როიალი
ავტორი: ნია დვალი 20:00 04.04

– მაკუნა, მზად ხარ? – თინიკო შვილის ოთახში შევიდა, – ჩვენ უკვე მზად ვართ. გელოდებით. ხომ არ ღელავ?
მაკუნას ლოყები ჰქონდა აწითლებული და ძალიან უხდებოდა წითელი კაბა – კონსერვატორიაში მისი პირველი კონცერტი იმართებოდა და, მართლაც, ღელავდა, მაგრამ ცდილობდა, არ შეემჩნია:
– არა, საერთოდ, არა. კარგად ვარ, – თუმცა ხმაზეც ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა.
თინიკოს გაეღიმა:
– ეს შენი დიდი წარმატებების დასაწყისია. დამიჯერე.
მაკუნას თვალებში ნაპერწკლები კიდევ უფრო კაშკაშად აენთო.
– გოგონებო, დაგვაგვიანდება! გველოდება დარბაზი, მსმენელი, მაყურებელი, მთელი სამყარო, – გია ოთახში შევიდა, – რა სილამაზეები მყავხართ! მზად ხართ?
– მოვდივართ, მოვდივართ. ლამაზი ქალები უნდა აგვიანებდნენ, – თინიკომ შეიფერა ქმრის კომპლიმენტი და სამივენი სიცილით გავიდნენ სახლიდან.
კონცერტმა შესაშურად ჩაიარა. მაკუნა თავდაპირველად ღელავდა, სცენაზე გასულს თვალებიც აუჭრელდა, მაგრამ ინსტრუმენტთან დაჯდა თუ არა, კლავიშებმა თითქოს გაუღიმეს და მაკუნაც ჩაიძირა მათ უსაზღვრო სინაზეში. ვერც კი გაიგო, ისე დასრულდა კონცერტი. ბოლო აკორდი რომ აიღო და დარბაზისკენ გაიხედა, ისევ აუჭრელდა თვალები და გული ყელში მიებჯინა, თვალები აუწყლიანდა, ყურებში ექოსავით ჩაესმოდა აპლოდისმენტების ხმა და ასე ეგონა, საცაა, ფრთები შეესხმებოდა და გაფრინდებოდა.
ტაში არ წყდებოდა, ისმოდა შეძახილებიც. მაკუნა ვერავის და ვერაფერს ხედავდა. მხოლოდ თავს ხრიდა დაბლა და დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა. შემდეგ სცენაზე მისი პედაგოგი გამოვიდა და მაკუნა გაიყვანა. მშობლებს გადასცა. დედა მოეხვია, ბედნიერებისგან ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა:
– ყოველთვის ვიცოდი, რომ შენ ეს გამოგივიდოდა, დაბადებული ხარ მუსიკისთვის, – ეჩურჩულებოდა და ხელებზე ხელს მაგრად უჭერდა. მამამისი შედარებით თავდაჭერილად იქცეოდა, მაგრამ მასაც ეტყობოდა აღელვება.
მაკუნა დედამისს მთვარეულივით მიჰყვებოდა: უამრავი ხალხი ულოცავდა და კოცნიდა, ის კი ბრინჯივით იყო დაბნეული, ვერავის ხედავდა და ყველას ხედავდა. არავის უღიმოდა და ყველას უღიმოდა. თვალები უჭრელდებოდა და გული უცემდა. ეშინოდა, არ გაეღვიძა, იმიტომ რომ უნდოდა, რომ ეს სიზმარი არასდროს დასრულებულიყო.
მანქანა დაიძრა, დედამისისა და მამამისის საუბარი შორიდან ესმოდა, თითქოს ზღაპრულ სამყაროში შეაბიჯა, საიდანაც წარმოუდგენელი სანახები იშლებოდა და მძლავრი შუქი შემოდიოდა, რასაც ვერავინ და ვერაფერი დააკავებდა. მაკუნას, თან, ეშინოდა, თან, გული უფრთხიალებდა და წუხანდელი სიზმარიც გაახსენდა:
დაბურულ ტყეში მიაბიჯებდა და ვერ არკვევდა, დილა იყო თუ ბინდდებოდა. ტყეში არ ბნელოდა და ბნელოდა კიდეც. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ფოთლები შრიალებდნენ, თუმცა ტყე წიწვოვანი იყო: უზარმაზარ ფიჭვებსა და ნაძვებს თვალს ვერ ააწვდენდი, გეგონებოდა, ცას ებჯინებიანო. მაკუნა მათ ფესვებსაც ხედავდა. როგორ – თავადაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ ხედავდა. ამ დიდრონი ხეების ფესვები ღრმა უფსკრულში ეშვებოდა და უჩინარდებოდა. უცებ მაკუნამ წაიფორთხილა და იმ უფსკრულში ჩავარდა, მაგრამ ფესვებმა დაიჭირა. ორივე ხელით მოეჭიდა ერთ-ერთ ფესვს და ქვემოთ ჩახედვის ეშინოდა, რომ კიდევ უფრო არ შეშინებოდა. ტანი დაუმძიმდა, ხელებიც დაუბუჟდა და საცაა, თავისით გაეხსნებოდა და უფსკრულში გაუჩინარდებოდა, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ ფრენა იცოდა. ჯერ ტანი ვერ დაიმორჩილა. ქვემოთ ექაჩებოდა, შემდეგ ნელ-ნელა ხელები აამოძრავა და იგრძნო, როგორ მოემატა ძალა, მაგრამ მაინც არ დააძალა თავს. უცებ მძლავრად შეირხა და ჰაერში აიწია. ჯერ ნელ-ნელა აიზიდა, შემდეგ კი მსუბუქად ამოფრინდა. წამში ტყე სადღაც მის ქვემოთ გაჩნდა და ისეთი დიდი და დაბურულიც არ ჩანდა. მაკუნა საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა და შოპენის ნოქტიურნის ხმაც ჩაესმა. მისი მაღვიძარა რეკავდა.
მაკუნამ ისევ იგრძნო ის საოცარი სიმსუბუქე და ისევე გამოფხიზლდა, როგორ ამ დილით, მაღვიძარის ხმაზე. უნდოდა, მშობლებისთვის მოეყოლა სიზმარი, მაგრამ უცებ ძლიერი დარტყმის ხმა გაიგონა. იმწამს ვერც გაიაზრა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო.
– ისევ მძინავს? – მხოლოდ ამის გაფიქრება მოასწრო და წამით თვალთ დაუბნელდა.
– კი, გძინავს, – უთხრა თავის თავს და ის-ის იყო, ისევ აფრენა გადაწყვიტა, რომ ფეხებში გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო. იმდენად ძლიერი ტკივილი იყო, რომ უნებლიეთ თვალები გაახილა: გონება არ დაუკარგავს და მაკუნა ხედავდა თავის გასისხლიანებულ მშობლებს. თვალები რამდენჯერმე გაახილა და დახუჭა, იმ იმედით, რომ ცუდ სიზმარს ხედავდა. მისი გონება ვერ იჯერებდა იმას, რასაც მისი თვალები ხედავდნენ...
***
მაკუნას თვალი გაუშტერდა და უნებურად გაახსენდა ვიღაცის ნათქვამი, რომ თვალის გაშტერებისას ტვინის ერთი უჯრედი კვდებაო და მაკუნა მიხვდა, რომ ახლა, მის თვალწინ მისი ოცნებები ლევდნენ სულს: ყველაფერი დაკარგა, მშობლები, მომავალი, სურვილები... ცრემლიც კი არ ჩამოსდენია, თითქოს გახევდაო, ისე გადაიყვანეს საავადმყოფოში. როდესაც გონს მოვიდა, ავტომატურად დედამისის სახის ძებნა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ უცხო სახეებს ხედავდა. თვალწინ დაუდგა მომხდარი და თვალები ისევ დახუჭა:
– მეც რატომ არ მოვკვდი მათთან ერთად?! – მაკუნას ტირილი უნდოდა და ვერ ტიროდა. უნდოდა, ედარდა და ვერ დარდობდა.
– ისევ დაიძინა, – მოესმა უცნობი ხმა.
– ჯობია, დაიძინოს, იქნებ მოძლიერდეს, როგორია ამის თქმა და გადატანა?! – ჩაერთო მეორე უცნობი ხმაც.
– იმიტომაც გავუკეთეთ ის პრეპარატი, დაეხმარება მის ნერვულ სისტემას, – ბოლო სიტყვები მაკუნამ ვერც გაარჩია, ისევ დაეძინა და ყველაფერი დაავიწყდა.
არ იცოდა, რამდენ ხანს ეძინა, მაგრამ, რომ გამოიღვიძა, ვერ ინძრეოდა და ყველაფერი სტკიოდა. თვალი მოავლო პალატას, უსიცოცხლო და უკაცრიელი ჩანდა. ისევ დახუჭა თვალები. მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ აღარასდროს გაეხილა.
– დიდხანს იძინებს? – მაკუნა მიხვდა, რომ მის პალატაში ვიღაც შემოვიდა.
– წესით, უკვე უნდა ეღვიძოს. – უპასუხა მეორემ.
– ჯობია, ეძინოს, ოპერაცია ვერ გამოვიდა წარმატებული. გადარჩა, მაგრამ დაკოჭლდება.
მაკუნამ თვალები გაახილა თავზარდაცემულმა და მის პალატაში მყოფი ორივე ქალი შეკრთა:
– გაიღვიძე, საყვარელო? თავს როგორ გრძნობ?
– დავკოჭლდი? – ძლივს ამოილუღლუღა მაკუნამ.
– არა, ვინ გითხრა?! ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მალე ირბენ, – თეთრხალათიანი ქალი ისე დამაჯერებლად ელაპარაკებოდა, რომ მაკუნამ დაიჯერა.
– დედაჩემი და მამაჩემი სად არიან? ბებიაჩემი? – დააყარა კითხვები მაკუნამ.
– ახლა უნდა დაისვენო. ყველაფერი კარგადაა...
მაკუნამ სამი თვე გაატარა საავადმყოფოში და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ უთხრეს, რომ ბებიამისს მომხდარის გამო ინსულტი დაემართა, რის გამოც ვერ მიდიოდა მის სანახავად. არადა მაკუნას მის გარდა აღარავინ ჰყავდა.
მაკუნამ არ იცოდა, ვინ იხდიდა მისი და ბებიამისის მკურნალობის ფულს. არც ის, ვინ დაკრძალა მისი მშობლები.
პირველი ორი წელი ბებიამ და შვილიშვილმა ნამდვილ ჯოჯოხეთში გაატარეს. როგორც კი თვალებს დახუჭავდა, მაკუნას თვალწინ თავისი გასისხლიანებული მშობლები წარმოუდგებოდნენ ხოლმე და ამიტომ ღამეებს თეთრად ათენებდა. შემდეგ მზე ამოდიოდა და თვალების დახუჭვა აღარ იყო აუცილებელი.
ბებიამისის ერთოთახიანი ბინა გაყიდეს, იმიტომ რომ ანიტა ვეღარ დადიოდა, ინსულტმა ორივე ფეხი წაართვა და მომვლელიც სჭირდებოდა და ექთანიც. მაკუნამ ვერ გაიაზრა, რომ ჯობდა, ბებიამისის ბინა გაექირავებინათ, რომ სტაბილური შემოსავლის წყარო ჰქონოდათ. ან კი როგორ მოახერებდა 18 წლის ობლად დარჩენილი კოჭლი გოგონა მარტო ამდენის გაკეთებას?! არც მრჩეველი აღმოუჩნდა ვინმე. ფული კარგა ხანს ეყოთ, თუმცა, ბოლოს, ისიც დამთავრდა.
ამიტომ ბებიამ და შვილიშვილმა ითათბირეს და ძვირფასეულობა გაყიდეს, რომ თავი რითიმე ერჩინათ. მაკუნას მხოლოდ სკოლის ატესტატი ჰქონდა და კონსევრატორიაში ჩაბარებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო: ჯერ ერთი, თავისი სიკოჭლის რცხვენოდა და, მეორეც, ხეირიანი ტანსაცმელიც არ ჰქონდა. რაც მთავარია, თავადაც აღარაფერი უნდოდა, მიათრევდა თავის ცხოვრებას და ბებიამისს უვლიდა. სამსახურსაც ვერ შოულობდა, ყველას მისი სიკოჭლე აფრთხობდა და შეიძლება, მხოლოდ ეს არ იყო: მაკუნას თვალები ამოუღამდა და სახეზე აუტანელი ტკივილი აღბეჭდვოდა.
მაკუნამ მხოლოდ დაკვრა იცოდა – ეს იყო მისი ცხოვრების აზრი და მიზანი. ძვირფასეულობის გაყიდვით მიღებული ფული რომ დაუმთავრდათ, მაკუნა თავის როიალს გამოემშვიდობა. ის მშობლების საჩუქარი იყო – უძველესი, ხარისხიანი როიალი. მაკუნამ ორი ღამე ტირილში გაატარა, სანამ თავის როიალს გამოემშვიდობებოდა. არც კი იცოდა, ვის შეხვდა ის. უცნობები მოვიდნენ და როიალი წაიღეს. ამასობაში ბებიაც ოდნავ გამომჯობინდა: სახლში შეეძლო გადაადგილება და დღიდან დღეს მიათრევდნენ. როიალის გაყიდვის შემდეგ მაკუნას ისედაც ცარიელი ცხოვრება საერთოდ დაცარიელდა. ასე გავიდა შვიდი წელი...
***
– მოხვედი, მაკუნა? – გამოსძახა ბებიამ, როდესაც მაკუნამ კარი შეაღო.
– მოვედი, მოგიტანე წამლები.
– კარგი ამბავი მაქვს შენთვის. ლიზიკო იყო შემოსული და მითხრა, რომ ჩვენი ქუჩის ბოლოს ახალი კაფე იხსნება, ჯერ შტატები არ აუყვანიათ. ხომ არ ცდიდი ბედს?
– ვცდი, მივალ, – უხალისოდ უპასუხა მაკუნამ.
– ჯერ დღეა, ჭამე და იქნებ წახვიდე? – სთხოვა ბებიამისმა.
– კარგი, წავალ, – მაკუნა დათანხმდა და სახლიდან გამოვიდა.
– გეჭამა რამე, – მიაძახა ბებიამისმა, მაგრამ მაკუნა რაღაცნაირად შეეჩვია კიდეც შიმშილს, აღარ აწუხებდა.
კაფე მალევე იპოვა – შემინული იყო და გარედან ბუნდოვნად ჩანდა ინტერიერი. ზარის ღილაკი ვერ იპოვა, ამიტომ კარს მიაწვა. ის უხმაუროდ გაიღო, თუმცა მაკუნას თავზე ზანზალაკებმა გაიწკრიალეს. ფოიეში მაშინვე გამოვიდა ახალგაზრდა ვაჟი:
– უკაცრავად, მაგრამ კაფე ჯერ არ მუშაობს.
– გამარჯობა! ვიცი, მაგრამ სამსახურის საძებნელად ვარ, – უთხრა მაკუნამ.
– რა პოზიცია გაინტერესებთ? – ჰკითხა ვაჟმა.
– ნებისმიერი, მე მხოლოდ სკოლა მაქვს დამთავრებული.
– მიმტანის, ესე იგი? – დააზუსტა ვაჟმა.
მაკუნა გაწითლდა და ხელები უღონოდ ჩამოუშვა:
– არა, მიმტანობა არ შემიძლია.
– მაშინ გვაქვს დამლაგებლის ვაკანსია. დღის 12 საათზე უნდა მოხვიდეთ ხოლმე და დახურვამდე იმუშაოთ.
მაკუნას თვალები გაუბრწყინდა, ასეთი გრაფიკი მისთვის ხელსაყრელი იყო: სახლის მილაგებასაც მოასწრებდა და ბებიამისის მოვლასაც და მის ისე დატოვებას, რომ საღამომდე არაფერი გასჭირვებოდა.
– ძალიან კარგი. გმადლობთ!
ახალგაზრდა ვაჟმა ამ პასუხის მოსმენის შემდეგ მაკუნასადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა და ვიღაცას დაუძახა:
– აჩი, გამოდი, დამლაგებელი მოვიდა.
ორიოდ წუთში გამოვიდა მეორე ახალგაზრდა ვაჟი და მაკუნა შეათვალიერა:
– აღვირახსნილი ქცევისა და უწესობისთვის ულაპარაკოდ გაგაგდებთ. აცდენთ საპატიო მიზეზის გარეშე და, ასევე, გაგდებული იქნებით. იმედი გვაქვს, საპატიო მიზეზიც ძალიან იშვიათად იქნება.
– რა თქმა უნდა, – დამაჯერებლად უთხრა მაკუნამ.
– მაშინ, გამომყევი, – გადაუგდო აჩიმ გოგონას სიტყვა, როგორც ძაღლს ძვალი და გზადაგზა უხსნიდა, რა უნდა დაელაგებინა, ისე, რომ მისკენ არც კი იხედებოდა.
მაკუნა ყურადღებით უსმენდა და თავს უქნევდა. აჩიმ რამდენჯერმე მოხედა მაკუნას და დაინახა, რომ კოჭლობდა. ჩაიცინასავით და გზა თავაღერებულმა განაგრძო. მაკუნამ უცებ წაიფორთხილა. თვალები აუჭრელდა:
დიდი დარბაზის ცენტრში მისი როიალი იდგა. მას ყველგან იცნობდა, ყველასგან გამოარჩევდა. გაუცნობიერებლად გაემართა როიალისკენ. თავსახური ახადა და თვალები დახუჭა: კლავიშებს მიეფერა, მიესალმა, პატიება სთხოვა და მაკუნას მუსიკა ჩაესმა ყურებში, ამ ნირვანიდან უხეშმა და დამცინავმა ხმამ გამოაფხიზლა:
– როიალისთვის არ გამოდგები. ვედრო და ტილო აიღე! – მაკუნამ მაშინვე აიღო თითები კლავიშებიდან. თვალებში ცრემლები დაუგუბდა, მაგრამ ისინი რაღაცნაირად შეაჩერა და უკან ჩააბრუნა:
– უკაცრავად, – მაკუნას გული ჩასწყდა, მაგრამ აჩიზე არ გაბრაზებულა. წარმოიდგინა, რა სასაცილოდ გამოიყურებოდა როიალთან მდგარი, ცუდად ჩაცმული, კოჭლი და გაიმეორა:
– მაპატიეთ, აღარ მივეკარები...
აჩიკო პერსონალს ხელმძღვანელობდა. ის აქ ლექსომ მოიყვანა, მისმა მეგობარმა. ლექსო იყო ის ახალგაზრდა, ვინც პირველად შეეგება მაკუნას. ლექსო გენერალურ მენეჯერად მუშაობდა და აჩი ოცნებობდა, როგორმე ლექსოს ადგილი ჩაეგდო ხელში და სულაც არ აწუხებდა, რომ აქ ლექსოს წყალობით დაიწყო მუშაობა. აჩი დარწმუნებული იყო, რომ ძალიან მალე ჩამოიცილებდა – აუცილებლად უპოვიდა რამე ხინჯს მუშაობაში და თავად გახდებოდა გენერალური მენეჯერი.
ეს კაფე უფრო რესტორანს ჰგავდა და, როგორც ამბობდნენ, მის მეპატრონეს საკმაოდ დიდი ქსელი ჰქონდა: ბევრს გაიღებდა აჩი, რომ ამ კაფეების მფლობელის ადგილას აღმოჩენილიყო.
– სამ დღეში გაიხსნება. პერსონალიც კარგია, საკმაოდ სიმპათიური გოგონები არიან, – ფიქრობდა აჩი, – აი, ეს კოჭლი აფუჭებს ყველაფერს. რას ჰგავს.
მაკუნასთან პირველი აჩი რომ გამოსულიყო, მას არასდროს ეღირსებოდა ამ მშვენიერ კაფეში დამლაგებლის უღიმღამო ადგილი, მაგრამ ლექსო აჩის არ ჰგავდა, მას არც კი მიუქცევია ყურადღება მაკუნას სიკოჭლისთვის.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან