როცა სიყვარული გვნებს
ავტორი: ნია დვალი 20:00 25.10
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #38-41 (1241)
დედამისს გული წაუვიდა, იმიტომ რომ ყველაფერს იფიქრებდა, იმას გარდა, რომ მისი სანაქებო შვილი 16 წლის ასაკში დაფეხმძიმდებოდა. ამიტომ ცოტა ხანს ლალისთვის არავის ეცალა. დედამისი რომ გონს მოვიდა, მაშინვე ყვირილი დაიწყო:
– როგორ მოგვჭრა თავი. გაანადგურა ყველაფერი! – და ყველა სალანძღავი სიტყვა, ალბათ, რაც იცოდა და არ იცოდა და შეიძლება, არც არასდროს გახსენებოდა, რომ იცოდა, შვილს უთხრა.
ლალი თავჩაქინდრული იჯდა სკამზე. ფერი არ ედო. თავს სრულიად დაუცველად გრძნობდა დიდი გაურკვევლობის წინაშე, მაგრამ ისედაც არაფრის იმედი არ ჰქონდა, გამოსავალს ვერ ხედავდა, ამიტომ ვერც იმას იტყოდა ადამიანი, რომ ძალიან ნერვიულობდა. ლალი შეეგუა თავის ჰაერში გამოკიდებულ მდგომარეობას, როდესაც არც არაფრის იმედი გაქვს, არც იცი, როგორ უნდა მოიქცე, არც ის, რა გელოდება და უბრალოდ ხარ, ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილი, იმიტომ რომ მისთვის ყველაზე დიდი დარტყმა გიორგის გაუჩინარება იყო. გიორგი ისე გაქრა მისი ცხოვრებიდან, თითქოს არც არასდროს ყოფილიყო და ლალი ერთ წამს იმაშიც კი შეეჭვდა, ნამდვილად იყო თუ არა გიორგი მის ცხოვრებაში. ამიტომ დედამისის სიტყვებს ვერ არჩევდა, თუმცა არც ესმოდა. ის იჯდა და თავის განაჩენს მორჩილად ელოდა.
მამამისზე შესაძლოა, სწორედ ლალის ამ ერთგვარმა გულგრილობამ, სულერთიაობამ იმოქმედა. ყოველ შემთხვევაში, ის ცოლზე გაცილებით მშვიდად იქცეოდა, თუმცა შვილისთვის არც კი შეუხედავს სახეში. დედამისი რომ დამშვიდდა, მამამისმა ლალის ჰკითხა:
– მოყევი, რა მოხდა.
და ლალიმ დაიწყო მოყოლა. დიდხანს არ გაუწელავს ამბავი, მოყვა მოკლედ, ზედმეტი გადახვევებისა და ემოციის გარეშე. ის ამ დროის განმავლობაში თითქოს შეეგუა თავის მდგომარეობას და ნებისმიერი განაჩენისთვის არა მხოლოდ მზად იყო, არამედ არც კი აინტერესებდა, რა განაჩენს გამოუტანდნენ მშობლები.
სანამ ლალი ლაპარაკობდა, დედამისი ცმუკავდა და უნდოდა ჩარევა, მაგრამ ქმარი მზერით აჩერებდა. როდესაც ლალიმ მოყოლა დაამთავრა, სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც პირველმა მამამისმა დაარღვია.
– აქედან უნდა წავიდეთ. აკადემიურს აიღებს სკოლაში. და მერე გააგრძელებს სწავლას...
დედამისს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა და ლალი ვერ მიხვდა, რას უპირებდნენ მის შვილს, რომლისადმიც არც იცოდა, რას გრძნობდა, მაგრამ კითხვაც არ დაუსვამს.
***
– რაც შეიძლება, მალე უნდა ვუთხრათ ეს ამბავი, რომ ვერ მოასწრონ მიწერ–მოწერა, – ეჩურჩულებოდა გიორგის დედა ქმარს: მე არასწორი მისამართი მივეცი. ამის წერილებსაც გავაკონტროლებ. მაგრამ დიდხანს ვერ გავჭიმავთ. რა იცი, რა მოხდება?! ვერაფერს გამოვრიცხავთ.
ქმარი უსმენდა და, რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, ეთანხმებოდა ცოლს. მასაც უნდოდა, რომ შვილს მალე მოეშორებინა წარსული, რომ ახალი ცხოვრება დაეწყოთ: კეთილდღეობითა და ბედნიერებით სავსე. ცოლ-ქმარმა რეპეტიციაც კი გაიარა, დეტალურად განიხილეს, რა და როგორ უნდა ეთქვათ გიორგისთვის...
– მოვედი, – გიორგიმ ხალისიანად შემოაბიჯა სახლში, მაგრამ უცებვე გაჩუმდა, იმიტომ რომ მისი მშობლები დაძაბული სახეებით ისხდნენ. დედამისი მძიმედ წამოდგა. თვალები დაწითლებული ჰქონდა.
– რამე მოხდა? – ჰკითხა გიორგიმ მშობლებს.
დედამისმა არაფერი უთხრა, შვილთან მივიდა და ჩაეხვია.
– რა მოხდა, დედა? – გიორგიმ კითხვა გაიმეორა. დედამისმა ტირილი დაიწყო, ოღონდ ჩუმად. რომ ტიროდა, ამას გიორგი მხრების კანკალით მიხვდა.
– ლალის ბოლოს როდის მისწერე? – ჰკითხა დედამისმა ხმადაბლა, ისე, რომ გიორგის მკერდიდან თავი არ აუწევია.
– სულ ვწერ და არ მპასუხობს, რამე მოხდა? – გიორგის ხმაზე ნერვიულობა დაეტყო.
– ოღონდ შენ არ ინერვიულო... – დედამისი წყვეტილად ლაპარაკობდა, – ლალი და მისი მშობლები ავარიაში მოხვდნენ და... – დედამისი გაჩუმდა.
გიორგიმ დედა თავისგან გასწია და თვალებში ჩახედა. დედამისმა თითქოს უკანასკნელი ძალები მოიკრიბა:
– სამივე დაიღუპა...
– როგორ?! შეუძლებელია. როდის? – გიორგიმ უკან დაიხია, – არ მჯერა.
– მესმის, რომ არ გჯერა. იმ ქალაქიდან მიდიოდნენ, თურმე და გზაში მოუვიდათ ეს ამბავი.
გიორგი გაშეშდა.
– ამიტომ აღარ მწერდა?! როდის მოხდა?!
– როდესაც ჩვენ წამოვედით, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში. ჩვენც ახლა გავიგეთ, – გიორგის დედამ ქმარს გადახედა, რომელიც დაბღვერილი სახით იჯდა...
იმ დღეს გიორგი ხშირად იხსენებდა ხოლმე. უფრო ზუსტად, თავისით ახსენდებოდა. ვერ გადაძალა თავი, რომ ჩამოსულიყო და საფლავი მაინც ენახა. ლალის ფოტოს უყურებდა ხოლმე და წლიდან წლამდე ფიქრობდა, როგორი იქნებოდა ლალი, რომ ეცოცხლა. რამდენიმე წლის განმავლობაში დეპრესიაში ჩავარდა, შემდეგ, რატომღაც, თავისი მშობლები შეეცოდა და დაქორწინდა, მაგრამ ორიოდ წელიწადში გაეყარა ცოლს. შვილები არ ჰყავდათ. თავისი საქმე წამოიწყო და იმდენად დაკავებული იყო, რომ მშობლებს იშვიათად ნახულობდა. მათ კი ჰქონდათ ყველაფერი, მხოლოდ შვილი აღარ ჰყავდათ გვერდით, რომელიც უფრო ზრდილობის გამო ურეკავდა და მოიკითხავდა ხოლმე. თუმცა არაფერს აკლებდა, მისგან მცირე სითბოსაც კი ვერ გრძნობდნენ. გიორგის რამდენჯერმე უნდოდა დაბრუნება, მაგრამ რაღაც აკავებდა: მის თვალებს არ უნდოდა, ენახათ ლალის საფლავი... ახლა კი გადაწყვიტა, რომ მოენახა ლალის საფლავი, ამიტომაც მოაძებნინა თანაშემწეს ქართული კომპანია და გოგის კომპანია შერჩა ხელში. ბევრი იარა, ყველგან მოიკითხა, მაგრამ ლალის კვალსაც ვერ მიაგნო. მხოლოდ ის ჩანაწერი იყო მისი უკანასკნელი იმედი: გოგონა, რომელიც ასე ძალიან ჰგავდა ლალის.
***
დეა გაფართოებული თვალებით უსმენდა გიორგის და მიხვდა, რომ ახლა ლალის ჯერი დადგა. ლალიმ მოყოლა დაიწყო...
– როდესაც გოგონა დაიბადა, მშობლებმა დამიყოლიეს, რომ ეშვილებინათ, ვითომ მათი უმცროსი ქალიშვილი იყო. მე არ ვიცოდი, რა იყო სწორი, ძალიან დავითრგუნე, რომ გიორგიმ მიმატოვა. ამიტომ მშობლებს დავთანხმდი, – ლალი ყვებოდა და დეას თვალს არიდებდა.
– მინდოდა, მომეყოლა მშობლების დაღუპვის შემდეგ. მაგრამ მომენტს ვერ ვარჩევდი, მერე ეს დამემართა... – ლალიმ დეას შეხედა და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა:
– დეა, ჩემი შვილი ხარ. მაპატიე, რომ არ გითხარი, შენ წინაშე ძალიან დამნაშავე ვარ. მაპატიე...
დეა გაოცებული უყურებდა ლალის, ვინც მთელი ცხოვრება თავისი უფროსი და ეგონა. თითქოს მეხი გავარდაო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა:
„ესე იგი, ჩემი და დედაჩემია, ეს ადამიანი კი – მამაჩემი?!“ – თავზარდაცემული ფიქრობდა დეა, რადგან აღმოჩნდა, რომ ცხოვრება სრულ ტყუილში გაატარა.
გიორგიც არანაკლებ თავზარდაცემული ჩანდა. დეას ათვალიერებდა და უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ დეა ლალის გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.
ლალიმ გიორგის გაუღიმა.
– ჰო, შენი შვილია.
– დაუჯერებელია, – ჩუმად თქვა გიორგიმ.
არა მხოლოდ ცოცხალი აღმოჩნდა მისი ლალი, არამედ ქალიშვილიც ჰყოლია. არადა რამდენი დრო დაკარგა. მისი ცხოვრების საუკეთესო წლები თითქოს მოჰპარეს და ვინ? საკუთარმა მშობლებმა...
მაგრამ გიორგის არ სჩვეოდა სხვებისთვის დაბრალება.
– უნდა ჩამოვსულიყავი. ჩემი ბრალია და რომ მომატყუეს, ესეც ჩემი ბრალია, – იმეორებდა გაუჩერებლად. ლალი კი ტიროდა და შვილს სთხოვდა:
– მაპატიე, ჩემო გოგო, რამენაირად მაპატიე და შენც მაპატიე, გიორგი, რომ ამდენი წელი შენზე ძალიან ცუდ რამეებს ვფიქრობდი.
გიორგი და დეა ლალის მოეხვივნენ, რომელსაც ქვითინი აუტყდა.
– რას ამბობ? ჩვენ შენ გვიყვარხარ! შენი ბრალი არ არის...
***
დეას მორიგეობის დღეც დადგა და ისიც მაშინვე რეანიმაციაში ქარშხალივით შევარდა:
– დილა შვიდობის, გოგი. როგორ ხარ დღეს? ძალიან მომენატრე, ძალიან, – დეა გოგის ისე გაუშინაურდა, დარწმუნებული იყო, რომ მისი ლაპარაკი ესმოდა. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ გოგის ტუჩის კუთხეებთან ღიმილი გაუკრთებოდა. გულის კუნჭულში ხვდებოდა, რომ თავად იგონებდა ამ ყველაფერს, მაგრამ აბედნიერებდა იმის გაფიქრება, რომ გოგის ყველაფერი ესმოდა.
დეას ცხოვრებაში ბოლო თვეში უამრავი რამ მოხდა და გოგის დაწვრილებით მოუყვა: როგორ აღმოჩნდა მისი უფროსი და დედამისი, როგორ გამოჩნდა მამამისი, მან ლალის ოპერაცია გაუკეთა და დეას დედა მალე შეძლებდა სიარულს. შემდეგ კი ისინი დაქორწინდებიან...
***
– მაინც ვერ ვხვდები, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან ერთად, – მერამდენედ ჰკითხა გიორგიმ ქალიშვილს. რადგან თავად გამოსცადა მშობლების დაძალების შედეგი, შვილს არაფერს აძალებდა, როდესაც შეიტყო, რატომაც არ მიჰყვებოდა მათ დეა.
– დარჩი, სიყვარულს ყველაფერი შეუძლია, – უთხრა ქალიშვილს, – ოღონდ უნდა დაგვპირდე, რომ ჩამოხვალ ხოლმე.
ლალის გული ეთანაღრებოდა, არ უნდოდა დეას დატოვება, თუმცა ისიც იცოდა, რომ დეა საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი იყო და თავს გაიტანდა.
დეა კი დადიოდა სამსახურში და გოგის დაუღალავად უყვებოდა ახალ-ახალ ამბებს. იმ დღესაც უამბო, როგორ გააცილა მშობლები და რა უთხრა მამამისმა და უცებ დაინახა, რომ გოგიმ წამწამები აახამხამა. დეას სუნთქვა შეეკრა და გოგის სულგანაბული მიაშტერდა. გოგიმ თვალები გაახილა და სხივი აუკიაფდა:
– დეა, მესიზმრებოდი, – დეა საკუთარ თვალებსა და ყურებს არ უჯერებდა.
– ვიცოდი, რომ გაიღვიძებდი, – დეა პალატიდან გავარდა, რომ ექიმი მოეყვანა.
გოგი ნელ-ნელა უბრუნდებოდა ჯანმრთელ ცხოვრებას, დამოუკიდებლად სიარულსაც ცდილობდა და დეას გვერდით ყოფნა აბედნიერებდა, თუმცა სამწუხარო ამბებიც მალევე შეიტყო. ერთ დღესაც მისი პალატის კარი პოლიციელმა შეაღო:
– შეიძლება, ჩვენება უნდა ჩამოგართვათ, – საქმიანად უთხრა ტანმორჩილმა პოლიციელმა გოგის.
და გოგიმ მისგან შეიტყო, რომ მისი ავარია შემთხვევითი არ ყოფილა. სამუხრუჭე სისტემა იყო დაზიანებული და, სამწუხაროდ, ამ საქმეში მისი დედინაცვლის შვილის ხელი ერია. გოგის გული დასწყდა, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ოჯახის წევრებად მიიჩნევდა და რომელთა გვერდითაც ამდენი წელი გაატარა, ასე ცუდად მოექცნენ. მაგრამ ეს სრული სურათი არ ყოფილა: მართალია, რეზიმ აისრულა სურვილი და ხელში ჩაიგდო გოგის კომპანია, მაინც არაფერი გამოუვიდა. რაკი საქმე არ იცოდა, ინვესტორები მალე დაიფერთხნენ და კომპანია დღე დღეზე გაკოტრებულად უნდა გამოცხადებულიყო.
გოგის ძალების ბოლომდე აღსადგენად კიდევ დრო სჭირდებოდა, ამიტომ ჯერ ვერ შეძლებდა ახალ პროექტებზე სრულფასოვნად მუშაობას, მაგრამ დეასთან არ იმჩნევდა, რომ გული სწყდებოდა, მამამისის კომპანიას რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა. არც დეა ჩქარობდა, მისთვის ახალი ამბავი ეცნობებინა, მაგრამ ბოლოს ვერ გაუძლო გოგის თვალებში დასახლებულ სევდას, რომლის დამალვასაც ასე ცდილობდა.
– მე ველაპარაკე მამაჩემს და მზადაა, გახდეს შენი ინვესტორი იმდენი ხნით, რამდენ ხანსაც დაგჭირდება.
გოგის გაბრწყინებულ თვალებში დეამ პასუხი მაშინვე ამოიკითხა.
– შენ იქნები ჩემი საქმიანი პარტნიორი? იცი, რამდენი გეგმა მაქვს?! – შესთავაზა გოგიმ დეას.
– არა, მე ჩემი გეგმები მაქვს, სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო, ვიპოვე ჩემი მოწოდება. ვიცი, რაც მინდა, ზუსტად ვიცი.
გოგიმ დეას თმაში ჩარგო თავი.
– რა მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. სიყვარულს ყველაფერი შეუძლია, – თავისთვის მოულოდნელადაც წარმოთქვა გოგიმ ეს სიტყვები და თავადვე გაუკვირდა, – საიდან ვიცი ეს ფრაზა? სულ თავში მიტრიალებს.
– რა მნიშვნელობა აქვს?! – უთხრა დეამ და ტუჩებში აკოცა.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან