რომანი და დეტექტივი

საერთაშორისო აგენტები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 29.08, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ ეს ფონ ბორკი. კაიზერის უერთგულეს აგენტებს შორის ასეთს მეორეს ვერ ნახავდით. ყველაზე საპასუხისმგებლო „ინგლისის მისია“ სწორედ იშვიათი ნიჭის წყალობით მიანდვეს.

კაბინეტი პირდაპირ აივანზე გადიოდა. ფონ ბორკმა კარს ხელი ჰკრა, შევიდა, ელექტროჩამრთველი გაატკაცუნა და, როგორც კი მის უკან მიმავალმა ფონ ჰერლინგმა ზღურბლს გადააბიჯა, ფონ ბორკმა კარი დახურა და ფანჯარაზე მძიმე ფარდა ფრთხილად გადასწია. როცა სიფრთხილის ყველა ზომა იხმარა, მხოლოდ მაშინ მიაბრუნა სტუმრისკენ მზით გარუჯული, მკვეთრნაკვთებიანი სახე.

– საიდუმლო ქაღალდების ნაწილი უკვე გაგზავნილია, – თქვა მან, – უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი რაც იყო, ცოლმა წაიღო. იგი გუშინ ფლისინგენში გაემგზავრა თავისიანებთან ერთად. ვიმედოვნებ, დანარჩენის დაცვას საელჩო ითავებს.

– ამ კვირამ უნდა გადაწყვიტოს ინგლისის ბედი. მაგრამ თქვენ ხომ თქვენს საიდუმლო ქაღალდებზე მელაპარაკებოდით? – ბარონი სავარძელში ჩაჯდა. მზის სხივები პირდაპირ მის მელოტ კეფაზე ბრწყინავდა. იგი აუღელვებლად ქაჩავდა სიგარას.

მუხის ხით აკრული და წიგნის თაროებით დამშვენებული დიდი, ფართო ოთახის ბოლოში ფარდა ეკიდა. ფონ ბორკმა ფარდა გადასწია და ფონ ჰერლინგმა სპილენძით მოჩუქურთმებული კარგა მოზრდილი სეიფი დაინახა.

– გთხოვთ, – უთხრა სტუმარს, ხელის მოძრაობით მიიპატიჟა და გვერდზე გადგა.

ღია სეიფში შუქი იღვრებოდა და საელჩოს მდივანი დიდხანს ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა მის მრავალრიცხოვან განყოფილებას. ყველა განყოფილება სავსე იყო დოკუმენტებით, ნახაზებითა და გეგმებით.

მდივანმა სიგარა გადადო და მსუქანი ხელებით ტაში შემოჰკრა.

– თუ მოახერხებთ და სასიგნალო კოდებიან ქაღალდს მოიტანთ იორკის ჰერცოგის ძეგლის წინ, ეს ამ კუნძულზე თქვენი მოწყალების ბრწყინვალე ფინალად შეგიძლიათ ჩათვალოთ.

ხელის აქნევით დაემშვიდობა, მანქანაში ჩახტა და ფარების სინათლემ სიბნელე გაკვეთა.

ფონ ბორკმა სეიფში შენახული ძვირფასი ქაღალდების ჩალაგებას მიჰყო ხელი. შორიდან უცებ მომავალი ავტომანქანის ხმა შემოესმა. მან სიხარულით რაღაც შესძახა, სეიფი დაკეტა და საჩქაროდ აივანზე გავიდა. სწორედ, ამ დროს გაჩერდა ჭიშკართან პატარა ავტომობილი, იქიდან მაღალი კაცი გადმოვიდა და სწრაფად გამოეშურა ბარონისკენ.

– როგორაა საქმე? – ჰკითხა ფონ ბორკმა და სირბილით შეეგება მოსულს.

პასუხის ნაცვლად მაღალმა კაცმა თავს ზემოთ ტრიუმფალურად შეათამაშა პატარა შეკვრა.

– დიახ, მისტერ, დღეს კმაყოფილი დარჩებით! – შესძახა მან, – საქმე გაჩარხულია.

– საიდუმლო კოდია?

– დიახ, როგორც დეპეშაში ვწერდი. ყველა საიდუმლო ნიშანი აქ გახლავთ, – ხელით სანიშნებელი სიგნალიზაცია, ლამპის სიგნალიზაცია და მარკონი – ცხადია, ასლები მოგიტანეთ, დედნები ძალიან საშიში იქნებოდა, მაგრამ საქონელი ნამდვილად ღირებულია, შეგიძლიათ, მენდოთ.

ბარონი მოიღუშა.

– შემოდით, შინ მარტო ვარ, – უთხრა. – ასლები, უეჭველია, უკეთესი ვარიანტია, ვიდრე დედნები. ორიგინალები რომ დაკარგულიყო, ყველა კოდი მაშინვე შეიცვლებოდა. ასლები როგორ მდგომარეობაშია? როგორ ფიქრობთ, გამოგვადგება?

კაბინეტში რომ შევიდა, ამერიკელი ირლანდიელი სავარძელში ჩაჯდა და გრძელი ფეხები გაჭიმა. სამოც წელს მისცემდით, ძალიან მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი იყო, მკვეთრი, მკაფიო სახის ნაკვთები ჰქონდა.

თვალი ირგვლივ მიმოატარა. მზერა სეიფზე შეაჩერა, რომელიც აღარ იყო ფარდით დაფარული, – არ მითხრათ, რომ თქვენს ყველა ქაღალდს ამ ყუთში ინახავთ!

– რატომაც არა?

– ეშმაკმა დალახვროს, ამ ჯაბახანაში? თანაც უმაღლესი კლასის ჯაშუშად ითვლებით. ნებისმიერი ქურდი იანკი ჯიბის დანითაც კი გააღებს მას. რომ მცოდნოდა, ჩემს წერილებს ასეთ სკივრში ინახავდით, არაფერსაც არ მოგწერდით.

– ვერც ერთი მომპარავი ვერაფერს დააკლებს ამ სეიფს, – მიუგო ფონ ბორკმა, – ლითონი, რისგანაც ისაა დამზადებული, არც ერთი ხელსაწყოთი არ იჭრება. კლიტეც განსაკუთრებულია, ორმაგი კომბინაციის საკეტი აქვს. ისეთი უბრალოც არაა, როგორიც გეგონათ. ოთხი წლის წინ შევუკვეთე, სიტყვა „აგვისტოა“, რიცხვი – 1914.

ამერიკელს სახეზე აღტაცება გამოეხატა.

– რა მარჯვე მიგნებაა, ღმერთმანი! ანუ, ზუსტად გამოიცანით, – შესძახა გაოცებულმა.

– დიახ, ზოგ ჩვენგანს მაშინაც შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა ზუსტი თარიღი. აი, ახლა დრო დადგა და ხვალ დილით ყველა საქმეს მოვამთავრებ.

– მომისმინეთ, მისტერ, თქვენ მეც უნდა გამიყვანოთ აქედან. ამ წყეულ ქვეყანაში ვერ გავჩერდები. ერთიც ვნახოთ, ერთი კვირის შემდეგ ან უფრო ადრეც, ჯონ ბული დათვივით უკან ფეხებზე შედგეს და აბობოქრდეს. ვამჯობინებ, ასეთ ამბავს ოკეანის გადაღმიდან ვუყურო. მეჩვენება, რომ სრულიად არ უფრთხილდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენ გემსახურებიან.

– ამით რისი თქმა გნებავთ? – მკვახედ ჰკითხა ფონ ბორკმა.

– თქვენ ხომ მათთვის პატრონივით ხართ, არა? ხომ უნდა იზრუნოთ, რომ არ გაებნენ? სინამდვილეში ბევრი მათგანი გაება, ერთი მაინც თუ გამოიხსენით? ავიღოთ თუნდაც ჯეიმსი...

– ჯეიმსი თვითონაა დამნაშავე, თქვენც კარგად იცით. იგი ძალიან უდისციპლინო იყო ასეთი საქმისთვის. ბოლო დროს მართლაც აურია ცოტა. ირგვლივ კი ასობით პოლიციელი მაძებარი დაძრწის – ჩაგავლებენ და მორჩა! რაც შეეხება სტეინერს...

ფონ ბორკი ისე შეკრთა, რომ წითური სახე ერთიანად გაუფითრდა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი