საბედისწერო ქალი
ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 26.03, 2021 წელი
პირველი ნაწილი
„შემთხვევითობასა და ბედისწერას შორის ზღვარი პირობითია.“
არაბული
იმ საღამოს, თითქოს ცაც მისტიკური ფერისცვალებისთვის ემზადებაო, ელვისფერმა ღრუბლებმა იწყეს მოკრება თბილისის ცაზე, ქუფრისფრად აჭრეს დარაჯად შემოწყობილ მთათა ჩრდილები. დიმა თავად ვერ მიმხვდარიყო, რად გამოეხმიანა მისი განწყობა ტაროსის ამ უცაბედ მეტამორფოზას. მოქუფრული იერით გაჰყურებდა სარკმელში ჩატეულ გარემოს და ნაღვლობდა უნაღველოდ. უცებ, თითქოს რაღაც მეტად მნიშვნელოვანი გაახსენდაო, სავარძლიდან წამოიჭრა. სწრაფადვე გააღო კაბინეტის კარი და ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა თეთრად შეფეთქილ დერეფანს. იგი ერთ-ერთ პალატას მიადგა, ფრთხილად მიაკაკუნა და მორიდებულად შეაღო კარი.
– ხომ არ გძინავთ, ქალბატონო კლარა? – ჰკითხა იქ მწოლიარე, ხნოვან მანდილოსანს. იგი საწოლში გასწორდა, თან ოხვრას პასუხი მიაყოლა:
– არა, შვილო, რა დამაძინებს ასე ადრე… შემოდი, შემოდი, ძალზე საინტერესო მოვლენები ამოვიკითხე შენს ჭიქაში.
დიმას ჩაეღიმა, ოთახში შევიდა და ავადმყოფის საწოლის წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა. ღიმილი არ შეუწყვეტია, ისე ჰკითხა სახუმარო ტონით:
– აბა, რას გვეტყვით, ქალბატონო კლარა, რას გვეუბნებიან, რას გვამცნობენ ვარსკვლავები?
მანდილოსანს სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ შერხევია, დინჯი კილოთი უპასუხა:
– ვარსკვლავებთან, ამ პატიოსან გიგანტებთან მე რა მესაქმება, დიმიტრი კონსტანტინოვიჩ, მე მიღმური სამყაროს ბნელ ძალებთან ვსაუბრობ და მათგან ვიღებ საჭირო ინფორმაციას.
დიმას უსიამოდ გასცრა ტანში, მაინც ნაძალადევი ღიმილით შეეკითხა:
– ტყუილის თქმას როგორ გკადრებთ, ქალბატონო კლარა, მაგრამ ვითომ ასეა საქმე?
მანდილოსანმა იმავე სიდინჯით მიუგო:
– ასეა, შვილო, ასე! მას შემდეგ, რაც ექვსი წლის წინ ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ვიღაც უღმერთოებმა ოცდახუთი წლის ვაჟი მომიკლეს და სიცოცხლე სატანჯველად მიქციეს, უფალს აღთქმა მივეცი, რომ აღარავის ვუმკითხავებდი. მოძღვართანაც კი მოვინანიე ეს საშინელი ცოდვა. მაგრამ იმ დღეს, რატომღაც, თვალი გამექცა. შენს ხელისგულს დავაკვირდი და ისეთი უცნაური ბედისწერა ამოვიკითხე, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და გადავწყვიტე, შენთვის ყავაში ჩამეხედა, კიდევ ერთხელ გამესწორებინა ეშმაკისთვის თვალები.
დიმას მეტად გაუმძაფრდა უსიამოვნო გრძნობა, ღიმილი უხეირო ნიღბად შეეყინა სახეზე, ხელებგაშლილად წარმოთქვა შფოთით ნატეხი ხმით:
– რა უბედურებაა ასეთი ჩემს თავს, ქალბატონო კლარა, ამგვარ დიდ ცოდვაში რომ ჩაგაგდებინეთ თავი?
– უბედურებაა თუ ბედნიერება, ამას მომავალი გვიჩვენებს, შვილო. ახლა კი განგების ნებას მივყვეთ და რაც ჩაგვიფიქრებია, ის აღვასრულოთ ჩვენ, ცოდვილებმა!
ამ სიტყვებზე ქალბატონი კლარა დიმას ყავის ჭიქას დასწვდა, ამოატრიალა და სამიოდე წუთის განმავლობაში, რომელიც დიმას საუკუნედ ეჩვენა, გულდასმით ათვალიერა. შემდეგ მას მიუტრიალდა, დაჟინებით ჩახედა მონაცრისფროდ აკიაფებულ თვალებში და მოწყვეტით უთხრა:
– სულ მოკლე ხანში, ჩემო დიმიტრი, ერთ კვირაში იქნება ეს თუ ერთ დღეში… შეიძლება, ერთ საათშიც კი, ზუსტად ვერ გეტყვი, შენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები დაიწყება. ისეთი რამ გადაგხდება თავს, რაც შენს ერთგვაროვან სადაგ ცხოვრებას რომანტიკული თავგადასავლებით წალეკავს, ნიავს ქარცეცხლად აქცევს, მდორე დინებას – დამანგრეველ შტორმად, უწყინარ ჩურჩულს – ტიტანთა ბრდღვინვად და სულ სხვა ადამიანად გარდაგქმნის. თითქოს უცხო სული ჩასახლებულაო შენს სხეულში. ორი მახვილი აღიმართება შენ წინააღმდეგ – ერთი ყორნის ფრთის მსგავსად შავი, მეორე კი შედედებული სისხლივით წითელი, მაგრამ ორივე ერთი ტარიდან ამოზრდილი. მათი აჩრდილი შენს გულში გაივლის და კალოსავით გალეწავს, მაგრამ ვერ განგგმირავს, რადგან თოვლივით სპეტაკი ჯვარ-აჩრდილიანი ფარი აღიმართება მათ წინ და დაგიცავს დაღუპვისაგან.
მანდილოსანმა ჭიქა ტუმბოზე გადადო, ბალიშზე მიწვა და ჭერისთვის თვალი არ მოუწყვეტია, ისე მიმართა შეცბუნებულ დიმას დაღლილი ხმით:
– ახლა კი დავისვენებ, დიმა, შვილო, ძალზე დამთრგუნა ამ შავმა მაგიამ.
დიმა ერთხანს გაკვირვებული უცქერდა მას. შემდეგ განაწყენებული ხმით ჰკითხა:
– სულ ეს იყო, ქალბატონო კლარა, მეტს არაფერს მეტყვით?! გეფიცებით, ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგე, სულ რაღაც უცნაური ქარაგმებით მელაპარაკეთ.
მანდილოსანი მისკენ მიატრიალა თავი და მიუგო:
– უცნაურ ბედისწერას უცნაური განმარტება უხდება. ასე ჯობია. დამიჯერე, ქარაგმა სულიერი მეტყველებაა, რაც ახლა გითხარი, თავის დროზე თავად მიხვდები ყველაფერს.
დიმამ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს მორიგე ექთანმა, ნინომ შემოაღო პალატის კარი და შეწუხებული იერით მიმართა მას:
– ბატონო დიმიტრი, ვიღაც მამაკაცი დაჟინებით ითხოვს თქვენთან შეხვედრას, მოსაცდელში გელოდებათ.
დიმა მკვირცხლად წამოდგა ფეხზე და თითქოს მასზე იყრის ბედისწერის ჯავრსო, ქალიშვილს საყვედურით მიმართა:
– ხომ გაგაფრთხილე, ნინიკო, გენაცვალე, რომ თუ რამე ექსტრემალური არ არის, რვა საათის შემდეგ პაციენტებს აღარ ვიღებ-მეთქი!
ნინო შეწუხდა. ვარდმა შეუფაკლა ღაწვები და დარცხვენით წარმოთქვა:
– ვუთხარი, ბატონო დიმიტრი, მაგრამ ასე მიპასუხა, – გადაეცი პატივცემულ ექიმს, რომ ცაცია მალიარია მოსული-თქო და თუ მაშინაც უარზე დადგა, რაღას ვიზამ. ულაპარაკოდ წავალო.
მის სიტყვებზე დიმას სახე გაუცისკროვნდა, ქალბატონი კლარასკენ მკვეთრად მიტრიალდა:
– მომიტევეთ, ქალბატონო კლარა, უნდა დაგტოვოთ. მეგობარი მეწვია, შვიდი წლის უნახავი ბავშვობის მეგობარი! – სიხარულით წარმოთქვა, გაოცებული ნინო გადაკოცნა და მოსაცდელისკენ სირბილით გასწია.
– მართალი ვიყავი, შეიძლება, ყველაფერი ერთ საათში დაიწყოს… – ფიქრიანად ჩაილაპარაკა ქალბატონმა კლარამ.
– რა შეიძლება დაიწყოს? – ჰკითხა ორმაგად გაკვირვებულმა ნინომ.
– ადამიანის საოცარი მეტამორფოზა. – იდუმალი სიდინჯით უპასუხა ქალბატონმა კლარამ და რუხად ამღვრეული თვალები მილულა.
⚜⚜⚜
დიმას მოსაცდელში სწორედ ის კაცი დახვდა, ვისი ნახვაც ესოდენ ესურვებოდა – მისი ბავშვობის მეგობარი ცაცია ენვერი. იგი მოღიმარი იდგა, თუმცა დროის ულმობლობით გაჯერებული ნაღველი ერია ამ ღიმილს.
– გამარჯობა, ბატონო ექიმო! – შეეხმიანა დიმას.
– ენვერ, ძმაო! – შეჰყვირა სიხარულით დიმამ და გადაეხვია მონატრებულ ძმობილს. სიხარულის ცრემლებმა დაუღარეს მას ღაწვები, ენვერსაც აუზღვიანდა ჟამით მოქუფრული, წყალს მონატრებული ცისფრად გამჭოლი თვალები.
ხვევნით რომ გული იჯერა, დიმამ თავით ფეხებამდე აათვალიერა ენვერი – თუმცა მაგრობდა, ოდნავ მოტეხილი ჩანდა. თმის თოვლიც ჭარბად შერეოდა, იერზედ დილეგისფრად მოყვითალო დაჰკრავდა. დიმას გულს რაღაც ჩასწყდა და გაბზარულად ჰკითხა:
– ცაცი, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ძმაო, როდის გამოხვედი?
ენვერს ჩაეღიმა, დინჯად წარმოთქვა:
– ჩემზე რომ ყოფილიყო, მე უკვე კაი ხნის გამოსული ვიქნებოდი. ორი თვის წინ გამათავისუფლეს.
დიმამ თავი გაიქნია, ფიქრიანად წარმოთქვა:
– რა ჩქარა გარბის, ამის დედა ვატირე, ეს წყეული დრო. შვიდი წელი გავიდა უკვე, ტო?.. ბოლომდე იჯექი, არა?
ენვერმა წარბაწევით შეხედა, ამაყად მიუგო:
– მე ქურდი ვარ, ძმაო, ვიღაც სლუჩაინი პასაჟირი კი არა, ჩემი საქმე ბოლომდე ჯდომაა, ატ ზვანკა დო ზვანკა!
ოხვრას ამოაყოლა დიმამ თქმული:
– ჰო, კანეშნა, ეგრეა, შვიდი წელი – ბურში და შვიდივე – კრიტში. რა დაუშავე ამისთანა, მაგათი ოხერი დედა ვატირე?! ხომ იცი, სამჯერ ჩამოვედი შენთან, მაგრამ შენამდე ვერ მოვაღწიე, არც ფულმა გაჭრა და ვაფშე არც არაფერმა.
მხარზე ხელი შემოარტყა ენვერმა:
– ვიცი, ძმაო, ვიცი, შემომივიდა შენი ქსივები და დაჩკებიც, ნინელი დეიდას გაკეთებული გემრიელი საჭმელები და ნამცხვრები. დიდი მადლობა ყველაფრისათვის.
დიმამ შეიცხადა:
– არ გადამრიო ახლა, რა მადლობებს მიხდი. უფრო მეტიც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ, ხომ იცი, რა დროც დადგა, გაგვიჭირდა ყველას.
უცებ თითქოს რაღაც სასიამოვნოს მიაგნოო, სახე გაებადრა, მხარზე დაჰკრა ხელი ენვერს:
– მოდი, ახლა თავგასას გადავურეკოთ – ეგაც კაი ხანი იქნება, არ მინახავს და სადმე რესტორანში მოვჯდეთ, შენი გამოსვლა აღვნიშნოთ.
– ენვერს ჩაეღიმა, თავი გააქნია.
– არა, დიმკა, არაა საჭირო. ხალხმრავალ ადგილებს გადავეჩვიე, ძმაო, თან, ვერიდები, არ მინდა, ზედმეტად ვიმარიაჟო. ეგაც არი, უკვე მესამე წელი იქნება, აღარც ვსვამ და აღარც ვეწევი.
დიმას გულწრფელად გაუკვირდა:
– საღოლ შენ, ძმაო! ხალხი ციხეში იწყებს სმას და მოწევას და ათას უბედურებას, შენ კიდევ იქ გაანებე თავი. თუმცა, შენ ყოველთვის მაგარი იყავი, ნიჭიც გქონდა და ნებისყოფაც, სხვაგვარად რომ წაგეყვანა შენი ცხოვრება, ვინ იცის, რას მიაღწევდი…
ენვერს შეეტყო, არ ესიამოვნა, სიტყვა გააწყვეტინა:
– შენ ხომ მიცნობ, დიმკა? ათი ცხოვრებაც რომ მომცეს ღმერთმა, მაინც ამ გზით წავალ, მგლის ბილიკით!
– ვიცი, ვიცი, შენი შავი იდეინობის ამბავი, მაგან დაგღუპა სწორედ! – დანანებით წარმოთქვა დიმამ. ენვერს აშკარად დაეტყო წყენა, სახემოჭმუხვნით მიუგო:
– მოდი, რა, მაგ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ, ბრატ, სხვაც ბევრი გვაქვს საბაზრო და გასარჩევი! ყველა თავისებური თვალით უყურებს ამ ცხოვრებას და ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი. მე თავისუფალი კაცი ვარ. ვიღაც ახვრების სამსახურს, ისევ ციხეში ჯდომა მირჩევნია.
დიმამ შეატყო წყენა, შემრიგებლურად მიუგო:
– ჰო, კაი, კაი… წამო, მაშინ და ჩემთან ავიდეთ სახლში, ხომ იცი ნინელის როგორ გაეხარდება შენი ნახვა.
ენვერს ჩაეცინა:
– ბიჭო, ვიყავი უკვე შენთან და ვნახე ნინელი დეიდა. აბა, ხომ არ დამესიზმრებოდა, სად მუშაობდი.
დიმამ მხრები აიჩეჩა:
– აბა, რა ვქნათ, ძმაო, სად წავიდეთ?
ენვერმა ხელი გადაჰხვია მხარზე და ღიმილით უთხრა:
– მე გეტყვი, რაც უნდა ვქნათ, ბრატ. სანამ შენ აქ შემოხვიდოდი, ფანჯრიდან ერთი შიკარნი პიპია ვჩიჩმე ეზოში, ფაიზაღი ვიცი, შენი იქნება. ბავშვობიდან გართულებები გქონდა ეგეთ რაღაცებზე, ჰოდა, თუ ჩემი ძმა ხარ, მოდი თბილისის ძველი უბნები შემომატარე, მაგრა მომენატრა ეს დალოცვილი ქალაქი.
⚜⚜⚜
მეგობრები დიმას „შევროლეთი“ გამოეშურნენ კლინიკიდან. ორთაჭალა მოიარეს, ხარფუხს აუყვნენ, ბოლოს ისნისკენ აიღეს გეზი. გზადაგზა საუბრობდნენ, ყმაწვილკაცობის დროინდელ თავგადახდილს იგონებდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ.
ღიმილით ჰკითხა დიმამ:
– შენც რა მაგარი ტიპი ხარ, სიმონ, რამ გაგახსენა ჩვენი მალიარობის ამბავი?
ენვერსაც ჩაეცინა, ისე უპასუხა:
– მაგას რა დამავიწყებს, ბიჭო. რა აღარ შემხვედრია ამ ცხოვრებაში, მაგრამ ეგეთი მასკარადი ნაღდად არა რა. ისე, მაგარი იყო მინა, ეგ ახვარი, მაგეთი რამის მოტვინვა არ გინდოდა, ტო?!
– აბა, ჩემი, როგორ „მოხარშა“, არადა, სულ ბაღნები ვიყავით, – დაემოწმა დიმა.
ენვერი მიუტრიალდა:
– მეჟდუ პროჩემ, ბრატ, ციხიდან რომ გამოვედი, სოჩაში დავაწექი ეგრევე, პატარა საძმო მყავს და იქ არ გამეჩითა მინაც. ციგანსკი რესტორანში შემხვდა, ვიღაც მაგარ ნაშოჩკასთან ერთად იყო.
დიმამ გაიკვირვა:
– ნუ გაახურე?.. მე კიდევ გერმანიაში მგონია, ეგ თუქსუსი. იმ დღეს დედამისი შემხვდა ვარანცოვზე და ეგრე მითხრა, იქ არის, კარგად მოეწყო, მუშაობსო.
– ისე მინას შუბა დავხიე! რა, არ იცი მაგისი ამბავი, მთელ ქვეყანას ატყუებს და დედამისს ვეღარ მოატყუებს? – სახედაღვარჭნით მიუგო ენვერმა:
– კი მაგრამ, სოჩაში რას აკეთებს?
– არ ვიცი, ბრატ. თვითონ არაფერი უთქვამს, მე კიდევ, ხომ იცი, არ ვკითხავდი. რა ჩემი საქმეა სხვისი საქმე!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





