რომანი და დეტექტივი

საბედისწერო თილისმა

№22

ავტორი: ნია დვალი 20:00 07.06

საბედისწერო თილისმა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #18-21 (1221)

დათო შეეცადა, დეტალურად გაერკვია ყველაფერი ლექსოს იშვიათი გენეტიკური დაავადების შესახებ და ვანოზე უკეთეს მრჩეველს ვერც იპოვიდა. ასეც აღმოჩნდა. ვანომ ყველაფერი აუხსნა, გაუგო და კლინიკაც შეურჩია თურქეთში.

– სარისკო ხომ არაა? – დააზუსტა დათომ.

– რისკი ყოველთვისაა. ქუჩაში რომ გადიხარ ან ღამით იძინებ, ეგეც რისკია, არავინ იცის, გაიღვიძებ თუ არა.

– ძალიან დამამშვიდე, – გაეცინა დათოს.

– მე რა დაგამშვიდე. ასეა და, თუ გინდა, ნუ დამშვიდდები.

– იქაც რიგი ხომ არაა? – იკითხა დათომ.

– თუ ფული არის, რიგიც არ არის, – აუხსნა ვანომ.

– ძალიან კარგი.

– მაგრამ ანალიზები, ყველაფერი, რაც აქვს, უნდა გადმომიგზავნო. თუ რამის დამატებაა საჭირო, დავამატებთ აქ ან იქ დაამატებენ.

დათოს არასდროს უფიქრია, რომ თანხა თავისი ფირმის ანგარიშიდან გამოეტანა. მსგავსი რამეები არ უყვარდა, მაგრამ ახლა ბავშვის სიცოცხლეზე იყო საუბარი და, თან, იმ ბავშვის დედამ დათო, ფაქტობროვად, ორჯერ იხსნა სიკვდილისგან. ვალებს კი დაბრუნება უყვართ. ყველაფერი რომ მოაგვარა, მხოლოდ მაშინ უთხრა მარინას:

– კარგი ამბავი მაქვს, ყველანაირი ანალიზი თუ კვლევა მჭირდება, რაც გაქვს და ლექსო რამდენიმე დღეში გაემგზავრება ჯადოქართან.

– როგორ? – მარინა ერთიანად გაწითლდა, ოღონდ აღელვებისგან.

– რა მნიშვნელობა აქვს, როგორ?! ლექსო ისევე იცხოვრებს, როგორც ყველა ბავშვი ცხოვრობს, ბაღში ივლის, ითამაშებს, ტკბილეულს შეჭამს...

მარინამ ტირილი დაიწყო; ეს შეუძლებელია, დაუჯერებელია...

– არაფერია დაუჯერებელი. მომეცი საბუთები და მოემზადეთ.

– რისთვის მოვემზადოთ? – ოთახში საღებავებით მოთხუპნული ლექსო შემოვიდა.

– რისთვის და ჯადოქართან მიფრინავთ შენ და დედიკო, – უთხრა დათომ.

– არ მატყუებ? – ბავშვმა ჯერ დედამისს შეხედა გამომცდელად, შემდეგ დათოს.

– არა, არ გატყუებთ, – დაამშვიდა დათომ.

– რა კარგია, შოკოლადებს შევჭამ! – ლექსო ტაშს უკრავდა და მაგიდის გარშემო დარბოდა.

– დღესვე მოგცემ ფულს, რაც შევაგროვე, მესამედი მაინც იქნება, დანარჩენს ერთბაშად ვერ მოგცემ, მაგრამ ნაწილ-ნაწილ დაგიბრუნებ, გპირდები, – როგორც იქნა, ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა მარინას.

– ფული იქით მაქვს მოსაცემი შენთვის, ორჯერ გადამარჩინე სიკვდილს, – გაუღიმა დათომ, ასე რომ, უბრალოდ გავქვითავთ.

– რატომ გვეხმარები? ჩვენ ხომ უცხოები ვართ შენთვის?! – ჰკითხა მარინამ.

– პირველად რომ გნახე, მეგონა, ცოტა ვერ იყავი. მაგრამ, მაშინვე, როგორც კი ავტობუსიდან ჩამოვედი და შეხვედრაზე დავაგვიანე, მივხვდი, რომ შემთხვევით არაფერი მომხდარა. გადავრჩი. მედალიონი რომ არ შემემოწმებინა, რამდენიმე თვეში მოვკვდებოდი. შენ რომ არა, ან ტყუილში ვიცხოვრებდი, ან საერთოდ ვერ ვიცხოვრებდი. უბრალოდ, ჩემი მოვალეობა კი არაა, სურვილია, ლექსოს დავეხმარო. არანაირი ფული არ მჭირდება შენგან. თქვენ გამოგადგებათ. ოპერაციის შემდეგ ბავშვს რეაბილიტაცია დასჭირდება. მაგრამ მინდა, იცოდე, რომ თქვენთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ასე მგონია, სულ გიცნობდით და ერთად ვცხოვრობდით მაშინაც კი, როდესაც არ გიცნობდით.

მარინამ დათოს ხელი აიღო და თავის ხელისგულებს შორის მოაქცია, თვალებში ცრემლი უკიაფებდა.

– ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის ეს ნამდვილი სასწაულია...

***

ოპერაციამ კარგად ჩაიარა. თუმცა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი მძიმე გამოდგა. გადახვევები მტკივნეული იყო და იმ პერიოდის განმავლობაში საკვების მიღებაც, ფაქტობრივად, არ შეიძლებოდა. მაგრამ პატარა ლექსოს თავი კარგად ეჭირა. ისტერიკებს არ აწყობდა, არ ჭირვეულობდა, ითმენდა და ელოდებოდა, ბოლოს და ბოლოს, როდის შეძლებდა სახლში წასვლას.

რადგან სარეაბილიტაციო პერიოდი უკვე თბილისის კლინიკაში მიმდინარეობდა, მარინა შვილის საწოლს არ შორდებოდა, თუმცა ძალიან იღლებოდა, ამიტომ დათო ცვლიდა ხოლმე, რომ მარინას ცოტა ხნით მაინც მოეხერხებინა დაძინება. მარინა თავდაპირველად უარობდა, დახმარებას არ თანხმდებოდა, მაგრამ დათომ იმდენად დაიჟინა, რომ მარინაც მის ნებას დაჰყვა.

საბოლოოდ, ესეც დასრულდა და ლექსოს ექიმებმა ნება დართეს, თანდათან ნებისმიერი საკვები მიეღო, ოღონდ ზომიერად. პატარა ბიჭის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მარინაც ძალიან ბედნიერი იყო:

– თავიდან ეცნობა სამყაროს. თითქმის არაფრის გემო არ იცის და ყველაფერი ძალიან მოსწონს, – ეუბნებოდა დათოს სახეგაცისკროვნებული.

საკონტროლო შემოწმებაზე რომ მივიდნენ, ექიმმა ორივენი შეაქო:

– ოჯახის თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას ვეუბნები, რომ განწყობა აკეთებს ყველაზე მეტ საქმეს. რაც უნდა კარგად ჩატარდეს ოპერაცია, თუ დაძაბული ვითარებაა ან არ სჯერათ გამოჯანმრთელების, არაფერი გამოდის. ძალიან კარგი, რომ ამ არეულ დროშიც კი არის ასეთი კარგი ოჯახები.

მარინას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დათომ დაასწრო:

– ძალიან დიდი მადლობა, ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

უკანა გზაზე მარინას ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ლექსო ეტიტინებოდა დათოს. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო, ის ვერც კი მიხვდა, რა თქვა ექიმმა, მხოლოდ მისგან წამოსული ემოციით იგრძნო, რომ მისი ცხოვრების მძიმე პერიოდი დასრულდა. დათომ მანქანა მარინას სახლის წინ გააჩერა. ლექსო მაშინვე მანქანიდან გადახტა, ვინაიდან მარინას დედა, რომელსაც სიარული უჭირდა, გარეთ ელოდებოდა შვილსა და შვილიშვილს. მარინა და დათო მანქანაში მარტო დარჩნენ. უხერხული დუმილი ჩამოწვა, რომელიც დათომ დაარღვია:

– არ მინდოდა ჯერ თქმა, მე ვიტყვი და თუ შენ არ მეთანხმები ან სხვანაირად ფიქრობ, მითხარი და ჩავთვალოთ, მე არაფერი მითქვამს.

მარინა ისევ ჩუმად იყო, დათო კი განაგრძობდა:

– ისე შეგეჩვიეთ, რომ მგონია, ორივეს მთელი ცხოვრებაა გიცნობთ. მე ძალიან მომწონხარ და მინდა, რომ ვცადოთ...

მარინამ გააწყვეტინა:

– უნდა დავფიქრდე. შენთან მეც ძალიან კარგად და დაცულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ლექსო სათამაშო არ არის. შეგეჩვია. შენ ჩვენზე არაფერი იცი. არც მე ვიცი შენზე არაფერი.

– შენ არ იცი? – გაეცინა დათოს და მარინას თავისი ხელი გაუწოდა: შენსას თუ ვერ ხედავ, სხვების მომავალს ხომ ხედავ? ჯერ ისევ სხვა ვარ, სანამ შენ ვერდიქტს არ გამოიტან.

მარინამ დათოს ხელი თავის ხელებში მოაქცია და თვალები დახუჭა. ცოტა ხანს ასე ეჭირა. მერე თვალები გაახილა და დათოს გაუღიმა:

– ლექსოს მამამ, როგორც კი გაიგო, რომ ბავშვს თანდაყოლილი დაავადება ჰქონდა, მიგვატოვა, მე მეჩხუბა, რომ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენაც კი ვერ შევძელი. მას შემდეგ არც კი დაინტერესებულა თავისი შვილის ბედით. დედაჩემი უცნაური ქალია. ცალკე ცხოვრობს, ცოტა მძიმე ხასიათი აქვს, სიარულიც უჭირს. მე მგონია, რომ იმიზეზებს ფეხების ტკივილს, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს. ცუდი ქალი არ არის, უბრალოდ, ყველაფრის ეშინია და რადგან ეშინია, გაურბის სირთულეებს. ლექსო ძალიან უყვარს, მაგრამ ეშინია მისი დაკარგვის, ამიტომ ცოტა შორს უჭირავს თავი. მე მესმის მისი, არ განვიკითხავ, იმიტომ რომ თვითონაც დიდი ბავშვია. ვერ გაიზარდა ან იქნებ არც უნდოდა გაზრდა და მარად ბავშვად უნდა დარჩენა. მე უფრო ვიყავი ხოლმე დედამისი, მაგრამ, ლექსო რომ გაჩნდა, დედაჩემისთვის იმდენი დრო აღარ მრჩებოდა, მთელი ჩემი დრო ლექსოს მიჰქონდა. ახლაც გამიკვირდა, რომ ამოვიდა ჩვენთან. მგონი, იგრძნო, რომ ლექსო კარგადაა და ამიტომ მისცა თავს უფლება, თავისი გრძნობები გამოემჟღავნებინა. აი, ესაა მთელი ჩემი ცხოვრება. – დაასრულა მარინამ თავისი ამბის მოყოლა.

– მაგრამ ჩემზე არაფერი გითქვამს, – უთხრა დათომ.

– რა უნდა გითხრა?! ვერ გრძნობ?! – ისევ გაუღიმა მარინამ.

– კეთილგანწყობას ვგრძნობ, მაგრამ, თუ ეს მადლიერებაა, ჩვენ შეგვიძლია, ისევ ვიმეგობროთ, როგორც აქამდე ვმეგობრობდით. მე გეკითხები, რას გრძნობ ჩემდამი?

მარინა დათოს მოეხვია და თავი გულზე დაადო:

– შენ მიმართ ყველაფერ საუკეთესოს ვგრძნობ, რასაც ქალი შეიძლება, გრძნობდეს მამაკაცისადმი. შენ მე შვილის სიცოცხლე მაჩუქე. ნებისმიერს შეეძლო, მოეცა ფული, დამხმარებოდა, მაგრამ შენ ლექსო მიიღე, როგორც ძალიან ახლობელი პატარა ადამიანი. მისი გული დაინახე, მის სურვილებს გრძნობ და ლექსო გენდობა. მადლიერება არაფერ შუაშია, მაგრამ ქალისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ექცევიან მის შვილს, ვინც უნდა იყოს ეს, თუნდაც, შვილის ბიოლოგიური მამა. იცი, ლექსოს მამას რას არ ვაპატიებ? ლექსო რომ მიატოვა, როდესაც ლექსოს სჭირდებოდა. მაინც ვერ გიხსნი, რას ვგრძნობ შენდამი: შენ ხარ ყველაზე ძვირფასი ადამიანი ჩემთვის.

– მაშინ გამომყევი ცოლად.

მარინა არ ინძრეოდა და ხმადაბლა ლაპარაკობდა:

– შენ როგორც იტყვი. მე იმ დღეს ბედნიერი ბილეთი მერგო. გადმოდი ჩვენთან, როცა მოგინდება.

– ჩემთან ჯობია, უფრო დიდი სახლია და სკოლაც იქვეა. ეზოცაა. ლექსო გაერთობა. და კიდევ, შენთან საქმიანი წინადადება მაქვს.

ეს რომ გაიგონა, მარინა უცებ გასწორდა.

– რა წინადადება?

– წამოდი ჩემთან კონსულტანტად. ძალიან კარგი ინტუიცია გაქვს და შენი ეს უნარი საქმეში ძალიან გამომადგება. ყოველდღე ვიღაც რაღაცას გვთავაზობს, პროდუქციის დიდი პარტიები შემოგვაქვს. შენ უცებ გაერკვევი ადამიანების განზრახვებში. ხელფასიც კარგი გექნება.

– ჩემთვის არავის გაუკეთებია იმდენი, რამდენიც შენ გამიკეთე. ანგარიშიანი კი არ ვარ, მაგრამ ფაქტია. ვერც ვიჯერებ, რომ ამდენი სიკეთე და ბედნიერება დავიმსახურე. ლექსოს მამამ რომ მიგვატოვა, უფრო ზუსტად, ლექსოზე თქვა უარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჩემ შიგნით რაღაც მოკვდა და მე მეგონა, რომ საბოლოოდ მოკვდა, მაგრამ ახლა თითოეული დღის გათენება მიხარია. შენ როგორც გაგიხარდება, ისე იყოს, ვინც გინდა, ის ვიქნები შენთვის, იმიტომ რომ მე ჩემი თვალით ვნახე, არც კანონიერი ქმრობა ნიშნავს რამეს და არც ბიოლოგიური მამობა.

– მე მინდა, რომ შენ ჩემი ცოლი გახდე და ლექსო ვიშვილო.

– გვარი შევუცვალოთ? – დათომ მარინას ხმაში შეშფოთება იგრძნო.

– არა, გვარის შეცვლა არ მიგულისხმია და გვარის შეცვლა არ შეიძლება? ეს, უბრალოდ, მაინტერესებს.

– სახელსა და გვარს აქვს ენერგეტიკა, ამიტომ, განსაკუთრებით, გვარის შეცვლა სახიფათოა. შეიძლება, უკეთესობაც იყოს, მაგრამ უმეტესწილად უარყოფითად მოქმედებს. მე ხომ ჩემიანებისას ვერაფერს ვხედავ, ამიტომ მეშინია. არ გეწყინოს, – სთხოვა მარინამ.

– არ მწყენია. როგორც შენ იტყვი და გადაწყვეტ, ისე იყოს...

***

– ბებია გველოდება, ნუ მირბიხარ, დაეცემი, უხერხულია, თან, ხმაურობ და აწუხებ ყველას, – მარინა ცდილობდა, ლექსო შეეკავებინა, რომელიც ბებიამისის, ანუ დათოს დედის პალატისკენ სწრაფად მირბოდა.

– გაიქცეს, არაფერი მოხდება. გაერთოს, თან, დედაჩემსაც არაფერი სჭირს, უბრალოდ გეგმური კვლევაა, თავის დაზღვევის მიზნით, – ამშვიდებდა დათო მარინას. ამით შეგულიანებული ლექსო ნატა ბებიას პალატაში შევარდა. და თითქმის მაშინვე დერეფანში საკაცით ქალი შემოაგორეს, რომელსაც სახე ერთიანად დასისხლიანებული ჰქონდა.

– ლალი ჩადუნელი, 34 წლის მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. სახლში არავინ იყო მისი პატარა გოგონას გარდა, რომელიც, ასევე, წამოვიყვანეთ.

– გოგონაც დაჭრილია?

– არა, გოგონა მხოლოდ ძალიან შეშინებულია.

ამ დიალოგის მოსმენისთანავე, დათო ექიმთან მივიდა:

– შეიძლება, ვნახო? – ჰკითხა პაციენტზე.

– იცნობთ?

– მგონი, კი, ჩემი ყოფილი ცოლია, სავარაუდოდ, – ექიმმა ხელით ანიშნა დათოს, ნახეთო. ნამდვილად ლალი იყო და დათოს გაუკვირდა: როგორ დაეშვა ლალი ამ ზომამდე.

– კი, ის არის და რა მოუვიდა?

– მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო და პოლიცია. ის სახლი რაღაც საშინელება იყო, ბავშვი როგორ ცხოვრობდა იქ, არც კი ვიცი.

დათოს ახლაღა გაახსენდა გოგონა:

– სად არის ბავშვი?

– მიმღებში, – უპასუხა ექიმმა და საკაცემ გზა განაგრძო.

დათო მარინას მიუტრიალდა:

ხომ არ გეწყინება, ბავშვი რომ ვნახოთ.

– როგორ შეიძლება, მეწყინოს? – გაუღიმა მარინამ.

მიმღებში პატარა გოგონა იჯდა, სამიოდე წლის იქნებოდა, დაჭმუჭნილი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა. ეტყობოდა, რომ დიდი ხნის დაუბანელიც იყო.

– ჩემი შვილი ხომ არ არის? – დათო მარინას მიუტრიალდა.

– ვნახავ ახლავე. – უპასუხა მარინამ. გოგონასთან მივიდა და თავზე ხელი გადაუსვა, – მომეცი შენი ხელი, გაგითბობ. ბავშვმა ჯერ უნდობლად შეხედა, მერე კი ჭუჭყიანფრჩხილებიანი ხელი გაუწოდა. მარინამ გოგონას ხელი თავის ხელებში მოაქცია და თვალები დახუჭა:

– არა, შენი შვილი არ არის, მაგრამ ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდა. წავიყვანოთ ჩვენთან, – შესთავაზა დათოს, – სანამ დედამისი გამოჯანმრთელდება.

– მე ვერც კი გთხოვდი მსგავს რამეს, – ლამის ენა დაება დათოს, – ლალისადმი არაფერს ვგრძნობ, მაგრამ ეს ბავშვი მეცოდება. მასთან ყველა ცოდვაა...

– ვიცი, რომ არაფერს გრძნობ, – მერე კი გოგონას მიუბრუნდა, – წამოხვალ ჩვენთან? ჩვენ შენზე ცოტათი უფროსი ბიჭი გვყავს. ერთად ითამაშებთ. ძაღლიც გვყავს. დიდი ეზოა.

ბავშვი შეშინებული იყურებოდა.

– დედა მინდა.

– შენი დედიკო მალე კარგად გახდება და მოგაკითხავს, დაამშვიდა მარინამ.

– მაგისი დედიკო ვეღარსად ვეღარ მივა. გამაგებინა, ღმერთი ასეთ უვარგისებს რატომ აძლევს შვილს, – გაიგონა მარინამ სანიტრის ხმა და გოგონას სასწრაფოდ ყურებზე ააფარა ხელები. მერე კი დათოს ჰკითხა:

– მოახერხებ, რომ გამოგვატანონ?

– შევეცდები.

– თუ ვერ მოვახერხებთ, ბავშვთა სახლში წაიყვანენ. ცოდვაა, ბევრი ტკივილი აქვს გადატანილი.

დათომ მადლიერებით შეხედა ცოლს: იმ დღეს ყველაფერი მაინც არ მითხარი, რაც დაინახე.

– ყველაფერი გითხარი, – გულწრფელად გაიკვირვა მარინამ.

– მთავარი არ გითქვამს, რომ ამქვეყნად ყველაზე კეთილგულიანი ცოლი მეყოლებოდა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული