რომანი და დეტექტივი

როიალი

№13

ავტორი: ნია დვალი 20:00 11.04

როიალი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #12 (1265)

***

ექვსი თვეც გავიდა. მაკუნა ცდილობდა, კარგად შეესრულებინა თავისი სამუშაო და ყოველდღე მიუხაროდა კიდეც სამსახურისკენ, იმიტომ რომ იქ თავის როიალს ხვდებოდა. ყოველი დღე მისთვის ერთგვარი პაემანი იყო. თან, კარგადაც უხდიდნენ. გოგონებიც კეთილად ექცეოდნენ, მაგრამ აი, აჩის გული ვერაფრით მოიგო: მან მაკუნა იმთავითვე აითვალწუნა და ყოველთვის შენიშვნებს აძლევდა, თუმცა, მაკუნა მათ ნამდვილად არ იმსახურებდა. შეიძლება, სწორედ ეს აღიზიანებდა ყველაზე მეტად აჩის და არც კი მალავდა, რომ მიზეზებს ეძებდა და ხანდახან იგონებდა კიდეც.

– რა ჯანდაბაა ვედროს შუა დარბაზში დადება? – დაიგრგვინა ამჯერადაც.

მაკუნამ გაიღიმა: აბა, სად დავდგა, როდესაც დარბაზს ვწმენდ?

– არ ვიცი, სადმე დადე, ყველას ხელს უშლის! – არ გაიტეხა იხტიბარი აჩიმ.

– როგორ შეუშლის ვინმეს ხელს, როდესაც კაფე ცარიელია? – ისევ კეთილად გაუღიმა მაკუნამ აჩის და გაიგონა, როგორ ჩაიკისკისეს გოგონებმა. მათი კისკისი აჩის ყურსაც მისწვდა და გაწითლდა, მაგრამ გოგონებს ვერაფერს ეტყოდა, ამიტომ მათ ჯავრს მაკუნასა და ჭურჭლის მრეცხავზე იყრიდა, თუმცა ჭურჭლის მრეცხავმა მისადმი აჩის გამოხდომების პირველივე გამოვლინებები აღკვეთა, ამიტომ მხოლოდ მაკუნა დარჩა დაბალ ღობედ.

აჩიმ ჩაისუნთქა და რაღაც საკმაოდ უხეშად უნდა ეთქვა მაკუნასთვის, რომ ამ დროს დარბაზში ლექსო შემოვიდა:

– შენ გეძებ, – მიმართა აჩის.

– მოხდა რამე? – აჩის ხმა დაეძაბა.

– არა, ყველაფერი რიგზეა, მინდა, გითხრა, რომ შაბათს კაფე დაიკეტება, ღონისძიებაა შეკვეთილი. ვიღაც ჩამოვიდა, ბიზნესმენია, ქართველია, მაგრამ უცხოეთშია კარგა ხანია და თავისი დაბადების დღის გადახდა უნდა აქ.

– რესტორნის ფული არ აქვს? – ჩაიქირქილა აჩიმ.

– აქ ყოფილა და სამზარეულო მოეწონა. შენ არ უნდა გიხაროდეს, თუ ჩვენთან მოდის?

– კი, კი, – მაშინვე გამოასწორა თავისი გულღრძოობა აჩიმ.

აჩი დარბაზიდან გავიდა და მაკუნამ ამოისუნთქა. ცოტა საქმეღა ჰქონდა დარჩენილი და მალე სახლში წავიდოდა.

– არ მოგასვენებს ეგ გველის წიწილი, – მიუახლოვდა მაკუნას ლალიკო.

მაკუნამ ამოიოხრა:

– არა უშავს, მოვითმენ.

ლალიკო და მაკუნა მეზობელ სახლებში ცხოვრობდნენ და ღამით ერთად მიდიოდნენ ხოლმე.

– არ უნდა მოითმინო, აი, როგორც ნათელამ გაუშვა სამ ასოზე ეს ბრიყვი, ისევე უნდა მოიქცე შენც. მიუყარა ჭურჭელი, მიდი, შენ შეაწყვე და დარეცხე, მე კიდევ სახლში წავალო, არადა სავსე იყო კაფე ხალხით. ძლივს დატოვა, იმდენი ეხვეწა და ებოდიშა. მას მერე აღარც კი შედის იმ ოთახში, – ლალიკო იცინოდა. მაკუნაც აჰყვა:

– ყოჩაღ, მაგრამ მე მაშინვე გამაგდებს, – ისევ ამოიოხრა და იატაკის მოწმენდა განაგრძო.

***

იმ დღეს, როდესაც დაბადების დღე უნდა გამართულიყო, ყველანი ცოტა ადრე მივიდნენ სამსახურში. მიმტანები უკვე მეასედ ამოწმებდნენ ჭურჭელს, მაკუნა კი უკვე მეასედ აპრიალებდა უმტვერო მაგიდებსა და სკამებს. აჩიც კი არავის ერჩოდა. მაკუნა იატაკს აპრიალებდა და, თან, ფიქრობდა, სად ჰქონდა გაგონილი დღევანდელი იუბილარის გვარი: შემთხვევით მოჰკრა ყური აჩისა და ლექსოს საუბარს: ლაშხი. მაგრამ ვერაფრით იხსენებდა.

– ალბათ, სადღაც გავიგონე და დამამახსოვრდა, – თქვა ბოლოს და თავიდან ამოიგდო ამაზე ფიქრი. სტუმრები ძვირად ღირებული მანქანებით მოდიოდნენ. მიმტანი გოგონები ხან ერთ გვარს იტყოდნენ, ხან – მეორეს. მაკუნაც ღელავდა, თუმცა არც კი იცოდა, რატომ, მას დარბაზში შესვლა მაინც არ მოუწევდა, თუ ვინმე რამეს არ გატეხავდა, მაგრამ მასაც გადაედო საყოველთაო პანიკა. საათიც არ იყო გასული, რომ ლექსო შევარდა ოთახში:

– დავიღუპეთ, ჩამომახრჩობენ. ჩვენ ხომ დღემდე არ გვყავს პიანისტი. სტუმარს კი ეგონა, რომ ცოცხალი მუსიკაც გვექნებოდა და ელოდება, – ლექსოს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა.

ყველას მოავლო თვალი და ვერც კი შეამჩნია, როგორი კმაყოფილი სახე ჰქონდა აჩის.

– ვინმემ ხომ არ იცით როიალზე დაკვრა? – მუდარით იკითხა ლექსომ, ისეთი განწირული ხმა ჰქონდა, გეგონებოდა, შუა ოკეანეში იხრჩობაო.

– ხიდან ჩამოვარდი? რა თქმა უნდა, არავინ იცის, – ჩაიცინა აჩიმ.

– დავიღუპე, – ლექსო გაფითრდა.

– მე ვიცი, – მშვიდად წარმოთქვა მაკუნამ.

აჩის სიცილი აუტყდა:

– იატაკის ტილო და როიალი სხვადასხვა რამეა. რა იდიოტია...

მაგრამ ლექსოს სახე გაუნათდა:

– როგორ უკრავ?! ხომ გესმის, რომ უარესი იქნება, თუ ცუდად უკრავ?

– მესმის, ნუ გეშინიათ. მაგრამ ასე ჩაცმული ხომ ვერ გავალ? – მაკუნამ თავის ტანსაცმელზე დაიხედა.

– გოგოებო, დაგვეხმარეთ, – სთხოვა ლექსომ მიმტანებს.

გოგონებიც დაფაცურდნენ და მაკუნა უცებ გამოაწყვეს.

– თუ შეიძლება, დარბაზში შუქი რომ ჩააქროთ, სანამ როიალთან დავჯდები? – სთხოვა ლექსოს მაკუნამ, რომელიც სრულად გარდასახულიყო ნორმალურ ტანსაცმელში.

– შუქი რატომ ჩავაქროთ? – უცებ ვერ მიხვდა ლექსო, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა:

– რა თქმა უნდა, არაა პრობლემა.

***

15 წუთის შემდეგ მაკუნა, რომელიც თვალდახუჭულიც კი გაივლიდა დარბაზში, იმდენად იცნობდა იქაურ ყველა კუთხე–კუნჭულს, უკვე როიალთან იჯდა.

თვალებზე ისევ ცრემლები აწვებოდა, რომლებსაც არ იკავებდა. ჯერ მოეფერა კლავიშებს, შემდეგ კი თითები შეახო.

მუსიკის ჰანგი და შუქი ერთდროულად შეიჭრა დარბაზში. ყველამ შეწყვიტა საუბარი მოულოდნელობისგან. მაკუნა ვერავის და ვერაფერს ხედავდა. ის თვალდახუჭული უკრავდა და ვერც კი გრძნობდა, როგორ ჩამოსდიოდა სახეზე ცრემლები.

– ტირის? – გაუკვირდა ლექსოს, – რა ატირებს?

– დიახ, ტირის, – უპასუხა ლალიკომ.

– და რა ატირებს? – ვერ მიხვდა ლექსო.

– ის, რომ ეს მისი როიალია. – ჩაუჩურჩულა ლალიკომ.

– როგორ თუ მისი როიალია? – ისევ იკითხა ლექსომ.

– გაყიდა ეს როიალი, იმიტომ რომ ავარიის შემდეგ მშობლები დაეღუპა და ბებიასთან ერთად დარჩა, ის კიდევ ავადაა და ფული არ ჰქონდათ. წამლები სჭირდებოდათ. და ვინმეს თუ ეტყვი, ეს რომ გითხარი, მოგკლავ, – ისევ ჩურჩულით უთხრა ლალიკომ.

ლექსო მაკუნას უყურებდა და უკვირდა, რატომ ადრე ვერ შეამჩნია, როგორი თხელი ხელები და გრძელი თითები ჰქონდა, რა სწორად ეჭირა ზურგი და როგორი ჩამოთლილი სახის ნაკვთები ამშვენებდა მის სახეს.

მაკუნას სიკოჭლე ყველა მის ღირსებას ხელის ერთი მოსმით აქარწყლებდა.

– რა მაგრად უკრავს, არა? – ჰკითხა ლალიკომ ლექსოს, – სულ სხვა ადამიანი ხდება, როდესაც უკრავს.

ლექსოს არაფერი უთქვამს.

მაკუნამ დაკვრა დაამთავრა და დარბზში ტაშმა იქუხა. ლექსომ ამოისუნთქა და აჩის მიუბრუნდა:

– მოძებნე ახალი დამლაგებელი, პიანისტი ვიპოვე უკვე.

აჩის დამჟავებული სახე ჰქონდა – მისი მოლოდინი არც ამჯერად გამართლდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გულში ზეიმობდა გამარჯვებას და თავიც წარმოიდგინა უკვე ლექსოს ადგილას, თუმცა მოხდა უფრო უარესი: ეს კოჭლი მაკუნაც კი დააწინაურეს. მაგრამ უცებ ყველა გაჩუმდა, რადგან საპატიო სტუმარი, იუბილარი მაკუნასკენ გაემართა.

მაკუნა ისე დაიბნა, რომ ფეხზე წამოდგომაც კი ვერ მოიფიქრა:

– გამარჯობა, გიცანით. მაკუნა ხართ, მაკუნა ქადაგიძე.

– დიახ, მე ვარ, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? – მაკუნა გაოცებისგან ფეხზე წამოდგა.

– მე ვიყავი თქვენს პირველ კონცერტზე. ცოლმა წამიყვანა ძალით. მუსიკაში დიდად ვერ ვერკვევი და არც მაინტერესებს, მაგრამ გავოცდი, ისე უკრავდით. შემდეგ თქვენ შესახებ აღარაფერი მსმენია, სად გაქრით? ზოგი ამბობდა, რომ გაემგზავრეთ უცხოეთში. ზოგმა მითხრა, რაღაც მოუვიდაო.

მაკუნამ თავი გააქნია:

– მაპატიეთ, არ მინდა ამის შესახებ საუბარი.

***

კოტე ლაშხი საკმაოდ კულტურული ადამიანი იყო, ამიტომ მაკუნასთვის აღარაფერი უკითხავს, თუმცა ლექსო მიიხმო თავისთან, როდესაც მაკუნამ დარბაზი დატოვა. ლექსომ კი ლალიკოსთვის მკიცემული სიტყვა დაარღვია და ყველაფერი უამბო იუბილარს.

– კი მაგრამ, ვინც მათ დაეჯახა, მას ხომ ყველაფერი უნდა აენაზღაურებინა?! სარეაბილიტაციო ოპერაციაც კი?! ესე იგი, ვიღაც ჰყავდა პატრონი. სატვირთო იყო, არა?! – დააზუსტა ლაშხმა.

– მგონი, – თავი დაუქნია ლექსომ, – მეც დღეს გავიგე ეს ამბავი.

– დიდი მადლობა, მშვენიერი საღამო გამოვიდა და ტელეფონის ნომერი ჩააწერინე ჩემს თანაშემწეს.

მეორე დილით, სანამ მაკუნა სამსახურში წავიდოდა, ზარი დაირეკა. მაკუნას გაუკვირდა, მაგრამ კარი გააღო და მოულოდნელობისგან პირი დააღო. მის კართან ლექსო იდგა.

– ლექსო?! საიდან იცით, მე სად ვცხოვრობ?

– მისამართი პირად საქმეში გიწერია, – გაუღიმა ლექსომ, – თან, ხელცარიელი არ მოვსულვარ. მიიღე საჩუქარი, – ლექსო უცებ შეტრიალდა და ხელი დაუქნია ვიღაცას.

მაკუნა თვალებს არ უჯერებდა: ეს რა არის?! როგორ?

– ბატონმა ლაშხმა ახალი, თანამედროვე როიალი გვიყიდა, ეს კი შენ გამოგიგზავნა, – საზეიმო ხმით აუწყა ლექსომ.

– მე? მე გამომიგზავნა? – მაკუნა დაბარბაცდა და ცრემლები წამოუვიდა.

– შენ თუ ასე იტირე ყველაფრის გამო, არაფერი გამოვა, – შეწუხდა ლექსო, – აი, მისგან წერილიც მოგიტანე, – და მაკუნას კონვერტი გაუწოდა.

„გუშინ საოცარი საღამო გავატარეთ მე და ჩემმა სტუმრებმა, იმიტომ რომ შენ დაამშვენე ის. ცხოვრება ხანდახან უსამართლო გვგონია, მაგრამ წონასწორობის დაცვა აუცილებელია. ღმერთი ვერ ჩამოვა და თავად ვერ დაამყარებს წესრიგს, ამიტომ ადამიანებს ახვედრებს ხოლმე ერთმანეთს. ჩვენ უკვე მეორედ შევხვდით. ეს ბედისწერის ამბავია. როიალი თავის მფლობელს უნდა დაუბრუნდეს... და, რაც მთავარია, თქვენთვის მოსახერხებელ დროს და უმჯობესია, რაც მალე, კლინიკაში გელოდებიან კონსულტაციისთვის: თქვენ არ უნდა კოჭლობდეთ. ეს უსამართლობაა. თუ საჭირო გახდება, უცხოეთში იმკურნალებთ. ფულზე არ იდარდოთ.“

მაკუნა ჩაიკეცა და ხელები უკანკალებდა.

– მაკუნა, ვინ არის, შვილო? – ბებიამისი რის ვაივაგლახით გამოსულიყო შემოსასვლელში და კართან ჩაკეცილი შვილიშვილი რომ დაინახა, გულს შემოეყარა:

– რა მოხდა? რამე უბედურებაა კიდევ ჩვენს თავს?

– როგორ გეკადრებათ?! პირიქით, ყველაფერი კარგი. აი, თქვენი როიალი მოვიდა თქვენთან! – ისევ საზეიმო ხმით აუწყა ლექსომ.

მაკუნას ბებიასაც ტირილი წასკდა და ისიც შვილიშვილთან ჩაიკეცა. ამ სცენის შემხედვარე ლექსომ თავი უხერხულად იგრძნო. ორივენი წამოაყენა და ოთახში შეიყვანა. შემდეგ ჰკითხა:

– სად იდგა როიალი?

– აი, აქ, – უცებ წამოფრინდა მაკუნა და დიდი, მისაღები ოთახისკენ გაუძღვა. ლექსომ, თავის მხრივ, ხელი დაუქნია მუშებს, ანიშნა, აქეთო.

როიალი თავის ადგილს დაუბრუნდა. მაკუნა მოეხვია, ჩაეხუტა, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს. მაკუნას ისევ ცრემლები ჩამოსდიოდა, ოღონდ ამჯერად სიხარულის. ასე ეგონა, რომ მისი მშობლები დაბრუნდნენ სახლში...

მაკუნა ანგარიშმიუცემლად მიუჯდა ინსტრუმენტს და დაკვრა დაიწყო. ჰანგები თითქოს გაცოცხლდნენ და აავსეს დაცარიელებული სახლი, რომელსაც მკაფიოდ შემორჩენოდა ძველი დიდების ელფერი და პეწი იოტისოდენადაც არ დაეკარგა. მზის სხივებიც ჩაებნენ ორომტრიალში, თითქოს აცეკვდნენ და ბედნიერების ნაპერწკლებით აანთეს სულ ცოტა ხნის წინ სევდის სადგომი.

***

ზუსტად ერთი წლის შემდეგ იმავე კაფეს დიდ დარბაზში ლექსო და მაკუნა ცეკვავდნენ თავის პირველ ცეკვას.

– არც კი ვიცი, როგორ გადავიხდი თქვენს სიკეთეს, – ბებია ანიტა ხელჩაკიდებული იჯდა კოტე ლაშხთან და მადლიერებით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა.

– რას ბრძანებთ? – უხერხულად იშმუშნებოდა კოტე.

– თქვენ ჩემს შვილიშვილს მეორე სიცოცხლე აჩუქეთ. მეც, რა თქმა უნდა, მაგრამ მე რა მოსატანი ვარ?! თუმცა შეგაწყინეთ უკვე თავი ჩემი ბებრული ლაპარაკით, მაპატიეთ... – ანიტა ცდილობდა, არ ეტირა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მის ცრემლებში არეული იყო სევდაც, სიხარულიც, ტკივილიც, ბედნიერებაც, ყველაფერი, რითიც ასე უხვადაა გაჯერებული ადამიანების ცხოვრება.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა