რომანი და დეტექტივი

საგვარეულო წყევლა

№49

ავტორი: „თბილისელები“ 17:31 08.12, 2020 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია

ჰაინც რულე

ვინსენტ მესიურეს ერთხელ საფრანგეთში შევხვდი. თან ერთი ბატონი ახლდა, რომელიც, როგორც მერე გაირკვა, ბიძამისი ჰუგო ლემესიურე იყო. მე და ჩემს მეგობარს არსად გვეჩქარებოდა, ამიტომ, როდესაც თავიანთ მაგიდასთან მიგვიპატიჟეს, სიამოვნებით დავთანხმდით.

უფროსი მესიურე მეცნიერი აღმოჩნდა და იმჟამად, ხელისუფლების დაკვეთით, რაღაც ქიმიურ კვლევებს ატარებდა. ცოტა ხანში საუბარი ახალგაზრდა, მაღალმა კაცმა შეგვაწყვეტინა. მან ვინსენტს სამწუხარო ამბავი შეატყობინა. ვინსენტის მამა ცხენიდან გადმოვარდნილიყო  და ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, არ იცოდნენ დილამდე გაატანდა, თუ არა.  ამბის მომტანი – როჯერ მესიურე, როგორც ვინსენტის კუზენი, ისე გაგვეცნო.

საუბარს რომ შევყევით, გვიამბო: ალბათ, შეატყობდით ვინსენტი როგორ გაფითრდა. ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მამის გამო აღელდა. მამასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. საქმე წყევლას ეხება.

მესიურე ძალიან ძველი გვარია. რამდენიმე ასწლეულის წინ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ერთმა მესიურემ ცოლს საეჭვო ვითარებაში წაასწრო და ღალატში დაადანაშაულა. ქალი იფიცებოდა, უდანაშაულო ვარო, მაგრამ მოხუც ბარონს არაფრის გაგონება არ სურდა. ბარონმა გადაწყვიტა, რომ შვილი მისი არ იყო და მემკვიდრეობის ჩამორთმევით დაემუქრა.

საბოლოოდ ბარონმა ცოლიც და შვილიც კედელში ცოცხლად ჩაატანა. ქალმა სიკვდილის წინ მესიურეს გვარი დაწყევლა. წყევლის თანახმად, იმ დღიდან მესიურეს გვარში ვერც ერთი უფროსი შვილი მემკვიდრეობას ვერ ეღირსებოდა. რამდენიმე ხანში გაირკვა, რომ ლედი მართლაც არ იყო დამნაშავე.  ბარონმა დარჩენილი  სიცოცხლე მონასტრის კედლებში  გაატარა.

მას შემდეგ ვერც ერთი უფროსი შვილი მესიურეს გვარში, ცოცხალი ვერ აღწევს იმ ასაკამდე, მემკვიდრეობა რომ უნდა მიიღოს. მამულები უმცროს ძმებს ან ნათესავებს რჩებათ, მაგრამ არასოდეს – უფროს შვილს. ვინსენტის მამა მეორე იყო ხუთ ძმაში, უფროსი ჩვილობის ასაკში დაიღუპა. ომის დროს ვინსენტის ორი უმცროსი ძმა დაიღუპა, თუმცა მას ეგონა, რომ თავად იყო განწირული. 

– საინტერესო ისტორიაა, – დაფიქრებულმა წარმოთქვა ჩემმა მეგობარმა – მაგრამ ახლა მამა სიკვდილის პირასაა. ვინსენტი კი, როგორც უფროსი ვაჟი, მემკვიდრეობას მაინც მიიღებს. 

– ზუსტად. თანამედროვე ცხოვრებაში წყევლა არ „მუშაობს“.
 

ამ ამბავს გაგრძელება მეორე დღესვე მოჰყვა, როდესაც ახალგაზრდა  ვინსენტ მესიურეს ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი გავიგეთ. ღამით, დაძრული მატარებლიდან გადავარდა. ფიქრობდნენ, რომ გონება დაებინდა, რაც ფრონტზე მიღებულმა კონტუზიამ და სამწუხარო ცნობამ გამოიწვია. მემკვიდრედ ვინსენტის ბიძა გამოცხადდა, რომლის ერთადერთი შვილი ქალაქ სომთან დაიღუპა. ორი წლის შემდეგ, კი ისიც გარდაიცვალა და მალე თავისი  ძმაც მიჰყვა. ჯონი საკმაოდ ჯანმრთელი ადამიანი იყო. მისი სიკვდილის მიზეზი ფუტკრის ნაკბენი გახდა. ანუ, წყევლა თავის საქმეს აკეთებდა: ჯონის შვილმა, რომელიც იტენში სწავლობდა, გაურკვეველ სიტუაციაში, იარაღით მოიკლა თავი. ახლა უკვე მამული ხუთი ძმიდან უმცროსს, ჰუგოს რჩებოდა, იმას, რომელიც ჩვენ იმ ღამეს ჩარლტონში გავიცანით.  

ერთ საღამოს, მოულოდნელად ჩვენთან  მადამ მესიურე – ჰუგოს ცოლი მოვიდა  და დახმარება გვთხოვა. ქალის მონაყოლიდან გაირკვა, რომ მას თავისი  უფროსი შვილის ბედი აღელვებდა. ორი შვილი ჰყავდა: რონალდი – რვა წლის და ჯერალდი – ექვსის. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რონალდი სიკვდილს სამჯერ ბეწვზე გადაურჩა. პირველად, როდესაც ზღვაზე ისვენებდნენ, კინაღამ დაიხრჩო, მეორედ – ფანჯრიდან გადავარდა, მესამედ კი – კინაღამ სოკოთი მოიწამლა. მის ქმარს, ჰუგოს ამ თემაზე საუბარი არ სურდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მათ გვარს წყევლა არ ასვენებდა და  შვილს ვერაფრით უშველიდა. ჰუგოს თქმით, ბედს ვერ გაექცეოდნენ.

ჩემს მეგობარს არანაირი წყევლის არ სჯეროდა. მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როდესაც ქალმა უთხრა, რომ არც მას სჯეროდა წყევლის. წყევლა სუროს ღეროს ხომ ვერ გადაჭრიდა სანახევროდ.
 – განა წყევლას შეუძლია, ასეთი რამის გაკეთება? – იკითხა ქალმა, – სუროსთან დაკავშირებული ამბავი წყევლას არ უნდა უკავშირდებოდეს. ბიჭები ხშირად თამაშობდნენ ასე: აძვრებოდნენ და ჩამოძვრებოდნენ სუროზე, ვიდრე ერთხელ (იმ დროს ჯერალდი სახლში არ იყო) სურო არ გაწყდა და რონალდი არ ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. მე მაშინვე დავათვალიერე სუროს ღერო და ის ღრმად იყო ჩაჭრილი. გესმით, ჩაჭრილი!

– თქვენს სახლში ვინ ცხოვრობს?
– მის სონდერსი – გუვერნანტი, ჯონ გარდნერი – ჩემი ქმრის მდივანი და მაიორი როჯერ მესიურე. თქვენ ისიც იმ ღამეს გაიცანით, როდესაც ჩემს ქმარს შეხვდით. ის ჩვენს შტოს არ ეკუთვნის, მაგრამ თუ არ ვცდები, ახლა ის ითვლება ჩემი ქმრის უახლოეს ნათესავად. ძალიან საყვარელი ადამიანია. ბავშვები მასზე გიჟდებიან.
– საფრთხე რეალურია, თქვენი ქმარი წინააღმდეგი ხომ არ იქნება, რომ რამდენიმე დღით გესტუმროთ?
– არა მგონია, უბრალოდ, იტყვის, რომ ამას აზრი არ აქვს.
როდესაც მესიურეებს ვესტუმრეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ჰუგო, ჩვენი შეხვედრის შემდეგ, საგრძნობლად შეცვლილიყო. ძალიან ფერმკრთალი და გამხდარი ჩანდა.
– დიდი მადლობა, ჩვენზე რომ ზრუნავთ, – გვითხრა მან, როდესაც ჩვენი ჩასვლის მიზეზი მოვახსენეთ, – მაგრამ რაც მოსახდენია, იმას ვერ ავცდებით. ჩაჭრილი სურო, ალბათ, მებაღის წინდაუხედაობის ბრალია. დავუშვათ, საქმეში დანა ჩაერია, მაგრამ მასაც ბედისწერა მართავდა. წყევლის ასრულებას დიდი ხნით ვერ გადავდებთ. მე განწირული ვარ. განუკურნებელი სენი მჭირს, მაგრამ ჩემს სიკვდილამდე, რონალდს წაიყვანენ. მემკვიდრე ჯერალდი გახდება. ჩვენი ჩასვლიდან მეოთხე დღეს, სტუმრად მაიორი როჯერ მესიურე ჩამოვიდა. ის საერთოდ არ შეცვლილიყო. ისეთივე მხიარული იყო, როგორც იმ ვახშამზე. ბავშვები მას ჟივილ-ხივილით შეხვდნენ. მეორე დღეს ყველა, მათ შორის ბავშვებიც, ლედი კლეიჰეიტთან ჩაიზე დაპატიჟეს. ჩვენ არ წავედით. როდესაც ყველა გაიკრიფა, ჩემმა მეგობარმა მეძებარი ძაღლივით ყველა კუთხე-კუნჭული მოჩხრიკა. თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო. საღამოს მის სონდერსთან ერთად, რომელიც დაპატიჟებული არ ყოფილა, ვერანდაზე ვისხედით და ჩაის ვსვამდით. ამ დროს მის სონდერსმა ფუტკრები ახსენა. თქვა, რომ კარგი იქნება, თუ ბავშვები კლეიჰეიტებთან სკებს სიახლოვეს არ გაეკარებიანო. ხელში ფინჯანი გამიშეშდა და მეგობარს შევხედე.
– ფუტკრები! – წამოვიძახე. ჩემი მეგობარი წამოხტა, თავზე ხელები დაილაგა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა. მალე მასპინძლებიც დაბრუნდნენ. გაირკვა, რომ როლანდს ფუტკარმა უკბინა. დედამისმა თქვა, საშიში არაფერია და ნაკბენი სპირტით დავუმუშავეთო. ნაკბენს მაინც დავხდეთ
– აქ, კისერზე მიკბინა, – სერიოზული სახით წარმოთქვა რონალდმა, – სულ არ მტკივა. მამამ მითხრა: არ გაინძრე, ფუტკარი დაგაჯდაო, და კისრიდან ფუტკარი მომაცილა, თუმცა სასიზღარმა კბენა მაინც მოასწრო. არც მიტირია. ჩემმა მეგობარმა ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა:
– მეგობარო, დღეს ცოტა წამუშავება მოგვიწევს!
ძილის წინ მთხოვა, ტანთ არ გამეხადა და ჩემს ოთახში შუქი ჩამექრო. თავად კი კიბეზე დამელოდებოდა. ჩუმად შევიპარეთ როლანდის ოთახში და ბნელ კუთხეში დავიმალეთ. ბავშვს მშვიდად ეძინა.
– ბავშვი სპეციალურად წამლით დააძინეს, რომ, ნემსის გაკეთებისას არ იყვიროს, – მიჩურჩულა მან. ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა და ლოგინისკენ გაემართა. ფანრის ანთების ხმა გავიგონეთ, შუქმა მძინარე ბავშვი გაანათა. შემოსულმა ფანარი იატაკზე დადო, მარცხენა ხელით ბავშვის კისერს შეეხო, მარჯვენათი კი შპრიცი მიუახლოვა. ჩვენ წამოვხტით და შემოსულს დავეტაკეთ. ფანარი გაგორდა და ჩაქრა. სიბნელეში დიდხანს ვიბრძოდით. ეს კაცი ძლიერი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ვძლიეთ. ვიდრე ფანარს მოვიტანდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის საძაგელი კუზენი, როჯერი დავიჭირეთ, რომლისთვისაც ბავშვის სიკვდილი ყველაზე მეტად იყო ხელსაყრელი. ფანარი რომ ავანთე და ჰუგო მესიურეს – ბავშვების მამის სახე დავინახე, ფანარი ხელიდან კინაღამ გამივარდა. მესიურე უგონოდ იყო. ხელიდან შპრიცი გამოვართვი და თავის საძინებელში გადავიყვანეთ.
– ეს, ალბათ, ჭიანჭველას მჟავაა. თუ გახსოვთ, პროფესიით ქიმიკოსია. შეიძლება, მან მჟავა სახლის პირობებშიც კი დაამზადა, ხოლო სიკვდილს ფუტკრის ნაკბენს დააბრალებდნენ.
– ღმერთო დიდებულო! საკუთარ შვილს! თქვენ მასზე ეჭვი გქონდათ?
– კი. გიჟია. ოჯახური ლეგენდის საფუძველზე გააფრინა. დაუძლეველმა სურვილმა, მამულის მფლობელი გამხდარიყო, მას დანაშაულებების ჩადენისკენ უბიძგა. შეიძლება, პირველად მას ეს აზრი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ვინსენტთან ერთად ჩრდილოეთისკენ მიემგზავრებოდა. მას არ შეეძლო იმის დაშვება, რომ წინასწარმეტყველება არ ახდენილიყო. რონალდის შვილი დაიღუპა, თავად რონალდი ისედაც სიკვდილის პირას იყო. თავისი ძმა – ჯონი, მან იმავე ხერხით მოკლა, რომლითაც საკუთარი შვილის მოკვლას აპირებდა – ჭიანჭველას მჟავა შეუყვანა. შემდეგ ჯონის შვილს ესროლა. ბოლოს და ბოლოს მისი ამბიციები დაკმაყოფილდა და იგი საგვარეულო მამულების მფლობელი გახდა, მაგრამ მისი ტრიუმფი ხანმოკლე გამოდგა. მან გაიგო, რომ კვდება. უბედურება კი ისაა, რომ ამ დროისთვის იგი უკვე შეპყრობილი იყო მანიაკალური იდეით, რომლის თანახმადაც, მესიურების გვარის არც ერთი უფროსი ვაჟი მემკვიდრეობის მფლობელი არ უნდა გახდეს. ამიტომ, საკუთარი შვილის მოკვლა სცადა. თავიდან როჯერზე ვეჭვობდი. მას მოტივი ჰქონდა, თუ ორივე ბავშვი მოკვდებოდა, მემკვიდრე ის ხდებოდა, მაგრამ მერე რამდენიმე მომენტმა დამაეჭვა. რატომ ჩაჭრეს სურო, მაშინ, როდესაც სახლში მხოლოდ რონალდი იყო. როჯერი ხომ მაშინ გახდებოდა მემკვიდრე, თუ ორივე ბავშვი მოკვდებოდა. დღეს კი, როდესაც ბავშვმა თქვა, რომ ფუტკარი კისრიდან მამამ მოაშორა, ფუტკრის ნაკბენით გარდაცვლილი კიდევ ერთი მესიურე გამახსენდა და ყველაფერს მივხვდი. ჰუგო მესიურე სულით ავადმყოფთა კერძო კლინიკაში გარდაიცვალა.

თარგმნა
ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი