რომანი და დეტექტივი

ს ხ ვ ა მ ე

№25

ავტორი: ნია დვალი 20:00 01.07, 2022 წელი

სხვა მე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #21-24(1120)

– ადექი, საუზმეს მოგიმზადებ, – შესთავაზა ირინამ.

– მე თვითონ მოვიმზდებ, შენ არ მოგაცდენ, – ვითომც არაფერიო, ისე უპასუხა ელემ. ეძინებოდა და თავი სტკიოდა. არადა რეგრესოლოგთან შეხვედრას რამდენი ხანია, ელოდა და ახლა მაინცდამაინც თავატკიებული უნდა მისულიყო?! შეატყო, რომ სიბრაზე ერეოდა, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა, იმიტომ რომ თავიც უფრო ასტკივდებოდა და დღეც გაურთულდებოდა. თვალები დახუჭა და სხეული მოადუნა. ჩაეძინა... ვატო დაესიზმრა, უფრო ზუსტად მასთან გატარებული ერთ-ერთი ღამე და თითქოს დენმა დაარტყაო, ისე წამოხტა საწოლიდან: დარწმუნებული იყო, რომ ვატოს შეხება იგრძნო. გული უცემდა. თავი დაიწყნარა და საათს დახედა – 11 ხდებოდა.

– რა ჯანდაბამ ჩამაძინა ან მაღვიძარის ხმა რატომ ვერ გავიგე?! – გაუბრაზდა საკუთარ თავს. მოსამზადებელად დრო არ ჰქონდა, არადა რეგრესიის შემდეგ, საღამოს 5 საათზე ინგას უნდა შეხვედროდა, რომ სპონსორთან მისულიყვნენ, რომელიც თითქოს ციდან ჩამოვარდაო, ტუზივით დაეცათ. ინგამ გაიცნო მეგობრის დაბადების დღეზე და პროექტით დააინტერესა. ელვის უსწრაფესად ჩაიცვა, ისაუზმა (დილით აუცილებლად უნდა ესაუზმა), თავი მოილამაზა, კოსმეტიკა ჩანთაში ჩაიყარა, რომ 5 საათისთვის ისევ შელამაზებულიყო (პროექტი – პროექტად, მაგრამ თვალი ჭამს და თვალი სვამსო) და სახლიდან გავარდა. ირინა ისე იყო გართული ნივთების გადაწყობა-გადმოწყობით, შვილისთვის არ ეცალა. ერთი კი გასძახა, როდის მოხვალო, ისიც ყასიდად და თავისი საქმე განაგრძო. ელემ მანქანის გასაჩერებელი ადგილი ძლივს იპოვა სოლოლაკის ვიწრო ქუჩებში და არანაკლებ ძლივს აკაკუნდა თავისი ქუსლებით მესამე სართულზე. მარიამის სახლის კარი ღია იყო (მეზობელმა მიასწავლა პირველ სართულზე). ელემ მაინც დააკაკუნა და შესძახა, შეიძლებაო.

– მოდი, მოდი, – შეიპატიჟა მარიამმა.

– მე ელე ვარ.

– მივხვდი, აქ დაჯექი და თუ მოხერხებულად არ ზიხარ, მითხარი, ბალიშს მოგცემ, – შესთავაზა მარიამმა.

– შუქს არ ჩავაქრობთ? – იკითხა ელემ.

– არა, რატომ უნდა ჩავაქროთ? – გაიკვირვა მარიამმა. ელემ მხრები აიჩეჩა და სავარძელი მოსინჯა, – მგონი, ბალიში მინდა.

მარიამმა მომცრო ბალიში მიაწოდა და თვალებზე ასაფარებელიც. თუ ასე გირჩევნია, გაიკეთე.

– დიახ, მირჩევნია – უთხრა ელემ, თვალები დახუჭა და მარიამის მიერ მოწოდებული სახვევი დაიმაგრა, თუმცა იმავდროულად გაიფიქრა, ნეტავ, ჩემამდე რამდენ ადამიანს ეკეთაო.

მარიამმა თითქოს გაიგონა ელეს ფიქრები: გარეცხილია, თითოეული სეანსის შემდეგ ვრეცხავ და ვაუთოებ, ნუ გეშინია.

– გმადლობთ. დავიწყოთ?

– ასე უცებ არა. კარგად დაჯექი, მოხერხებულად და მომიყევი, რა გაინტერესებს.

– დედაჩემი და ჩემი შვილი ისე მექცევიან, თითქოს მათი საკუთრება ვიყო, მგონია, რომ ეს არაჯანსაღია და მაინტერესებს, რა კარმული ვალები მაქვს, რომ ისინიც დავასვენო ამ შფოთისგან და მეც დავისვენო.

– მაინც როგორ? – დააზუსტა მარიამმა და ელემ მოყოლა დაიწყო. ვერც კი გაიაზრა, როდის უთხრა მარიამმა: მეტროს ესკალატორს ჩაყავხარ სადგურზე. სულ უფრო და უფრო ღრმად ჩადიხარ. რას ხედავ?

– ბორდოსფერი და შავი ფერი ირევიან ერთმანეთში... – ელე წყვეტილად ლაპარაკობდა. უცებ შეკრთა: მგლის სახე მოვიდა ძალიან ახლოს.

– ნუ გეშინია, ჩაჰყევი კიბეებს, ეს ქვეცნობიერის დარაჯია, ყველაფერს თავისი დარაჯი ჰყავს ამ სამყაროში, რომ არ შეუშვან ის, ვისი შეშვებაც არ უნდათ, მაგრამ მგელი თუ ახლოს მოვიდა და არ გერჩის, შენი მცველია. ჩადი უფრო ქვემოთ, – ელეს მარიამის ხმა ამშვიდებდა. შავ ფონზე მეწამულისფერი ფიგურები იხატებოდა და ელე მატარებლის ბაქანზე აღმოჩნდა.

– ბაქანზე ვარ, – უთხრა მარიამს.

– ძალიან კარგი, შენ წინ რამდენიმე კარია, გააღე, რომელსაც ამოირჩევ და შედი, – უბრძანა მარიამის ხმამ.

ელე დიდხანს ათვალიერებდა რამდენიმე კარს და, ბოლოს, ერთ–ერთი შეაღო: კარს იქით ღამე იყო. ნაბიჯი გადადგა და კარი უცებ მიიკეტა.

– კარი დაიკეტა, – შეშფოთდა ელე.

– არა უშავს, ნუ გეშინია, რას ხედავ?

ელემ თვალი მოავლო არემარეს, მართალია, ღამე იყო, მაგრამ გაარჩია, რომ მდინარე ჩამოდიოდა, მდინარის გადაღმა კი მთები მოჩანდა, ღამის ცაზე უფრო შავი.

– რას ხედავ? – გაუმეორა მარიამმა.

– ახალგაზრდა, ლამაზი, ქერათმიანი ქალია, ვიღაცის საფლავთან ზის და ტირის.

– ვინ არის ეს ქალი? ცნობ? ახლოს მიდი.

– არ ვიცი, ვინ არის, – დანანებით წარმოთქვა ელემ.

– კიდევ რას ხედავ?

– ტავერნას ჰგავს, ახალგაზრდა ბიჭია, უცნაური ტანსაცმელი აცვია, ფილმებში რომ მინახავს, ქეიფობს და გარშემო უამრვი ქალი ახვევია. მთვრალია, ერთი ქალი თან მოჰყავს...

– ვინ არის ის ახალგაზრდა ბიჭი?

– მე ვარ, – თავისდა მოულოდნელად თქვა ელემ და ზუსტად იცოდა, რომ ის ახალგაზრდა ვაჟი თავად იყო.

– დარწმუნებული ხარ? – დააზუსტა მარიამის ხმამ.

– დარწმუნებული ვარ. ვიღაც ქალი მყავს იქ, მისგან გამოვდივრ, ისევ მთვრალი ვარ, ხმალიც მიკიდია, მგონი, სამხედრო ვარ და ბარბაცით მოვდივარ სახლისკენ. მდიდრული სახლია. კარს მოსამსახურე მიღებს... შევდივარ... სანთლებიანი ჭაღი ანთია. დიდ ოთახში, აი, იმ ახალგაზრდა ქერათმიან გოგონას ვხედავ... ვბარბაცებ... მიჭერს და ლოგინისკენ მივყავარ.

– ვინ არის ის გოგონა?

– ჩემი შორეული ნათესავია... ჩვენთან ცხოვრობს, ობოლია და მამაჩემმა გაზარდა, დასავით მიყვარს.

– მასაც ისე უყვარხარ, როგორც ძმა?

ელე დაფიქრდა. რასაც აღწერდა, თითქოს ტელეეკრანზეც ხედავდა და კიდეც გრძნობდა...

– არა, მას არ ვუყვრვარ, როგორც ძმა... ვხედავ, თავის ოთახში ზის და ტირის, იმიტომ რომ ყურადაღებას არ ვაქცევ.

– რატომ არ აქცევ ყურადღებას?

– იმიტომ რომ ჩემი და მგონია, დასავით მიყვარს.

– ვინ არის ის ქერათმიანი გოგონა? – ისევ აზუსტებს მარიამის ხმა.

ელე შეძრწუნდა: ჩემი შვილი გოგა! – და თვალი გაახილა, მაგრამ თვალების ასაფარებელმა ხელი შეუშალა სინათლის დანახვაში.

– თვალი არ გაახილო. ისევ მანდ დარჩი. რა იცი, რომ შენი შვილი გოგაა?

– არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ჩემი შვილია... ის საფლავი, რომელსაც დასტიროდა, ჩემი იყო. მე დამტიროდა, რომელიღაც ომში მომკლეს. ნაწყენია ჩემზე, რომ არ ვამჩნევდი და სხვა ქალებთან დავდიოდი. ახლა რა ვქნა?! – ელე აღელდა.

– დაელაპარაკე და ბოდიში მოუხადე, აუხსენი, რომ მასში დას ხედავდი, თორემ ყველაზე მეტად გიყვარდა.

ელე დადუმდა. ისევ მდინარის პირას აღმოჩნდა, სადაც შავებში ჩაცმული ლამაზი, ქერათმიანი გოგონა იჯდა და ტიროდა. მასთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და პატიება სთხოვა. გოგონამ ლურჯი, ცრემლიანი თვალები შეანათა და უფრო მწარედ ატირდა.

– მაინც ტირის, – წარმოთქვა ელემ.

– არა უშავს, გულით სთხოვე პატიება და დაემშვიდობე.

ელე ისევ დადუმდა.

– გაპატია? – დააზუსტა მარიამმა.

– კი, მაპატია. ძალიან შემეცოდა... – ელეს ხმა აუკანკალდა.

– ახლა მადლობა გადაუხადე ყველა ძალას, ვინც ეს გაჩვენა და იმავე კარიდან გამოდი.

ელე ისევ გაჩუმდა და ცოტა ხანში თვალებიდან ასაფარებელი მოიხსნა.

– მიხვდი, ხომ, რაც ხდება? – ჰკითხა მარიამმა.

– მგონი, კი, – უპასუხა ელემ.

– შენი შვილი ვერ გპატიობს, რომ რომელიღაც ცხოვრებაში შენ მისი გრძნობები არ გაიზიარე და ამიტომ ახლა გიჭერს, რომ მის იქით გზა არ გქონდეს. წესით, ცოტა ხანში უნდა შეიცვალოს მისი შენდამი დამოკიდებულება.

ელე აღელვებული იყო.

– შეიძლება, მოვწიო? აივანზე გავალ.

– აქ მოწიე. ღიაა ყველაფერი, განიავდება, – შესთავაზა მარიამმა.

ელემ სიგარეტს მოუკიდა: დიდხანს ვიყავი?

– არა, იოლად შეხვედი. მთავარია, თავს როგორ გრძნობ?

– კარგად, ცოტა უჩვეულოა ჩემი შვილის ასეთ როლში ნახვა. უსიამოვნოა.

– არ არის სასიამოვნო, მაგრამ ასეა. ჩვენ, ყველანი, ვიცნობდით ერთმანეთს და შემთხვევითაც არ ვხვდებით. მზად ხარ კიდევ ერთი ჩასვლისთვის? – ჰკითხაა მარიამმა.

– დღეს ამით დავასრულოთ. მინდა, გადავხარშო, რაც ვნახე. ხვალ რომ მოვიდე? – შესთავაზა ელემ.

მარიამი თავის რვეულს დასწვდა.

– კარგი, მოდი ხვალ, ისევ ამ დროს.

ელემ ფული გადაიხდა, მარიამს დაემშვიდობა და წამოვიდა. თავი უბჟუოდა. თავადაც უჭირდა იმის მიღება, რაც ნახა. თვალწინ ის ქერათმიანი ლამაზი გოგონა ედგა... მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონი ჩართო. ინგას გამოტოვებული ზარები ნახა და მიშინვე გადაურეკა. ინგამ პირველივე ზარზე უპასუხა: რას მანერვიულებ? სამზე გადმოგვიტანა შეხვედრა სპონსორმა.

– უი?! მარიამთან ვიყავი და ტელეფონი მანქანაში დავტოვე, შენთან გამოვლას ვერ მოვასწრებ, ტაქსით წამოდი. მისამართი ჩამიგდე და ზუსტად სამზე იქ ვარ!

– რა სამზე?! სამს რომ ათი დააკლდება, რომ ზუსტად სამზე მის კაბინეტში ვიყოთ, – შეჰკივლა ინგამ.

– კარგი, სამს რომ ათი დააკლდება, – დაეთანხმა ელე და ტელეფონი გათიშა.

50 წუთი ჰქონდა. იქამდე მისასვლელად 15 წუთი დასჭირდებოდა; ვთქვათ, მანქანის დასაყენებლად, 10 წუთი ებოდიალა; 5 წუთი შესავლელთან მისასვლელად, ანუ თავისუფალი 20 წუთი რჩებოდა. ამოიღო თავისი კოსმეტიკა, სარკე და მაკიაჟის შეკეთებას შეუდგა. 20 წუთი იმყოფინა და მანქანა დაძრა. რეგრესია თავიდან ამოიგდო, იმიტომ რომ ახლა მისი ცხოვრების ამ ეპიზოდის მთავარი პერსონა სპონსორი იყო, ამიტომ მთელი ყურდღება მისკენ მიმართა.

სამს რომ ათი წუთი აკლდა, ელე შესავლელთან იდგა და ინგას ელოდებოდა. გზას უყურებდა, რომ ინგა არ გამოჰპარვოდა. ძალიან მალე ინგაც მოვიდა.

– შენ, მგონი, გამოსწორდი, – უთხრა ელეს.

– ვითვალისწინებ შენს შენიშვნებს, – გაუცინა ელემ.

– მესამე სართულზეა. ბევრი ფული ჰქონია, ასეთ ძვირიან ადგილას თუ აქვს ოფისი, – ინგამ შენობა შეათვალიერა.

– ძალიანაც კარგი, ჩვენც ეს გვინდა და მაინც არ მითხარი, სად გადაეყარე და რატომ დაგეთანხმა?

– მეც არ ვიცი, თვითონ გამიბა საუბარი, მკითხა, რას საქმიანობთო, ჩემი ბიძაშვილის ვიღაცაა. მეც მოვუყევი, რომ ამჟამად ვეძებდით სპონსორს ჩვენი პროექტისთვის. პროექტის ავტორებზე მკითხა და ვუთხარი, რომ ჩემი და შენი პროექტია. მაშინვე მითხრა, ორივენი მოდით და დეტალები შევათანხმოთო. ასე იოლად ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა. უცნაურია. – მხრები აიჩეჩა ინგამ.

– მთავარია, დაგვთანხმდეს. წავედით! – ელემ ინგა წინ გაატარა, ვინაიდან იცოდა, რომ ინგას უყვარდა საკუთარი თავის მთავარ პერსონად წარმოჩენა.

– გველოდებიან, სამ საათზე გვაქვს შეხვედრა, – უთხრა ინგამ ოფისმენეჯერს.

– დიახ, ქალბატონი ინგა და ქალბატონი ელენე, არა? ახლა თანაშემწე გაგესაუბრებათ, – ახალგაზრდა სათვალიანმა ქალმა ელეს და ინგას ზრდილობიანად გაუღიმა.

ეს ამბავი არც ინგას ესიამოვნა და არც ელეს, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ, ახალგაზრდა ქალს უკან გაჰყვნენ მოლაპარკებების ოთახისკენ. ელემ ჩათვალა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და ამიტომ უხალისოდ მიდიოდა, ინგა კი ენთუზიაზმს არ კარგავდა. ოთახში არავინ იყო. ელე ოვალური მაგიდის ერთ თავში დაჯდა.

– უხერხულია, ადექი, სხვაგან დაჯექი, – უთხრა ინგამ.

– უხერხული ის არის, კაცი რომ შეხვედრაზე დაგიბარებს და სხვას აგზავნის. არ ავდგები, – გაჯიუტდა ელე.

ინგას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრმ არ დასცალდა, კარი გაიღო და, დაახლოებით, 50 წლის მამაკაცი შემოვიდა.

– ესე იგი, ის ვიღაც მთავარი დიდი გადაღძუებული ვინმე იქნება, – დაასკვნა ელემ.

– უკაცრავად, ქალბატონებო, ჩვენმა პრეზიდენტმა დიდი ბოდიში შემოგითვალათ, მოგვიანებით შემოგვიერთდება, მანამდე კი მე გისმენთ ყურადღებით. ნოდარი, – და თანაშემწემ მორიგეობით ჩამოართვა ხელი ელესა და ინგას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 11.06, 2022 წელი

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 17.06, 2022 წელი

სხვა მე
ს ხ ვ ა მ ე

20:00 24.06, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი