როცა სიმართლე არავის სჭირდება
ავტორი: ნია დვალი 20:00 12.01, 2024 წელი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #50-52 (1200)
გარეთ არავინ იყო, მაგრამ ლაუნჯი მუშაობდა. ყოველ შემთხვევაში ბარმენი თავის ადგილას იდგა და მუსიკაც უკრავდა, დაბალ ხმაზე, რომ არც გაწუხებს და თან, გესმის, ოღონდ ისეც არ გესმის, რომ თავისი განწყობა თავს მოგახვიოს, უბრალოდ, ფონს გიქმნის და ეს ფონი ესადაგება შენს იმჟამინდელ განწყობას. ნანამ მაინც სეირნობა გადაწყვიტა, მაგრამ სასეირნო დიდად არაფერი იყო, ამიტომ, ისე გამოვიდა, რომ ბოლთას სცემდა უზარმაზარი ჭადრის ხის ძირში. დადიოდა ტაატით, ზანტად და თავის სუნთქვას მიჰყვებოდა თავისივე სხეულის ლაბირინთებში, სადაც ვერაფერს არჩევდა: იქ სრული სიბნელე იყო, ამოსუნთქვაც სიბნელე იყო. ალბათ, იმიტომ რომ მზე თვალს მიფარებოდა და მიწის იმ ნაგლეჯზე, რომელზეც ნანა დადიოდა, დაღამებულიყო.
– რა უცნაურია, ვარსკვლავები დღისითაც არიან, მაგრამ არ ჩანან, იმიტომ რომ მზის შუქი აქრობს, – ფიქრობდა ნანა და ცას უყურებდა ჭადრის ტოტებიდან, – მერე ისევ მზე მოვა და ვარსკვლავებს დაჩაგრავს, – ნანას ვარსკვლავები შეეცოდა, რომლებიც ასე უკვალოდ იკარგებოდნენ ხოლმე თვალუწვდენელ ცაზე, არადა არსად მიდიოდნენ, ყოველთვის იქ იყვნენ, სადაც ღამით, უბრალოდ, სინათლე მათ უმოწყალოდ აქრობდა.
– იქნებ ასე ვართ ადამიანებიც? არ ვჩანვართ, იმიტომ რომ ვიღაც გვჩრდილავს თავისი შუქით? და შუქი რა არის? სიყვარული, ხომ? და სიყვარული როგორ დაგჩრდილავს? ესე იგი, ადამიანებთან პირიქითაა, – დაასკვნა ნანამ: უსიყვარულობა ჩრდილავს ადამიანებს, – და უცებ მიხვდა, რომ ხმამაღლა ლაპარაკობდა, ამიტომ თვალი ქურდულად მიმოავლო გარემოს და დამშვიდდა, რაკი ვერავინ დაინახა. მერე თავის თავზე გაეცინა: თითქოს სხვების აზრი არ მაინტერესებს და ამ დროს, თურმე, როგორ მაინტერესებს. ფეხებზე არ მკიდია, რას იფიქრებენ სხვები? – ნანა ახლა უკვე თამამად ელაპარაკებოდა თავის თავს ხმამაღლა, მაგრამ მალე დაიღალა და ლაუნჯისკენ გაიხედა. ბარმენიც ისევ თავის ადგილას იდგა, შუქიც ენთო, მუსიკა ცოტა ხმამაღლა უკრავდა და აქა-იქ ვიღაცებიც ისხდნენ მაგიდებსა და ბარის სკამებზე.
ნანამ თავის ტანსაცმელზე დაიხედა, ეხამუშებოდა ასეთი შინაურული ჩაცმულობა, სხვებთან არა – საკუთარ თავთან, მაგრამ გამოსაცვლელად ნომერში ასვლა დაეზარა.
– თუ გინდა, რომ დღესასწაული გქონდეს, შენ თავად უნდა შექმნა ის და საკუთარი თავის მორთვით დაიწყო, – გაახსენდა ნანას დეიდამისი ლენას ნათქვამი.
– ლენაც უნდა წამომეყვანა, გავერთობოდი და ისიც ისიამოვნებდა, – უცებ ინანა ნანამ და ბარის სკამზე დასკუპდა. ბარმენმა გაუღიმა, ნანამაც დაუბრუნა ხურდად ღიმილი და გლინტვაინი მოითხოვა. ბარმენმა ერთი ჭიქა დაუსხა. ნანამ ერთიანად გამოცალა და მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა, რამაც მოთენთა და სახეც უცნაურად მოუღრიცა. როდესაც ეს იგრძნო, სახე გაისწორა და კიდევ ერთი ჭიქა მოითხოვა, ოღონდ ამჯერად ნელ–ნელა წრუპავდა და გრძნობდა, როგორ ერეოდა ალკოჰოლი. მისი სისხლის წითელი უჯრედები თითქოს გამხიარულდნენ და თავი დაკარგეს. მაგრამ ნანა დასევდიანდა და ირგვლივ მიმოიხედა.
პატარა მაგიდასთან წყვილი იჯდა, ახალგაზრდები იყვნენ და თუმცა ორივე თავის ლეპტოპში იყო ჩამძვრალი, მათ შორის კავშირი მაინც იგრძნობოდა და განსაკუთრებით, მამაკაცის ყურადღება ქალისადმი: მისი არც ერთი მოძრაობა არ გამოეპარებოდა და შიგადაშიგ ხელებს უსინჯავდა, ალბათ, იმის გასარკვევად, ხომ არ სციოდა.
ნანას გული აუჩუყდა და მესამე ჭიქაც მოითხოვა ხელის მოძრაობით. გულის აჩუყება კი მალევე შეცვალა სევდამ: ნანას მოუნდა, რომ ვიღაცას მისი ხელების ტემპერატურაც შეემოწმებინა. უნებლიეთ თავად მოიკიდა ხელი მკლავზე, იმიტომ რომ მკლავები ყოველთვის, ზამთარ-ზაფხულ, გრილი ჰქონდა და ასე ამოწმებდა ხოლმე, თუ ხელის გულები უხურდა. ახლაც უხურდა.
ნანამ მეორე მაგიდისკენ გაიხედა, იქ შედარებით ხანდაზმული წყვილი იჯდა, რომლებიც გაცხოველებით საუბრობდნენ და ნანამ ისევ სევდა იგრძნო, იმიტომ რომ, მისი ცხოვრების ამ ეტაპით თუ ვიმსჯელებდით, წყვილად დაბერების პერსპექტივა არ ჩანდა. ნანამ ამოიოხრა და ისევ გლინტვაინი მოწრუპა. მიხვდა, რომ საკმაოდ მოეკიდა სასმელი, ამიტომ წამოდგომას არ ჩქარობდა, ვინაიდან არ იყო დარწმუნებული, რომ ფეხზე გამართულად დგომას შეძლებდა, თავბრუც ეხვეოდა. მადლობა ღმერთს, გული არ ერეოდა.
ბარმენმა ანიშნა, კიდევ ხომ არ დაესხა სასმელი, მაგრამ ნანამ თავი გააქნია და ყავა მოითხოვა, იმ იმედით, რომ ცოტას გამოაფხიზლებდა. უძრავად იჯდა, უფრო ზუსტად, ცდილობდა, გამართულად მჯდარიყო, რომ სიმთვრალე დაემალა.
– თუ მთვრალი ვარ, როგორ ვფიქრობ ამდენს? – ნანამ ეს ფრაზა ფრანგულად თქვა ხმამაღლა. საერთოდ, როდესაც სასმელს სვამდა, უცხო ენაზე ლაპარაკი მოსწონდა.
– საკმარისად მთვრალი არ ხართ, ესე იგი, – ნანას ზურგიდან მამაკაცის ხავედოვანი ბარიტონი მოესმა ან იქნებ მისმა სასმელმოკიდებუმა ყურებმა აღიქვეს ის ხმა სასიამოვნო ბარიტონად, მაგრამ ნანასთვის სულერთი იყო, იმდენად ესიამოვნა ამ ხმის გაგონება მის ყურებს, ამიტომ მიბრუნდა.
– ფრანგი ხართ? – ჰკითხა უცნობს, რომელსაც თავისი ხმის შესაფერისი გარეგნობა ჰქონდა: ოდნავ ტალღოვანი თმა, გამოკვეთილი ყბები, მაგრამ ის ჰარმონიულად ჯდებოდა მის, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, სახის მოგრძო ოვალში.
– არა, – მოკლედ უპასუხა უცნობმა.
– ფრანგულად კარგად ლაპარაკობთ, – შეაქო ნანამ და ისევ დალევა მოუნდა.
– თქვენც და თქვენ ფრანგი ხართ? – კითხვა დაუბრუნა უცნობმა.
– არა, მე მარსიდან ვარ. ახლახან ჩამოვფრინდი, – უპასუხა ნანამ და ბარმენს კიდევ ერთი ჭიქა გლინტვაინი მოსთხოვა.
– მგონი, მეტი აღარ ღირს... – გაუღიმა უცნობმა ნანას.
– რატომ? ფიქრობთ, უკვე ვარ იმ კონდიციამდე მისული, რომ შემაცდინოთ?
უცნობს გაეღიმა:
– მე არ ვაპირებ თქვენს შეცდენას.
– ცუდია, იმიტომ რომ მე დიდი სიამოვნებით შევცდებოდი თქვენთან, – უთხრა ნანამ და ბარმენს ანიშნა, კიდევ დამისხიო.
– თქვენ სულ ფხიზელი ხართ ხოლმე? – ახლა ნანა დაინტერესდა.
– არა, მაგრამ მარტოც ვსვამ ხოლმე.
– არ გინდათ, დამპატიჟოთ თქვენს ნომერში.
– არა, ალკოჰოლმოკიდებული ქალები ნომერში არ ამყავს, – ამის გაგონებაზე ნანა მთელი ტორსით შეტრიალდა უცნობისკენ და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
– ყოჩაღ! სწორია. ვერც მე ვიტან მთვრალ კაცებს. აი, მეზიზღება. საშინელი სუნი ასდით. – და უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო, უცნობს ჰკითხა:
– ფხიზელი ხარ?! და რას დალევ? – ნანა მიმართვის შენობით ფორმაზე გადავიდა, სხვათა შორის, ფრანგულის ეს თავისებურება მოსწონდა, ინგლისურისგან განსხვავებით.
– რატომ უნდა დავლიო? – გაიღიმა უცნობმა.
– იმიტომ რომ ვერ იგრძნო ალკოჰოლის სუნი, რომელიც ამდის, – ძალიან სერიოზული სახით უპასუხა ნანამ, – იქნებ გადაიფიქრო და მარსიდან სულ ერთი ღამით ჩამოფრენილი მოწყენილი ქალი საკუთარ ნომერში დაპატიჟო და ნამდვოლი დღესასწაული მოუწყო.
– კარგი, ოღონდ მე ვისკის დავლევ.
– როგორც გინდა, მე დემოკრატი ვარ, იქ, ზემოთ, – ნანამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ცისკენ აიშვირა, ყველანი გამოუსწორებელი დემოკრატები ვართ. მეც ყველას არჩევანს ვცემ პატივს. მეც ვისკი ხომ არ დამელია?
– არევა არ ღირს.
– მართალია, – უთხრა ნანამ და თავისი გლინტვეანი მოწრუპა.
ნანას სასმელი მალე ეკიდებოდა, მაგრამ, ასევე, ძალიან მალე გასდიოდა და, საბოლოოდ, თუ იმ ზღვარს დაიჭერდა, რის შემდეგაც აღარ უნდა დაელია, აბსოლუტურად ფხიზელი, ოღონდ სასიამოვნოდ შენელებული გონება რჩებოდა და არანაკლებ სასიამოვნოდ მოთენთილი სხეული. სწორედ ახლა გადიოდა იმ ზღვარს, ოღონდ ვერ გრძნობდა, რომ გაჩერების დრო ახლოვდებოდა.
– რა გქვია? – ჰკითხა უცნობმა ნანას.
– ევა, – უპასუხა ნანამ და სიცილი აუტყდა, – მოდი, შენ ადამი იყავი. იდეალური წყვილი ვიქნებით: მარსელი ევა და დედამიწელი ადამი, – ადამად მონათლულმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
– ეს კიდევ იყოს სამოთხე, მაგრამ ეს ბარმენი ვინ არის, არ ვიცი, საიდან მოვიდა?! – ჩაფიქრდა ნანა და მოიფიქრა, – მოდი, ეს გველი იყოს, – შესთავაზა „ადამს“.
– იყოს.
– და ეს გლინტვეანი საბედისწერო ვაშლი. არა, ვისკი იყოს ვაშლი და მე ვითომ ლოთი ევა ვარ. აი, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, – თქვა ნანამ და მორიგი ჭიქაც გამოცალა და გამოცალა თუ არა, მიხვდა, რომ უმოწყალოდ ზედმეტი მოუვიდა.
– აღარ უნდა დამელია. ნომერში ვერ ავალ, შანსი არაა.
– მოგეხმარები.
– მე ვერავინ მომეხმარება და არც არავის უნდა ჩემი მოხმარება, – ნანამ უცნობს თავი მიადო მხარზე და იმდენად ესიამოვნა მისი გულმკერდის შეხება, რომ ძილი მოერია, მაგრამ გაახსენდა, რომ ვერავინ დაეხმარებოდა, თავი ისევ შეეცოდა და ტირილი დაიწყო, როგორც მაშინ, ბავშვობაში, გული რომ ამოუჯდებოდა და დედამისს ეხუტებოდა.
უცნობი აშკარად არ გრძნობდა უხერხულობას ნანას ამ უცნაური საქციელის გამო და ეს ნანას გაუცნობიერებლად ათამამებდა. უფრო ზუსტად, მთელი თავისი არსის მოურიდებლად გამომჟღავნების საშუალებას აძლევდა, როდესაც ადამიანს არ ერიდება, გამოამზეუროს თავისი სისუსტეები და აჩვენოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის.
ნანამ, ტირილით რომ გული იჯერა, ხელსახოცი აიღო და ცხვირი სისველისგან გაითავისუფლა. ალკოჰოლმა მთლიანად შთანთქა ყველანაირი ეთიკური, ანუ ქცევის პირობითი ნორმები.
– დღეს საშინელი ამბავი გავიგე, მგონი, ჩემი შვილი ნარკოტიკებს ეძალება და, თან, პროსტიტუციას. არ ვიცი, რა გავაკეთო. თან, ეს ჩემმა მეგობარმა მითხრა და არც კი ვიცი, რატომ მითხრა. უნდა ეთქვა?
– მგონი, აჯობებს, ნომერში ახვიდე.
– არა, ნომერში მარტო ვერ დავრჩები. ვინმეს უნდა ველაპარაკო და შენ ამისთვის იდეალური ვარიანტი ხარ. არ მიცნობ, არ გიცნობ, ვერასდროს გნახავ. ბანალური დედამიწური სამოთხის ისტორიაა, – ნანა საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობდა.
– კარგი, მეც ამოვალ.
– მომატყუებ. არ ამოხვალ. ამდენი წელია, ერთს ვხვდები, დავურეკე, მჭირდები-მეთქი. ასეთ რამეს ვის ეტყვი და მითხრა, რომ არ სცალია. გესმის, არ ეცალა?! დედას ვერ დატოვებდა. ყვავის ხნისაა თვითონ, დედამისიც – ორი ყვავის ხნის და ვერ ტოვებენ ერთმანეთს. შვილმა დედას უნდა მოუაროს, მაგრამ იმდენსაც უნდა ხვდებოდეს, რომ დედა სიმულანტობს, იმიტომ რომ მარიონეტივით გმართოს. ესე იგი, მეც პროსტიტუციას ვეწევი, ხომ?! – ნანას ისე გაუხარდა ეს მიგნება, რომ ბარის მაღალ სკამზე გასწორდა, რასაც მანამდე ვერ ახერხებდა ჩამოვარდნის შიშით, იმიტომ რომ წონასწორობას ვერ იცავდა.
– აი, თურმე, ვის დაემსგავსა?! მე მგავს ჩემი შვილი. არა, ჩემზე ჭკვიანია, მე უფასო პროსტიტუტი ვარ, ის ამაში ფულს მაინც იღებს. გადაწყვეტილია, უნდა დავითვალო და ანგარიში წარვუდგინო. რას იტყვი?!
– ავიდეთ და დავითვალოთ.
– მართალი ხარ, ავიდეთ და დავითვალოთ. იცოდე, წილში ხარ, იმიტომ რომ მეხმარები. 20 პროცენტი შენია. თუ თანხასაც ამომაღებინებ, შეიძლება, შენი წილი გავზარდო კიდეც, – ნანამ სკამიდან ადგომა სცადა, მაგრამ ჩამოსრიალდა, მისმა ახალგაცნობილმა კავალერმა დაიჭირა. შემდეგ დაიხარა, მუხლებში მოხვია მარცხენა ხელი და ხელში აიყვანა. ნანამ თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნო, ამიტომ სრულიად მოდუნდა.
– მეთოთხმეტე ნომერი, – მხოლოდ ეს თქვა და ჩაეძინა, მაგრამ მაშინვე გაეღვიძა, როგორც კი მისი სხეული ლოგინს შეეხო. ნანას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო, თითქოს უწონადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაწოლა არ ესიამოვნა, იმიტომ რომ ჭერი სწრაფად დატრიალდა, ამიტომ წამოჯდა, ფეხები ლოგინზევე მოირთხა.
– აქ იმიტომ წამოვედი, რომ რამე მომეფიქრებინა, მაგრამ ასე უმოწყალოდ გამოვთვერი. აქ თუ წამოვედი, ეს ხომ ნიშნავს, რომ არავინ მყავს?! არადა მყავს, დედა მყავს, დეიდა, ნათესავები, ბებიაც კი ახლახან გარდამეცვალა, მეგობრები, კაციც კი მყავს. დედაჩემსა და დეიდაჩემს ვერაფერს მოვუყვები, მეგობრებსაც – ვერა, კაცს, თურმე, ფეხებზე ვკიდივარ, სერიოზულად არ აღმიქვამს. შვილს არ ვუყვარვარ. როგორ მოვახერხე ეს?! – ნანა ლაპარაკობდა და საერთოდ არ აინტერესებდა, ვინმე უსმენდა თუ არა და მთელი თავისი ცხოვრების ისტორიაც მოაყოლა დეტალურად, თავისი განცდებიანად. თავისი ხმა შორიდან ესმოდა. თითქოს თვითონაც უსმენდა რაღაც ამბავს და თავისდა გასაკვირად, სულ სხვანაირად ხედავდა და აღიქვამდა იმას, რასაც ჰყვებოდა.
– ახლა შენ მომიყევი. – უთხრა „ადამს“, როდესაც ლაპარაკით გული იჯერა.
– მე დიდად არაფერი მაქვს მოსაყოლი. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ საქმე მაქვს, მეგობართან ერთად ახალ პროექტს ვიწყებ, – და ნანამ ახლაღა აღმოაჩინა, რომ თავადაც ქართულად ლაპარაკობდა და ისიც, ვისაც ადამი დაარქვა.
– რა მატყუარა ყოფილხარ, ადამ! აბა, ქართველი არ ვარო?! – ნანა გაბრაზდა.
– მე არაფერი მომიტყუებია. შენ ეროვნება არ გიკითხავს.
– არ მიკითხავს, მართალია. უბრალოდ, ჩვენ მარსზე ყველა ენა ვიცით... ახლოს მოდი, არ შეგჭამ. ვიცი, რომ ჩემთან დაწოლა არ გინდა, ამიტომ არ შეგაცდენ, ისეთ გაპუტულ ქათამს ვგავარ, მეც კი მეზარება ჩემს თავთან დაძინება, – დაამშვიდა ნანამ.
– თუ არ შემაცდენ, მაშინ მოვალ.
ნანამ მამაკაცს მარცხენა ხელი მოხვია და გვერდით მოიწვინა:
– მე მარჯვენა მხარეს მიყვარს დაძინება, – ნანამ ბალიში მოხერხებულად ამოიდო თავქვეშ, სახე მის ყელში ჩამალა. სურნელმა, რომელიც ამ ერთი ან იქნებ ორი საათის გაცნობილ მამაკაცს ასდიოდა, ნანას თავბრუ დაახვია. ეს არ იყო სუნამოს სურნელი, კანს ასდიოდა და ნანას მოეჩვენა, რომ ის ძალიან ნაცნობი იყო. დიდი ხნის ნაცნობი და კარგად დავიწყებული, მაგრამ ცხვირის რეცეპტორებს ახსოვდა. კანის შეხებით კი ყურებში დაუგუბდა, თითქოს წყალში ჩაყურყუმალავდა, როგორც ბავშვობაში და მთელ სხეულზე ჭიანჭველებმა დაუარეს, ისე, როგორც ზღვაში, თბილ დინებაში უცაბედად მოხვედრამ იცის.
– გამარჯობა, – თქვა ნანამ და მაშინვე თითქოს ტალღებმა დაარწიეს. დაეძინა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან