რომანი და დეტექტივი

რძლის შურისძიება

№1

ავტორი: ნია დვალი 20:00 17.01

რძლის შურისძიება
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #52 (1305)

მარის თითქოს ფრთები გამოესხა და გულდაწყვეტილმა შენიშნა, რომ არავინ ჰყავდა მისი სიხარულის გამზიარებელი: დედამისთან დარეკვა არ უნდოდა, მხოლოდ სრული ტრიუმფის შემდეგ აპირებდა მასთან მისვლას, რეზოსთვის თქმა არ შეიძლებოდა, რადგან მარიმ უკვე იცოდა, რომ ის აუცილებლად გაუბიაბრუებდა წარმატებას. არც თითო-ოროლა მეგობრისთვის უნდოდა გულის გადაშლა, იმიტომ რომ კარგად ახსოვდა სადღაც ამოკითხული: როდესაც სანუკვარს მიაღწევთ ან რაღაც გაგიხარდებათ, იზეიმეთ მარტო.

ამიტომ მარიმ თავად დაპატიჟა საკუთარი თავი იმ რესტორანში, რომელშიც მისმა დედამთილმა 60 წლის იუბილე გადაიხადა და სადაც არ მიიღეს, როგორც ოჯახის შემარცხვენელი.

მარის ახლა ჰქონდა კაბინეტი, ემსახურებოდა მანქანა და ხელფასი, რომელიც აშკარად აჭარბებდა რეზოს შემოსავალს, მაგრამ სახლში არაფერს ამბობდა. ქმრის ირონიულ შენიშვნაზე: მოგიმატეს მაინც ხელფასი, ვირივით რომ გამუშავებენ? მარი მშვიდად პასუხობდა – სულ ცოტათი მომიმატეს.

რაზეც რეზო იცინოდა:

– მგონი, ძალიან გიწევენ ექსპლუატაციას.

მარი არ იმჩნევდა დამცინავ ტონს და იღიმებოდა. მისთვის მთავარი იყო, ვერავინ ვერაფერს მიმხვდარიყო. ამ ხნის განმავლობაში ქალბატონი ბაია თითქოს მობერდა, მაგრამ ენა ისევ გესლიანი ჰქონდა. იმ იშვიათ ოჯახურ ვახშმებზე, რომლებზეც მარის ნებას რთავდნენ, რომ დასწრებოდა, დედამთილი მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ რძლისთვის არ „წაეკბინა“.

– ისევ დარბიხარ სამსახურში გროშებზე? ბავშვებზე როდის იფიქრებ?! თუმცა ჯანმრთელ შთამომავლობას ჯანმრთელი დედა სჭირდება...

მარი პასუხად დედამთილს უღიმოდა და მშვიდად ეუბნებოდა:

– ყველაფერს თავისი დრო აქვს, ქალბატონო ბაია.

მისი პასუხი ორაზროვანი იყო, იმიტომ რომ დრო სწორედ მარიზე მუშაობდა.

მესამე წელს, როდესაც მარი ფინანსურად წელში გაიმართა და კარიერული ზურგიც გაიმაგრა, თავისი გეგმის მეორე და მთავარი ნაწილის განხორციელებას შეუდგა: მან კერძო დეტექტივი დაიქირავა, ყოფილი გამომძიებელი, რომელიც მომსახურებაში საკმაოდ ძვირს იღებდა, მაგრამ მარი ახლობლებმა დაარწმუნეს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო იმ ფულად ღირდა. მარიც დათანხმდა, იმიტომ რომ ამ გამოძიებას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

გენოს, ასე ერქვა კერძო დეტექტივს, მარი ქალაქის განაპირას, უსახურ კაფეში შეხვდა.

– რას ვიძიებთ? – ჰკითხა დეტრექტივმა მარის და თვალი თვალში გაუყარა.

მარიმ ფურცელი ამოიღო, რომელზეც მისი დედამთღილის გვარი და სახელი და პირადი ნომერი ეწერა: აი, ამ ქალის შესახებ ყველაფერს. ბავშვობიდან მოყოლებული, პირადი ცხოვრება, ქმართან ურთიერთობა, როგორ გარდაიცვალა მისი ქმარი, საიდან აქვთ ბიზნესი. მოკლედ, ნებისმიერი, უმნიშვნელო დეტალიც კი მაინტერესებს და, რა თქმა უნდა, სუსტი წერტილები, კომპრომატები, საიდუმლოებები. ანაზღაურებაზე არც კი იდარდოთ: რაც დაგჭირდებათ, ყველაფერს მოგაწვდით. მთავარია, უეჭველი და ნაღდი ინფორმაცია მოიძიოთ.

გენომ ახალ კლიენტს თავი დაუკრა. ფურცელი ჯიბეში ჩაიდო, მარის დაემშვიდობა და კაფედან გავიდა. მარი ერთხანს კიდევ იჯდა მარტო და ფიქრობდა, მაგრამ არა თავის დედამთილზე, ახალ ბიზნესპროექტზე. ოდნავ შფოთავდა, იმიტომ რომ მაინც არ იყო დარწმუნებული, შეძლებდა თუ არა ამას და ორჭოფობდა. შემდეგ კარს შეხედა, თუ წითელპალტოიანი ან რამე წითელაქსესუარიანი შემოვა ვინმე, ამ საქმეს ხელს ვკიდებ და ვრისკავ, – დაუთქვა საკუთარ თავს, მაგრამ მის ჯინაზე თუ შემთხვევითობის გამო კაფეში არავინ შემოდიოდა.

მარიმ ამოიოხრა, ანგარიში მოითხოვა და კაფედან გამოვიდა. კაფეს წინ კი დიდი, ბომბორა ძაღლი გაწოლილიყო, წითელი საყელურით. მარის სიცილი აუვარდა, ჩაიცუცქა და ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა.

***

გენომ მარის ზუსტად ერთი თვის თავზე დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა. ისევ იმ კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. დეტექტივმა მაგიდაზე დიდი საქაღალდე დადო.

– მეც არ ველოდი, ისეთი ამბები ამოიჩხრიკა, – გაიღიმა ირონიულად, – ფაქტობრივად, კრიმინალია.

მარიმ კონვერტი გაუწოდა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. რეზო იმ ღამით სახლში არ მისულა: წინასწარ აცნობა ცოლს, რომ დედამისთან დარჩებოდა. მარის მიზეზი არც კი უკითხავს, ერთი სული ჰქონდა, დოკუმენტებს გასცნობოდა. ისე დაათენდა, ვერც კი იგრძნო.

ტესტები, ცნობები, ასლები, არასწორად გაფორმებული და ყალბი საბუთები და ნამდვილი ბომბი: ანდერძი!

მარიმ საქაღალდე სეიფში შეინახა. მართალია, რეზოს დაბრუნებას არ ელოდა, მაგრამ მაინც დაიჭირა თადარიგი. ცოტა ხნით წამოწვა, რომ 9 საათზე ისევ ამდგარიყო და სამსახურში წასულიყო, სადაც მას კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა.

ისე მოხდა, რომ რესტორანი – სწორედ ის პომპეზური და ელიტური ადგილი, სადაც ქალბატონი ბაია თავის იუბილეებს იხდიდა – გასაყიდად გამოიტანეს, ოღონდ ამის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა და მარი მიხვდა, რომ ეს მისი შანსი იყო. მფლობელს აზარტული თამაშების გამო ვალები დაედო და ამიტომ რესტორნის სწრაფად, ხმაურის გარეშე თავიდან მოშორება უნდოდა.

მარიმ საათის მექანიზმივით ზუსტად და აუღელვებლად იმოქმედა; დააგირავა ყველაფერი, რის დაგირავებაც შეეძლო, აიღო კრედიტი, მშობლებსაც კი სთხოვა დახმარება და მათ უარი არ უთქვამთ. რესტორანი ისეთი სქემით იყიდა, რომ მეპატრონის ვინაობას შემთხვევითი პირი ვერ გაიგებდა. არავინ იცოდა, ვინ გახდა ახალი მფლობელი, ცხადია, იურისტებისა და გენოს გარდა, რომელიც, რატომღაც, ძალიან გულშემატკივრობდა ამ ჯიუტსა და მიზანდასახულ ახალგაზრდა ქალს.

***

რეზო აღელვებული დაბრუნდა სახლში.

– წარმოგიდგენია?! დედამ ისევ იმ რესტორანში გადაწყვიტა დაბადების დღის აღნიშვნა! წარმოუდგენელი ფასდაკლება შესთავაზეს. თქვეს, რომ ახალი ხელმძღვანელობა დიდ პატივს სცემს ინტელიგენციას და აფასებს სტატუსიან კლიენტებს. დედა კმაყოფილებისგან ანათებს!

მარიმ მშვიდად უპასუხა:

– მშვენიერია.

– და იცი… - რეზო შეყოვნდა, ისევ „დრესკოდზეა“ საუბარი. ამბობენ, სტუმრების დონე კიდევ უფრო მაღალი იქნებაო. ახალი მფლობელი ძალიან გავლენიანი ვინმე ყოფილა, შეიძლება, თავადაც მოვიდესო.

მარიმ თავი დაუქნია.

– ანუ მიმანიშნებ, რომ მე ისევ არაფერი მაქვს ხეირიანი, რომ ჩავიცვა და დედაშენის ელიტურ სტუმრებს დავენახვო?!

– რატომ ამბობ ასე? – რეზომ უკმაყოფილო სახე მიიღო, – არ დაიწყო შენებური. ხომ იცი, დედა როგორია – ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. რაღაცას წამოგიღებ, გემრიელს.

– დესერტს? – დააზუსტა მარიმ.

– ჰო… და რამე ეგზოტიკურს. იქ ძალიან მაღალი დონის სამზარეულოა.

– კარგი. წამომიღე. მე ისედაც ვერ წამოვიდოდი, იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს.

– მადლობა, საყვარელო, გაგებისთვის, – რეზომ საკოცნელად გაიწია და მარიმ ლოყა მიუშვირა.

მარის რესტორნის პერსონალი უკვე გაფრთხილებული ჰყავდა: იუბილეს აღნიშვნამ უზადოდ უნდა ჩაიაროს, ოღონდ ერთი ნიუანსია, 8 საათზე შუქი უნდა ჩაქრეს და გამოაცხადოთ, რომ მფლობელს სურს, თავად მიულოცოს იუბილარს, მე შევალ უკანა შესასვლელიდან სცენაზე და ამ დროს აინთება პროჟექტორი, რომელიც მხოლოდ მე გამანათებს.

მარიმ სადა სამოსი შეარჩია: შავი საქმიანი კოსტიუმი და წითელი ფარჩის პერანგი, მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი. ტანსაცმელი კაბინეტში ელოდებოდა. მანამდე კი ქმარი იუბილეზე გააცილა და აღტაცებულმა უთხრა:

– შესანიშნავად გამოიყურები. დედა კმაყოფილი იქნება.

რეზომ შეიფერა კომპლიმენტი და გაბღენძილი შევიდა ლიფტში. მარიმ კარი დახურა და სეიფთან მივიდა. საქაღალდე გამოიღო და ხმამაღლა თქვა:

– და კულმინაციის მომენტიც დადგა.

***

რესტორანი საახალწლო განათებებით ბრწყინავდა. დარბაზში ჭაღები ციმციმებდა, ოფიციანტები ჩუმად მოძრაობდნენ, საზოგადოების ნაღებიც იქ იყო: ჩინოვნიკები, ბიზნესმენები... ქალბატონი ბაია სუფრის თავში იჯდა. ოქროსფერი კაბა ეცვა, რომელიც არ უხდებოდა და ერთგვარად სასაცილო იერსაც სძენდა, მაგრამ თავად თავს დედოფლად გრძნობდა.

მარიმ საათს დახედა: რვას ორი წუთი აკლდა. ზუსტად 20 საათსა და ნულ-ნულ წუთზე მუსიკა შეწყდა და დარბაზში შუქი ჩაქრა. მხოლოდ სცენა გაანათა პროჟექტორმა. ადმინისტრატორი წინ გამოვიდა:

– ქალბატონებო და ბატონებო! მცირე პაუზას ვითხოვთ. რესტორნის ახალი მფლობელი პირადად ჩამოვიდა, რათა იუბილარს პატივი მიაგოს.

დარბაზს კმაყოფილების ზუზუნმა გადაუარა. ქალბატონი ბაია წელში გაიმართა და კიდევ უფრო გაიფხორა.

სცენაზე მარი გამოვიდა. ის მშვიდად და თავდაჯერებულად მიდიოდა, ერთ ხელში მიკროფონი ეჭირა, მეორეში – შავი საქაღალდე. პროჟექტორმა გამოკვეთა მისი უზადო კოსტიუმი, რომელიც ხაზს უსვამდა მისი სხეულის იდეალურობასაც.

– საღამო მშვიდობისა, – თქვა მან.

რეზოს ჩანგალი გაუვარდა ხელიდან, როდესაც თავისი ცოლი დაინახა:

– მარი?!

ქალბატონმა ბაიამ თვალები მოჭუტა, სცენაზე მდგომის ამოცნობას ცდილობდა. სათვალის გარეშე შორსაც ცუდად ხედავდა და როდესაც მიხვდა, რომ სცენაზე მისი რძალი იდგა, ღიმილი, როგორც ნიღაბი, სახიდან ჩამოიშორა, წამოხტა და დაიყვირა:

– დაცვა, მოაშორეთ ეს ქალი აქედან.

– დაბრძანდით, ქალბატონო ბაია, – მშვიდად მიმართა მარიმ სცენიდან, მაგრამ მის ხმაში იმდენი ძალა იგრძნობოდა, რომ დედამთილი მართლაც ჩამოჯდა. მარიმ დარბაზს გადახედა. შემდეგ დედამთილს გაუსწორა მზერა, – თქვენ ახლა ჩემს რესტორანში ხართ. ეს ადგილი ერთი თვის წინ შევიძინე, სპეციალურად თქვენი იუბილესთვის.

დარბაზი შეჩოჩქოლდა. მარი კი განაგრძობდა:

– რამდენიმე წლის წინათ თქვენი სტუმრების სიიდან ამომშალეთ. მითხარით, რომ თქვენს წრეს არ ვეკუთვნოდი, – მარი სცენიდან ჩამოვიდა და დედამთილს მიუახლოვდა, – თქვენ ბევრს ლაპარაკობდით გვარზე, ღირსებაზე. სუფთა წარსულსა და ბიოგრაფიაზე. თქვენ შექმენით ლეგენდა, თითქოს გამორჩეული ადამიანის ქვრივი ხართ და მისი მემკვიდრეობის მცველი…

იუბილარი გაფითრდა. მარიმ წინ საქაღალდე დაუდო:

– მაგრამ ამ საქაღალდეში არის ის, რასაც ათწლეულებია მალავთ, აქ არის დნმ-ის ანალიზი. რეზო თქვენი ქმრის შვილი არ არის. ის სხვა კაცისგან გააჩინეთ. თქვენი მძღოლისგან, რომელთანაც ურთიერთობა გქონდათ, სანამ თქვენი მეუღლე ავად იყო.

დარბაზი გაისუსა. რეზო დედამისს მიუბრუნდა:

– დედა… ეს სიმართლეა?!

– ტყუილია! – აკივლდა იუბილარი, – ყველაფერი დადგმულია!

მარიმ ჩაიცინა.

– ტყუილი რა საკადრისია, ქალბატონო ბაია. აქ ნამდვილი ანდერძია. თქვენმა ქმარმა გაიგო თქვენი ღალატის შესახებ და მთელი ქონება ბავშვთა დახმარების საქველმოქმედო ფონდს დაუტოვა. თქვენ მხოლოდ გარეუბანში მდებარე პატარა ბინაში ცხოვრების უფლება მოგცათ.

ქალბატონი ბაია ხმას აღარ იღებდა. მარი კი განაგრძობდა:

– თქვენ ნოტარიუსი მოისყიდეთ. ხელმოწერა გააყალბეთ. აიღეთ ფული, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ნოტარიუსმა უკვე მისცა ჩვენება. მისი აღიარებაც აქ არის, ამ საქაღალდეში.

სტუმრები გაოგნებულები უსმენდნენ მარის და ყველამ ჩაიწია იუბილარისკენ, თითქოს ერიდებოდნენ, რამე არ გადადებოდათ.

– დოკუმენტების ასლები ამ დილით პროკურატურას გადავეცი, – მშვიდად დაამატა მარიმ და დედამთილისკენ დაიხარა, – თქვენი ქონება დაყადაღდება. ბინა, სახლი, ანგარიშები... თქვენ გაკოტრებული ხართ და, სავარაუდოდ, ბრალდებულიც.

შემდეგ მარი წელში გასწორდა და სტუმრებს მიმართა:

– ბანკეტი ჩემი ხარჯით იმართება. ისიამოვნეთ, დააგემოვნეთ კერძები, შეაფასეთ მომსახურება, – შემდეგ შებრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა.

უკან რეზო დაედევნა:

– მარი! მოიცადე! – რეზო, როგორც იქნა, ცოლს დაეწია და ხელით შეაჩერა, – მე არაფერი ვიცოდი! გეფიცები, არ ვიცოდი!

– ვიცი, რომ არ იცოდი, – უპასუხა მარიმ.

– ეს საშინელებაა… მაგრამ ჩემი ბრალი არაფერია. შვილი პასუხს არ აგებს მშობლის საქციელზე.

– რა თქმა უნდა, არ აგებს. მაგრამ შენ შეგეძლო, დაგეცავი, – შეახსენა მარიმ.

– ახლა მე შენ გვერდით ვარ. ყველაფერს გამოვასწორებ! – პათოსით შესძახა რეზომ. მარიმ მისი ხელი უხეშად მოიშორა, – შენ არავის გვერდით არ ხარ, შენ ყოველთვის იქ იყავი, სადაც უფრო მოსახერხებელი იყო და მეტ ხეირს ნახავდი. როდესაც მე მამცირებდნენ. შენ დედაშენის კომფორტს ირჩევდი და არა ჩემს ღირსებას.

– მიყვარხარ! – შესძახა რეზომ.

მარიმ გადაიხარხარა.

– შენ არავინ გიყვარს კომფორტის გარდა. ახლა დედაშენიც ისევე გაყიდე, როგორც მე მყიდიდი. მე და შენ აღარაფერი გვაქვს საერთო. თუ თავს არ დამანებებ, დაცვას გამოვიძახებ.

რეზომ მაშინვე უკან დაიხია. მარი კაბინეტში შევიდა და რეზოს კარი ცხვირწინ მიუხურა. მერე აივანზე გავიდა. თოვლი წამოსულიყო. მსხვილი ფანტელებით ცვიოდა, რომლებიც მთელი ქალაქის სიბინძურის დაფარვას ცდილობდა. მარიმ ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და საკუთარ თავს მიესალმა:

– გამარჯობა, მარი და პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, სიმსუბუქე იგრძნო.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი