რომანი და დეტექტივი

ს ხ ვ ა მ ე

№23

ავტორი: ნია დვალი 20:00 17.06

სხვა მე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #21-22(1118)

წავიდა და ერთ დღესაც, როდესაც აუზის წინ იწვა შეზლონგზე, ქართული ლაპარაკი შემოესმა. თავი არ აუწევია, სახეზე, მიუხედავად იმისა, რომ საჩრდილობლის ქვეშ იწვა, ქუდი ეფარა, ტელეფონზე მოსაუბრე მის მარჯვნივ იდგა ან იჯდა (დაწოლილი ასე ენერგიულად ვერ ილაპარაკებდა). ელე არ უსმენდა, მაგრამ სიტყვები ყურებს ესმოდა, თუმცა ტვინი ისხლეტდა. ყურისა და ტვინის ეს ჭიდაობა მალე მობეზრდა და მოდუნდა. მოდუნდა თუ არა, გაიგონა: სახეზე არ ვიცი, როგორია ან სადაურია, მაგრამ კაი ტანზე დგას. ელე მიხვდა, რომ მისი თანამემამულე მას გულისხმობდა. ის-ის იყო, უნდა წამომხტარიყო (ვინ არის სიმპათიურიო), რომ რაღაც ძალამ გააჩერა – არასდროს მქონია საკურორტო რომანი, მოდი, ვცადოთ, ხმას საერთოდ არ ამოვიღებ, ერთბაშად არ მიხვდეს, რა ჯიშის ვარ?! – ჩვეულად საკუთარ თავს გაესაუბრა ელე, – მაგრამ ჯერ ვნახოთ, იქნებ ჩემი სიფათი არ მოსწონს ვაჟს ან თვითონ რას ჰგავს, ხომ უნდა შევხედო?!

ელემ სახიდან ქუდი მოიშორა და წამოჯდა, ისე, რომ ტელეფონზე მოსაუბრე შეეთვალიერებინა: ძალიანაც არა უშავს, ცოტა ახალგაზრდაა, მაგრამ ამასაც არა უშავს, მე ამას ვასწავლი ჭკუას, – ეს გაიფიქრა და წამოიწია. მზე ოდნავ გადასული იყო, მაგრამ ელემ ინიციატივის თავის ხელში აღება გადაწყვიტა, მზისგან დამცავი კრემი აიღო და უცნობს ხელის მოძრაობით ანიშნა, მხრებზე თუ წამისვამთო.

ახალგაზრდა მამაკაცმა მარჯვენა ხელის მოძრაობითვე დააზუსტა, მე მომმრთავთო?! ელემ თავი დაუქნია, მისგან ზურგით დაჯდა შეზლონგზე და თვალები დახუჭა: აინტერესებდა, რას იგრძნობდა შეხებაზე. აქვე გეტყვით, რომ ელე ცოტა ზიზღიანი იყო, ამდენად, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ესიამოვნებოდა თუ არ ესიამოვნებოდა უცნობის შეხება.

– ქალებთან ურთიერთობის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს და საკუთარ თავშიც დარწმუნებულია, – გაიფიქრა ელემ კმაყოფილებით და თავადაც არ იცოდა, ეს თამაში რისთვის წამოიწყო. ხმას იმიტომ არ იღებდა, რომ არ უნდოდა უცნობის დაფრთხობა: იქნებ დაკომპლექსებულიყო?! თან, ასე უფრო მოსახერხებელი იყო, იმიტომ რომ საზღვაოდ გამოწყობილსა და თმააწეწილ ელეს მშობელი დედის გარდა ვერავინ იცნობდა არასაზღვაოდ გამოწყობილსა და დავარცხილ–მოვლილს.

მეორე მხრიდან თუ შევხედავთ ამ მოსახდენ ამბავს, ელე მთლად კეთილსინდისიერადაც არ იქცეოდა, იმიტომ რომ მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. და მერე რა, რომ „მეგობარი“ ცოტა გადაჭარბებული შეფასებაც შეიძლება, ყოფილიყო, ისევე, როგორც „მამაკაცი“, ვინაიდან ელეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რატომ ხვდებოდა ავთოს. არა, იმიტომ არა, რომ ავთო წყალწაღებული იყო, უბრალოდ მისადმი არაფერს გრძნობდა და ვერც იმას გეტყოდათ, რატომ აირჩია, მაინცდამაინც ის, როდესაც შეეძლო გაცილებით უკეთესი კანდიდატი შეერჩია ამ როლისთვის, მით უმეტეს, როდესაც არაფერსაც არ გრძნობდა?! მაგრამ საქმეც ის იყო, იმიტომაც შეარჩია, რომ მისგან არც არაფერი უნდოდა და მისადმი არც არაფერს გრძნობდა. ამდენად, ირინა მართალი იყო, გარეგნულად ისე ჩანდა, რომ ავთო ელეს იყენებდა (ირინამ ხომ არ იცოდა, რომ შეიძლება, პირიქითაც ყოფილიყო: ელე ავთოს სტანდარტული სქემისთვის იყენებდა). თან, ავთო არც აწუხებდა, ზრდილობიანი იყო, ყოველთვის ქალბატონო ელენეთი მიმართავდა, რაც ელეს ართობდა; თვეში 2–3–ჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეს ურთიერთობა აგერ უკვე მესამე წელია, გრძელდებოდა. იყო ერთი პრობლემაც – ავთოს გული აწუხებდა და ელეს ხშირად გაუელვებდა ხოლმე თავში, ერთხელაც ხელში რომ ჩამაკვდეს, რა მეშველებაო, მაგრამ, ღვთისა თუ ეშმაკის მადლით, ავთო ჯერჯერობით ცოცხალი იყო. ამ ურთიერთობის კომფორტი სიმშვიდე იყო და ისიც, რომ ავთო განათლებული ადამიანი გახლდათ და, შესაბამისად, მასთან საუბარი – საინტერესო. მაგრამ ელე გრძნობდა, რომ ეს ურთიერთობა თავისი ფინიშისკენ მიდიოდა და იმედია, ერთხელაც მიხვდებოდა, რა დატვირთვა ჰქონდა მის ცხოვრებაში ამ ყოვლად უსახურ ავთოს; უსახურს ელესთვის, თორემ ავთო მეტად დაფასებული პერსონა გახლდათ. მაგრამ ახლა ელეს ავთოსთვის არ სცხელოდა. სანამ ელე გონებით ავთოს ემშვიდობებოდა, უცნობმა დაასრულა ელეს ზურგზე მზისგან დამცავის წასმა, ელე მისკენ შებრუნდა, თავაზიანად გაუღიმა და ისევ დაწვა. 10–15 წუთის გასვლას დაელოდა, რომ წყალში შესულიყო. უცნობმაც გაიღიმა, როგორც ჩანს, ელეს მოქმედებამ დააბნია და თავადაც არაფერი უთქვამს (შეტევა საუკეთესო თავდაცვააო). ელეს, მას შემდეგ, რაც მოემის „თეატრში“ ამოიკითხა: შეეცადეთ, საუბრისას პაუზა არ ჩამოვარდეს, ხოლო, თუ ის მაინც ჩამოვარდა, გაწელეთ, რაც შეიძლება დიდხანს და პირველმა არ დაარღვიოთ, ამ წესს მისდევდა. მით უფრო, რომ არსად ეჩქარებოდა და არც არავის გაცნობა ჰქონდა დაგეგმილი, ანუ თავისი ცხოვრების დაწყობილი სქემის არევა, მაგრამ, რაკი თამაში გრძელდებოდა, ელემ ახლა თავად აიღო მზისგან დამცავი და გულდასმით წაისვა მკლავებზე, დეკოლტზე, ყელზე და ორივე ფეხზეც. ნელი მოძრაობით იზელდა კრემს და ზუსტად იცოდა, რომ უცნობი უყურებდა. საიდან იცოდა? ელეს, რა თქმა უნდა, მესამე თვალი არ ჰქონდა, მაგრამ ლოგიკურად ხვდებოდა, რომ, ვინაიდან უცნობს ისევ ეკეთა მუქი სათვალე, ესე იგი, უდიდესი ალბათობით, ელეს აკვირდებოდა. 5 წუთის შემდეგ ელემ თავისი გასაბერი ლეიბი იღო, აუზში ჩააგდო, თვითონაც ჩახტა წყალში, ლეიბზე მუცლით დაწვა და ხელები ნიკაპის ქვეშ ამოიდო. მზის სათვალე გაიკეთა, რომ საჭიროების შემთხვევაში იქითკენ გაეხედა, საითაც მოუნდებოდა ისე, რომ ეს არავის შეემჩნია. უცნობი თავის შეზლონგზე იჯდა და ელეს მხარეს არ იყურებოდა. ერთხანს ელემ ისიც კი იფიქრა, იქნებ, არ მოვეწონეო, მაგრამ მაშინვე გადაავიწყდა ეს ამბავი და სრულად მიენდო წყალს...

თვალი რომ გაახილა, მზე გადასულიყო, ხალხიც კანტიკუნტად იჯდა აუზთან, მაგრამ ელეს უცნობი ადგილზე იყო, უბრალოდ, ახლა უკვე შეზლონგზე იწვა. ელე წყლიდან ამოვიდა, ვახშმობის დრო ახლოვდებოდა. ჯერ თავად ამოვიდა აუზიდან, მისი წყლის ლეიბი კი უცნობმა ამოაცურა.

– ესე იგი, მელოდებოდა, – კმაყოფილებით გაიფიქრა ელემ. მოვლენებს ისევე მიჰყვებოდა, როგორც მანამდე – წყალს.

ელემ უცნობს თავი დაუკრა მადლობის ნიშნად. ის კი ჯერ ინგლისურად გამოელაპარაკა, სახელი ჰკითხა და მარტო რატომ ხართო; ელემ პასუხად ისევ გაუღიმა; შემდეგ უცნობმა იგივე რუსულად გაუმეორა, ელემ ისევ გაიღიმა და, თან, თავისი ნივთების შეგროვება დაიწყო. შემდეგ ისევ ორივე ენაზე ჰკითხა უცნობმა, საიდან ხართო, ელემ კიდევ ორჯერ გაუღიმა და ზურგი შეაქცია.

თავისი ეროვნების გამჟღავნება არ უნდოდა, არც სახელის თქმა, ვინაიდან ეს თამაში ელესთვის იმით იყო საინტერესო, რომ არავისთან ლაპარაკი არ უნდოდა. რუსულად ან ინგლისურად რომ გაეცა პასუხი, შეიძლება, თავისი წარმომავლობა გაეცა, ამიტომ დუმილი არჩია. თან, ასე უფრო საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ სიტყვები, როგორც წესი, ყველაფერს აფუჭებს. იმას გარდა, აინტერესებდა, როგორი იქნებოდა უსიტყვო ურთიერთობა.

ელე ნომერში ავიდა, ტელეფონს დასწვდა: ირინას 10 გამოტოვებული ზარი შერჩა ხელში. დაურეკა და უცებ მოუმთავრა: კარგად ვარ, რა დროს წამოსვლაა, გუშინ ჩამოვედი?! ჩამოვალ, აბა, რას ვიზამ?! ხომ კარგად ხართ? ძალიან კარგი. უნდა წავიდე, თორემ უვახშმოდ დავრჩები, – და გათიშა. უვახშმოდ, ცხადია, არ დარჩებოდა, მაგრამ, რაც უნდა უცნაური იყოს, არც ირინას ხმის გაგონება არ უნდოდა, ისევე, როგორც არავის, სხვა დანარჩენის. ავთოს არც დაურეკავს, – გაიფიქრა, ჰოდა, ჯერ დაგარქიანებ და მერე სამ ასოზე გაგიშვებ, – კმაყოფილებით დაასრულა ფიქრი ელემ.

შხაპი მიიღო, მოკლე სარაფანი გადაიცვა, თმა ისე გაიკეთა, როგორც არასდროს იკეთებდა – ეშმაკს არ სძინავს, რა საჭირო იყო, ვინმეს ეცნო ჩვეულებრივ, ქართულ ყოფაში?! და სავახშმოდ გაეშურა, ოღონდ, როგორ აპირებდა, ამდენ ხალხში იმ უცნობის ნახვას, არ იცოდა და დიდად არც აინტერესებდა, იმიტომ რომ მის გამოჩენამდეც ცხოვრობდა და მისი გაუჩინარების შემდეგაც გადასარევად იცხოვრებდა.

ვერანდაზე ერთი პატარა მაგიდა შეარჩია და შერჩეული კერძებით დახუნძლული მარტო დაჯდა. არავინ გამოჩენილა. ამიტომ ელემ მშვიდად ივახშმა და „ლაუნჯ ბარში“ გადაინაცვლა, სადაც სიგარეტის მოწევაც შეიძლებოდა. რბილ ორადგილიან დივანზე მოკალათდა, საიდანაც ზღვის ულამაზესი ხედი იშლებოდა პალმების ჩრდილში და გაირინდა. უცებ მის წინ უცნობი აისვეტა. ელეს არ ესიამოვნა, იმიტომ რომ უკვე დაავიწყდა, ამიტომ არ გაუღიმა, უბრალოდ თავი გადააქნია. უცნობმა ხელით ანიშნა, შეიძლება, დავჯდეო. ელემ თავი დაუქნია. უცნობსაც ყავა მოუტანეს. ელე ზღვას უყურებდა და თითქოს ვერც ამჩნევდა თანამეინახეს. ყავა რომ დალიეს, ისე, რომ კრინტიც არ დაუძრავს არც ერთს, უცნობმა ელეს ყავის ჭიქის გვერდით თავისი ნომრის ჩიპი დაუდო, რომელზედაც ნომერი ეწერა. ელემ დახედა და ისევ ზღვას შეხედა, სახეზე კუნთიც არ შერხევია, თავი ოდნავ დააქნია. უცნობმა ტელეფონში მესიჯად საათიც აკრიფა და ელეს დაანახვა: 23:00. ელე ადგა და წამოვიდა.

ელე, ბუნებრივია, მიხვდა, რომ უცნობი ნომერში ეპატიჟებოდა და იმასაც, რისთვისაც ეპატიჟებოდა. ასეთი მოულოდნელი სიახლოვისთვის მზად არ იყო, იმიტომ რომ აქამდე უბრალოდ კატათაგვობანას თამაშობდა. ამიტომ ჯერ სანაპიროზე ჩავიდა. ზღვაზე მხოლოდ საღამოობით გადიოდა, იმიტომ რომ სიღრმე არ ჰქონდა, ფეხების მარილიან წყალში დასველება კი სიამოვნებდა, თუმცა წყალი საკმაოდ თბილი იყო. ზღვას უსმინა, იბოდიალა და ნომერში ავიდა. ჯერ მხოლოდ 10 საათი იყო. ელეს გადაწყვეტილი არ ჰქონდა, წასულიყო თუ არა უცნობთან: კიდეც უნდოდა და კიდეც არ უნდოდა; უფრო კი – აინტერესებდა, ახალი შეგრძნება იზიდავდა.

ელეს უყვარდა, როდესაც ყველაფერში მართალი იყო (თავად როგორც ხედავდა სიმართლეს, ისე), ამიტომ ბევრი არ უფიქრია იმაზე, რომ ავთოსთვის მიეწერა: „მგონი, ჯობია, შევწყვიტოთ ეს ურთიერთობა. ყოველთვის კეთილად გაგიხსენებ“.

რა თქმა უნდა, ელემ იცოდა, რომ მსგავს რამეს მესიჯით არ აცნობებდნენ ადამიანს, მაგრამ, მისი აზრით, ავთოსთვის ესეც ზედმეტი იყო: ერთხელაც არ უკითხავს, რამე თუ მჭირდებოდა? ხომ ჩათვალე, რომ გეკუთვნოდი?! ჰოდა, ახლა მე ჩავთვალე, რომ უკეთესი მეკუთვნის! – ელე დარწმუნებული იყო თავის სამართლიანობაში.

ავთოს გაჯიუტების არ ეშინოდა, იმიტომ რომ დააშინებდა, ყველაფერს ჩავუკაკლავ შენს ცოლსო. სხვათა შორის, ავთომ მაშინვე უპასუხა: რა ბზიკმა გიკბინა?

– ბზიკი ამ საქმეში უბრალოა. მომბეზრდა. ბედნიერებას გისურვებ! ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა.

– რომ ჩამოხვალ, ვილაპარაკოთ, ახლა ცუდ ხასიათზე ხარ, ეტყობა. კარგად დაისვენე. – ამის შემდეგ ავთოს აღარაფერი მოუწერია.

– შენ ნამდვილად დაგასვენებ ჩემგან, – ელე რატომღაც გაბრაზდა. მიხვდა, რომ ავთოს თავად მიანიჭა ასეთი დამაჯერებლობა, რომ ელე მაგიდასავით სულ იქნებოდა. ამან კი მიახვედრა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუნდაც, სიცოცხლის ბოლომდე ერთ კაცსაც არ გაჰკარებოდა. ავთოსთვის აღარ მიუწერია, თავის თავდაჯერებულობასთან მარტო დატოვა და ტელევიზორი ჩართო.

შხაპი თუმცა მიღებული ჰქოდა, კიდევ ერთხელ შევიდა სააბაზანოში. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, ასეთი რამ არასდროს გაეკეთებინა და ეს მოულოდნელობა რაღაცნაირად მუცელში უღიტინებდა:

– და რომ არ მომეწონოს? – ისევ საკუთარ თავს გაუბა დიალოგი.

– არ მოგეწონება და დაბრუნდები შენს ნომერსა და სქემაზე აწყობილ ცხოვრებაში, – უპასუხა მეორე ელემ.

– ეგეც მართალია, – დაუდასტურა პირველმა და დაამატა, არ გავაფრენდე, ნეტავ.

გაფრენის აზრმა გაამხიარულა, თუმცა ისედაც არ იყო ცუდ ხასიათზე: არაფერზე ფიქრობდა, რაც მისთვის სრულ ნეტარებას ნიშნავდა. ამასობაში ღამის 11 საათიც გახდა. ელეს არც უფიქრია, რომ განზრახ დაეგვიანებინა, იმიტომ რომ ეს ძალიან ბანალური იქნებოდა, უბრალოდ, დრო შემოეფცქვნა. იგივე სარაფანი ჩაიცვა და თმაც ისევე გაიკეთა. კარი გააღო – კარის ღიობში ოდნავ შეყოვნდა, – იქნებ, არ წავიდე?

– რატომაც არ უნდა წავიდე?! ერთბაშად არ მიცნოს! – და კარი გამოიკეტა.

გარეთ სულისშემხუთველად ცხელოდა. უცნობის ნომერი სასტუმროს სხვა კორპუსში იყო. ელეს ცხელმა ოფლმა დაასხა, იცოდა, რომ ეს სიცხის ბრალი არ იყო. ამიტომ იქვე, ბარში გაიარა და ერთი ჭიქა არაყი დალია. სასმელი თბილად გაეღვარა მთელ სხეულში და მოადუნა. სიცხესაც ვეღარ გრძნობდა.

კარზე დააკაკუნა, არავინ გამოეხმაურა. ის-ის იყო, გამობრუნებას აპირებდა, რომ კარი გაიღო. უცნობი თეთრ მაისურსა და მოკლე შორტებში იდგა. ელემ ურცხვად შეათვალიერა და მიპატიჟებას არ დალოდებია, ისე შევიდა ნომერში...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო