საბედნიერო შეცდომა
ავტორი: ნია დვალი 20:00 26.09

კორპუსის მეოთხე სართულზე, საკმაოდ კომფორტულსა და მყუდრო ბინაში მარტოხელა, მაგრამ არასაპენსიო ასაკის სიმპათიური ქალბატონი მარინა ცხოვრობდა. მარინა დისტანციურად მუშაობდა და თავისი ბედითა და მდგომარეობით საკმაოდ კმაყოფილიც იყო. მისი ცხოვრება მშვიდად და დაგეგმილად მიედინებოდა მეგობრებს პერიოდულად ხვდებოდა, თეატრშიც დადიოდა, თავისი ვაჟის ოჯახსაც ესტუმრებოდა ხოლმე და მშობლებსაც ეხმარებოდა, რომლებიც მის სიახლოვეს ცხოვრობდნენ. იმ დღესაც ისეთი პირი უჩანდა, რომ არაფრით იქნებოდა სხვა დღეებისგან განსხვავებული. მარინამ დილით, ჩვეულებისამებრ, დედას დაურეკა:
– აბა, როგორ გრძნობს თავს ქალბატონი? – ჰკითხა ხალისიანად. დედამისმაც ჩვეულად წაიწუწუნა თავის ჯანმრთელობასა და ქმრის, მარინას მამის, მძიმე ხასიათზე. შვილი დაჰპირდა, რომ მათთან შეივლიდა და სადილს მოუმზადებდა.
როდესაც ტელეფონი გათიშა, მარინას სევდა მოეძალა: ეს ყოველდღიური რუტინა მობეზრდა. არ ეზარებოდა მშობლებისთვის სადილების მომზადება, არც პროდუქტის მიტანა, აი, მეხუთე სართულზე ფეხით ასვლა ქანცავდა. და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ლამის ყოველდღე უწევდა მშობლებთან მისვლა – კიბეზე ფეხით სიარული მათ კიდევ უფრო უჭირდათ.
მარინა წასასვლელად გაემზადა და გასვლის წინ თავისი თავი შეათვალიერა სარკეში: არა მხოლოდ თავისი ასაკიდან გამომდინარე, კარგად გამოიუყურებოდა. თავის მოვლა უყვარდა, იცოდა და სიამოვნებდა. მაკიაჟი შეისწორა, პომადა დაიმატა და კარზე ვიღაცამაც დააკაკუნა. მარინას გაუკვირდა, იმიტომ რომ სადარბაზოში დომოფონი იდგა და ყველა ვერ შემოვიდოდა.
– ალბათ, თეოა, – გაიფიქრა მეზობელზე და ჭუჭრუტანაში არც გაუხედავს, ისე გააღო კარი. ზღურბლზე ქერათმიანი გოგონა იდგა, ზურგჩანთით, ზოლებიანი მაისური და ჯინსები ეცვა, ხელში კი რაღაც ეჭირა. როგორც კი მარინამ კარი გააღო, ის, რაც ეჭირა, მარინას მიაჩეჩა:
– ეს თქვენ! – და უცებ მიტრიალდა და გაიქცა.
მარინამ დახედა და შეძრწუნდა: მის ხელებში ჩვილს ეძინა.
მარინა ანგარიშმიუცემლად გაეკიდა გოგონას.
– მოიცადეთ, ვისია ეს ბავშვი?!
– ეს ანდროს შვილია. მე მისთვის არ მცალია. უნდა ვისწავლო, ამოსძახა გოგონამ და კიბეზე ჩაირბინა. ამასობაში მარინამ სადარბაზოს მძიმე, რკინის კარიც მიჯახუნების ხმაც გაიგონა.
მარინა იდგა და ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა. შემდეგ ისევ ჩვილს დახედა:
– ეს ხომ ცოცხალი ბავშვია! ანდროს შვილი?! ვინ არის ანდრო?!
მის შვილს სანდრო ერქვა და მარინას უცებ ეჭვი შეეპარა: „იქნებ სანდრო თქვა და ანდრო მომესმა?!“ შემდეგ თავისი ქმარი გაახსენდა, მაგრამ მის ქმარს ჯონი ერქვა, ასე რომ, ვერც ანდრო იქნებოდა და ვერც სანდრო. თან, მარინა მეხუთე წელია, ქვრივი იყო. ფრთხილად დააწვინა ბავშვი დივანზე. გაშალა პლედი, რომელშიც ჩვილი იყო გახვეული. ბავშვს პირში საწოვარა ედო. მარინას გათვლებით, ერთი თვის თუ იქნებოდა. მარინას გული მოულბა:
– ვინ ხარ, პატარავ? რა დააშავე ისეთი, რომ უცნობ ადამიანს დაუტოვეს შენი თავი? – დანანებით ჩაილაპარაკა და დაინახა, რომ პატარა ზურგჩანთაში იდო ბოთლი საწოვარათი, საბავშვო საკვები ფხვნილი, რამდენიმე პამპერსი და ორი ხელი ბავშვის ტანსაცმელი.
გულის სიღრმეში მარინა ელოდა, რომ ბავშვის დედა დაბრუნდებოდა, ბოდიშს მოიხდიდა და პატარას წაიყვანდა. თავად კი ჯერ მარკეტში გაივლიდა, შემდეგ – მშობლებთან წავიდოდა.
ბავშვს ისევ ეძინა, მარინამ თავის მაკიაჟს ბოლო შტრიხები დაუმატა. თვალს შიგადაშიგ ფანჯრისკენ აპარებდა, იმ იმედით, რომ ბავშვის დედა გამოჩნდებოდა. მაგრამ ამაოდ. ამასობაში ბავშვიც აწრიალდა. მარინა დაიძაბა და მისკენ დაიხარა.
– იქნებ გამოსაცვლელია ან შია? – გაუელვა გონებაში. ახლაღა იგრძნო პასუხისმგებლობის ტვირთი.
– ანდრო, სანდრო, მაინც რომელი სახელი თქვა?! – უტრიალებდა ეს კითხვა.
სანდროს უყვარდა გართობა და ამის გამო მარინა ხშირად საყვედურობდა შვილს. სხვადასხვა გოგონა მოჰყავდა სახლში, მაგრამ ეს ადრე იყო, დაქორწინებამდე. ახლა კი სამაგალითო ოჯახის კაცს ჰგავდა, საკუთარი ბიზნესიც ჰქონდა, ახალი მანქანაც იყიდეს, ბინაც გამოცვალეს... შვილი ჰყავდათ.
– კარგი, კარგი, ნუ ტირი. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ?! ახლავე გამოგიცვლი, – ეჩურჩულებოდა მარინა ჩვილს და მოხერხებულად უცვლიდა პამპერსს. მის ხელებს ახსოვდა ყველა ეს მოქმედება. ატირებული გოგონა აიყვანა და სამზარეულოში გავიდა მისთვის საკვების მოსამზადებლად. ამ მოუხერხებელ დროს მისმა ტელეფონმაც დარეკა, მარინამ კარგა ხანს ვერ შეძლო, ეპასუხა.
– ამდენ ხანს რატომ არ მიპასუხე? – უთხრა დედამისმა უკმაყოფილო ხმით.
– ხელები მქონდა დაკავებული. რამე მოხდა? – ჰკითხა მარინამ.
– მაღაზიაში ხარ?
– ჯერ არა.
– ატამი წამომიღე, ოღონდ ტკბილი. ხომ გახსოვს, როგორი მიყვარს? – დააზუსტა დედამისმა.
– მახსოვს, – მარინამ ტელეფონი გათიშა და ქილაზე ნარევის პროპორციები წაიკითხა. თან იხსენებდა, ათიოდე თვის წინ, სად იყო მისი ვაჟი.
– არა, არა, სანდრო ამას არ იზამდა, – მაგრამ თავადაც არ სჯეროდა თავისი ფიქრების.
– იქნებ ანდროდ გაეცნო?! – მარინას ისევ შეეპარა ეჭვი, იმიტომ რომ ეს უკვე ჰგავდა სანდროს მოქმედებას.
ნარევი ბოთლში ჩაასხა და საწოვარიანი თავსახური გაუკეთა. შემდეგ ხელის გულზე დაისხა. ცხელი ეჩვენა, ამიტომ ბოთლი ცივ წყალს შეუშვირა.
– ალბათ „112–ში“ უნდა დავრეკო და... – მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს ფიქრი: სანდროს შვილი რომ იყოს?! – და ბავშვს სახეზე დააკვირდა. მოეჩვენა, რომ მის შვილიშვილს წააგავდა და უცებ შეშინდა:
– ჩემი რძალი გადაირევა, არ აპატიებს სანდროს ამას.
გოგონა კი ხარბად ჭამდა და კრუსუნებდა. მარინა უყურებდა და გული უთბებოდა. როდესაც ბავშვს ჩაეძინა, ფრთხილად გადააწვინა დივანზე და შვილს დაურეკა, მაგრამ მისი ტელეფონი მიუწვდომელი იყო. გადაწყვიტა, მოეცადა. არ უნდოდა, შვილისთვის ზიანი მიეყენებინა და ბავშვის დედის დაბრუნების იმედიც ჰქონდა. ბოლოს, მაინც ვერ მოითმინა და შვილიშვილს დაურეკა, რატომღაც, რძალთან დარეკვის მოერიდა.
– ლაშიკო, მამიკო სად არის, ვერ ვურეკავ?
– სადღაც, საზღვარზე წავიდა. რაღაც მილები გაჰყავთ და არ იჭერს მობილური, თუმცა საღამოობით დედიკოს ურეკავს ხოლმე, – ჩაურაკრაკა შვილიშვილმა.
მარინა გაღიზიანდა: აბა, მე კი არავინ არაფერს მეტყვის, – მაგრამ ბავშვისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა ხვდებოდა, რომ მისი ზრდასრული შვილი არ იყო ვალდებული, დედისთვის ჩაებარებინა ანგარიში.
მარინა შვილიშვილს კიდევ ცოტა ხანს ელაპარაკა, მიესიყვარულა და დაემშვიდობა. ახლა უკვე რძალს დაურეკა:
– ჩემო გოგო, უთხარი სანდროს, რომ აუცილებლად დამირეკოს.
– მოხდა რამე? – შეშფოთდა რძალი.
– არა, უბრალოდ, დიდი ხანია, არ დაურეკავს, წასულა და მინდა, მისი ხმა გავიგონო, – იცრუა მარინამ.
მარინამ რძალთან საუბარიც დაასრულა და მიხვდა, რომ დედამისთან ვერ წავიდოდა. ბევრი არ უფიქრია, ისევ ტელეფონს დასწვდა და ამჯერად დედამისი მოატყუა:
– დედა, ფეხი ვიღრძე, სახლიდან რომ გამოვედი, დღეს ვერ მოვალ. ხომ გაქვთ საჭმელი შენ და მამას?
მარინას დედა აღელდა. უამრავი კითხვა დაუსვა და რჩევებიც დააყოლა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მარინამ დიდი მოთმინებით მოუსმინა და დაჰპირდა, რომ ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც დედამ დაარიგა, თუმცა იცოდა, რომ დედამისი უამრავჯერ დაურეკავდა და ისევ თავის ფიქრებს დაუბრუნდა. ვერ ხვდებოდა, რა უშლიდა ხელს, რომ პოლიციაში დაერეკა და ბავშვის ამბავი განეცხადებინა, მაგრამ გული არ აძლევდა ამის საშუალებას. ეჭვებიც ღრღნიდა: იქნებ სანდროს შვილია, ჩემი შვილიშვილი, გასაშვილებლად როგორ გავიმეტო?! თან, ბავშვის დედაც ეცოდებოდა, რადგან მარინამ იცოდა, რომ ის ახალგაზრდა ქალი ამას აუცილებლად ინანებდა, ოღონდ მაშინ. როდესაც უკვე გვიან იქნებოდა.
– როგორ ვერ მოვიფიქრე? – უცებ შემოიტყა თავში ხელი და ინგას დაურეკა:
– ინგა, ისეთი ამბავი დამემართა, არ დაიჯერებ.
ინგა დაიძაბა: მშვიდობაა?!
– ჩვილი მომიგდეს.
– როგორ მოგიგდეს?! სად?! მომიყევი ყველაფერი.
და მარინამაც უამბო. ინგა მშვიდად უსმენდა და შემდეგ დაჰპირდა, რომ სამსახურიდან გაუვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ მარინას ეს მისთვის არ უთხოვია.
მარინამ ამოისუნთქა.
– მაშინ ჯერ არ დავრეკავ პოლიციაში.
– არა, არ დარეკო. ჯერ გავერკვეთ, რა ხდება. ვიპოვით იმ ვიღაც ანდროს.
– როგორ ვიპოვით?!
– თქვენს სადარბაზოში არის ვინმე ანდრო? – დააზუსტა ინგამ.
– არ ვიცი, 14 სართულია. იქნებ არის კიდეც.
– ჰოდა, გაარკვიე, სანამ მოვალ, – დაავალა ინგამ.
– როგორ გავარკვიო? – დაიბნა მარინა.
– რა ვიცი, ხომ გყავთ თავმჯდომარე და გაიგე, ჰქვია თუ არა ვინმეს ანდრო. სანამ მოვალ, ეგ ამბავი მომიგვარე, ახლა წავედი და უჩემოდ სხვა არაფერი მოიმოქმედო, – საქმიანად მიუგო ინგამ და ტელეფონი გათიშა.
დრო ისე გავიდა, მარინამ ვერც კი იგრძნო. ბავშვს უვლიდა, ფუსფუსებდა. ინტერნეტშიც მოძია ინფორმაცია, რამდენ ხანში უნდა მიეღო საკვები ბავშვს. რომელი საკვები სჯობდა. შემდეგ პატარა აბანავა კიდეც.
– ხვალ მოხვალ? ფეხი როგორ გაქვს? – ისევ დედამისი ურეკავდა: გააკეთე, რაც გითხარი?
– ყველაფერი გავაკეთე, – უტიფრად იტყუებოდა მარინა. ხვალ არ ვიცი, ფეხი როგორ მექნება. ჯობია, დავიცადო, თორემ უფრო გამიმიზეზდება.
***
საღამოს ინგა მოვიდა და ერთობლივი გამოძიებაც დაიწყეს: ინგამ გულდასმით დაათვალიერა ბავშვის ნივთები. შემდეგ მარინას თავმჯდომარის ნომერი გამოართვა და მარინას ტელეფონიდანვე დაურეკა. ოთახში გამარჯვებულის სახით დაბრუნდა:
– ვიპოვე!
– ჩუმად, ბავშვს გააღვიძებ. – დაუცაცხანა მარინამ და ინგამაც ხმას დაუწია:
– ორი სართულით ზემოთ ცხოვრობს ვინმე ანდრო. ახალგაზრდა ვაჟია. ნაღდად ის იქნება და იმ გოგოს შეეშალა სართული. წავედით!
– სად? – ჰკითხა გაკვირვებულმა მარინამ.
– როგორ თუ სად? ანდროსთან, გავარკვიოთ.
– რომ არ გამოტყდეს?! – შეეჭვდა მარინა.
– მივაწვებით და გამოვტეხავთ, – დარწმუნებით უთხრა ინგამ.
– უხერხულია, ინგა.
– თუ სიმართლის გაგება გინდა, სხვა გზა არაა, თუ არადა, მოგიწევს, პოლიციაში დარეკო და ბავშვი გადასცე.
მარინამ პატარა გოგონას დახედა. გული ეთანაღრებოდა, რომ მძინარე უნდა დაეტოვებინათ მარტო. ინგა მიუხვდა ფიქრებს:
– მალე ჩამოვალთ. არაფერი მოუვა. რომც გაიღვიძოს, ცოტას იტირებს და ჩვენც უცებ მოვალთ.
მარინამ ცოტა იჭოჭმანა, მაგრამ, საბოლოოდ, მეგობარს გაჰყვა. ფეხაკრეფით გავიდნენ სახლიდან.
– ვინ არის, – მოესმათ ქალის ხმა, როდესაც ზარი დარეკეს.
– ანდროსთან ვართ, – შესძახა ინგამ.
კარი პატარა ტანის, მხრებში მოხრილმა ქალმა გააღო. დაუპატიჟებელი სტუმრები მკაცრად შეათვალიერა და მიტრიალდა:
– ანდრო, ისევ შენთან არიან, – ქალებს კი ხელით ანიშნა, შემოდითო.
პირველი ინგა შევიდა, მარინა ლანდივით მიჰყვა უკან. ოთახიდან ფერმკრთალი ახალგაზრდა ვაჟი გამოვიდა.
– პლანშეტი თქვენ უნდა მოგეტანათ? – ჰკითხა მაშინვე.
– არა, – თავი გააქნია ინგამ, – თქვენი შვილი შემთხვევით ამასთან მოხვდა სახლში, – და ინგამ ხელი გაიშვირა მარინასკენ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– რომელი შვილი? – მასპინძელი აშკარად გაკვირვებული ჩანდა.
– ამ სადარბაზოში ერთადერთი ანდრო ხართ, – არ ცხრებოდა ინგა.
– მე შვილები არ მყავს, – თავს აქნევდა ანდრო.
– ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, – არც ინგა იხევდა უკან, – მარინას შემთხვევით მიუყვანა თქვენი ბავშვი ახალგაზრდა გოგონამ და უთხრა, ანდროს გადაეცი, თავად გაზარდოსო. ამ სახლში კი ანდრო თქვენ გარდა არავინაა, ესე იგი, ბავშვი თქვენია. უბრალოდ, იმ გოგოს, ბავშვის დედას, სართულები აერია.
– მე რა შუაში ვარ?!
– ესე იგი, არ გინდათ, აღიაროთ, რომ შვილი გყავთ, – გაცხარდა ინგა.
– რა აღიარება?! რა გინდათ ჩემგან?!
– წამოდით, – გაჩვენებთ ბავშვს და დარწმუნდებით, – ინგამ ხელიც კი წაატანა ახალგაზრდა ვაჟს.
მარინამ ინგა შეააჩერა.
– გაიხსენეთ, ათიოდე თვის წინ ვინმესთან ხომ არ გქონდათ რამე კავშირი?
ახალგაზრდა ვაჟს გაეღიმა: მხოლოდ ინტერნეტთან. და რა ჰქვია გოგონას, ბავშვის დედას?
მარინა დაიბნა: არ ვიცი, არ უთქვამს და ვერც მე მოვიფიქრე, რომ მეკითხა. ბავშვი მომაჩეჩა, ანდროს გადაეცით, მე ამის მოსავლელად არ მცალიაო და გაიქცა. ალბათ, შეგვეშალა. უკაცრავად, – მარინამ ინგას გადახედა: წავიდეთ.
– მოიცადეთ! იქნებ დაგეხმაროთ. დავბუსტოთ ბავშვის ფოტო, რომ იძებნება მისი დედა და მამა.
– არა, არა, გმადლობთ, – გაასავსავა ხელები მარინამ. მას შვილის დაცვა უნდოდა და იმის დამალვაც, რომ ჩვილი უკანონოდ ჰყავდა, რადგან, წესით, პოლიციაში უნდა დაერეკა და არა პოსტები ეწერა სოციალურ ქსელებში.
– როგორც გინდათ, – უთხრა ანდრომ: თუ რამე, მე თითქმის ყოველთვის სახლში ვარ.
კობეზე რომ ჩამოდიოდნენ, ინგამ მარინას უთხრა:
– ეს ახალგაზრდობა სამსახურში არც დადის, სულ სახლიდან მუშაობენ. როგორ ფიქრობ, ტყუის?!
– „სახლში ჩამჯდარ კომპიუტერულ გენიოსს“ ჰგავს, მაგრამ არა გულთამპყრობელს. სახლიდან კი მეც ვმუშაობ, – მიუგო მარინამ. ინგაც დაეთანხმა.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან