როცა ცოლი კონკურენტია
ავტორი: ნია დვალი 20:00 18.07

სამი დღის წინათ ბებია ტასოს გულისცემა შეწყდა, დღეს კი ნოტარიუსის ოთახში დალიმ ისეთი სიტყვები მოისმინა, რასაც ვერც კი წარმოიდგენდა. „სამოთახიანი ბინა ბესიკის ქუჩაზე არის ჩემი ერთადერთი შვილიშვილის, დალი ბარბაქაძის, საკუთრება“. ყურებს არ უჯერებდა, ვინაიდან ბებიამისი სიცოცხლეში არც კი აღიარებდა შვილიშვილად, ერთი სათამაშოც კი არასდროს უჩუქებია და მის ქორწილშიც კი არ მივიდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მემკვიდრეობა დაუტოვა.
„რატომ? რა მოხდა? რა შეიცვალა?“ – ზარებივით რეკდნენ ეს შეკითხვები დალის თავში...
***
– საყვარელო, სახლში ხარ? – გიორგიმ ცოლს სამზარეულოდან გამოსძახა.
– კი, მოვედი, – გაეპასუხა დალი და სამზარეულოში შევიდა. გიორგი ქურასთან საქმიანობდა და დალიმ კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისი ქმარი – მაღალი, სპორტული აღნაგობის და ღიმილიანი.
– რა ხდებოდა ნოტარიუსთან? – ჰკითხა ცოლს.
– ბებიაჩემმა ბინა დამიტოვა, – ხმადაბლა უთხრა დალიმ. გიორგი მისკენ შეტრიალდა, – აი, ის ბინა ბესიკის ქუჩაზე რომ არის.
– ვაჰ, როგორ გვიმართლებს! – წამოიძახა გიორგიმ, – შარშან ვერიკო ბებიამ დაგიტოვა სამოთახიანი საბურთალოზე, ახლა – ბებია ტასომაც. შენ უნდა თქვა, ბებიები მყავდაო. არადა, მეუბნებოდი, ტასო ბებიას არ ვუყვარვარო.
დალი შეიჭმუხნა.
– მართლა არ ვუყვარდი.
– საწყენად არ მითქვამს, – უკან დაიხია გიორგიმ, – უბრალოდ, ძალიან უცნაურია. არა?! ახლა ჩვენ სამი ბინა გვაქვს, ამ ბინიანად, რომლის იპოთეკასაც ვიხდით, თუმცა არა, მე მაქვს ერთი ბინა, ის ორი შენია.
დალიმ შენიშნა, როგორ დაეძაბა მხრები ამის წარმოთქმისას გიორგის, ამიტომ მაშინვე უთხრა:
– არ დაიწყო თავიდან. ჩვენ ხომ ყველაფერზე ვილაპარაკეთ და შევთანხმდით?! ახლა მეორე ბინაც დაემატა, მინდა, რომ ორივე გავარემონტოთ და გავაქირაოთ. ხომ ხვდები, რა კარგი შემოსავალი გვექნება?!
– იქნებ... – დაიწყო გიორგიმ და სათქმელი არ დაასრულა.
– რა? – მიაჩერდა დალი.
– არაფერი. – თავი გააქნია გიორგიმ, – ბინები შენია და თავად მიიღე გადაწყვეტილება.
დალის უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ გადაიფიქრა. თავის ქმარს საკმარისად კარგად იცნობდა საიმოსოდ, რომ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა მისი ეს ინტონაცია – ცოლის გადაწყვეტილება არ მოსწონდა, მაგრამ არც კამათი უნდოდა.
– ყველაფერი მზადაა, მოდი, ვისადილოთ, – მიიპატიჟა ცოლი მაგიდისკენ.
თევზი, მართლაც, შესანიშნავად იყო მომზადებული და სასიამოვნო გემოებმა დალის ხასიათი უცებ გამოუკეთა. ამიტომ აჟიტირებული დიალოგი გააბა ქმართან:
– რას ფიქრობ, რამდენად შეიძლება, გავაქირაოთ ბესიკზე ბინა? ძალიან მაღალი ჭერი აქვს, დიდი ოთახებია, ბუხრით. ვფიქრობ, კარგ ფასად უნდა გაქირავდეს.
გიორგი ცდილობდა, ისეთი სახე მიეღო, თითქოს აინტერესებდა ცოლის ნათქვამი, მაგრამ დალი გრძნობდა, რომ გიორგის ფიქრები სადღაც დაჰქროდნენ.
– შაბათს ხომ არ წავიდეთ და დავათვალიეროთ? თან, ვნახავთ, რა არის მისამატებელი, რა ხარჯი შეიძლება, გვქონდეს. შემოსავალიც დავითვალოთ, იპოთეკაშიც შემოგეშველები, – შესთავაზა ქმარს.
– მე ვერ წამოვალ. ვერ მოვასწარი, მეთქვა, დედაჩემს დავპირდი, რომ საგურამოში ავიყვანდი. რაღაცის გაკეთება უნდა, ხელოსანიც მიგვყავს.
დალიმ ამოიოხრა და არა იმიტომ, რომ გიორგი დედამისს უნდა დახმარებოდა ან მარტო ვერ წავიდოდა ბინის დასათვალიერებლად, უბრალოდ, იცოდა, რომ ქალბატონ ოლიკოს ეს ამბავი არ გაახარებდა. დედამთილი ისედაც ამრეზით უყურებდა ხოლმე დალის. მისი აზრით, რძალი ძალიან ფუქსავატ ცხოვრებას ეწეოდა, არ აჩენდა შვილს და კარიერაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ოჯახზე.
– ჯერ ხომ არ ეტყვი ოლიკოს, რომ ბებიაჩემმა ბინა დამიტოვა? თან, ექვსი თვეა წინ, – ძალიან ფრთხილად ჰკითხა გიორგის.
– და რატომ არ უნდა ვუთხრა? – გაიკვირვა გიორგიმ, – ადრე თუ გვიან, ხომ მაინც გაიგებს?!
– ჯობია, გვიან, – გაიფიქრა დალიმ, მაგრამ ქმარს გაუღიმა და დაეთანხმა, – როგორც შენ გადაწყვეტ.
იმ ღამით დალიმ დიდხანს ვერ დაიძინა, გაუთავებლად წრიალებდა. ფიქრობდა, როგორ მოეწყო ბინები, როგორ მიიღებდა სტაბილურ შემოსავალს. სწორედ იმ „მკვდარ ფულს“, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა. სადღაც, გულის კუნჭულში კი ის ფიქრიც გაჰკრავდა, სწორად იქცეოდა თუ არა გიორგისთან.
– იქნებ ჯობია, ვერიკოს მიერ დატოვებული ბინა გაგვეყიდა და ამ ახალი ბინის იპოეკა ვადაზე ადრე დაგვესრულებინა? ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ?! – აფორიაქებდა უსიამოვნო ფიქრები.
– არა, რა იცი, რა ხდება, იყოს ის ბინები ჩემს სახელზე, – იქვე ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს.
რემონტი საკმაოდ მომქანცველი აღმოჩნდა და დალის მთელი დრო და ენერგია შთანთქა. ყველაფერს უთანხმებდნენ და რაღაც მომენტში დალიმ ისიც კი იფიქრა, რომ არც ბინები უნდოდა და არც რემონტი. დალი დაჰქროდა სამსახურსა და ორ ბინას შორის და ვერც შეამჩნია, როგორ შემოეკარგა ქმარი. სახლში ღამით ბრუნდებოდა, უკიდეგანოდ დაღლილი და გამოფიტული, მაგრამ სახლშიც კატალოგებს ჩაჰკირკიტებდა. გიორგიც გვიანობამდე რჩებოდა სამსახურში...
– გიო, მოდი, ნახე, რა ლამაზი ფილებია, მგონი, ძალიან მოუხდება ეს ვინტაჟური სტილი ბესიკის ქუჩის ბინას! – ერთ საღამოსაც გასძახა ქმარს მისაღებში დივანზე წამოკოტრიალებულმა დალიმ
– მე რატომ მითანხმებ? – უხალისოდ გამოეპასუხა გიორგი, – ხომ მაინც ისე გააკეთებ, როგორც შენ გინდა?!
– რჩევა მჭირდება შენი, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ჩვენი ბინებია? – გაიკვირვა დალიმ.
– არა, – გააწყვეტინა გიორგიმ, – ეს ჩვენი ბინები არ არის, ეს შენი მემკვიდრეობაა. შენ თვითონ მოუარე შენს ქონებას.
იმ დღის შემდეგ დალის გიორგისთან ბინები აღარ უხსენებია და ჩვეული საქმიანობა ისე განაგრძო, რომ ცდილობდა, არ ეფიქრა იმ გაუცხოებაზე, რომელიც გიორგისა და მას შორის ჩამოვარდა მემკვიდრეობის გამო და დღითიდღე უფრო და უფრო ღრმავდებოდა. ხარჯი კი საკმაოდ სოლიდური იყო, თუმცა, დალი არ ორჭოფობდა, ვინაიდან იცოდა, რომ ეს დანახარჯი თავის თავს სრულად ამოიღებდა და მოგებასაც მოუტანდა: მანქანასაც ვუყიდი გიორგის, – ფიქრობდა დალი და ეღიმებოდა, – გიოს გაუხარდება.
და უცებ მიხვდა, რომ კარგა ხანია, არც კი გახსენებია გიორგის სურვილები, მას რა უნდოდა, როგორ გრძნობდა თავს. ეს არ მოეწონა. დღეს მის საყვარელ სოკოს კრემ–სუპს მოვამზადებ, – გადაწყვიტა და წამოდგა. ქმარს ენთუზიაზმით ელოდებოდა. სუფრა გააწყო და კმაყოფილებით დაჰყურებდა, როდესაც შემოსასვლელი კარიც გაჯახუნდა.
– მოდი, ვივახშმოთ, შენი საყვარელი გემრიელობა მოვამზადე.
– არ მშია და საერთოდაც... – გიორგი უცებ გაჩუმდა, – დედაჩემთან მივდივარ, ამაღამ იქ დავრჩები. ცუდად გრძნობს თავს და არ მინდა, მარტო დავტოვო.
დალის არ ესიამოვნა. გიორგი არასდროს დარჩენილა დედამისთან.
– გიო, რა ხდება? ჩვენ ერთმანეთს აღარც ველაპარაკებით? – შეაპარა დალიმ.
– რაზე უნდა ვილაპარაკოთ? შენ შენი ცხოვრება გაქვს, შენი გეგმები და იქ მე ზედმეტი ვარ.
– ამას რატომ ამბობ? მე ამას ვაკეთებ...
– ვიცი, ვიცი, ჩვენთვის აკეთებ, – გააწყვეტინა სიტყვა ქმარმა, – მაგრამ გადაწყვეტილებებს ამ ჩვენს საქმეში მარტო შენ იღებ. მე კი, უბრალოდ, შენი ქმარი ვარ, რომელიც იხდის იპოთეკას.
– გიორგი, – დალი წამოდგა, მაგრამ გიორგი ნაჩქარევად გავიდა ოთახიდან და კარიც ფრთხილად მიიხურა. დალი ისევ დაჯდა, თავში ისევ რიცხვები და რემონტი ამოუტივტივდა... გადაწყვიტა, ამაზე აღარ ეფიქრა, – მიზანი დავისახე და უნდა შევასრულო, ბოლოს და ბოლოს, გიო გაიგებს. უნდა გაიგოს! თან, ხვალ ბევრი საქმეც მაქვს. – მტკიცედ უთხრა საკუთარ თავს.
დილით სატელეფონო ზარმა გააღვიძა:
– როგორ დამავიწყდა ზარის გამორთვა, – ჩაიბუზღუნა თავისთვის და ეკრანს დახედა, დედამთილი ურეკავდა.
– დილა მშვიდობის, ქალბატონო ოლიკო, – დაყენებული მხნე ხმით უპასუხა დედამთილს დალიმ.
– მშვიდობის?! – ქალბატონი ოლიკოს ხმაში სიცივე გამოსჭვიოდა, – ჩემი შვილი ჩემთან მოვიდა ღამის გასათევად და შენ არც კი დაინტერესდი, როგორ არის, რა მოხდა...
– წუხელ დაძინებამდე მოვიკითხეთ ერთმანეთი, – თავის დაცვა სცადა დალიმ.
– კარგი ერთი?! – თეატრალურად შესძახა ქალბატონმა ოლიკომ და უფრო პირგამეხებულმა განაგრძო, – იცი, რომ გიორგიმ ამ ბოლო დროს ხუთი კილო დაიკლო?! და ღამით ცუდად სძინავს. იცი, რა არის ამის მიზეზი?!
დალის უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
– არ გესმის, რას გეკითხები?! – დასჭექა დედამთილმა.
– მესმის, მაგრამ არაფერი ვიცი.
– დიახ, მეც არ ვიცოდი, სანამ მეზობელმა არ მითხრა, რომ ვიღაც ქალთან ერთად დაგინახა ბებიაშენის სახლთან. ამბობს, რომ იქ რემონტს აკეთებ. ის ბინა კი ბებიაშენმა დაგიტოვა.
– ქალბატონო ოლიკო...
– ჯერ არ დამისრულებია სათქმელი, – გააწყვეტინა დედამთილმა: შენთან მოვდივარ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ.
დალიმ უღონოდ ჩამოყარა ხელები. სამწუხაროდ, სწორედ ის დღე დადგა, რომლისაც ასე ეშინოდა. ქალბატონი ოლიკო მასთან ზუსტად ნახევარ საათში მივიდა. მრისხანედ მოავლო თვალი შემოსასვლელს: დაგილაგებია. როგორ მოხდა?! ყოველთვის „ბარდაგი“ გაქვს ხოლმე.
– მობრძანდით. ჩაის მიირთმევთ თუ ყავას? – არ შეიმჩნია დალიმ დედამთილის ტონი.
– არ გიხდება თვალთმაქცობა და ნუ თამაშობ გულღია მასპინძლის როლს, აქ სხვა რამის გასარკვევად მოვედი. რატომ მალავდი შენი მემკვიდრეობის ამბავს?!
– არ ვმალავდი...
– მაშინ რატომ გავიგე ეს ამბავი მეზობლისგან?! და რატომ ცხოვრობს ჩემი შვილი ჩემთან, მაშინ, როდესაც შენ შენს ორ ბინას არემონტებ?!
– ერთი ღამით დარჩა... ეს ჩვენი ოჯახის ბინებია. – სცადა დალიმ გაპროტესტება.
– ეს რომ ოჯახის ბინები იყოს, ორივე ბინიდან ნახევარი წილი გიოს გადაუფორმე. აი, მაშინ დავიჯერებ, რომ ეს ოჯახის ბინებია. ან გაყიდე ერთი ბინა და დაფარე იმ ბინის იპოთეკა, რომელსაც ჩემი შვილი იხდის.
– რატომ უნდა გავყიდო? როდესაც შემიძლია, გავაქირაო? – გაუკვირდა დალის.
– აი, ხომ ხედავ, პირველ პირში ლაპარაკობ: გავყიდო, გავაქირაო... შენ, უბრალოდ, ელოდები, როდის გადაიხდის ჩემი შვილი იპოთეკას, რომ შემდეგ გაეყარო და ის ბინა გაუყო.
– ასეთ რამეს როგორ ფიქრობთ ჩემზე? – აღშფოთდა დალი.
– და რატომ არ უნდა ვიფიქრო?! მაშინ ბავშვს რატომ არ აჩენ?!
– ბავშვი რა შუაშია? – ვერ მიუხვდა ჩანაფიქრს დალი.
– თავშია! – არ ცხრებოდა ქალბატონი ოლიკო, – ყველა ნორმალური ქალი ფიქრობს შვილებზე, შენ კი ფიქრობ ბინებზე. მესამეც გექნება და ჩემს გიორგის დატოვებ ქუჩაში.
დალი გაოგნებული უსმენდა დედამთილს. რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ასე პირდაპირ თუ მოითხოვდა დალის ბებიების მიერ დატოვებულ ბინებს, არ ელოდა.
– თქვენ, უბრალოდ, ვერ ეგუებით, რომ მე უფრო მეტი შემოსავალი მაქვს, ვიდრე თქვენს ვაჟს.
– აი! – გამარჯვების ყიჟინასავით გამოსცა ქალბატონმა ოლიკომ, – ესაა შენი ნამდვილი სახე. შენ თავად იყიდე ის ბინები?! შენ გამოიმუშავე?! არა! ბებიებმა დაგიტოვეს და ისე მიიღე, ვითომც არაფერი. ჰაერიდან ჩაგივარდა ხელში.
– თქვენ ვინ გეკითხებათ, მე რა დამიტოვეს ბებიებმა?! – აღშფოთდა დალი.
– რას ჰქვია, ვინ მეკითხება?! მე არ დავუშვებ, რომ ვიღაც თაღლითმა გოგომ ცხოვრება დაუნგრიოს ჩემს შვილს!
ამასობაში საკეტმა გაიჩხაკუნა და ოთახში გიორგი შემოვიდა.
– გიორგი, შვილო, მე ყველაფერი ვიცი ბინების შესახებ. გატყუებს, ნიადაგს ამზადებს გაყრისთვის...
– გიო, არ დაუჯერო, პირიქით ამბობს ყველაფერს, – მივარდა დალი ქმარს. გიორგიმ ჯერ დედას შეხედა, შემდეგ – ცოლს.
– და რას ამბობს არასწორს?! შენ რომ ოჯახზე ფიქრობდე, ბინებს გაყიდიდი და იპოთეკას დავფარავდით.
– ეს ხომ არაგონივრულია, – დალი მაინც ახერხებდა კორექტული სიტყვების მოძებნას, – ქირით სტაბილური, „მკვდარი“ შემოსავალი გვექნება და იპოთეკასაც იოლად დავფარავთ.
– ხედავ?! მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, – დაიყვირა დედამთილმა.
– ახლავე მიბრძანდით ჩემი სახლიდან, – ვეღარ მოითმინა დალიმ.
– შენი და არა ჩვენი?! – გიორგის მწარედ ჩაეცინა. დუმილი ჩამოწვა, რომელიც ისევ გიორგიმ დაარღვია, – წავიდეთ, დედა.
– გიო, არ წახვიდე, ვილაპარაკოთ, – ქმრის შეჩერება სცადა დალიმ.
– რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ან შენ გაყიდი ორივე ბინას და იმ ფულს მოვახმართ ჩვენს ბინას, ან...
– გავეყრებით?! – დალის თვალები გაუფართოვდა. გიორგიმ თავი დააქნია და დედამისი გასასვლელისკენ გაატარა.
სამი კვირის შემდეგ დალი სამზარეულოში იჯდა და ფიქრობდა: „როგორ ახერხებს ქონება და ფული, ერთმანეთს დააშოროს ადამიანები, რომლებსაც თითქოს ერთმანეთი უყვარდათ?! ვითომ ფული და შემოსავალი უფრო მთავარია?!“ – დალის ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, თუმცა უფრო საკუთარ თავს არ უმხელდა პასუხს, იმიტომ რომ აშკარად გრძნობდა, უქმროდ ორი ბინით ჯობდა დარჩენა, ვიდრე უბინაოდ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან