საბედისწერო ქალი
ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 04.06, 2021 წელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #11-20(1064)
დიმამ წერილი მოჭმუჭნა ნერვიულად და მაგიდაზე მიაგდო.
– მე ვიცი, რასაც ვიზამ! – გამოსცრა მან კბილებში ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს მეგობრებისთვის და სამზარეულოში გავარდა.
ენვერმა ნოდარს გადაუჩურჩულა:
– ეგ ახლა იარაღის ასაღებად გავიდა, ფაიზაღი!
ნოდარს ირონირულად ჩაეღიმა:
– ჰო, ალბათ, ომს გამოუცხადებს მთელ ქვეყანას.
არც შემცდარან, იმ წამს დიმა შემოვარდა გაშიშვლებული პისტოლეტით ხელში, საკუთარი იერი დაჰკარგვოდა სახიდან. ენვერმა დინჯი ხმით უთხრა:
– შეინახე, ბიჭო, ეგ იარაღი, რა კაკო ყაჩაღივით დარბიხარ!
დიმამ იარაღს დახედა, იფიქრებდი, პირველად ხედავსო, ისეთი იერი ჰქონდა, შემდეგ, თითქოს გონს მოეგოო, შარვლის ქამარში გაირჭო, პიჯაკის შეკვრას შეუდგა და ორთავეს ჰკითხა:
– თქვენი გაჩალიჩებულია ეს ამბავი, არა?!
ენვერმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად!
– კი, სწორად მიხვდი!
დიმა სიფიცხემ აიტანა, გაცხარებით მიახალა:
– მერე და ვინ გთხოვათ, მაგის დედა ვატირე, თქვენ ვინ გკითხავდათ ჩემს ამბავს!
ნოდარი სავარძლიდან წამოაგდეს მისმა სიტყვებმა, გაბრაზებით მიუგო:
– ვინ გვკითხავდა, ძმაო და მტერია ეგ ქალი შენი, ჩვენ კიდევ შენი ძმები ვართ და მოგაცილეთ მტერი თავიდან!
დიმამ ერთხანს უცქირა აალებული თვალებით, ქშინავდა მომეტებულად.
– მე ვიცი, რასაც ვიზამ! – გაიმეორა ბოლოს კბილებში გაცრილად და გასასვლელისკენ დაიძრა აჩქარებული ნაბიჯით. უმალ ენვერი წამოდგა, ნოდარს დაასწრო, წინ გადაუდგა, წარბაწევით შეეკითხა:
– საით, ვაჟკაც?
– ხო ვიცი, რომელ ოტელშიც არი, წავალ და წამოვიყვან!
ნოდარს ჩაეცინა, ენვერს მიმართა:
– ანაღვლე ახლა ამას, წავა და წამოიყვანს რა. ღმერთს გეფიცები, ასეთი არიფი ჯერ არ მინახია! – ამ სიტყვებზე დიმას მიუტრალდა:
– ე, ონოფრე, იქ ნინიას ბაღი კი არ არის, მიხვალ და წამოიყვან! აზრზეც კი არა ხარ რა კომპოტში ჩაყავი ფეხი, რა ხალხთანა გაქვს საქმე, ისე აგაორთქლებენ შენი გაცუებულიც კი არ დარჩება, ბიჭო!
დიმას თითქოს არც გაუგია მისი ნათქვამი, ორთავეს მიმართა ბავშვურად ნაწყენი ხმით:
– ეგ არის თქვენი ძმობა, მაგის დედა ვატირე?! იმის მაგივრად, რომ მე დამდგომოდით გვერდში და ჩემთვის გეშველათ, ამ ახვრებს მიართვით ისევ თამუნა, ყველა–ყველა და თქვენგან ნაღდად არ ველოდი ამას თუ გამიკეთებდით!
დიმას ნაწყენმა კილომ გული აუჩვილა ენვერს, დაყვავებით მიმართა თრთოლვაშეპარული ხმით:
– ხო და, სწორედ შენ საშველად ვართ აქ მოსულები, ძმაო, დაჯექი და ისე ვიბაზროთ.
დიმა არ დაცხრა, შემტევი ტონით უთხრა:
– გაიწი, ენვერ, გამიშვი, მე თამუნას თავს არავის დავუთმობ, გინდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს!
ენვერმა კვლავ დაყვავებით მიუგო:
– დიმკა, ძმის გულო, მოდი, რა, ეხლა დაწყნარდი, დავჯდეთ მე, შენ და თავგასა და ერთად გადავწყვიტოთ, რა ვქნათ!
დიმა კიდევ უფრო მეტად გააცეცხლეს მისმა სიტყვებმა:
– ერთად რა უნდა გადავწყვიტოთ, ტო, თქვენ უჩემოდ გადაგიწყვეტიათ უკვე ყველაფერი! ძმობას მეფიცებით და მტრებივით კი მომექეცით, საყვარელი ქალი სახლიდან გამიგდეთ, ვიღაც ნაბოზრებს ჩაუგდეთ ხელში!
ამ დროს ნოდარი მიუახლოვდა, მხრებში ჩაავლო ორივე ხელი, თვალებში ჩაჰხედა და მტკიცე ხმით უთხრა:
– კაი, ჩვენ არ დავფიქრდით და ძმობაში რაღაც შეგვეშალა, და თუ შეგვეშალა, ხომ იცი, გამოვასწორებთ კიდეც. მაგრამ მოდი, ახლა შენ დაფიქრდი რა კარგად, რომ შენც არ შეგეშალოს! ხომ იცი, შენ რომ იქ წახვიდე, ბიჭო, მაშინ ჩვენც უნდა წამოვიდეთ, გესმის და სამივეს კეთილებზე ერთად გადაივლიან! შენ რა გინდა, ბოლოს და ბოლოს, რომ ვიღაც... ჰო, ქალის გულიზა მთელი საძმაკაცო ერთიანად გაგვწყვიტონ?.. დაჯექი, რა, ძმაო, და ერთად მოვიფიქროთ, როგორ მოვაგვაროთ ეგ საქმე!
დიმამ ერთხანს დაჟინებით უცქირა, შემდეგ მხრები აიქნია, თავი გაითავისუფლა მის ხელთაგან.
– კარგი, დავჯდეთ და ვიბაზროთ! – თქვა მან, უნდობლობა კვეთდა მაინც მის ხმას, დივანზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა ხელების კანკალით.
ენვერი და ნოდარი მის პირდაპირ სავარძლებში ჩასხდნენ. ენვერმა ჯერ ნოდარს შეავლო თვალი, თითქოს მისგან იღებს საუბრის გაძღოლის თანხმობასო, შემდეგ დიმას მიუტრიალდა და მისთვის ჩვეული დინჯი კილოთი დაიწყო ლაპარაკი:
– მომისმინე, დიმკა, მე, შენ და ნოდარას დიდი ხნის ძმობა გვაქვს, ბავშვობიდან ვძმაკაცობთ, ჩვენ საკუთარ დედებზე უკეთესად ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომ კარგად ვიცი შენი ალალი და რამანტიჩნი ხასიათის ამბავი, უცებ შეგიძლია, ვიღაცას ბოლომდე მიენდო, შეიყვარო და თავი გაიგიჟო მაგისთვის. ბევრჯერ გქონია ეგეთი სიტუაცია და ხშირად გინანია კიდეც, ეგაც მახსოვს. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ იმდენი გონიერება გეყოფა, ყველაფერი კარგად გააანალიზო, რასაც მოისმენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომაც დაწვრილებით მოგიყვები ყველაფერს, რაც თამუნას შესახებ მე და ნოდარამ გავიგეთ, წინააღმდეგი ხომ არა ხარ ამის?
დიმამ ხელები გაშალა, თავადაც დაწყნარებული ხმით უპასუხა:
– არა, ძმაო, პირიქით, მეც ყველაფერი ატ ი დო მაინტერესებს, რაც თამუნას ეხება.
– ძალიანაც კარგი! – თავი დაიქნია ენვერმა, თავადაც სიგარეტს მოუკიდა დიმასკენ გადმოიწია და განაგრძო:
– იმ დღეს, ოტელთან ამბავი რო იყო და თამუნა შენთან სახლში წამოიყვანე, გულმა მიგრძნო, – ხო იცი, რა ჩუტიოცა მაქ, – რომ რაღაც ცუდ ამბავში ვყოფდით თავს. ავდექი და ტონკად გავიკითხ-გამოვიკითხე მაგ ოტელის პუტანების ამბავი. აღმოჩნდა, ბრატ, რომ ეგ შენი თამუნა ერთ-ერთი ძვირად ღირებული პუტანაა მაგ ოტელში, მაგათი გრუპა კიდე ძირითადად უცხოელებს ემსახურება – ჩამოსულ ბიზნესმენებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, პროსტა მაყუთიან როჟებს და ასე შემდეგ. მაგ გრუპას კიდევ უბრალო ლეგავები კი არა, იმენნა „კაგებე“ კრიშავს. მიხვდი რატომაც, ხო? ინფორმაციებს იღებენ იმ ხალხისაგან, ვიზეც წეღან ვიბაზრე, რა... იტოგში, ეგ რომ გავიგე, ეგრევე თავგასასთან დავაწექი. ხო აზრზე ხარ, მაგის უბანშია ეგ ოტელი და ვარიანტი არ იყო, რამე საჭირო რო არ ცოდნოდა. თან ძმაა ჩვენი და რამე პრობლემა რომ გაჩითულიყო მერე, თავიდანვე ხომ უნდა ყოფილიყო საქმის კურსში?.. ნოდარასგან კიდე გავიგე, რომ პავლოვიჩს, – გეცოდინება, ქუთაისელი ძველი ქურდი როა, – იმას დაუბარებია თავისთან და უთქვია, როგორმე მოძებნეთ ეგ ქალი, სანამ ძაღლობა დარევია თქვენ უბანსო...
– ესე იგი, ძაღლები და ქურდები ერთ კრიშას აკეთებენ სამეძავო ბიზნესში?! – გაღიზიანებული ირონიით შენიშნა დიმამ.
ენვერი სახეზე წამოწითლდა, აშკარად დაეტყო უკმაყოფილება. ნოდარი ჩაერია, სახეშეჭმუხვნით მიმართა დიმას:
– არ გინდა, ჩემი ძმა, მაგ თემაზე ირონია, ნი უმესტნა, მით უმეტეს, რომ შენ თვითონ მეძავის გულიზა ააწრიალე მთელი ქვეყანა! დღეს სხვანაირი ცხოვრება წავიდა, ძმაო, და რამსიც სხვანაირია, ესე იგი, შესაბამისი. მე, შენ და ცაცია ამ ქვეყანას ვერ გამოვასწორებთ, ამიტომ ჯობია, ჩვენ შუბებში ჩავეტიოთ და ჩვენ თავებს მივხედოთ. მაგ სიტყვით კიდე, წეღან რომ თქვი, ვიღაც ძალად ქურდებს კი არა, ჩვენს ნატანჯ ძმას, ნაღდ ადამიანს აყენებ შეურაცხყოფას. აბა, კარგად დაუკვირდი, თუ ეგრე არ არი, ბრატ.
დიმამ არაფერი უპასუხა, ენვერს მიუტრიალდა:
– მერე?
ენვერს ეტყობა, წყენა გამოყოლოდა, ირონია გარეული ხმით მიუგო:
– მერე ის, ჩემო დიმაჩკა, რომ ხევის უბნელი აღმოჩნდა ეგ შენი ტურფა. მამამისი პრისტუპნიკი კაცი იყო, მელკი ვარიშკა, კარმანშიკობდა, პოპ-სტოპშიკობდა და ასე შემდეგ, რომა ერქვა. ამ რომას ვიღაც ლოტკინელი ციგანკა მოუყვანია ცოლად, მაგარი ლამაზი ქალი ყოფილა, ციგნების ქორწილიდან მოუტაცია. ისიც ქურდბაცაცა და თაღლითი ვინმე ყოფილა, აფერისტკა. აი, მაგათი შვილია ეგ თამუნა.
ენვერი ერთხანს გაჩუმდა, დიმას რეაქციას დაელოდა მის ნათქვამზე, მას კი ძარღვიც კი არ გასტოკებია სახეზე ქანდაკისავით. ენვერმა თავი გაიქნია, თითქოს დანანებას გამოხატავსო ამით და განაგრძო:
– მოკლედ, ბოლო ხანებში მამამისი მაგრა გაბასიაკებულა, გახანიგებულა, ყოველდღე ლოთობდა და მერე ცოლ-შვილს სცემდა. მაგათი სახლიდან ყვირილის, გინებისა და წყევლის მეტი ხმა არ გამოდიოდა. ერთ დღესაც, თამუნა ცამეტი წლის რომ იყო, მამამისს რომანას ცოლისთვის შეუსწრია თავის უბნელ სომეხ საპოჟნიკთან, ამდგარა, სიმონ, ეს რომანა და ორივე დაუბრედია. სულ ნაჯახით დაუჩეხია. იასნია, სროკზე წავიდა. იქ კიდევ ერთ წელიწადში დაბრედილა ტუბისაგან. ამის მერე, ვიღაც ახვარ ნათესავებს თამუნასთვის ბინა წაურთმევიათ, თვითონ ეგ საცოდავი გოგო კიდე ქუჩაში გაუგდიათ. კაკრას არეულობის პერიოდში მომხდარა ეგ ამბავი, ზვიადას მერე ბესპრედელი და უბედურებები რო იყო, არავინ არაფერზე პასუხს რო არ აგებდა. ხო და, ხახვივით შერჩათ იმ ბოზიშვილებს ეგ ამბავი. თამუნა კი, ცამეტი წლის გოგო, ქუჩაში გასულა და მათხოვრობითა და მოპარვით ირჩენდა თავს.
თავგასამ სულ ეს იცოდა, რა უნდა გვექნა?.. მოვიბაზრეთ მე და ამან და ერთ მშვენიერ საღამოსაც მაგისი სუტინიორი დავაბაგაჟნიკეთ, აი, ის ნაბოზარი, იმ ღამეს თამუნას რომ სცემდა. ხატაზე ამოვიყვანეთ აქ ის ვირიშვილი, გავუიასნეთ, ვინც ვიყავით, პატარა გავპრესეთ ქურდულ პონტში და მაგანაც დააღო პირი.
კაროჩე, პირველად რომ უნახია თამუნა, მაშინაც სუტინიორი ყოფილა ეგ გნიდა, ვარანცოვის მოედანზე მდგარა მარშრუტკების გაჩერებაზე, მაღაზიები როა, იმ მხარეს. თამუნას კიდევ მაგისთვის ფულით სავსე ლაპატნიკი ამოუცლია და დათესილა. გამოჰკიდებია ეს ახვარი და მშრალ ხიდთან დაუჭერია გოგო. როგორც თვითონ ამბობს, ჩამოხეულ-ჩამოძონძილი იყოო, ჭუჭყისაგან გაშავებული და შიმშილისაგან ჩამომხმარი, გაძვალტყავებულიო. მაგრამ, ამ სუჩარას, როგორც ეტყობა თვალი აქვს მაგარი დაგეშილი, ეგრევე ვისაიმე, რომ მაგ ბავშვისაგან მაგარი ნაშა დადგებოდაო. თავის სახლში წაუყვანია, უბანავებია, უჭმევია, წესიერად ჩაუცმევია და ღამე თავისთან დაუტოვებია დასაძინებლად, მეორე დღეს უნდა წამეყვანა ვიღაც სვანეთის უბნელ მამაშასთანო. ამ თამუნას კიდე, ამ ნაგლ ბავშვს, იმავე ღამეს ვერცხლის დანა-ჩანგალი მოუპარია მაგის სახლიდან და ათესილა. გამწარებულა ეს ტიპი, სიმონ, ერთი კვირა უძებნია და ბოლოს ვაგზალზე მაწანწალა ბაღნების ბრიაშკაში უპოვნია, ისევ ისეთი ჭუჭყიანი და ჩამოძონძილი ყოფილა. ერთი-ორი სლიხკა წავუთაქე და ისევ ჩემთან წამოვიყვანეო. ისევ უბანავებია, ხელახლა გამოუწყვია და წინა ამბით დაშინებულს იმავე დღეს წაუყვანია იმ მამაშასთან. იმ დამპალსაც მოსწონებია ეს გოგო და უკითხავს – ქალიშვილი ხარო? თამუნას გასცინებია და უთქვამს, – არა, საყვარელი მყავდა, ვანიჩკაო. იმ მამაშას უკითხავს, – ვინ ვანიჩკაო. – თორმეტი წლის რუსი ბიჭია, ერთ შანტრაპაში ვიყავითო...
ბოლო ნათქვამზე, დიმას მოთმინებამ უმტყუნა, გაღიზიანებული ხმით მიმართა:
– რა არი, ენვერ, სათავგადასავლო მელოდრამას მიყვები თუ რაშია საქმე?!
ენვერს გული მოუვიდა, ხელის აქნევით მიუგო:
– ბიჭო, მე შენ მუცლით მეზღაპრე ხომ არ გგონივარ, ან ის ხო არა გგონია, რომ მსიამოვნებს მაგ თამუნაზე ამდენი ლაყაფი?! ასე დეტალურად იმიტომ გიყვები ყველაფერს, ძმაო, რომ მიხვდე, ვინ არის ეგ ქალი, რას წარმოადგენს. შენ რომ გგონია, პადაროკი გყავდა სახლში, ეგრე არ არი, ბრატ. ცოტა თავი გაალაყლაყე და მართლა აზრზე მოდი ბოლოს და ბოლოს!
დიმას მართლაც შერცხვა თავისი უტიფრობის, ოხვრას ამოაყოლა თქმული:
– მაპატიე, რა, ენვერ, მაგარი ნერვებაშლილი ვარ, ვეღარ ვაზროვნებ, მერამდენედ გაწყენინე უკვე.
– ოღონდ, შენ კარგად იყავი, ბრატ, და შენგან წყენას როგორმე ავიტან, – გულწრფელად მიუგო ენვერმა.
– ხო, კაი, ბარემ ბოლომდე მოყევი, მეტი რაღა არი?
– მეტი ის არი, ჩემო ძმაო, რომ, ამ სუტინიორის თქმით, ბოლო-ბოლო დაუტოვებიათ თამუნა ამ ბარდელში. სასმელ-საჭმელი არ აკლდა და ჩასაცმელიო, თავის საკმარ მაყუთსაც დობრა შოულობდაო. თექვსმეტი წლისა ისეთი ქალი დამდგარა, თურმე კლიენტები ირეოდნენ მაგაზე, რიგი ყოფილა ხოლმე მაგასთან მოსახვედრად, მაგის სუტინიორსაც უჩალიჩია და იმ ოტელში გაუჩითია, სადაც პირველად ვნახეთ, დარაგასტოიში პუტანების კუტოკში, „კაგებე“ რომ კრიშავს, კაროჩე, ბრატ, მაგის მერე სიცოცხლე მომიწამლაო, მაგის გულისთვის ერთი ოცჯერ მაინც ვიქნები მაგრა გალახულიო, – ტიროდა ის სუტინიორი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან