რომანი და დეტექტივი

როცა სიმართლე არავის სჭირდება

№2

ავტორი: ნია დვალი 20:00 19.01

როცა სიმართლე არავის
სჭირდება
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #50-1 (1201)

***

ნანა თავს ტკივილმა გამოაღვიძა:

– რა დავლიე ასეთი და ამდენი, – გონება დაძაბა, რომ რამე მაინც გაეხსენებინა და ვერაფერი გაიხსენა. გლინტვაინის დალევა რომ დაიწყო, ახსოვდა, მერე – არაფერი.

– ნეტავ, ძალიან სამარცხვინოდ ვიქცეოდი? – ჰკითხა საკუთარ თავს, იმედია, არა... ხალათი რატომ არ ამოვიღე? – წამოდგა და თუმცა თავი სტკიოდა, სხეული ემსუბუქა და განწყობაც კარგი ჰქონდა, რაც თითქოს შეუთავსებელი იყო თავის ტკივილთან და წუხანდელ სტრეს-ლოთობასთან.

სააბაზანოში შიშველი ფეხებით შევიდა და წყალი მოუშვა. ცხელი წყლის თავზე დასხმამ უშველა და დუშგელიც ესიამოვნა. საშხაპის გვერდით დიდი სარკე იყო. ნანა სააბაზანოს რბილ ხალიჩაზე დადგა შიშველი და თავი შეათვალიერა, მერე დატრიალდა ისე, რომ სარკისთვის თვალი არ მოუშორებია:

– არ მცალიაო, წარმოგიდგენია?! შენ ამას ვერ ეღირსო, ისე მე გავიხარო, – ნანა კარგ ხასიათზე დადგა და გაიზმორა. უცებ სააბაზანოს კარი გაიღო და ვიღაც მამაკაცი შემოვიდა. ნანას ისე შეეშინდა, რომ თვალები დახუჭა და აყვირდა. მამაკაცმა მოიბოდიშა და მაშინვე უკან გავიდა. ნანამ სააბაზანო ხალათი მოისხა და უკან დაედევნა.

სველი თმა ლამაზად ეფინა სახეზე და დღევანდელი ნანა წუხანდელ ნანას საერთოდ არ ჰგავდა. მამაკაცი ნომერში სავარძელში იჯდა:

– უკაცრავად, შენი შეშინება არ მინდოდა. – უთხრა ღიმილით.

– შენობით რატომ მელაპარაკებით ან აქ რას აკეთებთ, ახლავე ადმინისტრაციას დავურეკავ. დაუყოვნებლივ დატოვეთ ჩემი ნომერი, თორემ პოლიციას გამოვიძახებ, – ნანამ დოინჯი შემოირტყა.

– მე ჩემს ნომერში ვარ, – ისევ გაუღიმა მამაკაცმა და ნანას თავზარი დაეცა:

– როგორ?! მაშინ მე აქ რა მინდა? – მამაკაცი ისევ იღიმებოდა, რაც იმას ნიშნავდა, არ ვიციო.

ნანა არ დაიბნა: თავისი ტანსაცმელი მოკრიბა, ფეხსაცმელები ხელში დაიჭირა და ერთიანად გაწითლდა: ეტყობა, რაღაც გაუგებრობაა. აქ როგორ მოვხვდი?! უკაცრავად, მაპატიეთ... და ჩემი ნომრის გასაღები სადაა? – მასპინძელმა მხრები აიჩეჩა. ნანამ ტანსაცმლის ჯიბეები მოსინჯა და ერთ–ერთში მართლაც იდო ელექტრონული გასაღები.

– მაპატიეთ, უკაცრავად, ხალათს დაგიბრუნებთ. უკაცრავად, – იმეორებდა ნანა და აჭარხლებული ზურგით იხევდა უკან, კარისკენ. ხალათის სითეთრე კი მის წამოჭარხლებას კიდევ უფრო წითლად წარმოაჩენდა.

ნანა თავგუდმოგლეჯილი გაიქცა თავისი ნომრისკენ. შევარდა და მოათვალიერა. ნამდვილად მისი ნომერი იყო, მისი ნივთებიც იქ ეწყო. ტელეფონიც. სავარძელში დაჯდა. თავს ძალას ატანდა, გაეხსენებინა, რა მოხდა წუხელ და ვერაფერს იხსენებდა.

– ქალი რატომ უნდა გამოსულელდეს ასე?! – ნანა თვითგვემას მიეცა. მერე გაახსენდა, რომ რაღაცის გასახსენებლად ამაზე ფიქრს უნდა დაანებო თავი და სხვა რამეზე გადაერთო, მაგრამ რაზე უნდა გადართულიყო, არ იცოდა. მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ტელეფონი ჩართო. გამოტოვებული ზარები არ ჰქონდა. ერთ ხანს იჯდა სავარძელში. მერე ადგა და სააბაზანოში შევიდა. თმა გაიშრო, დაიყენა და იგრძნო, რომ შიოდა, თუმცა ქვემოთ ჩასვლა არ უნდოდა, იმიტომ რომ რცხვენოდა, ვინაიდან წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მოიქცა წუხელ და, საერთოდაც, რა მოხდა.

ჩანთა ამოქექა, ტანსაცმელს ეძებდა. ნანას უცნაური გარეგნობა ჰქონდა, მხოლოდ კარგი ნაცნობები ცნობდნენ მას სპორტულად ჩაცმულს ან საშინაოდ გამოწყობილს, ამიტომ იმავე ფანდის გამოყენება სცადა.

საფუძვლიანად გამოეწყო, მაკიაჟიც გაიკეთა და ასე მორთულ–მოკაზმული ჩავიდა რესტორანში. ერთი პირობა გადაწყვიტა, რომ ნომერში გამოეძახებინა საჭმელი, მაგრამ მალევე გადაიფიქრა, იმიტომ რომ დეზერტირობა არ მოსწონდა.

– იქნებ ეს გაუგებრობა იმიტომ შემემთხვა, რომ ანას არაფერი ვკითხე, ისე გამოვუტანე განაჩენი? – დაფიქრდა ნანა, ამიტომ თამამად გააღო ნომრის კარი და გავიდა.

რესტორანში ხალხმრავლობა იყო, იმიტომ რომ გარეთ წვიმდა და ყველას იქ მოეყარა თავი, მეტად კომფორტულსა და სასიამოვნო ინტერიერში, რომელშიც ქართული და ევროპული ელემენტები ძალიან ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. ბუხარიც კი ტკაცუნობდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ თბილი ოქტომბერი იდგა. სამაგიეროდ, ცეცხლის მოყვითალო ენები და კარგად გამომშრალი შეშის ტკაცატკუცი სიმყუდროვეს ჰმატებდა ისედაც მყუდროსა და მოხერხებულ გარემოს. მიმტანი ვაჟი ნანასთან მივიდა და მენიუ მიაწოდა. ნანას მოეჩვენა, რომ ორაზროვნადაც გაუღიმა.

– ახლა სულ ნუ გააფრენ, – შემოუძახა ნანამ თავის თავს. მენიუს გადახედა და უცებ ამოარჩია, რაც უნდოდა. ყელში სიმშრალე იგრძნო, როგორც ჩანს, სხეული კიდევ ალკოჰოლს ითხოვდა, მაგრამ ნანამ „ნაბეღლავის“ დალევა გადაწყვიტა. თან, მალულად იქით-აქეთ იცქირებოდა, იმის იმედით, რომ იმ უცნობ მამაკაცს ვერ დაინახავდა, რომლის სააბაზანოშიც ნანასთვის უცნობი მიზეზით მოხვდა.

– სიმპათიური კი იყო, – გაიფიქრა ნანამ და უცებ ცივმა ოფლმა დაასხა. სცენა გაახსენდა: აშკარად ვიღაც კაცი იწვა და ეს ვატო არ იყო და ნანა იმ კაცის ყელზე ჩამოკიდებულ ჯვარს ათვალიერებდა. ეს სურათხატი ისე დაინახა, რომ თვითონაც იწვა და თავისდა გასაოცრად, ნანამ გაიფიქრა:

– მახსოვდეს მაინც, – და გაეცინა, იმდენად ხმამაღლა, რომ რამდენიმე ადამიანმა მისკენ მიიხედა. ნანამ თბილად გაუღიმა საპასუხოდ, უკაცრავადო, თქვა ტუჩების მოძრაობით და კიდევ გაიცინა, ოღონდ ამჯერად პირველ ჯერზე ხმადაბლა.

და მიმტანმა შეკვეთაც მიუტანა.

***

– ჰო, ვატო... კარგად, ხომ გითხარი, რომ ლენა წავიყვანე... კარგად არის. ხვალ ჩამოვალთ... რას ჰქვია, გატყუებ?! – ნანა ურცხვად იტყუებოდა.

– კარგი, რომ ჩამოხვალ, დავილაპარაკოთ, – უთხრა ვატომ და ნანას მოეჩვენა, რომ ვატომ იცოდა, ნანა რომ იტყუებოდა. ნანას შეეძლო ვითარების გამოსწორება, იმიტომ რომ ქალს ყოველთვის შეუძლია, გააცუროს კაცი, განსაკუთრებით, მაშინ, თუ ის ტყუილი კაცის პატივმოყვარეობას მიესალბუნება, მაგრამ ნანას დაეზარა ამის გაკეთება. საერთოდაც, ახლა ვატოსთვის არ სცხელოდა. ანაზე ფიქრობდა და ვერ მოეფიქრებინა, როგორ დაედგინა ის, რაც უნდოდა, რომ დაედგინა.

– რომ ვუთხრა, აქ ამოდიო, არ ამოვა. შეიძლება, არც კი დამელაპარაკოს და ტელეფონი გამითიშოს ან საერთოდ არ უპასუხოს ჩემს ზარს, – ნანას ზარავდა იმის გააზრება, თუ როგორ მიიყვანა აქამდე შვილთან ურთიერთობა, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მერის უხეშად დალაპარაკებოდა ან, მით უმეტეს, არ ეპასუხა მისი ზარისთვის. და ნანას შერცხვა, მერი და ლენა არც კი გახსენებია. ამიტომ ნება-ნება ჭამას მოუჩქარა და ისევ ნომერში ავიდა.

მაგიდებს შორის რომ გაიარა, მზერა იგრძნო, სადღაც ზურგის არეში, მაგრამ არ მიბრუნებულა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეჩქარებოდა. მიხვდა, ვინ შეიძლება, ყოფილიყო და ისევ ალმური მოედო.

ამჯერად ეკრანზე გამოტოვებული ზარები ენთო. მერის რამდენჯერმე დაერეკა და ნანას გულმა რეჩხი უყო: მერი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც თავს არ გაბეზრებენ, ვინაიდან იციან, რომ, თუ ტელეფონს არ პასუხობ ან არ გინდა, ან არ შეგიძლია და როდესაც მოგინდება და შეგეძლება, თავად დარეკავ.

– ხომ მშვიდობაა? – შეშფოთებული ხმით ჰკითხა ნანამ.

– კი, მშვიდობაა, როდის ჩამოდიხარ? ლენამ კი მითხრა, რომ ორ-სამ დღეში ჩამოვაო, მაგრამ მაინც...

– წამოვიდე, დედა?

– არა, მოსაკითხად დაგირეკე. ხომ ჩამოხვალ ხვალ ან ზეგ...

– წამოვალ ახლავე, – დაბეჯითებით უთხრა ნანამ.

– არა-მეთქი, ჩამოსვლა რომ იყოს საჭირო, აუცილებლად გეტყოდი. უბრალოდ, გკითხე. აღარ მცალია, მერე დამირეკე, დრო რომ გექნება. თავს გაუფრთხილდი. ლენამ მოგიკითხა.

ნანას უსიამოვნო წინათგრძნობამ წამოუარა. მერის ხმას საეჭვო ვერაფერი შენიშნა, მაგრამ მისი ამდენჯერ დარეკვა ეუცნაურა და საუბრის შინაარსი:

– რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა, მეტყოდა, ჩამოდიო, – თითქოს დამშვიდდა ნანა და ისე, რომ ვერც გაიაზრა, ანას დაურეკა.

– ოჰ, გამოჩნდა დედოფალი, – მხიარულად უპასუხა ანამ და ნანას გულზე მოეშვა, რამე რომ მომხდარიყო, ანას ასეთი უდარდელი ხმა არ ექნებოდა.

– ანუშკები, სად ხარ? რას აკეთებ? საქმე მაქვს შენთან. გუშინ ჩემთან ეკა იყო და საოცრება ამბავი მითხრა, ეგრევე ვიდეზერტირე და წამოვედი სახლიდან, რომ გამეაზრებინა, – ნანას თავისით გამოუვარდა პირიდან ეს სიტყვები.

– რა გითხრა ასეთი? – ძალიან ბუნებრივად ჰკითხა ანამ, რამაც ნანა დაამშვიდა.

– ტელეფონით ვერ გეტყვი.

– მაშინ, რომ ჩამოხვალ, მერე მითხარი.

– კარგი. გკოცნი და თავს მოუარე. მე შენ გარდა შვილი არ მყავს, იცოდე. – ნანამ ტელეფონი გათიშა და მოულოდნელად ისეთი სიყვარული იგრძნო ანასადმი, რომ თვითონაც გაუკვირდა. ბოლო წლებში, რატომღაც, ეგონა, რომ შვილისადმი სიყვარულის გრძნობა მოუჩლუნგდა, იმდენად მისი ანტიპოდი იყო, რაც ნანას აბრაზებდა, მაგრამ ამ მოულოდნელმა ტალღამ ნათლად აგრძნობინა, რომ არაფერი შეცვლილიყო. ან კი როგორ შეიძლებოდა, რამე შეცვლილიყო?! და ნანას უნებლიეთ გაახსენდა თავის ბავშვობის მეგობარ გიორგისთან დიალოგი.

***

– ბევრს ფიქრობ, – შეწუხებული სახით უთხრა გიორგიმ.

– მე ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი, შენ მაინც იცი, – გაეცინა ნანას.

– ჰოდა, არ ვარგა ეს, სულ უკირკიტებ, ეს რატომ, ის რატომ. რატომ და იმიტომ. მიიღე, რაც არის და როგორც.

– ვიღებ, მაგრამ მაინტერესებს მიზეზი.

– გაიგებ რო მიზეზს?!

– ვერა, მაგრამ ვცდილობ.

– ცდილობ და ძალას ხარჯავ, რაც შეიძლება, სხვა რამეს მოახმარო. – არ დაეთანხმა გიორგი.

– იცი, რაზე ვფიქრობ ხოლმე?! ოღონდ არ დამცინო, – გიორგიმ ხელით ანიშნა, გპირდებიო და ნანამ განაგრძო, – როგორ მოახერხა უძღები შვილის მამამ პირველყოფილი სიყვარულით დალოდებოდა შვილის დაბრუნებას.

– ეუჰ, – გიორგიმ გაიცინა და მაშინვე გამოასწორა, – არ დაგცინი, უბრალოდ არ ველოდი, რომ ამას იტყოდი...

***

ნანა მართლაც ბევრს ფიქრობდა ამაზე და სწორედ ახლა მიხვდა, როგორ ხდებოდა ეს: რაც უნდა ჩაედინა ანას, ნანასთვის სულ ერთი იყო, ისევე, როგორც ის, თუ როგორ ამჟღავნებდა თავს ანა. ამ შეგრძნებამ ბედნიერების განცდა მოჰგვარა და ნანამ გაიღიმა: ანა მოენატრა. მისი შავი, დიდი თვალები და გრძელი თითები. მაგრამ შფოთის განცდა ისევ დაეუფლა. ბევრი არ უფიქრია. თავისი ნივთები აკრიფა, ჩანთაში ჩადო და ნომრის კარი გაიკეტა.

მანქანისკენ რომ მიდიოდა, ის უცნობ-ნაცნობი დაინახა, უნდოდა გვერდის ავლა, მაგრამ არ გამოდიოდა. ამიტომ, რაკი სხვა გზა არ იყო, ჯიქურ გაიარა. მერე უცებ შედგა. მიტრიალდა და უთხრა:

– არაფერი მახსოვს, ზოგადად, არ ვეტანები სასმელს. იმედი მაქვს, არ მიწყენინებია და არანაირი უკეთურობა არ ჩამიდენია. თუ რამე გაწყენინეთ, მაპატიეთ.

– მეც წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოხვდით ჩემს ნომერში. არც მე მახსოვს არაფერი, – ნაცნობ-უცნობმა ნანას თავაზიანად გაუღიმა და გაატარა. ნანამ თავაწეულმა გაიარა და ესიამოვნა, რომ ნაცნობი-უცნობი ასეთი გალანტური აღმოჩნდა. ნანას კულტურული ადამიანები დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, მაშინაც კი, თუ მათ პირველად და უკანასკნელად ხედავდა. ასეთი სასიამოვნო შეგრძნებით ჩაჯდა მანქანაში და უცებ მის თვალწინ ნელ-ნელა გაცოცხლდნენ წუხანდელი კადრები, დატრიალდნენ და ნანას კმაყოფილება ტუჩებზე მიეყინა...

– სამარცხვინო ადამიანი ვარ, – დაასკვნა ნანამ, მაგრამ ამას აღარაფერი ეშველება: ისე საშინლად ვიქცეოდი, ტიპს მომენტით სარგებლობის სურვილიც კი არ გასჩენია, – და უცებ ნანა დაფიქრდა: კი მაგრამ, როგორ მიცნო?! წუხელ გაპუტულ ქათამს ვგავდი?! – მაგრამ ისევ ანაზე ფიქრები წამოუტივტივდა. გულში დალოცა და წარმოიდგინა, როგორ გადაუსვა თავზე ხელი...

ნანა კარს მიაწვა და გაიღო.

– ისევ ღია დატოვეს, ესენი გადამრევენ, უნდა შევაშინო, – ამიტომ ჩუმად შევიდა. კარი მიხურა, ჩანთა დადო და ფეხაკრეფით მიუახლოვდა მისაღების შეღებულ კარს. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა.

– ხომ არ წავიდნენ სადმე? – გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ დუდუნით მიხვდა, რომ მერი და ლენა ლენას ოთახში იყვნენ. ნანა ისევ ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს, რომელიც დებს, რატომღაც, დაეკეტათ.

– უნდა ვუთხრათ, ლენა. რას აქნევ თავს, უნდა ვუთხრათ. რამე რომ მოგსვლოდა?! ჯვარი გწერია, მერე ხომ არ ვეტყოდი?! ცოდვა არაა?!

– ვერ ვეტყვი, მერიკო, როგორ უნდა ვუთხრა?! ან შენ როგორ მოგექცე ასე?! – ლენა ტიროდა და ნანა პირველად შეესწრო ფაქტს, რომ ლენა ტიროდა. ამიტომ საფუძვლიანად გამაგრდა ლენას ოთახის კართან და სმენად იქცა.

– მე რა შუაში ვარ, გოგო? – გაიკვირვა მერიმ.

– შვილი წაგართვა?! და რომ შემიძულოს? – ლენა სლუკუნებდა.

– ნანა ისეთი კარგი გოგოა, რა უნდა შეგიძულოს, ვინ იძულებს საკუთარ დედას?! – მერი დას უყვავებდა.

– დედა შენ ხარ, მერიკო. მე, უბრალოდ, გავაჩინე და ისიც იმიტომ გავაჩინე, რომ შენ მთხოვე.... – ნანა ჯერ ვერ მიხვდა, ვისზე ლაპარაკობდნენ დედამისი და დეიდამისი, მაგრამ, რომ გაიაზრა, გახევდა. კარის ხმაზე მექანიკურად მიტრიალდა – ანა მოსულიყო და დედამისს უყურებდა. ნანამ ტუჩებზე მიიდო ხელი და ისევ ფეხაკრეფით დაბრუნდა შემოსასვლელში. სახეზე ფერი არ ედო და ანა ყველაფერს მიხვდა:

– გაგიტყდა? – და ახლა უკვე ნანა მიხვდა, რომ ანამ ყველაფერი იცოდა.

– წავიდეთ, – ხმადაბლა უთხრა ნანამ შვილს. ანამ თავი დაუქნია და დედა–შვილი სახლიდან ისევე ჩუმად გავიდა, როგორც შემოვიდნენ. არც ერთს ხმა არ ამოუღია, ისე ჩასხდნენ მანქანაში და დაიძრნენ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული