რომანი და დეტექტივი

ს ხ ვ ა მ ე

№26

ავტორი: ნია დვალი 20:00 08.07, 2022 წელი

სხვა მე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #21-25(1121)

ინგამ ლაპარაკი დაიწყო, ელე კი გულგრილად ათვალიერებდა ოთახის ინტერიერს, რომელიც თანამედროვე, მინიმალისტური, ოდნავ პირქუში და ძვირად ღირებული მასალით იყო მოპირკეთებული.

– თქვენ რას იტყვით, ქალბატონო ელე? – უცებ მას მიმართა ნოდარმა და ელე კინაღამ სკამიდან ჩამოვარდა, ავთო გაახსენდა, თავისი „ქალბატონო ელეთი“: ქალბატონმა ინგამ ყველაფერი თქვა, მე ვერაფერს დავამატებ, – და გაიღიმა.

– მაშინ ქალბატონ ინგას ცოტა ხნით გავიტაცებ, – გაიღიმა თანაშემწე ნოდარმა.

– ოღონდ, უვნებლად დააბრუნეთ, – ცალყბად გაეხუმრა ელე, რაზედაც ინგამ თვალები დაუბრიალა.

ელე ოთახში მარტო დარჩა და სკამზე ტრიალი დაიწყო. ცოტა ხანში თავბრუ დაეხვა და ისევ ოთახის თვალიერებას შეუდგა. ვიდეოკამერები შენიშნა. ერთ-ერთთან მივიდა და ხელი დაუქნია: თუ ჩართული არ იყო, ვერავინ დაინახავდა, ხოლო, თუ ჩართული იყო, დიახაც, უნდა დაექნია ხელი და ისევ თავის მიერ შერჩეულ ადგილას დაჯდა. ინგა და ნოდარი იგვიანებდნენ: ნეტავ, ერთმანეთი ხომ არ შეუყვარდათ?! გაიფიქრა ელემ და გადაიხარხარა. მერე წყლიან ბოთლს დასწვდა, თავსახური მოხადა, ყველაზე ახლო კამერისკენ გაიშვირა, გაგვიმარჯოსო და დალია. ტელეფონი აიღო და ინგას დაურეკა: სად ხართ ამდენ ხანს?

– მალე მოვალთ, დამელოდე, – ნაჩქარევად უთხრა ინგამ და გაუთიშა. ინგა ძალიან კმაყოფილი იყო, ელემ ხომ იცოდა, რომ ინგა ახლა თავს მნიშვნელოვან პერსონად თვლიდა, რაკი თანაშემწე ნოდარმა ის წაიყვანა და ელე დატოვა. ელეს ინგა, როგორც ვიცით, უყვარდა, ამიტომ მოთმინებით აღიჭურვა. ყურსასმენები გაიკეთა, თავისი საყვარელი მუსიკა ჩართო და თვალები დახუჭა. სიმღერა საცაა, დასრულდებოდა, რომ ელეს სკამი ვიღცამ 180 გრადუსით მიატრიალა და როდესაც თვალები გაახილა, მის წინ, არც მეტი, არც ნაკლები, ვატო იდგა.

ელემ ყურსასმენები მოიხსნა: შეენ?! – და მაშინვე გამოასწორა: თქვენ?!

– დიახ, მე, – გაუღიმა ვატომ.

– ესე იგი, ჩვენი პრეზიდენტი, რომელმაც დიდი ბოდიში შემოგვითვალა? – ელემ ზუსტად გაიმეორა ნოდარის ინტონაცია.

– ესე იგი, უბრალოდ, ელე? – შეუბრუნა კითხვა ვატომ, – არ ველოდი ასეთი მაღალი კლასის სამსახიობო ნიჭს, მშვენიერია.

– თქვენი მხრიდან ეს ცუდი საქციელია, – ელეს მართლაც არ მოეწონა ვატოს დანახვა, იმიტომ რომ საქმესა და პირად ცხოვრებას ერთმანეთში არ ურევდა.

– არც ისე ცუდი საქციელი, ვიდრე დაუმშვიდობებლად წასვლა, – ნიშნის მოგებით უთხრა ვატომ.

– ინგას დავურეკავ, ჩვენი წასვლის დროა, – წამოდგომა სცადა ელემ.

ვატომ ელე მოიმწყვდია: ორივე ხელი მაგიდაზე დადო, ასე რომ, ელეს ფეხები ვატოს ფეხებს შორის აღმოჩნდა. ელემ სახე მარჯვნივ მიიბრუნა და წამოჭარხლებულმა თქვა: ეს უზნეო საქციელია და არასწორი. მე თქვენთვის არ მომიცია ჩემთან მოახლოების უფლება. როდესაც მოგეცით, მაშინ მინდოდა, ახლა აღარ მინდა.

ვატომ მაშინვე გაუშვა ხელი მაგიდას და უკან დაიხია.

– არ მინდოდა თქვენი გაბრაზება.

– მე არ გავბრაზებულვარ. მე ეს არ მომწონს. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პროექტის დაფინანსების გამო მე თქვენთან დავწვები, ცდებით. უთხარით ნოდარს, ინგა მოიყვანოს. ჩვენი თანამშრომლობა არ გამოვა.

– ასეთი ცუდი შთაბეჭდილება დავტოვე? – ჰკითხა ვატომ.

– არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ, – სიტყვა ბანზე აუგდო ელემ და მიხვდა, რომ ვატომ ეგვიპტეშივე გაარკვია მისი ვინაობა და წარმომავლობა. ეწყინა, იმიტომ რომ ამ ისტორიაში უკვე აღარაფერი იყო იდუმალი.

– კარგი, მაგრამ ეს პროექტი, მართლაც, კარგია და მე მინდა, რომ დავაფინანსო, ჩემთვის პრობლემა არ არის.

– ჩემთვისაა პრობლემა, – შეუღრინა ელემ, იმიტომ რომ თავს სრულ ბითურად გრძნობდა.

– მაშინ ქალბატონ ინგასთან განვაგრძობთ, თუ თქვენ არ გინდათ, – გაუღიმა ვატომ.

– დიახ, მე არ მინდა. გისურვებთ წარმატებას. ვიცი, რომ გალანტური ხართ და ქალბატონ ინგას გააცილებთ, ნახვამდის, – ელე თეატრალურად წამოდგა (ბოლოს და ბოლოს, ირინას ღვიძლი შვილი იყო?!) და კარისკენ გაემართა.

– მე მართლა გეძებდი, იმიტომ რომ მართლა მომწონხარ, ინგას შემთხვევით გადავეყარე და ვიფიქრე, რომ ეს დამთხვევა შემთხვევითი არ არის, – მიაძახა ვატომ, სანამ ელე ოთახიდან გავიდა.

ელე ცოფებს ყრიდა, ისე იყო საკუთარ თავზე გაბრაზებული. მაგრამ იცოდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა. შენობიდან გასულიც არ იყო, ინგამ რომ დაურეკა:

– სად წახვედი, შენ ნორმალური ხარ?!

– ირინა გახდა ცუდად, „სასწრაფომ“ კლინიკაში გადაიყვანა და აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი, – უტიფრად იცრუა ელემ. რადგან იმ მომენტში სახლის გარდა წასასვლელი არ ჰქონდა, სახლის გზას დაადგა.

სახლში მორიგი მოულოდნელობა ელოდა: ირინას ნატაშკას მშობლებიც მოეპატიჟებინა და ისეთი ორომტრიალი იყო, რომ იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, მაგრამ ირინა ახერხებდა, ყველასთვის გადაეყვირა და მხოლოდ მისი ხმა ისმოდა. ნატაშკას დედა თვალცრემლიანი ჩაეკონა ელეს, ელეც არანაკლებ გულითადად მიეკრო: ნეტავ, ამათი ნათესავი არ აღმოჩნდებოდეს ვატო და აღარაფერს ვჩივი, – თავისთვის ფიქრობდა და გოგას უყურებდა. თან, რაც რეგრესიაში ნახა, ის ახსენდებოდა. მოუნდა, მოფერებოდა, როგორც ბავშვობაში ეფერებოდა ხოლმე. გვერდით მიუჯდა და თავზე მოხვია ხელები: მიყვარხარ, დედიკო, ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე და ლოყაზე აკოცა.

– მეც მიყვარხარ, დე, – გოგა ძალიან თბილი შვილი იყო. დედა–შვილის ეს დიალოგი არ გამოჰპარვია ნატაშკას და მაშინვე იქ გაჩნდა: გოგა, ნახე, რა მოგვიტანა დედაჩემმა?

ელეს ჩაეღიმა და ადგა: დიდი ბოდიში, სასწრაფოდ მაქვს დასასრულებელი პროექტი, ერთ საათში უნდა გადავგზავნო, იმიტომ დავბრუნდი ასე ადრე და მოგვიანებით შემოგიერთდებით.

ელე თავის ოთახში შევიდა, კარი ჩაკეტა და წამოწვა. ამდენი შთაბეჭდილება ერთ დღეს ელესთვისაც ზედმეტი აღმოჩნდა. ინგას ზარმა გამოაფხიზლა: შენ მე ჭკუიდან გადამიყვან, სად წახვედი? რატომ შემატოვე ის კაცები? დაიკიდე ჩვენი პროექტი?

– ჩვენი არა, ინგა. ჩემი პროექტი! ეს ერთი! მეორე – შენ დამტოვე მარტო და გაჰყევი იმ ვიღაც ნოდარს და მესამე: არ ვარ ვალდებული, შენი ცუდი ხასიათი ავიტანო. ერთხელაც შენ შემიწყვე ხასიათი. მე მაგ ტიპთან ჩემს პროექტს არ გავაკეთებ. შენ დაწერე შენი პროექტი და შესთავაზე. გასაგებად ვთქვი?!

– მე ამის ღირსი ვარ შენგან? – ელე გრძნობდა, როგორ გაულურჯდა ტუჩები ინგას,

– არა, არ ხარ, იმიტომ რომ უფრო ადრე უნდა მეთქვა, რომ ხასიათი უნდა გამოისწორო, თუ ადამიანებთან ურთიერთობა გინდა და სამყარო შენი და შენი პრობლემების გარშემო არ ტრიალებს, იმას გარდა, რომ ჩემი–შენი არასდროს გეშლება, როცა პროექტი შენია, მაგრამ ეგრევე ჩვენი ხდება, როცა პროექტი ჩემია. ჰოდა, აწი ან შენია, ან ჩემია, ან ჩვენია. მოიფიქრე და დარეკე, – ელემ უცერემონიოდ გაუთიშა ინგას და ზარი გამორთო.

არ მოსწონდა საკუთარი საქციელი და ისიც იცოდა, რომ ახლა სულ სხვის ჯავრს იყრიდა ინგაზე, მიუხედავად იმისა, რომ, რაც უთხრა, სრული სიმართლე იყო. ცოტა ხანში კარზე ვიღაცამ დაუკაკუნა – ირინა იყო.

– ელე, გამოდი, შვილო.

– დედა, ხომ გითხარი, რომ ვმუშაობ? – როგორც შეძლო, ისე მშვიდად უპასუხა ელემ.

– ვიცი, მაგრამ გზავნილია შენთვის, – მორიდებით უთხრა ირინამ.

ელე წამოდგა და კარი გააღო.

– რა გზავნილი?

– შემარცხვენელი ხარ, – ჩაუსისინა ირინამ: არ ვიცი, კართან გელოდებიან, – და თვალები დაუბრიალა.

ელე შემოსასვლელში გავიდა და კარი გაღო. კურიერი იდგა ვარდების უზარმაზარ თაიგულთან ერთად.

– ეს ბარათიც თქვენთვისაა, გაუწოდა ორივე და წავიდა.

ელემ ბარათი გახსნა: „შეთანხმება, ხომ, ძალაშია. დამირეკე, როცა გადაწყვეტ“. წარმოდგენა არ ჰქონდა, სად წაეღო ეს ყვავილები და უცებ მოიფიქრა. ბარათი ჯიბეში ჩაიდო და მისაღებ ოთახში საზეიმო სახით შევიდა.

– ეს თაიგული ჩემს რძალს! ირინას ცრემლები წამოსცვივდა, ნატაშკას დედა გაიფხორა, ნატაშკას თვალები აუციმციმდა, მხოლოდ გოგა და ნატაშკას მამა მიხვდნენ, ვის ეკუთვნოდა ეს თაიგული, თუმცა ისინიც იღიმებოდნენ. ის საღამო მხიარულად გაატარეს, თუ არ ჩავთვლით, რომ ავთო რეკავდა გაუთავებლად. ელე უთიშავდა. ბოლოს მისწერა: „დამანებე თავი, თუ ძმა ხარ. აღარ მინდიხარ.“ ავთო მაინც რეკავდა, ამიტომ ელემ ტელეფონი გამორთო.

სტუმრები რომ წავიდნენ და ირინამ სახლი მიალაგ-მოალაგა, რაშიც ნატაშკა აქტიურად ეხმარებოდა, ელე და გოგა სამზარეულოში ისხდნენ. არც ერთი ხმას არ იღებდა. დუმილი გოგამ დაარღვია:

– არ მოგწონს, აქ რომ გადმოვედით?

– არა, – მოკლედ მოუჭრა ელემ.

– ხანდახან მგონია, რომ არ გიყვარვარ.

– ცდები. მაგრამ მე შენთვის ჩემი სიყვარულის დამტკიცებას არ ვაპირებ. გახდები მშობელი და ყველაფერს მიხვდები. თუ ვერ მიხვდები, ცუდია.

– ყოველთვის ასე მელაპარაკებოდი.

– აბა, ენის მოჩლექით უნდა მელაპარაკა?! კაცი ხარ!

გოგა წამოდგა და უხმოდ გავიდა. ელე ერთხანს იჯდა ასე უძრავად და თავის ოთახში შევიდა. მკვდარივით დაეძინა. მეორე დღეს 12 საათზე ისევ მარიამთან გამოცხადდა.

– დღეს რა გვაინტერესებს? – ჰკითხა მარიამმა.

– ისევ იგივე, დღეს დედაჩემის ამბავი მაინტერესებს. რომ ჰკითხო, განიცდის, ქმარი რომ არ მყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულიც გაუსკდება, მართლაც რომ გავთხოვდე.

– კარგი, ვნახოთ, რას გემართლება ის სული, რომელიც დედაშია.

დასასრული შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 17.06, 2022 წელი

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 24.06, 2022 წელი

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 01.07, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი