რომანი და დეტექტივი

როცა სიყვარული გვნებს

№40

ავტორი: ნია დვალი 20:00 11.10

რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38-39 (1239)

***

მეორე დილით გოგიმ ძალიან მხნედ გაიღვიძა, თუმცა სასმელი, ჩვეულებისამებრ, ამძიმებდა. რაც უნდა კარგი ხარისხის ალკოჰოლი დაელია, თავი სტკიოდა ხოლმე. მაგრამ დღეს უცნაურ სისავსეს გრძნობდა, თითქოს რაღაც იპოვა, ადრე, დიდი ხნის წინათ უგზოუკვლოდ დაკარგული. მისი სხეულიდან აორთქლდა ჩვეული სიმძიმე და შებოჭილობა, უფრო თავისუფლადაც სუნთქავდა. მზის სხივებმა მისი საძინებელი აავსო და გოგის უკვე აღარც ახსოვდა, ბოლოს როდის გაუხარდა ასე მზის დანახვა, რომელიც ყოველთვის ჩვეულებრივად ამოდიოდა და ანათებდა, მაგრამ გოგის თვალებს ვერ ახარებდა.

გოგი გაიზმორა და წუხანდელი საღამო გაახსენდა:

– როგორი ყოჩაღი გოგოა, ირინას ფანდი ჩაუშალა. როგორი ნიჭიერია, ცოდვაა, დამლაგებლად რომ მუშაობს. – გაიფიქრა და უცებ წამოხტა ლოგინიდან.

აპარატის ყავა მოიმზადა. დალია, ჩაიცვა და სამსახურში გაეშურა. ლიფტიც კი მოეჩვენა, რომ ძალიან ნელა მოძრაობდა, მისი განწყობის ტემპს აშკარად ვერ ეწეოდა. ამიტომ აღარ დალოდებია და კიბისკენ წავიდა. კიბეზე კი არ ჩადიოდა, ჩარბოდა. ენერგიის უცნაურ მოზღვავებას გრძნობდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა დეას. სამსახური და პროექტი ბუნდოვნად ახსოვდა, მათ სადღაც მეასე პლანზე გადაინაცვლეს.

გოგი მანქანაში ჩაჯდა და საათს დახედა: ჯერ ძალიან ადრე იყო, დილის 8 საათი, მაგრამ სახლში ვერ დარჩებოდა, იქ ვერ ეტეოდა, ვერც უძრავად იქნებოდა, ამიტომ იფიქრა, მანქანით მაინც გავივლიო. გზა თითქმის ცარიელი იყო. გოგი გაზს აჭერდა ფეხს და სიჩქარეს ვერც კი გრძნობდა.

– ალბათ, დეა დილის ათ საათზე მოდის სამსახურში, ამიტომ 9–ზე მის სახლთან ვიქნები. ყავასა და კრუასანებს ვიყიდი. – გოგი დარწმუნებული იყო, რომ დეასაც ისევე უნდოდა მისი ნახვა, როგორც მას დეასი.

ამ იდეამ კიდევ უფრო შეაფრთიანა და გაზს უფრო ძლიერად დააწვა. იცოდა, რომ გზის იმ მონაკვეთში ვიდეოკამერები არ იყო ჩართული, თუმცა იმდენად აღელვებული იყო, რომ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმასაც სიამოვნებით გადაიხდიდა.

გზაჯვარედინს მიუახლოვდა, ამიტომ მუხრუჭს დააჭირა ფეხი, მაგრამ ის არ რეაგირებდა. გოგი მიხვდა, რომ რაღაც ცუდ ამბავში მოხვდა. მსხვრევის ხმა გაიგონა და კეფაში ძლიერი დარტყმა იგრძნო, თვალებში დაუბნელდა. თითქოს ვიღაცამ მზე გამორთო.

***

ირინამ ახალ სამოსში გამოწყობილმა (შავები კარგა ხანია, აღარ ეცვა, ანდერძის შინაარსის გაცნობის შემდეგ გაიხადა) და ახალი ვარცხნილობით, ამაყი სახით შეაბიჯა ოფისში. მას უკან კმაყოფილი გამომეტყველებით მიჰყვებოდა რეზი, ასევე, ძალიან საზეიმოდ გამოწყობილი, კოსტიუმსა და ჰალსტუხში, რომელიც ისე ჰქონდა წაჭერილი ყელში, თითქოს ახრჩობენო.

ყველა თანამშრომელი სათათბირო ოთახში შეკრებილიყო და თავიანთ ვერდიქტს ელოდებოდნენ. გუშინდელი დღიდან გავრცელდა ხმები გოგის შესახებ, ზოგი ამბობდა, რომ გარდაიცვალა, ზოგიც – ავარიაში მოყვაო, მაგრამ ხეირიანად არავინ არაფერი იცოდა.

ირინამ ამაყად მოავლო თვალი შეკრებილებს:

– გამარჯობა. ალბათ, გაიგეთ, რომ დიდი ტრაგედია მოხდა, გოგი ავარიაში მოყვა და ახლა კომაშია, რეანიმაციაში წევს, – ირინა გაჩუმდა, ვითომ ცრემლები მოაწვა.

საერთოდ, სპექტაკლების დადგმის დიდოსტატი იყო გოგის დედინაცვალი. სახეზე უმალ აღიბეჭდა ენით აუწერელი ტკივილი და თავი ჩაქინდრა.

მერე ვითომ თავს მოერია, აბსოლუტურად მშრალ თვალებზე, იმიტომ რომ წამწამების ტუშის ერთი წვეთიც კი არ დანამვია, ხელსახოცი მიიდო. პაუზა დაიჭირა და შემდეგ განაგრძო:

– მაგრამ ცხოვრება გრძელდება, – უცებ შეიცვალა ხმის ტონი: ბიზნესი არ უნდა გაჩერდეს და არც თქვენ უნდა დაკარგოთ სამუშაო.

– ამიტომ მე, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მაქვს წინადადება, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავნიშნოთ რეზო, გოგის ძმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებმა ჩემი წინადადება მიიღეს. ასე რომ, წარმოგიდგენთ ახალ დირექტორს – ბატონ რევაზს! – ირინამ ბოლო წინადადება პათეტიკურად წარმოთქვა და ტაში შემოჰკრა. თავი ვეღარ შეიკავა, იმდენად იყო აჟიტირებული, რომ მისი ნატვრა, ბოლოს და ბოლოს ახდა, თორემ ტაში ნამდვილად უადგილო იყო.

თანამშრომლები დუმდნენ, არავინ აჰყოლია ტაშს. დეა თავზარდაცემული იდგა.

– ნუთუ მართალია?! გოგი, რომელსაც გუშინწინ, ღამით, თვალებში უყურებდა, კომაშია? – ფიქრობდა შეძრწუნებული.

– ახლა ყველამ საქმეს მიხედეთ, – დაუცაცხანა ირინამ თანამშრომლებს, – შენ გარდა, – ირინამ ცეცხლოვანი თვალებით შეხედა დეას და მისკენ დემოსტრაციულად გაიშვირა თითი.

– შენ გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან, – მბრძანებლური კილოთი წარმოთქვა ირინამ.

– რატომ? – გაუკვირდა დეას. არ ელოდა მსგავს განაჩენს.

ირინამ ჩაიცინა:

– ჩვენ აქ თვითმარქვიები და არტისტები არ გვჭირდება. სადმე სხვაგან იმღერე და ითაღლითე.

დეას არაფერი უთქვამს. გაიხადა სპეცტანსაცმელი და სახლისკენ წალასლასდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. მთელი სამყარო ჩამოენგრა იმ ათ წუთში. ისევ მოუწევს, ეძებოს სამსახური დაბალი ანაზღაურებით. რაც მთავარია, არ იცოდა, რა ბედი ელოდა გოგის.

– გოგი, კეთილი, საყვარელი... – ფიქრობდა დეა და უცებ გაჩერდა. ვერც კი მიხვდა, როგორ შეიცვალა მარშრუტი. ფეხებმა თავისით წაიყვანა საავადმყოფოსკენ.

დეას დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, გოგი ენახა, იმის მიუხედავადაც, რომ გოგი ვერც იცნობდა და ვერც დაელაპარაკებოდა. გაახსენდა, რომ დერეფანში მოჰკრა ყური, რომელი საავადმყოფოს რეანიმაციაში იწვა კომაში მყოფი გოგი.

დეა ფეხები მის გულს წაჰყვნენ: დეა დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად გოგის გვერდით უნდა ყოფილიყო და მისი სიცოცხლე დეაზე იყო დამოკიდებული.

რეანიმაციაში არც შეუშვეს და არც კი ისურვეს მისთვის გოგის მდგომარეობაზე საუბარი:

– პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ოჯახის წევრებს ვაძლევთ, – მშრალად უპასუხა დეას ადმინისტრატორმა.

– საცოლე ვარ, – ამოთქვა დეამ, რაზეც პასუხად მიიღო:

– მხოლოდ ნათესავებს!

დეა გამოტრიალდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. კლინიკის წინ სკამზე ჩამოჯდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. უიმედობისგან ცას ახედა, თითქოს იქიდან ელის პასუხსო.

– ვერა და ვერ იშოვეს რეანიმაციაში სანიტარი და ამდენი ხანია, ველოდები.

– რას იპოვიან? ცოტას იხდიან.

დეა უცებ გამოერკვა ფიქრებიდან, მის გვერდით ორი თეთრხლათიანი ქალი დამჯდარიყო. სიგარეტს ეწეოდნენ და თავისდუნებურად მიუბრუნდა:

– მე ვეძებ სამსახურს, – მუდარით სავსე თვალებით შეხედა ორივეს.

ქალებმა მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს.

– ძალიან გთხოვთ, ვისთან უნდა მივიდე? დღეს გამომიშვეს სამსახურიდან, ისე, რომ არც არაფერი აუხსნიათ, – დეა ლამის იხვეწებოდა, იმიტომ რომ ამ ქალების საუბარი ნიშნად მიიღო.

– განცხადებაა გამოკრული ჰოლში, იქაა მითითებული, ვისთან უნდა მიხვიდე, – მიუგდო ერთ-ერთმა პასუხად.

– დიდი მადლობა, – დეა წამოდგა და სირბილით შევიდა კლინიკაში. მართლაც, მოძებნა განცხადება და გულში ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ ასე კარგად ლაგდებოდა ყველაფერი: სამსახურიც ექნებოდა და, რაც მთავარია, გოგის ამბავსაც გაიგებდა ყოველდღე.

***

ლალი თითქოს გრძნობდა, რომ მისი დის თავს რაღაც კარგი არ ხდებოდა, ამიტომ, როდესაც დეა დაბრუნდა, ლალი ყავარჯნებით იდგა შუა ოთაში. დეა ატირებული შევარდა სახლში და ლალის ჩაეხუტა.

სლუკუნ-სლუკუნით ლაპარაკობდა, ამიტომ ლალი, დაახლოებით, მიხვდა, თუ რა შეიძლებოდა, მომხდარიყო:

– ნუ ტირი, დეა, ყველაფერი სწორად გააკეთე. თუ გულმა გითხრა, ესე იგი, ყველაფერი სწორად გითხრა და კარგადაც იქნება. აი, ნახავ, – ამშვიდებდა ლალი დას.

დეა კი გაუჩერებლად ტიროდა. ლალის სიყვარული კიდევ უფრო უჩუყებდა გულს და ტირილის სურვილს უძლიერებდა. რა ბედნიერებაა, რომ ლალი ჰყავდა...

დეას ახალი სამსახური წინაზე რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ გარდა დალაგება-ხეხვისა, ავადმყოფების მოვლაც უწევდა. ყველაზე მძიმე დეასთვის მაინც ასეთ დღეში მყოფი ადამიანების ნახვა იყო, რაც მას ამძიმებდა, იმდენადაც კი, რომ სახლში ყოველთვის თვალცრემლიანი ბრუნდებოდა. ხელფასიც გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ დეა არ წუწუნებდა.

და თუმცა პირველად ყველაზე რთული და უსიამოვნო საქმე დაავალეს, იმიტომ რომ ახალს, როგორც წესი, ყველგან ალმაცერად უყურებენ, შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ იქაური წესი იყო. დეამ „გამოცდა“ ჩააბარა და კოლექტივმაც გულთბილად მიიღო. ეს სულ სხვა სამყარო აღმოჩნდა და სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც დეა ამ კედლების მიღმა იყო შეჩვეული.

იქ ყოველწუთს იბრძოდნენ ადამიანების სიცოცხლისთვის, მაგრამ ეს ყოველდღიურ საქმედ ითვლებოდა. დეა კმაყოფილი იყო, რომ საშუალება ჰქონდა, თავადაც მიეღო ამაში მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ის აბედნიერებდა, რომ მას ძალიან ხშირად შეეძლო, შეერბინა მესამე პალატაში, რომელშიც გოგი იწვა.

როდესაც ის პირველად დაინახა ასეთ უმწეო მდგომარეობაში, გახევდა: გოგის სიკვდილის ფერი ედო, თვალების გარშემო არე ჩაშავებოდა, უძრავად იწვა. ცოცხალი რომ იყო, მხოლოდ გოგის საწოლის გვერდით დამონტაჟებული აპარატურა მოწმობდა, თავისი გამოსახულებებითა და ხმებით, რომლებსაც გამოსცემდა.

– ტრავმაა და აქედან გამომდინარე, კომა, – ჩაულაპარაკა გახევებულ დეას მედდამ.

– და რამდენ ხანს შეიძლება, ეს გაგრძელდეს?

– არ ვიცი, არავინ იცის. შემთხვევებია, წლობით წვანან, ხანდახან კვდებიან, – ბოლო ფრაზის გაგონებაზე დეას მხრები აუკანკალდა.

– შენი ნაცნობია? – ჰკითხა მედდამ.

– საქმროა, – თავისი თავისთვის მოულოდნელადაც კი ამოეთქვა დეას.

მედდამ თანაგრძნობით შეხედა:

– ბევრი ელაპარაკე, ამბობენ, ყველაფერი ესმითო.

რაც ეს გაიგო, დეა ყოველდღე შედიოდა გოგისთან და გაუჩერებლად ელაპარაკებოდა. თავდაპირველად, არ იცოდა, რა ეთქვა და ამიტომ იმის მოყოლით დაიწყო, თუ რა მოხდა მათთან ოფისში, შემდეგ, როგორ მოეწყო ახალ სამსახურში. თანდათან კი შეეჩვია ასეთ უპასუხო საუბარს და თავადაც ვერ მიხვდა, როგორ მოუყვა კომაში მყოფ გოგის მთელი თავისი ცხოვრება, თავისი მშობლების, დის შესახებ.

დეას არასდროს მოუკრავს თვალი კლინიკაში არც ირინასთვის და არც რეზისთვის.

– შეიძლება, ტელეფონით იგებენ ამბავს, – დაასკვნა თავისთვის.

ერთმა კვირამ სწრაფად გაირბინა და დეას სულ უფრო და უფრო ხშირად გაუკრთებოდა ხოლმე თავში აზრი, რომ კლინიკაში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. არადა სკოლის დამთავრების შემდეგაც არ იცოდა, რა პროფესიის დაუფლება სურდა.

– შეიძლება, ჩემი მოწოდებაა, რომ ხალხს დავეხმარო? – მსჯელობდა თავისთვის და ბოლოს და ბოლოს, მივიდა დასკვნამდე, რომ სამედიცინო სფერო იყო ის, სადაც მუშაობას მისთვის ბედნიერების შეგრძნება მოჰქონდა.

***

დეამ ტელეფონს დახედა, უცნობი ნომრიდან ურეკავდნენ, გოგონამ უპასუხა და ყურებს არ დაუჯერა: ირინა ურეკავდა.

– დეიკო, ძვირფასო, – ვითომ არაფერიო, ისეთი ალერსიანი ხმით მიმართა ირინამ დეას:

– სამსახურში რატომ არ მოდიხარ, ჩემო გოგო?!

– როგორც მახსოვს, თქვენ მე გამომაგდეთ, – ცივად უპასუხა დეამ.

– რას ამბობთ, დეა, ძვირფასო?! შეიძლება, რაღაც ზედმეტი გითხარით ანერვიულებულმა, მაგრამ უნდა გამიგოთ, ჩემთვის დიდი დარტყმაა გოგის ავარია. ბოლოს და ბოლოს, შვილი მყავს კომაში, – ირინამ უტიფრად ჩაისლუკუნა ტელეფონში და შემდეგ ძალდაუტანებელი და კეთილგანწყობილი ხმით განაგრძო:

– ხვალ სამსახურში გამოდით და გაცდენილ დღეებს ჩაგითვლით ოფიციალურ შვებულებად და აგინაზღაურებთ. ახალი ხელმძღვანელობა ზრუნავს თავის თანამშრომლებზე.

დეა უცებ მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, იმიტომ რომ გამორიცხული იყო, ირინასნაირი გაფხორილი და ამპარტავანი ქალი ასე დამტკბარიყო მასთან, ამიტომ ბევრი არ უფიქრია:

– დიდი მადლობა, რომ გვიან, მაგრამ მაინც გაგახსენდათ თანამშრომლების უფლებები, მაგრამ მე უკვე მოვძებნე ახალი სამსახური.

– ძალიან სამწუხაროა, თქვენი კუთვნილი თანხა მაინც აიღეთ. ხვალ 12–ზე მოდით.

– 12–ზე არ შემიძლია, – ისევ ცივად უპასუხა დეამ.

– ძალიან გთხოვთ, ზუსტად 12–ზე მოდით და პრემიაც გაქვთ გამოწერილი.

დეა ხვდებოდა, რომ გოგის დედინაცვალმა რაღაც ჩაიფიქრა, მაგრამ ფული ძალიან სჭირდებოდა:

– კარგი, ხვალ მოვალ.

მეორე დღეს, ზუსტად 12 საათზე ირინა დეას, როგორც უძვირფასეს სტუმარს, ჰოლში ელოდებოდა მეტად საზეიმო სახით.

– ძვირფასო დეა, მობრძანდით, ბატონი რევაზის კაბინეტში შევიდეთ, ისიც გველოდება, – წელზე მოხვია ხელი ირინამ დეას.

ახალგაზრდა ქალი შედგა და მტკიცე ხმით ჰკითხა:

– ქალბატონო ირინა, პირდაპირ მითხარით, რა გნებავთ?! რატომ იყო შეუძლებელი ჩემთვის ხელფასის ბარათზე დარიცხვა ან, თუ მაინცდამაინც, ბუღალტერმა რომ მომცეს? ამჯერად რა ინტრიგებს ხლართავთ? – დეას გამომეტყველებით იგრძნობოდა, რომ ახსნა-განმარტების გარეშე ადგილიდანაც არ დაიძვრებოდა.

ირინამ ისევ დაიტკბო ხმა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია სიმართლის თქმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა