რძლის შურისძიება
ავტორი: ნია დვალი 20:00 09.01
მათ ბინას იმ საღამოს მსუბუქი ღელვისა და ძვირფასი პარფიუმის სურნელი ასდიოდა. უკვე თითქმის ერთი საათი სრულდებოდა, რაც მარი სარკეს არ მოშორებია. ახალი მუქი ლურჯი კაბა ეცვა, რომელიც იდეალურად ეხამებოდა მისი თვალების ფერს და რომელიც სავაჭრო ცენტრში ნაჩქარევად იყიდა. გულისპირი რეტროს სტილში იყო ამოჭრილი და ხაზს უსვამდა მარის მაღალსა და თხელ ყელს. კაბა არ იყო ძვირფასი, მაგრამ ძალიან ორგანულად ერწყმოდა მარის სხეულს, რის გამოც მთლიანობად აღიქმებოდა კაბა და მისი მფლობელის სხეული, რაც მარის იდუმალ ელფერს სძენდა. ერთი ის იყო, რომ მარის ოდნავ დაღლილი სახე ჰქონდა. უფრო ზუსტად, თვალებში ერთფეროვნების აუტანელი წნეხი იგრძნობოდა, რაც ერთგვარად ამძიმებდა მის გარეგნობას, თუმცა ეს არც იყო გასაკვირი, მარი სამსახურშიც იღლებოდა: ის ფინანსისტი იყო და თავში მუდამ რიცხვები უტრიალებდა.
მარიმ ვარცხნილობა შეისწორა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას გაუღიმა. გული უგრძნობდა, რომ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. თუ გავიხსენებთ, რომ დღეს დედამთილის, რეზოს დედის, ქალბატონი ბაიას დაბადების დღე იყო, რაღა უნდა მომხდარიყო ამაზე მნიშვნელოვანი?!
ქალბატონი ბაია ფრიად გაფხორილი ქალბატონი ბრძანდებოდა და მარი, რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ, თუ ადამიანად არ დაიბადებოდა, მისი დედამთილი აუცილებლად მამალი ინდაური იქნებოდა. მართალია, ფარშევანგიც იფხორება, მაგრამ მარი მაინც უფრო ინდაურისკენ იხრებოდა. ამის გაფიქრებაზე მარის ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
მარი ქალბატონი ბაიას რძალი უკვე ორი წელია, იყო, მაგრამ ვერა და ვერ იქცა მათი ოჯახის ნამდვილ წევრად, შინაურად და ეს ორი წელი უფრო დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავდა, ვიდრე ოჯახურ თანაცხოვრებას. ქალბატონი ბაია სულ შენიშვნებს იძლეოდა, ცივი მზერით აკვირდებოდა რძალს, აგრძნობინებდა საკუთარ უპირატესობას, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობდა რეზოს უპირატესობასაც მარის მიმართ. ქალბატონი ბაია დარწმუნებული იყო, რომ მის რძალს ძალიან გაუმართლა, რაკი მისი ვაჟის ცოლი გახდა და ამ ამბავს შემთხვევითობას უკავშირებდა.
შეიძლება, ნაწილობრივ მართალიც იყო, ვინაიდან მარი დაფეხმძიმდა და რეზოს ბევრი არ უფიქრია, ისე მოიყვანა ცოლად, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. მარიმ ბავშვი დაკარგა, რის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიაში ჩავარდა. ამ ტრაგედიამ იმდენად იმოქმედა მასზე, რომ, თუმცა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, არა და არ ფეხმძიმდებოდა. ექიმი ურჩევდა, დამშვიდებულიყო, მიჰყოლოდა ცხოვრებას და ყველაფერი თავისით დალაგდებოდა.
ეს სათქმელად იყო ადვილი, მაგრამ შესასრულებლად მძიმე, თუმცა, საბოლოოდ, მარი დანებდა ცხოვრებას და მის დინებას მიჰყვა. რეზო არ აჩქარებდა, არც ახსენებდა, რომ შვილები უნდოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, დედამთილის თითოეულ ჟესტში იგრძნობოდა განკითხვა.
დღეს ქალბატონ ბაიას 60 წელი უსრულდებოდა და მარი, რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ დღეს შერიგებისთვის საუკეთესო დრო დადგა. მარიმ დედამთილს საჩუქარიც კი უყიდა: აბრეშუმისგან დამზადებული თეთრეულის კომპლექტი. საჩუქარი პრემიის ნახევარი დაუჯდა, მაგრამ იცოდა: ქალბატონი ბაია ძვირფასსა და პიკანტურ ნივთებს ძალიან აფასებდა.
– რეზო, მე მზად ვარ. შენ რა სტადიაში ხარ? – გასძახა საძინებლიდან ქმარს, – მანქანა ათ წუთში მოვა! არ დაგვაგვიანდეს.
რეზო კაბინეტიდან გამოვიდა, პერანგს იკრავდა. ჩვეულებისამებრ, უნაკლოდ გამოიყურებოდა: მუქი ლურჯი კოსტუმი, ახალი პერანგი... მან ცოლს შეავლო თვალი, თითქოს აფასებსო და წამით შეყოვნდა:
— შენ… ამით აპირებ წამოსვლას? – ჰკითხა მოულოდნელად.
– რას გულისხმობ? კაბას? – მარის ხმა აუკანკალდა, – ახალია და ფერიც მიხდება...
მარი უფრო ხისტად აპირებდა პასუხის გაცემას, მაგრამ მოსალოდნელი უსიამოვნო საუბარი სატელეფონო ზარმა შეწყვიტა. რეზოს ტელეფონი რეკავდა და ეკრანზე დაიწერა: „დედა“. მარის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და დაიძაბა.
რეზომ ხმამაღლამოლაპარაკე ჩართო, იმიტომ რომ საათს იკეთებდა.
– დიახ, დედა. თითქმის მზად ვართ.
– ერთი წუთით ნუ ჩქარობ! – მკაცრი ხმით უთხრა დედამ შვილს, ერთი საკითხი უნდა დავაზუსტო. საღამოს ფორმატს ეხება.
– რას გულისხმობ?
– რესტორანში ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ სტუმრების სია შეიცვალა. დადგინდა, რომ წვეულებას მხოლოდ გარკვეული დონის ხალხი დაესწრება. ხვდები, რასაც ვგულისხმობ?
– ვერა, – უპასუხა დაბნეულმა რეზომ.
მაგრამ, სამაგიეროდ, მარი მიხვდა, რასაც გულისხმობდა დედამთილი და მეხის გავარდნის მოლოდინში კედელს მიეყრდნო.
– იუბილეზე ნაღები საზოგადოება იქნება და ისინი ხასიათსა და ადამიანის ბუნებას კი არა, ტანსაცმლის ქსოვილსა და ბრენდის სახელს აქცევენ ყურადღებას, – შემაგონებელი ტონით განაგრძობდა იუბილარი, – და გულწრფელად რომ გითხრა, შენი ცოლი იქ უხერხულად იგრძნობს თავს.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა და ქალბატონი ბაია მიხვდა, რომ მისი და რეზოს საუბარი მარისაც ესმოდა:
– მარი, ნუ ბრაზობ, არაფერია საწყენი, – ქალბატონი ბაიას ხმაში ყინული გაერია, – შენ მართლა ვერ ჩაეწერები იქაურ საზოგადოებაში. არც შესაფერისი სამკაულები გაქვს, არც შესაბამისი მანერები, არც ასეთი დონის ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება. თავს ზედმეტად იგრძნობ და რეზოსაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებ.
მარის ერჩივნა, დედამთილს სახეში გაერტყა, ვიდრე ეთქვა ის, რაც უთხრა. დარტყმა იმდენად მძიმე და მტკივნეული იყო, რომ მარიმ ფიზიკურად იგრძნო ტკივილი.
– დედა, მგონი, აჭარბებ, – რეზომ სცადა, წინააღმდეგობა გაეწია დედამისისთვის, მაგრამ მის ხმაში თავდაჯერება არ იგრძნობოდა.
– გადაწყვეტილება მიღებულია. ჩემი დღეა, ჩემი იუბილეა, ჩემი სტუმრები არიან და მოვა მხოლოდ ის, ვისაც მე დავპატიჟებ. მე უკვე ვუთხარი სტუმრებს, რომ მარი შეუძლოდაა და ვერ მოვა. შენ კი დაუჩქარე, გელოდები.
ქალბატონმა ბაიამ ტელეფონი გათიშა. ოთახში კვლავ სიჩუმე იდგა, რომელიც გამაყრუებლად ხმაურობდა.
მარი ელოდა, რომ რეზო აღშფოთდებოდა, გაბრაზდებოდა, დაიცავდა, ანუ მას აირჩევდა და მაინც ერთად წავიდოდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. სიჩუმეში დროც თითქოს გაიყინა და ადგილიდან არ იძვროდა, თუმცა საათი ჯიუტად წიკწიკებდა.
ბოლოს ისევ რეზომ დაარღვია სიჩუმე:
– ხომ გესმოდა, რა თქვა დედამ, მნიშვნელოვანი ხალხია. სამსახურისთვის. ბიზნესისთვისაა აუცილებელი მათზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. მალე დავბრუნდები. არ მოიწყინო და არ გეწყინოს დედაჩემისგან. ხომ იცი, უცნაური ქალია, მაგრამ მაინც იუბილარია.
– წადი, – მშვიდად თქვა მარიმ, – ბიზნესი არ დააზარალო.
რეზო ვერ მიხვდა, მარიმ ეს გულწრფელად უთხრა თუ იქედნურად, მაგრამ მაინც შვებით ამოისუნთქა. ცოლს ლოყაზე აკოცა და წავიდა.
მარიმ გააცილა კიდეც ქმარი, შემდეგ შემოსასვლელში კედელს მიეყრდნო და იატაკისკენ ჩაცურდა. სრულიად განადგურებული იყო. კაბა დაიჭმუჭნა. საჩუქარს გახედა, რომელიც ლამაზად შეფუთული შემოსასვლელის თაროზე იდო.
მარი არ ტიროდა, იმიტომ რომ სრულ სიცარიელეს გრძნობდა. არც აპირებდა ტირილს. დედამთილის დღევანდელმა საქციელმა იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ თითქოს გამოაფხიზლა.
გაახსენდა ბავშვობისას ბებიამისის მიერ ნათქვამი:
– ყოველთვის ყურადღებით მოუსმინე, რას გეუბნებიან, რაც უნდა მიუღებელი იყოს შენთვის. გახსოვდეს, იმ ადამიანის პირით ღმერთი გელაპარაკება და გეუბნება იმას, რის გაგონებაც შენ იმ წამს გჭირდება.
– თუ მლანძღავს? – გაიკვირვა პატარა მარიმ.
– მით უმეტეს, თუ გლანძღავს და გულს გტკენს. გახსოვდეს, შენ ეს დაიმსახურე.
– რატომ დავიმსახურე, თუ მისთვის არაფერი დამიშავებია? - კიდევ უფრო უკვირდა პატარა მარის.
– დააშავე, შენს თავს დაუშავე და ის ადამიანი გეხმარება, რომ შენი შეცდომა დაინახო და გამოასწორო.
მარიმ მაშინ ბევრი ვერაფერი გაიგო ბებიის იმ შეგონებიდან, მაგრამ სამუდამოდ დაამახსოვრდა. და ახლა უნებლიეთ გაახსენდა.
– დავიმსახურე ეს შეურაცხყოფა?! - ხმამაღლა ჰკითხა საკუთარ თავს, – კი მაგრამ, რით?!
მარი ცდილობდა, მიმხვდარიყო, რატომ დაიმსახურა ასეთი დამცირება.
კაბა გაიხადა და ხალათი ჩაიცვა, ლეპტოპს მიუჯდა და შეეცადა, გაეხსენებინა, როგორი იყო ქორწინებამდე: ძლიერი, ჭკვიანი, ამბიციური, თავდაჯერებული.
ფოტოებს ათვალიერებდა და იხსენებდა საკუთარ თავს, თითქოს თავიდან ეცნობოდა და ცდილობდა, გაერკვია, როდის დაიკარგა, სად გაქრა მისი ამბიციურობა და თავდაჯერებულობა...
რეზო გამთენიისას დაბრუნდა, მარი კი ისევ ლეპტოპს ჩასცქეროდა და გეგმას ადგენდა. რეზომ გაკვირვებულმა შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, საძინებელში შევიდა და მალევე დაიძინა.
– მე ვიპოვი საკუთარ თავს და ისევ მყარად დავდგები ფეხზე, – თავის თავს მისცა პირობა მარიმ.
***
პირველი ერთი თვის განმავლობაში მარი საკუთარ თავს აგუებდა ახალი ცხოვრების დაწყებას. ყოველ შემთხვევაში, ის უკვე აღარ იყო მხოლოდ ცოლი, რომელიც მუდმივად ქმარს ელოდება და ცდილობს, მასზე ადრე დაბრუნდეს სახლში სამსახურიდან, იყოს სანიმუშო ცოლი და დიასახლისი. მარი გახდა ადამიანი, რომელიც მოქმედებს და წინ მიდის.
პირველი წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მარის უჭირდა თავის ახალ ამპლუასთან შეგუება, იმიტომ რომ უკვე ჩვევად ჰქონდა გამჯდარი საკუთარი მეორეხარისხოვნობა და ქმრის დანამატობა. თავადაც სახტად დარჩა, როდესაც საკუთარ თავში აღმოაჩინა თავისი ეს უცნაური მეტამირფოზა და უკვირდა, რატომ დათანხმდა მეორე ხარისხის როლზე. არადა, რეზოს სიყვარულით გაჰყვა ცოლად და დარწმუნებული იყო, რომ რეზოსაც უყვარდა, სანამ ავანსცენაზე ქალბატონი ბაია გამოჩნდებოდა, რომელმაც მაშინვე აითვალწუნა რძალი და შენიშვნების კორიანტელში გაახვია, ხოლო რეზო, რიმელიც დაქორწინებამდე მარის დამოუკიდებელ ადამიანად მიაჩნდა, ჩვეულებრივი დედის დამჯერი ინფანტილური ბავშვი აღმოჩნდა.
დედამისის გვერდით რეზო ისე იცვლებოდა, რომ მარი ვერც კი ცნობდა მას: სადღაც ქრებოდა რეზოს რიხი და თავდაჯერებულობა, თუმცა ცოლთან პირველობა უნდოდა და მარის მის გარშემო უნდა ეტრიალა: ჯერ რეზოს უნდა ესაუზმა, ესადილა და ევახშმა; რეზოს უნდა მიეღო შხაპი და დაესვენა... თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მარის ეს მოსწონდა კიდეც: ქმარს ემორჩილებოდა და უჩვეულო როლს ასრულებდა. იმიტომ რომ მანამდე მარის ცხოვრება სრულიად განსხვავებული იყო. სამყარო მის გარშემო ტრიალებდა, ყველა მას ევლებოდა თავზე და შეიძლება, ამიტომაც მეორე პლანზე გადაწევა მისთვის ახალი, უჩვეულო შთაბეჭდილება იყო, რაც იზიდავდა, იმიტომ რომ აქამდე მსგავსი არაფერი ენახა და განეცადა.
ერთი ის იყო, რომ ამის გამო დედამისი შემოუწყრა. ერთ დღესაც, როდესაც მათთან იყო მისული სტუმრად და უყურებდა, როგორ ხეხავდა და ალაგებდა მისი ხელის გულზე გაზრდილი შვილი სახლს და პირდაპირ უთხრა:
– არასდროს მეგონა, თუ მოსამსახურეობა გიტაცებდა. ვფიქრობდი, რომ უფრო დიდი გეგმები გქონდა.
მარის გაუკვირდა:
– შენ არ მეუბნებოდი, რომ ოჯახია მთავარი?
– გეუბნებოდი, მაგრამ ოჯახი ფუნქციების განაწილებაა. შენ კი ნელ-ნელა კარგავ სახეს, შენი ქმარი კი იფურჩქნება და წინ მიიწევს კარიერულ კიბეზე.
– მეც ხომ ვმუშაობ, – შეეპასუხა მარი.
– შენი პოტენციალის ადამიანი იმას, რასაც შენ აკეთებ მუშაობას ეძახი?! – ჯულის ხმაზე შეეტყო, რომ ღიზიანდებოდა, – მოკლედ, მე შენი ასეთის ყურება არ შემიძლია. ზრდასრული ხარ და როგორც გინდა, იცხოვრე, მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგიტანს. რაზეც თანხმდები, ისე გექცევიან. შენ დათანხმდი მაჩანჩალობას და იქნები მაჩანჩალა. ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს.
დედამისი ადგა და დაუმშვიდობებლად წავიდა. მარის ეწყინა და კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძო სახლის დალაგება, თითქოს მთელ სამყაროს უმტკიცებდა, რომ მართალი თვითონ იყო და არა დედამისი.
მარი მაშინ ვერ მიხვდა, რატომ გაუბრაზდა დედამისი, თუმცა დედამთილის მიერ იუბილედან მისი გამოძევების შემდეგ მიხვდა, რომ დედამ სრული სიმართლე უთხრა. ამიტომ იმ ავბედითი დღიდან ექვს თვეში შეაწუხა ძველი ნაცნობები და ფინანსურ დირექტორად მოეწყო პატარა საცხობების ქსელში. ისეთ ადგილას, სადაც სხვები, მისი კვალიფიკაციის სპეციალისტები, არც კი შეიხედავდნენ.
მარი ძალ-ღონეს არ იშურებდა, ისეთი ენთუზიაზმით მუშაობდა. სახლში გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ მუშაობას სახლშიც განაგრძობდა. ფაქტობრივად, არ ეძინა. სახლი მისთვის იქცა ადგილად, სადაც შხაპს იღებდა, ტანსაცმელს იცვლიდა და რამდენიმე საათით იძინებდა.
რეზო თავიდან ბუზღუნებდა:
– სად იკარგები ხოლმე? სახლში თითქმის არასდროს ხარ. არც ნორმალური სადილი და ვახშამია.
მარი არ ეკამათებოდა. კერძებს საოჯახო სამზარეულოდან იძახებდა და ისე ასაღებდა, თითქოს თავად ამზადებდა. რეზოს კი ზოგად პასუხს სცემდა:
– ცოტა ხანს დამაცადე, შენთვის სიურპრიზი მაქვს. მინდა, რომ იამაყო შენი ცოლით.
მარი თავს არ ზოგავდა. ამ საცხობების ქსელს ტრამპლინად განიხილავდა, სწავლობდა ინვესტირებას, ბიზნესის მართვას, მომწოდებლებთან ურთიერთობას. ის იღებდა იმ პროექტებს, რომლებზეც გამოცდილები უარს ამბობდნენ. მარი ყველა შანსს ეჭიდებოდა და სწავლობდა.
ზუსტად ერთი წლის თავზე საცხობები მოგებაზე გავიდნენ. ხმა სწრაფად გავრცელდა: ყველამ იცოდა, ვინ შეუწყო ხელი სრულიად უღიმღამო, მომავდავი ბიზნესის გაძლიერებას და იმდენად მოღონიერებას, რომ კონკურენტად ექცა საკმაოდ სახელიან საცხობებსაც.
შედეგმაც არ დაახანა – მარის დიდი რესტორნების ჰოლდინგში შესთავაზეს იგივე პოზიცია.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





