რომანი და დეტექტივი

საეჭვო კლიენტი

№53

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.01, 2021 წელი

საეჭვო კლიენტი
დაკოპირებულია

გაგრძელება. (დასაწყისი იხ. „თბილისელები“ #52(1043).

ზუსტად დანიშნულ დროს სვიმონ მანჯავიძეს აჰმედ ბელამი და მისი თარჯიმანი – ქეთევანი ესტუმრნენ.. ბელამს ხელში ტყავის მომცრო ჩემოდანი ეკავა, რომელიც მაგიდაზე დადო. გაცნობისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ სტუმრები სავარძლებში ჩასხდნენ და ქეთევანმა მასპინძელს უთხრა:
– ბატონმა ბელამმა ლუდი მოგართვათ და გთხოვათ, რომ სანამ საუბარს შევუდგებოდეთ, მიირთვათ.
– ვაა. დიდი მადლობა. თქვენ არ დალევთ? – თქვა მანჯავიძემ და უარი რომ მიიღო, სამზარეულოდან კათხა მოიტანა. ლუდით შეავსო, თითქმის ბოლომდე დალია და დააყოლა, – კარგი ლუდია. ახლა კი გისმენთ.
– ბატონო სვიმონ, მუსიე ბელამი სამშენებლო ბიზნესში მოღვაწეობს და კოტეჯის ტიპის სახლებს აშენებს. შემდგომ კი ყიდის მათ. მას საქართვეოში უნდა ბიზნესის წარმოება და ამიტომაა აქ ჩამოსული. როდესაც შესაფერის ადგილებს ვათვალიერებდით, მუსიე აჰმედს ის ადგილი მოეწონა, რომელსაც თქვენ ფლობთ. ჩვენ გავარკვიეთ, რომ ფირმა „ბაზრობის“ მეპატრონე ბრძანდებით და ეს ტერიტორია ამ ფირმაზე, ანუ, თქვენზეა აღრიცხული. ბატონ ბელამს სურს ამ მიწის შეძენა და ამიტომაც გეწვიეთ, – თქვა ქეთევანმა და ბელამს შეხედა, რომელმაც ღიმილით დაუქნია თავი ქალს და მასპინძელსაც გაუღიმა.
– ჰო, ესე იგი, ჩემი მიწის ყიდვა გინდათ, ხომ? – თქვა მასპინძელმა.
– დიახ, ბატონო სვიმონ, – დაუდასტურა ქალმა.
– რამდენს გადაიხდით? – იკითხა მანჯავიძემ და ქეთევანს შეხედა.
თარჯიმანს ეტყობოდა, რომ წინასწარ იყო მომზადებული პასუხისთვის და მასპინძელს უთხრა:
– თქვენი კუთვნილი ფართობი ოცდაათი ათასი კვადრატული მეტრია. იქ მიწების ერთი კვადრატი ცამეტი ლარია. ბატონი ბელამი კი თოთხმეტ ლარს გთავაზობთ კვადრატულში, რაც საერთო ჯამში ოთხას ოცი ათასი ლარია.
ამხელა თანხის გაგონებაზე სვიმონ მანჯავიძეს თვალები გაუფართოვდა, მაგრამ არ შეიმჩნია. პაუზა გააკეთა. თავი გააქნია და თქვა:
– ეგ ფართი ნახევარი მილიონი ლარი ღირს და წყალი არ გაუვა. მე დოლარები მინდა და თუ ყიდვა გინდათ, მაშინ ორას ორმოცდაათი ათასი დოლარი უნდა გადამიხადოთ. გაწყობთ, წაიღეთ არა და ღმერთმა კარგად გამყოფოთ. ეს ფასი, რასაც მთავაზობთ, შარშან ღირდა და ორი კლიენტი გავისტუმრე.
სვიმონ მანჯავიძე ცრუობდა და კლიენტის გამოჩენამდე მზად იყო ორასი ათას ლარადაც გაეყიდა თავისი მიწა, რომელიც ისე იყო დაბინძურებული და ჩაოხრებული, რომ მარტო მისი გაწმენდა დაჯდებოდა უამრავი ფული. ყოფილი საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილის ტერიტორია სვიმონმა, სულ რაღაც, თორმეტი ათას ლარად შეიძინა და იქ ავტომობილების ბაზრობის გაკეთება უნდოდა. საამისოდ ფირმაც გახსნა, რომელსაც „ბაზრობა“ დაარქვა, თუმცა შემდგომ არაფერი გამოუვიდა და ტერიტორია უპატრონოდ მიაგდო. დროთა განმავლობაში კი იქაურობა ნაგავსაყრელი გახდა და ახლომახლო მოსახლეობა სწორედ იქ ყრიდა სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენსა თუ სხვა ნაგავს.
ქეთევანმა ბელამს მასპინძლის სიტყვები უთარგმნა. ფრანგი დაფიქრდა. შემდეგ ქეთევანს რაღაც უთხრა და თარჯიმანმა მანჯავიძეს გადაუთარგმნა:
– ბატონი ბელამი თანახმაა, გადაგიხადოთ ორას ორმოცდაათი ათასი დოლარი.
მეორე დღეს ფრანგი, მისი თარჯიმანი და სვიმონ მანჯავიძე იუსტიციის სახლში შეხვდნენ ერთმანეთს.

🔻🔻🔻

ლეონელ კოსმა ცენტრალური დაზვერვის კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ვაკეში მდებარე პრესტიჟულ დასახლებაში მდებარეობდა. კერძო სახლი ვიდეოკამერებით იყო გარშემორტყმული და მაღალ ქვის ღობეს დახვეული მავთულხლართი აბოლოებდა. ეზოში კი შესაბამისად გაწვრთნილი ორი დობერმანი იმყოფებოდა და უცხოს რომც შეეღწია, ის ძაღლების ლუკმა გახდებოდა. რკინის უზარმაზარ კარზე ამერიკული საინვესტიციო კომპანიის აბრა იყო მიკრული, რაც მხოლოდ და მხოლოდ „კრიშას“ წარმოადგენდა. ორსართულიან სახლს მინუს ერთი სართულიც ჰქონდა, სადაც სპეცმოწყობილობები იყო დამონტაჟებული. ერთ-ერთ უზარმაზარ ოთახში კი ოპერატიული რაზმისთვის განკუთვნილი არსენალი იყო განთავსებული და მრავალფეროვანი საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა იქ ინახებოდა. სწორედ, იქიდან ხელმძღვანელობდა კოსმა თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციას, სპეციალური ოპერჯგუფის უფროსი კი, პირიქით, ანგარიშს აბარებდა. პოლ ლასტი – ასე ერქვა გამოცდილ ოპერმუშაკს, რომელიც „ცეერუს“ დირექტორმა საგანგებოდ გამოგზავნა თბილისში თავის თანამშრომლებთან ერთად. ერთი სიტყვით, თბილისში ამერიკელ მზვერავ-ოპერმუშაკთა ორი ქვედანაყოფი მუშაობდა და ობიექტი, რომელსაც კოდური სახელწოდება, „საეჭვო კლიენტი“, შეარქვეს, პერმანენტული თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა. თბილისური ოპერაციის მესამე დღეს პოლ ლასტი კოსმას მორიგი მოხსენებისთვის ეწვია და უთხრა:
– „საეჭვო კლიენტმა“ დღეს დილით ოცდაათი ათასი კვადრატული მიწა შეიძინა თბილისის გარეუბანში და 250 000 დოლარი გადაიხადა. ძველ მეპატრონეს განუცხადა, რომ იმ მიწაზე კოტეჯები უნდა ააშენოს და გაყიდოს. ჩვენ იმ ადგილის მონიტორინგი ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ იქ ადრე საბჭოთა სამხედრო ნაწილი იყო განლაგებული კავშირგაბმულობის პროფილით. დღესდღეობით კი საშინლად მყრალ სანაგვედაა ქცეული.
– კიდევ რა დაადგინეთ, ლასტ? – იკითხა კოსმამ.
– აჰმედ ბელამმა განცხადება შეიტანა მთავრობაში, რომ მას საქართველოში სამშენებლო ბიზნესის წარმოების ნება დართონ.
– ეგ გასაგებია, ლასტ. მე გეკითხებით იმ მიწის თაობაზე კიდევ თუ გაარკვიეთ რამე.
– ერთადერთი საყურადღებო ისაა, რომ ამ მიწის სიახლოვეს ანტიტერორისტული ცენტრი მდებარეობს – იქვე, ეგრეთ წოდებული, შავნაბადას მთაა და ეს ცენტრი იქაა.
– თუ არ ვცდები, ეს ცენტრი ჩვენი აშენებულია და იქ დღემდე ჩვენი ინსტრუქტორები მუშაობენ.
– დიახ. მასეა, მისტერ კოსმა.
– ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, საგულისხმოა, მაგრამ რა მიზანი უნდა ჰქონდეთ ტერორისტებს, რომ იქ მიწა შეიძინონ? – თქვა კოსმამ. ჩაფიქრდა. შემდეგ თავი გააქნია და დაამატა, – არ მგონია, რომ მიწის შეძენა ანტიტერორისტულ ცენტრთან იყოს კავშირში. აქ რაღაც სხვა ამბავია. თქვენ რას ფიქრობთ, ლასტ?
ოპერჯგუფის მეთაურმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და კოსმას უთხრა:
– ჯერჯერობით ძნელია ცალსახა პასუხის გაცემა, მისტერ კოსმა და მეტი ინფორმაცია გვჭირდება. ჩვენ წამითაც არ ვდუნდებით. იმედია, საჭირო ინფორმაციებსაც მოვიპოვებთ, რაც სწორი დასკვნის საშუალებას მოგვცემს.
– ტექნიკური საშუალებების გამოყენებამ რა მოგვცა?
– ვუსმენთ მის ტელეფონსაც და სახლსაც, მაგრამ საყურადღებო არაფერია. თავად „კლიენტს“ თითქმის არავისთან დაურეკავს, მით უმეტეს, საზღვარგარეთ. ორიოდე ზარი განახორციელა მთავრობაში და უბრალოდ, თავისი განცხადების პასუხი მოითხოვა. ერთი სიტყვით, კონტაქტებს ვერ „ჩავავლეთ“ და შეიძლება, ჯერჯერობით თავისიანებთან არც კი კონტაქტობს. ინტერნეტს კი საერთოდ არ იყენებს. საკონტაქტო პირად მას თარჯიმანი გოგონა, 27 წლის ქეთევან ჯაში ჰყავს და ასე ვთქვათ, ის მოძრაობს.
– მასთან რა ურთიერთობა აქვს?
– მხოლოდ საქმიანი, მისტერ კოსმა. გაუთხოვარი, პატიოსანი გოგოა. ოთხი ენა იცის და თარჯიმანთა ბიუროში მუშაობს. „კლიენტი“ მას დღეში ორმოცდაათ დოლარს უხდის, რაც აქ კარგი ფულია.
– სულ ესაა ამ საქმის ირგვლივ?
– დიახ. ჯერჯერობით სულ ესაა, მისტერ კოსმა, – მიუგო კოსმას ლასტმა.
– ცოტაა, ლასტ. ძალიან ცოტა. ფაქტობრივად, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ვერსიის დონეზეც კი არ ვიცით, თუ რა აქვთ ჩაფიქრებული ტერორისტებს. ხოლო რაღაც დიდსა და საშინელს რომ აპირებენ, დარწმუნებული ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა რისკზე არ წამოვიდოდნენ. ეხუმრები შენ ამხელა მანძილზე, ფაქტობრივად, ასე გახსნილად წამოხვიდე? არა, აქ უეჭველად სხვა რამ იმალება და ის სხვა რამ უნდა გავშიფროთ. დიახ, ჩემი აზრით, ძაღლის თავი იმ ნაყიდ მიწაშია დამარხული და ჩვენი ამოცანის ამოხსნაც იქაა, – თქვა კოსმამ. პაუზა გააკეთა და ჩაფიქრდა.
ლასტმა პაუზით ისარგებლა და მიუგო:
– შევეცდებით, უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ იმ შეძენილ მიწაზე.
ჩაფიქრებულ კოსმას თვალები გაუბრწყინდა და ლასტს უთხრა:
– ლასტ, მართლა იმ შეძენილ მიწაში ხომ არაა დამარხული, მე პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნები, ის, რის გამოც ძებნილი ტერორისტი ამ სიშორეზე, ასე სარისკოდ ჩამოვიდა?
– რას გულისხმობთ, მისტერ კოსმა? – იკითხა ლასტმა.
– ხომ ზუსტად დაადგინეთ, რომ „კლიენტის“ მიერ ნაყიდი ტერიტორია ადრე საბჭოთა სამხედრო ნაწილი იყო? – თქვა კოსმამ.
– დიახ, – დაუდასტურა ლასტმა.
– ჰოდა, გამორიცხული არაა, რომ იმ ყოფილ სამხედრო ბაზაზე მასობრივი განადგურების რაიმე საშუალება იყოს დამალული, როგორც რადიაციული, ასევე ქიმიო-ბაქტერიოლოგიური პროფილის, – თქვა კოსმამ და მზერა მიაპყრო ლასტს. მან კი მხრები აიჩეჩა და უპასუხა:
– დაშვება შეიძლება, მაგრამ ყოფილი სამხედრო ნაწილი კავშირგაბმულობის პროფილის იყო და რა კავშირი უნდა ჰქონოდა მასობრივი განადგურების იარაღთან?
– კოსმას გაეცინა და თქვა:
– საბჭოთა არმიაში, მით უმეტეს, მათი ქვეყნის დაშლის ბოლო წლებში, ისეთი ქაოსი იყო, რომ ყველაფერია შესაძლებელი. იმ უკონტროლობაში ყიდდნენ ყველაფერს და ჩვენ რომ დროულად არ ჩავრეულიყავით, უკრაინა-ბელორუსიაში განლაგებული სტრატეგიული სამხედრო ობიექტებიდან ბირთვული ქობინები უნდა გაეყიდათ ტერორისტებზე. ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე რაიმე მსგავსი ნივთები იყოს დამალული და მთელი ეს შოუ მათ დასაუფლებლად იყოს დადგმული?
– თუ მასეა, მისტერ კოსმა, მაშინ ტერორისტებს უნდა დავასწროთ და ამ ნივთებს ჩვენ დავეუფლოთ, რომ საფრთხე გავანეიტრალოთ, – თქვა ლასტმა.
– გეთანხმებით, ლასტ, მაგრამ ძალიან ფრთხილად, წინდახედულად უნდა ვიმოქმედოთ. მთავარი, რა თქმა უნდა, მსხვერპლის მომტანი საფრთხის განეიტრალებაა, მაგრამ, ჩვენ მთელი მათი გეგმა უნდა გავშიფროთ და მათი მიზანი გავიგოთ. ამიტომ მე ერთი იდეა მაქვს, რომელიც კარგად უნდა დავხვეწოთ და განვახორციელოთ, – თქვა კოსმამ და დაამატა, – ლასტ, თქვენი მთელი შემადგენლობა შეკრიბე და „კლიენტის“ მიერ ნაყიდი მიწის პერიმეტრზე უწყვეტი მორიგეობა-თვალთვალი დააწესეთ. არ მგონია, ასე მალე დაიწყონ ამოღების სამუშაოები, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, რომ სანამ გადამჭრელ ზომებზე გადავიდოდეთ, მუდმივი კონტროლი განვახორციელოთ. პარალელურად კი „კლიენტზე“ თვალთვალი განაგრძეთ. ახლავე, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ.
პოლ ლასტმა თავი დაუქნია კოსმას და ბრძანების შესასრულებლად გაემართა. ლეონელ კოსმამ კი თავისი იდეა სამოქმედო გეგმად ჩამოაყალიბა. შემდეგ კი ზეკოდირებული, სატელიტური ტელეფონით დაუკავშირდა დაგლას მორენას და თავისი მოსაზრებები გააცნო.

🔻🔻🔻


ლეონელ კოსმამ დაგლას მორენას სამეტაპიანი გეგმა დაუსახა და სასწრაფოდ მოსთხოვა მისი განხორციელება. პირველ ეტაპზე უნდა გარკვეულიყო, თუ რა იყო დამარხული „კლიენტის“ მიერ ნაყიდ მიწაში. ამისთვის კი „ცენტრალური დაზვერვის“ ჯაშუში-თანამგზავრი უნდა დაემიზნებინათ აღნიშნული კვადრატისთვის და მას დაედასტურებინა ან უარეყო ყველაფერი. ხოლო თუ მუდმივი კონტროლი განვახორციელოთ, დადასტურდებოდა, მაშინ სპეციალური აპარატურით უნდა გადაემოწმებინათ თანამგზავრის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია და დადებითი პასუხის შემთხვევაში გეგმის მეორე ეტაპზე გადასულიყვნენ. მეორე ეტაპის მიხედვით, სპეცჯგუფს უხმაუროდ უნდა მოეხელთებინა „კლიენტი“ და თუკი საჭირო გახდებოდა, მისი „მკაცრი“ დაკითხვის (თუნდაც, წამების) შედეგად გაეგოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. პარალელურად კი, „კლიენტის“ დაღუპვის იმიტაცია უნდა მომხდარიყო, ანუ, ნაყიდ მიწაზე განხორციელებულიყო ძლიერი აფეთქება, ვითომ „კლიენტი“ აფეთქებამ შეიწირა. აფეთქება კი მიწის გათხრის შედეგად უნდა ყოფილიყო გამოწვეული. აფეთქებამდე კი ამერიკელ სპეცებს მიწაში დამალული ნივთი უნდა ამოეღოთ და მის მაგივრად მსგავსი, ოღონდ ცარიელი მოეთავსებინათ. მესამე ეტაპი კი ლოგიკურად იქნებოდა ის, რომ უსმან ალ-მანსურს „დაღუპული“ უმარ ბათირის ნაცვლად მისი შემცვლელი უნდა გამოეგზავნა ნივთის წასაღებად. და, როდესაც ის შეცვლილ ნივთს წაიღებდა, მის კუდზე დამსხდარი ამერიკელი ოპერები ალ-მანსურის ბუნაგს მიაგნებდნენ... რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, რომ ალ-მანსურის სამალავის ადგილსამყოფელი „კლიენტსაც“ სცოდნოდა, მაგრამ შეიძლება, არც კი სცოდნოდა, რადგან უსმან ალ-მანსური უსაფრთხოების მიზნით ხშირად იცვლიდა ადგილსამყოფელს. მორენამ რომ კოსმას გეგმა მოისმინა, მაშინვე „მოხუცს“ ეახლა. ყველაფერი მოუთხრო და გეგმის განხორციელების ნებართვა სთხოვა, რაც მაშინვე მიიღო. ამგვარად, „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს“ ჯაშუში-თანამგზავრი ზემო ფონიჭალის იმ კვადრატს მიუჩინეს, სადაც „კლიენტს“ მიწა ჰქონდა ნაყიდი. თანამგზავრმა კი დაადასტურა, რომ მიწაში ღრმად მდებარე ბუნკერში ჰერმეტულად დალუქული კონტეინერი იდო. ის შესაძლოა, რადიაციული ნივთიერებებით ყოფილიყო სავსე ან ბაქტერიო-ქიმიურით. ამიტომ, ამის დასაზუსტებლად სულ რაღაც 12 საათში ვაშინგტონიდან თბილისში სპეციალური ქვედანაყოფი ჩამოფრინდა. მათ ულტრათანამედროვე მოწყობილობები ჰქონდათ და როგორც კი ჩამობნელდა, აღნიშნულ კვადრატზე გაზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. ღამის სამ საათს გადაცილებული იყო, როდესაც პოლ ლასტი და ვაშინგტონიდან ახლად ჩამოფრენილი ოტო ბრამსი კოსმას ეახლდნენ და ბრამსმა მას მოახსენა:
დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი