რომანი და დეტექტივი

საბედისწერო თილისმა

№19

ავტორი: ნია დვალი 20:00 17.05

საბედისწერო თილისმა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #18 (1218)

დათოს არასდროს დაუთვალიერებია ცოლის გარდერობი, არც იმას ნახულობდა, თუ რა იყიდა ლალიმ, თუმცა უამრავ ფულს ხარჯავდა, თან ლამის ყოველდღე. დათო არც ფულს ითვლიდა, ვინაიდან სიამოვნებდა საყვარელი ცოლის განებივრება.

ამ ფიქრებში გართულს თავისი თილისმა გაახსენდა, რომელიც ჯიბეში ედო, იმიტომ რომ იმ უცნაურმა ახალგაზრდა ქალმა კისრიდან რომ ჩამოგლიჯა, გაუწყვიტა. ამოიღო და კარგად დააკვირდა. რაკი ავტობუსში გაცნობილი მკითხავის ერთი ნათქვამი ახდა, დათო თილისმამაც დააეჭვა. დიდხანს ატრიალა ხელში. შემდეგ ლუპაც კი მოიშველია და შეამჩნია, რომ მედალიონი იხსნებოდა. წვრილპირიანი დანა მოძებნა და შეეცადა გაეხსნა. ეწვალა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გახსნა. უფრო ზუსტად, თილისმა ორ ნაწილად დაიშალა, რომლებიც წვრილი კბილანებით უერთდებოდნენ ერთმანეთს.

თილისმიდან მონაცრისფრო ბამბის პატარა ფთილა გამოვარდა:

– ეს რას უნდა ნიშნავდეს?! – დაიძაბა დათო.

ბამბას უცნაური სუნი ასდიოდა. დათომ მედალიონი, ფთილასთან ერთად, პატარა, ჰერმეტულ პარკში ჩადო და ჯიბეში შეინახა: ხვალვე წავიღებ ლაბორატორიაში.

– იქნებ ვაჭარბებ? ან საიდან უნდა სცოდნოდა ლალის, რა დევს ამ მედალიონში? – დათო საკუთარ ეჭვებს ეკამათებოდა.

– არა, მაინც ჯობია, შევამოწმო. იქნებ ლალიმ არც იცის არაფერი. უბრალოდ, მედალიონს ვამოწმებ. იქნებ ლალიც მოატყუეს? – დათო ორჭოფობდა. მაგრამ დროზე ადრე გაცეცხლებას, ისევ სიმშვიდე არჩია.

ერთგვარად ესიამოვნა კიდეც, რომ ლალი სახლში არ იყო, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში სულ საქმეებით იყო დაკავებული და ვერასდროს რჩებოდა მარტო, რომ თავისი ფიქრებისთვის თავი მოეყარა.

***

დათო საკმაოდ კარგ ოჯახში გაიზარდა. შეიძლება, ითქვას, კლასიკურში: დედა მასწავლებელი ჰყავდა, მამა – ინჟინერ-ელექტრიკოსი, მაგრამ მამამისმა უცებ აუღო ალღო სიახლეებს და მანქანების ელექტრობის საუკეთესო სპეციალისტი გახდა. ასე რომ, ფული მძიმე პერიოდებშიც კი არ აკლდათ, სახლში კი ყოველთვის სიმშვიდე სუფევდა. ბიზნესი მამისგან ერგო. მამამისმა თავდაპირველად საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო საქმე – საკუთარ ავტოფარეხში, რაც საბოლოოდ, ავტოსალონების ქსელად გადაიქცა. სწორედ მაშინ ერგო ეს ბიზნესი დათოს. რადგან დათო ბავშვობიდანვე მამამისთან ტრიალებდა, თავადაც მშვენივრად ერკვეოდა ამ საქმეში. ამიტომ მამამ შვილს მშვიდად გადაულოცა საქმე. მშობლები მხოლოდ იმას დარდობდნენ, რომ დათო დაქორწინებას არ ჩქარობდა.

***

– ვის დაემსგავსა ეს ბავშვი ასეთი მორცხვი? – ჩაილაპარაკა ნუნუმ ვითომ თავისთვის, სინამდვილეში კი ქმრის გასაგონად.

– რამ გააბავშვა ამხელა კაცი? – გააპროტესტა ქმარმა, რა შუაშია მორცხვობა.

– რამდენი წლის უნდა გახდეს? ოცდაათისაა უკვე. მეშინია, ასე უცოლოდ არ დაბერდეს, – განაგრძობდა ნუნუ თავისას.

– პირდაპირ საქმეზე გადადი, რისი თქმა გინდა, – გაეღიმა ქმარს.

– არაფრის, ჩემს თანამშრომელს ისეთი კარგი დისშვილი ჰყავს. ამას წინათ მოაკითხა სკოლაში. მინდა დავპატიჟო, იქნებ მოეწონოთ ერთმანეთი.

– რით არ დაიღალე?! – ამოიოხრა ქმარმა.

– დავიღალე ამ უმოქმედობითა და სიჩუმით. სიჩუმე საფლავშიც მეყოფა. შვილშვილები მინდა! – თვალზე ცრემლი მოიყენა დათოს დედამ, მაგრამ დათოს მამაზე ამას არ უმოქმედია, შეჩვეული იყო.

– შვილიშვილები აქ რატომ იცხოვრებენ?!

– აბა, სად იცხოვრებენ?! – ნუნუ აღშფოთებისგან წამოწითლდა.

– იცხოვრებენ თავიანთ მშობლებთან და ჩვენთან მოვლენ სტუმრად ან ჩვენ მივალთ სტუმრად, – მშვიდად უთხრა ქმარმა.

ნუნუმ კიდევ რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ქმარმა გააწყვეტინა:

– ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ისე იქნება, როგორც დათოს უნდა. არც შენ მოგწონდა დედაჩემთან ერთად ცხოვრება და სულ იმას მეწუწუნებოდი, მარტო როდის გადავალთო და შენს რძალს რატომ უნდა უნდოდეს შენთან ან ჩემთან ერთად ცხოვრება?! ამაზე არ გიფიქრია?

ნუნუ გაჩუმდა, ვინაიდან ამ არგუმენტის გამაქარწყლებელი არგუმენტი არც ჰქონდა და ასეთი არგუმენტი არც არსებობდა.

– კარგი, მაგრამ იმაში მაინც დამეხმარე, რომ ვინმე გავაცნოთ, გეხვეწები, – თავი შეაცოდა ნუნუმ ქმარს.

– მე ვერ დაგეხმარები, მაგრამ ვითომ არ ვიცი, რა გეგმა გაქვს... – დაუთმო ქმარმა.

დათო, რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ დედამისი მის დაოჯახებას ცდილობდა და არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არც ემორჩილებოდა. თავაზიანად ხვდებოდა სტუმრებს და თავაზიანადვე ორთქლდებოდა ხოლმე. რატომ ორთქლდებოდა?! იმიტომ რომ დედამისის მიერ შერჩეული გოგონები იყვნენ ზედმიწევნით მოწესრიგებულები, წესიერად და მოკრძალებულად იქცეოდნენ, რაც დათოს აღიზიანებდა. ასეთი ნაცრისფერი ქალები არ იზიდავდა. დათოს უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, მოგწონებოდა ქალი, რომელიც შენზე წონით ორჯერ მძიმე იყო ან სათვალე ეკეთა?! ყოველ შემთხვევაში, მაშინ ეს მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო.

ლალი კი შემთხვევით გაიცნო, მეგობრის დაბადების დღეზე. ლალი ძალიან კაშკაშა იყო, მოურიდებელი, ცოტა თავხედიც კი. გარს უამრავი მამაკაცი ეხვია. თავად კი თვალისმოჭრელად გამოიყურებოდა: წითელი თმა ცეცხლივით უგიზგიზებდა თავზე და ერთგვარად ხაზს უსვამდა მის უზადო აღნაგობას, ხოლო მწვანე თვალები ხან ავად უელავდა, ხან კი – მათგან სიმშვიდე იფრქვეოდა. დათო მაშინვე მოინუსხა, თვალს ვერ აცილებდა და ძალიან გაუკვირდა, რომ ასეთმა ლამაზმანმა თავად აირჩია ის. ლალი დათოს თავად გაეცნო, იცინოდა, ეხუმრებოდა და ცეკვისას საკმაოდ თამამადაც ეხებოდა.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა: სვამდნენ „მარტინის“ და გულიანად იცინოდნენ. მოგვიანებით, დათოს სახლში გადაინაცვლეს და იმ დღის შემდეგ შეხვედრებიც დაიწყეს.

დათოს ისიც მოეწონა, რომ ლალის თავი არ დაუფასებია, რაღაცნაირად სპონტანურად და ბუნებრივად გამოვიდა, რაც გამოვიდა. ეს ბუნებრიობა იყო ის, რითაც ლალიმ საბოლოოდ მიიჯაჭვა დათო, რომელიც აღმერთებდა მას. ამიტომ მალევე დაქორწინდნენ. თუმცა დათოს მეგობრებს ლალი იმთავითვე არ მოუვიდათ თვალში, ანგარიშიან და ცბიერ ქალად თვლიდნენ, რაც დათოს აბრაზებდა. მაგრამ, რაკი მეგობრებმა თავიანთი აზრი დათოსა და ლალის გაცნობისთანავე გამოთქვეს, ქორწილის შემდეგ არც გაუმეორებიათ, მით უმეტეს, დათოს მაინც არავის აზრი არ აინტერესებდა. ლალი იყო მთელი მისი ცხოვრების აზრი და სამსახურის შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა სახლში.

თანდათან ლალის ჩაცმის სტილიც შეიცვალა: მხოლოდ ბრენდულ ტანსაცმელს ყიდულობდა და უპირატესობას ელეგანტურ სტილს ანიჭებდა. გარეგნობა იმდენად თვალშისაცემი ჰქონდა, რომ ზედმეტად გადატვირთული ან გამომწვევი ტანსაცმელი არც სჭირდებოდა. პირიქით, ელეგანტური სტილი კიდევ უფრო მიმზიდველად წარმოაჩენდა. დათოს ძალიან მოსწონდა ცოლის ახალი იმიჯი და დღითი დღე უფრო და უფრო უყვარდებოდა. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა და ლალისაც ყოველდღე უმეორებდა იმავეს.

გათხოვებამდე ლალი ერთ-ერთ ბუტიკში მუშაობდა კონსულტანტად. მშობლები ადრე დაეღუპნენ. ბებიას გაზრდილი იყო და ისიც ორიოდე წლის წინათ გარდაცვლილიყო. თავად ამბობდა, რომ სხვა ნათესავები არც ჰყავდა. დათოს უკვირდა, მაგრამ ლალის ნათქვამში ეჭვი არასდროს შეჰპარვია.

– არ იფიქრო, რომ რამეს გაძალებდე. მაგრამ არ ჯობია, სახლში იყო, ვიდრე მთელი დღე იმ მაღაზიაში ფეხზე იდგე და ყველას ხასიათი შეუწყო?– უთხრა ერთ საღამოსაც დათომ ცოლს.

ლალიმ ტუჩები გამობურცა და დათომ იფიქრა, რომ მის ცოლს ეწყინა ქმრის ნათქვამი, მაგრამ ლალიმ უცებ გადაიკისკისა:

– მე მეგონა, არასდროს შემომთავაზებდი დიასახლისობას, – დათო ვერ მიხვდა, ლალიმ ეს ირონიულად უთხრა, თუ გულწრფელად, მაგრამ ქალმა ნათქვამს კოცნაც მიაყოლა და დათოს თავისი ეჭვები გადაავიწყდა.

დათო თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ ცოლის ნებისმიერი სურვილი აესრულებინა. მოსწონდა საყვარელი ქალის განებივრება. ერთ დღესაც კი, მართლაც, უცნაური სიურპრიზი მოუწყო:

– არ დაიღალე, სულ ამ ქალაქში რომ ვართ? – ჰკითხა მოულოდნელად ცოლს.

ლალი უცებ ვერ მიხვდა, რა უნდა ეპასუხა, ამიტომ ჩვეული ქალური ხრიკი იხმარა:

– შენთან ერთად არ დავიღალე, – და ქმარს ყელზე მოეხვია.

დათოს პასუხი ესიამოვნა, მაგრამ მაინც გაუმეორა შეკითხვა. ლალიმ ხელები ჩამოუშვა და ვითომ გაიბუტა:

– ესე იგი, შენ მოგბეზრდა ჩემთან ერთად, – და განზე გაიწია. დათომ ყურადღება არ მიაქცია ცოლის ვითომ გაბრაზებას და ჯიბიდან კონვერტი ამოაცურა.

– აბა, ნახე, – გაუწოდა ცოლს.

ლალიმ გამოართვა და ჩახედა. გუმანით მიხვდა, რომ ბილეთები იქნებოდა და გულში არ ესიამოვნა ასეთი ბანალური საჩუქარი. დათო თითქოს მიუხვდა ცოლს და დაამატა:

– ამოიღე და ნახე.

ლალიმ კონვერტიდან ფურცლები ამოიღო და მაშინღა მიაქცია ყურადღება, რომ ერთი ბილეთი იდო. რა თქმა უნდა, უცებ მოიფიქრა, რაც უნდა ეთქვა:

– თავიდან მიშორებ?

დათომ გაიცინა (სიმართლე გითხრათ, პირადად მე ხანდახან ძალიან მეპარება ხოლმე ეჭვი შეყვარებული მამაკაცების გონებრივ შესაძლებლობებში).

– საიდან მოგდის ასეთი აზრები?! მე ვერ წამოვალ, სამუშაო მაქვს, კიდევ ვფართოვდებით, მაგრამ შენ ამ ზაფხულს ვერ დაისვენე. ამიტომ ერთკვირიანი მოგზაურობაა ვიეტნამში, მითხრეს, რომ ძალიან საინტერესო და ეგზოტიკურია.

ლალიმ სიხარულისგან დაბალ ხმაზე შეჰკივლა და დათოს ისევ ახლოს მიუცუცქდა.

– და შენ რას იზამ მარტო? იმიტომ მიშვებ, რომ ვიღაც მოგეწონა?!

– ნუ ლაპარაკობ სისულელეებს, გარემოს გამოიცვლი, გახალისდები. მე ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს და არ მინდა, რომ სახლში მარტო იყო.

მოკლედ, ლალიმ ისე მოაწყო საქმე, რომ დათოს კარგა ხანს ახვეწნინა, დათანხმებოდა მოგზაურობაზე.

***

მოგზაურობიდან ლალი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ჩამოვიდა და დათოს საჩუქარიც ჩამოუტანა – მედალიონი. დათოს ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან აგროვებდა ძველ ნივთებს – მონეტებს, ლარნაკებს, პორტსიგარებს... მედალიონი, მართლაც, უცნაური და საკმაოდ ლამაზი ნაკეთობა იყო, ცენტრში უცნაური სიმბოლოთი, რომელიც მზეში იჯდა. ლალიმ ყელზე ჩამოჰკიდა ქმარს მედალიონი და, თან, ეჩურჩულებოდა:

– არ უნდა მოიხსნა. ისეთი მასალისგანაა დამზადებული, რომ წყალში არ იჟანგება. აუცილებლად დაგეხმარება წარმატების მიღწევაში და კონკურენტები ვერაფერს დაგაკლებენ. ასე ამიხსნა იმ მოხუცმა კაცმა, ვისგანაც ვიყიდე. მსგავს მედალიონს, თურმე, ძველი მეომრები ატარებდნენ.

დათო ძალიან კმაყოფილი იყო. სიამოვნებდა, რომ ცოლმა ასე გულდასმით შეურჩია საჩუქარი. თუმცა, როგორც ვთქვით, ბოლო სამი თვეა, უცნაური ამბები დაემართა: სისუსტე, ხველა, თავიც ხშირად სტკივდებოდა ხოლმე. ყველაფერს დაღლილობასა და ბევრ საქმეს აბრალებდა. და მართლაც – რამდენიმე წელია, არ დაესვენა.

***

დათო დაშლილ მედალიონს უყურებდა:

– რაც ეს მედალიონი გავიკეთე, მგონი, მას შემდეგ დამეწყო სისუსტე, – ფიქრობდა თავისთვის.

არადა ადრე ეს მოვლენები ერთმანეთთან არასდროს დაუკავშირებია. ასევე, დათოს ძალიან აწუხებდა, რომ ლალის ბავშვები არ უნდოდა. ყოველთვის ხუმრობაში გადაჰქონდა ეს საკითხი და ქმარს ეწუწუნებოდა:

– ჯერ ერთად ვიყოთ, ადრეა. ბავშვები ერთმანეთს დაგვაშორებს. ამდენი დრო აღარ მექნება შენთვის...

დათოს ძალიან უნდოდა შვილი, მაგრამ ლალის არ აძალებდა, თუმცა ხშირად დაჰყავდა ლალი სტუმრად თავის მეგობრებთან, რომლებსაც შვილები ჰყავდათ, რომ ეჩვენებინა, როგორი სრულყოფილი იყო ოჯახი ბავშვებთან ერთად, რასაც ლალი, ბუნებრივია, ვერც კი ამჩნევდა.

ჯერ კიდევ გუშინ დათო დარწმუნებული იყო, რომ მოსიყვარულე ცოლი ჰყავდა და მტკიცე ოჯახი ჰქონდა, მაგრამ უცნობმა ხელზე მკითხავმა მასში ეჭვის მარცვალი შეუქცევადად გააღვივა.

დათომ მედალიონი ისევ გაამთლიანა, გადააბა და ჩამოიკიდა – არ უნდოდა, რომ ლალის შეემჩნია.

მეორე დღეს კი ლაბორატორიაში მიიტანა. ისიც შენიშნა, რომ, როგორც კი მედალიონიდან უცნაური შიგთავსი ამოიღო, ხველა შეუმცირდა, თავის ტკივილმაც გაუარა და სისუსტეც უნელდებოდა.

– შეიძლება, მეჩვენება, დავიჯერე, რომ მედალიონი მვნებდა და ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, – ეუბნებოდა თავის თავს, იმიტომ რომ არაფრით უნდოდა დაეჯერებინა, რომ ლალი განზრახ აზიანებდა მას.

– ან იქნებ მან, სულაც, არაფერი იცოდა, რა იყო იმ მედალიონის შიგნით და გამყიდველმა მოატყუა? – დათო ხავსს ეჭიდებოდა, ვინაიდან არავის მოსწონს, როდესაც აღმოაჩენს, რომ თვალსა და ხელს შუა გააცურეს.

პასუხს რამდენიმე დღე სჭირდებოდა და ამ პერიოდში დათოს ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ლალიმაც კი შეამჩნია.

– აღარ გახველებს, ხომ? – ჰკითხა ერთ დღესაც ქმარს.

– აა, გამიარა, ხომ გითხარი, გამივლის და ექიმთან მისვლა საჭირო არ არის-მეთქი, – დაუდასტურა დათომ.

– რა კარგია, – ლალი ქმარს მოეხვია და დათოს ისევ განუმტკიცდა იმედი, რომ ლალიმ არაფერი იცოდა.

ამასობაში ლაბორატორიაში მისვლის დროც დადგა. დათომ სთხოვა, არ გამოეგზავნათ ელფოსტაზე პასუხი, ხომ შეიძლებოდა, ლალის შემთხვევით ენახა და გული სტკენოდა?!

და დათო სავსებით გულმშვიდად მივიდა დანიშნულ დროს, მაგრამ პასუხმა გააოგნა:

– ეს ბამბა ბუნებრივი საწამლავითაა დამუშავებული, რომელიც საკმაოდ იშვიათია და არანაირი სუნი არ აქვს. ნელ-ნელა კლავს ადამიანს, აღწევს კანში და გუდავს. მე გირჩევთ, მიმართოთ პოლიციას და აუცილებლად ჩაიტაროთ კვლევები.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული