რომანი და დეტექტივი

ს ხ ვ ა მ ე

№27

ავტორი: ნია დვალი 20:00 15.07, 2022 წელი

სხვა მე
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #21-26(1122)

ელე სავარძელში ჩაჯდა, ბალიში ზურგს უკან ამოიდო, თვალები დაიფარა და მარიამის ხმას მიენდო... ოღონდ იმ რამდენიმე კარამდე რომ მივიდნენ, მარიამის ხმამ უბრძანა: გააღე კარი, რომელსაც აწერია „ირინა“ და ელემ კარი გააღო...

– დიდი დარბაზია, ყველანი ცეკვავენ, – წარმოთქვა ელემ.

– ცნობ ვინმეს? – მარიამის ხმა მართავდა ელეს ხილვას.

– აი, ეს მე ვარ, ფრიალა, გრძელი კაბა მაცვია და კულულები მაქვს, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, ვიღაც ახალგაზრდა ვაჟთან ერთად ვცეკვავ. ძალიან ბედნიერი ვარ.

– იცნობ იმ ვაჟს? ვინ არის?

– არ ვიცი. გვერდით, რაღაცნაირი თაღია, ვიღაც ასაკოვანი კაცი დგას, მგონი, მამაჩემია და, ასევე, ასაკოვან კაცს ელაპარაკება, მგონი, ჩემზე ლაპარაკობენ.

– რას ლაპარაკობენ?

– მამაჩემი აპირებს, რომ მიმათხოვოს. მე არ მინდა, არ მომწონს ის ბებერი კაცი, – ელე აღელდა და ცმუკვა დაიწყო.

– დამშვიდდი. კიდევ რას ხედავ? ცნობ ვინმეს?

– ახლა ღამეა, შიშველი, ფოთლებისგან დაცლილი ხეების სილუეტები ჩანს სიბნელეში. მე ცხენით მივქრივარ, უკან მომსდევენ. მგონი, აი, იმ ახალგაზრდა ვაჟს უნდა შევხვდე, ვისთან ერთადაც ვცეკვავდი... ახლა თეთრი კაბა მაცვია, არა, საღამური და თმით მიმათრევენ სადღაც. მე ვყვირი და თავის ქალა რომ არ ამეხადოს, ჩემსავე თმას ვიჭერ, რომლითაც მიმათრევენ. სადღაც ჩამკეტეს... დილეგს ჰგავს.

– ვინ ჩაგკეტა?

– ჩემმა ქმარმა... ნათლად ვხედავ, თავზე ბერეტივით ქუდი ახურავს, იმ ოთახში შემოდის, სადაც დამაგდეს და მცემს...

– რატომ გცემს?

– იმიტომ რომ გაქცევას ვაპირებდი.

– ვინ არის ის შენი ქმარი. ცნობ?

– ვერ ვცნობ.

– ჰკითხე, ვინ ხარ–თქო.

ელე გაჩუმდა და გაოცებისგან პირი გააღო: ღმერთო ჩემო, ირინაა.

– არ გაახილო თვალები! – უბრძანა მარიამის ხმამ: დარჩი, სადაც ხარ. კიდევ რა ხდება?

– დაღონებული ზის, ძალიან უბედურია.

– რომელი საუკუნეა? – ჰკითხა მარიამის ხმამ.

– არ ვიცი, მეჩვიდმეტე ან მეთვრამეტე... ძალიან მეცოდება, მაგრამ არ მიყვარს...

– პატიება სთხოვე, – ურჩია მარიამის ხმამ.

– პატიება რატომ უნდა ვთხოვო? ძალით მიმათხოვეს და მცემა?! – გააპროტესტა ელემ.

– უნდა სთხოვო პატიება, იმიტომ რომ დიდი შეურაცხყოფა მიაყენე, სხვასთან ერთად გარბოდი, – ურჩია მარიამის ხმამ.

ელე ჩაჩუმდა.

– სთხოვე პატიება? – დააზუსტა მარიამის ხმამ.

– კი, ვთხოვე.

– ახლა მადლობა უთხარი და სამზე თვალები გაახილე.

ელემ თვალები გაახილა. მარიამი გამომცდელად უყურებდა: მიხვდი, რაც ხდება?

ელე უაზროდ იყურებოდა: მგონი, კი.

– ორივე, დედაშენიც და შენი შვილიც, უარყავი, ამიტომ გეჭიდებიან. წესით, რადგან პატიება სთხოვე და ნახე, რაც მოხდა, ურთიერთობა უნდა მოგიწესრიგდეთ.

– თუ არ შეიცვალნენ?

– ეს უკვე მათი კარმული ვალი იქნება, – დარწმუნებით უთხრა მარიამმა: თუ გინდა, კიდევ ვისაუბროთ, დრო კიდევ მაქვს, სანამ შემდეგი პაციენტი მოვა,

– არა, კარგად მინდა, გავიაზრო, რაც ვნახე, დიდი მადლობა, – ელემ ფული თასში ჩადო და წამოვიდა.

ფეხით გავლა მოუნდა. ფიქრობდა იმაზე, რაც ნახა, ირინაზე, გოგაზე, ნატაშკაზე, ინგაზე, უამრავ ადამიანზე, რომლებიც გარს ეხვივნენ. ყველას თავისი სიმართლე და ტკივილი დაჰქონდა და არ აქვს მნიშვნელობა, ამ თუ იმ ცხოვრებიდან, რომელიც შეიძლება, არც არსებობდა. ან კი რატომ ერქვა სინამდვილე იმ ყოფას, რომელშიც ახლა ცხოვრობდნენ?! თითოეული, ხომ, თავისებურად აღიქვამს თავის ცხოვრებას?! შემდეგ სიტყვებით გამოხატავს, სიტყვები კი აღქმით დამახინჯებულს კიდევ ეფრო ამახინჯებს. ელე საკუთარი მაგალითით მიხვდა, რომ ადამიანებს აშინებდათ თავიანთი ნამდვილი სურვილები და სახე, ამიტომ იგონებდნენ ნიღბებს, სურვილებს, მიზნებს, რომლებიც მათიც არ არის, ისინი სხვების ან უხილავი სუფლიორის კარნახით იქმნება.

ინგასთან დარეკვა მოუნდა, უნდოდა, სიმართლე ეთქვა, სინამდვილეში რატომ გაბრაზდა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა მისი შეგონებით-აღმზრდელობითი ტონი და გადაიფიქრა. ავთოც შეეცოდა, ისიც თავის მიერ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობდა: საკუთარი თავი უზომოდ მოსწონდა და მხოლოდ მერეღა მიხვდა ელე, როგორ მოსწონდა ავთოს ისიც, რომ ელესნაირ ქალთან დადიოდა. კიდევ უფრო შეეცოდა და ამიტომ მიატოვა. ავთომ ეს უსამართლობად ჩათვალა და ელე დარწმუნებული იყო, დღემდე ვერ ხვდებოდა, რატომ მოექცა ელე მას ასე უსულგულოდ. ელეს მისი გადარწმუნება არც უცდია: რატომ უნდა გადააკეთო ადამიანი? იყოს ისეთი, როგორადაც თავისი თავი შექმნა. თუმცა ავთოსთვის არ დაუმალავს, რომ უღალატა და როგორც კი ეს სიტყვა ხმამაღლა წარმოთქვა ავთოსთან საუბარში, მიხვდა, რამდენად უადგილო იყო მისი და ავთოს ურთიერთობაში: როგორ უნდა უღალატო იმას, რაც არ არსებობს და თავიდან ბოლომდე ყალბია?! თუმცა ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ავთოს რეაქცია თითქმის არ ჰქონია და ელე მიხვდა, რომ ავთოსთვის, უბრალოდ, ბუტაფორია იყო, ავთოც არაფერს გრძნობდა, ანუ ელე მისთვის არავინ იყო, თორემ თავმოყვარეობის გამო, ხომ, მაინც უნდა გაბრაზებულიყო?! ავთო არათუ არ გაბრაზებულა, ელეს შთაბეჭდილება დარჩა, ავთო დარწმუნებულიც კი იყო, რომ ელეს მის გარდა ყოველთვის ჰყავდა ვიღაც და, თან, არაერთი. ელეს ეს არ სწყენია: ან კი რა იყო საწყენი?! როდესაც ადამიანისადმი არაფერს გრძნობ და მაინც ხვდები, ეს ღალატზე უარესია. ოღონდ ავთო ამდენს ვერ მიხვდებოდა, – ელე ამაშიც დარწმუნებული იყო.

ფეხით დიდხანს იარა და იმდენად შორს წავიდა, რომ თავის მანქანასთან ტაქსით მისვლა მოუწია. თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ ირინას არც ერთხელ არ დაერეკა. ელემ იცოდა მიზეზი: ირინას გოგა ჰყავდა სახლში და მეტი არც არავინ უნდოდა, თუმცა ელე იმასაც მოელოდა, რომ ირინა, საბოლოოდ, ნატაშკას დაიფრენდა: აი, მაშინ კი დაიწყება თავდავიწყება, – გაიფიქრა ხმამაღლა.

ელე მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ ჩვეულ გზას დაადგა, ოღონდ მანქანა ავტოფარეხში არ შეუყვანია, სხვა ადგილას გააჩერა. ზარი არ დაურეკავს. ავტომატურად ჩამოსწია სახელური და კარიც გაიღო: ისევ ღია დატოვეს, – გადააქნია თავი.

კარის ხმა არავის გაუგონია. გოგა და ირინა სამზარეულოში ისხდნენ. და ელეს თავის სიცოცხლეში პირველად მოუნდა, რომ მაათთვის მიეყურადებინა. ფეხაკრეფით მიუახლოვდა სამზარეულოს ვიტრაჟულ კარს და გაირინდა.

– მეგონა, დედაშენი გადაირეოდა, მაგრამ მშვიდად მიიღო, – ჩურჩულებდა ირინა, ალბათ, იმიტომ რომ ნატაშკას არ გაეგო: არაა ცუდი ადამიანი, მაგრამ ძალიან ეგოისტია, ყველაფერი თავისთვის უნდა. მარტო საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს.

ელეს გასაკვირად, გოგა ხმას არ იღებდა.

– ვითომ ეთანხმება? – ელეს უნდოდა, კარი შეეგლიჯა და ირინა შუაზე გაეგლიჯა, იმიტომ რომ, თუ ამქვეყნად ვინმე უყვარდა, ეს გოგა იყო, მაგრამ იცოდა, რომ ეს არაგონივრული ქცევა იქნებოდა, ამიტომ მიყურადება არჩია.

– ხომ მისმენ, გოგა?

– გისმენ, ირ, გისმენ, – უპასუხა გოგამ თავისი ხავერდოვანი, დაბალი ხმით, რომელიც ელეს ასე ძალიან უყვარდა.

– ან მამაშენს რას ერჩოდა, მშვენიერი ბიჭი იყო, ათი თავით ჯობდა ელეს...

– კაი ახლა, ირ, აჭარბებ, – გააპროტესტა გოგამ.

– ახლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ, ახალგაზრდობაში ჯობდა დედაშენს, – დაბეჯითებით თქვა ირინამ და ელეს მწარედ ჩაეცინა. ახლაც ჩაესმოდა ირინას ხმა: სად მონახე ეს პიჟონიო.

– ელე ლამაზია, ირ, – ისევ აპროტესტებდა გოგა.

– ჰო, თავს უვლის, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია და რატომ არ იქნება ლამაზი?! აბა, მე ამ სახლს არ გავცდენილვარ, დილიდან საღამომდე საქმეში ვარ, ის კი დაიარება წინ და უკან, ვითომ საქმეს აკეთებს... ან ამდენ ხანს სადაა?! ხომ იცის, რომ აქ ხართ?! მაგრამ არ აინტერესებს, ისევ იმ საძაგელ კაცთანაა, ალბათ.

ელე ბოლო ფრაზამ გაანადგურა. გული დაწყდა: არა იმდენად იმის გამო, რომ დედამისი ასე ლაპარაკობდა მასზე, უფრო იმიტომ, რომ გოგა ამ ბოდვას მშვიდად უსმენდა. გოგასგან უფრო ეწყინა, მისგან არ მოელოდა. და ელემ ნათლად დაინახა, როგორ ურეცხავდა ირინა გოგას ტვინს ბავშვობიდანვე და ელეს წინააღმდეგ განაწყობდა. იმიტომ არა, რომ ირინა ბოროტი იყო, უბრალოდ, უნდოდა, რომ გოგას ელეზე მეტად ჰყვარებოდა. ელეს გული ეტკინა: მისი უსაყვარლესი ორი ადამიანი, რომელთა გამოც თავს არასდროს მისცა პირადი ცხოვრების უფლება, იჯდა და მის ზურგს უკან მას ჭორავდა.

ელემ კარი ჩუმად გააღო და სახლიდან გავიდა. მანქანაში ჩაჯდა, როგორც თავშესაფარში და ვატო გაახსენდა. ვატო უნებლიეთ აღმოჩნდა ის ადამიანი, ვისთანც ელემ თავისი ნამდვილი, ფარული სახე გამოამჟღავნა, ის, ვისაც თავადაც არ იცნობდა. სავიზიტო ბარათი ამოიღო და ტელეფონის ნომერი აკრიფა.

ვატომ ტელეფონი არ აიღო. ელემ ტელეფონში სასტუმროების ძებნა დაიწყო და ვატომაც დარეკა: არ ველოდი, რომ საღამოს დამირეკავდით...

– მიიღებ გზააბნეულ მგზავრს, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს? – ჰკითხა ელემ.

– რა თქმა უნდა, ჩაგიგდებ მისამართს ან მოგაკითხავ, – ელეს მოეწონა ვატოს რეაქცია.

– მისამართი ჯობია.

– კონსიერჟს გავაფრთხილებ და ამოგიშვებს, – ელეს კონსიერჟის ამბავი არ მოეწონა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს პირობითობები წარსულში უნდა დაეტოვებინა და არა მხოლოდ სიზმარში, ცხადში გაღვიძების დროც დადგა.

კონსიერჟმა ელე მალულად შეათვალიერა, ვატო კი ღია კართან დახვდა. ელემ ხელი გაუწოდა: მე ელე მქვია.

– კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩემს ცხოვრებაში, იმედია, ახლა უარს არ მეტყვი კოცნაზე, – გაუღიმა ვატომ.

– არაფერზე გეტყვი უარს...

დასასრული


მსგავსი სიახლეები

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 24.06, 2022 წელი

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 01.07, 2022 წელი

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 08.07, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი