პროექტი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.06, 2024 წელი

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #20 (1220)
უშიშროების სპეცსკოლაში ორწელიწად-ნახევრიანი კურსი გავიარე და მომზადება უფროსი ლეიტენანტის ჩინით დავასრულე. მასწავლეს ყველაფერი – დაწყებული შენიღბვის ხელოვნებიდან, შიშველი ხელებით ადამიანის ლიკვიდაციით დამთავრებული. ჟურნალისტის წითელი დიპლომი პირადად ანტონ ანტონიჩმა გადმომცა.
25 წლის ვიყავი, როდესაც სამუშაოდ პოლონეთში გამგზავნეს, გაზეთ „პრავდის“ საკუთარ კორესპონდენტად. ოფიციალურად წმინდა წყლის ჟურნალისტურ საქმიანობას ვახორციელებდი. ჩემი სტატიები რეგულარულად იბეჭდებოდა „პრავდაში“ და კარგადაც მიხდიდნენ. არაოფიციალურად კი სხვადასხვა სპეცდავალებებს ვასრულებდი და ერთხელაც არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს „პეგეუს“ ოფიცერი ვიყავი. საკმაოდ ბევრი ნაცნობი შევიძინე საერთაშორისო ჟურნალისტურ, დიპლომატიურ და ბიზნესწრეებში. ყველგან და ყოველთვის თავი ისე მეჭირა, რომ თითქოს ჟურნალისტიკის გარდა სხვა არაფერი მაინტერესებდა. სადაც მიმუშავია, ყველგან ადგილობრივი კონტრდაზვერვა მამოწმებდა, მაგრამ არც ერთხელ არ გავშიფრულვარ. „ცეერუსა“ და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განსაკუთრებულ ინტერესს ჩემი პერსონისადმი დედამიწის ყველა კუთხეში ვგრძნობდი. რამდენიმეჯერ გადაბირების მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის თავიდან ვიშორებდი „ვერბოვშჩიკებს“. ოცი წელიწადი ვიმუშავე ამ სფეროში. ამასობაში საბჭოთა კავშირიც დაიშალა. „კაგებე“ „ფეესბედ“ გადაკეთდა. „პეგეუში“ ახალი ხელმძღვანელობა დაინიშნა. პოდპოლკოვნიკობას მივაღწიე და ბოლო საზღვარგარეთული მივლინება მეოცე საუკუნის მიწურულს მქონდა. ამ ორი ათეული წლის განმავლობაში მრავალი სპეცდავალება შევასრულე და სამი ორდენით დამაჯილდოვეს. ორმოცდახუთ წელს რომ მივუკაკუნე, ჩემმა უშუალო უფროსმა, ჩემზე სამი წლით უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა თავის კაბინეტში დამიბარა და მკითხა:
– ლევან ანდრეევიჩ, სამშობლო თუ მოგენატრათ?
– ანუ? – ვთქვი მე.
– ანუ საქართველო, თქვენი მშობლიური მხარე, – მითხრა გენერალმა.
– ვახერხებ ხოლმე იქ ჩასვლას სამი-ოთხი დღით.
– სამი-ოთხი დღე ცოტაა. რას იტყვი, რომ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნდე? – მკითხა გენერალმა. პაუზა გააკეთა, შემათვალიერა და დაამატა, – სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივი მივლინებით მაინც.
– ესე იგი, თუ სწორად მივხვდი, ახალი დავალება უნდა მომცეთ.
– სწორად მიხვდი. პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ იქ ჩვენ საიმედო და გამოცდილი ადამიანი გვჭირდება. შენზე უკეთესს კი სანთლითაც რომ ვეძებოთ, მაინც ვერ ვიპოვით და არჩევანი შენზე შევაჩერეთ. თუმცა, შეგიძლია, უარი თქვა. ეს შენი უფლებაა.
უარის თქმა, ფაქტობრივად, სიკვდილის ტოლფასი იყო. ეს მეც და გენერალმაც კარგად ვიცოდით.
– ახლა კი დავალება – პრეზიდენტს შენ კარგად იცნობ და ისიც გიცნობს, ხომ ასეა?
– დიახ. ასეა. ინტერვიუც მაქვს მასთან ჩაწერილი ცენტრალური ტელევიზიისთვის. ორჯერ საზვარგარეთულ ვიზიტებშიც ვახლდი – ისლანდიასა და მალტაზე.
– ვიცი, ვიცი. საქართველოში რომ დაბრუნდები, მის პრესსამსახურში დაიწყებ მუშაობას ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ. შენ მისი კონტროლი დაგეკისრება, ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ჩვენთან გადმოგზავნა. თუმცა, შეიძლება, საგანგებო დავალებაც კი მიიღო და ისიც უნდა შეასრულო.
გენერლის ბოლო ფრაზის გამო გამაცივა. საგანგებო დავალებაში ლიკვიდაცია იგულისხმებოდა. მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე, რომ არაფერი დამტყობოდა.
– პრეზიდენტი ნამეტანს ლავირებს. უფრო სწორად, ეშმაკობს და ცდილობს, გაგვაცუროს და ჩვენი გავლენის სფეროდან გამოვიდეს. შენ ჭკვიანი კაცი ხარ, კარგად იცი, რომ ასეთი რამ არც ჩვენ გვაწყობს და არც შენს სამშობლოს. საქართველოზე გავლენის დაკარგვა ჩვენთვის ამიერკავკასიის დაკარგვის ტოლფასია. ჩვენგან განცალკევება კი საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდება.
– გეთანხმებით, – ვთქვი მე.
– შენი უკან დაბრუნებისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და მზად იყავი. მაქსიმუმ ორ თვეში თბილისში იქნები. იქ შენ კარგი ბინა გაქვს. რა თქმა უნდა, ბინა და აგარაკი მოსკოვშიც შეგინარჩუნდება, – მითხრა გენერალმა და ჩვენი საუბარი ამით დასრულდა.
ორი თვის შემდეგ თბილისში დავბრუნდი. სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ კი ტელეფონმა დარეკა. მობილურები ძალიან ცოტა ხალხს თუ ჰქონდა და ჯერ კიდევ სახლის ტელეფონებით ვსარგებლობდით. ყურმილი ავიღე და ვუპასუხე:
– გისმენთ.
– რავა ხარ, ბატონო ლევან, – მომესმა პრეზიდენტის ხმა, – თურმე, უკვე ერთი კვირაა, რაც თბილისში ხარ და მე მხოლოდ ორი საათის წინ შევიტყვე. მობილური ტელეფონიც არ გქონია.
– როგორ ბრძანდებით, ბატონო პრეზიდენტო? – ვთქვი მე.
– ვიღლები, ჩემო ლევან, ძალიან ვიღლები. უამრავი საქმე მაქვს, ვერ ვუმკლავდები და სწორედ რომ, დროზე მომისწარი. შენნაირი პროფესიონალი ხალხი მჭირდება და ხვალ დილით ცხრა საათზე გელოდები კანცელარიაში. უნდა დაგელაპარაკო. ხომ მოიცლი?
– დიახ, ბატონო პრეზიდენტო.
– ძალიან კარგი. დილით გელოდები, შენს სახელზე საშვი იქნება გამოწერილი. აბა, შეხვედრამდე! – მითხრა პრეზიდენტმა და ტელეფონი გათიშა.
პრეზიდენტთან საუბარი რომ დავასრულე, ყურმილი გავთიშე. წამოვწექი და დავფიქრდი. არ მეგონა, თუ თავად პრეზიდენტი დამირეკავდა და სამსახურის თაობაზე სალაპარაკოდ დამიბარებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზიდენტის გარემოცვაში შემოვლითი გზებით „გამჩითავდნენ“. თუმცა, შევცდი. აშკარა იყო, რომ რუსეთს არა მარტო დიდი სასიცოცხლო ინტერესები ჰქონდა, არამედ ძალიან ღრმა ფესვები ჰქონდა გადგმული ხელისუფლების ყველაზე მაღალ ეშელონებში.
პრეზიდენტის კაბინეტში რომ შევედი, ათის ოცი წუთი იყო. კაბინეტის პატრონი გულთბილად შემხვდა, ყავაზე დამპატიჟა. საფუძვლიანად მომიკითხა და მკითხა:
– რატომ გადაწყვიტე დაბრუნება, გაწყენინეს?
– არა, ბატონო პრეზიდენტო, არავის უწყენინებია. სამსახურიც კარგი მქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ნოსტალგიამ შემიპყრო. მომენატრა ჩემი სამშობლო, თბილისი... აქ დავიბადე და გავიზარდე და აქ უნდა დავიმარხო.
– ასი წლის შემდეგ, ასი წლის შემდეგ, ჩემო ლევან. ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და შენნაირი ხალხი მჭირდება. თუ არ მეშლება, ოთხი ენა იცი, ხომ?
– ქართულისა და რუსულის გარდა ინგლისური, გერმანული, ფრანგული და თურქული.
– აგაშენა ღმერთმა. ჩემთან იმუშავებ ანალიტიკოს-რეფერენტად. ვიზიტებში წამომყვები. ანალიტიკურ მოხსენებებს მომაწვდი. უცხოური პრესის დაიჯესტს შემიდგენ საქართველოზე და ჩემგან წერილებსა და დეპეშებს გაუგზავნი უცხოელებს. მოკლედ, ქაღალდებში ჩაეფლობი და ამ საქმეში ჩემი მარჯვენა ხელი იქნები. თანახმა ხარ?
პრეზიდენტმა ზუსტად ის შემომთავაზა, რა დავალებითაც მოსკოვიდან გამომმგზავნეს. რომ იტყვიან – კოჭი ალჩუზე დამიჯდა და ასეც რომ არ ყოფილიყო, პრეზიდენტს უარს როგორ ვეტყოდი, ამიტომ ვუპასუხე:
– რა თქმა უნდა, ბატონო პრეზიდენტო. სიამოვნებით, თქვენ გვერდით მუშაობა დიდი პატივია ჩემთვის.
– მაშინ, ახლავე შეუდექი. შენი კაბინეტი ერთი სართულით ქვევითაა და ჩემი მდივანი გიჩვენებს. მან უკვე იცის შენ შესახებ და თანამშრომლებსაც ის გაგაცნობს. აბა, წარმატებებს გისურვებ! არ გემშვიდობები. დღის განმავლობაში არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და როცა დამჭირდები, დაგირეკავ, – მითხრა პრეზიდენტმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.
იმ დღიდან მოყოლებული პრეზიდენტთან ყოველდღიური შეხება მქონდა და რასაც მავალებდა, ყველაფერს ზუსტად, კეთილსინდისიერად ვასრულებდი. ყველა ვიზიტისას თან ვახლდი და რაც მესმოდა, რასაც ვხედავდი და რასაც ვკითხულობდი, ყველაფერს ვაკონსპექტებდი და მოსკოვში გადასაცემად ვინახავდი. პირველი კონტაქტი ჩემს მეკავშირესთან ერთი თვის შემდეგ შედგა. ის მე სახლში მესტუმრა და ფაილი წაიღო, თან, მოსკოვიდან გამოგზანილი დავალება გადმომცა, რომელშიც ეწერა, რომ ოთხი დღის შემდეგ პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა და შეძლებისდაგვარად გამეგო, ვისთან რას ილაპარაკებდა, რაზე შეუთანხმდებოდა და რას დაავალებდნენ. რა თქმა უნდა, ეს დავალებაც შევასრულე და ცენტრს ჩემი ანალიტიკური მოხსენება გავუგზავნე. თუ პრეზიდენტს საზღვარგარეთ არ ვახლდი, მეკავშირეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვხვდებოდი და ახალ-ახალ ინფორმაციებს ვაწვდიდი და მოსკოვი ყველაფრის საქმის კურსში იყო. რომ იტყვიან, ვმუშაობდი, ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი, მაგრამ მეკავშირესთან ყოველი შეხვედრის წინ შიში მიპყრობდა, იმის შიში, რომ მას ცენტრის ბრძანება არ გადმოეცა პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ და ეს შიში საკმაოდ საფუძვლიანი იყო. იმიტომ რომ პრეზიდენტის ყოველი ახალი ნაბიჯი იმისკენ იყო მიმართული, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა შესუსტებულიყო. პრეზიდენტთან მუშაობის მეცამეტე თვეს მოსკოვიდან სწორედ ასეთი ბრძანება მომივიდა. მასში ნათლად იყო ნათქამი: ობიექტის განეიტრალება უნდა განხორციელდეს მისი ბრიუსელში, „ნატოს“ სამიტზე გამგზავრებამდეო. ეს ვიზიტი ბრძანების მიღებიდან სამი დღის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო და მე არც კი ვიცოდი თუ პრეზიდენტი იქ მიემგზავრებოდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ძალიან გასაიდუმლოებული ინფორმაცია იყო და საქართველოში მხოლოდ პრეზიდენტმა იცოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია რუსეთის დაზვერვას უკვე ჰქონდა. პრეზიდენტის დასწრება იმ შეკრებაზე, რუსების აზრით, რუსეთისთვის მიყენებული კიდევ ერთი ზიანი იქნებოდა. ამიტომ ამ ბრძანებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. ერთი მხრივ, პრეზიდენტის ლიკვიდაციით საქართველოს „ნატოსკენ“ სწრაფვა გაურკვეველი დროით შეჩერდებოდა. მეორე მხრივ კი, შემდეგი პრეზიდენტისთვის იქნებოდა გაფრთხილება, რომ ასეთი ნაბიჯი მისთვისაც საბედისწერო გახდებოდა. ბრძანება რომ წავიკითხე, ცივმა ოფლმა დამასხა. როგორი შესასრულებელი იყო ასეთი ბრძანება. უნდა მომეკლა პრეზიდენტი, ადამიანი, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვხვდებოდი. ხელს ვართმევდი და მსოფლიოში ძალიან ცნობილი, პოპულარული, და დაფასებული ადამიანი იყო. მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ბრძანება არ შემესრულებინა. საკუთარი თავი გამეშიფრა და პრეზიდენტს ყველაფერში გამოვტყდომოდი. თუმცა, ისე მოხდა, რომ ბრიუსელში სულ სამი კაცი გაემგზავრა, მე მათ შორის არ ვყოფილვარ, თანაც ეს გამგზავრება უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში განხორციელდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ლიკვიდაციის ბრძანებას გააუქმებდნენ და მოსკოვში შეკითხვა გავგზავნე, როგორ მემოქმედა. პასუხი მალევე მივიღე. იქ ეწერა: „ბრძანება დროებით შეჩერებულია. განაგრძეთ მუშაობა. ელოდეთ მორიგ ინსტრუქციებს“. შვებით ამოვისუნთქე და მუშაობა განვაგრძე. კიდევ ორი წელიწადი დავრჩი მასთან, მაგრამ შიშს წამითაც არ დავუტოვებივარ, რომ კვლავ შეიძლებოდა მიმეღო პრეზიდენტის ლიკვიდაციის ბრძანება. ამასობაში პრეზიდენტის პოზიციებმა ნელ-ნელა რყევა დაიწყო. მის მიერვე დაწინაურებულმა პოლიტიკოსებმა მას ბლოკი შეუკრეს. ოპოზიციაში ჩაუდგნენ და შიგადაშიგ გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. მოსკოვიდან სასწრაფო დავალება მივიღე, რომ სრული ინფორმაცია მომეპოვებინა ამ მოვლენების შიდა სამზარეულოზე და შეძლებისდაგვარად ვახერხებდი კიდეც ამას. მდგომარეობა კი უფრო და უფრო იძაბებოდა. ერთ დღეს ახალი ბრძანება მივიღე. მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილებში გადამალული საბრძოლო იარაღებისა და ეკიპირების რუკა გამომიგზავნა და მას დართული ჰქონდა იმ ადამიანების სია, რომლებიც შესაბამისი ბრძანების შემდეგ უნდა შემეკრიბა, მათთვის ეს საწყობები გადამეცა და შეიარაღებულ გამოსვლას ჩავდგომოდი სათავეში. როდის და ვის წინააღმდეგ, ამას დამატებით მაცნობებდნენ მოსკოვიდან. შესაკრები ხალხი ასმეთაურები იყვნენ და შეიარაღებულ ათაეულზე იყო ლაპარაკი. დიდი ალბათობით, ეს შეიარაღებული ხალხი ოპოზიციას უნდა დახმარებოდა, რომელიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა. დაიწყო ფართომასშტაბიანი გამოსვლები. სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა. ერთ დღეს პრეზიდენტმა დამიძახა და მითხრა:
– ლევან, რუსეთიდან ხალხი ჩამოდის, დახვდი და ჩემთან მოიყვანე. რუსეთში ნამუშავერი კაცი ხარ და მათთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდება.
მანქანა ტრაპთან მივაყენე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ორ კაცთან ერთად ქალიც იმყოფებოდა. სწორედ ქალი იყო ამ ჯგუფის ხელმძღვანელი და ის ქალი ლორა ბარნეტი აღმოჩნდა. მას ჩემი დანახვა სულაც არ გაჰკვირვებია და ელენა მასლოვად გამეცნო. შემდეგ თავისი თანამგზავრებიც წარმომიდგინა და გეზი სახელმწიფო კანცელარიისკენ ავიღეთ. ქალაქში ზღვა ხალხი ირეოდა. რუსთაველის გამზირი მომიტინგეებით იყო გადაჭედილი. ისინი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. მასლოვა და მისი ჯგუფის წევრები პრეზიდენტთან შევიყვანე და ჩემს კაბინეტში დავბრუნდი. ხუთი საათი რომ გავიდა, პრეზიდენტმა დამირეკა და მთხოვა, რუსები აეროპორტში წამეყვანა. მანქანა კვლავ ტრაპთან მივაყენე. პირველები მამაკაცები გადავიდნენ და თვითმფრინავში ჩასხდნენ. ელენა მასლოვა შეყოვნდა. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
– გამაერჯობა, ლევან, როგორ ხარ?
– შენ როგორ ხარ, ლორა?
ლორას გაეცინა და მითხრა:
– ჩვენ ორივე ერთი პროექტის მსხვერპლი ვართ და საერთოდ, ეს ცხოვრება ერთი დიდი პროექტია, რომელსაც უჩინარი ადამიანები ადგენენ, ჩვენ კი უსიტყვოდ ვასრულებთ. მშვიდობით! ალბათ, აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. სულ მალე ერთი პროექტი დასრულდება და მეორე დაიწყება. შემდეგ მესამე და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.
– მშვიდობით, ლორა!
ქალი ჩემკენ გადმოიწია, მაკოცა, შემდეგ სწრაფად გადავიდა მანქანიდან და თვითმფრინავში გაუჩინარდა.
მე გიჟივით მოვწყვიტე მანქანა ადგილს და სახელმწიფო კანცელარიისკენ გავქანდი. თან რადიო მქონდა ჩართული და იქიდან შევიტყვე, რომ პრეზიდენტმა გადადგომის განცხადება გააკეთა.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან