რომანი და დეტექტივი

როცა სიყვარული გვნებს

№41

ავტორი: ნინო მდივანი 20:00 18.10

ნია
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38-40 (1240)

– ძვირფასო დეა, ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ რა შესანიშნავად იმღერეთ იმ საღამოს, რესტორანში, სხვათა შორის, ჩემი თხოვნით, ეს მნიშვნელოვანია... მოკლედ, ეს ვიდეო ნახა საინვესტიციო კომპანიის მეპატრონემ, ვისთანაც კონტრაქტს ვაფორმებთ და მას ძალიან უნდა თქვენთან შეხვედრა. დღეს, დილით, ჩამოფრინდა და პირდაპირ ჩვენთან მოვიდა ოფისში. თქვენ გელოდებათ.

– რატომ მელოდება ან რატომ უნდა მნახოს, რომელი მარია კალასი მე ვარ? – მხრები აიჩეჩა დეამ.

– არ ვიცი, ჩემთვის მიზეზი არ უთქვამს. ბოლოს და ბოლოს, გოგის შექმნილი პროექტია, ვფიქრობ, გინდა, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს, – მტკივნეულ ადგილას მიაჭირა ირინამ დეას.

ირინა და დეა რეზის, ანუ გოგის კაბინეტში ავიდნენ. რეზი სრულიად დაბნეული და უცხოდ იჯდა თავის სავარძელში და აკვირდებოდა, დეასთვის უცნობი, ორმოციოდე წლის მამაკაცი როგორ სცემდა ბოლთას.

მამაკაცმა დეას დანახვისთანავე, მისი თვალიერება დაიწყო. დეა შეიშმუშნა:

დეა უცნობ მამაკაცს ინგლისურად მიესალმა.

– გამარჯობა, დეა, – მიუგო მამაკაცმა. ბუნებრივი ქართულით.

– უკაცრავად, მე ვიფიქრე, უცხოელი იყავით, – და გაოცებულმა შეხედა ირინას, რომელიც არანაკლებ გაოცებული უყურებდა მამაკაცს, როგორც ჩანს, ეს მისთვისაც სიურპრიზი იყო.

– მე ახლა ბრიტანეთში ვცხოვრობ, მაგრამ აქ დავიბადე და სკოლაშიც აქ ვსწავლობდი, შემდეგ მშობლები უცხოეთში წავიდნენ, მეც იქ მივიღე განათლება, ჩვენი ფილიალია იაპონიაში და, ალბათ, იმიტომაც გავხსენი, რომ თქვენ უნდა შეგხვედროდით, – დეა უსმენდა და უკვირდა, რატომ უყვებოდა ეს უცნობი მამაკაცი დაწვრილებით თავის ცხოვრებას უცნობ ადამიანებს. განსაკუთრებით მისმა უცნაურმა სიტყვებმა დაძაბა.

– მე რატომ უნდა შემხვედროდით? პირველად გხედავთ! – გაბრაზდა დეა.

ირინამ შეშფოთებულმა გადახედა და სცადა დეას უხეშობის გამოსწორება, მაგრამ მამაკაცმა ხელის მოძრაობით შეაჩერა და დეას მიუახლოვდა, ისევ დაჟინებით ათვალიერებდა:

– საოცარია, – ჩაილაპარაკა თავისთვის, ხმამაღლა კი დეას მიმართა:

– უკაცრავად, ასე უცერემონიოდ რომ ვიქცევი, თქვენ ისე ჰგავხართ ჩემს საცოლეს, რომელიც ავარიაში დაიღუპა. თითქოს წყლის ორი წვეთიაო.

უცნობი მამაკაცი ისე გულწრფელად ლაპარაკობდა, რომ დეას გული მოულბა და ერთგვარი თანაგრძნობაც კი იგრძნო მისადმი:

– ალბათ, ძალიან გიყვარდათ, – ჰკითხა დეამ თავისდა უნებურად.

– დიახ, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ასეთი რამ არასდროს გავიწყდება. დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ ცხოვრებას თავისი წესები აქვს. – მამაკაცს სახე მოეღუშა, თუმცა მალევე აიყვანა თავი ხელში, – დეა, დიდი ხანია, რაც ამ ქალაქში ცხოვრობთ? გყავთ ნათესავები? ჩემი საცოლე ქუთაისიდან იყო. სამწუხაროდ, მის საფლავს ვერ მივაგენი. თითქოს ცამ ჩაყლაპაო. იქნებ ნათესავები ხართ?

– მთელი ცხოვრებაა აქ ვცხოვრობთ, – გაიღიმა დეამ, – ახლა დასთან ერთად, მშობლები დაგვეღუპნენ, ქუთაისში არც არავინ გვყავს, – დეაც დასევდიანდა, მაგრამ უცებ თვალები გაუბრწყინდა:

– იქნებ ჩემი და იცნობს შორეულ ნათესავებს? – დეას ძალიან მოუნდა, დახმარებოდა ამ უცნობ მამაკაცს, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინათ დაკარგულ თავის ცხოვრებას ნაღვლობდა.

– წამოდით ჩვენთან, სახლში, ჩემს დასაც გაგაცნობთ, იქნებ რამე იცოდეს. – დეას ხელფასიც დაავიწყდა და პრემიაც და კარისკენ დაიძრა: წამოდით!

უცნობი მამაკაცი სიხარულით დათანხმდა დეას და ორივენი ერთად გავიდნენ კაბინეტიდან, ისე, რომ არც ერთი არ დამშვიდობებია კაბინეტში სახტად დარჩენილ დედა–შვილს.

***

– სტუმრები გვყავს, – დეამ დას მაშინვე გასძახა, როგორც კი კარი გააღო და სტუმარს სახლში შემოუძღვა. ლალი ყავარჯნების კაკუნით მალევე გამოვიდა ოთახიდან, მაგრამ, სტუმარი რომ დაინახა, ადგილზე გაშეშდა. სტუმარიც გაოცებული უყურებდა ლალის.

– ლალი, ეს შენ ხარ?! წარმოუდგენელია. – წამოიძახა მამაკაცმა და ლალის გადაეხვია.

– გიორგი?! – ლალის ორივე ყავარჯენი ხელებიდან დაუცვივდა. ლალიც მოეხვია სტუმარს და მაშინვე ცრემლები ღვარად წამოუვიდა თვალებიდან.

დეა ვერაფერს ხვდებოდა:

– თქვენ ერთმანეთს იცნობთ?! – გაკვირვებულმა ჰკითხა დას.

– ლალი, საყვარელო, როგორ მომენატრე, ეს სასწაულია, – მამაკაცი ერთსა და იმავეს იმეორებდა და ისეთი ძალით იკრავდა ლალის, იფიქრებდი, საცაა, გაჭყლეტსო.

ლალიც გაუჩერებლად ტიროდა. დეა შუა ოთახში იდგა და მის თავში სხვადასხვა დროს მოსმენილი საუბრის ფრაგმენტი ერთ ფაზლად ლაგდებოდა.

მას ადრეც გაეგონა დისგან ვინმე გიორგის შესახებ. ოდესღაც ბევრ კითხვასაც უსვამდა დას, აინტერესებდა, რატომ არ გაჰყვა ცოლად იმ გიორგის, რომლის გარეშეც ასე ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ ლალის ყოველთვის სხვა თემაზე გადაჰქონდა ხოლმე საუბარი, იმ მოტივით, რომ გიორგიმ გული ძალიან ატკინა და ამის გახსენება აღარ უნდოდა.

– ნამდვილად გიორგის ამბობდა, – ზუსტად გაახსენდა დეას.

– რა თქმა უნდა, ვიცნობთ ერთმანეთს, – წამოძახა გიორგიმ, – ლალია ჩემი საცოლე.

– მაგრამ რა მოხდა? – გიორგიმ ლალის შეხედა: მე მეგონა, რომ დაიღუპე. მე ასე მითხრეს: მთელი მისი ოჯახი დაიღუპაო.

– ვინ გითხრა? – გაუკვირდა ლალის.

– ჩემმა მშობლებმა მითხრეს. მომატყუეს?! – გიორგის სახე შეეცვალა, – მომატყუეს, მაგრამ რატომ? რას მერჩოდნენ?

– მე მათ არასდროს მოვწონდი, – სევდიანად გაუღიმა ლალიმ, – მე კი მეგონა, რომ დაგავიწყდი. გწერდი წერილებს იმ მისამართზე, რომელიც დამიტოვე.

– მე არანაირი წერილები არ მიმიღია, რომ მცოდნოდა... – გიორგი დაიბნა და სახეზე სინანულნარევი ტკივილი აღებეჭდა.

დეა მიხვდა, რომ უნდა ეაქტიურა, როგორც მასპინძელს. ამიტომ ორივენი მაგიდასთან მიიპატიჟა და თავისი საფირმო ჩაიც დააყენა.

– თქვენ ბევრი გექნებათ ერთმანეთთან სალაპარაკო, მე ჩემს ოთახში წავალ, – მაგრამ ლალიმ გააჩერა.

– არ წახვიდე, ჩვენთან დარჩი, – სთხოვა უფროსმა დამ.

დეას გაუკვირდა, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია. თავისთვისაც დაისხა ჩაი და ისიც მაგიდას მიუჯდა.

ამბავი, რომელიც მან მოისმინა, იმას გარდა, რომ დრამატული იყო, მისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.

***

– რამე უნდა მოვუხერხოთ ამ ბიჭს, – გიორგის დედა ნერვიულად დადიოდა ოთახში და ადგილს ვერ პოულობდა.

– ტვინი ამერია, ერთ ადგილას მაინც დაჯექი, – შეუღრინა ქმარმა.

– ერთ ადგილას როგორ დავჯდე?! ვერ ხედავ, იმ სოფლელი გოგოს გამო ყველაფერი თავზე გვენგრევა?!

– არაფერიც არ გვენგრევა, ახალგაზრდაა, გაუვლის, ნუ აწვები და ნუ უწყობ ისტერიკებს, საპირისპირო შედეგს მიიღებ, – არწმუნებდა ქმარი.

– მეტი რა შედეგი უნდა მივიღო?! – გაწიწმატდა გიორგის დედა: მთელ თავის მომავალს სასწორზე აგდებს. მარტო თავისას?! ჩვენსასაც! ამ დანგრეულ ქვეყანაში რა უნდა გააკეთო?! არაფერი არაა. რა მშვენიერი ვარიანტი გამოგვიჩნდა და ეს არ მოდის, თურმე, შეუყვარდა, – გიორგის დედა დივანზე მიესვენა და თვალები მულულა, მაგრამ უცებ ისევ წამოფრინდა:

– თან ვისი გულისთვის?! მაგასაც ხომ გააჩნია?! – შესძახა თეატრალურად და ისევ მიესვენა დივანზე.

– არ დაიღალე ამდენი ლაპარაკით?! მაცადე, მოვიფიქრო რამე, – დაუყვირა ქმარმა.

– შენ მარტო ჩემთან ხარ დიდგულზე, შვილი არ გიჯერებს არაფერს, – მაგრამ გიორგის დედა მაშინვე გაჩუმდა, ქმრის თვალებს რომ წააწყდა.

ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. გიორგის მამას დაძაბული სახე ჰქონდა. ეტყობოდა, რომ რაღაც გეგმას ამუშავებდა. ბოლოს, სიჩუმე ისევ მან დაარღვია.

– შენ მაინც ელაპარაკე, რომ კიდევ დაფიქრდეს, ოღონდ დაუყვავე, არ ეჩხუბო და თავი არ მოიგიჟიანო, – უთხრა ცოლს, – მე რამეს მოვიფიქრებ ისე, რომ გიორგი ვერაფერს მიხვდეს. ერთად ვიმოქმედოთ. ერთი ლაწირაკი როგორ ვერ უნდა დავიმორჩილოთ.

ცოლმა თავი დაუქნია, დივანიდან ადგა და სამზარეულოში გავიდა, ვითომც არაფერი მომხდარაო.

– არ ულანძღო ის გოგო. თუ კარგს არ იტყვი, არაფერი თქვა, ჯობია. ვითომ არაფერი ხდება მნიშვნელოვანი. შეიძლება, ასე იმიტომ იჟინებს, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით. თან, ახალგაზრდაა და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი იცის და მხოლოდ მან იცის, რა არის სწორი და არასწორი! – მიაძახა ცოლს.

– ადვილი სათქმელია, არ ულანძღო, – გაიფიქრა თავისთვის გიორგის დედამ: მოდი და, ნუ გალანძღავ. ცხოვრებას მინგრევს, შვილს მიუბედურებს, – გიორგის დედამ ამოიოხრა და გიორგის საყვარელი კერძის მომზადებას შეუდგა.

– ხელები დაიბანე. შენთვის სიურპრიზი მაქვს, – მიახარა დედამისმა, როგორც კი გიორგი სახლში შევიდა.

გიორგიმ კისერი წაიგრძელა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა:

– შენ ხარ საუკეთესო დედა, – დედამისს აკოცა და სააბაზანოში შევიდა.

– თუ საუკეთესო დედა ვარ, რატომ არ მიჯერებ, – ჩაიბურტყუნა თავისთვის უკმაყოფილოდ საუკეთესოდ შეფასებულმა დედამ.

გიორგი ჭამდა, დედამისი კი მის წინ იჯდა და უყურებდა. უყვარდა, როდესაც შვილს აკვირდებოდა ნებისმიერი მოქმედების დროს. უნებლიეთ იღიმებოდა, როდესაც ხედავდა, რა გემრიელად ილუკმებოდა გიორგი.

– რა გადაწყვიტე, აირჩიე, სად გადაიტან საბუთებს? – ჰკითხა მოულოდნელად დედამისმა გიორგის.

– რა საბუთებს? – ვერ მიუხვდა შვილი.

– ხომ უნდა გააგრძელო სწავლა? – ახლა დედამისმა გაიკვირვა შვილის მოუხვედრელობა.

– ჩვენ ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? – გიორგი წელში გასწორდა და ჩანგალი მაგიდაზე დადო: შინაური ცხოველი ვარ, მაჭამო და შემომაპარო, რაც შენ გინდა?!

– დედაშენს როგორ ელაპარაკები?! – სამზარეულოში გიორგის მამა შემოვიდა.

– როგორ ველაპარაკები?! ჩვეულებრივად? – არ შეეპუა გიორგი მამას: სრულწლოვანი ვარ და თავად გადავწყვეტ, რა მინდა, სად მინდა, ვისთან მინდა.

– გადაწყვიტე, ვინ გიშლის?! – გაიკვირვა მამამისმა.

– თუ ვინ მიშლის, რა უმაღლესი უნდა მოვძებნო? – გამომცდელად შეხედა გიორგიმ ჯერ მამას, შემდეგ – დედას.

– ხო, მოძებნე. ლალი არასრულწლოვანია. არ მგონია, მშობლებმა გამოუშვან ჩვენთან ერთად. დაამთავროს სკოლა. შენ ჩამოხვალ ხოლმე. შემდეგ, სკოლას რომ დაამთავრებს, წამოიყვან და ისიც იქ განაგრძობს სწავლას. – მშვიდად ამბობდა მამამისი.

– მატყუებთ! – გიორგიმ ისევ გადახედა რიგრიგობით თავის მშობლებს.

– რატომ გატყუებთ, გვეშინია შენი? – გაეცინა მამამისს და გიორგისაც გაეცინა.

– აბა, აზრი რატომ შეიცვალეთ ასე უცებ? – გამომცდელად ჰკითხა გიორგიმ.

– არ შეგვიცვლია, – საუბარში გიორგის დედა ჩაერია, – ერთი გვყავხარ და გვინდა, ისე იყოს, როგორც შენ გინდა. ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ, იმისთვის ვაკეთებთ, რომ შენ იყო ბედნიერი, – დედა უღიმოდა გიორგის და მანაც სიმშვიდე იგრძნო. ყოველთვის ასე ემართებოდა, როდესაც დედის ღიმილს ხედავდა.

გიორგიმ ისევ აიღო ხელში ჩანგალი:

– ძალიან გემრიელია, – ჩქარ–ჩქარა ჭამდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.

ჭამა რომ დაასრულა, ადგა და თავის ოთახში გავიდა:

– დაურეკე ლალის, უთხარი ახლი ამბავი, – გასძახა დედამისმა და ქმარს შეთქმულივით გადახედა.

გიორგის მამა კმაყოფილი სახით იჯდა:

– ხომ გითხარი, მე უნდა დამიჯერო ხოლმე უსიტყვოდ, – მიმართა ცოლს.

– ყოველთვის გიჯერებ, – კმაყოფილებით გაუღიმა ცოლმა.

***

გიორგიმ ლალის ნომერი აკრიფა:

– რომ გამოგიარო, ჩამოხვალ? – მაშინვე უთხრა ისე, რომ არც მისალმებია.

– არ გამომიშვებენ სახლიდან, დაბნელდა უკვე. ხომ იცი, ნათესავთან ვართ, თან. მოხდა რამე? – ლალის შეშფოთება შეეტყო ხმაში.

– კარგი ამბავი მაქვს.

– ტელეფონში მითხარი, გთხოვ, – შეეხვეწა ლალი.

– მამაჩემმა მითხრა, რომ ახლა ჩვენ სამნი წავალთ. მე ჩამოვალ ხოლმე არდადეგებზე. მერე, შენ რომ სკოლას დაამთავრებ, ჩამოვალ, დავქორწინდებით და შენც წამოხვალ. მოიცა, არ გაგიხარდა? – დაიძაბა გიორგი.

– როგორ არა?! მაგრამ ჩემებმა რომ არ გამომიშვან? – ლალის ხმა გაებზარა.

– რატომ არ უნდა გამოგიშვან?! სხვა პლანეტაზე ხომ არ მიდიხარ?! ჩამოვალთ ხოლმე, – დაამშვიდა გიორგიმ და ლალიმაც ამოისუნთქა.

***

გიორგი ისე გაემგზავრა, რომ ლალიმ ვერც კი გააცილა: მშობლები ამის ნებას არ დართავდნენ. გიორგიმ რამდენიმე ფურცელზე დაუწერა თავისი მისამართი.

– ამდენი რად მინდა? – იცინოდა ლალი.

– რომ არ დაკარგო.

– არ დავკარგავ, თან, უკვე ზეპირადაც ვისწავლე. – ისევ იცინოდა ლალი.

მაგრამ გიორგი წავიდა და გაუჩინარდა. ლალიმ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. საერთო მეგობრებიც არ ჰყავდათ – გიორგი ხომ შემთხვევით გაიცნო ქუჩაში?! არც არავის იცნობდა მის მეგობარს, რომ რამე ეკითხა. წერილებს ლამის ყოველდღე სწერდა და ფოსტით აგზავნიდა, მაგრამ გიორგის არც ერთხელ არ უპასუხია.

ორიოდ თვის შემდეგ ლალი მიხვდა, რომ თავს უცნაურად გრძნობდა. დედამისისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ კიდევ ერთი თვის შემდეგ მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო. ახლა მით უმეტეს ვერავის ვერაფერს ეტყოდა ან ვისთვის რა უნდა ეთქვა?! ამიტომ ჩუმად ყოფნა არჩია. რაღაც პერიოდის შემდეგ მიხვდა, რომ ვეღარ დამალავდა. ბევრი იფიქრა, იწვალა და, საბოლოოდ, გადაწყვიტა, მშობლებისთვის სიმართლე ეთქვა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა