რომანი და დეტექტივი

საერთაშორისო აგენტები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 05.09, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33(1077)

– სტეინერს რა მოუვიდა?

– შეიპყრეს. გუშინ ღამით დაეცნენ მის დუქანს, ახლა თვითონაც და ყველა მისი ქაღალდიც პორტსმუტის ციხეშია. თქვენ გაუჩინარდებით, იმ საცოდავს კი ცხელი დღე მოელის, კიდევ არა უშავს, თუ ცოცხალი გადარჩა.

ფონ ბორკს ახალმა ამბავმა თავზარი დასცა.

– როგორ მიაგნეს სტეინერს? – ბუტბუტებდა იგი, – აი, ეს ნამდვილად თავზარდამცემი ამბავია.

– გამიგონია, აგენტი რომ საქმეს მორჩება, თქვენ, გერმანელ პოლიტიკოსებს, გიხარიათ კიდევაც, თუ მას გააქრობენ.

ფონ ბორკი სავარძლიდან წამოიჭრა.

– თქვენ გყოფნით თავხედობა, განაცხადოთ, რომ მე საკუთარ აგენტებს ვღალატობ?

– ამას არ ვამბობ, მისტერ, მაგრამ ვიღაც ჩამშვები გამოჩნდა, რომელიც ჩვენებსაც ემსახურება და თქვენებსაც. მოვალე ხართ, გაიგოთ, ვინ არის იგი.

– ჩვენ ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ ერთად და ამას არ დაგივიწყებთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ჰოლანდიაში გაემგზავროთ. როტერდამში გემში ჩაჯდეთ და ნიუ-იორკში გადახვიდეთ. ერთი კვირის შემდეგ კი ყველა სახომალდო ხაზი სახიფათო იქნება. ასე რომ, ამ თქვენს სიას ავიღებ და სხვა დოკუმენტებთან ერთად შევინახავ.

ამერიკელი პაკეტს ხელიდან არ უშვებდა.

– მონეტის ამბავი როგორღა იქნება?

– რა თქვით?

– აი, ფულის ამბავი. მე ხუთასი ფუნტი მერგება და გასაგებია, მაგრამ ვინც საქმის მოგვარებაში დამეხმარა, ასი დოლარი მივაშავე. არ მიმეცა და მშრალზე დაგვტოვებდა მეც და სანამ ჩემსას არ მივიღებ, ქაღალდებს არ მოგცემთ.

– კარგი, იყოს ნება თქვენი, – ფონ ბორკი მაგიდას მიუჯდა, ჩეკი შეავსო, ჩეკის წიგნაკიდან ფურცელი ამოხია, მაგრამ გადაცემას არ ჩქარობდა.

– მე ჩეკს მაგიდაზე დავდებ და უფლებას ვიტოვებ, პაკეტში გახვეული ქაღალდები დავათვალიერო, მხოლოდ ამის შემდეგ მიგცემთ ნებას, აიღოთ ჩეკი.

ამერიკელმა უსიტყვოდ გადასცა პაკეტი. ფონ ბორკმა ზონარი გახსნა და უცებ ვიღაცის მარწუხივით მაგარი ხელები შემოეჭდო კისერზე და სახეზე ქლოროფორმით გაჟღენთილი ღრუბელი მიადეს.

***

სეიფი ღია იყო და ჰოლმსი იქიდან დოსიეს ალაგებდა, სწრაფად ათვალიერებდა და მერე კოხტად აწყობდა ფონ ბორკის ჩემოდანში. გერმანელს დივანზე ეძინა, ხროტინებდა და მძიმედ სუნთქავდა. ხელ-ფეხი კი ღვედით ჰქონდა შეკრული.

– შეგვიძლია არ ვიჩქაროთ, უოტსონ. ხელს ვერავინ შეგვიშლის. ამ ქაღალდებს დიდი ღირებულება არა აქვს. ცნობები, რომელსაც ისინი შეიცავენ, დიდი ხანია, გერმანიაშია გადაგზავნილი. ესაა დედნები, რომელთა საზღვარგარეთ გატანა არც ისე იოლია.

ამ ქაღალდებით შეგვიძლია, გავიგოთ, გერმანიის დაზვერვისთვის რა არის ცნობილი და რა არა. უნდა ვაღიარო, რომ ზოგი მათგანი ჩემი ხელიდან გადიოდა და მათ არავითარი ფასი არა აქვს. ხანდაზმულობაში სიამოვნებით მივადევნებ თვალს, როგორ შევა გერმანელთა კრეისერი სოლენტში, დანაღმვის იმ სქემით, რომელიც ჩემი შედგენილია. აბა, უოტსონ, ერთი შემოგხედოთ, – ჰოლმსმა საქმე გადადო და მეგობარს ხელი მხრებზე მოუთათუნა, – შუქზე ჯერ არ დამინახავხართ, ხომ არ შეიცვალეთ ამ ხნის განმავლობაში? მგონი, ისეთივე სიცოცხლით აღსავსე ჭაბუკად დარჩით, როგორიც იყავით.

– ახლა ოცი წლით ახალგაზრდა მგონია თავი, ჰოლმს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როცა მივიღე თქვენი დეპეშა, თითქმის არ შეცვლილხართ. მხოლოდ ეს საშინელი წვერი...

– სამშობლო მსხვერპლს ითხოვს, უოტსონ, – და ჰოლმსმა ნიკაპზე წამოზრდილი თხელი წვერი მოქაჩა, – ხვალ ეს მხოლოდ მოგონებად იქცევა. წვერს გავიპარსავ, კიდევ რაღაც შეიცვლება ჩემს გარეგნობაში და „კლარიჯში“ ისევ ის ჰოლმსი ვიქნები. მე მგონი, გადავეჩვიე ინგლისურად ლაპარაკს. მინდოდა მეთქვა, როგორიც ვიყავი მანამ, სანამ ამერიკელის როლს განვასახიერებდი.

– მაგრამ თქვენ ხომ სამძებრო საქმეს ჩამოსცილდით, ჰოლმს. ჩვენამდე ხმები მოდიოდა, თითქოს სამხრეთ დაუნში განმარტოვდით, პატარა ფერმაში, თქვენს ფუტკრებთან და წიგნებთან ერთად.

– სრული სიმართლეა, უოტსონ. მაგრამ, როცა თვით პრემიერ-მინისტრმა ინება ჩემს მყუდრო სახლში მობრძანება... საქმე ისაა, უოტსონ, რომ ეს ჯენტლმენი, დივანზე რომ წევს, კერკეტი კაკალი აღმოჩნდა ჩვენი კონტრდაზვერვის კბილებისთვის. თავის მხრივ, უმაღლესი რანგის სპეციალისტია. ჩვენთან რაღაც საქმეები აირია და ვერავინ მიხვდა, რა მიზეზით. საქმიანობას ვიღაცის ძლიერი ხელი წარმართავდა. აუცილებელი იყო მისი მიგნება და გაუვნებლება. ძლიერი ზეწოლა მქონდა – პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა. ორი წელი შევწირე ამას, უოტსონ, და ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო მღელვარება არ განმაცდევინა.

მცირე საზრუნავი როდი გავუჩინე სკიბერინის კონსტებლებს და ბოლოს და ბოლოს, ფონ ბორკის ერთ-ერთი ყველაზე წვრილი აგენტის ყურადღება მივიქციე, რომელმაც ჩემი თავი, როგორც სრულიად შესაფერისი კაცი, შეფს წარუდგინა. მალე მოვიპოვე ფონ ბორკის ნდობა, თუმცა მისი საქმეები, რატომღაც, სულ ფლავდებოდა, მე ვზვერავდი და შეუნელებელი ინტერესით ვუთვალთვალებდი აგენტებს, იმწამსვე ვიჭერდი მათ, როგორც კი საქმე მომწიფდებოდა. ხუთი საუკეთესო აგენტი საპატიმროში მოხვდა..

დივანზე შებორკილმა კაცმა თვალები გაახილა.. დიდი ვაი-ვაგლახით წამოიწია და თავის მტერს შეხედა, ამ გამოხედვაში გაოცებისა და სიძულვილის ნაზავი შეინიშნებოდა.

– მე თქვენ ანგარიშს გაგისწორებთ, ოლტემონტ, – დაიწყო წყნარად ფონ ბორკმა, იგი ყოველ სიტყვას გამოკვეთილად წარმოთქვამდა, – თუნდაც ამას მთელი ჩემი ცხოვრება შეეწიროს, აუცილებლად გაგისწორდებით.

– მოგახსენებთ, მისტერ ფონ ბორკ, რომ თქვენი ოჯახის წევრებს კარგა ხანია ვიცნობ. არაერთი საქმე გავხსენი გერმანიაში და იქნებ ჩემი სახელი თქვენთვის უცნობი არ იყოს. ჩემი ხელშეწყობით გაწყდა კავშირი აირინ ადლერსა და ბოჰემიის განსვენებულ მეფეს შორის, როცა თქვენი ბიძაშვილი ჰაინრიხი ელჩად მსახურობდა. მე გადავარჩინე გრაფი ფონ გრაფენშტეინი, თქვენი დედის უფროსი ძმა, როცა ნიჰილისტ კოპმენის ხელით სიკვდილი ემუქრებოდა. მე...

განცვიფრებული ფონ ბორკი წამოჯდა.

– არის მხოლოდ ერთი ადამიანი, – წამოიყვირა ფონ ბორკმა, – რომელმაც...

– დიახ, დიახ... სწორედაც, – დაუმოწმა ჰოლმსმა.

ფონ ბორკმა დაიკვნესა და ისევ დივანზე გადავარდა.

– და თითქმის მთელი ინფორმაცია თქვენგან მოდიოდა! მე განადგურებული ვარ! ჩემი კარიერა სამუდამოდ დაიღუპა!

– თქვენი მასალა, რა თქმა უნდა, ვერ არის საიმედო, – თქვა ჰოლმსმა, – იგი გადამოწმებას მოითხოვს, მაგრამ საამისოდ ძალიან ცოტა დრო გაქვთ. თქვენი ადმირალი შეიტყობს, რომ ახალი ქვემეხების ლულები გაცილებით ფართოა, ხოლო კრეისერები ბევრად სწრაფად დაცურავენ, ვიდრე ადმირალი ფიქრობს.

ჩემდამი პრეტენზიაც აღარ გექნებათ, როცა გაიგებთ, რომ თქვენ, ვინც მრავალი გააბრიყვეთ და ანკესზე წამოაგეთ, თვითონ აღმოჩნდით ჩემგან გაბრიყვებული და ანკესზე წამოგებული. თქვენ თქვენი ქვეყნის სიკეთისთვის ირჯებოდით, მე ჩემი ქვეყნისთვის ვცდილობდი. რა უნდა იყოს ამაზე ბუნებრივი?

ფონ ბორკის ადგილიდან დაძვრა იოლი არ აღმოჩნდა. იგი ძლიერიც იყო და საშიშიც, სასოწარკვეთილებამ კი ძალა გაუორმაგა. ბოლოს, ორმა მეგობარმა გერმანელს ორსავე მხარეს იდაყვებში ჩაავლო ხელი და ძუნძულით გაუყენეს ბაღის გზას. ჯერ კიდევ შეკოჭილი გერმანელი პატარა მანქანის თავისუფალ ადგილზე დასვეს და ძვირფასი ჩემოდანიც გვერდით დაუდეს.

– ვფიქრობ, საკმაოდ მოხერხებულად მოგათავსეთ, რამდენადაც გარემოება ამის საშუალებას იძლევა, არა? – მიმართა ჰოლმსმა, როცა ყველაფერი დამთავრდა, – კადნიერებად ხომ არ ჩამითვლით, თუ სიგარას მოვუკიდებ და პირში გაგჩრით?

მაგრამ გაცოფებულ გერმანელთან ასეთი თავაზიანობის გამოჩენა წყლის ნაყვა იყო.

– თქვენ კერძო პირი ხართ, არა გაქვთ ჩემი დაპატიმრების უფლება. ჩემს დასაპატიმრებლად ორდერი უნდა გქონდეთ. მთელი თქვენი მოქმედება კანონსაწინააღმდეგო და აღმაშფოთებელია.

– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, – დაეთანხმა ჰოლმსი.

– გერმანიის ქვეშევრდომის გატაცება, მისი პირადი ქაღალდების მოპარვა…

– საერთოდ, თქვენთვის ნათელი უნდა იყოს, რაც მოიმოქმედეთ. თქვენ და თქვენს თანამზრახველს კარგი არაფერი მოგელით, თუ მაშველს დავუძახებ, როცა სოფელს გავივლი...

– ძვირფასო სერ, თუ თქვენ ასეთ სისულელეს ჩაიდენთ, ჩვენი სასტუმროების აბრებს კიდევ ერთი განსხვავებული წარწერა დაამშვენებს: „პრუსიელი თოკზე“. ინგლისელი მომთმენი არსებაა, მაგრამ ახლა ცოტა აიჯაგრა და სჯობს, მოერიდოთ მის შეცდენას. არა, მისტერ ფონ ბორკ, თქვენ წყნარად წამოხვალთ ჩვენთან ერთად სკოტლენდ-იარდში და იქიდან, თუ გსურთ, თქვენს მეგობარ ბარონ ფონ ჰერლინგთან გაგზავნეთ ვინმე: ვინ იცის, თქვენთვის იქნებ შენახულია ადგილი საელჩოს პირადი შემადგენლობის სიაში.

რაც შეგეხებათ თქვენ, უოტსონ, როგორც გავიგე, სამხედრო სამსახურში ბრუნდებით და ლონდონი სწორედ თქვენს გზაზე იქნება. მოდით, გავჩერდეთ ეგერ, იმ ტერასაზე – იქნებ ეს უკანასკნელი მშვიდობიანი საუბარია, რითაც მე და თქვენ შეგვიძლია დავტკბეთ.

მეგობრებმა გაიხსენეს გარდასული დღეები, მათი ტყვე კი ამაოდ ცდილობდა თავის დაღწევას ღვედებისგან, რომლებითაც საიმედოდ იყო შეკოჭილი.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი