რომანი და დეტექტივი

როცა სიყვარული გვნებს

№38

ავტორი: ნია დვალი 20:00 27.09

ნია
დაკოპირებულია

მელოდია შეწყდა, მსმენელებს სული შეუგუბდათ, დარბაზში სიჩუმე გამეფდა, რომელიც წამის შემდეგ მქუხარე აპლოდისმენტებმა შეცვალა. გოგი მალევე გამოერკვა, უცებ გაჩნდა იმპროვიზებულ სცენასთან, რომ გოგონას ჩამოსვლაში დახმარებოდა. გოგონა, რომელიც წუთის წინ ვერაფერს ამჩნევდა, იმიტომ რომ სრულად იყო ჩაფლული თავის სიმღერაში, უხერხულად იღიმებოდა, თუმცა თვალები უბრწყინავდა.

– აქამდე თვალები სად მქონდა? – გაიფიქრა გოგიმ, – როგორ ვერ შევამჩნიე?!

იმ საღამოდან მოყოლებული მისი ერთფეროვანი ცხოვრება თითქოს განათდა, თუმცა, ერთადერთი უახლოესი ადამიანის დაკარგვის შემდეგ, მამა ახლახან გარდაეცვალა, გოგი დარწმუნებული იყო, რომ მის ცხოვრებაში მშვენიერი აღარაფერი შეიძლება, მომხდარიყო. მარტოობა სულის შემხუთველად დაატყდა თავს და ამძიმებდა. მხიარულ კომპანიაშიც კი გრძნობდა მარტოობის სიცივეს. ერთი წელია, რაც მამა დაეღუპა და საბოლოოდ დაობლდა. დედა კი უფრო ადრე გარდაეცვალა, როდესაც 11 წლის იყო და ძალიან დიდხანს გლოვობდა მის არყოფნას. თავის თავში ჩაიკეტა. მამამისს კი არასდროს შეეძლო გრძნობების გამოხატვა, ცოლის დაღუპვის შემდეგ უფრო ვერ ახერხებდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ შვილისთვის აჯობებდა, თუკი სახლში ქალი იქნებოდა, მართალია, დედას ვერ შეუცვლიდა, მაგრამ ბავშვი სრულფასოვან ოჯახში მაინც გაიზრდებოდა. ბუნებრივია, მსხვილი სამშენებლო კომპანიის მეპატრონეს გარს სულ ქალები ეხვივნენ და ცოლის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ის ირინაზე დაქორწინდა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან თითქმის გოგის ასაკის შვილი ჰყავდა: რეზი. მერაბი დარწმუნებული იყო, რომ ირინა და მისი შვილი გოგის დაეხმარებოდნენ ტკივილის მონელებაში, მაგრამ მისი მოლოდინები მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა.

ქალი დასაწყისში გერს, მართლაც, ძალიან ყურადღებით და ფაქიზად ექცეოდა, მაგრამ ბავშვს არაფრით უნდოდა, ის დედის ადგილას მიეღო. დედამისი წყნარი, მშვიდი, მოსიყვარულე ადამიანი იყო, ირინა კი – დედამისის ანტიპოდი: მომთხოვნი, კატეგორიული და ყველა უნდა დამორჩილებოდა მხოლოდ იმას, რასაც თავად გადაწყვეტდა. თუმცა, საკუთარი შვილისადმი ურთიერთობის ამ მეთოდს არ იყენებდა და დრომ გამოაჩინა, რომ ირინა თავის შვილს გამოარჩევდა, ათამამებდა, ანებივრებდა, ნებისმიერ სურვილს უსრულებდა, რა თქმა უნდა, გოგის მამის ხარჯზე.

ეს მერაბმაც შეამჩნია და ჩარევას შეეცადა, რომ ოჯახში ჰარმონია დამყარებულიყო, მაგრამ ირინას უკვე საკუთარი წესები დაემკვიდრებინა და თავს სახლის ნამდვილ დიასახლისად გრძნობდა. მერაბმა ვერ მოახერხა ამ კედლის გარღვევა, მისი ყოველი მცდელობა ჩხუბით მთავრდებოდა, ამიტომ მცდელობები შეწყვიტა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.

დღისით იშვიათად ჩნდებოდა სახლში, გვიან ბრუნდებოდა და ხანდახან გოგის ოთახში შედიოდა. უხერხული სახით ჩამოუჯდებოდა ლოგინზე და ცდილობდა, მასთან საუბარი გაება. უსაგნო კითხვებს უსვამდა, თუმცა შვილი თითოეულ მათგანს დაწვრილებით პასუხობდა.

აი, რეზის დაუსრულებელი მოთხოვნები კი უსიტყვოდ სრულდებოდა: მოუნდა ტელეფონის ბოლო მოდელი? მაშინვე მიჰყავდა დედამისს საყიდლად; რომელიმე ბრენდის ტანსაცმელი? მაშინვე ორიგინალს მოართმევდნენ. ვერ ვიტყვით, რომ გოგის უარს ეუბნებოდნენ, უბრალოდ გოგის არ სჭირდებოდა ამდენი უსარგებლო ნივთი, მას ჰყოფნიდა მძლავრი კომპიუტერი და წიგნები და როდესაც სრულწლოვნები გახდნენ, აღმოჩნდა, რომ ერთ ჭერქვეშ სრულიად განსხვავებული ორი ახალგაზრდა ვაჟი ცხოვრობდა: ერთი – ფუქსავატი, მხოლოდ გართობა და გოგონები რომ აინტერესებს, მეორე კი – მშვიდი და სერიოზული.

ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ჩააბარეს, ეკონომიკის ფაკულტეტზე. გოგის ეს სფერო აინტერესებდა, რეზის კი დედამისმა დააძალა, ვინაიდან, ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი, ადრე თუ გვიან, მერაბის კომპანიის თანამფლობელი გახდებოდა. მერაბი ცდილობდა, მათთვის თავისი საქმე ესწავლებინა, მაგრამ ინტერესს მხოლოდ გოგი ამჟღავნებდა. რეზის ეს საქმე ძალიან მოსაწყენად მიაჩნდა და ყოველთვის თავს იძვრენდა.

რადგან არავინ იცოდა, რა ხდებოდა მერაბის გულში, ამიტომ ყველასთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ ერთ დღესაც გულის შეტევა დაემართა. საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში დაწოლა გახდა აუცილებელი, გაირკვა, რომ გული იმდენად სავალალო მდგომარეობაში ჰქონდა, შუნტირება სჭირდებოდა. მისი ცოლი შეფიქრიანდა: ხვდებოდა, რომ შეიძლება, შემოსავლის გარეშე დარჩენილიყვნენ. ბიზნესის მართვა არც მან იცოდა და არც მისმა შვილმა, გოგი კი არც გახსენებია, იმიტომ რომ სათვალავში არც არასდროს ჩაუგდია. იმდენად გათავხედდა მოსალოდნელი უბედურების მოლოდინში, რომ მერაბს დაჟინებით სთხოვდა, შეედგინა ანდერძი, რაზეც ქმარი პასუხობდა, რომ ანდერძი უკვე არსებობდა და ყველა იმას მიიღებდა, რაც ეკუთვნოდა და რასაც მისი უნარები შესწვდებოდა.

მერაბმა ოპერაციას ვერ გაუძლო და საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპა. გოგიმ მამის გარდაცვალებაც მძიმედ გადაიტანა. ბუნებრივია, დასაფლავებაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ამიტომ ირინა, თუმცა შავებში, მაგრამ გვარიანად მოკაზმული, ცხადია, შიგადაშიგ ქვითინებდა ხოლმე და შვილსაც მუჯლუგუნს გაჰკრავდა, რომ რეზის, რაც შეიძლება, მწუხარე სახე ჰქონოდა.

თუმცა გოგი, ფაქტობრივად, მამის გარეშე იზრდებოდა, იმიტომ რომ მერაბი სულ მუშაობდა, მამა ძალიან უყვარდა. ის მისთვის ეტალონი იყო, მაგალითი და სჯეროდა, რომ მამამისსაც უყვარდა, ოღონდ თავისებურად. არასდროს გაუკიცხავს, რომ ირინა მოიყვანა ცოლად, რომ ირინას შვილი მათ სახლში ყოველთვის პირველ პლანზე იყო. გოგი რაღაცნაირად შეეგუა აზრსა და ბედს, რომ დედა არ ჰყავდა და სამყაროში დაკარგულად გრძნობდა თავს, მაგრამ სწორედ მამის გარდაცვალების შემდეგ მიხვდა, რომ საერთოდ მარტო დარჩა და მიუხედავად მოუცლელობისა, თურმე, რამდენად დიდ როლს ასრულებდა მამამისი მის ცხოვრებაში.

დედინაცვალი დასაფლავების შემდეგ სახლშიც ტრაგიკული სახითა და ლამაზ-ლამაზ შავ კაბებში გამოწყობილი დაიარებოდა, რეზი, როგორც ყოველთვის, სახლში არ იყო ან გვიან მოდიოდა. ირინა ანდერძის გახსნას ელოდა და, სავარაუდოდ, ამიტომ გოგის საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას.

და აი, ეს დღეც დადგა. მერაბის ახლო მეგობარი, მისი კომპანიის ადვოკატი, მათთან მივიდა სახლში, სამივენი შეკრიბა, კონვერტი გახსნა და კითხვა დაიწყო.

მერაბმა თავისი ბიზნესი მთლიანად თავის ვაჟ გოგის დაუტოვა, ცოლს – სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობა, რაც ნომინალური თანამდებობა იყო, თავმჯდომარის აზრს სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა და გოგი მიხვდა, რატომაც გააკეთა ეს მამამისმა: რომ ქალს სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული მაღალი ხელფასი ჰქონოდა. აი, გერს კი მამინაცვლის მანქანა ერგო და, რაოდენ ცინიკურიც უნდა იყოს, ახალგაზრდა ეკონომისტის გზამკვლევის სამტომეული.

ირინამ თავი ვერ შეიკავა და არა მხოლოდ სახეზე მოედო ალმური, არამედ უცნაურ ხმებსაც გამოსცემდა. გოგის გაეღიმა კიდეც უნებურად: ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ქალი საცაა, გასკდებოდა ან ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა.

ირინას ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ ქმარი თავის ბიზნესს ორივე ვაჟს თანაბრად გაუყოფდა, ამიტომ გაავებული სახე გერისკენ მიაბრუნა და გოგიმ უკვე ფიზიკურად იგრძნო ის სიძულვილი, რასაც დედინაცვალი მისადმი განიცდიდა. თავშეკავება აღარ იყო საჭირო, არც თამაში, იმიტომ რომ ყველაფერი გაირკვა და ირინას იმედები დაიმსხვრა.

რეზის კი არც უცდია თავისი იმედგაცრუების გამოხატვა, ხმამაღლა შეიკურთა და წავიდა, კარიც საკმაოდ ძლიერად გაიჯახუნა. ამ ანდერძმა ის სუსტი ძაფიც კი გაწყვიტა, რაც გოგისა და მის დედინაცვალს შორის იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გაატარეს ერთ ჭერქვეშ.

გოგი დიდი სიამოვნებით გადავიდა სახლიდან, საწყის ეტაპზე თავისივე კომპანიის სასტუმროში ცხოვრობდა და მთლიანად საქმეზე გადაერთო – ახლა კომპანიის ბედი მის ხელში იყო, ამიტომ მოდუნების დრო არ ჰქონდა. თანამშრომლებსაც უყვარდათ გოგი, მას ბავშვობიდან იცნობდნენ და იცოდნენ, რომ ჭკვიანი და ბეჯითი ადამიანი იყო. ამიტომ ენდობოდნენ. ხოლო ირინა შანსს ხელიდან არ უშვებდა და ცენტრალურ ოფისში დროდადრო შეივლიდა ხოლმე, უსაფუძვლო, ცოტა სულელურ შენიშვნებს აძლევდა თანაშრომლებს, რომ საკუთარი მნიშვნელოვნებისთვის გაესვა ხაზი. გოგი მოთმინებით იტანდა დედინაცვლის სტუმრობებს, თავს უქნევდა და ისე მუშაობდა, როგორც თავად მიიჩნევდა საჭიროდ.

***

– აბა, როგორ მიდის საქმეები? – გოგის კაბინეტში კომპანიის იურისტი და მამამისის მეგობარი, ბატონი ნოდარი შევიდა.

გოგი მაშინვე წამოდგა:

– კარგად, – და ხელი ჩამოართვა.

– მამაშენი სულ მეუბნებოდა შენზე, მშვიდად ვარ, ისე კარგად გაერკვია ყველაფერში, ჩემზე უკეთესადაც კი გაუძღვება საქმესო. ძალიან მიხარია, რომ მერაბი არ შეცდა.

გოგიმ უხერხულად გაიღიმა. მისთვის მიულოდნელობა იყო მამამისისი აზრი მის შესახებ და ამიტომ ოდნავ გაწითლდა კიდეც.

– კარგი კაცი იყო მამაშენი, ვერ გამოხატავდა გრძნობებს. შენ კი ძალიან უყვარდი და შენ წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა.

გოგიმ გაკვირვებულმა შეხედა.

– შენთვის, ალბათ, ეს არც უგრძნობინებია, მაგრამ განიცდიდა, რომ ირინა მოიყვანა ცოლად. ეგონა, შენთვის იქნებოდა კარგი, თუ სრულ ოჯახში გაიზრდებოდი. დედას შეგიცვლიდა. შეცდა. დედას ვერავინ შეცვლის, ძალიან სათნო უნდა იყოს ქალი ბუნებით, რომ სხვისი შვილი შეიყვაროს. მაგრამ, რაც იყო, იყო. მგონი, ანდერძით ყველაფერს მიხვდი.

გოგიმ თავი დაუქნია, უნდოდა ეპასუხა, ამ კომპანიას მერჩივნა, მამაჩემის სიყვარული მეგრძნოო, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს.

– რაზე მუშაობ? – უცებ შეცვალა საუბრის თემა ბატონმა ნოდარმა.

– კომპანიის გაფართოება მინდა. იაპონელი ინვესტორები არიან და ძალიან დიდ პროექტს ვამზადებ. ვფიქრობ, ტენდერში აუცილებლად გავიმარჯვებ. უფრო ზუსტად, დანამდვილებით გავიმარჯვებთ, თუ იაპონელები დავიყოლიე.

– უკვე მითხრეს, რომ ლამის აქ ათენ–აღამებ. დაიმახსოვრე: დასვენება აუცილებელია. ცხონებულმა მერაბმა არ იცოდა დასვენება, ცვეთაზე მუშაობდა და ვნახეთ კიდეც, რით დამთავრდა ეს ამბავი. ასე რომ, არც ერთი პროექტი არ ღირს შენს ჯანმრთელობად, დამეჯერება რაღაცები.

– მინდა, რომ მამაჩემის დატოვებული საქმე გავაფართოო, მასშტაბები გავზარდო.

– რატომ იტკიებ აუტკივარ თავს? – გამომცდელად ჰკითხა ნოდარმა.

გოგიმ ისევ უხერხულად გაუღიმა მამამისის მეგობარს.

– კარგი, აღარ მოგაცდენ და დაისვენე ხოლმე. სად ჭამ? – მოულოდნელად ჰკითხა ნოდარმა.

– სასტუმროში ძალიან კარგი სამზარეულოა და ყველაფერი რიგზეა, – დაამშვიდა გოგიმ.

– ძალიან კარგი. აბა, შენ იცი, თუ რამე დაგჭირდება, იცი, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს.

გოგიმ ბატონი ნოდარი კარამდე მიაცილა და ისევ თავის სამუშაო მაგიდას დაუბრუნდა. შეპყრობილი იყო ამ ახალი პროექტით, ამიტომ ვერც დაღლას გრძნობდა და ვერც შიმშილს. მას უნდოდა, დაემტკიცებინა, რომ არა მხოლოდ მამამისის მიერ დატოვებული აწყობილი ბიზნესის მართვა შეეძლო, არამედ თავადაც რაღაცას წარმოადგენდა. ოღონდ ეს არ იყო შეჯიბრი მამასთან, ეს იყო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სურვილი და გოგი დარწმუნებული იყო, რომ მამამისი ამის უფლებას მისცემდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

როგორც იქნა, ის დღეც დადგა, რომ ინვესტორებმა ჩამოსვლის თარიღი დათქვეს, რათა ადგილზეც გაცნობოდნენ ვითარებას და საბოლოოდ, მოეწერათ ხელი კონტაქტისთვის. გოგის ესმოდა, რომ, თუ ყველაფერი გამოუვიდოდა, ეს წარმოუდგენელი გარღვევა იქნებოდა კომპანიისთვის. უნდოდა, ასპროცენტიანი შედეგი მიეღო, ამიტომ დაწვრილებითი ინფორმაცია შეაგროვა მომავალი პარტნიორებისა და მათი მუშაობის სტილის შესახებ.

მალევე გაარკვია, რომ ამ კორპორაციის მთავარი კონცეფცია იყო – ოჯახი, ძალიან ფასობდნენ დაოჯახებული თანამშრომლები და ისინი დასვენების დამატებითი დღეებითაც სარგებლობდნენ, რომ ოჯახთან მეტი დრო გაეტარებინათ.

– ესე იგი, კარგი იქნება, თუ მეც ცოლიანი ვიქნები, – გაიფიქრა გოგიმ, ან საცოლესთან ერთად მაინც დავხვდები.

მაგრამ ეს მართლაც პრობლემა იყო, იმიტომ რომ გოგისთან ხანგრძლივად არავინ ჩერდებოდა, მის სამუშაო გრაფიკს ახალგაზრდა გოგონები ვერ უძლებდნენ, მათ გართობა უნდოდათ, გოგისთან ერთად დროის გატარება, გოგის კი დრო არასდროს ჰქონდა, ამიტომაც ორიოდე კვირის წინათ დაშორდა მორიგი შეყვარებული. გოგის დიდად არ უნაღვლია, იმიტომ რომ ყველა მისი ურთიერთობა ერთმანეთს ჰგავდა: ჩვეულებისამებრ, კარგად იწყებოდა, მაგრამ ორიოდ თვეში თავს იჩენდა პრობლემები: გოგონებს უნდოდათ, რომ გოგის ფულიც ეშოვა და სულ მათ გვერდითაც ყოფილიყო. ეს ორი რამ კი შეუთავსებელია, ამიტომ გოგი ცდილობდა, ეს სიცარიელე მათთვის ძვირფასი საჩუქრებით ამოევსო, ოღონდ ფინალი მაინც ერთნაირი გამოდიოდა.

გოგისთვისაც მათთან ურთიერთობა შინაგანი სიცარიელისგან დამალვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა, მაგრამ მათთან დაშორებას არ განიცდიდა, ვინაიდან გოგონები იცვლებოდნენ, სიცარიელე კი რჩებოდა. გოგი ამასაც შეეჩვია და მიხვდა, რომ ამ ტიპის ურთიერთობებით სისავსის ილუზიას ქმნიდა. უბრალოდ, ხანდახან ეს ილუზიაც ამშვიდებდა ხოლმე.

– ორ დღეში საცოლე სად ვიპოვო? – ხმამაღლა ჰკითხა საკუთარ თავს.

თან, გოგონა სანდო უნდა ყოფილიყო, რადგან სიმართლის გარკვევის შემთხვევაში, პროექტი საერთოდაც ჩაიშლებოდა, ამიტომ გარისკვაც არ უნდოდა. საათს დახედა: ღამის თორმეტი სრულდებოდა და ამ დროს მის კარზეც ვიღაცამ დააკაკუნა.

გოგის გაუკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო ასე გვიან სამსახურში და გასძახა:

– შემოდით.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა