რომანი და დეტექტივი

როცა სიმართლე არავის სჭირდება

№3

ავტორი: ნია დვალი 20:00 26.01

ნია
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #50-2 (1202)

– შენ ვინ გითხრა? – სიჩუმე ნანამ დაარღვია.

– თქმა რად უნდოდა? ისედაც ჩანს, – ანა გზას უყურებდა, – ბედნიერი ადამიანი ხარ, ორი დედა გყავს.

– რატომ თქვა ჩემზე უარი? – ნანას საკუთარი თავი შეეცოდა.

– უარი როგორ თქვა?! სულ შენ გვერდით იყო და, მე რომ მკითხო, გაგიმართლა, მერი უსაყვარლესია. მერის შვილობა არ ჯობია, გოგო?! – ანამ გაიცინა, როგორც სჩვეოდა, უდარდელად და გულწრფელად.

– მგონი, ყველა მატყუებს, – სევდიანად თქვა ნანამ, – შენც მატყუებ.

– რა გითხრა იმ წაკლა ეკამ?

– ანა?! – მკაცრად გადახედა ნანამ შვილს.

– რა ანა?! შენც ხომ იცი, რომ შურიანი წაკლაა. საყვარლები არ ჰყავს, არავინ ჟიმავს და იმიტომ. მასეთ ტიპებს ვერ ვიტან, ვითომ პატიოსნები რომ არიან, სინამდვილეში, უბრალოდ, არავის სჭირდებიან და იქნებიან პატიოსნები, აბა, არა?!

– პატიოსნება იქით იყოს, შენ საიდან გაქვს ან მოსაწევი, ან რა საიტზე ხარ დარეგისტრირებული?!

– ეგეც გითხრა მაგ წაკლამ?! – ანა გაცეცხლდა.

ნანა სხვა დროს ანას ეჩხუბებოდა, მაგრამ ამჯერად ძალიან ტკბილად უთხრა, – გეხვეწები, ნუ ლაპარაკობ ასე, ჩემთან ნუ ლაპარაკობ, იმიტომ რომ მე არ მსიამოვნებს. სხვაგან, როგორც გინდა, ილაპარაკე. გამიწიე ანგარიში, სისხლი მეყინება, ასეთ მეტყველებას რომ ვისმენ.

– მოსაწევი მაქვს, იმიტომ რომ მეგობრები მყავს. მე არ ვეწევი, მხოლოდ ვსვამ ხოლმე ხანდახან, დალევა მიყვარს, – ანამ გაიცინა, – ახლა რაც შეეხება მაგ შენს ეკას. აუ, დედაა! სიგარეტს ვეწევი და მოვწევ, რა, გთხოვ.

ნანა დაიბნა და ერთხანს ჩუმად იყო:

– ოღონდ გავაჩერებ მანქანას და ისე მოწიე, ხომ იცი, ცუდად მხდის სიგარეტის ბოლი...

– ლენა კი გაბოლებს ხოლმე ცხვირში და ცუდად არ ხდები, – მაგრამ ანამ უცებ მოსხიპა სიტყვა, – ეკაზე გიყვებოდი.

ნანამ მანქანა გააჩერა, ანამ კი მოყოლა გააგრძელა:

– დამირეკა, საქმე მაქვს, უნდა გნახოო და მითხრა, ჩემი ქმარი, მგონი, ვიღაც ქალებთან დადისო...

– მოიცა, შენ დაგირეკა თავისი ქმრის საყვარლებზე სალაპარაკოდ?!

– ჰო, მერე რა?! მოკლედ, შევხვდი. ცოტა იწვალა და მერე მითხრა, რომ მისი ქმრის ტელეფონში თვალი მოჰკრა რაღაც საიტს, ეგრევე მივხვდი, რაზეც ბაზრობდა.

– ანა?!

– რაზე ლაპარაკობდა.

– საიდან მიხვდი? – ნანამ ვერ გაუძლო ცდუნებას და მაინც იკითხა.

– მაინც გეტყოდა, საიდან და, მარიკაა მაგ საიტზე.

– შენ ხომ არ ხარ? – გაუბედავად ჰკითხა ნანამ შვილს და გაწითლდა.

– მე რა მინდა იმ საიტზე?! დედა?!

– მაპატიე, ისე ვიკითხე, მერე? – ნანამ შვებით ამოისუნთქა.

– მომაძებნინე ჩემი ქმარიო, მოვაძებნინე. იმდენი დრო დავკარგე. სხვა სახელითა და გვარით იყო. მარიკას ვთხოვე, მიეწერა, მაინც იქაა.

– მარიკა ბო... – ნანამ თავი შეიკავა და სიტყვა არ დააბოლოვა.

– არა, ბიჭო, სამკარტა ბურას თამაშობს, – ისე ჩვეულებრივად უთხრა ანამ, ნანას შეაჟრჟოლა, – დედა, შეეშვი ამ მორალისტობას. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც იცის და შეუძლია.

– ნუ, ახლა ჩვენთან მოდის, ჭამს, საპირფარეშოში შედის, – ნანას ისევ შეაჟრჟოლა.

– შენ არავისთან არ დაწოლილხარ არასდროს?! – ანამ გაიცინა.

– აი, ნუ ადარებ, რა, – ნანამ გააპროტესტა შენიშვნა.

– მოგიყვე თუ რა ვქნა?! – ნანამ ანიშნა, ჩუმად ვარო და ანამ განაგრძო: – მოკლედ, მარიკაზე ავარდა და მიმოწერას ვუგზავნიდით ეკას. სულ ეს იყო. მაგარი „გნიდაა“ ეგ ეკა. იცის, რომ მარიკა არ გევასება და მოგიყვა, რა, ამბავი. თან, მე მელაპარაკებოდა, ოღონდ არ უთხრა, დედაშენი უცნაური ქალიაო, ერევა შენს ცხოვრებაშიო. მოკლედ, „გნიდობდა“, რა. სულ ესაა.

ნანამ ფანჯარა ჩამოწია, იმიტომ რომ სიგარეტის კვამლმა შეაწუხა.

– ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?

ანამ არაფერი უპასუხა.

– ვერ ვხვდები. რატომ მოვიდა ჩემთან? მე ხომ ვერაფერს გავიგებდი, მას რომ არ ეთქვა?! – ნანა ხმამაღლა ფიქრობდა.

– შურიანი „გნიდაა“ და იმიტომ, ნერვები მოგიშალა. მაგიტომ წახვედი ვითომ მივლინებაში?

ნანამ თავი დაუქნია.

– მერე, გიშველა?

ნანას უნდოდა, მოეყოლა ანასთვის, რაც შეემთხვა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა, – არ მგონია. ლენას რა დაემართა?

– ცუდად გახდა, წნევამ აუწია მოულოდნელად. ვიღაც ბებერი კაცი მოვიდა ჩვენთან.

– ვინ ბებერი კაცი? – გაუკვირდა ნანას.

– მე რა ვიცი. ალბათ, ლენას ყოფილი ნაშა, – ანას სიცილი აუტყდა, – და შენ მარიკაზე მელაპარაკები, – ნანასაც გაეცინა.

– და რა უნდოდა?

– მე რა ვიცი. მერიმ დაიფრინა, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ეს უნდა გენახა. მიმიქარავს კუსტურიცა, – ანა ახარხარდა, – ისე, გოგო, შეიძლება, მამა იყო შენი.

ანა კინაღამ ჩაბჟირდა სცილით. ნანასაც გაეცინა. უფრო ზუსტად, არ იცოდა, ეცინა თუ ეტირა, იმდენი რამ გაიგო და გადახდა ამ ბოლო ორ დღეში.

– რა გავაკეთო?! – უმისამართოდ იკითხა ნანამ.

– რა უნდა გააკეთო?! არაფერი. ნახე, რა ხდება? ჩვენ ვისწავლეთ ეს: დეიდასა და დისშვილს შორის უფრო ძლიერი და ახლო გენეტიკური კავშირია, ვიდრე დედასა და შვილს შორის. ანუ შენ მაგარ პონტში ხარ ორივე შემთხვევაში, გინდა მერის ფიზიოლოგიური შვილი იყავი და გინდა – ლენასი. არაფერი იცვლება. შენს ტვინში იცვლება მარტო და ისიც იმიტომ, რომ ასე გასწავლეს.

– მამაჩემი? – ნანა დანაღვლიანდა, – მამას რა ვუყო?!

– რა უნდა უყო?! ბაბუ მაგარი კაცი იყო. შენზე გიჟდებოდა, მგონი, ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად უყვარდი. ძაან უმადური ტიპი ხარ, დედა, არ გეწყინოს. ორი დედა გყავს და მამა გყავდა, შენზე აფრენდა კაცი. რა ჩვენი საქმეა, ლენა ვისთან იწვა?! შეიძლება, ვიღაცამ გააუპატიურა კიდეც. ის მამა როგორაა?!

– არ არის, – დაუდასტურა ნანამ.

– აი, ხომ ხედავ?! არაფერი უთხრა, იმათ თავიანთი გაჭირვება ეყოფათ. მე დაველაპარაკები ორივეს. დავაბოლებ, ყველაფერს დავაფქვევინებ და ვეტყვი, რომ ჩუმად იყვნენ.

– და ასე ტყუილში ვიცხოვროთ?! – ნანას არ მოეწონა ანას შეთავაზება.

– რას ეძახი ტყუილს?! ქალს რაღაც შეემთხვა, რაღაც ძალიან ცუდი და არ უნდა, რომ შენ გაიგო, იმიტომ რომ შენ გიფრთხილდება. ან საერთოდ ვის სჭირდება ეს სიმართლე?! რა სიმართლე?! ან რა არის სიმართლე, იცის ვინმემ?!

– შენ რაღაც გაზრდილხარ, ხო იცი?! – ნანამ შვილს თავზე გადაუსვა ხელი და აკოცა.

– დასაბანი მაქვს თავი, ძალიანაც ნუ ჩაყოფ შიგ ცხვირს.

– რა საზიზღარი ბავშვი ხარ?! ვერ დაიბან მერე?! ჩურჩუტი.

– ჩურჩუტი მეძახე შენ და, კი დავატრიალე ამბები. რა ვქნათ? წავიდეთ სახლში? – ჰკითხა ანამ, – ჩვენს გოგოებს დავპირდი, ადრე მოვალ–მეთქი და გამოვიდა, რომ მოვატყუე.

– ოჰ, ჯერ არ მოგიტყუებია ვითომ?! – შეიცხადა ნანამ.

– მე არასდროს ვიტყუები. მინდა, რომ ადრე მოვიდე, მაგრამ არ გამომდის. ხომ ხედავ, ახლაც არ გამომივიდა. არადა, ხომ მოვედი ადრე?! მოვედი, მაგრამ ახლა სად ვარ?! ჩემი ბრალია? არა, – გაშალა ანამ ხელები და მორიგ სიგარეტს მოუკიდა.

– რა ამბავია?!

– მითვლი?! – ვითომ შეურაცხყოფილი სახით შეხედა ანამ დედამისს: ხომ ნამდვილად დედაჩემი ხარ? – ნანას სიცილი აუტყდა:

– არაფერი აღარ ვიცი. კი, ვარ, მგონი, ვარ. – ანამ ნანა გაამხიარულა, – სახლში მიგიყვან და მე სადმე გავივლი ცოტას.

– ცირკისკენ არ ჩაიარო, ძაან ვიდზე ხარ და კაცები არ აყარო.

– წესიერად მელაპარაკე, ბოლოს და ბოლოს, დედაშენი ვარ! – აღშფოთდა ნანა, მაგრამ სიცილს მაინც ვერ იკავებდა, – სახლში მიგიყვან და ცოტას გავივლი.

– იმ ეკას არაფერი უთხრა, გთხოვ, თუ გიყვარვარ, მე მოვუვლი მაგას.

– როგორ არ ვუთხრა?! გავჩეჩავ.

– არაა გაჩეჩვა შენი საქმე. მე მოვაგვარებ, დედა, გთხოვ.

ნანას სხვა რა გზა ჰქონდა, თავი დაუქნია შვილს.

***

– ვატო, არც ახლა გცალია? – ნანამ ისევ ვატოს დაურეკა, რადგან მიხვდა, რომ დღეს სხვას ვეღარავის დაურეკავდა, – რაღაც უნდა გითხრა. ლენასთან ერთად არ წავსულვარ. რაღაც შემემთხვა... ჰო, მანქანით ვარ. სად ხარ? მარტო თუ არ ხარ, სხვა დროს იყოს... კარგი, მოვალ...

– წავედი-წამოვედი და ისევ ვატოსთან მივედი. – დანანებით გაიფიქრა ნანამ და მიხვდა, რომ ვატოსთვის არაფრის მოყოლას არ აპირებდა. საერთოდაც, ვატო რაღაცნაირად გაუუცხოვდა და ვერ ხსნიდა, რატომ, თუმცა წრეგადასული სიყვარული მასთან ერთად არც არასდროს უგრძნია. ვატო რაღაცნაირად სტაბილური ადამიანი იყო, გაწონასწორებული, ცოტა ამბიციური, პატივმოყვარე და თავმომწონე, მაგრამ ნანა მსგავს სისუსტეებს ადამიანებს იოლად პატიობდა. შესაბამისად, ვატოსაც პატიობდა: თან, ვატო არ სვამდა, არ ეწეოდა, არ იგინებოდა, არ ყვიროდა. მეტი ნანას არც არაფერი სჭირდებოდა. შემოსავალი ჰქონდა, არც ძუნწი იყო და შესახედავადაც არა უშავდა. არა, ვცრუობ, მშვენიერი შესახედავიც იყო. კარგად აღზრდილიც, ოღონდ იყო ერთი ნიუანსი: ვატოს უცნაური დედა ჰყავდა, ქალბატონი მთვარისა. საკმაოდ ინტელიგენტი ადამიანი, მაგრამ პათოლოგიური (ნანას აზრით, პათოლოგიური) გამოხდომებით. მაგალითად, ქალბატონი მთვარისა თავის არც თუ ჭაბუკ ვაჟს, რომელსაც 40 წლისთვის ორიოდ წელია, რაც გადაებიჯებინა, არც ცოლი ჰყავდა არც შვილი, როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ურეკავდა და ეკითხებოდა, თუ როდის დაბრუნდებოდა სახლში. განსაკუთრებით ხშირად იმ საღამოებში უკერავდა, როდესაც ზუსტად იცოდა, რომ ვატო ნანასთან იყო და აუცილებლად იმ საღამოებში ეწეოდა წნევა, უჩქარდებოდა გული, ეჭედებოდა კენჭი და ვატოს დაუყოვნებლივ სახლში დასაბრუნებლად, თუ საჭირო გახდებოდა, ინსულტსაც დაიმართებდა.

ნანა ხვდებოდა, რომ დედა შვილს სასიკვდილო ჩაჭიდებით ეჭიდებოდა, რომ მის ცხოვრებაში ერთადერთ ქალად დარჩენილიყო და ნანა ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა ქალბატონ მთვარისას შვილისადმი ასეთი ავადმყოფური დამოკიდებულება და რატომ უწოდებდა სიყვარულს იმას, რაც პირწავარდნილი ეგოიზმი იყო.

მაგრამ ნანასთვის ეს მდგომარეობა ხელსაყრელი იყო, ვინაიდან გათხოვებას არ აპირებდა, ყოველ შემთხვევაში, არ უნდოდა, არც ყოველდღიური შეხვედრებისთვის ეცალა, მით უმეტეს, ქალბატონ მთვარისასთან ერთად ცხოვრება ზარავდა, ამიტომ, პირიქით, მადლიერიც კი იყო, რომ ვატოს სწორედ ასეთი დედა ჰყავდა და არა სხვანაირი.

ნანამ მანქანა „რედისონის“ პარკინგზე გააჩერა. ყოველი შემთხვევისთვის, სარკეშიც ჩაიხედა, მაკიაჟი შეისწორა და შესასვლელისკენ დაიძრა. ისევ ის კაბა ეცვა, რაც დღისით, ერთი ის იყო, რომ ფეხები დაეღალა ქუსლიან ფეხსაცმელში, ამიტომ ნელა მიდიოდა. თან, ფიქრობდა, უნდა მოეყოლა თუ არა ვატოსთვის, რაც შეემთხვა. დეტალების თქმას არ აპირებდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, ბოლოს და ბოლოს, უნდა ეთქვა თუ არა, რომ უმოწყალოდ დათვრა. მით უმეტეს, რომ იმ უცნობ–ნაცნობის სურნელს შიგადაშიგ ისევ გრძნობდა ხოლმე.

– ვიღაცამ უცხო თვალით რომ შეხედოს ამ ამბავს, სულ სხვანაირად დაინახავს, არადა სულ სხვა რამ იყო, ანუ არაფერიც არ მომხდარა, – გაიფიქრა ნანამ და უკვე მერამდენედ დარწმუნდა, თუ როგორი მატყუარა თვალები გვაქვს ადამიანებს: „რასაც ვხედავთ, სულაც, არ არის ის, რასაც ვხედავთ...“

ნანამ ტელეფონი ამოიღო: მოვედი, შემოსასვლელთან ვარ. კარგი...

ნანა შევიდა და მარცხნივ შეუხვია. მიდიოდა და კმაყოფილებაც მიჰქონდა, რადგან ამჩნევდა თვალებს, რომლებიც მას მალულად ათვალიერებდნენ, ამიტომ კიდევ უფრო ტაატით მოძრაობდა,

– რა ლამაზი ხარ, – ვატო გადაეხვია და წინ გაატარა ნანა და ნანა მიხვდა, უფრო იმის საჩვენებლად გარშემო მყოფებისთვის, რომ მისი მფლობელი ვატო იყო. ამან ნანა ცოტა გააღიზიანა, მაგრამ არ შეიმჩნია.

– ჩემს მეგობარს გაგაცნობ, ლაშას, – და ნანამ უცებ წაიფორთხილა. ვატომ ხელი შეაშველა:

– თვალი გეცა, ისეთი ლამაზი ხარ, – ნანა დაიხარა და კოჭზე მოისვა ხელი, იმდენად ეტკინა და იმიტომაც, რომ თავისი აჭრილი სახისთვის რამე მოეხერხებინა.

– აი, ჩემი ნანა, გაიცანი, ეს ჩემი მეგობარი ლაშაა, – ნანამ ხელი გაუწოდა უცნობ–ნაცნობს და იგრძნო, რომ გაწითლდა, ამიტომ დაამატა: ალერგია მაქვს, არ მიაქციოთ ყურადღება.

– შენ ალერგია გაქვს ხოლმე? – ჰკითხა ვატომ. ნანამ თავი დაუქნია: კი, წელიწადის ამ დროს... – იცრუა ნანამ.

– სასიამოვნოა თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა, – ლაშამ ხელი გაუწოდა ნანას.

– ერთმანეთს იცნობთ? – გაუკვირდა ვატოს.

– არა, ამას ვერ დავარქმევ, რომ ვიცნობთ. – მაშინვე უპასუხა ნანამ და თავისი თავი ბოლომდე დაიმორჩილა, – ხომ გითხარი, რაღაც შემემთხვა და მოგიყვები–მეთქი.

– იქ გავიცანი, სადაც შენ მირჩიე წასვლა, – ლაშა ძალიან ბუნებრივად იქცეოდა და ლაპარაკობდა, – და ეს ის ქალია, ვისზეც გიყვებოდი. ნანა დაჯდა, იმიტომ რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

– როგორ?! ვერ მივხვდი, – ვატომ ჯერ ლაშას შეხედა, მერე – ნანას. ნანა დუმდა, იმიტომ რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უთხრა ვატოს ლაშამ. უხერხულობა ისევ ქალბატონმა მთვარისამ გაფანტა – შვილს დაურეკა და ვატოც მაშინვე ტელეფონს დასწვდა, – გამოიძახე „სასწრაფო“ და ახლავე მოვალ, – მერე ვატო ლაშას მიუბრუნდა, – უნდა წავიდე, – და ისე გავიდა, ნანას არც კი დამშვიდობებია. ნანა ისევ არ იღებდა ხმას.

– რას დალევ? – ჰკითხა უცნობი ადამიდან ლაშად ქცეულმა ნაცნობმა.

– არაფერს. რა უთხარი?

– რაც იყო, რომ ზუსტად ისეთ ქალს შევხვდი, როგორსაც ვეძებდი...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული