ ენებს. ციხეში ფუნქციონირებდა კავშირის კვანძი, რომელიც ულტრათანამედროვედ იყო აღჭურვილი და ინფორმაციის მიღება მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ონლაინ იყო შესაძლებელი. ასევე, გაგზავნაც. საპყრობილეში იყო იარაღების მდიდარი არსენალიც და კრიტიკულ სიტუაციაში საკმაოდ მძლავრი შეტევის მოგერიება იყო შესაძლებელი. ციხის უფროსი, 45 წლის არნოლდ რეიზი, „ცეერუს“ კადრის თანამშრომელი იყო, გამოცდილი მზვერავი, აღმოსავლეთის სპეციალისტი ანტიტერორისტული განხრით. ის 3 უცხო ენას ფლობდა – არაბულს, სპარსულსა და ებრაულს. თითოეულ მათგანზე სუფთად, უაქცენტოდ საუბრობდა. რეიზს გარეგნობაც აღმოსავლური ჰქონდა და მოკლედ შეკრეჭილ წვერ-ულვაშსაც ატარებდა. მას არაერთი წელი ჰქონდა გატარებული აღმოსავლეთის ქვეყნებში, იმ ტერიტორიებზე, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ტერორისტების თავშეყრაა. რეიზმა რამდენიმე ძალიან წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, არაერთი ტერორისტი გამოავლინა, შეიპყრო, გააუვნებლა და ზოგის ლიკვიდაციაც კი მოახდინა. ციხის უფროსი ჩანერგვის სქემით მოქმედებდა. არაერთ ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო ნამყოფი და ამ სისტემას საუცხოოდ იცნობდა. ბოლო ოპერაციის დროს რეიზმა ერთი ცნობილი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელა. მაგრამ გაიშიფრა და შურისძიებას ძლივს გადაურჩა. თუმცა, ყველა ტერორისტულმა ორგანიზაციამ შეიტყო მის შესახებ და რეიზს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მისი ფოტოსურათები ყველა ტერორისტს ჰქონდა და მას ყველგან ეძებდნენ, რომ გაენასდგურებინათ. ამიტომ „ცეერუს“ ხელმძღვანელობამ ის ოპერატიული საქმიანობიდან მოხსნა და თბილისში, „ცეერუს“ ციხის უფროსად გაამწესა. რეიზი საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო. ზეპირად იცოდა ყურანი, აღმოსავლური პოეზია და პროზა. ოსტატურად მსჯელობდა და მას კამათში თითქმის ვერავინ უგებდა. ამასთანავე, ეს ადამიანი დისციპლინირებული, მკაცრი და ზოგ შემთხვევაში, სასტიკიც კი იყო. მხოლოდ მას ჰქონდა უფლება, პატიმრებთან ესაუბრა ან მასვე უნდა მიეცა უფლება თანამშრომლისთვის ანალოგიურ საქმიანობაზე. თუმცა, ასეთი რამ ციხეში იშვიათად ხდებოდა. ახლად მოყვანილი პატიმარი დასაკითხ ოთახში შეჰყავდათ, თავზე შავტომარაჩამოფარებული და ხელბორკილდადებული. ტუსაღს სპეციალურ სკამზე ამაგრებდნენ. შემდეგ მასთან რეიზი შედიოდა თავიდან ტომარას ხსნიდა და პირისპირ ელაპარაკებოდა. თითოეული ახალი პატიმრის მოყვანის შესახებ ციხის უფროსმა წინასწარ იცოდა და მის დოსიეს გულდასმით სწავლობდა. ციხეში იმ მომენტისთვის 49 ტუსაღი იჯდა. რამდენიმე მათგანს რეიზი კარგად იცნობდა იმ პერიოდიდან, როდესაც რეიზი ოპერატიული საქმიანობით იყო დაკავებული.

შავი „ჰამერით“ მიყვანილი ტუსაღი, ცნობილი ტერორისტი ასკარ რაბახი იყო. გუანტანამოს საპყრობილის ერთ-ერთი პირველი პატიმარი და თბილისში სწორედ იქიდან გადმოყვანილი. რაბახი და მისი ჯგუფი სწორედ რეიზის მიერ წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააპატიმრა „ცეერუს“ სპეციალურმა ჯგუფმა და მან არ იცოდა, რომ ამანი (ამ სახელით იცნობდა რაბახი რეიზს, რაც არაბულად ერთგულს ნიშნავს) „ცეერუს“ ოპერატიული თანამშრომელი იყო.

წესისამებრ, თავზე შავტომარაჩამოცმული და ბორკილებდადებული ტერორისტი დასაკითხ ოთახში შეიყვანეს, სპეციალურ სკამზე მიაბეს და მარტო დატოვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახში რეიზი შევიდა. ტუსაღს შავი ტომარა მოხსნა, მის პირისპირ მოკალათდა და ტერორისტს მიაჩერდა. რაბახმა თვალები მოჭუტა. აახამხამა, ოთახი შეძლებისდაგვარად მოათვალიერა და ბოლოს მის წინ მჯდომ რეიზს შეხედა. სახეზე უკიდურესი გაოცება გამოეხატა. შემდეგ სახე გაებადრა. გაეღიმა და რეიზს უთხრა:

– ამან, ძმაო...

ციხის უფროსი უხმოდ უმზერდა ახლად მოყვანილს.

რაბახს გაბადრული სახე ეცვალა. კოპები შეკრა. თვალები აენთო და რეიზს ზიზღით უთხრა:

– შენ ჩაგვიშვი, ხომ, შე უდაბნოს ტურავ!

ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ რაბახს ვერ წარმოედგინა, თუ ციხის უფროსს ელაპარაკებოდა. მით უმეტეს, რომ რეიზს არანაირი უნიფორმა არ ეცვა და არც მისი სტატუსის განმასხავებელი რაიმე ნიშანი ჰქონდა. ის ძალიან უბრალოდ იყო ჩაცმული და ტერორისტი ფიქრობდა, რომ მის წინ მჯდომი, არაბულად უზადოდ მოლაპარაკე ადამიანი ყოფილი კოლეგა, ტერორისტი ამანი იყო. ამის გაფიქრებაზე რეიზს გაეცინა და რაბახს უთხრა:

– მე ამ ციხის უფროსი ვარ. ამერიკელი მზვერავი და არა არაბი ტერორისტი. სახელი ამანი კი ჩემი სამუშაო ლეგენდის შემადგენელი ნაწილი იყო. გასაგებია ახლა?

– გასაგებია, მაგრამ ძნელი დასაჯერებელი, – თავი გააქნია რაბახმა.

– და მაინც, ეს სიმართლეა, – მიუგო რეიზმა.

რაბახმა პაუზა გააკეთა, ჩაფიქრდა. ტუსაღი რეიზის სიტყვებს იაზრებდა, შემდეგ კი უთხრა:

– შეიძლება გკითხო?

– მკითხე, – უთხრა რეიზმა.

– სინამდვილეში რა გქვია. ტერიტორიულად სად ვიმყოფები და საპყრობილეში როდემდე უნდა ვიჯდე? – იკითხა რაბახმა.

– პირველ და მეორე კითხვაზე პასუხს არ გაგცემ. უფლება არ მაქვს. მესამე კითხვის პასუხი კი ასე ჟღერს – სიკვდილამდე, – მიუგო რეიზმა.

– აი, თქვენი დემოკრატია და სამართლიანობა. ეს თქვენ ავრცელებთ მთელს მსოფლიოში ტერორიზმს. თქვენ ქმნით ტერორისტულ ჯგუფებს. თქვენ აიარაღებთ და წვრთნით მათ. ბინძურ საქმეს აკეთებინებთ და ხოცავთ. თქვენ ადამიანებს სამართლიან სასამართლოზე წარდგენის უფლებას არ აძლევთ და ციხეებში ხდით სულს. თქვენ ძალიან ვერაგები, ძალიან მხდალები ხართ. თუ სიკვდილამდე ციხეში უნდა ვიჯდე, მაშინ რატომ არ მცემ პასუხებს ჩემს კითხვებზე. რისი გეშინია? – თქვა რაბახმა და რეიზს თვალი თვალში გაუყარა.

– არაფრისაც არ მეშინია, – მშვიდად თქვა რეიზმა და დაამატა, – წესია ასეთი. წესებს კი მე არ ვარღვევ.

ტერორისტს მეტი აღარაფერი უთქვამს და არნოლდ რეიზმა ოთახი დატოვა.

***

პარლამენტის ფოიეში „ვიპ“ პერსონები იყვნენ შეკრებილი და ფურშეტთან ერთად, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლების გამოსვლებს ადევნებდნენ თვალყურს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართველი მაღალჩინოსნები იყვნენ. მათ შორის იმყოფებოდა ახალგაზრდა გენერალი არჩილ თავაძეც. უშიშროების მინისტრის მოადგილე.

თავაძე მაგიდასთან მივიდა, შამპანურით სავსე ბოკალი აიღო და პარლამენტის ერთ-ერთი წევრისკენ გაემართა. მაგრამ, ორიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, ის ერთ-ერთი საელჩოს სამხედრო ატაშემ შეაჩერა და გამართული ქართულით უთხრა:

– გამარჯობა, ბატონო გენერალო. გულწრფელად გილოცავთ ამ დღეს!

– გმადლობთ, ბატონო გაიას, – თავაზიანად უპასუხა ატაშეს გენერალმა.

– ორიოდე წუთი გცალიათ, რომ პირისპირ დაგელაპარაკოთ? – იკითხა გაიასმა.

– დიახ, რა თქმა უნდა. გისმენთ, ბატონო გაიას.

– მაშინ, ცოტა მოშორებით გავიდეთ, რომ ხელი არ შეგვიშალონ, – თქვა გაიასმა. გენერალს ხელკავი გამოსდო და ფოიეს კუთხისკენ წაიყვანა.

– გისმენთ, ბატონო გაიას, – თქვა თავაძემ, როდესაც ისინი მოხერხებულ ადგილას დადგნენ.

– ბატონო არჩილ, ამ შემთხვევაში ვმოქმედებ, როგორც კერძო პირი და ვასრულებ, ასევე, ერთი კერძო პირის თხოვნას, რომელიც ჩემი ქვეყნის დიდი მეგობარია. ამ ადამიანს აბდულ-ქერიმი ჰქვია და თქვენთან შეხვედრა სურს, – თქვა გაიასმა და პაუზა გააკეთა. თავაძემ კი ჰკითხა:

– ბატონი აბდულ-ქერიმი ვინ ბრძანდება?

გაიასს გაეღიმა და უილსონს გახედა, რომელიც მათ თვალს არ აცილებდა. თავაძეს კი უთხრა:

– როგორც უკვე გითხარით, ბატონი აბდულ-ქარიმი ისლამური სახელმწიფოს დიდი მეგობარია და ჩვენს ქვეყანაში დაფასებული ადამიანი. წარმოშობით არაბული სახელმწიფოდანაა, მაგრამ თავის სამშობლოში არ ცხოვრობს და ჩვენი ქვეშევრდომობის ქვეშაა. მის ქვეყანაში რომ მთავრობა შეიცვალა, იძულებული გახდა, ჩვენთან გადმობარგებულიყო.

– ამის მიზეზი? – იკითხა გენერალმა.

– ბატონო არჩილ, ასკარ რაბახის სახელი რაიმეს გეუბნებათ? – იკითხა გაიასმა.

– რა თქმა უნდა, ბატონო გაიას. ის ცნობილი ტერორისტია და გუანტანამოს ციხეში ზის, – მიუგო გენერალმა.

გაიასს გაეღიმა და თავაძეს უთხრა:

– აბდულ-ქერიმს, სწორედ რომ, ასკარ რაბახთან დაკავშირებით სურს თქვენთან საუბარი.

თავაძეს ძალიან გაუკვირდა ატაშეს სიტყვები და გაიასს უთხრა:

– ჩემთან სურს საუბარი ასკარ რაბახთან დაკავშირებით? კი მაგრამ, ცნობილი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების საპყრობილეშია, ჩემთან რა კავშირშია, ბატონო გაიას? მაპატიეთ, მაგრამ, ამას ნამდვილად ვერ ვხვდები.

გაიას გაეცინა და მიუგო:

– სრულად საქმის კურსში არც მე ვარ და ყველა დეტალი არ ვიცი. მე მხოლოდ შუამავლობა მთხოვეს, რომ აბდულ ქერიმი თქვენთან დამეკავშირებინა და ამ თხოვნას ვასრულებ. თუმცა გარწმუნებთ, რომ მას თქვენთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია აქვს გადმოსაცემი და რა პასუხი მივუტანო თქვენგან?

– ბატონ აბდულ ქერიმს, როგორც ვხვდები, ჩემთან შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, სამსახურის მიღმა სურს, ხომ? – იკითხა თავაძემ.

– დიახ, ბატონო გენერალო, – დაუდასტურა გაიასმა.

– კარგი. მაშინ ასე მოვიქცეთ, ხვალ კვირაა. მოდი, მას ქალაქგარეთ, ერთ მყუდრო, „მწვანე რესტორანში“ შევხვდები. იქ ზუსტად შუადღეზე ვიქნები, ანუ 12 საათზე და მოვიდეს. რესტორანში კუპეებია და პირველ კუპეში დაველოდები. რესტორანი ძალიან ადვილი მისაგნებია, არ გაუჭირდება. მარტო ვიქნები და რადგან პირისპირ სურს საუბარი, ალბათ, თავადაც მარტო მოვა, – თქვა თავაძემ.

– დიახ. რა თქმა უნდა, – მიუგო გაიასმა და არჩილ თავაძეს ხელი ჩამოართვა.

თავაძემ თავაზიანად დაუკრა თავი ამერიკელს და პარლამენტის შენობა დატოვა.

არჩილ თავაძემ მთელი ღამე თეთრად გაათენა იმაზე ფიქრში, თუ რა ხდებოდა. აშკარა იყო, რომ აბდულ ქერიმს ძალიან სერიოზული საქმე ჰქონდა მასთან, მაგრამ კონკრეტულად რა, მიახლოებითაც კი ვერ ხვდებოდა. საქმე კი ის იყო, რომ მინისტრის მოადგილემ არც თბილისში „ცეერუს“ ციხის არსებობის ამბავი იცოდა. მით უმეტეს, არც ასკარ რაბახის გადმოყვანის შესახებ საქართველოს დედაქალაქში.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა