საიდუმლო შვილი
ავტორი: ნია დვალი 20:00 30.05

– ზუსტად ხუთი წელია, რაც დავქორწინდით, – გაიფიქრა ნათიამ და დასევდიანდა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ეს ძალიან კარგი დღესასწაული შეიძლებოდა, გამხდარიყო, მაგრამ ამ მდგომარეობაში ნათიას ეს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. მათ არ ჰყავდათ შვილები და ამიტომ, ნათიას აზრით, ეს ოჯახი კი არა, უფრო პარტნიორობა იყო. ანდრიას არაფრის გაგონება არ უნდოდა, საკმარისი იყო, ნათიას ბავშვები ეხსენებინა, რომ ანდრია მაშინვე აჩუმებდა და საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა.
ნათიას სევდიანი ფიქრები დედამთილის ზარმა შეაწყვეტინა. ნათიამ ამოიოხრა, ნუნუ რამდენიმე დღეა, თავის ჯანმრთელობაზე წუწუნებდა და რძალი გაემზადა ხანგრძლივი უსიამოვნო საუბრის მოსასმენად, მაგრამ ამის ნაცვლად, ქალბატონმა ნუნუმ ქორწინების ხუთი წელი მიულოცა და გაილექსა. ნათიამ თავი უხერხულადაც კი იგრძნო, რომ უხალისოდ უპასუხა ზარს, მაგრამ ქალბატონმა ნუნუმ მაინც მოახერხა ნათიასთვის გულის ტკენა, თუმცა უნებლიეთ.
– ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ჯანმრთელობას, წარმატებებს, ერთმანეთი არ მოგშლოდეთ, სიყვარულს, ბედნიერებას, ხვავს, ბარაქას და ბევრ შვილს. თორემ, აბა, რა სახლია, თუ იქ ბავშვების ხმა არ ისმის?
– დიდი მადლობა, – უპასუხა ნათიამ დედამთილს და შეეცადა, არ შეემჩნია, რომ ქალბატონი ნუნუ მის ყველაზე მტიკივნეულ თემას შეეხო.
– თქვენ როგორ გრძნობთ თავს? – ჰკითხა მაშინვე, – უკეთ არ ხართ?
– არა, ჩემო გოგო, უკეთ აღარაფერი გამხდის, არასდროს ვაქცევდი ყურადღებას ჩემს ჯანმრთელობას და, ალბათ, ამიტომაც დაგვიანებულია უკვე ჩემთვის მკურნალობა. ექიმებთან არ დავდიოდი თავის დროზე. – უთხრა რძალს.
ნუნუმ სიმართლე თქვა, მას, მართლაც, არასდროს ეცალა საკუთარი თავისთვის. სამი ვაჟი გაზარდა მარტოდმარტომ, მას შემდეგ, რაც მისი ქმარი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. მართალია, სახელმწიფომ ოჯახს კომპენსაცია გადაუხადა, მაგრამ ეს მაინც არ იყო შეღავათი. ორი უფროსი ვაჟი უცხოეთში დამკვიდრდა და დედას ტელეფონით მოიკითხავდნენ ხოლმე, ხოლო უმცროსი – ანდრია დედასთან დარჩა, თუმცა ცალკე ცხოვრობდა.
ნათიამ ტორტი მაცივარში შეინახა და ვახშმის მომზადებას შეუდგა. ანდრია, დაახლოებით, ერთ საათში უნდა დაბრუნებულიყო სამსახურიდან. ნათიამ საათს ახედა: „მოვასწრებ ყველაფერს“.
გავიდა ერთი საათიც, ორიც, მაგრამ ანდრია არ ჩანდა. ნათია აქრობდა და ისევ ანთებდა სანთლებს: ნეტავ, რა მოხდა? არასდროს დაუგვიანია, – შფოთავდა თავისთვის. გარეთ ბინდდებოდა. ნათია არასდრის ურეკავდა ქმარს, როდესაც სამსახურიდან მოსვლას აგვიანებდა. უბრალოდ, ელოდებოდა, მაგრამ ამჯერად ისე ღელავდა, რომ დაურეკა. ზარები გადიოდა, მაგრამ ანდრია არ პასუხობდა. ნათია არ თიშავდა და მეშვიდე ზარზე ანდრიამ, როგორც იქნა, უპასუხა.
– ნათი, უკვე მოვდივარ, არ ინერვიულო, – უთხრა ცოლს და ნათიას მოეჩვენა, რომ ანდია ქოშინებდა. მაგრამ ამას მაინც არ მიაქცია ყურადღება, იმითიც კმაყოფილი იყო, რომ მისი ხმა გაიგონა და, რაც მთავარია, მალე მოვიდოდა.
როდესაც ანდრია შემოვიდა, ოთახი უცხო სუნამოს სურნელმა გაავსო. ნათიას ალერგია ჰქონდა მძაფრ სუნზე, ამიტომ ქმრის ქურთუკი აივანზე გაიტანა გასანიავებლად, ისევ არაფერი უკითხავს.
– აი, ამ სიმშვიდისთვის მიყვარხარ, – უთხრა ანდრიამ ცოლს და აკოცა. შემდეგ სააბაზანოში შევიდა, ხელები დაიბანა და მაგიდას მიუჯდა.
– ოჰ, რა გემრიელია ყველაფერი, – ნეტარებით ამოთქვა, ხელი მოჰკიდა ჭიქას, მეორე ცოლს მიაწოდა:
– აბა, გილოცავ, ჩემო ლამაზო და გისურვებ და ვისურვებ, რომ ეს ხუთი წელი 500 წლად გვქცეოდეს!
ჭიქები ერთმანეთს მიეჭახუნა და ორივემ მოსვა წითელი ღვინო, რომელიც ნათიას უყვარდა. ანდრიამ ჭიქა დადგა და ნათიას მოგრძო ყუთი გაუწოდა:
– ეს – შენ, ჩვენი ოჯახის დაბადების დღეს გილოცავ! – ნათიას ხელები აუკანკალდა, ესიამოვნა, რომ ანდრიას არ დავიწყებოდა დღევნდელი დღე, იმდენადაც კი, რომ საჩუქარიც ეყიდა.
„მაგრამ რატომ არაფერს მეუბნება, რატომ დააგვიანა? – აწუხებდა ნათიას კითხვები ან მის ქურთუკს რატომ ასდის სხვა ქალის სუნამოს სურნელი?!“
– მადლობა, ანდრიკო, – უთხრა ქმარს, – იმდენ ხანს გელოდი, რომ არ ჩამწვარიყო, რამდენჯერმე ჩავაქრე სანთლები. სად იყავი?
– არც კი დამიჯერებ, – ჩაიბურდღუნა ანდრიამ, – თანამშრომელს შვილი გაუხდა ცუდად. ცოლმა დაურეკა, ტიროდა, სასწრაფო იგვიანებსო და მთხოვა, ბავშვი კლინიკაში მე წამეყვანა. ხომ არ დავყრიდი და ველოდებოდი მათთან ერთად პასუხს. შემდეგ მისი ცოლი გამოვიდა და გვითხრა, რომ ბავშვი უკეთ იყო, მაგრამ ეს ღამე იქ უნდა დარჩენილიყვნენ. ჩვენ კი წამოვედით. ჯერ ის მივიყვანე სახლში.
– ესე იგი, შენი თანამშრომლის ცოლის სუნამოს სუნი აგდიოდა? – ჰკითხა ნათიამ.
– როგორც ჩანს, სამსახურიდან რომ დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა, 40-მდე, – ანდრიამ თავი გააქნია დანანებით და მაშინვე სიამოვნებით თქვა, – დიდი მადლობა, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. უბრალოდ, ისე დავიღალე და ვინერვიულე, ფეხზე ძლივს ვგდავარ. რომ დავწვე და დავიძინო, ხომ არ გამიბრაზდება ჩემი დედოფალი?!
– არა, დაისვენე, – მშვიდად უთხრა ნათიამ ქმარს, – ხვალ ხომ ისევ სამსახურში უნდა წახვიდე?! – ნათიამ იგრძნო, ცრემლები მოაწვა და საუბარი რომ გაეგრძელებინა, ხმა აუკანკალდებოდა, ამიტომ სასწრაფოდ წამოდგა და სუფრის ალაგება დაიწყო.
ანდრიაც ადგა, ცოლს კისერში აკოცა და სააბაზანოში შევიდა. 5 წუთის შემდეგ ნათიამ გაიგონა, რომ ანდრიას ვიღაცამ დაურეკა. მან წყალი გადაკეტა და ნათიამ მისი ხმაც გაიგონა:
– მართლა?! მადლობა ღმერთს. მადლობა.
– ნუთუ ასე ღელავს სხვის შვილზე, თუ რაღაცას მიმალავს? – ნათიას ეჭვები ღრღნიდა. ხასიათი საბოლოოდ წაუხდა. ჯერ დედამთილმა წაჰკბინა თავისი უადგილო შეფასებით, შემდეგ ქმარმა, რომელმაც დაიძინა, ნაცვლად იმისა, რომ რომანტიკული საღამო გაეგრძელებინათ. ნათიამ ჭურჭელი დარეცხა და მაშინღა გაახსენდა საჩუქარი, ისიც გაუკვირდა, რომ არც ანდრიამ სთხოვა, გაეხსნა და ენახა. ნათია კოლოფს დასწვდა და გახსნა: იქ იდო ის სამეული, რომელიც ნათიას ძალიან მოეწონა საიუველირო მაღაზიაში. საჩუქარი საკმაოდ ძვირად ღირებული იყო და ნათიას თვალებიც კი გაუფართოვდა, მაგრამ გულში ისევ გაჰკრა ეჭვმა:
– ნეტავ, რის დაფარვას ცდილობს ამით?! შეიძლება, რაღაც დააშავა და ასე უნდა გამოსყიდვა?! – ნათია ისევ გადაეშვა თავისი დაუსრულებელი ეჭვების სამფლობელოში.
***
მათ ერთმანეთი ანდრიას კომპანიაში გაიცნეს, როდესაც ფსიქოლოგები მიიწვიეს ცენტრიდან ტესტირების ჩასატარებლად. ახალგაზრდა ფსიქოლოგი მაშინვე შეამჩნიეს კომპანიის თანამშრომელმა მამაკაცებმა, როგორც კი ნათია შენობაში შევიდა და დირექტორის კაბინეტისკენ გაემართა. ანდრიას სუნთქვა შეეკრა: მას მოეჩვენა, რომ ზუსტად ის ქალი დაინახა, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა და ვის გამოც ყველაფერს გააკეთებდა. ნათიას დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენია ანდრიას მიერ გამომჟღავნებული ყურადღებისადმი, იმიტომ რომ ანდრია მასზე საკმაოდ უფროსი იყო და, მეორე მხრივ, საკმაოდ ელეგანტურად და უზადოდ გამოიყურებოდა, რასაც, ნათიას აზრით, თავად არ შეესაბამებოდა. ნათიას აკომპლექსებდა, რომ მამა არ ჰყავდა და არც კი იცოდა, ვინ იყო მამამისი. როგორც ფსიქოლოგს, ესმოდა, რომ ეს მას ცხოვრებას უფუჭებდა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. მაგრამ ანდრია ისეთი დაჟინებული იყო, რომ ნათიას გული გაულღვა და როდესაც დაქორწინდნენ, ნათია მიხვდა, რომ არა მხოლოდ უყვარდა ეს მშვენიერი მამაკაცი, არამედ ძალიან დიდ პატივსაც სცემდა. ამიტომ მოუნდა, რომ ანდრიასთვის იდეალური ცოლი გამხდარიყო. აი, ისეთი ცოლი, რომელსაც არასდროს ღალატობენ და ფიქრობდა, რომ ეს გამოსდიოდა. მაგრამ ასე ფიქრობდა დღევანდელ საღამომდე...
***
ნათია დილით დედამთილის ზარმა გამოაღვიძა.
– ნათია, შვილო, ანდრიას არ დავურეკე, ვიცი, სამსახურში უნდა წავიდეს დღეს. შენ კი სახლში ხარ და მინდა, რაღაც გთხოვო.
– გისმენთ, რა თქმა უნდა, – ნამძინარევი ხმით უპასუხა ნათიამ.
– წუხელ ცუდად გავხდი და სასწრაფომ საავადყოფოში წამომიყვანა. – ნათია შეშფოთდა, – რატომ მაშინვე არ დაგვირეკეთ?!
– არ იყო საჭირო, ახლა კი გთხოვ, ჯერ არაფერი უთხრა ანდროს, შენ კი მიდი ჩემს სახლში და ჩუსტები წამომიღე. სიჩქარეში დამავიწყდა.
– კარგი და გასაღები ისევ იქაა? – ჰკითხა დედამთილს.
– კი, კი, ისევ იქაა.
– მალე მოვალ, – უთხრა ნათიამ დედამთილს და სამზარეულოში გავიდა. ნაღებიანი ყავა დალია და ცოტა გამოფხიზლდა. ჩაიცვა და ავტობუსის გაჩერებისკენ დაიძრა. გზაში ქალბატონმა ნუნუმ კიდევ რამდენჯერმე დაურეკა და ხან რისი მოტანა დაავალა და ხან – რისი.
– არ გამიბრაზდე, რომ გაწუხებ. არასდროს ვწოლილვარ საავადმყოფოში, – მორიდებით უთხრა ბოლოს დედამთილმა.
ნათიას გაეღიმა და ისევ ანდრია გაახსენდა. ამ ფიქრებმა კი დაასევდიანა.
– მოვუყვე ჩემს ეჭვებზე? – ნათიამ საკუთარ თავთან გააბა დიალოგი, – როგორ დააგვიანა ჩვენს იუბილეზე, მერე როგორ დაიძინა, როგორი ძვირად ღირებული საჩუქარი მაჩუქა?! სუნამოს სურნელზე?! იქნებ ვცდები და არ ღირს... ხომ ინერვიულებს ის მოხუცი ქალი? – ნათიას წინააღმდეგობრივი ფიქრები ებადებოდა, – არა, სჯობს, ჯერ ჩუმად ვიყო. გამოჯანრთელდეს და მერე ვნახოთ, – გადაწყვიტა საბოლოოდ.
მაგრამ ქალბატონ ნუნუს ისეთი დაავადება აღმოაჩნდა, რომელიც უბრალოდ, არ იკურნება.
როდესაც ნათია პალატაში შევიდა, დედამთილს ნამტირალევი სახე ჰქონდა და ფანჯარაში ნაღვლიანი თვალებით იყურებოდა. ნათია მიხვდა, რომ რაღაც არასასიამოვნო მოხდა. იმდენად დაიბნა, რომ უცებ შესაფერისი სიტყვები ვერც კი მოიფიქრა. დუმილი ისევ დედამთილმა დაარღვია:
– როგორც გეუბნებოდი, ჩემო გოგო, მე უკეთ ვეღარ გავხდები. სიმსივნე მაქვს, ოპერაციასაც აზრი არ აქვს. გამომწერენ და სახლში დაველოდები სიკვდილს.
– როგორ თუ უკეთ ვეღარ გახდებით?! საერთოდაც, როგორ მოხვდით საავადმყოფოში?! რატომ? რა მოხდა? – ამოიდგა ენა ნათიამ ამ თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ.
– გული წამივიდა. მეზობლის ქალი, იზო იყო ჩემთან, ხომ გახსოვს?! უცებ გავითიშე. კიდევ კარგი, ვიჯექი და თავი არ დავარტყი. იზოს შეეშინდა და სასწრაფო გამოიძახა. მალე მოვიდნენ. არ მინდოდა, წავყოლოდი, მაგრამ ექიმებმა დაიჟინეს, ის მაინც გავიგოთ, რატომ წაგივიდათ გულიო.
როდესაც ანდრიამ გაიგო, რომ დედამისი ავად იყო, ჩაფიქრდა და ნათიას სთხოვა, სამსახურიდან წამოსულიყო:
– ხომ გესმის, რომ ვერ შევძლებთ, დავუქირაოთ 24-საათიანი მომვლელი. თან, არ უნდა ჩვენთან ერთად ცხოვრება. ეს მისი პრინციპია. ბავშვობიდან გვეუბნებოდა, რომ რძლებთან არ იცხოვრებდა, იმიტომ რომ ყველა ოჯახი ცალკე უნდა ცხოვრობდესო. თან, არ მგონია, რომ უცხო ადამიანს შეეთვისოს. ხომ იცი, როგორი შარიანია. მხოლოდ შენ გაქვს უნარი, რომ გამონახო მასთან საერთო ენა. შენ ძალიან უყვარხარ.
– ანდრიკო, თუ მე სამსახურიდან წამოვალ, ეს ისედაც დაგვაზარალებს ფინანსურად. თან, ახალი პროექტი უნდა ჩაეშვას. ორი წელია, ამაზე ვმუშაობ და ველოდები. ძლივს ნორმალური ხელფასი მაქვს. რატომ გინდა, რომ ყველაფერი დამენგრეს?! – ნათია ღელავდა და არ ჩუმდებოდა:
– თან, არავინ იცის, რამდენ ხანს მომიწევს სახლში ჯდომა და მერე რა იქნება?! როგორ ვიპოვო სამსახური სპეციალობით?! თან, ასეთი მოხერხებული გრაფიკით?!
ნათია ისე ანერვიულდა, რომ ენაც კი დაება და თვალები ცრემლებით აევსო.
– იფიქრე და გადაწყვიტე, რაც შეიძლება, მალე, – ანდრიას არაფრის გაგონება არ უნდოდა.
***
ნათიას ძალიან არ უნდოდა, დედამისისთვის დაერეკა და ეთქვა, რასაც ანდრია სთავაზობდა, მაგრამ, მით უმეტეს, არ უნდოდა, რომ ეს ამბავი მეგობრებისთვის მოეყოლა. შეიძლება, ეშინოდა, რომ ისინი მის ზურგს უკან დასცინებდნენ, ვინაიდან ნათიამ კარგად იცოდა, როგორ არჩევდნენ მასთან დანარჩენი მეგობრების პრობლემებს. შესაბამისად, ზუსტად ასევე გაარჩევდნენ ნათიას ამბავსაც. ამიტომ, საკუთარ ოჯახზე ლაპარაკი არავისთან უყვარდა. თავის უახლოეს ადამიანებთანაც კი, რომლებიც ძალიან ცოტა ჰყავდა, მაგრამ მაინც ჰყავდა.
– ვინმეს რომ არ მოვუყვე, შეიძლება, გული გამისკდეს, – იფიქრა ნათიამ და მაინც დედამისთან ამჯობინა დარეკვა.
– დე, როგორ ხარ? – ნათია შეეცადა, ხალისიანი ხმა ჰქონოდა.
– მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ზედმეტად მხიარული მეჩვენები დედამთილის ავადობის ფონზე, – მაშინვე მიუხვდა ელენე შვილს განწყობას.
– ჰო, ცოდვაა ძალიან, ექიმები ვერც ეუბნებიან, რამდენ ხანს იცოცხლებს ან ეს რა უბედურებაა, პირდაპირ მიახალო ადამიანს ასეთი დიაგნოზი და მოსალოდნელი შედეგი?! – ამჯერად ნათია გულწრფელად ლაპარაკობდა.
– წესით, ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ელოდება, თუმცა, დაზუსტებით არც არავინ იცის, რა ელოდება და რა როგორ იქნება. ექიმები, უბრალოდ, თავიანთ რაღაც წესებს მიჰყვებიან და ყველას ერთ თარგზე ჭრიან, შეიძლება, ქალბატონმა ნუნუმ მეც კი მომინელოს, – გაეცინა ელენეს.
– კარგი, რა, დედა, რაებს ამბობ?! – უსაყვედურა შვილმა.
– ჩვეულებრივ რამეს ვამბობ. ვინ რა იცის, ადამიანს რამდენი აქვს დარჩენილი?! ან ჯერ არ შემცდარან თუ რა?! – იხტიბარი არ გაიტეხა ელენემ, – შენ ის ჯობია, მითხრა, შენ როგორ ხარ? რას შვება ჩემი სიძე?
– კარგადაა. რჩევა მინდოდა, მეკითხა შენთვის, – მორიდებულად დაიწყო ნათიამ სათქმელი.
– თუ ჩემი რჩევა გჭირდება, ესე იგი, საქმე არც ისე კარგადაა, გისმენ, – ელენეს ხმა ოდნაც დაეძაბა, რაც მთავარია, ხომ გახსოვს, რაც ხდება, უკეთესობისთვის ხდება. ასე რომ, დაიწყე პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე და არ მითხრა, შენ რა ეჭვები გაქვს. ამბავი მომიყევი, ფაქტები.
– ანდრიკომ მითხრა, – დაიწყო ნათიამ და თითქოს დაინახა, როგორ გადაურბინა დედამისს სახეზე ღიმილმა, სულ ასე მოსდიოდა, როდესაც ნათია ქმარს ანდრიკოთი მოიხსენიებდა.
– აბა, რა გითხრა ანდრიკომ? – ძალიან სერიოზული ხმით დააზუსტა დედამისმა.
– შენ უნდა დაანებო თავი სამსახურს, რომ დედაჩემს მოუაროო, – ამოთქვა ნათიამ და იგრძნო, როგორ დაიძაბა ჰაერი მეორე ტელეფონთან.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან