რომანი და დეტექტივი

როცა სიყვარული გვნებს

№39

ავტორი: ნია დვალი 20:00 04.10

რომანი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38 (1238)

კაბინეტში ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა:

– როდის შეიძლება, რომ დავალაგო? დიდი ბოდიში, ყოველთვის გელოდებით, მაგრამ დღეს რაღაც საქმე მაქვს, გადაუდებელი და...

გოგი დაიბნა, არც კი უფიქრია, რომ დამლაგებელი მას ელოდებოდა ხოლმე და შერცხვა, ამიტომ მაშინვე უპასუხა:

– ვამთავრებ, უკვე დავამთავრე. გავდივარ.

გოგიმ პირველად შეათვალიერა მათი ახალი დამლაგებელი და გაუკვირდა: რატომ მუშაობს დამლაგებლად ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი?! თან, კარგი მანერებით?! ზრდილობიანი?!

გოგის თავში უცებ გაუჩნდა იდეა:

– რა გქვიათ?

– დეა, – მშვიდად უპასუხა გოგონამ.

– დეა, შემოდით, თქვენთან საქმიანი წინადადება მაქვს.

გოგონა დაიბნა, ხელებიდან ხელთათმანები მოიხსნა და ოთახში შევიდა. გოგი ადგა და სათათბრო მაგიდასთან გადაჯდა, დეასაც გამოუწია სკამი, თან, ახალგაზრდა ქალს ათვალიერებდა: დეას წაბლისფერი თმა აწეული ჰქონდა და თმის სამაგრით დამაგრებული, სახის კანი ფაიფურივით ნაზი და რძისფერი ჰქონდა, სახის გრძელ ოვალს დიდი თაფლისფერი თვალები და აწეული თმა კიდევ უფრო ნატიფს აჩენდა. მართალია, სამუშაო ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ მის შიგნით მაინც ჩანდა საკმაოდ მოკრძალებული კაბა, ცოტა ძველმოდური. დეა შეიშმუშნა, როდესაც იგრძნო, რომ შეფი ათვალიერებდა და უნებურად საყელო გაისწორა.

– დაბრძანდით, – მიმართა გოგიმ.

დეა აღელდა, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდა, რა საქმე შეიძლება, ჰქონოდა მასთან გენერალურ დირექტორს.

– სათხოვარი მაქვს. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, გთხოვთ, დამეხმაროთ.

დეამ თავისუფლად ამოისუნთქა:

– ბატონო გოგი, რამეა დასალაგებელი?

გოგი ორჭოფობდა, ვერ პოულობდა სიტყვებს, რომ სათქმელი მკაფიოდ გამოეხატა, ბოლოს, თავი მოუყარა აზრებს:

– გთხოვთ, ერთი საღამოს განმავლობაში ჩემი საცოლე იყოთ.

დეამ წარბები ასწია, ჯერ ერთი, მოულოდნელობისგან და, მეორე, სულ სხვა შინაარსი ამოიკითხა ამ შემოთავაზებაში.

გოგი შეეცადა, გამოესწორებინა თავისი ნათქვამი:

– სამ დღეში ჩამოდის საინვესტიციო ფონდის დიდი დელეგაცია. დაგეგმილია არაოფიციალური შეხვედრა. მე აუცილებლად საცოლესთან ერთად უნდა ვიყო. ეს ძალიან მჭირდება. ეს სჭირდება კომპანიას.

დეა ყურადღებით უსმენდა და ცდილობდა, გაეგო, რას გულისხმობდა დირექტორი.

– გთხოვთ, ამყევით ამ თამაშში. ეს მხოლოდ ერთი საღამოსთვისაა საჭირო, – განაგრძობდა გოგი.

– კი მაგრამ, რატომ მე? – თავისდა უნებურად თქვა დეამ.

ახალგაზრდა ქალს იმდენად გულწრფელი გამომეტყველება ჰქონდა, რომ გოგიმ უცებ უამბო ყველაფერი:

– ძებნის არც დრო მაქვს და არც სურვილი. ვერც ვენდობი ყველას. რამდენიმე დღე დამრჩა და მირჩევნია, პროექტზე ვიმუშაო, ვიდრე ვინმე ვეძებო.

– მაგრამ თქვენ გყავთ მდივანი, ფინანსურ განყოფილებაშიც ძალიან ლამაზი გოგონები მუშაობენ, – შესთავაზა დეამ.

სხვათა შორის, გოგიმ თავის მდივანზე თავადაც იფიქრა, ფინანსური განყოფილების თანამშრომლებზეც და გაეღიმა:

– თქვენ ყველაზე მეტად უხდებით ამ როლს, თან, არ მგონია, გაწყინოთ პრემიამ, რომელსაც გამოგიწერთ, იმიტომ რომ ეს აუცილებელია ჩემი საქმისთვის, – გოგის უხერხულობა გაუქრა და მისი ტონი საქმიანი გახდა, რამაც დეა დაარწმუნა, რომ დირექტორი არ ეშმაკობდა.

– კარგი, აგყვებით თამაშში. ფული ნამდვილად მჭირდება. რა უნდა გავაკეთო?

გოგიმ მხრები აიჩეჩა, იმიტომ რომ ამაზე, რატომღაც, არ უფიქრია.

– ალბათ, ჯერ უნდა ვიყიდოთ თქვენთვის შესაფერისი ტანსაცმელი: კაბა, ფეხსაცმელი, კიდევ რა არის საჭირო? – ჰკითხა ახალგაზრდა ქალს.

გოგონამ უხერხულობა იგრძნო და ფეხები სკამის ქვეშ შეაცურა, თითქოს ცდილობდა, დაემალა თავისი გამცვდარი კედები.

– არა, რას ბრძანებთ, ბატონო გოგი?! მე მაქვს კაბა. – გაწითლდა დეა.

– შენობით მომმართე და ბატონობის გარეშე. თორემ ასე იოლად გაგვშიფრავენ. თან, ჩემს საცოლეს ძალიან კარგი კაბა უნდა ეცვას. საქმეს სჭირდება, თორემ თქვენი კაბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

დეამ თავი დაუქნია.

– ხვალ, დილით, თუ გცალია, წავიდეთ და ვიყიდოთ, – შესთავაზა გოგიმ, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა:

– ჩემი მძღოლი წაგიყვანთ, შეარჩიეთ კაბა, ჩანთა, ფეხსაცმელი და მეც მოვალ, რომ ვნახო. ახლა კი აღარ მოგაცდენთ, – გოგი წამოდგა, ქაღალდები მიალაგ-მოალაგა და კაბინეტიდან გავიდა.

***

დეა ხან წითლდებოდა, ხან ფითრდებოდა, მაგრამ მორჩილად შევიდა გასახდელში და თან, კონსულტანტის მიერ შერჩეული კაბა და ფეხსაცმელი შეიტანა. გასახდელიდან კი სულ სხვა ადამიანი გამოვიდა, ძველი დეა თითქოს გაქრა და თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. ისე მოხდენილად მოირგო ახალი სამოსი, გეგონებოდა, ყოველთვის ასე იცვამდა. მოკრძალებული დამლაგებელი სადღაც აორთქლდა.

– ასეთთან ერთად არსად გამოჩენა არ შეგრცხვება, – კმაყოფილებით გაიფიქრა გოგიმ.

***

დეა და გოგი უკვე მაგიდასთან ისხდნენ, როდესაც ორი მამაკაცი და ერთი სათვალიანი, მკაცრი გამომეტყველების მქონე ქალი რესტორნის არცთუ დიდ დარბაზში შევიდნენ. გოგი წამოდგა, სტუმრებს შეეგება და მაგიდისკენ გაუძღვა.

– ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ჩემი საცოლე, დეა, – დეამ ხელი გაუწოდა და თავი დაუკრა.

როდესაც ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ, მოულოდნელად გოგის დედინაცვალი ირინა გამოჩნდა, რომელიც ცდილობდა, თავი ისე დაეჭირა, თითქოს მნიშვნელოვან ვინმეს წარმოადგენდა. გოგიმ არ შეიმჩნია, რომ გაუკვირდა მისი გამოჩენა.

– როგორც ჩანს, ჩემს ოფისში ვირთხები არიან, – გაიფიქრა და მიხვდა, რომ ირინა არ ისვენებდა, ელოდა, როდის დაუშვებდა შეცდომას გოგი, რომ კომპანია მიეთვისებინა.

– მე კი ირინა ვარ, გოგის დედა, – გაუწოდა ხელი ირინამ სტუმრებს.

– დედინაცვალი – ღიმილით შეუსწორა გოგიმ, მაგრამ ირინამ არ შეიმჩნია და განაგრძო:

– მე ჩემი და გოგის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ, ეს კი ჩემი მეორე შვილია, რეზო, უნივერსიტეტს ამთავრებს და ისიც ბიზნესმენია, – გოგიმ ახლაღა შეამჩნია, რომ რეზიც მობრძანებულიყო.

ირინა ენად გაიკრიფა და ისე სწრაფად ლაპარაკობდა, რომ თარჯიმანი თარგმნას ვერ ასწრებდა. გოგი აკვირდებოდა თავისი ნათესავების მცდელობას და ელოდა, როდის დამთავრდებოდა ეს წარმოდგენა, მაგრამ შეცდა. დედინაცვალი ენას არ აჩერებდა და მოგონილ ამბებს უყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდა ყოფილ ქმარს ბიზნესის გამართვაში და უამრავ სისულელეს აფრქვევდა:

– დეაც შესანიშნავი ოჯახიდანაა, – და გოგი მიხვდა, რომ ირინამ დეა იცნო.

– მან არაჩვეულებრივი განათლება მიიღო და შესანიშნავად ლაპარაკობს ინგლისურად, მას შეუძლია, იმღეროს კიდეც თქვენთვის.

დეა ჩაერია:

– მე ფრანგულიც კარგად ვიცი.

ირინა მცირე ხნით შეყოვნდა, როგორც ჩანს, არც ამ პასუხს ელოდა და არც დეას შეპასუხებას, მაგრამ არ შეიმჩნია.

გოგი შეეცადა, ჩარეულიყო, რომ დედინაცვალი შეეჩერებინა, მაგრამ ირინას, როგორც ჩანს, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა.

– აბა, გისმენთ. – ირინამ ლამის ხელი ჰკრა დეას მცირე სცენისკენ, ერთი სული ჰქონდა, როგორმე დაემცირებინა დეა და გოგისთვის პროექტი ჩაეშალა. გოგი დაიბნა, ვერ მიხვდა, როგორ გაენეიტრალებინა შექმნილი პრობლემა. მაგრამ, მისდა გასაოცრად, დეა მშვიდად ავიდა სცენაზე, პიანისტს რაღაც უთხრა და მიკროფონი გაისწორა.

გოგი გაოცებული უსმენდა დეას: ყელიდან ულამაზესი მეცო–სოპრანო ამოსდიოდა. სტუმრებმა ტელეფონები მოიმარჯვეს და კამერები ჩართეს.

მთელმა დარბაზმა დაუკრა ტაში დეას, რომელსაც ლოყები შეფაკვლოდა, მხოლოდ ირინა იდგა მოღუშული, ვერ მოითმინა, რომ გეგმა ჩაეშალა და უცებ წამოიყვირა:

– ეს არანაირი საცოლე არ არის, ჩვენი კომპანიის დამლაგებელია, – მართალია, თარჯიმანმა ირინას ეს სიტყვები თარგმნა, მაგრამ სტუმრებმა, რატომღაც, არ მაიქციეს ყურადღება ან ხუმრობად მიიღეს.

– ძალიან ნიჭიერი პერსონალი გყოლიათ, – იცინოდნენ საპასუხოდ.

დედინაცვალი ამ ყველაფერმა ისე გააბრაზა, რომ რესტორნიდან ლამის სირბილით გაიქცა, მას ფეხდაფერ მიჰყვა რეზი, რომელიც დედამისზე ნაკლებად დაბოღმილი არ ჩანდა.

– ახლა რა უნდა ვქნათ? – ჰკითხა მან დედამისს, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.

– ამჯერად არაფერი გამოვიდა, ის ნაბიჭვარი გამოძვრა, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოგვივა.

– მომბეზრდა. ამ შენს გენიალურ იდეებს შედეგი არ მოაქვს. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ. უნდა ვიმოქმედოთ, ახლა მე მივხედავ საქმეს. შენ აღარ ჩამერიო, – ეს უთხრა დედამისს და მანქანიდან გადავიდა.

– რა ჩაიფიქრე, შვილო? სად მიდიხარ? – მიაძახა შვილს ირინამ, მაგრამ რეზიმ არც კი უპასუხა.

– მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, – გადაწყვიტა თავისთვის მტკიცედ.

***

რესტორანში დარჩენილებს არც კი შეუმჩნევიათ ირინასა და რეზის წასვლა, უფრო პირიქით, მათმა ყურებმა დაისვენა ირინას გაუთავებელი ლაყბობისგან. მით უმეტეს, რომ უკვე შეხვედრის საქმიან ნაწილზე გადავიდნენ და პროექტის დეტალებზე საუბრობდნენ. სიტყვიერად ყველაფერზე შეთანხმდნენ.

გოგიმ მძღოლი არ წამოიყვანა და არც თავის მანქანაზე დაჯდა, იმიტომ რომ იცოდა, ცოტა დალევა მოუწევდა, ამიტომ, როდესაც სტუმრები გააცილა, ტაქსი გამოძახა და გადაწყვიტა, დეა თავად მიეცილებინა სახლამდე, მადლიერების ნიშნად.

გზაში ძალიან აღელდა, როდესაც დეასთან ერთად მარტო აღმოჩნდა ტაქსის უკანა სავარძელზე. მის გვერდით თავს ბუნებრივად გრძნობდა და საკუთარი თავის იმედი უმტკიცდებოდა. ისეთს ხედავდა თავის თავს, როგორადაც თავის საუკეთესო ოცნებაში წარმოედგინა.

– დეა, შეიძლება, რაღაც გკითხო? – ჰკითხა გოგიმ, როდესაც ტაქსიდან გადავიდნენ.

– რა თქმა უნდა, – თბილად გაუღიმა დეამ.

– ასეთი ახალგაზრდა ხარ, ლამაზი, ნიჭიერი, განათლებული, რატომ მუშაობ დამლაგებლად?

დეამ ხმამაღლა გაიცინა, მაგრამ ძალიან გულწრფელად:

– დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ჩვეულებრივი საჯარო სკოლა დავამთავრე. უბრალოდ ენებისადმი მიდრეკილება მქონდა, მერე სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე... – დეას ხმა შეეცვალა.

– ჩემი დაა ავად, მენჯის ძვალი გაიტეხა და ძვლები არ უხორცდება, ძლივს გადაადგილდება ყავარჯნებით, ამიტომ მიწევს მუშაობა. დიპლომის გარეშე სხვა რა სამსახური უნდა ვიპოვო?!

– მშობლები არ გყავთ? – დაინტერესდა გოგი.

– მშობლები ორი წლის წინათ დაიღუპნენ ავტოკატასტროფაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მაშინვე სამუშაოს ძებნა დამჭირდა. თქვენთან ყველაზე კარგი პირობებია, სადაც კი ოდესმე მიმუშავია.

– ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ შენობით დამელაპარაკებოდი? – გაახსენა გოგიმ.

დეა გაწითლდა.

– მე მეგონა, მხოლოდ ამ საღამოს უნდა გველაპარაკა შენობით.

– არა, ყოველთვის შენობით მომმართე, – გოგიმ დეას ხელი ხელში აიღო და ტუჩებთან მიიტანა. იგრძნო, როგორ შეთრთოლდა ახალგაზრდა ქალის სხეული:

– ხვალამდე!

– ხვალამდე! – დაუქნია თავი დეამ გოგის და შურდულივით შევარდა სადარბაზოში.

***

– ლალიკო, უკვე სახლში ვარ! – გასძახა დას.

– როგორ ჩაიარა საღამომ? – გამოსძახა დას ლალიმ, რომელიც საძინებელში ლოგინზე იჯდა და რაღაცას კითხულობდა. საწოლის გვერდით ყავარჯნები ეწყო. ლალი ცდილობდა, გულდასმით წაეკითხა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. შფოთავდა დეას გამო, რომელმაც ძალიან უცნაური შემოთავაზება მიიღო თავისი უფროსისგან.

დეა ლალიზე გაცილებით უმცროსი იყო და თუმცა ახლა ლალი დეაზე იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ გადაადგილება უჭირდა. დაზე ძალიან დარდობდა. დები გარეგნულად ერთმანეთს არ ჰგავდნენ, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ეიმედებოდათ.

ლალიმ შვებით ამოისუნთქა, შემოსასვლელიდან დეას ხმა რომ მოესმა. დეა ქარიშხალივით შევარდა ლალის ოთახში და უფროსმა დამ შეამჩნია, რომ უმცროს დას თვალები უბრწინავდა და ძალიან ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

– აბა, მოყევი, რა მოხდა? – დედობრივი მზრუნველობით ჰკითხა ლალიმ და წიგნი გვერდით გადადო. ისედაც განიცდიდა, რომ დეას დააწვა კისერზე, რის გამოც დეა ვერ სწავლობდა და იძულებული იყო, ნებისმიერი სამუშაო შეესრულებინა, ოღონდ კი თავისი თავი და და ერჩინა. ლალი დეას გულის მესაიდუმლეც იყო, დეა მას ყველაფერს უყვებოდა, რადგან იცოდა, რომ ლალი არ გაკიცხავდა, ყოველთვის გულდასმით მოუსმენდა და თუ დეა ჰკითხავდა, რჩევასაც მისცემდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ დები კიდევ უფრო დაახლოვდნენ ერთმანეთთან.

დეამ წკრიალა ხმით გაიცინა დის შეკითხვაზე და შემდეგ ორივე ხელი სახეზე აიფარა, იმდენად მოედო ალმური.

– ზღაპარში ვიყავი და მგონი, შეყვარებული ვარ, – გაუმხილა უფროს დას.

– და ვინ არის ის ბედნიერი? – ლალი უყურებდა დეას და თავისი თავი ახსენდებოდა მის ასაკში.

– გოგი, – ჩაიჩურჩულა დეამ, თითქოს ეშინოდა, რომ ვინმეს მისი საიდუმლო არ გაეგო:

– და, მგონი, ორმხივია. იცი, როგორია?! საუკეთესო, სიმპათიური, გალანტური.

დები ერთმანეთს გადაეხვივნენ. ლალი დეას თავზე უსვამდა ხელს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა