საიდუმლო შვილი
ავტორი: ნია დვალი 20:00 06.06

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“#20 (1273)
ელენე ხმას არ იღებდა, ეტყობა, შესაფერის კორექტულ სიტყვებს ეძებდა.
– და კიდევ ორი შვილი რომ ჰყავს იმ ადამიანს, ისინი შინმოუსვლელები არიან?! მხოლოდ შენი ქმრის მოსავლელია დედა?! – ელენემ შორიდან მოუარა სათქმელს.
ნათია ახლაღა მიხვდა, რომ თავად მას არც კი გახსენებია თავისი მაზლები:
– ეს კი არ მიფიქრია, – წამოსცდა თავისდა უნებურად.
– უნდა იფიქრო ხოლმე, – დაუნდობლად უთხრა ელენემ შვილს.
– რა ვქნა, დედა? – პირდაპირ ჰკითხა შვილმა.
– ეს შენი ცხოვრებაა და შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება.
– შენ რას იზამდი ჩემს ადგილას? – არ მოეშვა ნათია.
– მე შენს ადგილას არ ვარ და არც ვიქნებოდი, იმიტომ რომ მე მე ვარ და შენ შენ ხარ. შენ უნდა გააკეთო არჩევანი, – ელენე გაჩუმდა, ბოლოს კი დააყოლა, – მე არ დავრჩებოდი კაცთან, რომელიც დედამისის მომვლელად დამსვამდა, მაშინ, როდესაც კარგი ხელფასი აქვს და ორი ძმა ჰყავს, არც თუ ღარიბი.
დუმილი ჩამოწვა, რომელიც ისევ ელენემ დაარღვია:
– შენ თავად გადაწყვიტე, რას გააკეთებ, ვინ როგორ გიღირს და რა რად გიღირს, მე შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავუჭერ მხარს, მაგრამ, რასაც გადაწყვეტ, მასზე პასუხისმგებელი შენ იქნები. – ნათია მიხვდა, რომ დედამისს ძალიან არ ესიამოვნა, რაც შვილისგან მოისმინა, მაგრამ იცოდა, რომ ელენე ტაქტიანი ქალი იყო და ზედმეტს მაინც არაფერს ეტყოდა.
– მადლობა, დედა, მიყვარხარ, – უთხრა ნათიამ ელენეს და ტელეფონი გულდამძიმებულმა გათიშა.
ნათიას სიკვდილივით არ უნდოდა სამსახურიდან წამოსვლა და გადაწყვიტა, ანდრია რამენაირად დაეყოლიებინა, რომ მომვლელი აეყვანათ, თუმცა, მოერიდა მისი ძმები ეხსენებინა, ეთქვა, რომ მათაც ბიეღოთ მონაწილეობა ქალბატონი ნუნუს მოვლაში. მაგრამ, ანდრიასთან არაფერმა გაჭრა – არც ნათიას ხვეწნამ, არც ცრემლებმა. ანდრია შეუვალი იყო. ნათია გაბრაზდა კიდეც: უცნაურადაც იქცევა ამ ბოლო დროს და ახლა ეს მძიმე ამბავიც მე ამკიდა. ნათია დარწმუნებული იყო, რომ ქმარი განზრახ უშვებდა ცოლს დედამისთან, რომელიც სოფელ დიღომში, კერძო სახლში ცხოვრობდა, რომ თავად თავისუფლად დარჩენილიყო მათ ბინაში. ამიტომ გადაწყვიტა, პირდაპირ ეთქვა თავისი ეჭვის შესახებ:
– შენ, უბრალოდ, გინდა, რომ შენს საყვარელთან ერთად თავისუფლად გაერთო, რომ მე ხელი არ შეგიშალო.
ამის გაგონებაზე ანდრიას სიცილი აუტყდა.
– ანუ, შენ ფიქრობ, იმდენად უზნეო ადამიანი ვარ, რომ შენ დედაჩემს მოგავლევინებ და მე ამ დროს ვიღაცას შევხვდები?! არადა ჭკვიანი ქალი ხარ, მაგრამ ხანდახან ისეთ გაუგონარ სისულელეს იტყვი ხოლმე... – და ნათიას ჩაეხუტა.
– ასე უკეთესი იქნება. მე ხომ გიცნობ შენ და შენ მაინც ივლიდი დედაჩემთან, მომვლელიც რომ ჰყავდეს. უფრო დაიღლებოდი. ასე კი დედაც კარგად იქნება და არც შენ დაიღლები.
ნათიას აღარაფერი უპასუხია, მიხვდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ან უნდა მიეღო ანდრიას წინადადება, ან ჩაელაგებინა თავისი ნივთები და დედამისთან დაბრუნებულიყო. სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა, ამიტომ თავისი ტანსაცმელი ჩაალაგა და დამძიმებული გულით დედამთილთან გადაბარგდა.
მისახედი არა მხოლოდ ქალბატონი ნუნუ იყო, არამედ მისი ბაღი და ბოსტანიც, სადაც სარეველას უკვე დაეწყო გამრავლება. ქალბატონი ნუნუ აკვირდებოდა რძალს, რომელიც ეზოში საქმიანობდა და ოხრავდა:
– ველოდებოდი, როდის გაგიკეთებდით ტყემალს, აჯიკას, კომპოტებს, მურაბებს, ახლა ვინღა დაგიმზადებთ?!
– მე მასწავლეთ თქვენი რეცეპტები და მე დავამზადებ ან ვიყიდით, ახლა საკმაოდ კარგი პროდუქცია იყიდება, – ამშვიდებდა ნათია, მაგრამ პირიქით გამოსდიოდა:
– რა თქმა უნდა, გასწავლი, მაგრამ ჩემი ანდრიკო მიჩვეულია ჩემს გაკეთებულს, მაღაზიის კი არაფერი ვარგა.
ხანშიშესული ავადმყოფი ქალი სულ წუწუნებდა და ნათიას დღეებიც ამ წუწუნის ფონზე მიდიოდა, საით, ეს თავად ნათიამაც არ იცოდა. ანდრიას არ მოუტყუებია, კვირაში რამდენჯერმე ჩადიოდა და პარასკევის საღამოდან ორშაბათის დილამდე რჩებოდა. იქიდან მიდიოდა ორშაბათს სამსახურში. მაგრამ ნათია ამჩნევდა, რომ მისი ქმარი უცნაურად იყო აფორიაქებული, რასაც დედამისის ავადმყოფობით ხსნიდა, მაგრამ ანდრია ცდილობდა, ცოლისთვის თვალი აერიდებინა ხოლმე და ნათიას სულ უფრო და უფრო უმყარდებოდა ეჭვი, რომ ანდრიას ვიღაც ჰყავდა და მას კი, უბრალოდ, იყენებდა, როგორც მოსამსახურეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა და ცდილობდა, უსიამოვნო ეჭვებს არ აჰყოლოდა, მაგრამ ერთ დღესაც, ეჭვებმა რომ საბოლოოდ გათანგეს, თავის მეგობარ ქეთი დაურეკა, რომელიც ანდრიასთან ერთად მუშაობდა.
– დაკარგული გამოჩნდა! – გაუხარდა ქეთის, სად დაგვემალე, გოგონა?! მადლობა ღმერთს, რომ შენი ხმა გავიგონე.
– როგორ ხარ? როგორ ხართ სახლში? ნოდო, ბავშვები?! – დააყარა კითხვები ნათიამაც.
– კარგად ვარ, ისინიც კარგად არიან. შენ როგორ ხარ?
– არ გამცე, რაღაც უნდა გკითხო, – რატომღაც ჩურჩულით უთხრა ნათიამ.
– ხომ მშვიდობაა? მკითხე, – გაემზადა ქეთი.
– ჩემი ანდრია როგორ იქცევა? ხშირად ხვდები? ხომ არ შეცვლილა ამ ბოლო დროს? – ერთი ამოსუნთქვით ჩაარაკრაკა ნათიამ სათქმელი და გაწითლდა, რაც, ცხადია, ქეთის არ დაუნახავს.
– ვერ მივხვდი, მეგობარო, რას გულისხმობ? რის თქმა გინდა ამით? – პირდაპირ ჰკითხა ქეთიმ, რამის ეჭვი გაქვს?!
– არა, უბრალოდ, რაღაც უცნაურად იქცევა ამ ბოლო დროს, ნერვული გახდა და ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც სერიოზულს მიმალავს.
– მოიცა, დედამისი სიკვდილის პირასაა და შეიცვლებოდა, აბა, რას იზამდა?! – გულწრფელად გაუკვირდა ქეთის, – ვაჟები ხომ დედის დაღუპვას უფრო მტკივნეულად განიცდიან?! შენ ხარ ფსიქოლოგი თუ მე?!
– არა, ეს უფრო ადრე დაიწყო, სანამ ნუნუს ამბავი გაირკვეოდა.
– კარგი, რა, ნათი. ძალიან კარგი ქმარი გყავს, ერთგული, წესიერი. მე აქ მისთვის არაფერი შემიმჩნევია არასდროს. ნუ სწამებ ცილს ამ პატიოსან ადამიანს.
„შენთვის ადვილი სათქმელია, ცილს ნუ სწამებ, მე მის გვერდით კი არ მძინავს, არამედ დედამთილთან, დივანზე“, – გაიფიქრა ნათიამ, ხმამაღლა კი დაემშვიდობა. ნათიამ ტელეფონი გათიშა თუ არა, დედამთილის ხმაც შემოესმა:
– ხომ მშვიდობაა?
– რატომ მეძახდით? გჭირდებათ რამე? – გასძახა საპასუხოდ.
– მე არაფერი, საღამოს ანდრიკო ჩამოვა და გაგვითავდა მისი საყვარელი საზამთროს მურაბა. ჩაის რით დალევს?
– ნუ ღელავთ, თავად მოიტანს, თუ რამე უნდა ჩაისთან ერთად, – ცოტა გაღიზიანდა ნათია.
– არა, ჩემო გოგო, ჩადი სარდაფში, იქ უნდა მქონდეს დარჩენილი საზამთროს მურაბა და ამოიტანე. დავახვედროთ მაგიდაზე.
– კარგი, ჩავალ, – ამოიოხრა ნათიამ.
– ახლავე ჩადი, სასწრაფოდ, რომ დავახვედროთ მის საყვარელ ლანგარზე გადმოღებული, – დაიჩემა დედამთილმა და ნათია გაბრაზდა, თუმცა გასაღები აიღო და სარდაფისკენ გაემართა. სარდაფს ჩასასვლელი სახლის გვერდითა მხრიდანაც ჰქონდა და სამზარეულოდანაც ჩახვიდოდი კიბით, მაგრამ ნათიას არ უყვარდა იქ ჩასვლა სამზარეულოდან, ის კიბე საკმაოდ დამრეცი იყო და რატომღაც, ეშინოდა.
ნათია სარდაფში შევიდა და დაიწყო საზამთროს მურაბის ძებნა, ყველაფერი ხვდებოდა, მაგრამ საზამთროსი ვერაფრით იპოვა. უცებ მანქანის მუხრუჭების ხმა გაიგონა, მიხვდა, რომ ქმარი მოვიდა და, მართლაც, ანდრის ხმაც შემოესმა. ის, როგორც ყოველთვის, ხმამაღლა ლაპარაკობდა, რადგან ბოლო წელს ქალბატონ ნუნუს საგრძნობლად დააკლდა ყურთ.
– გამარჯობა, დედიკო, სად არის ნათია? – მიესალმა ანდრია დედას.
– სარგაფშია, მურაბას ეძებს, ვეუბნებოდი, ადრე ჩასულიყო, რომ შენი მოსვლისთვის მზად ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ ხომ ხედავ?! ჯერაც იქ არის, – დაიწუწუნა დედამისმა.
– კარგი, დედა, ნუ ჭირვეულობ, მალე ამოვა და არც მე ვარ ახლა ისე დამშეული, რომ რაღაც დამემართოს საზამთროს მურაბის გარეშე. შენ ხომ იცი, რომ არაჩვეულებრივი რძალი შეგხვდა?! – მიესიყვარულა ანდრია დედას.
ნათია სმენად იქცა, თურმე, საკმაოდ საინტერესო ყოფილა, რას ამბობენ შენზე, როდესაც არ იციან, რომ გესმის.
– ასე ადრე რატომ ჩამოხვედი? სამსახურში ხომ არ მოხდა რამე? – ჰკითხა შვილს ნუნუმ: ადრე წამოხვედი?
– სამსახურში არც ვყოფილვარ, ნანიკო უნდა მიმეყვანა სახლში. გამოწერეს უკვე საავადმყოფოდან. მერე ნოტარიუსთან ვიყავი.
– უკვე იყავი?! მე კიდევ დამავიწყდა, შენთვის მეთქვა, რომ წაგეღო უარები? – დანანებით წარმოთქვა ნუნუმ.
– რა უარები?! – გაიკვირვა ანდრიამ.
– შენმა ძმებმა მომწერეს, რომ არ აქვთ პრეტენზია ჩემს ბინაზე. ასე რომ, შეგიძლია, ნანიკოს გადაუფორმო. პრობლემა აღარ იქნება.
– ძალიან კარგი. მე ვერ ვუთხარი, მომერიდა. დავურეკავ. – კმაყოფილი ხმით თქვა ანდრიამ და ნათიამ ცხადად დაინახა, როგორ გადაეფინა სახეზე ღიმილი მის ქმარს და თავში თითქოს ურო ჩაარტყესო.
„ვინ არის ეს ნანიკო და რა ბინა უნდა გადაუფორმონ?! ან მე რატომ არ ვიცოდი აქამდე, თუ ნუნუს ბინა ჰქონდა?! მიმალავდნენ?!“– ნათიას თავში კითხვები უბზუოდა და ტვინს უბურღავდა. გულიც კი აუჩქარდა. ერთი სული ჰქონდა, ზემოთ ასულიყო და ქმრისთვის სილა გაეწნა. პირველივე ქილას დაავლო ხელი და სამზარეულოში შევარდა. ქილა მაგიდაზე ისეთი გრუხუნით დადო, რომ სასწაულით გადაურჩა დამსხვრევას.
– რაც ვნახე, ის მოვიტანე, არანაირი საზამთროს მურაბა იქ არ არის. ახლა კი მითხარით, ვინ არის ნანიკო და რა ბინა უნდა გადაუფორმოთ?!
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. დედა-შვილმა ერთმანეთს გადახედა და ანდრია ცოლს მიუახლოვდა:
– მე თავადაც არ ვიცი, ვინ არის ნანიკო?!
– მე ყველაფერი გავიგონე, სარდაფში ხმა ჩამოდის და ისმის საკმაოდ მკაფიოდ, – ნათია წამოწითლდა, მზად იყო, ქმარი მიეხრჩო, – შენმა ძმებმა რომ უარი თქვეს ბინაზე და ნანიკოს რომ უნდა გადაუფორმოთ. საყვარელი გყავს?! – ნათიას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, ამიტომ მოურიდებლად ამბობდა სათქმელს. ანდრიამ ისევ გადახედა დედამისს და ისე დაიბნა, რომ ნათიას სუნთქვა შეეკრა:
– აა, ამაზე ამბობ?! – თქვა და ისევ დედამისს გადახედა.
– მიდი, მოუყევი ყველაფერი, თორემ, ხომ ხედავ, რაებს იგონებს უკვე, – საქმიანად უთხრა შვილს ნუნუმ.
ანდრიამ სცადა, მოხვეოდა ცოლს, მაგრამ ნათიამ უხეშად მოიშორა მისი ხელები და შორს გადგა.
– ეს ძალიან რთული ამბავია, მე მყავს შვილი პირველი ქორწინებიდან, ალიკო, – დაიწყო ანდრიამ და ნათია მიხვდა, რომ ალიკო გაიგო, როგორც ნანიკო.
– როგორ? – გაუფართოვდა თვალები.
– ის ავადაა, – განაგრძო ანდრიამ, დეფექტით, სიარული არ შეუძლია. ახლახან, როდესაც ხუთი წლისთავი გვქონდა, სიცხემ აუწია და საავადმყოფოში მომიწია მისი წაყვანა.
– აჰა, აი, თურმე, ვისი სუნამოს სუნი აგდიოდა იმ დღეს, – უთხრა პირგამეხებულმა ნათიამ, – შენი პირველი ცოლის სუნამოს სუნი აგდიოდა.
– ნათია, არა. არ ჰყავს დედა ალიკოს. უფრო სწორად, დედა ჰყავს, მაგრამ, როდესაც მიხვდა, რამდენად რთულია ასეთი ბავშვის მოვლა, მიგვატოვა. უცხოეთში წავიდა. ალბათ, იქ გათხოვდა, ყოველ შემთვევაში, ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცით. მე ძიძა დავუქირავე ბავშვს, კარგი ქალია და ის უკვე 8 წელია, უვლის.
ნათია ყურებს არ უჯერებდა: ანდრიას შვილი ჰყავს, მისთვის კი არასდროს უთქვამს, თუმცა, ცოლი რომ ჰყავდა, ნათიამ ეს იცოდა...
– მე რატომ არ მითხარი არაფერი?! არასდროს არაფერი მოგიყოლია, – გაბრაზდა ნათია.
– ვიფიქრე, რომ შენ ამას არ შეეგუებოდი. დედამისმა ვერ გაუძლო და გაიქცა და შენ როგორ მოიქცეოდი?! ახალგაზრდა და ასეთი ლამაზი მოინდომებდი, ცოლად გაჰყოლოდი კაცს, რომელსაც ინვალიდი შვილი ჰყავს?! – ანდრიამ თავი ჩაქინდრა, – შენი დაკარგვა არ მინდოდა, ამიტომ ვარჩიე, რომ ეს არ გცოდნოდა.
– ამიტომაც არ გინდოდა, რომ ბავშვები გვყოლოდა? გეშინოდა? – ნათიამ გაფართოებული თვალებით წეხედა ქმარს.
– მეშინოდა, რომ შენც შეიძლებოდა, ასეთი შვილი გყოლოდა. ეს ძალიან მძიმე გადასატანი იქნებოდა ჩემთვის.
ნათიამ თვალები დახუჭა და მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდა.
– ასე როგორ შეიძლება?! შეიძლება, შენი შვილის გრცხვენოდეს და მალავდე?!
– სხვა რა გზა მქონდა?!
– ესე იგი, შენ მე საერთოდ არ მიცნობ. ხვალვე მოიყვანე ბავშვი და გამაცანი.
მეორე დღეს ქალბატონი ნუნუს სახლთან ანდრიას მანქანა გაჩერდა, რომელიც დატვირთული იყო ბავშვის ნივთებითა და ეტლით. ბიჭუნა 9 წლის იყო და ნათიას ათვალიერებდა. ნათია მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა:
– გამარჯობა, მე ნათია ვარ.
– გამარჯობა, ვიცი, ძალიან ლამაზი ხართ, – უთხრა ნათიას.
ძიძას ბავშვის ნივთები სახლში შეჰქონდა და ქალბატონ ნუნუს ანგარიშს აბარებდა. ნათია მიჰყვებოდა ბავშვს და ეღიმებოდა. ანდრიამ არც იცოდა, რომ ნათია ფეხმძიმედ იყო და სწორედ ამიტომ დათანხმდა სამსახურიდან წამოსვლას, სწორედ მათი ქორწინების 5 წლისთავზე უნდოდა ამის თქმა ქმრისთვის, მაგრამ მაშინ მისი გეგმები ჩაიშალა. ახლა კი ამის გაგებით ანდრია იმდენად ანერვიულდა, რომ ცოლი კითხვებით აავსო: ზუსტად იცი, რომ ჯანმრთელი იქნება?!.
– რა თქმა უნდა, ჯანმრთელი იქნება, მაგრამ შენ უნდა დამპირდე, რომ არასდროს, არასდროს დამიმალავ არაფერს.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან