საბედისწერო დღიური
ავტორი: ნია დვალი 20:00
ნატა ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრებაში გაუმართლა: საკმაოდ მშვიდსა და შეძლებულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა; კარგად სწავლობდა, მშობლები ანებივრებდნენ, საუცხოო სპეციალისტიც დადგა და საკმაოდ სანდომიანად გამოიყურებოდა; ქმარიც კარგი შეხვდა, ყურადღებიანი, ზრდილი და შრომისმოყვარე. ერთადერთი, რაც ჩრდილს აყენებდა მის ცხოვრებას, ის იყო, რომ შვილები არ ჰყავდა: ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. ხელოვნური განაყოფიერებაც სცადეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ყველა ნაყოფი წყდებოდა ექვს კვირამდე. მაგრამ ნატა არც გულს იტეხდა და არც იხტიბარს. საერთოდაც, არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ფარ-ხმალს ყრიან. ის ბოლომდე იბრძოდა თავისი მიზნის მისაღწევად და ამიტომ, ამ მხრივაც, მშვიდად იყო: ბოლოს და ბოლოს, სუროგაციის იმედი ჰქონდა. არა, იმედი კი არ ჰქონდა, დარწმუნებული იყო, რომ დედობას ამ გზით მიაღწევდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ბედისწერის წიგნში სულ სხვა სცენარი ეწერა და ნატას გეგმებს მასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მის თითქმის უღრუბლო ცხოვრებას ერთ დღესაც მძიმე, შავი ღრუბლები ჩამოაწვა და ნატას ცხოვრება თავდაყირა დააყენა, მისი ყველა იმ წამამდე შემუშავებული გეგმა გაცამტვერდა.
ნატა სამსახურში იყო, როდესაც მის ტელეფონზე უცხო ნომერმა დარეკა. ნატა ყოყმანობდა, ეპასუხა თუ არა, იმიტომ რომ უცხო ნომრებს, ჩვეულებისამებრ, არ პასუხობდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად ღილაკს თითი დააჭირა:
– გამარჯობა, ქალბატონი ნატა სამხარაძე ბრძანდებით? – უცნობს უსიამოვნო ხმა არ ჰქონია, მაგრამ ნატას, რატომღაც, ტანში გაცრა.
– დიახ. ვინ ბრძანდებით?
– თქვენი მეუღლე ავარიაში მოხვდა და კლინიკაშია. შეგიძლიათ, მოხვიდეთ? – ნატას თვალებში დაუბნელდა და მხოლოდ ის ამოილუღლუღა:
– ცოცხალია?
– დიახ, უბრალოდ მძიმედაა, – ნატას მოეჩვენა, რომ უცნობის ხმაში თანაგრძნობის ნოტები გაისმა.
– რომელ კლინიკაშია? – ჰკითხა და მაშინვე ჩაიწერა.
ნატას არ ახსოვს, როგორ მივიდა კლინიკამდე...
***
მას შემდეგ სამი თვე გავიდა. ნატა ვერ ეგუებოდა ვაჟას დაღუპვას და ვერც იმას, რომ მისი გეგმები საპნის ბუშტივით გაქრა. არ იცოდა, როგორ ეცხოვრა, უფრო ზუსტად, არ იცოდა, რაზე ეფიქრა: ვაჟა ენატრებოდა, მისი ყურადღება, თბილი გამოხედვა, მისი სურნელი, მისი ხმა... მაგრამ ცხოვრება თავისას ითხოვდა და ნატამაც შავ ტანსაცმელს ნაცრისფერი შეურია და მუქი მწვანე, თუმცა გულის სიმძიმეს ვერაფერი მოუხერხა და იმ უსამართლობის შეგრძნებას, რომელიც დაეუფლა.
– რატომ არ შეიძლებოდა, ვაჟა მაინც დაგეტოვებინა ჩემთვის, თუ შვილს არ მაძლევ?! – ნატა საკუთარ თავს არ უტყდებოდა, მაგრამ, სინამდვილეში ღმერთს უბრაზდებოდა, საყვედურობდა გულცივობისა და სისასტიკის გამო...
მშობლებმა შესთავაზეს, მათთან გადასულიყო საცხოვრებლად მცირე ხნით მაინც, მაგრამ ნატას მარტოობა ერჩია. არავის დანახვა არ უნდოდა, იმიტომ რომ ვერც იმას ხვდებოდა, თუ რატომ აღარ იყო ვაჟა, არადა ამდენი ადამიანი ისეც ცოცხლობდა და ისევ უხაროდათ მზის ამოსვლა და ჩასვლა. ნატა მთვარეულივით დაბორიალებდა თავის უზარმაზარ სახლში, როდესაც ვიღაც მოვიდა.
ნატამ დომოფონში გაიხედა და ახალგაზრდა ქალი და ხუთიოდე წლის ბავშვი დაინახა და, თუმცა, არც ერთი არ ჰგავდა მათხოვარს, ნატამ, რატომღაც, იფიქრა, რომ მასთან ფულის სათხოვნელად მივიდნენ და კარი სიხარულით გააღო. ადრე არ გამოირჩეოდა მოწყალების გაცემით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვაჟა დაკარგა, ეს ჩვევად ექცა – არავის ჩაუვლიდა გვერდზე გულგრილად.
ახალგაზრდა ქალს საკმაოდ გამომწვევი გამოხედვა ჰქონდა და ნატას მოეჩვენა, რომ ერთგვარად იქედნურადაც უყურებდა. დაუპატიჟებელმა სტუმარმა თვალი მოავლო შემოსასვლელს და არანაკლებ თავხედურად იკითხა:
– აქ უნდა ვიდგეთ?!
ნატა დაიბნა და ორივენი დიდსა და ნათელ მისაღებში შეიპატიჟა. ქალი სავარძელში ჩაჯდა, ბავშვი კი ოთახის ცენტრში იდგა.
– მე ნათია მქვია, ამას ლელუკა, - გაიშვირა ხელი ბავშვისკენ, – და ის ვაჟას შვილია.
ნატა უცებ ვერ მიხვდა და ამიტომ გულუბრუყვილოდ და გულწრფელად იკითხა:
– ვინ არის ვაჟა? – ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ვიღაც მისთვის უცნობ ვაჟას გულისხმობდა მისი სტუმარი.
– ვაჟა ვინ არის, არ იცი? თუ მართლა გეგონა, რომ იდეალური ოჯახი გქონდა, თანაც, უშვილო?! – ჩაიქირქილა ნათიამ.
– ახლავე მიბრძანდით ჩემი სახლიდან, თუ არადა პოლიციას გამოვიძახებ! – ნატა წამოდგა.
– ნუ იჩქარებ, ჯერ ამას დახედე, – ნათიამ დიასახლისს ბავშვის დაბადების მოწმობა გაუწოდა. ნათიამ დახედა და გახევდა.
– შეუძლებელია...
– რა არის შეუძლებელი?! ქალები რომ ბავშვებს აჩენენ, პირველად გაიგე?
ნატამ უცებ ვერც გაიაზრა:
– შეუძლებელია!
– შესაძლებელია და ჩვენ ამის ნათელი მაგალითები ვართ. ილუზიაში ცხოვრობდი, გამოფხიზლდი!
ნატამ ძალები მოიკრიბა და ბოლოს, როგორც იქნა, ამოთქვა:
– ჩემთან რა გინდათ? ან რატომ მოხვედით?! რაღა აზრი აქვს ჩემთვის ამის გაგებას?!
– როგორ თუ რატომ მოვედით?! შენ ვალდებულებები გაქვს ჩვენ მიმართ.
– მე?! - ნატა ყურებს არ უჯერებდა. ეს ბოლო ფრაზა იმაზე უარესი მოსასმენი იყო, ვიდრე ის, რაც პირველად გაიგო.
- დიახ, შენ. აბა, ვის?! ქმრის სიკვდილის შემდეგ ქმრის ვალები და ქონება გადადის ცოლზე. ცოლი კი შენ ხარ, მე კი არა. ჰოდა, უნდა გადაიბარო ვალები, რაკი ქონებაც გადაიბარე, თუ არადა ვიდავოთ სასამართლოში.
ნატა გაოცებული იყო სტუმრის თავხედობითა და უტიფრობით. მზად იყო, სცემოდა და თმით ეთრია.
– მე შენი არაფერი მმართებს, – ამჯერად უფრო მტკიცე ხმით გაუმეორა ნატამ, – არც ამ ბავშვის, – და ნატამ გოგონას შეხედა, რომელიც საოცრად ჰგავდა ვაჟას.
შეიძლება ამიტომაც, უცებ წამოდგა და კომოდთან მივიდა, თეთრი კონვერტი ამოიღო – ამ ფულს ისინი აგარაკისთვის აგროვებდნენ.
– ეს გეყოფათ ერთ ხანს, სულ ესაა, რითიც შემიძლია, დაგეხმაროთ.
ნათიამ მაშინვე გამოგლიჯა კონვერტი ხელიდან და ჩანთაში ჩაიდო, თუმცა მანამდე თითებით კარგად მოსინჯა, რომ დაახლოებით მიმხვდარიყო, რა თანხა იდო მასში. მერე ისევ დიასახლისს ახედა:
– და გგონია, რომ მხოლოდ ამით გამოძვრები?!
ნატა დააბნია სტუმრის თავხედობამ.
– მე გამოვძვრები?! მოდიხარ ჩემს სახლში, მიცხადებ, რომ ჩემი ქმრის საყვარელი იყავი მას შემდეგ, რაც ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, რომ საერთო შვილი გყავთ და კიდევ მე უნდა გამოვძვრე?! – ნატა ისე გაცეცხლდა, რომ ინანა კონვერტის გადაცემა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო.
– კარგ ქალებს ქმრები არ ღალატობენ.
– ბავშვი რამდენი წლისაა? – არ დაუთმო ნატამ და ნათია მიხვდა, რომ ჩიხში ექცეოდა, მაგრამ, როგორც თავხედებს სჩვევიათ, იხტიბარი არ გაიტეხა და შეტევაზე გადავიდა:
– ვაჟა მანამდეც მიცნობდა და მიყენებდა, სანამ შენი ქმარი გახდებოდა და მერეც. უამრავ რამეს მპირდებოდა. რომ შენთან ქორწინება გამოგვადგებოდა და განქორწინებისას ქონება ჩვენ შეგვრჩებოდა. მან მაიძულა, ეს გამეჩინა და მიყრუებულ ადგილას რაღაც სახლი დაგვიქირავა, რომ არავის გაეგო ჩვენი არსებობის შესახებ. ახლა კი, საერთოდაც, მოკვდა და ქუჩაში დაგვტოვა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.
– და მე რა შუაში ვარ?! მე რა დავაშავე? მე რატომ უნდა ვაგო პასუხი იმაზე, რაც, თუნდაც, ჩემმა ქმარმა ჩაიდინა? – ნატას ნელ-ნელა უბრუნდებოდა საღად აზროვნების უნარი.
– ვაჟა მეუბნებოდა, რომ შტერი ხარ, ბავშვიც კი ვერ გაუჩინე, შენ რომ მისთვის ბავშვი გაგეჩინა, მე აბორტს გავიკეთებდი და შენი ქმარი თავს დამანებებდა.
– ბავშვი 5 წლისაა და რა მნიშვნელობა ჰქონდა, მე გავუჩენდი თუ არა შვილს?! – გაუკვირდა ნატას.
სტუმარი ცოტა დაიბნა, ამდენიც ვერ იანგარიშა ათის ფარგლებში, მაგრამ მაინც განაგრძო შეტევა.
– ერთდროულად მოხდა. შენ გქონდა ორიოდე თვე, რომ დაორსულებულიყავი.
– რა უსირცხვილო ხარ, – ნატას ხმა გაებზარა, – „მართლაც სულელი ვარ! – გაიფიქრა თავისთვის – ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი, თითქმის მთელ დანაზოგს ამ უტიფარს არ მივცემდი“.
ნატას იმანაც დასცა თავზარი, რომ მიხვდა, ბავშვი ამ ქალისთვის ზედმეტი ტვირთი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვერც იაზრებდა, რაზე საუბრობდნენ უფროსები, ნატას გული მოუკვდა.
– რისი უნდა მრცხვენოდეს?! – კბილებში გამოცრა ნათიამ, – შენ და შენი ქმრის შვილი რომ არ ყოფილიყავით, ბედნიერი ვიქნებოდი. ბედნიერების რაღაც შანსი მაინც მრჩებოდა. ახლა კი, უბრალოდ, მარტოხელა დედა ვარ, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. ვაჟა მოკვდა და არც კი უფიქრია, როგორ ვიარსებებდით ჩვენ.
– მე ხომ მოგეცი ფული, – ნატა მიხვდა, რომ ამ ქალთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, – გეყოფა რამდენიმე თვის განმავლობაში. მერე დაიწყე მუშაობა და იცხოვრებ ისე, როგორც სხვები ცხოვრობენ.
– „როგორი დამრიგებლები ვარ?!“ – გამოაჯარვა ნათიამ ნატა, – და ამას რომ წილი ეკუთვნის?! დე ენ ემის ანალიზს გავაკეთებთ და დავამტკიცებ, რომ ვაჟას შვილია და ეკუთვნის წილი მისი ქონებიდან.
ნატას სიცილი აუტყდა. ნათია გაკვირვებული მიაჩერდა:
– რა გაცინებს?!
– ყველაფერი ჩემს სახელზეა. იმიტომ რომ ჩემია. ასე რომ... – და თუმცა ნატას ძალიან ეცოდებოდა პატარა გოგონა, არ აპირებდა მისთვის თავისი კუთვნილიდან კიდევ რამის მიცემას.
– როგორ?! – წამოხტა ნათია.
– როგორ და ჭრელად, – ნატას თავად უკვირდა, როგორ მოახერხა დამშვიდება ასეთი თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, გაირკვა, რომ სრულ ტყუილსა და წარმოსახვაში ცხოვრობდა. შეიძლება, ამიტომაც ვაჟას ხატება, რომელიც მის გულსა და გონებაში სახლობდა, უცებ გაფერმკრთალდა და გაქრა.
– ახლა კი, გთხოვთ, მიბრძანდეთ ჩემი სახლიდან.
– მე, მე... – დაიწყო ნათიმ, მაგრამ ნატამ წინადადება არ დაასრულებინა, – შენ აღარ გაბედავ აქ მეორედ მოსვლას. გინდა, დე ენ ემის ანალიზი ჩაატარე და გინდა – სხვა რამის.
***
– რაღაც უცნაურად ხარ, უჩვეულოდ, თითქოს ვერ გცნობ, შენც ხარ და არც ხარ, – უთხრა ირამ შვილს, როდესაც შვილთან შაბათს შეიარა, – მოხდა რამე?
– არა.
– როგორ არა, როდესაც იმაზე უარესად გამოიყურები, ვიდრე ერთი კვირის წინ?! – დაიჟინა დედამისმა, მაგრამ ნატას არ უნდოდა, რომ მისთვის ქმრის თავგადასავლების შესახებ მოეყოლა. იმიტომ რომ, სანამ არავინ არაფერი იცოდა, მისი და ვაჟას ოჯახი ყველასთვის იდეალურად რჩებოდა.
– ყველაფერი რიგზეა, – გეჩვენება, ისევ მოატყუა დედამისი. თუმცა მიხვდა, რომ მისი არც ერთი სიტყვის არ სჯეროდა.
– ტყუილია, – უპასუხა ირამ, – მე ვხედავ, რომ რაღაც დაგემართა. შესაძლოა, პრობლემა ისაა, რომ რაღაცას მიმალავ?
– არაფერს გიმალავ, დედა, – ისევ მოატყუა ნატალიამ, – არაფერი მაქვს შენთვის მოსაყოლი. რამდენიმე თვის წინ დავქვრივდი და მომხდარის შემდეგ, ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე.
– უკვე გეყო, ნატა, – ირა გაბრაზდა, – ვის ატყუებ?! რატომ ატყუებ?! რას მიიღებ აქედან?! ოცი წლის გოგო ხომ არ ხარ?! ოცდაათს გადასცილდი, დროა, თავი დაანებო წარსულში ქექვას და მომავალს შეხედო. თუ აპირებ, განაგრძო შენი უვარგისი ქმრის გლოვა?
– ასე ნუ ამბობ ვაჟაზე, გთხოვ, – თქვა ნატამ ცრემლნარევი ხმით, – როგორიც უნდა ყოფილიყო, ჩემი ქმარია და მე მიყვარს და მეყვარება…
ირას აშკარად არ მოეწონა ქალიშვილის სიტყვები, მაგრამ არაფერი უთქვამს. სევდიანად შეხედა ქმარზე დარდით გატანჯულ ქალიშვილს და გული დაესერა, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ იპოვა. თან, ირამ იცოდა, რომ სინამდვილეში არანაირი საჭირო სიტყვები არ არსებობდა, იმიტომ რომ დარდს არაფერი ამსუბუქებს, დრო თუ ამოჭამს, თუმცა ირამ არ იცოდა, რომ ნატას სულ სხვა რამ ხრავდა.
***
როდესაც დედამისი წავიდა, ნატამ კართან ცელოფანის პარკში გახვეული რაღაც წიგნი დაინახა. დაიხარა და აიღო. გაიხედ-გამოიხედა: არავინ ჩანდა. ჯერ იფიქრა, გადავაგდებო, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია. ამიტომ პარკი შემოაცალა და ვაჟას ხელწერა იცნო. ვაჟას წერა უყვარდა და ამიტომ არ გაკვირვებია: ნატას ლამის საგულედან ამოუვარდა გული და მაშინვე სახლში შებრუნდა. გრძნობდა, რომ კიდევ რაღაც საიდუმლოსთვის უნდა აეხადა ფარდა და დროს ჭიმავდა: არ იცოდა, იყო თუ არა მზად ამისთვის.
„როგორი უინტერესოა ცხოვრება ამ მოსაწყენ ქალთან, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა.“ „ნათია სიცოცხლით სავსეა, მხიარულია, რატომ დავქორწინდი ქალზე, რომელიც არ მიყვარს.“ „კიდევ კარგი, ბავშვის გაჩენა არ შეუძლია.“
ვაჟა ცოლზე კარგს არაფერს წერდა და ნატას გული უფრო და უფრო უმძიმდებოდა. თავი უმაქნისად და სანაგვეზე მოსროლილად იგრძნო და ვაჟასთან გატარებული 6 წელი ყველაზე დიდ შეცდომად ეჩვენებოდა. კითხულონდა ვაჟას დღიურს და საკუთარ თავსა და თავის ქორწინებას ვაჟას თვალებით უყურებდა. უყურებდა და ძალიან არ მოსწონდა ქალი, რომელსაც ხედავდა: ის ყოველთვის თვალებში შესციცინებდა ქმარს, საჩუქრებს ჩუქნიდა, სიურპრიზებს უწყობდა, არც კი იმჩნევდა, რომ მათი ოჯახი მის კისერზე იყო ყოველთვის და არასდროს დაფიქრებულა, სად მიჰქონდა ვაჟას თავისი ხელფასი. ნატამ ახლა უკვე იცოდა, სადაც, მაგრამ ამის ცოდნას აზრი აღარ ჰქონდა.
ნატას დედამისის სიტყვები გაახსენდა: ვის ატყუებ?! და, მართლაც, ვის ატყუებდა – სხვებს თუ საკუთარ თავს?! ან რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას იფიქრებდნენ სხვები, თუ თავად უბედური იქნებოდა?! ვინ და როდის ასწავლა, რომ ფარისევლობა და სხვების აზრია მნიშვნელოვანი?!
ნატა ჩაფიქრდა. ვაჟასადმი აღარაფერს გრძნობდა, არც გაბრაზებას და საკუთარი თავის შეცოდებაც მობეზრდა. შემდეგ ადგა, ვაჟას ნივთები საგულდაგულოდ შეაგროვა და ფუთებად დააწყო: ხვალ ეკლესიაში წავიღებ. დღიურს ერთხანს უტრიალა, შემდეგ მასაც დასწვდა და ფოტოებთან ერთად ბუხარში შეაგდო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





