რომანი და დეტექტივი

რუხი მგელი

№15

ავტორი: არდაშელ თაქთირიძე 20:00 23.04

რუხი მგელი
დაკოპირებულია

ცხვრის საუკეთესო დამცველი მგელიაო, ნათქვამია.

***

ერთ ტყეში ცხოვრობდა რუხი მგელი. ავი იყო რუხი მგელი, წუპაკი და დაუნდობელი. მაძღარი რომ იყო, მაინც ცხვრისკენ ეჭირა თვალი და მშიერს ხომ, ეჭირა და ეჭირა.

ადრე, ტყეში ცხოველთა აღწერა და პასპორტიზაცია რომ ჩატარდა, რუხი მგელიც მივიდა პასპორტის ასაღებად, მაგრამ მაშინ, ძველ დროში, პასპორტები ხელით ივსებოდა. საპასპორტოს კალიგრაფისტმა ტურამ ასო „ხ“-ს ძირი კარგად ვერ შემოხაზა და „რუხი მგელის“ მაგივრად „რუსი მგელი“ გამოვიდა. რაღა ექნა რუხ მგელს, პასპორტს ვინღა შეუცვლიდა? რაც არის, არის, ვიყო „რუსი მგელიო“, დაიბოღმა, უფრო მეტად გაბოროტდა და სულ გამგელდა.

ადრე, რუსი მგლის გამოჩენამდე, ვის ეცალა ცხვრების საპატრონოდ? დაეხეტებოდნენ ტყე-ღრეში, ბალახს წიწკნიდნენ, საღამოს ჩამოდიოდნენ სოფელში, იწველებოდნენ, იკრიჭებოდნენ და იქვე მრავლდებოდნენ. მაგრამ ტყეში რუსი მგელი რომ ჩასახლდა და ერთი-ორი ცხვარი მუცელში გადააბრძანა, შეიბერტყეს ყურები სოფლელებმა, დიდი ფარეხი ააშენეს და მეცხვარე „ჯო“-ც მოიწვიეს კახეთის დასავლეთ შტატიდან.

დიდი თოფი ჰქონდა ჯოს, უზარმაზარი. სროლაც კარგი იცოდა, ტყვიას ტყვიაში აჯენდა.

დაისვენეს ცხვრებმა, გალაღდნენ. ბალახის საძებნელად ტყეში ხეტიალი აღარ სჭირდებოდათ, ჯოს მიჰყავდა აბიბინებულ მინდვრებზე. ზამთრობით შირაქისა და ელდარის საძოვრებზე გადაჰყავდა, რომ მუდმივად ჰქონოდათ ნოყიერი ბალახი. დროულად კრეჭდა, წველიდა, ნაშენს უვლიდა, ცივ ნიავს არ აკარებდა.

გამრავლდნენ ცხვრები, დასუქდნენ, ძლივს დაატარებდნენ დუმებს. მაგრამ რუსი მგელი დაგაცდის ამდენ ბედნიერებას? ფარეხის კართან ჩაიყუნცა და შესაფერის დროს დაუწყო ლოდინი.

შეშინდნენ ცხვრები, შეწუხდნენ, ჯოს ეხვეწებოდნენ: – ესროლე თოფი, სანამ ფარეხში შემოვარდნილაო, მაგრამ ჯო უარზე იდგა – დავიცადოთ, ჯერ საზღვარი არ გადმოუკვეთავსო. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ერთი იარაღი ჰქონდა რუს მგელს – მყრალი სუნის გამოშვება შეეძლო. ისეთი მყრალის და ბაბასილის, რომ სიახლოვეს ყველაფერი იწამლებოდა. მართალია, მყრალი სუნის გამოშვება უზრდელობა იყო და ამიტომ აკრძალული ჰქონდა, მაგრამ რუსი მგელი რას დაგიდევდათ ზრდილობას?! თუ გაუჭირდებოდა, ისეთს გააბრახუნებდა, დედამიწა ზანზარს დაიწყებდა. თუმცა, შეიძლება, თვითონვე მოწამლულიყო. ერთხელ შეემთხვა რუს მგელს, ძილში გასძვრა და კინაღამ დაიხრჩო, ძლივს გამოიყვანეს კომიდან.

ჰოდა, იმას ვყვებოდი, ერთ მშვენიერ დღეს, ფარეხს რომ ანიავებდნენ, იხელთა დრო რუსმა მგელმა, შელეწა კარი და შევარდა ფარეხში. ატყდა ერთი ამბავი, ყოჩებმა ნერბები და ბატკნები უკან მოიქციეს და მგელს წინ გადაეღობნენ იმ იმედით, რომ ჯო თოფს ესროდა და სულს გააფრთხობინებდა მომხდურს, მაგრამ უკან რომ მიიხედეს, დაინახეს ჯო თავის თოფიანად კოშკურაში ასულიყო და ბრძოლის ველს იქიდან ადევნებდა თვალს.

***

ცხვარი ცხვარიაო, თუ გაბრაზდა ცხარიაო, ნათქვამია.

***

მიხვდნენ, რომ პატრონი არ ჰყავდათ და დაუწყეს ყოჩებმა რუს მგელს რქენა. ნარქენები სტკიოდა, მაგრამ უკან მაინც არ იხევდა.

– თოფი მაინც გადმოგვიგდე, ჩვენ ვესვრით მგელსო, – შესთხოვდნენ ჯოს ცხვრები.

– სჯობს ამ ფარეხში იყოს ომი, ვიდრე მე ჩავერთო და სიმყრალის ომში გადაიზარდოსო! – პასუხობდა ცხვრებს ჯო.

ამასობაში რქები დაუცვდათ ყოჩებს, ისე ვეღარ იგერიებდნენ მტერს, როგორც დასაწყისში. იმარჯვა რუსმა მგელმა, ცხვრებს დაუწყო გაფატვრა, მათ შორის ნერბებს და ბატკნებს და ფარეხის ცენტრამდე მიაღწია. ცოტაც და ფარეხის ბოლომდე თუ გავიდოდა რუსი მგელი, მერე ძნელი იქნებოდა მისი გაგდება.

– ჩემს ოთახში შედით, სალესი ჩართეთ და რქები აილესეთო! – გადმოსძახა ჯომ ცხვრებს.

რიგრიგობით შედიოდნენ ოთახში, ილესავდნენ რქებს და ახალი ძალით ეძგერებოდნენ რუს მგელს. მალე ბრძოლის სასწორმა ცხვრების მხარეს დაიწყო გადახრა. რუსმა მგელმა ალესილი რქების ჩხვლეტას ვეღარ გაუძლო და უკან დაიხია. დაიხია, დაიხია და, სულაც, კუდამოძუებული გაიქცა.

გაიმარჯვეს ცხვრებმა, იყო მილოცვა, ხვევნა-კოცნა, ქეიფი. ჩამოვიდა ჯო კოშკურადან, ცხვრებში გაერია. მოშიებოდა ამასობაში...

***

ცხვარს მთელი ცხოვრება მგლისა ეშინოდა და მწყემსმა კი შეჭამაო, – ესეც ნათქვამია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...