რომანი და დეტექტივი

საბედისწერო თილისმა

№20

ავტორი: ნია დვალი 20:00 24.05

საბედისწერო თილისმა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #18-19 (1219)

დათო ყურებს არ უჯერებდა და ლაბორანტს ჰკითხა:

– ხომ შეიძლება, რომ დიდი ხნის წინათ იყოს ჩადებული?

– გამორიცხულია, წლობით ვერ შეინახებოდა ისე, რომ თავისი თვისებები არ დაეკარგა. ეს შხამი მოქმედია და არც ისე დიდი ხნის წინათაა გამოყენებული, მაქსიმუმი ვადაა ექვსი თვე ან უფრო ცოტა. – უთხრა თეთრხალათიანმა და სათვალიანმა მამაკაცმა. დათო ნაჩქარევად დაემშვიდობა და ლაბორატორიის შენობა დატოვა.

მანქანაში ასჯერ გადაიკითხა დასკვნა და განუწყვეტლივ ფიქრობდა:

– მართლა ჩემი მოწამვლა უნდოდა? თუ, უბრალოდ, მოეწონა და მიყიდა? რატომ უნდა უნდოდეს ჩემი მოკვლა? ან რას მიიღებს ჩემი სიკვდილით? სახლის ნახევარს? ჩემი ბიზნესის ნახევარს? კრედიტი მაქვს აღებული, რომელსაც გადახდა უნდა, რატომ უნდა აწყობდეს ჩემი სიკვდილი?

დათო ლოგიკურად მსჯელობას ცდილობდა და ისიც კი იფიქრა, პირდაპირ დალაპარაკებოდა ცოლს და ყველაფერი გამოეკითხა: სად იყიდა მედალიონი, ვისგან, ვინ ურჩია... მაგრამ, საბოლოოდ, გადაიფიქრა.

წარმოიდგინა, რამდენს იტირებდა ლალი და როგორ ისტერიკას მოაწყობდა. არც პოლიციაში უნდოდა წასვლა, იმიტომ რომ საფუძველიც არ ჰქონდა: სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ლალის არაფერი სცოდნოდა თილისმის შიგთავსის შესახებ და შეშინებოდა. თან, მიუხედავად იმისა, რომ დათო ლალის აღმერთებდა, მის გონებრივ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა არასდროს ჰქონია, ოღონდ ეს მის თვალში ლალის სრულიადაც არ ამცრობდა. უფრო პირიქით, ერთგვარად სიამოვნებდა კიდეც, რადგან სჯეროდა, რომ მის გარეშე მისი ცოლი, უბრალოდ, დაიკარგებოდა ცხოვრებაში. მით უმეტეს, ვერ წარმოედგინა, რომ ლალის მსგავსი მოეფიქრებინა და ზედაც, განეხორციელებინა.

***

დათომ გადაწყვიტა, ყველაფერი გაერკვია და თავისი ეჭვები გაეფანტა. ამიტომ სამსახურში დილის 7 საათზე მიდიოდა. რამდენიმე საათში ყველაფერს აგვარებდა. სპორტულ ტანსაცმელს იცვამდა, კეპს დაიხურავდა, სათვალებს გაიკეთებდა, უკანა გასავლელიდან გადიოდა და დაქირავებული მანქანით თავის სახლთან მიდიოდა. მიდიოდა და უცდიდა, რა მოხდებოდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში არც არაფერი მომხდარა. ლალი სამი დღის განმავლობაში სახლიდან არც გასულა, მაგრამ მეოთხე დღეს სახლიდან ზუსტად ისეთ სტილში ჩაცმული გამოვიდა, როგორიც დათომ იმ დღეს ნახა. ჩაჯდა თავის მანქანაში (რომელიც, ცხადია, დათომ უყიდა) და სადღაც გაემართა.

დათო უკან გაჰყვა ცოლს და იმედი ჰქონდა, რომ ლალი ან ფიტნესის დარბაზში მიდიოდა ან, უბრალოდ, გასეირნება გადაწყვიტა. ამიტომ ბევრი არ უფიქრია, დაურეკა.

– როგორ ხარ, საყვარელო? გაიღვიძე? – ჰკითხა ცოლს.

– კი, რამდენი ხანია. დღეს სავარჯიშოდ მივდივარ, მერე კი დეასთან გავივლი, ჩამოვიდა და დიდი ხანია, არ მინახავს. დღეს ისევ გვიან მოხვალ? ამ ბოლო დროს საერთოდ ვეღარ გხედავ, მომენატრე, – ლალი ისე აჟღურტულდა, დათოს შერცხვა კიდეც, უკან რომ მიჰყვებოდა.

– დღეს ადრე მოვალ, გპირდები. მიყვარხარ. – უთხრა ცოლს და მთელი გულიც ამოაყოლა ბოლო სიტყვას.

– მეც მიყვარს ჩემი ბიჭი, საღამომდე, საყვარელო, – უთხრა ლალიმ და ტელეფონი გათიშა.

დათოს გაეცინა საკუთარ თავზე, მაგრამ დევნა მაინც განაგრძო. ერთგვარად სახალისოც იყო, რომ უკან მიჰყვებოდა ცოლს. ლალი ქალაქის მეორე ბოლოს განაპირას მდგარ სასტუმროში შევიდა. სასტუმრო უცნაური იყო, თითოეულ ნომერს თავისი საპარკინგე ადგილი ჰქონდა, რომელიც დიდი რკინის კარით იხურებოდა. დათომ ცალი თვალით დაინახა, რომელ კარშიც შევიდა მისი ცოლის მანქანა. ცოტა ხანს შეყოვნდა და თავადაც მოითხოვა ნომერი. მანქანა დააყენა, კარი დაკეტა და სავარძელში ჩაჯდა. ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. უნდოდა და თან, არც უნდოდა, დაენახა, რაც უნდა დაენახა. ასე იჯდა კარგა ხანს. შემდეგ ფაჯრიდან გადაიხედა. სასტუმრო, ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ფარული შეხვედრებისთვის იყო გამიზნული. ვერავინ ვერავის ხედავდა და სასტუმროს ნომრები ერთმანეთისგან სრულიად იზოლორებული იყო, თავისი საგარაჟე ადგილებით. არავინ მოძრაობდა. მხოლოდ იშვიათად მიმტანები თუ გამოჩნდებოდნენ ლანგრით და რომელიმე რკინის კარს შეაღებდნენ და ლამის მაშინვე გამოდიოდნენ, ბუნებრივია, ულანგროდ.

დათომ კეპი კიდევ უფრო ჩამოიფხატა სახეზე, კიბეებზე ჩაირბინა (ნომერი მეორე სართულზე იყო, მანქანის გასაჩერებელი ადგილის თავზე). კარი ფრთხილად გააღო და იმ კარისკენ გაემართა, სადაც მისი ცოლის მანქანა შევიდა. კიბეები ჩუმად აირბინა და კარზე დააკაკუნა:

– თქვენი შეკვეთა, – თქვა მოგუდული ხმით და კარის მეორე მხრიდან მამაკაცის ბურდღუნიც გაიგონა.

– არაფერი შემიკვეთავს. არაფერს გაცლიან, რა. მოვდივარ, – ხმის პატრონმა კარი გაიღო და დათომ თავის წინ წელზე პირსახოცშემოხვეული მამაკაცი დაინახა, მარცხენა თვალით კი უზარმაზარ საწოლზე წამოკოტრიალებული თავის ნახევრადშიშველ ცოლს გაჰკრა მზერა. ლალის მხოლოდ საცვალი ეცვა. პომადა კი გადასცლოდა. ყველაფერი ცხადზე უცხადესი იყო.

დათომ იცნო თავისი ცოლის საყვარელი: ირაკლი ნებიერიძე რამდენიმე წლის წინ დათოსთან მუშაობდა. ერთად უნდოდათ საქმის გაფართოება, მაგრამ ირაკლიმ თანხების მითვისება დაიწყო, რის გამოც სამსახურიც დაკარგა და სოლიდური თანხის გადახდაც მოუწია საგადასახადოსთვის, რომ არ დაეჭირათ.

დათო ვერ იჯერებდა, რომ ლალიმ, რომელიც ღმერთქალად მიაჩნდა, ამ თაღლითსა და უსახურ კაცზე გაცვალა. სისხლმა აასხა. თავი ვერ შეიკავა და ირაკლის სახეში მუშტი დაარტყა. ის დაბარბაცდა და წაიქცა. ლალიმ შეჰკივლა და თვალებზე ხელი აიფარა. დათო თავს ვეღარ აკონტროლებდა და ირაკლის წიხლებს ურტყამდა, ოღონდ ცოლს მიმართავდა:

– სულს გიბერავდი და შენ ამ დროს რქებს მადგამდი?! ყველა შენს ნივთს გადავყრო, არ გაბედო მათ წასაღებად მოსვლა და სახლში გამოჩენა. იცხოვრე ამ თაღლით არაკაცთან, – რაც მეტად ბრაზდებოდა ლალიზე, მით მეტად ურტყამდა ირაკლის. დათომ იცოდა, რომ ქალისთვის არ უნდა დაერტყა, თორემ ლალის სიამოვნებით მიახრჩობდა საკუთარი ხელებით.

– მოკლავ, – ლალი არ მოერიდა არაფერს და თავის საყვარელს გადაეფარა.

დათომ მისადმი ზიზღი იგრძნო.

– ჰოდა, იცხოვრე ახლა ამ ნაბიჭვართან ერთად. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ის მედალიონი სპეციალურად მაჩუქე და ძალიან კარგადაც იცოდი, რომ მომკლავდა. ელოდებოდი, როდის ამომხდებოდა სული?

ლალიმ უცებ გაიაზრა, რაც მოხდა, ნაჩქარევად იცვამდა და, თან, იმეორებდა:

– მაპატიე, საყვარელო, მაპატიე არ მინდოდა, ირაკლიმ შემაცდინა. მეც წამოვეგე. ძალიან საშიში ადამიანია. მაიძულა. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. ხომ იცი, რომ შენ მიყვარხარ. მაპატიე...

– მეზიზღები, – უთხრა დათომ ლალის, დახედა ტომარასავით იატაკზე მიგდებულ მის საყვარელს და სირბილით გავიდა ოთახიდან.

თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მომხდარს ვერაფრით ხსნიდა. ერთ ხანს ისიც იფიქრა, ისევ უკან დაბრუნებულიყო და ორივე ეცემა, მაგრამ გადაიფიქრა – იცოდა, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იყო.

მერე ავტობუსში გაცნობილი უცნაური მკითხავი გაახსენდა და ახლა მასზე გაბრაზდა:

– საიდან გამოტყვრა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი კარგად იყო. რაში მჭირდებოდა ეს სიმართლე?! – დათო ბორგავდა და ცდილობდა, დამშვიდებულიყო...

***

დათოს წასვლის შემდეგ ლალი ირაკლის მივარდა. საფეთქლები დაუზილა და წყალი დაასხა. ისიც ნელ-ნელა გონს მოვიდა.

– იკაკო, როგორ ხარ? ახლა რა იქნება? არ ვიცი, როგორ მოგვაგნო დათომ. წესით, სამსახურში უნდა ყოფილიყო. ამ დროს სულ იქაა. ჩვენი გეგმა ჩაფლავდა. ყველაფერი იცის მედალიონის შესახებ. როგორ მიხვდა?

ირაკლი ხმას არ იღებდა, ან კი როგორ ამოიღებდა, როდესაც გვარიანად ნაცემი იყო და ყველაფერი სტკიოდა. ლალი უხეშად მოიშორა თავიდან:

– ყველაფერი შენი ბრალია, უტვინო ქათამი ხარ, სულ ცოტა გვქონდა დარჩენილი. ჩაძაღლდებოდა და ბედნიერად ვიცხოვრებდი. ახლა რა უნდა გავაკეთო?! რა ხეირია შენგან?! თვალების ფახულისა და ფეხების გაშლის მეტი არაფერი შეგიძლია.

ლალი არ ელოდა ასეთ რეაქციას. მას უნდოდა, რომ ირაკლის შესცოდებოდა, მოფერებოდა, გაემხნევებინა და თავს იმართლებდა:

– რატომ მეეუბნები ამას?! გულს მიკლავ. მე ხომ ვცდილობდი?! ტყავიდან ვძვრებოდი. ვერ ვიტანდი ამ დათოს და თავს ვევლებოდი. შენ გამო ვაკეთებდი ამას. ჯანდაბაშიც წასულა. გავეყრები და დაანებე თავი ამ შურისძიებას, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. უბრალოდ ერთად ვიყოთ, ბავშვს გაგიჩენ. ბედნიერები ვიქნებით.

ირაკლი ქალს არც კი უსმენდა. იცვამდა, რომ დროზე გასცლოდა იქაურობას. ლალის ბედი საერთოდ არ ანაღვლებდა. ლალი სკოლიდანვე უკან დასდევდა და ყელზე ეკიდებოდა. გასაქანს არ აძლევდა და სამიოდე წლის წინ ირაკლიმ გადაწყვიტა, ამით ესარგებლა. ახლა კი, როდესაც გეგმა ჩაეშალა, ლალისთან არაფერი ესაქმებოდა. უტვინო თოჯინად თვლიდა და, სულაც, არ აპირებვდა მასზე დაქორწინებას, მით უმეტეს, შვილების ყოლას. ირაკლის მხოლოდ ფული სჭირდებოდა, ფულით კი ნებისმიერ ლამაზმანს იყიდიდა, ამიტომად პირდაპირ მიახალა:

– გამოშტერდი?! რა ბავშვები?! შენ დაატრიალე ეს ამბავი და შენვე გაერკვიე. მე მივემგზავრები, ფსკერზე უნდა ჩავწვე. პოლიციას თუ მიმართავს, არ მაწყობს. როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდება, მე თვითონ მოგძებნი, დაგირეკავ.

ამის გაგონებაზე ლალის თავზარი დაეცა და ტირილი დაიწყო:

– რას ამბობ, ირაკლი?! მე რა უნდა ვქნა უშენოდ?! ეს ხომ შენთვის გავაკეთე და ახლა უნდა მიმატოვო?! სად წავალ?! დათო არ მიმიღებს, სხვა სახლი მე არ მაქვს. წასასვლელი არ მაქვს. არც სამსახური, არც ფული, არც არავინ მყავს. ხომ მეუბნებოდი, რომ შენც გიყვარვარ და მეც დაგიჯერე?!

ირაკლი მიხვდა, რომ ლალის საცაა, ისტერიკა დაეწყებოდა, რაც მის გეგმებში არ შედიოდა, ამიტომ ხერხი იხმარა და დაუყვავა:

– არ ვიცი, რატომ გითხარი, მეც გაღიზიანებული ვარ. ხომ იცი, რომ მიყვარხარ. შენ გარდა არავინ მინდა?! – მოეხვია ქალს, რადგან იცოდა, რომ ეს მასზე მაგიურად მოქმედებდა და ყველაფერზე დაითანხმებდა.

ასეც მოხდა. ლალის თვალები მიელულა. ირაკლი მასზე ნარკოტიკივით მოქმედებდა და მიენდო. ირაკლიმ საჭირო კონდიციამდე რომ მიიყვანა ლალი, მისი დამუშავება დაიწყო:

– უნდა დაიწყო სასამართლო პროცესი და რაც შეიძლება, მეტი ფული წაართვა. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, ვინაიდან ეს ჩვენ დაგვაზარალებს. მერე კი შვილებიც გვეყოლება და შვილიშვილებიც.

ლალი ისევ ატირდა, ოღონდ ამჯერად ბედნიერებისგან. ირაკლიმ ცოტა ფული მისცა, რომ ბინა დაექირავებინა, კიდევ ერთხელ აკოცა ქალს და წავიდა.

ლალი ბრმად ენდობოდა ირაკლის, ამიტომ კარგად დაიმახსოვრა, რაც მან უთხრა:

– ამჯერად ყველაფერს ისე გავაკეთებ, საყვარელო, რომ კმაყოფილი დარჩე. აი, ნახავ. ყველაფერს წავღლეტ იმ საზიზღარ არაკაცს, – იმეორებდა თავისთვის სასტუმროს ნომერში მარტო დარჩენილი ლალი...

***

ლალიმ ბინა დაიქირავა და ადვოკატიც. გაყრის პროცესს დიდი დრო არ დასჭირვებია, მაგრამ თავად პროცესი იყო ამაზრზენი და დათომ უამრავჯერ ინანა, რომ თავის დროზე მშობლებს არ დაუჯერა და ლალისთან საქორწინო კონტრაქტი არ გააფორმა:

– რა უნდა გაეკეთებინათ ჩემთვის ამაზე უარესი სათვალიან ან მსუქან ქალებს? – ფიქრობდა დათო.

ლალი ცდილობდა, ქმრისთვის ყველაფერი წაერთმია, რაც ეკუთვნოდა და არ ეკუთვნოდა. ამასთან, ფსიქოლოგიურადაც ზემოქმედებდა. გამუდმებით ურეკავდა და სიბინძურეებს ეუბნებოდა:

– ძალიანაც კარგი, რომ ყველაფერი გაიგე. არც არასდროს მიყვარდი. ბავშვობიდან იკა მიყვარდა და მის გამო შენთანაც კი ვწვებოდი. რომ იცოდე, როგორ მეზიზღებოდი? იკასთვის სიცოცხლეს გავწირავ. როგორი იმედი მქონდა, რომ მოკვდებოდი და შენს ადგილს იკა დაიკავებდა. შენს ბიზნესს მას ვაჩუქებდი. ცოლადაც იმიტომ გამოგყევი, რომ იკამ მთხოვა, შენზე შურისძიება უნდოდა და მე ვეხმარებოდი. შენ იფიქრე, რომ შენისთანა კაცს ყურადღებას მივაქცევდი, მიზეზი რომ არ მქონოდა?! სარკეში ჩაგიხედავს, რას ჰგავხარ?! გატყუებდი, ვითომ მსიამოვნებდა შენთან ერთად ლოგინში. ამიტომ მეკუთვნის შენი ქონების ნახევარი. ძვირაფსეულობაც კი.

დათო ვერ იჯერებდა ლალის თავხედობას და, რა თქმა უნდა, მის საუბარს იწერდა, როგორც ნივთმტკიცებას. სწორედ მისი ამ თავხედობის გამო გადაწყვიტა, რომ, რადაც უნდა დასჯდომოდა, არაფერი მიეცა ყოფილი ცოლისთვის.

– ურჩხული ხარ, ლალი და საცოდავი ხარ, ძალიან საცოდავი, სამი წელი დავკარგე შენთან, მაგრამ ღირდა, ასეთ რამეს ყოველთვის ვერ წააწყდები, – პასუხობდა ყოველ ჯერზე დათო ყოფილ ცოლს.

დათოს თანხის გაღება მოუწია, თუმცა ამად ღირდა, იმიტომ რომ მისმა ძვირადღირებულმა ადვოკატმა ყველა საჭირო მოწმე იპოვა და ყველა მოწმემ მისცა ჩვენება. სასამართლო პროცესის მოგებას მედალიონის ამბის გამომზეურებაც დასჭირდა. დათო ჯერ ორჭოფობდა, თუმცა შემდეგ, რადგან სხვა გზა არ იყო, დათანხმდა. ლალიმ ვერაფერი მიიღო. დათოს მშობლები განიცდიდნენ შვილის მდგომარეობას, მაგრამ მაინც ამხნევებდნენ:

– კიდევ კარგად გამოძვერი ან სად იპოვე ეს ალქაჯი? – ქოთქოთებდა დათოს დედა, მაგრამ ყოველ ჯერზე ქმრის მკაცრ მზერას აწყდებოდა თუ არა, თემას ცვლიდა.

– ცოტა ხნით ჩვენთან ხომ არ გადმოხვალ? მოგივლიდი, გაგანებივრებდი, როგორც ბავშვობაში, – არ ნებდებოდა დედამისი.

– სახლში მირჩევნია, დედა, მაგრამ ხშირად მოვალ ხოლმე. – ოსტატურად ლავირებდა დათო.

– კარგი, როგორც გინდა. მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო ის ახალგაზრდა ქალი, ვინც გადაგარჩინა, – არ ცხრებოდა დათოს დედა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული