საბაბი
ავტორი: ნია დვალი 20:00 02.05

მართალია, როგორც წესი, პირიქით ხდება ხოლმე და მამაკაცებს უფრო შეიძლება, შეეპაროთ ეჭვი, არის თუ არა შვილი ნამდვილად მისი, იმიტომ რომ, თუ გულზე ხელს დავიდებთ, ეს მხოლოდ ნდობის ამბავია, მაგრამ სოფოს შემთხვევაში სხვაგვარად იყო: მას, რატომღაც, ყოველთვის ეპარებოდა ეჭვი, რომ დანიელი მისი ღვიძლი შვილი იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი დედას არ ჰგავდა გარეგნულად, თუმცა სოფოს ესეც უცნაურად ეჩვენებოდა. დედისთვის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ მას, თავის დროზე საუკეთესო მოსწავლეს, შემდეგ – საუკეთესო სტუდენტს და ახლა – საუცხოო სპეციალისტს საშუალო გონებრივი მონაცემების მქონე შვილი ჰყავდა.
თუმცა, სოფო ძალისხმევას არ აკლებდა, რომ დანიელისთვის ეს უნარები განევითარებინა, მაგრამ ამაოდ. ის აწამებდა საკუთარ თავსაც და ბავშვსაც, რომელიც ძალიან განიცდიდა, რომ დედამისის იმედებს ვერ ამართლებდა. ბავშვი ამას თავისებურად გამოხატავდა: აფუჭებდა ნივთებს, ხევდა შპალერს და ხშირად – საკუთარ ტანსაცმელსაც. თითქოს ცდილობდა, მშობლების რეაქციით, უფრო ზუსტად, ურეაქციობით, დარწმუნებულიყო, რომ მათ ის უყვარდათ. რაც უნდა უცნაური იყოს, დანიელის მამასაც საოცარი მონაცემები ჰქონდა ფიზიკასა და მატემატიკაში და 25 წლის ასაკში ექსპერტიც კი გახდა კვანტურ მექანიკაში და მას შემდეგ მისი კარიერა ელვის უსწრაფესად განვითარდა. იწვევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მონაწილეობდა კონფერენციებსა და სემინარებში.
სოფო და ნიკოლოზი ნაჩქარევად და დაუგეგმავად დაქორწინდნენ: სოფო დაფეხმძიმდა, იმიტომ რომ იმ საღამოს წვეულებაზე ბევრი დალია. ხოლო, რადგან ნიკოლოზის ოჯახს საკმაოდ ტრადიციული შეხედულებები ჰქონდა და თავად ნიკოლოზიც წესიერი ყმაწვილი იყო, ისე მოაწყვეს, რომ თითქოსდა ახალგაზრდები დაქორწინებას გეგმავდნენ. არ დაელოდნენ, სანამ პატარძალს მუცელი დაემჩნეოდა, ბავშვი კი დროზე ადრე დაბადებულად გამოაცხადეს.
დანიელი ჩვეულებრივი ბავშვი იყო, გარეგნობაც ბავშვური ჰქონდა. აი, ისეთი, როდესაც ბავშვი საყვარელია, იმიტომ რომ ბავშვია. 13 წლის ასაკში გულჩათხრობილი და აგრესიული გახდა. მით უმეტეს, რომ სწავლა ისევე უჭირდა, როგორც ადრე. მშობლებს ვერ აეხსნათ მათი შვილის სწავლისადმი სრული უუნარობა და თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ უბრალოდ, ბუნება ისვენებდა. ცხოვრებას მიჰყვებოდნენ და საკუთარი მიღწევებით კმაყოფილდებოდნენ. ერთ დღესაც ნიკოლოზი საკმაოდ უგუნებოდ დაბრუნდა სახლში.
– მოხდა რამე? – ჰკითხა სოფომ.
ქმარმა არაფერი უპასუხა, ტელეფონი ამოიღო და ფოტოსურათი გახსნა.
– ცნობ?
სოფომ შეათვალიერა ფოტო და თავი გააქნია:
– ვინ არის? მეცნობა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, – და ქმარს მიაჩერდა.
– რა თქმა უნდა, ნაცნობი სახე აქვს, – წარმოთქვა ნიკოლოზმა, – ყველაფერს გაპატიებდი, მაგრამ ამდენი წელია, მატყუებ! დანიელი ჩემი შვილი არ არის. ახლა ვხვდები, რატომაა ასეთი უნიჭო.
- მოიცა, ვერაფერს ვხვდები, ამიხსენი, რას გატყუებდი?! და ვისი შვილია მაშინ? – გულწრფელად გაიკვირვა სოფომ.
– კარგად დააკვირდი ამ ფოტოსურათს. აი, ვის ჰგავს დანიელი, აი, ვინ არის მისი ნამდვილი მამა. ბავშვი არაფერ შუაშია, მაგრამ შენ... შენ როგორ იკადრე ეს?!
სოფომ ქმარს უყურებდა და ვერ ხვდებოდა, რატომ სდებდა ბრალს ქმარი.
– შენ არ გახსოვს?! მე არავისთან მქონია შენამდე ურთიერთობა. როგორ მადანაშაულებ? – სოფოს თვალებზე ცრემლები მოადგა და ხმა აუკანკალდა.
– შენ მე არასდროს გიყვარდი, – ნიკოლოზი არც კი უსმენდა ცოლს, – ჩემ შემდეგ გქონდა მასთან ურთიერთობა და მისი...
სოფომ ქმარს წინადადება არ დაამთავრებინა, სილა უთავაზა:
– ახლა გააგრძელე, რის თქმას აპირებდი, – სოფოს ხმა ისევ უკანკალებდა.
– ჩემ შემდეგ გქონდა ურთიერთობა იმ შენს ნაცნობთან, რობაქიძესთანაც, მახსოვს, როგორ ევლებოდი თავზე და თვალებს უელვარებდი, თუმცა ცოლი ჰყავდა.
– გეყოფა! – სოფომ წონასწორობა დაკარგა, – მე შეიძლება, თავდავიწყებით არ მყვარებიხარ, მაგრამ შენთვის არასდროს მიღალატია.
– შეხედე ფოტოს! აი, ვის ჰგავს ბავშვი! – არ ნებდებოდა ნიკოლოზი.
სოფო სკამზე დაჯდა, ვერაფერზე ფიქრობდა, იმდენად შეურაცხყოფილი იყო. თავს არ იცავდა, უბრალოდ, გაჩუმდა, თუმცა თავის დაცვა შეეძლო, ვინაიდან იცოდა, რომ ნიკოლოზს საყვარელი ჰყავდა და მასთან არ მიდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმითვის სოფოსნაირი ცოლი უფრო სჭირდებოდა.
მათ ქორწინებას შვილი ინარჩუნებდა, როგორც ჩანს, ნიკოლოზმა ახლა წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ დამნაშავედ სოფოს გამოყვანას ცდილობდა. სოფოს ტვინი ავტომატივით მუშაობდა: მას არ ანაღვლებდა, ვისთან წავიდოდა მისი ქმარი, მაგრამ ცილისწამებას ვერ შეეგუებოდა.
ქმრის ტელეფონი აიღო და ფოტოს გულდასმით თვალიერებას შეუდგა. ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს დანიელი, მართლაც, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა, მაგრამ სოფო იმასაც ხვდებოდა, რომ ფოტო შესაძლოა, დამუშავებულიც ყოფილიყო.
„ალბათ, დანიელის ფოტო დაამუშავა, ასაკი მოუმატა და ახლა მტკიცებულებად მომიტანა“, – ფიქრობდა სოფო, თუმცა ბოლომდე ვერ იჯერებდა, რომ მის ქმარს შეეძლო, ასე უღირსად მოქცეულიყო. ამიტომ სოფომ გადაწყვიტა, ყველა ვერსია განეხილა, ვინაიდან ზუსტად იცოდა, ქმრისთვის არ უღალატია, შესაბამისად, დანიელი, გარდა ნიკოლოზისა, ვერავის შვილი იქნებოდა.
„იქნებ ეს ადამიანი მართლაც არსებობს? იქნებ მას და ნიკოლოზს საერთო წინაპარი ჰყავდათ? ან მე და ამ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ვართ ნათესავები?“ – ფიქრობდა სოფო.
თეორიულად, ყველაფერი იყო შესაძლებელი. ამიტომ სოფო ყველა იმ ისტორიის გახსენებას შეუდგა, რასაც ბებიები უყვებოდნენ. დიახ, სწორედ ბებია მანია უყვებოდა, რომ ძმა დაეკარგა, რომელსაც დიდხანს ეძებდნენ და ვერ მიაკვლიეს.
სოფო აღარც კი აქცევდა ყურადღებას ნიკოლოზს, საძინებელში შევიდა და ძველისველი ალბომი გადმოიღო. ბებიამისის ფოტოს ნახვა უნდოდა. დიდხანს უყურა, მაგრამ მასსა და დანიელს შორის მსგავსება ვერ აღმოაჩინა.
შემდეგ დანიელის ალბომი გადაშალა და კიდევ ერთხელ დასწყდა გული, რომ შვილს ვერაფერი ასწავლა, თავისი უნარები ვერ გადასცა და ვერ აქცია საუკეთესო მოსწავლედ. სწორედ იმ წამს წამოუტივტივდა ძველი ეჭვი: „იქნებ სამშობიაროში შეცვალეს?! ესე იგი, ჩემი შვილი ახლა სადღაცაა და უცხო ადამიანებთან ცხოვრობს?!“ – სოფოს ცივმა ოფლმა დაასხა და კარის ხმაც გაისმა: დანიელი დაბრუნდა სკოლიდან.
ფსიქოლოგმა მას ურჩია, სპორტში დაეხარჯა ენერგია, დანიელმა ცურვა აირჩია და ამან შედეგი გამოიღო: უფრო გახსნილი და მხიარული გახდა.
– დე. მოვედი, ძალიან მშია.
– ახლავე, ქაბაბი შეგიწვი. ბებოს პურიც მანდვეა, ტყემალიც, მე სამსახურში უნდა გავიქცე. შენ გაიცხელე. შეძლებ? - გასძახა სოფომ.
– კი, კი, - დანიელმა საძინებელში შეყო თავი და სოფოს გაუღიმა: ნელა იარე, არ ირბინო.
სოფოს თვალები აუცრემლიანდა.
– რა მოგივიდა? – ხმა შეეცვალა დანიელს, – მოხდა რამე?
– არა, არაფერი, რაღაც ფილმს ვუყურე და მას შემდეგ გული მაქვს აჩუყებული, – გაუღიმა სოფომ შვილს. მერე წამოდგა, ჩაიცვა და სახლიდან ნაჩქარევად გავიდა.
სოფო იმ სამშობიაროსკენ გაემართა, სადაც 15 წლის წინ იმშობიარა. სოფო რეგისტრატურასთან მივიდა და შუახნის ქალბატონს მიესალმა:
– გამარჯობა, – ქალმა თვალებით ანიშნა, ერთი წუთითო და ტელეფონი აიღო, – დიახ, ქალბატონო ნათელა, ჯერჯერობით არაფერი. ველოდებით, მე მაშინვე დაგირეკავთ და მოგახსენებთ. შემდეგ ტელეფონი გათიშა და სოფის მიმართა:
– რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
– 15 წლის წინ ამ სამშობიაროში ვიმშობიარე და იმ დღეს ვინც იმშობიარა, იმ ქალბატონების მისამართები მინდა.
– 15 წლის წინ?! – გაიკვირვა ქალმა, – ჯერ ერთი, ეს პერსონალური ინფორმაციია და ვერ გავცემთ და, მეორე, ჩვენი არქივი დაიწვა.
– როგორ თუ დაიწვა?! არქივი როგორ დაიწვა?! – სოფოს თვალები გაუფართოვდა.
– ნუ ღელავთ, ჩვენი არქივი დაიწვა, მაგრამ ასლები არის, იქიდან უნდა გამოითხოვოთ, თუმცა მეეჭვება, რომ მოგცენ, თუ არ დაასაბუთებთ, რაში გჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია, ჩვენს მთავარ ექიმს გაესაუბროთ.
– სად შეიძლება, ვნახო?
– დღეს ვეღარ ნახავთ, მაგრამ ხვალ მობრძანდით, ოღონდ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ აუცილებლად ნახავთ. ეს სამშობიაროა...
– კონსულტაციაზე რომ ჩავეწერო? – იკითხა სოფომ.
– ორსულად ხართ?
– დიახ, – უტიფრად იცრუა სოფომ.
ქალმა ეჭვით შეხედა, მაგრამ მაინც უთხრა:
– აი, იქ მიბრძანდით და ჩაეწერეთ.
სოფომ მადლობა გადაუხადა და გაეცალა. მიღებაზე ჩაეწერა, გონებაში კი ყველაფერი გათვალა, დნმ-ის ანალიზით გაარკვევდა, იყო თუ არა დანიელი მისი და ნიკოლოზის ღვიძლი შვილი და ეს უკვე იქნებოდა საიმისო არგუმენტი, რომ მოეძებნა თავისი შვილი, რომელიც 15 წლის წინ ამ სამშობიაროში გააჩინა. მაგრამ სოფომ ის კი აღარ იცოდა, თუ როგორ მოქცეულიყო ნიკოლოზთან. ისინი არასდროს ყოფილან ახლობელი ადამიანები ერთმანეთისთვის, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის პატივს სცემდნენ, ერთმანეთის იმედი ჰქონდათ. მათი ოჯახი ერთი გუნდი იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი დაინგრა.
სოფომ სახლის კარი შეაღო და ჩამიჩუმი რომ არ ისმოდა, დაიძახა:
– დანიელ, სახლში ხარ? – სოფოს არავინ გამოეპასუხა.
სოფო შვილის ოთახში შევიდა. დანიელი იქ არ იყო, მისი ოთახი კი, ჩვეულებისამებრ, არეული დახვდა.
– სახლში არ არის. მე ყველაფერი ვუთხარი, – სოფოს თავზე ნიკოლოზი წამოადგა.
– რა უთხარი? რატომ უთხარი? ისედაც რთული პერიოდი აქვს, – სოფო გაბრაზდა.
– არ ვაპირებდი, მაგრამ ნოტაციების წაკითხვა დამიწყო იმ უნიჭომ! შენ გიცავდა. ბუნებრივიცაა, ის ხომ ჩემი შვილი არ არის?!
– თვალზე რა გჭირს? რატომ გაქვს ჩაწითლებული? – ჰკითხა სოფომ.
– შენი საქმე არ არის, – ნიკოლოზი გატრიალდა, რომ ოთახიდან გასულიყო.
– არ წახვიდე. უნდა ვილაპარაკოთ. გთხოვ, მომისმინე.
– თუ გაყრის შესახებ, გისმენ. იმედია, გესმის, რომ ამის შემდეგ ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ. გისმენ, რის თქმას აპირებ? – ნიკოლოზი სავარძელზე ჩამოჯდა. სოფო – დანიელის საწოლზე.
– უდიდესი ალბათობით, დანიელი შენი შვილი არ არის, – მძიმედ წარმოთქვა სოფომ: მაგრამ მე შენთვის არ მიღალატია არასდროს!
– ეს როგორ? – ბოროტად ჩაიცინა ნიკოლოზმა.
– გონიერი ადამიანი ხარ. თავად იფიქრე, მარტივი ამოცანაა, – სოფომ ნიკოლოზს შეხედა, როგორც მასწავლებელი უყურებს ხოლმე უნიჭო მოწაფეს, იმიტომ რომ მისთვის ამ ამოცანის პასუხი დღესავით ნათელი იყო.
– არ გინდა ეს ქალური ჩახვევები. არ გიხდება. მოდი, დავასრულთ ეს ფარსი, ჩვენ ხომ ცივილიზებული ხალხი ვართ, ბოლოს და ბოლოს, – და ნიკოლოზმა უცებ სახეზე მიიდო ხელი, ყინულს დავიდებ, – ოთახიდან გავიდა და ჩაილაპარაკა, – მხეცი!
სოფო უკან გაჰყვა და ლაპარაკი გააგრძელა:
– ძალიან მტკივა გული, ამას რომ ვამბობ, მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ დანიელი ჩემი შვილიც არ არის.
– ოპა! – წამოიძახა ნიკოლოზმა მხიარულად, – აი, ამას არ ველოდი, მაგრამ უცებ დასერიოზულდა, – რის თქმა გინდა ამით?
– იმის, რომ ჩემი და შენი შვილი ახლა სხვა ადამიანებთან იზრდება, მათი შვილი კი – ჩვენთან. გაიგე ახლა?! და მითხარი, ვინ არის ის ტიპი ფოტოზე და საიდან გაქვს მისი სურათი?
ნიკოლოზს სახეზე დაბნეულობა შეეტყო, დაფიქრდა, ცოლის სიტყვები ენიშნა.
– მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ ფოტოზე? – ორჭოფულად ჰკითხა სოფოს.
– რა თქმა უნდა, ვერ ხვდები, რომ მნიშვნელოვანია?! ვინ მოგცა ეს ფოტოსურათი?
ნიკოლოზი შეყოვნდა:
– ერთმა ქალმა მომცა.
– ვინ ქალმა? და იმ ქალს საიდან ჰქონდა? – არ მოეშვა სოფო.
– არ ვიცი, არ ვიცნობ, – შეუღრინა ნიკოლოზმა, – ეს ფოტო იმას ამტკიცებს, რომ შენ მე მატყუებდი და სხვისი შვილი გამაზრდევინე და თავი ცოლად მომაყვანინე, იმიტომ რომ იმ სხვამ ცოლად არ მოგიყვანა.
სოფო უცებ მიხვდა, რომ ნიკოლოზთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და გაეცინა:
– შენ, უბრალოდ, გინდა, როგორმე გაამართლო, რომ მიდიხარ შენს საყვარელთან. მე კი მინდა, ჩვენი შვილი ვიპოვო, დამეხმარები?
– მე ჯერ არ ვიცი, რა მინდა, – ამოთქვა ნიკოლოზმა და უცებ კარი გაჯახუნდა. სოფო მიხვდა, რომ დანიელი გავიდა, რომელმაც, როგორც ჩანს, უნებლიეთ მოისმინა მათი საუბარი. მაშინვე შვილს გაეკიდა. სადარბაზოს გასასვლელში დაეწია:
– წამო სახლში, გთხოვ. სად მიდიხარ?
– ესე იგი, არც შენი შვილი ვარ?! ვინ ვარ, აბა?! – სოფო შვილს მიუახლოვდა და ორივე ხელში მოიქცია მისი სახე: დანიელს ლოყები სველი ჰქონდა.
– როგორ ამბობ ამას?! – სოფოს გული შეეკუმშა, – შენ ჩემი შვილი ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში და ამას წყალი არ გაუვა. წამოდი სახლში, გთხოვ.
– არა, იქ ის კაცია, – დანიელმა უკან გადადგა ნაბიჯი.
– მაინც არ უნდა დაგერტყა, მამაშენია, გაგზარდა, – ფრთხილად შეაპარა სოფომ.
– არ არის მამაჩემი, – დაიბღვირა დანიელმა.
– მაინც არ უნდა დაგერტყა, უფროსია. მიდი, პატიება სთხოვე. ჩემი ხათრით.
– გატყუებს, დედა. ჩემი თვალით ვნახე იმ ქალთან ერთად. და ამის შემდეგ ჭკუას მასწავლის ხოლმე და არანაირ პატიებას არ ვთხოვ, – დანიელმა ეს თქვა და გაიქცა. სოფო გაეკიდა, – გაჩერდი, გთხოვ, არ წახვიდე, სად წახვალ?! – მაგრამ დანიელი გაუჩინარდა. სახლში რომ ავიდა, იქ არც ნიკოლოზი დახვდა. სოფო სავარძელზე დაეშვა და პირველად იგრძნო მთელი სიცხადით, თუ რა ძვირფასი იყო მისთვის დანიელი...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან